სერგო თევდორაძე ინტელექტუალურ თამაშებში ბავშვობიდან მონაწილეობს. იგი ფართო საზოგადოებამ ცნობილი სატელევოზიო ინტელექტუალური გადაცემით – “რა? სად? როდის?” - გაიცნო. 29 წლის მოაზროვნე ქუთაისელია, პროფესიით ინჟინერ-მექანიკოსი გახლავთ. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო მექანიკის დეპარტამენტში მუშაობს. სტუდენტებს გამოყენებით მექანიკას ასწავლის. ამჟამად სადოქტორო დისერტაციაზე მუშაობს.
გთავაზობთ ინტერვიუს სერგო თევდორაძესთან:
- ყოველთვის დიდი ინტერესით ვუყურებდი ინტელექტუალურ თამაშებს რუსულ არხზე, შემდეგ ანალოგიური გადაცემები საქართველოს ტელევიზიებშიც გაკეთდა. ყოველთვის დიდი სურვილი მქონდა, მეც მიმეღო მონაწილეობა. 1997 წლიდან ჩართული ვარ ამ პროცესში და ვმონაწილეობ ინტელექტუალურ თამაშებში. ლაშა კილაძე ატარებდა ქუთაისის ჩემპიონატს, ჩემს სკოლაში გუნდი ჩამოყალიბდა, დაგვაკავშირეს ლაშასთან და ჩამპიონატში მონაწილეობა მივიღეთ. ამისათვის დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მე-15 საშუალო სკოლას. ნელ-ნელა შემითრია ამ ჭაობმა და ახლაც იქ ვარ. ინტელექტუალური გადაცემისთვის “რა? სად? როდის?” გუნდები შექმნილია საორგანიზაციო ცენტრის მიერ. კასტინგის შედეგად იქნა შერჩეული მოთამაშები, მე პირველად თავი ამოვყავი რაფავას გუნდში. არაჩვეულებრივი შემადგენლობაა: ია მეტრეველი, ფარჯიანი, მაღრაძე, რაფავა, მაჭავარიანი. შემდეგში კი თამაშის პოპულარიზაციისთვის გადაწყვიტეს შეექმნათ გუნდები რეგიონალური მნიშვნელობით. ქუთაისის, ზუგდიდის, ბათუმის. ასე შეგვარჩიეს 6 ადამიანი ქათაისიდან. ნათია კვაჩაკიძე და გიორგი ჭეიშვილი, ისევე როგორც მე უკვე თამაშობდნენ სხვადასხვა გუნდებში.
- რა პრინციპით ხდება მოთამაშეების შერჩევა?
- გიორგი მოსიძე, ლაშა კილაძე და ისინი, ვისაც საორგანიზაციო საქმეები ევალება, წყვეტენ ამ საკითხს. შეიძლება მოთამაშე ძალიან ჭკვიანი, განათლებული იყოს, მაგრამ მისი მსჯელობა სატელევიზიო გადაცემისთვის საინტერესო არ იყოს. ჩვენ პირველ გადაცემაში შენიშვნა მივიღეთ ძალიან ნელა თამაშობდითო. ალბათ, ეს ნერვიულობით იყო გამოწვეული. იმედია, შემდეგში ღელვა მოიხსნება და უფრო თავისუფლად ვითამაშებთ.
- როგორ ემზადება გუნდი თამაშისათვის?
- როგორც ნებისმიერ სპორტსმენს, ჩვენც გვჭირდება ვარჯიში. ჩვენთვის ეს შრომა გართობაა, სიამოვნების მიღება. გუნდის ერთი წევრი კითხვას შეადგენს, ჩვენამდე მოაქვს, ჩვენ კი ვთამაშობთ ამ კითხვებით. ეს ძალიან საინტერესო და სახალისო პროცესია. სპეციალურად გადაცემისათვის არაფერს ვკითხულობთ. ამ თამაშში შეიძლება ისეთი ცოდნა გამოავლინო, რომელიც ჩვეულებრივ ცხოვრებაში არაფრის მომცემია. ბევრი უნდა იკითხო, უნდა იკითხო ის, რაც გაინტერესებს. დიდ პატივს ვცემ ილია ჭავჭავაძეს, დიდი ადამიანი იყო, მაგრამ მის პუბლიცისტიკას მე ვერ წავიკითხავ. ეს უფრო ფილოლოგების საქმეა. მე უნდა წავიკითხო ის, რაც ზედაპირულია. ყველა ხომ ვერ წაიკითხავს მათემატიკურ ანალიზს? მაგრამ ნორმალურმა ადამიანმა, ვისაც კი აზროვნების უნარი გააჩნია, ილიას ყველა ნაწარმოები უნდა წაიკითხოს. სასურველია კარგი ლიტერატურა მოგწონდეს და არა - ბულვარული. გუნდში აუცილებელია ისეთი ხალხი იყოს შეკრებილი, ვისთანაც ურთიერთობა საინტერესო იქნება. ჩვენ ძალიან ბევრს ვგებულობთ და ვსწავლობთ ერთმანეთისგან. ჭკვიან ხალხთან ურთიერთობისას ძალიან ბევრ რამეს სწავლობ. როდესაც კითხვას სვამენ, ყველა ცდილობს თავისი კუთხიდან შეხედოს. სწორედ ეს არის ვარჯიში. კითხვების შედგენა ცალკე ხელოვნებაა და შრომაა. შეიძლება წაკითხული არ გქონდეს, მაგრამ მთავარია გასაღებს მიაგნო, ლოგიკით მიხვიდე სწორ პასუხამდე. იქ ყველაზე ჭკვიანი ადამიანები არ იკრიბებიან, გაცილებით უფრო ჭკვიანი, განათლებული ხალხი არსებობს, მაგრამ ჩვენი მიზანია 1 წუთის განმავლობაში ერთმანეთში გამოვავლონოთ სწორი პასუხი.
- გარდა ინტელექტისა, რა თვისებები უნდა ახასიათებდეს მოაზროვნეს?
- მოთამაშეს ორი თვისება უნდა ახასიათებდეს: ცნობისმოყვარეობა და მეგობრობის უნარი. თუ ადამიანი მხოლოდ თავის თავზე ფიქ რობს, ფიქრობს მარტო იმაზე, თუ როგორ გამოჩნდეს ყველაზე ჭკვიანი, იქ მისი ადგილი არ არის. ეს არის გუნდური თამაში, გუნდის გარეშე არაფერს წარმოადგენ.
- თითქმის ყველა გუნდში, ექვსი წევრიდან მანდილოსანი მხოლოდ ერთია, რატომ? ნაკლებია მოაზროვნე ქალბატონები?
- არ ვიცი, ალბათ, მენტალიტეტია ასეთი, ქალებს ეშინიათ საზოგადოდ რაღაცის გაკეთების. აზერბაიჯანში ანალოგიური გადაცემაა. იქ არის გუნდი, სადაც 6 წევრიდან 5 გოგონაა, ერთი კი მამაკაცი. ამ გუნდში ია მეტრეველიც მონაწილეობს. ვერ ვიტყვი ქალები მამაკაცებზე ნაკლებად ჭკვიანები არიან მეთქი, უბრალოდ, ინტერესების სფეროა სხვანაირი. მე ინტელექტ-თამაშები დასვენებაში და განტვირთვაში მეხმარება. ჭკვიანი მანდილოსნები არჩეულ გზას მიჰყვებიან და რატომღაც არ იჩენენ სურვილს თავისი საქმიდან დროებით გადაუხვიონ. ჩვენს გუნდში ნათია მშვენიერი მოთამაშეა. ია მეტრევალი კი საუკეთესო მოთამაშეა. საქართველოში პირველი ბროლის ბუ ხომ მან მოიპოვა.
- როგორი დამოკიდებულებაა სხვა გუნდებს შორის? არსებობს თუ არა კონკურენცია?
- რა თქმა უნდა, ჯანსაღი კონკურენცია არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ყველას იცნობს და ერთმანეთის მეგობრები ვართ. ერთნაირი ინტერესების სფერო გვაქვს, გასართობადაც ერთად დავდივართ. ეს არის სპორტი, შეჯიბრი. თამაშის დროს ნორმალური ადამიანი, თუკი ბოღმით არ არის სავსე, გულშემატკივრობს იმ გუნდს, რომელიც მაგიდასთან ზის. როცა ეს ყველაფერი საკუთარ თავზე გაქვს გადატანილი და კარგად იცი, თუ რა განცდაა მაგიდასთან ყოფნა, შეუძლებელია მათ საწინააღმდეგოდ იყო განწყობილი. რაფავას გუნდი და ჩვენ კონკურენტები ვიყავით, მე მინდოდა ჩვენი გუნდის გამარჯვება საუკეთესო ანგარიშით, მაგრამ მათი წარუმატებლობა არ მსურდა.
- წამყვანი გიორგი მოსიძე მართლა ასეთი მკაცრია, როგორც ტელე-ეკრანებიდან ჩანს, როგორი დამოკიდებულება აქვს თქვენთან?
- ძალიან კარგი დამოკიდებულება აქვს, მშვენიერი. მისი ძალისხმევით არის შექმნილი ეს ყველაფერი. წამყვანი მკაცრი უნდა იყოს იმისთვის, რომ თამაში საინტერესო გამოვიდეს. ამას ყველაფერს ნერვების დახარჯვა, დრამატიზება ჭირდება.
- მოთამაშეზე ზემოქმედების მოხდენა ხომ შეუძლია?
- როცა ძლიერი გუნდი აგებს თამაშს, რა თქმა უნდა, ყველას ეცოდება და ცდილობენ დაეხმარონ. ამ დროს წამყვანი ზემოქმედებას არ ახდენს, ხოლო თუკი გუნდი ძლიერია, ის ცდილობს მათ დათრგუნვას. თუ ეს მომენტი არ იქნა, მაშინ კონკურენცია ვერ იარსებებს ჩვენსა და მაყურებელს შორის. ვინც დარბაზში დგას, ყველანი მოთამაშეების მხარეს არიან, მაყურებელიც კი. ამ დროს წამყვანი მაყურებლისკენ უნდა იყოს. სხვა გზა არ აქვს. თუკი ბადე და საზღვარი არ იქნა, მაშინ თამაში საინტერესო არ იქნება. ჩვენი ბადე და საზღვარი წამყვანია. ის ცდილობს თამაშს ინტერესი მისცეს. შოუა ბოლოს და ბოლოს. გასაგებია, ინტელექტუალური შოუა, მაგრამ მაინც შოუა, ყურებადია.
- არის თუ არა რაიმე სფერო, საიდანაც არ ისურვებდით შეკითხვას?
- ჩვენ გვაქვს მდიდარი ისტორია და ბევრი ისტორიული პიროვნება გვყავს. მათ დიდი დანატოვარი აქვთ. ეს ჩვენი ერის პლიუსია. მაგალითად, მე წავიკითხავ რაიმეს გრიგოლ რაბაქიძის შესახებ და შემხვდება საინტერესო ფაქტი. როდესაც კითხვა დაისმება, აღმოჩნდება, რომ ამ ჭკვიან ხალხს, სმოკინგებში გამოწყობილებს, ეს ამბავი არ წაუკითხავთ. რა თქმა უნდა, აუცილებელია იცოდე, მაგრამ ყველაფერს ხომ ვერ წაიკითხავ, ვერ მოასწრებ?! ჩემთვის ყველაზე არასასიამოვნო შეკითხვები ქართული ლიტერატურიდან, ქართული პოეზიიდან არის. იმიტომ რომ ის დიდია, ყოვლისმომცველია. როდესაც შეკითხვას ვერ უპასუხებ, შემოირტყამ თავში ხელს, ეს როგორ ვერ გამოვიცანი, დასანანია.
- რამდენად დიდია კაპიტნის როლი თამაშის შედეგისათვის?
- კაპიტნის გადაწყვეტილებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. კაპიტანი არის გუნდის ნახევარზე მეტი. მე მიმაჩნია, რომ ის გუნდში საუკეთესო მოთამაშეა. როცა კაპიტანი თვითონ არ პასუხობს, ზოგს მიაჩნია, რომ ის არ არის ძლიერი, მაგრამ ასე არ არის. შეიძლება ვერსიები ვერ თქვას, მაგრამ მან უნდა მართოს ჩვენი მსჯელობა, გვითხრას მინიშნებები. თვითონ კითხვაზე უნდა ფიქრობდეს და ჩვენ გვისმენდეს. ვიღაცის ნათქვამი დაიჭიროს, განავითაროს. ეს საკმაოდ რთულია. მე ამას ვერ შევძლებდი. ყოველთვის მეცოდება კაპიტნები. რაფავა არის საუკეთესო კაპიტანი. ჩვენი გუნდის თავი კახა მაჩიტიძე ძალიან ძლიერია. კაპიტანი არის გადამწყვეტი. ის იგებს თამაშს ან აგებს.
- თქვენი აზრით, ვინ არის ყველაზე საუკეთესო მოაზროვნე საქართველოში?
- ჩემი აზრით, საუკეთესო მოთამაშე საქართველოში არის ია მეტრეველი. მან დაამტკიცა ეს მსოფლიო მასშტაბით. ერთი მსახიობის თეატრი მოაწყო ბაქოში. ბევრი კარგი მოთამაშეა. ძლიერი მოთამაშე ზურაბ ფარჯიანია. მასთან თამაში რთული და სასიამოვნოა. დავით რაფავა საუკეთესოა, ბროლის ბუს ღირსია. ჩემს გუნდში ყველა ერთი მეორეზე უკეთესია. რომელი ერთი დაგისახელოთ. დღეს კარგად ითამაშებს, ხვალ არ გაუმართლებს, ეს იმას როდი ნიშნავს, რომ ნაკლები იცის, ვიდრე გუშინ იცოდა. ამ თამაშის პლიუსია ის, რომ უცხო ადამიანებს ამეგობრებს, აახლოებს ერთმანეთთან. ნამდვილად ჭკვიანი ხალხის თვისებაა ურთიერთობაში მეორე ადამიანს აგრძნობინო, რომ ისიც ჭკვიანია. იქ უკვე ჩამოყალიბებული ხალხია, მათთან ურთიერთობა ადვილია.
- თამაშის წესიდან გამომდინარე, იკრძალება დარბაზიდან კარნახი, ხდება თუ არა ასეთი რამ მაინც?
- დარბაზიდან კარნახი გუნდისათვის ყველაზე დიდი შეურაცხყოფაა. ამერიკელი ილუზიონისტი გარი გუდვინი არასოდეს ხსნიდა თავისი ფოკუსების საიდუმლოს. მისი სიტყვებია: ,,მე რომ აგიხსნათ, მიხვდებით, რა მარტივი იყო ეს. სასიამოვნო შეგრძნება კი არ გაგიჩნდებათ, პირიქით, განაწყენებული დარჩებით საკუთარ თავზე. ეს როგორ ვერ გამოვიცანიო”, ასეთი შეგრძნება გენიჭება, როდესაც გიკარნახებენ და გაომეორებ. არსებობს დარბაზის დახმარება, რომელიც ხავსმოკიდებულ ადამიანს ჰგავს. თამაშის დროს არ მესმის რა ხდება დარბაზში, იმდენად კონცენტრირებული ვარ ხუთ ადამიანზე, ჩვენ ერთ ნავში ვსხედვართ. თუ ვინმე ყურადღებას გაამახვილებს იმაზე, ვინ რა წამოიძახა, ეს დაგაკნინებს, ჯობია შენით წააგო, ვიდრე სხვისი დახმარებით მოიგო.
- ფინალში გასასვლელ თამაშში ანგარიშის განულების შემდეგ, გადამწყვეტ რაუნდში, თქვენ მარტო დარჩით სათამაშო მაგიდასთან მაყურებლის პირისპირ. რა გრძნობაა ეს? ალბათ, ძალიან რთული და საპასუხისმგებლო მომენტია.
- ამას ნუ მკითხავთ, ნუ გამახსენებთ. იცით რას შევადარებ? მთაში ავდივართ, ყველანი ერთად კლდეზე მივცოცავთ, უკვე ერთი ნაბიჯი დაგვრჩა. უცებ ვიღაც გეუბნება, შენ მარტო წადი, ანუ ყველაფერი, რაც მანამდე გავაკეთე, წყალს გავატანე. თავიდან იწყებ, მხოლოდ შენ. ხომ ხვდებით, რა რთულია კლდის ბოლოს მარტო ასვლა. როცა ერთად ავდივართ, ერთმანეთს ვეხმარებით, ზოგჯერ ვისვენებთ, ზოგჯერ სხვას დაეხმარები და ზევით ამოქაჩავ. მე დიდი მოწინააღმდეგე ვარ ამ გადამწყვეტი რაუნდის. მიუხედავად ამისა, მისი წყალობით შევძელით ფინალში გასვლა. ერთ ადამიანზე ყველაფრის გადაბარება მგონი არ ღირს. ზოგჯერ გაგიმართლებს, ზოგჯერ - არა.
- როგორ ფიქრობთ, იყო თუ არა რთული შეკითხვა, რომელმაც ფინალში გაგიყვანათ, თუ ბზრიალა თქვენს სასარგებლოდ დატრიალდა?
- ჩვენ გაგვიმართლა. შეკითხვა მოვიდა ისეთი, რომელიც გამოვიცანი. ეს შეკითხვა მანამდე რომ მოსულიყო, კარგი იქნებოდა, გადავრჩებოდით გადამწყვეტ რაუნდს და ამდენ ნერვიულობას. ჩემი აზრით, გადამწყვეტი რაუნდისათვის სპეციალურად ცალკე კითხვები უნდა ჰქონდეთ მომზადებული. ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ვიცოდე ხვალ რომელიმე კონკრეტული წიგნიდან მომივა შეკითხვა, მაინც არ წავიკითხავ. მუღამი გამოცნობაშია და არა - გახსენებაში. ”რა ჭკვიანი ვარ, რამდენი რამ წამიკითხავს”, კარგია, მაგრამ ”რა ჭკვიანი ვარ, რამდენი რამ გამოვიცანი”, ეს უფრო ძლიერი შეგრძნებაა.
- რამდენიმე თვის წინ, ბაქოში მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართა ინტელექტუალურ გუნდებს შორის. თქვენ მსოფლიო ჩემპიონები გახდით.
- ჩემი იქ წაყვანა განაპირობა მხოლოდ და მხოლოდ გიორგი მოსიძის გადაწყვეტილებამ. ჩათვალა, რომ მე კარგ ფორმაში ვიყავი. ჩვენი წარმატება ორმა ფაქტორმა განაპირობა. ერთი ის, რომ ჩვენ ლაღად ვთამაშობდით, დანარჩენები კი ნერვებზე, მეორე ფაქტორი გახლდათ ის, რომ ჩვენს გუნდში ია მეტრეველი იყო, სხვის გუნდში კი - არა. ჩვენ ერთად გაზრდილები და დამეგობრებულები არ ვიყავით. გიორგი ბაქრაძე წლებია ამერიკაში ცხოვრობს. ია - თბილისშია, მე - ქუთაისში, მოსიძე უფროსია ჩვენზე და ა.შ. მიუხედავად ამისა, ისეთი განწყობა გვქონდა, თითქოს სკოლის მოსწავლეები ვიყავით და ბოლო ზარზე მივდიოდით. რა თქმა უნა, ღელვა იყო. მეც მეტყობოდა. ნერვიულობა არის ყველაზე ხელისშემშლელი ფაქტორი მოთამაშისთვის. ჩვენს თამაშებში ღირსეულ გამარჯვებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რომ მოწინააღმდეგემ ტაში დაგიკრას. მოიგო არა იმიტომ, რომ სხვა დაჩაგრო, არამედ სხვას აჯობო, დაეხმარო მას და თუნდაც მისი დახმარებით მიიღო უფრო მეტი წარმატება. დღეს ის მოიგებს, ხვალ - შენ. ჩვენი ცხოვრება ხომ თამაშია, მაგრამ ჩვენი ცხოვრების თამაშის რაღაც უმნიშვნელო თამაშს ვთამაშობთ.
- ინტელექტუალურ თამაშებში მონაწილეობა თქვენთვის გატაცებაა?
- ადამიანები ორ ნაწილად იყოფა. პირველია ის ხალხი, ვისაც თავისი საქმე, სამსახური აინტერესებს. ცდილობს მიაღწიოს წარმატებას, ამას ჰქვია პროფესიონალიზმი. შრომისადმი სიყვარული, ამბიციურობა, კარიერიზმი. მეორე კატეგორია ადამიანებისა, რომლებსაც თავისი პროფესია აქვთ, წინსვლით არიან დაინტერესებულნი. გარდა ამისა, თავისუფალ დროს განსხვავებულად ატარებენ, ზოგი ასანთის კოლოფს აგროვებს, ზოგი ფეხბურთს თამაშობს, მე კი ინტელექტუალურ თამაშს ვთამაშობ. ეს იმდენად დიდი გატაცებაა, რომ ჩემი მეორე ცხოვრებაა. მარტო ამით არ ვცხოვრობ. ეს არის გართობა, რომელიც შეგძენს მეგობრებს. ახალს გაიგებ, მინდა მშობლებს ვურჩიო, თუკი თქვენი შვილი ჭკვიანია, ბევრს კითხულობს, მაგრამ მეგობრები არ ჰყავს, დაინტერესდით, ხომ არ არის სადმე გუნდი, რომელიც ინტელექტუალურ თამაშს ”რა? სად? როდის?” თამაშობს, შეეცადეთ ის ამ გუნდში მოხვდეს. რამდენიმე ხნის შემდეგ მეგობრებიც ეყოლება და ის უფრო ცოცხალი გახდება. ცხოვრება მრავალფეროვანი უნდა იყოს და ამ მრავალფეროვნებაში გართობა - მაქსიმალურად ელიტარული. მე ამ ელიტარულს მივაგენი.
მარი მუშკუდიანი
No comments:
Post a Comment