შაკიების სამეფო გვარის წარმომადგენელი სიდჰარტა გაუტამა, ანუ იგივე მომავალი ბუდა თავისი უფლისწულობის ხანაში ისე იზრდებოდა, რომ არ იცოდა რა იყო სიღარიბე, სიბერე, ავადმყოფობა, სევდა, დარდი. მამა შუდხოდანამ ყველანაირად იზრუნა, რომ მის შვილს ცხოვრების მძიმე, შავი მხარეები, ტანჯვა და განსაცდელები არ ეხილა, მათზე წარმოდგენაც არ ჰქონოდა. უნდოდა მის ძეს სამყარო ნათელი, უღრუბლო, ბედნიერი, მარტივი და უპრობლემო ჰგონებოდა. შუდხოდანას ტაქტიკამ გარკვეული პერიოდის განმავლობაში გაამართლა. სიდჰარტამ მართლაც არ იცოდა სამყაროში არსებული განსაცდელების შესახებ. თუმცა მისი ბოლომდე იზოლაცია მაინც არ მოხერხდა: ბოლოსდაბოლოს მან პირველად ნახა მოხუცი და დაწყლულებული ადამიანი, რამაც მთელი მისი ცხოვრება შეცვალა.
არ ვიცი, მიხეილ სააკაშვილს რა დამოკიდებულება აქვს ბუდასთან, თუმცა, როგორც ჩანს, ცხოვრების უმეცარი გაუტამა მეტად იზიდავს, ვიდრე მოძღვრად და ღმერთად ჩამოყალიბებული ბუდჰა (ბუდჰა - „გასხივოსნებული"). უფრო მეტიც, საფიქრელია, რომ პრეზიდენტს ბუდას მამა განსაკუთრებით უნდა ხიბლავდეს, ვიდრე მისი სახელოვანი შვილი. ისეთი მამა, რომელიც შვილს რეალობას და სინამდვილეს უმალავდა.
ამ არჩევანში საქართველოს პრეზიდენტი მარტო არ არის. ბუდას მამით მოხიბლულია პრეზიდენტის გარემოცვა და პოლიტიკური ელიტა. იგი შუდხოდანასავით იქცევა, დამალობანას ეთამაშება სინამდვილეს. შესაბამისად, მთლიანად პილიტიკაც ამ გემოვნებაზე, შუდხოდანას სურვილებზე, შიშებსა და ვნებებზეა აწყობილი.
ბუდას მამის შეხედულებებით მოქმედებს მედიაც, გულმოდგინედ მალავს, არ ცნობს რეალობას, გასაჭირს, პრობლემებს. შუდხოდანას სამყაროში ადგილი არა აქვს სიბერეს, წარმავალს, დროებითს.
არც საქართველოში ცნობენ მაინცადამაინც ასაკს, სიბერეს, ეს წარმავლობაზე მიანიშნებდათ, ძალაუფლების დროებითობასაც გაუსვამდა ხაზს. ამიტომ სულ უფრო მცირდება ჩინოსნების ასაკი სახელისუფლო წრეში, ამით თითქოს დროს აჩერებენ, დროს ატყუებენ. მარადიულად ამ ვითარებაში, ამ პოსტებზე, ამ მდგომარეობაში ყოფნის ილუზიას იქმნიან.
ილუზიებით დროს აჩერებენ სხვაგანაც.
არ ცნობენ (გარდა არჩევნებისა) და არსად იღებენ მოხუცებს, ამიტომ არსად არ უნდათ ასაკოვანი ადამიანის აყვანა სამსახურში. სიბერე მათ იდილიას და წარმოდგენებს უპრობლემო ქვეყანაზე, უღრუბლო მომავალზე, დაარღვევდა. არ ჭირდებათ ავადმყოფები, ისინი ხამოთხის განცდას შელახავდნენ. მოხუცები და ავადმყოფები თუ მაინცადამაინც შეიძლება შოუს სახით წარმოადგინონ, როგორც სანახაობის ნაწილი რეიტინგულ გადაცემებში.
სამოთხეებად გვევლინებიან მუსიკალურ კლიპებში ქალაქები: ბათუმი, სიღნაღი, ქუთაისი. არცერთ ამ კლიპში არ ჩანს ძველი შენობები, არსად არ ჩანს პრობლემა, არ ჩანან ასაკოვანი ადამიანები. მხოლოდ ახალგაზრდები.
ეს შუდჰოდანას „სტილია" ხელოვნებაშიც დამკვიდრებული, რომელიც მოწონებულია ხელისუფლების მიერ. ამიტომ განსაკუთრებული გაღიზიანებით მოიხსენიებენ ყველა „ანტიშუდჰოდისტს". ყველა იმ კრიტიკოსს, ვინც რეალური სამყაროს, არსებული ანტი თუ სუბკულტურის დანახვას და სხვისთვის დანახვებას ცდილობს. ასეთი შეიძლება საჯაროდ შეაჩვენონ. თანაც არც მეტი, არც ნაკლები, თვით საქართველოს პრეზიდენტმა.
მოკლედ, ერთია როცა გიმალავენ და მეორეა, როცა - თავად ემალები. ამიტომ, ასეთი დამოკიდებულებით რეალობის დანახვაზე ბუდასმაგვარ გაბრწყინებებს და გასხივოსნებებს არ უნდა ველოდოთ.
სიდჰარტა გაუტამა ბუდად, ანუ გასხივოსნებულად მაშინ იქცა, როცა რეალობას თვალი გაუსწორა.
რეალობის დანახვას შეიძლება გასხივოსნება მოყვეს. მაგრამ დღევანდელი „დამალობანას" პირობებში გასხივოსნებას (იგივე „იბერიის გაბრწყინებას") კიდევ დიდხანს დააგვიანდება.
No comments:
Post a Comment