ქუთაისის საჯარო სკოლებს მეთორმეტეკლასელები ტოვებენ. უკვე ცნობილია, რომ მოსწავლეები გარიცხეს №17, №19 და №37 საჯარო სკოლებიდან. თუმცა, არსებული ინფორმაციით, მეთორმეტეკლასელთა „წმენდა" ქალაქის თითქმის ყველა სკოლაში მიმდინარეობს. გარიცხვას გადარჩენილი მოსწავლეების ნაწილი კი საჯარო სკოლებიდან კერძო სკოლებში ინაცვლებს.
ქუთაისის №37 საჯარო სკოლის დატოვება სკოლის 14 მოსწავლეს მოუხდა. აღნიშნულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში 2 მეთორმეტე კლასია. მიმდინარე წელს ერთი კლასიდან 5 მოსწავლე გარიცხეს, ხოლო მისი პარალელური კლასიდან - 9 მოსწავლე. მოსწავლეების თქმით, მიზეზად მათ გაკვეთილების გაცდენა და შეფასების არქონა დაუსახელეს. მოსწავლეები იმასაც ამბობენ, რომ მასწავლებლები შეფასებებს მიზანმიმართულად არ წერდნენ, რომ მათთვის გამოცდაზე გასვლის საშუალება არ მიეცათ.
დამამთავრებელი კლასის მოსწავლეთა მიმართ განხორციელებული „რეპრესიები" საატესტატო გამოცდებს უკავშირდება. გამოცდები 8 ძირითად საგანში ტარდება. გასულ წელს საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში გამოსაშვები გამოცდები პირველად ჩატარდა. შესაბამისად, მინიმალური კომპეტენციის ზღვარიც დაბალი იყო. მიმდინარე წელს, კი სკოლებში საგამოცდო საკითხების გართულებას პროგნოზირებენ, რის გამოც თავდაცვის მექანიზმებს მიმართავენ. გარდა ამისა, მომავალი გამოცდების ფონზე მასწავლებლები და მოსწავლეები ურთიერთბრალდებებით შემოიფარგლებიან. მოსწავლეების განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ ისინი საატესტატო გამოცდებზე კარგ შედეგს არ აჩვენებენ, საგნის მასწავლებელს შესაძლოა, სკოლიდან წასვლა მოუხდეს.
მასწავლებელთან ერთად სკოლის დირექტორის პასუხისმგებლობის საკითხიც დგება.
№37 სკოლის ერთ-ერთი მოსწავლე გიორგი ბარამია პრეტენზიებს მასწავლებელთა მისამართით გამოთქვამს. მისი თქმით, ამ დრომდე მოსწავლეებს დათვურ სამსახურს უწევდნენ და საგაკვეთილო პროცესში ჩართვას მკაცრად არ თხოვდნენ. ამის გამო, ახლა მათ 11 წლის განმავლობაში აუთვისებელი მასალის ერთ წელში სწავლა უჭირთ.
„აქამდე ისე მოვედი, წიგნი არ გადამიშლია. მაგრამ გაკვეთილებს არ ვაცდენდი და არც დისციპლინას ვარღვევდი. თუ ჩვენი სწავლა უნდოდათ, თავიდანვე მიეღოთ ზომები. ახლა სკოლისა და საკუთარ ავტორიტეტს უფრთხილდებიან და ჩვენზე არავინ ფიქრობს. მე ყოველდღე მირეკავენ სახლში და საბუთების გატანას მოითხოვენ. ხელი უნდა მოვაწერო დოკუმენტს, ვითომ ჩემი ნებით გამაქვს საბუთები. ერთ-ერთმა მასწავლებელმა ისიც მითხრა, სკოლაში რომ იარო, შეფასებას მაინც არ მოგცემ და გამოცდებზე ვერ გახვალო. ჩემმა კლასელმა უკვე მოაწერა ხელი საბუთების გატანის შესახებ, მაგრამ მე ამის გაკეთებას არ ვაპირებ" - ამბობს გიორგი ბარამია.
ბარამიას თქმით, გასულ წელს ატესტატის აღება მოსწავლეებს არ გაჭირვებიათ. როგორც ის ამბობს, მხოლოდ ოთხმა მეთორმეტეკლასელმა ვერ გადალახა ბარიერი, თუმცა ამის გამო პასუხიც არავისთვის მოუთხოვიათ.
„ატესტატი ისეთმა მოსწავლეეებმა აიღეს, წიგნი რომ არ ჰქონდათ გადაშლილი. გასულ წელს დირექტორი ახალი დანიშნული იყო და საყვედურსაც ვერავინ ეტყოდა. მიმდინარე წელს კი მდგომარეობა შეიცვალა. ყველა საკუთარ თავს უფრთხილდება," - ამბობს გიორგი ბარამია.
მოსწავლეთა გარიცხვის ფაქტებთან დაკავშირებით სკოლებში ღიად არავინ საუბრობს. უფრო მეტიც, სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები სიტყვა „გარიცხვას" არ ახსენებენ და საუბარს მიმართულებას უცვლიან.
№37-ე სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მაია კვინიკაძე პასუხისმგებლობის ტვირთს მოსწავლეებსა და მათ მშობლებს აკისრებს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მან სხვა სკოლებისათვის მიმართვა გვირჩია. თავის მხრივ, დირექტორი თავს იმართლებს და ამბობს, რომ სკოლაში მოსვლის დღიდან მოსწავლეთა განათლების დონის ამაღლებაზე ზრუნავს.
„თუ მოსწავლე საატესტატო გამოცდებს ვერ ჩააბარებს, ეს რა თქმა უნდა, ცუდად მოქმედებს სკოლის რეიტინგზე. მეორე მხრივ, მოსწავლეების წასვლით სკოლის ბიუჯეტი მცირდება. მირჩევნია, სახელმწიფომ არ დამაფინანსოს, მაგრამ არც ერთი ასეთი ბავშვი მყავდეს. რაც ამ სკოლაში მოვედი, ვცდილობ, მოსწავლეებს ავუხსნა საქმის ვითარება, თითოეულ მშობელს ვიბარებ და ინდივიდუალურად ვესაუბრები. ეს ბავშვები აქამდე ასე მოვიდნენ და ახლა ვერ ეგუებიან ცვლილებებს," - ამბობს სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მაია კვინიკაძე.
მოსწავლეთა გარიცხვის ფაქტს უარყოფს ქუთაისის №19 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ირმა კლდიაშვილი. მისი თქმით, №19 სკოლაში მსგავსი რამ არ მომხდარა. თუმცა, ამ დროისათვის გაურკვეველია 36 მეთორმეტეკლასელიდან რამდენი შეძლებს საატესტატო გამოცდებზე გასვლას. მათი რიცხვი მიმდინარე წლის მარტში გაირკვევა, როდესაც სკოლაში სადირექციო ტესტირების შედეგებს შეაჯამებენ. ეს უკანასკნელი ყოველი თვის ბოლოს, საატესტატო გამოცდებზე ჩასაბარებელ რვავე საგანში ტარდება.
არსებული ინფორმაციით, მორიგი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომლის მეთორმეტეკლასელთა რიცხვმა კვეცა განიცადა, ქუთაისის №17 საჯარო სკოლაა. დაწესებულებაში არსებული 3 მე-12 კლასიდან ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი კლასი განაგრძობს ფუნქციონირებას, რადგან მოსწავლეების ნაწილი გაირიცხა, ნაწილიც კიდევ კერძო სკოლებში გადავიდა სასწავლებლად. აღნიშნული დაწესებულების ერთ-ერთი მოსწავლის თქმით (მის ვინაობას შეგნებულად არ ვასახელებთ), სკოლის ადმინისტრაციამ საბუთები ისე გააფორმა, თითქოს მოსწავლეებმა სკოლა საკუთარი სურვილის საფუძველზე დატოვეს.
„სინამდვილეში ისინი აიძულეს სკოლიდან წასულიყვნენ," - ამბობს მოსწავლე.
№17 საჯარო სკოლიდან დამამთავრებელი კლასის მოსწავლეთა წმენდის ფაქტს ადასტურებს მშობელი ლალი ქოდუა. მისი თქმით, მოსწავლეებს სკოლის დატოვება გასული წლის დეკემბერში, პირველი სემესტრის დასრულების შემდეგ აიძულეს.
„მოსწავლეებს ისე ესაუბრეს, რომ ვინც არ სწავლობდა, მათი ნაწილი წავიდა. ნაწილი კერძო სკოლაში გადავიდა. მეც იქ წავიყვანე ჩემი შვილი, რადგან მომზადების საშუალება ექნება. რამდენიმე მოსწავლე გამოსაცდელი ვადით დატოვეს, მაგრამ რა უნდა ისწავლონ იმდენი, რომ გამოცდები ჩააბარონ," - ამბობს ლალი ქოდუა.
№17 საჯარო სკოლის დირექტორი ირინე ჯგერენაია ქუთაისის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრისა და განათლების სამინისტროს მხრიდან ნებართვის გარეშე მედიასთან არ ურთიერთობს. თავად სამინისტროს პოზიცია კი ასეთია: „განათლება და მისი დამადასტურებელი ატესტატი აუცილებელია. სკოლის იმიჯი საატესტატო გამოცდებზე ნაჩვენები საერთო სურათით ფასდება. თუ ეს სურათი კარგია, სკოლა წახალისდება. არადამაკმაყოფილებელი სურათის შემთხვევაში კი მის მიმართ სანქციები გატარდება," - ამბობს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ნინო პოდჟერსკაია.
როგორც ცნობილი ხდება, საატესტატო გამოცდებზე გასასვლელად მოსწავლეები კერძო სკოლებშიც გადაირჩევიან. კერძო სკოლა „21-ე საუკუნეს" დირექტორის შორენა ჭელიშვილის თქმით, მათ განათლების სამინისტრო ისეთივე მოთხოვნებს უყენებს, როგორც საჯარო სკოლებს.
„ჩვენთან მიმდინარეობს პროფილური სწავლება. მოსწავლეები ჯგუფებში იმის მიხედვით ერთიანდებიან, ვის რა პროფესია სურს და რომელი საგნები სჭირდება. შეფასებაც მკაცრია. 56 მეთორმეტეკლასელი გვყავს, მაგრამ 6 ვერ გავა გამოცდაზე და ვერც ატესტატს მიიღებს," - ამბობს დირექტორი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში აცხადებენ, რომ თუ მოსწავლეები უმაღლეს სასწავლებელში არ ჩააბარებენ, შეუძლიათ პროფესიის დასაუფლებლად სწავლა პროფესიულ სასწავლებლებში განაგრძონ.
ქრისტინა ქარჩხაძე
No comments:
Post a Comment