"მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის" ინფორმაციით, საქართველოში მიგრაციის მაღალ დონეს უმუშევრობა და მძიმე ეკონომიკური სიტუაცია განაპირობებს. სამუშაოს საძებნელად საქართველოს მოქალაქეები ხშირად არალეგალური გზით მიემგზავრებიან საზღვარგარეთ. ასეთი ბიზნესით საქართველოში არაერთი შრომითი მოწყობის, თუ ტურისტული ფირმაა დაკავებული. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში უამრავი საერთაშორისო თუ ადგილობრივი არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაცია მუშაობს მიგრაციის დონის შესამცირებლად, ამას გარდა, არსებობს სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის შესახებ ოფიციალური დოკუმენტები, რეალურად, მაინც ნაკლებად ხდება საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტების გამოვლენა. ამ სტატიაში ჩვენ მოგიყვებით იმ გზებისა და მეთოდების შესახებ, რომლის საშუალებითაც საქართველოს მოქალაქეები არალეგალურად გადაადგილდებიან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, კონკრეტულად კი, საბერძნეთში.
მაია მეცხვარიშვილი
მოკლე სტატისტიკური ექსკურსი
სხვადასხვა კვლევის თანახმად, საქართველოში ყოველი მეხუთე ოჯახი საზღვარგარეთიდან ფულად გზავნილებზეა დამოკიდებული. მიმდინარე წლის იანვრის თვეში საბერძნეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობამ საქართველოში 3,4 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. უნდა ითქვას, რომ ფულადი გზავნილების მოცულობა აღნიშნული ქვეყნიდან ყოველწლიურად იზრდება (2006 წელს 16.2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, 2007-ში კი - 22.5 მილიონი დოლარი), შესაბამისად, იზრდება აღნიშნულ ქვეყანაში არალეგალურ შრომით მიგრანტთა რიცხვი საქართველოდან, რადგან საქართველოს მთავრობას საბერძნეთთან შრომითი ხელშეკრულება არ გააჩნია. საბერძნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სოციალური ინტეგრაციის დეპარტამენტის ინფორმაციით, საბერძნეთში ცხოვრების უფლებით საქართველოს 13 791 მოქალაქე სარგებლობს. მსოფლიო ბანკის მონაცემებით კი, საბერძნეთში 62 174 საქართველოს მოქალაქე იმყოფება. "მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციაში" აცხადებენ, რომ არ არსებობს ზუსტი სტატისტიკა საბერძნეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების შესახებ, რადგან მათი დიდი ნაწილი არალეგალებისგან შედგება, რომლებიც ოფიციალურ მონაცემთა ბაზაში არ აღირიცხებიან. თანაც, მათი რაოდენობა დღითი დღე იზრდება და ასევე, დღითი დღე იხვეწება საქართველოდან საბერძნეთში არალეგალურად მოხვედრის გზები.
"გრაფიოების" ბიზნესი
დღეს ხუთშაბათია და ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე ერთმანეთის მიყოლებით რამდენიმე ორსართულიანი ავტობუსია ჩამომდგარი. ავტობუსების ირგვლივ უამრავი ადამიანი ირევა: ზოგი ამანათს აგზავნის, ზოგი კიდევ - ოჯახის წევრს აცილებს საბერძნეთში.
თამრიკო 47 წლისაა, მეუღლე და ორი სტუდენტი შვილი ჰყავს. ყველანი უმუშევრები არიან.
"ჩემს მეზობელს დავურეკე, რომელიც უკვე 6 წელია საბერძნეთში ცხოვრობს, ვეხვეწე და ვემუდარე, რომ ჩემი გასაჭირი გაეზიარებინა და აქედან წასვლაში დამხმარებოდა. მან მირჩია ერთი ფირმა, რომელიც წასვლაში მეხმარება და როცა ჩავალ, იქ ის გადაუხდის ფულს ამ ფირმის წარმომადგენელს. მერე მე ვიმუშავებ და გავუსტუმრებ ვალს ჩემს მეზობელს," - ამბობს თამრიკო. დაახლოებით, იცის, რა გზის გავლა მოუწევს საბერძნეთამდე: "მითხრეს, რომ ჩავალ თურქეთში, იქ დავიმალები ავტობუსში რამდენიმე საათით და ასე ჩავალ საბერძნეთში". თამრიკო არ გვიმხელს იმ ფირმის სახელს, რომელსაც საბერძნეთში მიჰყავს: "რამე პრობლემა რომ შემექმნას, ხომ დავიღუპები? სხვა გამოსავალი რომ არა მაქვს, აქედან იმიტომ მივდივარ," - გვეუბნება ის.
ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე, 20-მდე ე.წ. "გრაფიოა" გახსნილი. ასე უწოდებენ იმ ფირმებს (ე.წ. საბერძნეთის ოფისებს), რომლებიც ადამიანების საბერძნეთში გამგზავრებას უზრუნველყოფენ, თუმცა ოფიციალურ საუბრებში, არც ერთი მათგანის წარმომადგენელი არ ადასტურებს, რომ ადამიანების არალეგალურად გადაყვანაში მონაწილეობენ. ამიტომაც ასეთ ექსპერიმენტს მივმართეთ: რამდენიმე ფირმას როგორც კლიენტებმა, ისე მივაკითხეთ. რამდენიმეს კი - როგორც ჟურნალისტებმა. უნდა ითქვას, რომ ფირმების წარმომადგენლები "კლიენტებთან" გაცილებით უფრო გახსნილები აღმოჩნდნენ: "ორ დღეში მიმყავს ჯგუფი და ერთი ადგილი მაქვს, თუ ნამდვილი კლიენტი ხართ, ამ ჯგუფში ჩაგსვამთ და სამ დღეში საბერძნეთში იქნებით," - გვირჩია "ნეო-ტურის" წარმომადგენელმა. მერე, როგორც დაინტერესებულმა კლიენტმა, მარშრუტების შესახებ გამოვიკითხე და საკმაოდ ამომწურავი პასუხიც მივიღე: "შემიძლია ავტობუსში დაგმალოთ, საბარგულში სპეციალური სამალავია მოწყობილი, შიგნით კონდიციონერიც არის და ყველაფერი, 10-12 საათი მოგიწევს დამალვა და უპრობლემოდ ჩახვალ საბერძნეთში. მეორე ვარიანტი მაქვს ზღვით: ჩავალთ თურქეთში და იქიდან "კატერით" გადავალთ საბერძნეთის კუნძულზე".
ამის შემდეგ გარანტიებითაც დავინტერესდი: "100%-ანი გარანტია არაფრის არ არსებობს, მაგრამ 90%-ით პასუხისმგებელი ვარ, რომ ჩაგიყვან საბერძნეთში, თანაც ფულს, როცა ადგილზე ჩახვალ, შემდეგ იხდი და არაფერს კარგავ, ეს ყველაფერი 3500 ევრო დაგიჯდება, ასე ღირს აქ ყველასთან, მაგრამ თუ ნამდვილი კლიენტი ხარ, რაღაც შეღავათების გაწევა კიდევ შემიძლია," - მივიღე პასუხად.
იმავე ოფისის ახლოს მდებარე "მობო ტურს", როგორც ჟურნალისტმა, ისე მივაკითხე, შესაბამისად, პასუხებიც მწირი მივიღე: "გამორიცხულია, რომ ჩვენ არალეგალური გზით წავიყვანოთ ვინმე. ჩვენი ახლობლები უკვე 18 წელია ცხოვრობენ საბერძნეთის ქალაქ სალონიკში და ისინი გვეხმარებიან, რომ გამოიგზავნოს პირზე მოწვევა და შემდეგ შევიდეს ეს საკონსულოში. თუკი საკონსულოდან მიიღებს ეს პირი ვიზას, ამ შემთხვევაში იხდის ჩვენთან ფულს და მიდის საბერძნეთში ოფიციალურად. ძირითადად კი, მხოლოდ ამანათების გაგზავნაზე ვმუშაობთ," - გვითხრა "მობო ტურის" წარმომადგენელმა ოთარ რობაქიძემ.
კერძო ფირმები საბერძნეთში ლეგალურად გამგზავრების მსურველი მოქალაქეებისგან საბუთების ექვსპუნქტიან ჩამონათვალს ითხოვენ: პასპორტს, პირადობის მოწმობას, დაბადების მოწმობას, ქორწინების მოწმობას, 4 ფოტოსურათს და ავტობიოგრაფიას. საქართველოში საბერძნეთის საელჩო კი გამგზავრების მსურველთაგან საბუთების 12 პუნქტიან ჩამონათვალს ითხოვს, მათ შორისაა: ცნობა სამსახურიდან, გადახდისუნარიანობის დამადასტურებელი საბუთები (ნაღდი ფული კონვერტირებად ვალუტაში, სამოგზაურო ჩეკები, საკრედიტო ბარათები, ან ნებისმიერი სხვა საბუთი, რომელიც ამტკიცებს თანხის არსებობას მყარ ვალუტაში - მინიმუმ 20 ევრო დღეზე), მომწვევის შესახებ ინფორმაცია (მათ შორის საგადასახადოდან ცნობა - მინიმუმ 3200 ევროს შემოსავლის შესახებ წელიწადში) და სხვა. ვიზის ღირებულება 150 ლარია, თუმცა საბუთების ამ ჩამონათვალის მოძიება იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ლუკმა-პურის საშოვნელად აპირებენ საბერძნეთში გამგზავრებას და აქ არანაირი შემოსავალი არ გააჩნიათ, პრაქტიკულად, შეუძლებელია. ამიტომაც ისინი კერძო ფირმების მომსახურებას არჩევენ. როგორც ამ ფირმებიდან გავარკვიეთ, საბერძნეთის საელჩოდან თავიანთი კლიენტებისთვის ვიზის მიღებას ისინი უპრობლემოდ ახერხებენ, კონსულთან ამ პირის შეხვედრის გარეშეც კი. საბერძნეთში ლეგალურად გამგზავრების მსურველებისგან ისინი 4500 ევროს იღებენ ამ მომსახურების სანაცვლოდ.
"ომის შემდეგ ცოტა გართულდა სიტუაცია და მხოლოდ ორკვირიან ვიზებს ვაკეთებთ, სხვა ვარიანტი გამორიცხულია. ამას გარდა, ვიზას ადამიანი ერთი თვის მანძილზე უნდა დაელოდოს და რომ ჩადის ადგილზე, ორ კვირაში მაინც არალეგალი ხდება, ამდენად, უმჯობესია სამალავით წასვლა, რომელიც 1000-1500 ევროთი ნაკლები ჯდება," - აგვიხსნეს "გრაფიოებში".
როგორც ქუთაისში მოქმედი "საბერძნეთის ოფისებიდან" გავარკვიეთ, თითოეული ფირმა კვირაში საშუალოდ 6-7 ადამიანის არალეგალურად გადაყვანას ახერხებს საბერძნეთში, რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეული მათგანი ამ ბიზნესით კვირაში 25 000 ევრომდე თანხას გამოიმუშავებს. ქუთაისში კი, ასეთი 20-მდე ფირმაა გახსნილი. მათი ზუსტი სტატისტიკა უცნობია, რადგან საგადასახადო ინსპექციაში ისინი რიგითი შეზღუდული პასუხიმგებლობის საზოგადოების სახით არიან დარეგისტრირებულნი, რომლებსაც სხვადასხვა ტიპის ბიზნეს-საქმიანობის უფლება გააჩნიათ. ოფიციალურად კი "საბერძნეთის ოფისებში" აცხადებენ, რომ ამანათების დისტრიბუციაზე მუშაობენ და 1 კგ ტვირთის გაგზავნაში სულ რაღაც 2 ლარს გამოიმუშავებენ.
საბერძნეთში "გადაპარვის" ყველაზე პოპულარული მარშრუტები
საქართველოს მოქალაქეების უმეტესობა საბერძნეთში არალეგალურად გადასასვლელად ყველაზე ხშირად თურქეთის სატრანზიტო გზას იყენებს. ეს მარშრუტი განსაკუთრებით პოპულარული 2006 წლიდან გახდა, როცა თურქეთ-საქართველოს შორის სავიზო რეჟიმი გაუქმდა.
"საქართველოს მოქალაქე როდესაც მოდის საზღვარზე და სურს თურქეთში გადასვლა, ჩვენი მხრიდან უპრობლემოდ გადავა მხოლოდ პასპორტით, რადგან მას ვიზა არ სჭირდება," - ამბობს საქართველოს შს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის დირექტორი კობა ბოჭორიშვილი.
ვიზა საქართველოს მოქალაქეებს თურქეთიდან საბერძნეთში გადასასვლელად ესაჭიროებათ, თუმცა ისინი ამის გარეშეც უპრობლემოდ ახერხებენ საზღვრის გადალახვას. თურქეთიდან საბერძნეთში არალეგალური გზით გადასასვლელად როგორც სახმელეთო, ისე საზღვაო მარშრუტი გამოიყენება.
"ქუთაისიდან ბათუმში ავტობუსით ჩავედით. ბათუმში გადავჯექით სხვა, ორსართულიან ავტობუსში. სამალავი ამ ავტობუსს უკანა მხარეს, საბარგულში ჰქონდა მოწყობილი. ოთხი ადამიანი დაგვმალეს შიგ. ოთხივე ფეხზე ვიდექით და ხანდახან ამოვყავდით ზევით. დაახლოებით 14-15 საათი ვიყავით დამალულები, დანარჩენი მგზავრები ლეგალები იყვნენ და ჩვეულებრივად ისხდნენ ავტობუსის კაბინაში," - იხსენებს 54 წლის მარინა, რომელიც საბერძნეთში ამ გზით ორი თვის წინ ჩავიდა. ახლა სალონიკში ცხოვრობს, არალეგალია, არ აქვს საბუთები, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია, რომ ერთ ოჯახში მოსამსახურედ დასაქმებულიყო. ქართველი ქალები საბერძნეთში უმეტესად ოჯახებში მუშაობენ - მოსამსახურეებად, მოხუცების მომვლელებად, ან ძიძებად. მათი საშუალო ხელფასი 600-დან 1000 ევრომდეა. თურქეთიდან საბერძნეთში კიდევ ერთი არალეგალური სახმელეთო გზაა, რომლითაც ფეხითმოსიარულეები გადადიან. ეს მარშრუტი ყველაზე სარისკო და იმავდროულად ყველაზე იაფია.
"საბერძნეთის საზღვართან თურქეთის მხარეს გხვდებიან გამცილებლები, რომლებიც ერთი ადამიანის გადაყვანაში იღებენ 1500-2000 ევროს. ამ გამცილებელს გადაყავხარ ფეხით საზღვარზე, სადაც გხვდება დახურული "მარშუტკა", რომელსაც ფანჯრები არა აქვს და რომელსაც მართავს უკვე ბერძენი მძღოლი და ამ `მარშუტკით~ 10-15 კაცის გადაყვანაა შესაძლებელი," - ამბობს 28 წლის მანუჩარი, რომელიც საბერძნეთში ამ მარშრუტით ერთი წლის წინ ჩავიდა. როგორც მისგან გავარკვიეთ, ამ გზით ფეხით ორი ღამის მანძილზე უნდა იარო, რომ მიაღწიო საზღვრამდე.
"დღის მანძილზე ამ გზაზე ვერ გაივლი, რადგან შეიძლება მესაზღვრეებმა დაგინახონ," - ამბობს ის. მისივე თქმით, გამცილებლები საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მსურველებს კიდევ უფრო იაფიან სერვისსაც სთავაზობენ: "გეუბნებიან, თუ გინდა, მომეცი 500 ევრო და მოგცემ რუკას, როგორ უნდა მიაღწიო საზღვრამდეო".
გასული წლის 23 სექტემბერს ამ მარშრუტზე ოთხი ქართველი ახალგაზრდა დაიღუპა. 23 წლის დავით მანდარია, 19 წლის ავთანდილ ანტონიძე, 22 წლის ედიშერ კვერნაძე და 23 წლის ედიშერ ონიანი თურქეთ-საბერძნეთის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის დროს ნაღმზე აფეთქდნენ. სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა მათთან ერთად მყოფი კიდევ ერთი ქართველი ახალგაზრდა - ბექა დანელია. უბედური შემთხვევის შემდეგ ბექამ სამი კვირა გაატარა თურქეთის სადეპორტაციო ციხეში და შემდეგ მშობლიურ ქალაქში - ქუთაისში დაბრუნდა. ბექას ნაამბობიდან ირკვევა, რომ ქუთაისიდან ის მეგობარ ედიშერ კვერნაძესთან ერთად გაემგზავრა თურქეთში. თურქეთის ქალაქ ედირნეში ორი დღე გაატარეს, სადაც მათ ედიშერ ონიანი, დავით მანდარია და ავთანდილ ანტონიძე გაიცნეს და ერთობლივად გადაწყვიტეს საბერძნეთში შემოვლითი გზით გადაპარვა.
"ღამ-ღამობით მივდიოდით ხოლმე, რომ არავის შევენიშნეთ. გამცილებელი არ გვახლდა, მარტო ჩვენ მივდიოდით. გზა ყანებზე გადიოდა და ფარნებით ვინათებდით," - იხსენებს ბექა - "უცებ რაღაც საშინელი ხმა გავიგონე და გავითიშე. როცა გამოვფხიზლდი, ჩემს უკან მომავალი ერთ-ერთი ბიჭი იყო ჩემზე გადამხობილი. საშინელება იყო - ყველანი გარდაცვლილები იყვნენ. ავტეხე ყვირილი, მაგრამ ვერავის გავაგონე ხმა. ამ გზიდან შორს, მაგრამ მაინც ჩანდა მესაზღვრეების საგუშაგო და იქითკენ გავიქეცი. როგორც იქნა მივაღწიე მესაზღვრეებამდე და ძლივს მივახვედრე, რაც მოხდა. მერე მე ციხეში გადამიყვანეს".
გარდაცვლილი ქართველები სამშობლოში 3 ოქტომბერს, უბედური შემთხვევიდან 10 დღის შემდეგ გადმოასვენეს.
ტრაგიკულად დასრულდა ორი წლის წინ კიდევ ერთი ქუთაისელი ახალგაზრდის მცდელობა, საბერძნეთში საზღვაო მარშრუტით გადაპარულიყო თურქეთის გავლით. ანდრო გოცირიძე ზღვაში დაიხრჩო, როცა ის ნავი ამოტრიალდა, რომლითაც საბერძნეთის მიმართულებით მიდიოდა. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საზღვაო მარშრუტის გამოსაყენებლად ქართველები თურქეთის ქალაქ აივალიკში ჩადიან, რომელიც 13 მილითაა დაშორებული საბერძნეთის საზღვარს და იქიდან სპეციალური ნავებით, ან კატარღებით გადადიან საბერძნეთის კუნძულ მიტილინზე. ეს მარშრუტი დაახლოებით 2000 ევრომდე ჯდება. კიდევ ერთი საზღვაო გზით სტამბულში ჩადიხარ და იქიდან კატარღით საბერძნეთის ქალაქ ალექსანდროპოლში გადადიხარ.
34 წლის ირაკლი საქართველოდან ჯერ თურქეთში ჩავიდა, იქიდან ბულგარეთში და ბულგარეთიდან - საბერძნეთში.
"თურქეთში გამარტივებულ ტურისტულ ვიზას იძლევიან, რომ ჩახვიდე ბულგარეთში. ბულგარეთის და საბერძნეთის საზღვართან არის მთიანი კურორტი - სანდანსკი და იქიდან გადადიხარ ფეხით საბერძნეთში. სამი ღამე ვიარე ფეხით კლდეებსა და ტყეებში და როგორც იქნა, ჩავაღწიე საბერძნეთამდე," - ამბობს ირაკლი.
საბერძნეთის ქ. სალონიკში საქართველოს გენერალური საკონსულოს ინფორმაციით, 2008 წლის განმავლობაში ადგილი ჰქონდა საქართველოს მოქალაქეების მხრიდან საბერძნეთის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის 40-მდე ფაქტს. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში განგვიმარტეს, აღნიშნული სტატისტიკა გენერალურ საკონსულოს საბერძნეთის შესაბამისი უწყებების მიერ მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით გააჩნია. რამდენად იჩენენ საბერძნეთის შესაბამისი უწყებები ინტერესს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და არალეგალური მიგრაციის ფაქტების გამოვლენის მიმართ, ამის საილუსტრაციოდ შემდეგი სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ: 2002 წელს საბერძნეთიდან 151 საქართველოს მოქალაქე იქნა დეპორტირებული, 2003 წელს - 146, 2004 წელს - 250, 2007 წელს კი - 204.
რას აკეთებს საქართველოს მთავრობა არალეგალური მიგრაციის შესამცირებლად?
საქართველოში მიგრაციის პროცესების დარეგულირებაში ხუთი სახელმწიფო უწყება მონაწილეობს: იუსტიციის სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ჯანმრთელობის, შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, დევნილთა და განსახლების სამინისტრო. სამხრეთ კავკასიის რეგიონული უსაფრთხოების ინსტიტუტის პროექტების მენეჯერის ოლგა დოროხინას შეფასებით, "საქართველოში არ არსებობს მიგრაციის პროცესების მართვის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისი, სისტემური ინტეგრირებული მექანიზმები, მიუხედავად იმისა, რომ მიგრაციის პოლიტიკა აღიარებულია სახელმწიფოთა საშინაო და საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტად, მათ შორის ევროკავშირთან ურთიერთობის მხრივაც."
საქართველოს კანონმდებლობით, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანისთვის ფიზიკური პირი ისჯება თავისუფლების აღკვეთით 2-დან 5 წლამდე, იგივე ქმედების რამდენიმეჯერ ჩადენისთვის - 5-დან 8 წლამდე. ხოლო თუკი მსგავსი დანაშაული ჩადენილია იურიდიული პირის სახელით, ასეთ შემთხვევაში შემდეგი სანქციები გამოიყენება: ლიკვიდაცია, საქმიანობის უფლების ჩამორთმევა, ჯარიმა და ქონების ჩამორთმევა. საქართველოს შსს სასაზღვრო პოლიციაში მხოლოდ ერთეული შემთხვევები ახსენდებათ, როცა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა მძღოლი, რომელიც სარფის მიმართულებით გადადიოდა და ავტობუსში სამალავი ჰქონდა მოწყობილი. სამაგიეროდ, არც ერთი შემთხვევა არ აქვთ, როცა სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრა ფირმას, რომელსაც ემსახურება კონკრეტული ავტობუსი და რომლებიც ეწევიან მოსახლეობის არალეგალური მიგრაციის ბიზნესს.
"კომპანია არ გამოგვივლენია, უშუალოდ მძღოლის მიმართ იღძვრება სისხლის სამართლის საქმე. კომპანია არაფერ შუაშია, მას მძღოლი ჰყავს დაქირავებული. თუკი მძღოლი დაწერს ჩვენებაში, რომ კომპანიამ დაავალა, მაშინ დაკავდება ეს კომპანიაც, სხვა შემთხვევაში მძღოლი და ტრანსპორტი კავდება," - ამბობს კობა ბოჭორიშვილი. მისივე თქმით, საზღვარზე ავტოსატრანსპორტო საშუალების, მათ შორის ავტობუსების ზედაპირული დათვალიერება ხორციელდება.
"თუ არა გაქვს ოპერატიული ინფორმაცია, ყველა ავტობუსსა და ტრაილერს ვერ დაათვალიერებ. ყველა მანქანის დათვალიერება რომ დაიწყოს გამტარ პუნქტზე, იმხელა საცობები შეიქმნება, რომ ჩაიკეტება საზღვარი," - ამბობს ბოჭორიშვილი. მისივე თქმით, რომ მოხდეს საზღვრის არალეგალურად გადამყვანთა გამოვლენა, ამისათვის კოორდინირებულად უნდა მოხდეს შესაბამისი საგამოძიებო უწყებების მუშაობა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე სახელმწიფოთაშორის დონეზე. როგორც საქართველოს შსს სასაზღვრო პოლიციაში გავარკვიეთ, როცა საქმე საქართველოს მოქალაქეების მიერ თურქეთ-საბერძნეთის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ეხება, ამის თაობაზე შესაბამისი მონაცემები მათ უწყებაში არ ხვდება.
"საბერძნეთთან ჩვენ არ გვაქვს ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმებული, რადგან საზღვარი არ გვაქვს საბერძნეთთან," - ამბობს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილზე კობა ბოჭორიშვილი. თუმცა "მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის" საქართველოს ოფისის პროგრამების დირექტორის მარკ ჰულსტის თქმით, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის საქმეების ერთობლივი გამოძიებისთვის სპეციალური ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეკრულების გაფორმება აუცილებელი არ არის, მითუმეტეს მას შემდეგ, რაც საქართველოს სასაზღვრო უწყებასა და ევროკავშირის სასაზღვრო უსაფრთხოების უწყება FRONTEX-ს შორის გასული წლის ბოლოს უკვე გაფორმდა სამუშაო შეთანხმება ოპერატიული თანამშრომლობის შესახებ, რომლის მიზანია საზღვრის უსაფრთხოების განმტკიცება და არალეგალური მიგრაციის შემცირება. აღნიშნულ ქსელში საბერძნეთისა და თურქეთის მონაცემთა ბაზებიც იყრის თავს, ისე როგორც ევროკავშირის სხვა ქვეყნებისა. სხვათაშორის, ევროკავშირის სასაზღვრო უსაფრთხოების უწყების მიერ არალეგალური მიგრაციის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ მარშრუტად სწორედ თურქეთ-საბერძნეთის მარშრუტია მიჩნეული. თუმცა, საქართველოს სასაზღვრო უწყებაში ამ ქსელთან მომავალი თანამშრომლობის დეტალები ჯერ კიდევ გაურკვეველია, რადგან სამუშაო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, 2009 წლის 1 იანვრიდან საქართველოს სასაზღვრო საკონტროლო გამშვები პუნქტები სასაზღვრო პოლიციიდან საპატრულო პოლიციის დაქვემდებარებაში გადავიდა.
"ჩვენ ამიერიდან გვეხება მხოლოდ მწვანე საზღვარი, რომლის გადავლა არ შეიძლება არავისთვის და თუ ვინმე გადადის, დასაჭერია ყველა, არალეგალი იქნება ის, ტრეფიკერი, თუ კონტრაბანდისტი. ყველა სხვა შემთხვევაში, საზღვარზე დოკუმენტაციის შემოწმება უკვე გადასულია საპატრულო პოლიციის უფლებამოსილებაში," - ამბობს კობა ბოჭორიშვილი.
რა უნდა გაკეთდეს?
იმისათვის, რომ შემცირდეს არალეგალური მიგრაციის მაჩვენებელი, "მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის" წარმომადგენელს მარკ ჰულსტს მიაჩნია, რომ აუცილებელია შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება საქართველოსა და იმ ქვეყნებს შორის, სადაც ხდება ქართველი არალეგალების გადინება.
"მაგრამ აქ პრობლემა იმაშია, რომ თვითონ საქართველოს მთავრობას არ გააჩნია მონაცემთა ბაზა, რა უნარ-ჩვევების უმუშევრები გააჩნია ბაზარზე, რომ ელაპარაკოს ამაზე მეორე ქვეყანას. შემუშავებული არ არის საქართველოს მთავრობის მიერ მიგრაციის პოლიტიკა," - ამბობს მარკ ჰულსტი.
ამას გარდა, ექსპერტების თქმით, არალეგალურ მიგრანტთა საქართველოში დაბრუნებისთვის აუცილებელ სამართლებრივ ბაზად მიჩნეულია რეადმისიისა და სხვა ურთიერთშეთანხმებების არსებობა. ასეთი ხელშეკრულება საქართველოს მთავრობას საბერძნეთთან არ გააჩნია.
"ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა ევროპის კავშირთან რეადმისიის შესახებ შეთანხმების ხელმოწერაზე, რომლის მიხედვითაც შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ, მისი შესრულება სავალდებულო იქნება ევროპის კავშირის ყველა სახელმწიფოსთვის, მათ შორის საბერძნეთისთვისაც," - აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში.
დამოუკიდებელი ექსპერტების შეფასებით, საქართველოდან გადინებული მიგრანტების რაოდენობა ამ დროისთვის 800 ათასიდან 1 მილიონ 300 ათას ადამიანამდეა. რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობის გაუარესებამდე მათი უმრავლესობა რუსეთში იყრიდა თავს, აგვისტოს ომის შემდეგ კი ქართველი არალეგალების მარშრუტმა ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებით გადაინაცვლა. საბერძნეთს ამ ქვეყნებს შორის წამყვანი ადგილი უკავია.
mashin gagvimartivon gasvla mosvla da agaravin gadava aralegalurad arsad
ReplyDelete