ქუთაისში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმებული მუშახელის უმრავლესობა შრომითი ხელშეკრულებების გარეშე მუშაობს. აღნიშნული ფაქტი უკეთეს შემთხვევაში მუშებისათვის ანაზღაურების გაცემას აფერხებს, ხოლო უარეს შემთხვევაში მუშები ანაზღაურების გარეშე რჩებიან. დასაქმებულთა მიმართ ლმობიერებით არც ქვეყანაში მოქმედი შრომითი კანონმდებლობა გამოირჩევა.
ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე შადრევანისა და ტერიტორიის მოწყობის სამუშაოებს შპს „მშენებელი 2011" ახორციელებს. სამუშაოები გასული წლის ოქტომბერში დაიწყო და ობიექტი მიმდინარე წლის 2 მაისს, ქუთაისობის დღესასწაულისათვის უნდა ჩაბარდეს. სამუშაო ბევრია. შესაბამისად, მუშებიც ნაკისრი ვალდებულების შესრულებით არიან დაკავებული და ძალზე მცირე ნაწილს თუ ახსენდება შრომითი კონტრაქტის მოკითხვა. ერთ-ერთი მუშა ავთო (გვარს არ ვასახელებთ, რედ.), რომელიც ობიექტზე ფილაქნების დაგებით არის დაკავებული, ამბობს, რომ სამუშაო ჯგუფის უფროსმა მისცა. მისი თქმით, შრომითი ხელშეკრულებაც გაფორმებული აქვს. თუმცა თავად არ უნახავს, რადგან ეს უკანასკნელი უფროსთან ინახება. რაც შეეხება ანაზღაურების პირობებს, ის გამომუშავებით გაიცემა (კვადრატული მეტრი ფილაქნის დაგება 6.00 ლარი ღირს). მუშები ანაზღაურებას ყოველი კვირის ან თვის ბოლოს იღებენ, ხოლო ანაზღაურების მოცულობა თითოეული მუშის მონდომებასა და შრომისუნარიანობაზეა დამოკიდებული.
ავთოსაგან განსხვავებით, სამუშაოსა და შრომითი ხელშეკრულებების პირობებზე საუბარი არ ისურვა ამავე ობიექტზე დასაქმებულმა მეორე მუშამ. ამ უკანასკნელმა ჩვენს რესპონდენტს საუბარიც აუკრძალა იმ მიზეზით, რომ „გულახდილობისათვის" უფროსობის მხრიდან უკვე მიიღეს საყვედური. როგორც მისი საუბრისგან ირკვევა, სამუშაო პირობების შესახებ დასაქმებულებს დამსაქმებლებისაგან ინფორმაციის გაცემა აკრძალული აქვთ. დუმილის უფლებას შპს „მშენებელი 2011" -ის წარმომადგენელი ლევან ჭანტურიაც იყენებს. მისი თქმით, დასაქმებულების ანაზღაურების შესახებ ინფორმაცია საიდუმლოა. თუმცა არ ასაბუთებს რატომ წარმოადგენს საიდუმლოებას აღნიშნული ინფორმაცია მაშინ, როდესაც სამუშაოებს სახელმწიფო ბიუჯეტი აფინასებს. პროექტი ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 5 მილიონ ლარს შეადგენს.
„შპს-ს წარმომადგენლის პასუხი ნაწილობრივ არაკანონიერია, რადგან ხელშეკრულებებთან დაკავშირებული ინფორმაცია შეიძლება არ გაასაჯაროვოს, თუმცა შრომითი კონტრაქტის პირობებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული თანხები არ წარმოადგენს საიდუმლოებას", - ამბობს თამარ ფაჩულია
ზემოთხსენებული პირებისაგან განსხვავებით, ქართული შრომითი კანონმდებლობის ხარვეზებსა და დასაქმებულების უუფლებობაზე საუბრობენ უკვე მოტყუებული მუშები. ბესო კუპრაძე და ლევან ჩაგუნავა ქუთაისში, გასულ წელს, აღმაშენებლის გამზირზე ველოგზის მოსაწყობ სამუშაოებზე იყვნენ დასაქმებულნი. 4 თვე იმუშავეს. მუშაობის პროცესში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისა და დამსაქმებლების მხრიდან დაიმედების მიუხედავად, დღემდე კუთვნილ ანაზღაურებას უშედეგოდ ითხოვენ.
„ყველანაირ სამუშაოს ვასრულებდით, ეს იყო „სტიაშკის" დასხმა, ქვაფენილისა თუ მწვანე საფარის დაგება. 24 საათის განმავლობაში გვამუშავებდნენ. 3 კაცს 6100 ლარი გვაქვს ასაღები. როდესაც ვმუშაობდით, ჩვენთან ვიცე-მერი ირაკლი ჯიქია მოვიდა და გვითხრა, რომ ფულს ობიექტის დასრულების შემდეგ ავიღებდით. მაგრამ ასე არ მოხდა. დამსაქმებელი ფირმის, შპს „ელბას" წარმომადგენლები გვეუბნებიან, რომ ქალაქის მერიამ მათ ფული არ გადაურიცხა. ამიტომ ხელფასებს ვერ გვაძლევენ," - ამბობენ მუშები.
ბესო კუპრაძისა და ლევან ჩაგუნავას თქმით, შპს „ელბას" წარმომადგენელმა დავით კიკნაველიძემ შრომითი ხელშეკრულებების გასაფორმებლად პირადობის მოწმობების მიტანა სთხოვა. როგორც მუშებმა მოგვიანებით გაარკვიეს, დამსაქმებელმა ისინი მოატყუა. ხელფასის საკითხის გასარკვევად ქალაქის მერიაში მისულებს უთხრეს, რომ აღნიშნულ სამუშაოზე ისინი გაფორმებული არ იყვნენ.
„მერიაში გვითხრეს, გაფორმებული არ ხართ და ჩვენ ჯიბის ფულს ვერ მოგცემთო. წადით და ვინც მოგიყვანათ, ფულიც იმათ მოთხოვეთო," - ამბობენ მუშები.
შპს „ელბას წარმომადგენელი დავით კიკნაველიძე ამბობს, რომ ისინი უახლოეს პერიოდში შეხვდებიან მუშებს და დაელაპარაკებიან. იმის შესახებ, თუ რატომ არ გაუფორმდათ მუშებს ხელშეკრულებები, კიკნაველიძემ პასუხის გაცემა არ ისურვა.
„ყველაფერი ჩაივლის კარგად. მერიისგან თანხა ჯერ არ მიგვიღია. ახლა მათთან ვმუშაობთ თანხის გადმორიცხვის საკითხის მოწესრიგებაზე. მუშები რასაც ამბობენ, ყველაფრის დაჯერება ხომ არ შეიძლება?," - ამბობს კიკნაველიძე.
ბესო კუპრაძე და ლევან ჩაგუნავა ამ ეტაპზეც ველოგზის მოწყობით არიან დაკავებული. ამჯერად ი. ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე სამუშაოებზე. აღნიშნულ გამზირზე ველობილიკის ერთი ნაწილის მოწყობა დასრულებულია. მუშებისათვის შრომითი კონტრაქტი არც ამჯერად გაუფორმებიათ. მიუხედავად ამისა, გამზირის მოწყობის პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ ხელფასი დაბრკოლების გარეშე აიღეს. იმედოვნებენ, რომ დამსაქმებელი არც ამ ეტაპზე გააწბილებთ.
აღსანიშნავია, რომ შრომითი კონტრაქტებისა და შესაბამისად, ანაზღაურების გარეშე აღმაშენებლის გამზირზე, ველოგზის სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმებული კიდევ 4 პირი დარჩა. მათი პრობლემის შესახებ გაზეთი „ახალი გაზეთი" დაახლოებით 3 თვის წინ წერდა. რამინ ჯალაღანიას ოჯახი და ოჯახის ახლობელი კიდევ ერთი პირი კუთვნილი ანაზღაურების აღებას ვერ ახერხებდნენ. მაშინ, საკითხის მოგვარებას მათ ვიცე-მერი დავით ანდღულაძე დაპირდა. რამინ ჯალაღანიას დედის, ლია მარგალიტაძის თქმით, მისი ოჯახის წევრებმა მხოლოდ თანხის ნახევარი - 600 ლარი აიღეს. ოჯახს დარჩენილი ნაწილის აღების იმედი არ აქვს.
„ვიცე-მერმა დავით ანდღულაძემ დამიბარა და მითხრა, რადგან ზეპირი შეთანხმების საფუძველზე იყვნენ დასაქმებული, თანხის აღების იმედი არ არის, ამიტომ დაწერეთ განცხადება და სადმე დაგასაქმებთო. თუმცა ჩემი ოჯახის წევრებმა ამაზე უარი თქვეს, რადგან ნდობის მომენტი არ არსებობდა. შეიძლებოდა ისევ ემუშავათ და ბოლოს ფული ვერ აეღოთ," -ამბობს ლია მარგალიტაძე.
ქუთაისში სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმებული მუშების მოტყუების „ტრადიცია" ჯერ კიდევ 2008 წლიდან დაიწყო. ქუთაისის ისტორიული უბნის რეაბილიტაციის პირველი ეტაპის სამუშაოებზე დასაქმებულ მუშებს ხელფასი მაშინაც არ მისცეს. მუშებმა მაშინ ხელფასის ალტერნატიული წყარო მოძებნეს. ისინი რეაბილიტაციისთვის განკუთვნილ სამშენებლო მასალებს საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებ ფასში ყიდდნენ.
პრაქტიკა აჩვენებს, რომ დასაქმებულები დამსაქმებლისაგან ჯერ სიტყვიერ შეთანხმებას და შემდეგ სიტყვიერ უარს სჯერდებიან. ისინი სიმართლის პოვნის ალტერნატიულ გზაზე უარს ამბობენ, რადგან ალტერნატიული საშუალებების ძიება გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული.
„ვიფიქრეთ, სასამართლოში გვეჩივლა, თუმცა შემდეგ გადავიფიქრეთ, რადგან სასამართლო დავასა და ადვოკატის აყვანას ფული სჭირდება. ჩვენ იმაზე მეტი დაგვეხარჯებოდა, რაც ასაღები გვაქვს. ვერც ნერვიულობას გადავურჩებოდით," - ამბობს ლია მარგალიტაძე.
ჭავჭავაძის გამზირზე ველობილიკის მოწყობის სამუშაოებზე დასაქმებული ბესო კუპრაძისა და ლევან ჩაგუნავას თქმით, საქმის გამოძიების თხოვნით მათ ძალოვან სტრუქტურებს მიმართეს, თუმცა მათგან უარი მიიღეს.
„რადგან მტკიცებულებები არ გაგვაჩნია, ვერც საქმეს გამოიძიებენ," - ამბობენ მუშები.
დამსაქმებლისა და დასაქმებულს შორის გართულებულ ურთიერთობებზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ქუთაისის ფილიალის ხელმძღვანელი თამარ ფაჩულიაც საუბრობს. მისი თქმით, მოქმედი შრომითი კანონმდებლობა დამსაქმებელს როგორც წერილობითი, ისე ზეპირი შეთანხმების საშუალებას აძლევს. დამსაქმებლის მხრიდან პირობების დარღვევის შემთხვევაში კი დაზარალებული მხოლოდ მუშა რჩება.
„საქმე სასამართლო დავაში რომ გადაიზარდოს, სასამართლო ზეპირ შეთანხმებას ვერც ერთ შემთხვევაში ვერ მიიღებს მტკიცებულებად. ასეთად გამოდგება დოკუმენტი, რომელიც გაფორმდება დამქირავებელსა და დაქირავებულს შორის. შესაძლოა, მუშამ მოწმეთა ჩვენებების მეშვეობით დაამტკიცოს, რომ ის ნამდვილად მუშაობდა აღნიშნულ სამუშაოზე, თუმცა სასამართლო რამდენად გაიზიარებს მას, ეს უკვე მისი გადასაწყვეტია. სამწუხაროდ, გამზადებული რეცეპტი არ არსებობს. ყოველ შემთხვევაში, საქმე სათუოა და მტკიცების ტვირთი დასაქმებულ ადამიანზე მოდის," - ამბობს თამარ ფაჩულია.
ვითარებიდან გამოსავალს იურისტი დასაქმებულისა და დამსაქმებლის მხრიდან თავიანთი უფლებების ცოდნაში ხედავს. თამარ ფაჩულიას თქმით, მუშაობის მსურველმა პირმა ნებისმიერ დაწესებულებაში მისვლისას, იქნება ეს საწარმო თუ ორგანიზაცია, პირველ რიგში სამუშაო კონტრაქტი და ანაზღაურების პირობები უნდა მოიკითხოს. თუმცა, თავის მხრივ, აღნიშნული მოთხოვნები დასაქმების შანსებს კიდევ უფრო ამცირებს. ამიტომ სამუშაოს მაძიებელი დამქირავებლის „კეთილი ნების" იმედზე ყოფნას ამჯობინებს.
ქრისტინა ქარჩხაძე
No comments:
Post a Comment