ქუთაისის მერია მის მიერვე არჩეული ფირმის წინააღმდეგ გამოდის
რეაბილიტაციიდან 5 თვის შემდეგ, ქუთაისში (ბალახვანში) მდებარე ე.წ „ასსაფეხურიანი კიბეები" კვლავ განახლებას საჭიროებს.
უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო, დაზიანებულია კიბების მოაჯირები და ცენტრალურ ზოლში მდებარე გამწვანების სათავსო. უხარისხო ცემენტისა და საღებავის გამო ჩამოცვენილია ბათქაში. კიბების ნაწილზე შეიმჩნევა ჩამოტეხილი ადგილები.
ბალახვანში მცხოვრებლები აღნიშნავენ, რომ კიბეების მოაჯირის დაზიანება ნალექმაც გამოიწვია. „რამდენიმე თვის წინ გააკეთეს და ახლა თავიდან არის გასაკეთებელი. ფაციფუცით მუშაობდნენ. ყოველი წვიმისას იშლება ბათქაში, არაპროფესიონალების გაკეთებულია. მთავარია, ტელევიზიებმა გადაიღონ გახსნის დღე, დანარჩენს ვინ დაეძებს", - ამბობს ბალახვანში მცხოვრები მაყვალა გიორგაძე.
„ასსაფეხურიან კიბეებს" იერ-სახე, ქუთაისის მერიის დაკვეთით, 2011 წლის ზაფხულში შეეცვალა. კიბეების რეაბილიტაცია შპს „ელბამ" განახორციელა, როგორც ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ. ადგილობრივი ბიუჯეტიდან სამუშაოებზე 150 000 ლარი გამოიყო. თუმცა, ტენდერის შედეგად, „ელბამ" სამუშაოების შესასრულებლად 78 866 ლარი დახარჯა.
როგორც ირკვევა, „ასსაფეხურიან კიბეებთან" მიმართებაში კომპანიის მხრიდან ვალდებულებების შეუსრულებლობა ერთადერთი შემთხვევა არ არის. აღსანიშნავია, რომ „ელბამ", გასულ წელს, ასევე, განახორციელა აღმაშენებლის გამზირზე, გზისპირას განლაგებული შენობა-ნაგებობების მოპირკეთების სამუშაოები, თუმცა, სწორედ შეუსრულებელი ვალდებულებების გამო, შპს „ელბას" ხელმძღვანელი პირები გასულ წელის შემოდგომაზე დაკავეს.
„კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს" ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებულია ინფორმაცია შპს „ელბას" შესახებ. მასში აღნიშნულია, რომ კომპანია „ელბა" 2011 წლის 28 დეკემბერს შავ სიაშა შეყვანილი. (http://procurement.gov.ge/index.php?lang_id = GEO &sec _ id = 14&info_id=552) აქვე მითითებულია შავ სიაში რეგისტრირების მიზეზი: „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შეუსრულებლობა". ასევე, ირკვევა, რომ კომპანიამ სახელფასო დავალიანებები მომუშავე პერსონალს არ გადაუხადა.
„ახალი გაზეთი" შეეცადა დაკავშირებოდა შპს „ელბას" ერთ-ერთ დამფუძნებელს - ვახტანგ ჩერქეზიანს. თუმცა, ტელეფონის ნომერი, რომელიც სააჯარო რესტრის მონაცემთა ბაზაში იყო მითითებული, მას აღარ ეკუთვნის.
„ელბას" ერთ-ერთი წარმომადგენელი დავით კიკნაველიძე უარყოფს ყველა ინფორმაციას, რაც სამუშაოები უხარისხოდ შესრულებას უკავშირდება. ჩვენ მას ტელეფონით დავუკავშირდით, რომელმაც შეკითხვების მოსმენის შემდეგ საუბარი აღარ ისურვა. „თქვენ ჟურნალისტი ხართუ თუ პროკურორი" - გვითხრა დავით კიკნაველიძემ და ტელეფონი გაგვითიშა.
ქუთაისის მერიაში აღიარებენ, რომ შპს „ელბას" მიერ სამუშაოები არაკვალიფიციურად არის შესრულებული. „მოაჯირი უხარისხო ცემენტის გამო არის დაზიანებული, თუმცა საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ. განათება მუშაობს და კიბეებიც წესრიგშია, გარდა მცირე დაზიანებებისა", - აღნიშნა მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა ლევან ჭანჭალეიშვილმა.
ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ შპს „ელბას" დავალინება ქუთაისის მერიის წინაშე ჯამში 130 000 ათასი ლარს აღწევს. „ამ თანხის ამოღება აუცილებლად მოხდება, მანამდე კი „ასსაფეხურიანი კიბეების" ხელახალ რეაბილიტაციას არ ვგეგმავთ. ველოდებით „ელბას" მიერ ვალდებულების შესრულებას," - განმარტავს ლევან ჭანჭალეიშვილი.
წინააღმდეგ შემთხვევაში, ქუთაისის მერია კომპანიის მიმართ დავას სასამართლოში გააგრძელებს.
თეონა ხარაბაძე
No comments:
Post a Comment