18 სექტემბერს, ქუთაისის მეტალურგიული ქარხანა “ჰერკულესიდან” გათავისუფლებული მუშები - მალხაზ გოგიავა, ირაკლი იობიძე და ემელიანე გუმბერიძე საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს. ორი მათგანი პატრულის თანამშრომლებმა ქუთაისში, ფალიაშვილის გამზირზე აიყვანეს, ხოლო ერთი მუშა - ტელმანის ქუჩაზე. დაკავებულებს ძალოვნები ადმინისტრაციულ სამართალდარღევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევას ედავებიან, რაც სახელმწიფო მოხელის კანონიერი განკარგულებისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
დაკავებულთა სასამარლო პროცესი დღეს, 19 სექტემბერს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 14:00 საათისთვის გაიმართა. სასამართლომ ქარხანა “ჰერკულესიდან” გათავისუფლებულ მუშებს განაჩენი დღესვე გამოუტანა. თითოეულ მათგანს 10 დღიანი პატიმრობა მიესაჯა.
საქმის მასლების მიხედვით ირკვევა, რომ პოლიციამ დაკავებულები ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მყოფ პირებად მიიჩნია და შემოწმების გავლა მოსთხოვა, რაზეც “ჰერკულესის” მუშებმა უარი განაცხადეს. ოფიციალურად, სწორედ ეს გახდა აღნიშნული ქარხნის ყოფილი მუშების დაპატიმრების მიზეზი.
მათი სასამართლო პროცესი ადვოკატის მონაწილეობის გარეშე გაიმართა. საქმე ის არის, რომ დაკავებული მუშების ინტერესი “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ქუთაისის ფილიალის ადვოკატს გიორგი ჭიქაბერიძეს უნდა დაეცვა, რომელიც პროცესის დროს სასამართლოს შენობაში იმყოფებოდა, თუმცა, ადვოკატის აყვანაზე უარი თავად დაკავებულებმა განაცხადეს. როგორც “საია”-ს ქუთაისის ფილიალის ხელმძღვანელი თამარ ფაჩულია ამბობს: “დაკავებულ მუშებს სასამრთლო პროცესის გამრთვა ადვოკატის მონაწილეობის გარეშე სურდათ, ამიტომ ჩვენს იურისტს პროცესის გამართვის ზუსტ თარიღსა და დროს არ ატყობინებდნენ”.
პროცესის დაწყების დრო გასაიდუმლოებული იყო მედიის წარმომადგენლებისთვისაც. პროცესის დროს, ადგილზე მხოლოდ “ახალი გაზეთის” ჟურნალისტი იმყოფებოდა. საქალაქო სასამართლოს შენობის შესასვლელში შეკრებილი დაკავებული მუშების ნათესავები ჟურნალისტს სთხოვდნენ, პროცესს არ დასწრებოდა, რადგან ამას შესაძლოა უარყოფითი შედეგები მოეტანა მუშებისთვის. ერთ-ერთი დაკავებულის ირაკლი იობიძის მეგობარი “გვიხსნიდა”, რომ: “არც მე და არც ჩემს მეგობარს არ გვინდა პროცესზე შეხვიდეთ, ამით საქმეს მხოლოდ გააფუჭებთ. ეს “ზემოდან” არის ნაბრძანები. ვიცით, აუცილებად დაწერთ რამეს, რაც ირაკლის და სხვა დაკავებულებს ძალოვნებთან ურთიერთობას კიდევ უფრო გაუფუჭებს”.
პროცესი დაახლოებით ნახევარი საათი გაგრძელდა, რომლის დასრულბის შემდეგ, ერთ-ერთი დაკავებული მუშის - ემელიანე გუმბერიძის თქმით: “იძულებულნი ვიყავით დანაშაული გვეღიარებინა. სხვაგვარად არ შეიძლებოდა”. დაკავებული მუშები ქუთაისის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.
შეგახსენებთ, რომ “ჰერკულესის” მუშებმა სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და ხელფასის დროულად გაცემის მოთხოვნით გაფიცვა მიმდინარე წლის 13 სექტემბერს დაიწყეს. გაფიცვაში 100-მდე მუშა მონაწილეობდა. 15 სექტემბერს პოლიციამ ისინი დაშალა, რომელთაგან 15 მუშა დააკავა. დაკავებული მეტალურგები ხელწერილების საფუძველზე გაათავისუფლეს, რომლის თანახმად, მათ გაფიცვებში მონაწილეობა აღარ უნდა მიეღოთ. გაერთიანებული პროფკავშირების განცხადებით, 18 სექტემბერს სამი მეტალურგის დაკავება პროფკავშირებთან გაფიცვის დაშლის (15 სექტემბერი) თაობაზე მათ აქტიურ თანამშრომლობას უკავშირდება სასამართლო სარჩელის მომზადების საკითხებში. პროფკავშირების ინფორმაციით, დღეს ისინი თბილისში უნდა ჩასულიყვნენ, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს უნდა შეხვედროდნენ.
ქრისტინა ქარჩხაძე
No comments:
Post a Comment