Saturday, October 17, 2009

წითელი ეპოქის კერპებს ქუთაისში ისევ ეთაყვანებიან (?)


ძეგლების თემა საქართველოში არაერთხელ გამხდარა საზოგადოებრივი ვნებათაღელვის საგანი. 1980-ანი წლების ბოლოს საზოგადოების დიდი ნაწილი საბჭოთა ეპოქის ბელადების მონუმენტების ნგრევის მონაწილე გახდა. შემდეგ, მეორე ათასწლეულის დასაწყისში, თბილისში, დავით აღმაშენებლის ძეგლის ადგილმონაცვლეობის საკითხი გახდა "ვარდების" ხელისუფლებასთან საზოგადოების არცთუ უმნიშვნელო ნაწილის დაპირისპირების საგანი. ბოლო რამდენიმე თვეა, რაც საზოგადოება ვერა და ვერ შეთანხმდა, სად გამოუძებნოს სტალინის ძეგლს ადგილი მის მშობლიურ ქალაქში - გორის ცენტრალურ მოედანზე, სადაც დგას ეს ძეგლი, თუ მისი სახლ-მუზეუმის ეზოში?! ქუთაისში კი, ქალაქის ცენტრალურ უბანში, "ზასტავაზე" დღემდე დგას წითელი არმიის სარდლის ვასილ კიკვიძის ძეგლი მაშინ, როდესაც სახელისუფლებო კულუარებში აქტიურად განიხილება დავით აღმაშენებლის ძეგლის ცენტრალური მოედნის ტერიტორიიდან გადატანის საკითხი, ხოლო 9 აპრილის მემორიალური პანო კი უკვე შეეწირა ქალაქის ისტორიული უბნის რეაბილიტაციის პროცესს.

"ქუთაისში, ზოგადად, ქანდაკებები არის კურიოზული, თავისი მასალით, ხედვის წერტილით, განლაგებით და ა.შ." - ამბობს ხელოვნებათმცოდნე მანონი ვაჭარაძე.

ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და განათლების საქალაქო სამსახურში არ გააჩნიათ ინფორმაცია, ზუსტად რამდენი ძეგლი დგას ქალაქის ტერიტორიაზე. შესაბამისად, უცნობია, რას ემსახურება აღნიშნული სამსახურის ძეგლთა დაცვის განყოფილება. რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, მერიიდან "მხატვართა კავშირის" ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციაში გადაგვამისამართეს, სადაც ჩვენთვის საინტერესო საკითხზე ამომწურავი ინფორმაცია მივიღეთ.

როგორც გავარკვიეთ, ქუთაისში ამ დროისთვის ათამდე მონუმენტური ქანდაკება დგას. ქუთაისში ძეგლები სხვადასხვა დროს აკაკი წერეთელს, ილია ჭავჭავაძეს, ზაქარია ფალიაშვილს, იაკობ ნიკოლაძეს, გალაკტიონს, დავით აღმაშენებელს, იპოლიტე ხვიჩიასა და დებ იშხნელებს დაუდგეს. ასევე, სხვადასხვა დროს დაიდგა ვაჟა ფშაველას, დავით კლდიაშვილის, ლადო მესხიშვილის, კოტე მარჯანიშვილის, ზურაბ კუხიანიძის, ოთარ სულაბერიძის პორტრეტული ბიუსტები. მწერლების, დრამატურგების, პოეტების, საზოგადო მოღვაწეების ამ ნუსხაში, რომელთა დამსახურება და ღვაწლი ქვეყნისა და ქალაქის წინაშე ძეგლების დადგმით აღნიშნეს ქუთაისში, გახლავთ ვასილ კიკვიძეც. ვასილ კიკვიძის მონუმენტური ქანდაკება თბილისში, ნაძალადევის პარკიდან ჯერ კიდევ 1991 წელს აიღეს, ქუთაისში მას ერთ-ერთი ყველაზე საპატიო ადგილი უკავია ბოლო 50 წლის განმავლობაში.

70 წლის რეზო ხელიძე "ზასტავაზე" ცხოვრობს. 20 წლის იყო, როდესაც მისი სახლის მოპირდაპირე მხარეს (მაშინ ის ამჟამინდელი "პოპულის" ადგილზე ცხოვრობდა კერძო სახლში) უამრავი პიონერი შეიკრიბა და ვასილ კიკვიძის ძეგლი ზარ-ზეიმით გაიხსნა. შემდეგ იქვე გაშენდა და მოეწყო სკვერი. ამბობს, რომ ვასილ კიკვიძის გმირობის შესახებ მაშინ ბევრს საუბრობდნენ, თუმცა ახლა უჭირს გახსენება, ზუსტად რა გმირობებზე იყო საუბარი. "ვიცი, რომ მებრძოლი იყო და ახალგაზრდა იყო, როცა დაიღუპა," - იხსენებს ის.

ამავე უბნის ბინადარია ნაზიკო კიკვაძე. მასაც კარგად ახსოვს, როგორ დაიდგა მათ უბანში ვასილ კიკვიძის ძეგლი. ამბობს, რომ არც დღეს აქვს რამე საწინააღმდეგო ამ ძეგლის მიმართ, რადგან, მისი აზრით, თავის დროზე ვასილ კიკვიძეს დიდი ამაგი ჰქონდა, თუმცა უჭირს კონკრეტულად ამ "ამაგის" შინაარსის გახსენება: "როგორც მახსოვს ბატონ-ყმობის წინააღმდეგ იბრძოდა," - ამბობს ის.

ვასილ კიკვიძის ღვაწლისა და ამაგის შესახებ თითქმის არაფერი იციან ახალგაზრდა თაობაში. თუმცა, "ზასტაველი" ახალგაზრდებისთვის ეს ძეგლი დიდი ხანია იქცა ერთი ფრთიანი გამონათქვამის "მუზად": "ზასტავაზე", ერთადერთი კიკვიძის ძეგლია არა-ქურდიო".

უნდა იდგეს თუ არა ვასილ კიკვიძის ძეგლი ქუთაისის ცენტრში, სადაც წლის ბოლოს, როგორც ქუთაისის მერია ამბობს, ქალაქის მთავარი სავიზიტო ბარათი - განახლებული სკვერი უნდა გაიხსნას, ვფიქრობთ, საზოგადოების განსჯის საგანი უნდა გახდეს. ამიტომაც ყველას ვთხოვთ, თავიანთი შეხედულებები გაგვიზიარონ და ეს თემა ერთად განვიხილოთ ამ ბლოგზე.

თუმცა ამჯერად იმ სურათს გაგაცნობთ, რაც დღეს არსებობს კიკვიძის ძეგლთან დაკავშირებით. თავდაპირველად, მოდით, მის ბიოგრაფიას გადავხედოთ: ვასილ ისიდორეს ძე კიკვიძე 1895 წელს დაიბადა ქუთაისში. მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში (1914-18 წწ.). მსახურობდა მოხალისეთა კავალერიაში, იყო მემარცხენე ესერი. 1917 წელს არჩეული იქნა მეომარ-რევოლუციონერთა სამხრეთ-დასავლეთ ფრონტის თავმჯდომარედ. 1917-18 წლებში ხელმძღვანელობდა წითელი არმიის ბრძოლას უკრაინაში. ამის შემდეგ იბრძოდა თეთრგვარდიელების წინააღმდეგ და დაიღუპა ერთ-ერთი ასეთი ბრძოლის დროს, 24 წლის ასაკში, 1919 წლის იანვარში. დაკრძალეს მოსკოვში, ვაგანკოვოს სასაფლაოზე.

ვასილ კიკვიძის ძეგლი 1959 წელს დაიდგა ქუთაისში (მოქანდაკე: ვალერიან მიზანდარი, გოგი ნიკოლაძე, არქიტექტორი - გ. თოდაძე). ქანდაკება წარმოადგენს ვასილ კიკვიძეს წითელარმიელის ფორმაში, ნაბადმოსხმულს, მუხლებამდე გამოსახულებით. კიკვიძეს მარცხენა ხელი ხმალზე აქვს დაყრდნობილი.

"ადრე ძალიან ბევრი ხუმრობდა მაგ ქანდაკების თაობაზე: ჩვენ ვერ გავიგეთ, იგი მუხლებზე დგას, გადაჭრილია მუხლებში, თუ რა ფორმითაა წარმოდგენილი" - ამბობს ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორი მერაბ გვაზავა, რომელიც რამდენიმე ათეული წლის წინ აქტიურად იყო ჩამბული ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში. მას კარგად ახსოვს ის დღე, როდესაც ქუთაისში, რკინიგზის სადგურის წინ რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა ლენინის ძეგლის დამხობის ცერემონიაში მონაწილეობის მისაღებად.

ეს ამბავი კარგად ახსოვს ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და განათლების საქალაქო სამსახურის უფროსს გიზო თავაძესაც, რომელიც, ასევე, გახლდათ მაშინ ეროვნული მოძრაობის აქტიური წევრი: "1989 წელი იყო, 9 აპრილის შემდგომი პერიოდი გახლდათ. კარგად მახსოვს, წვიმიანი ამინდი იყო. ძალიან დიდი დრო დაჭირდა იმას, რომ ძეგლისთვის კისერზე ყულფი გაეკეთებინათ. მერე მახსოვს, რომ დიდი ტრაქტორი მოიყვანეს და იმით, ჩაბმული ტროსით გადმოაგდეს ძეგლი ძირს. ხალხი ტაშის გრიალით შეხვდა ამ ამბავს,~ - იხსენებს გიზო თავაძე, თუმცა ვერ ის და ვერც მერაბ გვაზავა ვერც იხსენებენ იმ ამბავს, თუ როგორ გადაურჩა მაშინ დემონტაჟის პროცესს კიკვიძის მონუმენტური ქანდაკება. `იყო მაშინ მაგაზეც ლაპარაკი, თუმცა არ მახსოვს როგორ გადაურჩა იგი ჩამოგდებას," - ამბობს გიზო თავაძე.

"არა მგონია, რომ რევოლუციონერები იმსახურებდნენ იმას, რომ მათი ძეგლები იყოს ქალაქში. ჩემი აზრით, არ უნდა იყოს. რა დამსახურება აქვს მას? მე არა ვარ თანახმა, რომ საერთოდ რევოლუციასთან დაკავშირებულ ადამიანებს ძეგლები ედგას ქალაქში და ქვეყანაში," - ამბობს მერაბ გვაზავა.

ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და განათლების საქალაქო სამსახურის უფროსის თქმით, ამ ძეგლის არსებობას ქუთაისში ერთადერთი გამართლება, რაც შეიძლება მოეძებნოს, ის არის, რომ იგი ვალერიან მიზანდარის მიერაა შექმნილი. "ვალერიან მიზანდარი არის ძალიან დიდი ავტორიტეტი ქუთაისისთვის და ქუთაისური ქანდაკების სკოლისთვის და ალბათ, ამან გადაარჩინა ეს ძეგლი," - ამბობს გიზო თავაძე.

"ამ ძეგლს აქვს მემორიალური ფასეულობა და არანაირი - მხატვრული. ეს ძეგლი უნდა იქნას გადატანილი სხვა, კამერულ, მომცრო ადგილზე, რომ შესაძლებელი გახდეს მისი აღქმა. იქ არ მუშაობს ეს ძეგლი. ეს იმდენად მომგებიანი ადგილია, სხვანაირი ქანდაკება უნდა იდგეს იქ," - ამბობს ხელოვნებათმცოდნე მანონი ვაჭარაძე, რომელსაც მიაჩნია, რომ მონუმენტური აზროვნებაა მთავარი, ანუ იმის განსაზღვრა, თუ როგორ არის ესათუის ქანდაკება გარემოსთან შერწყმული. ასეთი საკითხები კი, მისი აზრით, პროფესიონალებისგან დაკომპლექტებულმა კომისიამ უნდა გადაწყვიტოს ქალაქში.

ქუთაისში ძეგლების შექმნისა და განლაგების სამთავრობო პოლიტიკას აკრიტიკებს მერაბ გვაზავაც: "მაგალითად, შრომის მემორიალთან დაკავშირებით ერთმნიშვნელოვნად გეტყვით, რომ საერთოდ გაუგებარია, რას ემსახურება იგი. ნუ, ახლა თუ იმისთვის ინახავენ, აი, როგორები ვიყავით ჩვენ, მაშინ ეს ასე უნდა ჩანდეს. 9 აპრილის მემორიალიც რომ აღარ არის ქალაქში, ესეც ხელისუფლების შეცდომაა," - ამბობს ის.

მემორიალური ძეგლი - "დიდება შრომას", რომელზეც მერაბ გვაზავა საუბრობს და რომელიც ქუთაისის მერიის შენობის გვერდითაა განლაგებული, 1981 წელს გაიხსნა "სოციალისტური შრომის" სადიდებლად. ცოტა ხნის წინ კი ამ ძეგლს თვითმმართველობამ რესტავრაცია ჩაუტარა.

ქუთაისში არსებული კიდევ ერთი მემორიალური ძეგლი კი - "დიდების მემორიალი" (მოქანდაკე - მერაბ ბერძენიშვილი) უკვე რამდენიმე წელია გაძარცვულია და უყურადღებოდაა მიტოვებული. "არადა, ეს დიდების მემორიალი, სხვა რომ არაფერი ვთქვათ, არის ბერძენიშვილის და თან, ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლას ეხება, რასაც ჩვენ არ ვემიჯნებით. ჩვენ ამ ბრძოლაში მონაწილეობა მივიღეთ და ძალიან დიდი მსხვერპლიც გავიღეთ," - ამბობს მერაბ გვაზავა.

რაც შეეხება კიკვიძის ძეგლის აღებასთან, ან მის სხვა ადგილზე გადატანასთან დაკავშირებით, ქუთაისის მერიის პოზიციას: "რაღაც ხომ უნდა დაიდგას მაშინ იმ ადგილას?! არ ვიცი, მაგასაც დაფიქრება უნდა, არქიტექტორებთან, საკრებულოსთან არის დასალაპარაკებელი ამ საკითხებზე და შეთანხმება მისაღწევი," - ამბობს გიზო თავაძე.

იქნებ, ყველამ ერთად ვიმსჯელოთ ამ საკითხზე და დროულად იქნას გადაწყვეტილება მიღებული. მითუმეტეს, რომ მერიამ გასულ კვირას უკვე გამოყო 270 ათას ლარამდე კიკვიძის სკვერის სარეაბილიტაციოდ, რომელიც თანამედროვე ქუთაისის სავიზიტო ბარათი უნდა გახდეს. თუმცა საინტერესოა, რა ახსნას მოუძებნის ხელისუფლება იმას, რომ თანამედროვე, წითელი არმიის ოკუპაციისგან 70 წლიანი ბრძოლის შემდეგ გათავისუფლებული ქვეყნის მეორე დედაქალაქის სავიზიტო ბარათი წითელი არმიის სარდლის ძეგლით იქნება დამშვენებული და უფრო მეტიც, ეს სავიზიტო ბარათი ამავე სარდლის სახელობის იქნება.
მაია მეცხვარიშვილი

1 comment:

  1. ჩემი პატივისცემა მაია მეცხვარიშვილს! გ.მოლოდინი

    ReplyDelete