„სამარტოო საკანში გადაყვანის ნაცვლად, პატიმართა უმეტესობა ჯერ დაწესებულების ე.წ. „ბოქსში" გადაჰყავთ. „ბოქსი" წარმოადგენს 2-3 კვ. მ. ფართის მქონე საკანს, სადაც არ არის არც მაგიდა, არც სკამი, არც საწოლი და სადაც დასჯილ პატიმრებს ათავსებენ ფეხშიშველა, საცვლების ამარა, 3-დან 24 საათამდე," - ნათქვამია სახალხო დამცველის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.
ომბუდსმენის აპარატის დასკვნის მიხედვით, დისციპლინური პასუხისგებაში მყოფი პატიმრების ე.წ. „ბოქსში" მოთავსების პრაქტიკა ქუთაისის №2 დაწესებულებაში არსებობს. ეს უკანასკნელი პატიმართა დახურული, თავისუფლების აღკვეთის შერეული ტიპის დაწესებულებას მიეკუთვნება, სადაც სხვადასხვა საკანში განთავსებულ პატიმრებს ერთმანეთთან არანაირი კონტაქტი არ აქვთ. გარდა ამისა, რთული მდგომარეობაა დაწესებულების კარანტინშიც. კარანტინში მყოფი პატიმრები ვერ სარგებლობენ გასეირნების უფლებით.
„პატიმრების თქმით, კარის ყოველი გახმაურების დროს მათ აიძულებენ თავზე ხელებდაწყობილები დადგნენ ფანჯრისკენ სახით. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ვინმემ ვერ მოასწრო საწოლის მეორე სართულიდან დროულად ჩამოსვლა და ადმინისტრაციის მიერ მითითებულ მდგომარეობაში დადგომა, მთელი საკანი ისჯება. ჩვეულებრივი ამბავია, კარანტინის საკნიდან შემოწმებაზე გამოსვლისას ციხის თანამშრომლების მხრიდან მუცელში ან გვერდებში იდაყვების ჩარტყმა," - ნათქვამია მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით გაკეთებულ დასკვნაში.
პატიმრების მიმართ ზედამხედველთა არაკეთილგანწყობაზე მათი ოჯახის წევრებიც მიუთითებენ. ქუთაისის №2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შეკრებილი პატიმართა ახლობლები საკუთარი რიგის მოლოდინში ციხის დაუწერელ კანონებზე საუბრობენ. თუმცა თამამად საუბარი უჭირთ. ამის გაკეთებას ციხის ტერიტორიის მიღმა და ანონიმურობის გარანტიის პირობით ახერხებენ. ერთ-ერთი ქალბატონი, რომელიც დაწესებულებაში შვილის სანახავად მივიდა, ამბობს, რომ იქ არსებული გაუსაძლისი პირობების გავლენით საკუთარი შვილის ცნობა უჭირს.
„ღმერთმა ნუ მოგიყვანოს აქ შვილო. შიგნით რომ შევდივარ, უკან გამობრუნებულს ვერავინ დამელაპარაკება. ადამიანს არ ვგავარ. ჩემმა შვილმა მერიის თანამშრომელი სცემა, საქმე ხულიგნობის მუხლით აღძრეს და 19 წლის ბიჭს 16 წელიწადი და 6 თვე მისცეს. „კრიტში" ჰყავთ ჩასმული, სადაც პატიმრებს ჰაერი ენატრებათ. შვილი სრულიად ჯანმრთელი მყავდა, თვალს არ აკლდა და ყურს. ახლა ერთიც სჭირს, მეორეც და ვენები აქვს დაგლეჯილი," - ამბობს ერთ-ერთი პატიმრის მშობელი.
მეორე ქალბატონი, რომელიც ციხეში არსებულ პირობებს პატიმრების სიცოცხლესთან შეუთავსებლად მიჩნევს, ამბობს, რომ ჰაერის ნაკლებობისაგან ყველა პატიმარს სახეზე ყვითელი ფერი ადევს და ავადმყოფებს ჰგვანან. ქალბატონი არც იმას მალავს, რომ პატიმრებისთვის გასეირნებისა და სამედიცინო დახმარების უფლებით სარგებლობა შეზღუდულია.
„ჩემს მეუღლეს ავტოსაგზაო შემთხვევა მოუვიდა, რის შედეგად ადამიანი დაიღუპა. ციხეში პატიმრის სანახავად მისვლის სურვილი დაგეკარგება. ყველანი ჭლექიანებს
ჰგვანან. სუფთა ჰაერის ჩაყლაპვის უფლება მათ არ აქვთ. ამბობენ, გასეირნებისთვის რომ დროს გვაძლევენ, ის თასმების შეკვრისთვის გვჭირდებაო. ციხეში სამედიცინო პუნქტი კი აქვთ, მაგრამ რად გინდა. მუცლის, თავის და გულის ტკივილზე პატიმარს ერთი და იგივე წამალი უნდა მისცე? ექიმის შეყვანის უფლებას კი არ გვაძლევენ,"- ამბობს ერთ-ერთი პატიმრის მეუღლე.
როგორც ირკვევა, აკრძალვა არ ვრცელდება ამანათების შეგზავნაზე. პატიმართა ახლობლების თქმით, ამანათების შეგზავნა ნებისმიერ დროს შეიძლება, თუ ოჯახს ამის ფინანსური შესაძლებლობა აქვს. ერთ ჯერზე ამანათის შეგზავნა კი ოჯახის წევრებს 100 ლარზე მეტი უჯდებათ. პატიმართა ახლობლები ყველაზე მეტად დაკავებული ოჯახის წევრების უსაფრთხოებაზე ღელავენ, ქართულ მართლმსაჯულებას არ ენდობიან და ციხეში არსებული ვითარების გამოსწორებას ითხოვენ.
ქუთაისის №2 სასჯელაღსრულებითი დაწესებულებისაგან განსხვავებით, „გაუმართლა" გეგუთის №14 ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებას, რომლის მიმართ სახალხო დამცველის აპარატის დაკვნა შედარებით მსუბუქია. როგორც ირკვევა, აღნიშნულ დაწესებულებაში გასულ წლებთან შედარებით პატიმართა მოპყრობის კუთხით არსებული ვითარება გაუმჯობესდა. კოლონიის დირექტორი და ადმინისტრაცია პატიმრებთან რეგულარული კონტაქტის დამყარებასა და არსებული პრობლემების მოგვარებას ცდილობს. აღნიშნულ დაწესებულებაში სამარტოო საკანში განთავსებულ პატიმრებს საშუალება აქვთ ისარგებლონ შხაპით, ყოველდღიური გასეირნების უფლებით, იქონიონ ჰიგიენური ნივთები. გარდა ამისა, მათ ძილის წინ ეძლევათ ლეიბები და გადასაფარებლები.
„ამ ეტაპზე გეგუთის კოლონიაში მოთავსებული პატიმრების სურვილს წარმოადგენს სატელეფონო აპარატების დამატება და დაწებულების ე.წ. „ბარაკების" ნაწილში საფეხბურთო სტადიონის აშენება," - ნათქვამია ციხეების მონიტორინგის ანგარიშში.
იმერეთის რეგიონში არსებული მესამე სასჯელაღსრულებითი დაწესებულება, რომელშიც სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები მონიტორინგის მიზნით შევიდნენ, ხონში მდებარეობს. ომბუდსმენის ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ცნობილი ხდება, რომ №13 სასჯელაღსრულების დაწესებულების ლიკვიდირების ბრძანება სახალხო დამცველის მიერ არაერთხელ გაიცა. ამ ეტაპზე დაწესებულებაში 73 მსჯავრდებულია, რომლებიც ციხის თანანმშრომელთა მხრიდან უხეშად მოპყრობის ფაქტებზე საუბრობენ.
სახალხო დამცველის აპარატის მიერ ციხეების მონიტორინგის შედეგებსა და პატიმართა ახლობლების მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს სრულიად ეთანხმება „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ქუთაისის ფილიალის ადვოკატი რეზო თოფურია. ადვოკატის თქმით, მას აქტიური კონტაქტი აქვს ქუთაისისა და გეგუთის დაწესებულებებში განთავსებულ მისი დაცვის ქვეშ მყოფ მსჯავრდებულებთან.
„მთავარი პრობლემა, რასაც პატიმრები უჩივიან, ციხეებისა და საკნების გადატვირთულობაა. არის სიტუაციები, როცა 6 კაციან საგანში 12 კაცი ზის. რაც შეეხება სამარტოო საკნებს, პატიმრებს იქ იმ შემთხვევაში ათავსებენ, თუ ზედამხედველს სიტყვიერ შეურაცხყოფას მიაყენებენ. რაოდენ სასაცილოც არ უნდა იყოს, გვქონდა ასეთი შემთხვევა, როცა პატიმრებმა მტრედი მიიჩვიეს, გაასუქეს, შემდეგ დაიჭირეს, გაპუტეს და შეწვას უპირებდნენ, რისთვისაც ადმინისტრაციამ მათი კარცერში ჩასმის გადაწყვეტილება მიიღო," - ამბობს რეზო თოფურია.
ადვოკატის ინფორმაციით, პატიმრები მასთან შეხვედრისას მაქსიმალურად ერიდებიან ციხის შიდა სამზარეულოსა და იქ არსებულ ვითარებაზე საუბარს. როგორც ადვოკატი ამბობს, მისი დაცვის ქვეშ მყოფთა ოჯახის წევრები არ მალავენ, რომ პატიმრებს ცემის ნიშნები აღენიშნებათ, თუმცა თავად მსჯავრდებულები ცემის ფაქტებს უარყოფენ.
„პრაქტიკაში მქონდა ასეთი შემთხვევა, როცა წუწუნის გამო პატიმარი დაისაჯა. მსჯავრდებულის ნათქვამზე დაყრდნობით, ადვოკატმა უნდა მოახდინოს რეაგირება. რეაგირების შედეგებს პატიმრები უფრთხიან და კონტაქტსაც ამავე მიზეზით ერიდებიან. ისინი არც წყენას და არც კეთილგანწყობას გამოთქვამენ ციხის ადმინისტრაციასთან შესაძლო გართულებების თავიდან აცილების მიზნით. პატიმართა ნაწილი დუმილს ირჩევს, რადგან ციხის ხელმძღვანელისა და თანამშრომელთა მხრიდან მორალური და ფსიქოლოგიური ზეწოლის განხორციელების ეშინიათ," - ამბობს ადვოკატი.
„რამე ცუდი რომ თქვან, გარეთ მკვდარს გამოგვიყვანენ, ამიტომ დუმილს არჩევენ. ციხეში არსებულ პირობებთან დაკავშირებით პატიმრებთან საუბარს ჩვენც ვერიდებით, რადგან ირგვლივ ყველგან კამერებია დამონტაჟებული და ყველაფერი ისმინება," - ამბობენ პატიმართა ახლობლები.
No comments:
Post a Comment