აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის მიგრანტების დონის ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებლებით ჩეხეთის რესპუბლიკა გამოირჩევა. ჩეხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, დღესდღეობით იქ დაახლოებით ნახევარი მილიონი მიგრანტი ცხოვრობს. საქართველოს მოქალაქეების წილი მათ შორის არც ისე დიდია, თუმცა სწორედ ჩეხეთი გახლდათ პირველი ევროპული ქვეყანა, რომელსაც საქართველოდან, დამოუკიდებლობის გამოცხადებისა და საზღვრების გახსნისთანავე მიაშურეს მიგრანტებმა.
მაია მეცხვარიშვილი
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) მონაცემებით, პირველად თავშესაფრის მოთხოვნით ევროპის ქვეყნებს ქართველმა მიგრანტებმა 1991 წელს მიმართეს. რვავე აპლიკაცია ამ წელს ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელზე შევიდა.
"1980-ანი წლების დასასრულსა და 1990-ანი წლების დასაწყისში იჩინა თავი ჩეხეთში მიგრაციის პრობლემებმა. მაშინ ჩეხეთი სატრანზიტო ხაზი იყო: აქედან გადიოდნენ ავსტრიაში, ან გერმანიაში," - ამბობს ჩეხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციული პოლიტიკისა და თავშესაფრების დეპარტამენტის უფროსი პავლა ნოვოტნა.
ქართველი მიგრანტების ინტერესი ჩეხეთისადმი 2001 წლიდან გაიზარდა.
"2001-05 წლებში ბევრი ქართველი იყო ჩეხეთში. ისინი ჩეხეთს გერმანიაში ტრანზიტისთვის გამოიყენებდნენ," - ამბობს "მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის" ჩეხეთის ოფისის ხელმძღვანელი ლუსი სლადკოვა.
სწორედ 2001 წელს გაემგზავრა გიორგი ქუთაისიდან ჩეხეთში. მასთან ერთად ჯგუფში კიდევ ცხრა ადამიანი იყო. გიორგის ჩვენ ქუთაისში შევხვდით და ვესაუბრეთ. იგი 2002 წელს იქნა ნორვეგიიდან დეპორტირებული: ჯერ ჩეხეთში ჩავიდა, იქიდან - გერმანიაში და ბოლოს ნორვეგიაში გადავიდა. გიორგიმ თავისი ისტორია გვიამბო, თუმცა მისი ვინაობის გამხელა არ ისურვა.
"50 დოლარი გადავიხადე ჩეხეთის ვიზის გაკეთებაში და ჯგუფთან ერთად გავემგზავრე. ჯერ პრაღაში ჩავედით, სადაც ჩავაბარეთ საბუთები ლტოლვილის სტატუსის მისაღებად. ამის შემდეგ, გადაგვიყვანეს, იქვე, ახლოს, პატარა ქალაქში, სადაც ე.წ. "აზულიანტების" ბანაკში ვცხოვრობდით," - იხსენებს გიორგი.
თავშესაფრის მოთხოვნით ჩეხეთს საქართველოს მოქალაქეებმა ყველაზე დიდი რაოდენობით 2001 წელს მიმართეს. მაშინ საქართველოდან 6298-მა მიგრანტმა მოითხოვა თავშესაფარი სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის ყველაზე მეტი – 1288 აპლიკაცია ჩეხეთის მთავრობის სახელზე შეივსო.
"მოთხოვნის ამგვარად ზრდის მიზეზი იყო ჯერ ერთი ის, რომ ჩეხეთის ეკონომიკა გაიზარდა და მეორეც – სხვა ქვეყნებთან შედარებით, უფრო ადვილი გახლდათ ჩეხეთში თავშესაფრის მიღება. მინიმუმ 1 წელი მაინც ჭიანურდებოდა ეს პროცესი და თანაც, ამასობაში თავშესაფრის მთხოვნელს იქ მუშაობის უფლებაც ჰქონდა," - ამბობს "მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის" საქართველოს ოფისის პროგრამების ოფიცერი მარკ ჰულსტი.
"მუშაობაზე არანაირი შეზღუდვა არ გვქონია. შეგვეძლო წავსულიყავით იმ თავშესაფრიდან, ცალკე გვექირავებინა ბინა, გვემუშავა და დაგვეგროვებინა ფული, თუმცა ვალდებული ვიყავით, პერიოდულად გამოვცხადებულიყავით ბანაკში, სადაც აღრიცხვაზე ვიყავით და იქ ხელი მოგვეწერა საბუთებზე," - ამბობს გიორგი. როგორც მისგან გავარკვიეთ, არც ის და არც სხვა ქართველები, რომლებიც მასთან ერთად იყვნენ ჯგუფში, ჩეხეთში სამუშაოდ ან თავშესაფრის მისაღებად არ წასულან. ისინი იქიდან გერმანიაში გადასვლას ცდილობდნენ.
"ჩეხეთის მეორე ქალაქია ბრნო, საიდანაც უპრობლემოდ შეიძლებოდა გადასვლა ავსტრიაში და იქიდან გერმანიაში, ხოლო ქალაქ კარლოვი ვარიდან პირდაპირ შეიძლებოდა გერმანიაში გადასვლა, მაგრამ ეს უფრო ბევრ რისკთან იყო დაკავშირებული. გაცილებით ადვილი იყო ჩეხეთიდან ჯერ პოლონეთში გადასვლა და იქიდან - გერმანიაში," - ამბობს გიორგი. როგორც მისგან გავარკვიეთ, ჩეხეთიდან ავსტრიაში გადასვლა მაშინ 300 დოლარი ჯდებოდა.
"ამ მარშრუტს, ძირითადად, ჩეჩნები და სომხები აკონტროლებდნენ. გადაუხდიდი მათ ამ თანხას და უპრობლემოდ ჩახვიდოდი ვენაში. თუმცა დაახლოებით 6 საათი უნდა გევლო ფეხით, ტყის გავლით, საზღვრის გადასაკვეთად. 2001 წელს, როდესაც მე ჩეხეთში ვიყავი, 70 ქართველი გადავიდა ამ გზით ავსტრიაში," - ამბობს გიორგი. თავად ის ჩეხეთიდან გერმანიაში პოლონეთის გავლით ჩავიდა.
"მანქანით წავედით პოლონეთში, სადაც გადავჯექით სხვა მანქანაში, რომელსაც უკვე გერმანელი მძღოლი მართავდა და ამ მანქანაში დამალულებმა გადავკვეთეთ გერმანიის საზღვარი. მთლიანობაში, 400 დოლარი გადავიხადე და ასე ჩავედი ჩეხეთიდან გერმანიაში," - ამბობს ის.
მოთხოვნა ჩეხეთის სატრანზიტო მარშრუტზე 2004 წლიდან შემცირდა, როდესაც ჩეხეთი ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდა. 2007 წლიდან კი, როდესაც იგი შენგენის შეთანხმებას შეუერთდა, ჩეხეთი მიგრანტებისთვის, სატრანზიტოს ნაცვლად, მიმღებ ქვეყნად იქცა.
"დღესდღეობით ჩეხეთში დაახლოებით 500 ათასი მიგრანტი ცხოვრობს. მომწოდებელ ქვეყნებს შორის ჩვენთან პირველ ადგილზე სლოვაკეთი, უკრაინა და ვიეტნამია. საქართველოს მე-17 ადგილი უკავია," - ამბობს ჩეხეთის შსს მიგრაციული პოლიტიკისა და თავშესაფრების დეპარტამენტის უფროსი პავლა ნოვოტნა.
ამ დროისთვის ჩეხეთში საქართველოს 743 მოქალაქეა ოფიციალურად აღრიცხული.
"რამდენი არალეგალი მიგრანტი გვყავს, ზუსტი ციფრი არ გაგვაჩნია," - ამბობს პავლა ნოვოტნა.
სხვადასხვა წყაროებით, ჩეხეთში 100 ათასიდან 300 ათასამდე უკრაინელი არალეგალი ცხოვრობს, დაახლეობით 70 ათასი – ვიეტნამელი და 10 ათასამდე - მოლდოველი.
"არალეგალი ქართველების რაოდენობა დღეს ჩეხეთში უმნიშვნელოა. ისინი აქ, ძირითადად, თვითდასაქმებულები არიან და უმეტესად ოქროულობით ვაჭრობენ. ქართველები არალეგალურად ჩვენთან დიდი რაოდენობით 2001-02 წლებში იმყოფებოდნენ, თუმცა ჩვენ მაშინვე დავიწყეთ მთელი რიგი პროგრამების განხორციელება მათთვის. ადრე პრობლემებს ისიც ქმნიდა, რომ ჩეხეთში არ იყო საქართველოს საელჩო და ვენაში გვიწევდა დაკავშირება თითოეული შემთხვევის გამო," - ამბობს "მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის" ჩეხეთის ოფისის ხელმძღვანელი ლუსი სლადკოვა.
ამჯერად საქართველოს მთავრობას, შეიძლება ითქვას, ყველაზე მჭიდრო თანამშრომლობა ევროკაშვირის ქვეყნებს შორის, სწორედ ჩეხეთთან აქვს მიგრაციის საკითხებთან დაკავშირებით. "ჩეხეთის განვითარებისა და თანამშრომლობის" პროგრამის ბიუჯეტით საქართველოში არაერთი პროგრამა ხორციელდება. მაგალითად, საქართველოს სახელმწიფო უწყებები (სასაზღვრო გამშვები პუნქტები, სამოქალაქო რეესტრის სააგენტო, პოლიციის აკადემია, სასაზღვრო პოლიცია) დოკუმენტების აუთენტურობის შესამოწმებელი მოწყობილობებით აღიჭურვა; გაიხსნა დასაქმების საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრები თბილისსა და ბათუმში - სამშობლოში ნებაყოფლობით დაბრუნებული მიგრანტების დასაქმების ხელშეწყობისთვის; ამოქმედდა ნებაყოფლობითი დაბრუნებისა და რეინტეგრაციის პროგრამა ჩეხეთში მყოფი ქართველი არალეგალური მიგრანტებისთვის და ა.შ. აღნიშნულ პროგრამებს კოორდინაციას, ჩეხეთის მთავრობის დაფინანსებით, "მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის" ჩეხეთისა და საქართველოს ოფისები უწევენ.
"მე მახსოვს, ერთ დღეს, ზამთარი იყო და ძალიან ციოდა. მოვიდნენ ჩვენთან, ოფისში ქართველები, გაყინულები და თავშესაფარს ითხოვდნენ ჩვენგან, რომლის მიცემაც ჩვენ არ შეგვეძლო, ამიტომ ამ კატეგორიის მიგრანტებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ნებაყოფლობითი დაბრუნების პროგრამის ამოქმედება," - ამბობს სლადკოვა.
არალეგალი მიგრანტების ნებაყოფლობითი დაბრუნების პროგრამა ჩეხეთის შს სამინისტრომ ოფიციალურად 2007 წლის დეკემბრიდან დაიწყო "მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან" ერთად. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში არალეგალმა მიგრანტმა უნდა გამოთქვას სამშობლოში ნებაყოფლობით დაბრუნების სურვილი და ამის შემდეგ მას ჩეხეთის მთავრობა უნაზღაურებს 500 ევროს და უზრუნველყოფს მის ლეგალურად გამომგზავრებას სამშობლოში.
"ამ პროგრამით, როგორც წესი, 400-500 ადამიანს ვაბრუნებთ ყოველწლიურად სამშობლოში," - ამბობს ლუსი სლადკოვა. მისივე ინფორმაციით, საქართველოში 100-მდე არალეგალი მიგრანტი იქნა ჩეხეთიდან დაბრუნებული.
"მალე მივხვდით, რომ რეინტეგრაციის გარეშე დაბრუნება არაეფექტური იქნებოდა და ამიტომ რეინტეგრაციის კომპონენეტის დაფინანსება მოვითხოვეთ ჩეხეთის შს სამინისტროდან," - ამბობს სლადკოვა. სწორედ ამ რეინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში ამოქმედდა თბილისსა და ბათუმში დასაქმების საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრები, რომლებიც კვალიფიკაციის ამაღლებაში ეხმარებიან დაბრუნებულ მიგრანტებს.
"ამას წინათ ვიყავით საქართველოში ჩასულები და 10-მდე ბენეფიციარს შევხვდით ჩვენს ცენტრებში. მაგალითად, ერთ-ერთი მათგანი პრაღაში მუშაობდა ფეხსაცმელების მაღაზია "ბატა"-ში გამყიდველად, ხოლო როცა თბილისში დაბრუნდა და გაიარა კურსები, დიზაინერად დაიწყო მუშაობა ერთ-ერთ ფირმაში," - ამბობს სლადკოვა.
იმ შემთხვევაში, თუკი არალეგალური მიგრანტი ნებაყოფლობითი დაბრუნების პროგრამაში მიიღებს მონაწილეობს, მოქმედი კანონმდებლობით, მას მომდევნო 6 წლის განმავლობაში ეკრძალება ჩეხეთის ტერიტორიაზე შესვლა.
"ამის მიუხედავად ძალიან ბევრი მოტივაცია შეიძლება ჰქონდეთ აქ მცხოვრებ არალეგალებს ამ პროგრამაში მონაწილეობისთვის: მათ არ შეუძლიათ აქ თავიანთი შრომის ლეგალიზაცია და ხშირად ხდებიან შრომითი ექსპლუატაციის მსხვერპლები," - ამბობს სლადკოვა.
თუმცა, როგორც გავარკვიეთ ჩეხეთში უპრობლემო ცხოვრება არც ლეგალ მიგრანტებს აქვთ, განსაკუთრებით ეკონომიკური კრიზისის შემდეგ, როცა არამხოლოდ მიგრანტებმა, არამედ ადგილობრივმა მოქალაქეებმაც დაკარგეს სამუშაო ადგილები.
ვაჟა მთავრიშვილი პრაღაში უკვე 11 წელია, რაც ცხოვრობს. იგი საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წევრი გახლდათ. 1988 წელს, მან თავის დროზე ილია ჭავჭავაძის მიერ დაფუძნებული "საქართველოს დემოკრატიული პარტია" აღადგინა და დაიწყო პოლიტიკური გაზეთ "თავისუფლების" გამოცემა. ამბობს, რომ თავისი პოლიტიკური აქტივობების გამო სამშობლოში იდევნებოდა და ამიტომ, 1994 წელს საქართველო დატოვა.
"საქართველოდან თურქეთის საკონსულოს წარმომადგენელმა გამომაცილა საზღვრამდე და მერე უკვე ჩემით უნდა გამეკვლია გზა. მეუღლესთან ერთად ვიყავი. მქონდა ძველი მანქანა და 100 დოლარი. ამ მანქანით გავიარე თურქეთი, ბულგარეთი და ბოლოს ჩავედი უნგრეთში, სადაც მოვითხოვე პოლიტიკური თავშესაფარი. მაშინ უნგრეთი ჯერ კიდევ არ იყო ევროკავშირის წევრი ქვეყანა და საშინელი პირობები იყო ბანაკში, რომელსაც ე.წ. კანადელების ბანაკს ეძახდნენ. 4 წელი გავატარეთ იმ ბანაკში. 1998 წელს კი ჩამოვედი ჩეხეთში და მას შემდეგ აქ ვცხოვრობ," - ამბობს ის. მთავრიშვილი ჩეხეთში ქართველთა სათვისტომოს ერთ-ერთი დამაარსებელია. ამბობს, რომ ჩეხეთში მცხოვრები ქართველების უმეტესობა იქ ლეგალურად იმყოფება, თუმცა, მისივე თქმით, არც ლეგალ მიგრანტებს აქვთ იქ ნაკლები პრობლემები: "მაგალითად, აქ არის სავალდებულო სამედიცინო და სოციალური დაზღვევა, რისთვისაც თვეში 1000 კრონია გადასახდელი და ეს საკმაოდ დიდი თანხაა, თუკი არ მუშაობ. მუდმივი სამუშაო კი აქ ძნელად მოიძებნება," - ამბობს ის.
ამ ტიპის პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას ჩეხური არასამთვრობო ორგანიზაციის, "მოქალაქეთა საკონსულტაციო ცენტრის" იურისტი პაველ ჩიჟინსკიც: "სავალდებულო სოციალური დაზღვევისთვის საჭირო თანხის გადახდა ძალიან რთულია უმუშევარი ადამიანისთვის. სახელმწიფო პოლიტიკა უფრო მეტად ლიბერალური უნდა გახდეს მიგრანტებთან მიმართებაში," - ამბობს ის.
ის, რომ ქართველი მიგრანტებისთვის ჩეხეთში დასაქმება და ფულის დაგროვება ჭირს, იმითაც აიხსნება, რომ ჩეხეთი არ შედის იმ 30 ქვეყნის ჩამონათვალში, საიდანაც საქართველოში კერძო პირების მიერ ფულადი გზავნილები ხორციელდება. ეს მაშინ, როცა საქართველოში ინვესტირების კუთხით ჩეხეთს ერთ-ერთი მოწინავე ადგილი უკავია: 2006 წლიდან ჩეხური კომპანია "ენერგო პრო" ქართული ენერგოსადისტრიბუციო ბაზრის 62,5%-ს აკონტროლებს; ქართულ-ჩეხური "ბლოკ ჯორჯია" კი ქართულ სამშენებლო ბაზარზე ერთ-ერთი მონოპოლისტია.
No comments:
Post a Comment