გარემოზე ზემოქმედების გაუთვლელი შედეგები
ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურების კასკადის გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი (გ.ზ.შ.) 2008 წელს, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ENCON environmental Consultancy Co - ექსპერტების მონაწილეობით (თურქეთი) მომზადდა. საქართველოს მხრიდან საკონსულტაციო ფირმას, ნამახვანის კასკადის გ.ზ.შ. და განსახლების სამოქმედო გეგმის შემუშავებაში ეხმარებოდნენ გეო-ინფორმაციული სისტემისა (გის) და დისტანციური ზონდირების საკონსულტანციო ცენტრები.
ასოციაცია „მწვანე ალტერნატივისა" და არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანეთა მოძრაობის" მტკიცებით, ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში არაკვალიფიციურად არის შედგენილი.
გსზშ დოკუმენტის თანახმად: „პროექტი მოიცავს შედარებით პატარა რეზერვუარებს საერთო ზედაპირული ფართობით 7 კმ2, და ამიტომ ის არ გამოიწვევს რეგიონის კლიმატური პირობების მნიშვენელოვან შეცვლას";
ექსპერთა განმარტებით კი, გსზშ ანგარიშში არ არის შეფასებული ერთის მხრივ, კლიმატის ცვლილების ზეგავლენა და მეორეს მხრივ, რა რაოდენობით მეთანი გამოიყოფა ნამახვანის ჰესების კასკადზე. კლიმატის ცვლილებას შეიძლება ჰქონდეს უარყოფითი ზეგავლენა ელექტროენერგიის გამომუშავებაზე ჰიდროლოგიური ბალანსის ცვლილების გამო, ხოლო არასწორმა გათვლებმა შეიძლება შემდგომში აუნაზღაურებელი ზიანი მიაყენოს გარემოსა და მოსახლეობას.
X X X
საქართველო მდებარეობს სეისმურად მაღალაქტიურ ზონაში. გსზშ ანგარიშში ხაზგასმულია, რომ პროექტი იქნება სეისმურად უსაფრთხო, რათა გაუძლოს ძლიერ მიწისძვრას. დანართებში დაზუსტებულია, რომ ჟონეთისა და ნამახვანის ინფრასტრუქტურამ უნდა გაუძლოს 7-ბალიან მიწისძვრას, ხოლო ტვიშის ჰესმა - 8-ბალიან მიწისძვრას. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ M!7-ის ან მეტი სიმძლავრის მიწისძვრა რეგიონში მოსალოდნელი არ არის 2350 წლამდე, ვინაიდან ძლიერი სეისმური მოვლენების განმეორების პერიოდი საქართველოში 1000-10 000 წელს შეადგენს.
გარემოსდამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები კი აღნიშნავენ, რომ 7 ბალზე ნაკლები სიმძლავრის მიწისძვრებსაც შეიძლება ჰქონდეს მნიშვნელოვანი ზემოქმედება ჰესების კასკადის მიმდებარე ტერიტორიაზე, გააძლიეროს ეროზიული და მეწყერული პროცესები და საფრთხე შეუქმნას ჰესების ოპერირებას; ადგილი ექნება ნამახვანის ქვედა დინებაში ეროზიული პროცესების გაძლიერებას და საბოლოო ჯამში, გაიზრდება სედიმენტების (ნალექების) დაგროვება წყალსაცავებში - ეს კი, საკმაოდ პრობლემურია.
გსზშ ანგარიშის თანახმად, ექსპლუატაციიდან 5 წელიწადში ტვიშის რეზერვუარი 92%-ით აივსება, ხოლო ნამახვანის - 80%-ით (25 წლის შემდეგ). ნალექების დაგროვების თავიდან ასაცილებლად, ანგარიშში შემოთავაზებულია შემდეგი ღონისძიება - რეზერვუარებიდან სედიმენტების მდინარეში დაცლა რეგულარულად, თუმცა როგორ და რა სიხშირით განხორციელდება ეს ღონისძიება - არ არის ახსნილი.X X X
კიდევ ერთი საკითხი, რაც კვლევაში უგულვებელყოფილია, ადამიანთა ჯანმრთელობას შეეხება. ანგარიშში მშენებლობის და არც ექსპლუატაციის ეტაპზე არ არის შეფასებული ზემოქმედება ადამიანთა ჯანმრთელობაზე. მიუხედავად იმისა, რომ ჯანმრთელობის პრობლემები (მათ შორის, გადამდები დაავადებების შემოტანა/ცვლილებები, სასუნთქი გზების მწვავე ინფექციები, იმუნოდეფიციტის ვირუსი და სქესობრივი გზით გადამდები სხვა დაავადებები) ვლინდება როგორც მშენებლობის, ისე ექსპლუატაციის დროს.
კაშხლების მსოფლიო კომისიისათვის 2000 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მომზადებული ანგარიში მოითხოვს ჯანმრთელობაზე ზემოქმედების სრული შეფასების ჩატარებას დიდი კაშხლების პროექტების მომზადებისას. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ: "ჯანმრთელობა უნდა განიხილებოდეს როგორც ფიზიკური, მენტალური და სოციალური კეთილდღეობის მდგომარეობა და არა უბრალოდ დაავადებებისა და ავადმყოფობის არარსებობა. ამასთან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია დიდი კაშხლების ჯანმრთელობაზე ზემოქმედების ძირითად გამოვლინებად ასახელებს გადამდებ (ინფექციური, წყლით გადამდები, სქესობრივი გზით გადამდები, ზოონოსები და სხვა პარაზიტები) და არაგადამდებ (მოწამვლა მინერალებით, ტოქსინებით, ინდუსტრიული ნარჩენები, დაშავება და საკვების ნაკლებობა, სისხლ-ძარღვთა და ძვალ-სახსროვანი დაავადებები, ასევე ფსიქოლოგიური აშლილობები და სხვა) დაავადებებს. შესაბამისად, ორგანიზაცია მოითხოვს ჯანმრთელობაზე ზეგავლენის საფუძვლიან შესწავლას და მის ინტეგრირებას გარემოსდაცვით და სოციალური შეფასებებში დიდი კაშხლების მშენებლობისას.
X X X
გსზშ ანგარიშის თანახმად, პროექტის ზემოქმედების ქვეშ ექცევა 924.4 ჰა ფართობის ტერიტორია. აქედან 300 ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწებია, ხოლო დაახლოებით 261. 44 ჰა - ტყეები. მართალია, გსზშ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ბიომრავალფეროვნების მხრივ ეს არ არის მნიშვნელოვანი ტერიტორია, ამავდროულად, ეს მტკიცება ეწინააღმდეგება დოკუმენტის სხვა ნაწილებს, სადაც აღნიშნულია, რომ აქ გავრცელებულია როგორც ფლორის, ისე ფაუნის საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილი, ენდემური და რელიქტური სახეობები.
აღსანიშნავია ისიც, რომ ხვამლის ნაკრძალის საზღვარი მდებარეობს ტვიშის კაშხლის ღერძიდან დასავლეთით სულ რაღაც 100 მეტრში. ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის მიერ შემოთავაზებული სარეზერვო ტერიტორიიდან იტბორება ხვამლის მიმდებარე რამოდენიმე სატყეო კვარტალი.
გსზშ ანგარიშის ავტორები კი ირწმუნებიან, რომ ხვამლის აღკვეთილი და სხვა დაცული ტერიტორიები არ ხვდებიან ჰიდროელექტროსადგურების კასკადის პროექტის ზემოქმედების არეალში. მიუხედავად ამისა, გსზშ დოკუმენტში რ არის შესწავლილი კასკადის ზემოქმედება კარსტულ მღვიმეებზე და არ არის წარმოდგენილი შესაბამისი შემარბილებელი ღონისძიებები.
„საქართველოს მწვანეთა მოძრაობა"-ში აცხადებენ, რომ დიდი წყალსაცავების ხელოვნურად შექმნა რეგიონში კლიმატის ცვლილების მაღალ რისკს ქმნის: „სრულიად არ არის განხილული, თუ რა ზემოქმედებას მოახდენს საპროექტო კასკადების მშენებლობა მდ. რიონის ქვემო ბიეფში (მდინარის ქვემო წელში) განლაგებულ გუმათჰესზე, ვარციხეჰესზე და რიონჰესზე. რაც მთავარია ქ. ფოთის სანაპირო ზოლზე და რამსარის კონვენციით დაცულ კოლხეთის ეროვნულ პარკზე".
ქვეყნის მოქმედი კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „ყველა ვალდებულია გაუფრთხილდეს ბუნებრივ და კულტურულ გარემოს". ჯერ კიდევ 2000 წელს კაშხლების მსოფლიო კომისიამ გამოაქვეყნა ანალიზი, სადაც ნათლად ჩანს, რომ გიგანტური ჰიდროელექტროსადგურები არ განეკუთვნებიან მდგრადი და ალტერნატიულ ენერგეტიკის წყაროებს და როგორც წესი, შემდგომში, ასეთი ტიპის ჰიდროელექტროსადგურების ექსპლუატაციით მიღებული ეკონომიკური სარგებელი ბევრად ნაკლებია იმ სოციალურ, დემოგრაფიულ და ეკოლოგიურ ზარალზე, რომელსაც ქვეყანა იღებს ასეთი პროექტების განხორციელებიდან.მოთხოვნები
რამდენად რეალურად მოხდება გარემოსდამცველი ორგანიზაციების მიერ გაკეთებული შენიშვნების გათვალისწინება ინვესტორის მხრიდან, ამ დროისთვის უცნობია. „იმისათვის, რომ დავრწმუნდეთ, გაითვალისწინეს თუ არა შენიშვნები, ჩვენთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს საბოლოო ანგარიში. არსებობს ვარაუდი, რომ საბოლოო ანგარიში არ გახდება საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი და არც საზოგადოებრივი კონსულტაციები ჩატარდება მის განსახილველად," - ამბობს ასოციაცია „მწვანე ალტერნატივას" ანალიტიკოსი, ქეთი გუჯარაიძე.
აღსანიშნავია, რომ, „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ" კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ინვესტორს, საბოლოო ანგარიშის მოსამზადებლად, თითქმის ერთწლიანი ვადა აქვს დარჩენილი.
მანამდე კი, ზემოთაღნიშნული საფრთხის არსებობის გამო ასოციაცია „მწვანე ალტერნატივამ" მოამზადა სპეციალური განცხადება (რომელსაც მხარი დაუჭირეს სხვა ორგანიზაციებმა და ცალკეულმა პირებმა), სადაც ჩამოყალიბებულია მთელი რიგი მოთხოვნები. მათ შორის: „სრულფასოვნად, ყველა გარემოსდაცვითი, სოციალური და ეკონომიკური ასპექტის გათვალისწინებით იქნეს შესწავლილი და დასაბუთებული ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტის განხორციელების საჭიროება; გამოქვეყნდეს ნამახვანის ჰესების კასკადის საპროექტო დოკუმენტაციის საბოლოო ვერსია განსახლების სამოქმედო გეგმასთან ერთად; საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გამოყენებით, დაიწყოს რეალური და არა პროფანაციული საჯარო კონსულტაციები".
არასამთავრობო ორგანიზაციები კიდევ ერთ მოთხოვნას საერთაშორისო ინსტიტუტებს უყენებენ, კერძოდ: „საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა გამოაცხადონ მორატორიუმი საქართველოში დიდი კაშხალების მშენებლობის, მათ შორის ნამახვანის ჰესების კასკადის დაფინანსებაზე, მანამ, სანამ საზოგადოების ფართო მონაწილეობით არ შემუშავდება საქართველოს ენერგო-სექტორის განვითარების სახელმწიფო სტრატეგია".
ენერგოპოლიტიკა ურთიერთსაწინააღმდეგო გათვლებით
საქართველოს მთავრობამ კი ენერგო სექტორის განვითარებაზე ფიქრი 2008 წლიდან სწორედ დიდი ჰესების მშენებლობის პროპაგანდით დაიწყო. მთავრობის დადგენილებით დამტკიცებულია სახელმწიფო პროგრამა - „განახლებადი ენერგია - 2008", რომელშიც წარმოდგენილია საქართველოში პოტენციური ასაშენებელი ჰიდროელექტროსადგურების სია და გაწერილია წესები და პროცედურები მათი მშენებლობისათვის. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ამჟამად უცხოელ ინვესტორებთან გაფორმებულია დაახლოებით 3 მილიარდი დოლარის ოდენობის ინვესტიციის ურთიერთგაგების მემორანდუმი, დაახლოებით 2000 მეგავატი დადგმული სიმძლავრეების მშენებლობაზე (სამინისტროს ვებ-გვერდზე წარმოდგენილია 30 დიდი და საშუალო სიმძლავრის ჰესის ჩამონათვალი). სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები არა მარტო ნამახვანის კასკადისა, არამედ ხუდონ-ჰესის (დადგმული სიმძლავრე 650 მეგავატი) მშენებლობისათვის. გარდა 30 დიდი და საშუალო სიმძლავრის ჰეს-ისა, საქართველოს მთავრობა ცდილობს მოიძიოს ინვესტიცია 50-მდე მცირე და საშუალო სიმძლავრის ჰეს-ის მშენებლობისთვის საქართველოში, რომელთა საერთო დადგმული სიმძლავრე 1000 მეგავატს აღემატება.
განსაზღვრულია ელექტროსადგურების მშენებლობის, ოპერირებისა და ფლობის პირობებიც. სახელმწიფოსა და დაინტერესებულ ინვესტორს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი ფორმდება. მემორანდუმი 10 წლის განმავლობაში მოქმედებს. 10 წლის შემდეგ, ინვესტორი ჰესს სახელმწიფოს უბრუნებს.
სამინისტროს ინფორმაციით, სამი დიდი პროექტი: ხუდონის ჰესი, ნამახვანის ჰესების კასკადი და ონის ჰესების კასკადი, რომელთა დადგმული სიმძლავრე ჯამში 1,500მგვტ-ია, მზად არის ტენდერზე გასატანად.
ენერგეტიკის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ 2007 წლიდან საქართველო ელექტროენერგიის ექსპორტიორი ქვეყანაა. ნამახვანის კასკადი ქვეყანას დამატებით 450 მგვტ სიმძლავრეს შემატებს, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის განვითარებას.
„ჩვენ ვერ გავხდებით ელექტროენერგიის ექსპორტიორები, რადგან ყველა ხელშეკრულებაში ჩადებულია პირობა, რომ ეს კომპანიები გაყიდიან ელექტროენერგიას და არა - საქართველო. ელექტროენერგიას ისინი გაიტანენ გარკვეული პერიოდის განმავლობაში. არის პროგნოზი, რომ შეიძლება გამომუშავებული ელექტროენერგია თურქეთში გავიტანოთ, ან გავყიდოთ ევროპაში იმავე თურქეთის მეშვეობით. რა გამოდის? - სხვა კომპანიებს ვაშენებინებთ ჰესებს ჩვენს ტერიტორიაზე, ვიღებთ სერიოზულ ეკოლოგიურ ზიანს," - ამბობენ „მწვანეთა მოძრაობაში".
აღსანიშნავია, ისიც, რომ ხელშეკრულების თანახმად, საქართველოს ენერგორესურსით წარმოებული ელექტროენერგია 20 წლის განმავლობაში ინვესტორი კომპანიების საკუთრება იქნება.
არსამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები მიიჩნევენ, რომ გიგანტური კასკადების დაფინანსების შემთხვევაში, ძალზე მცირდება მცირე და საშუალო ჰესების მშენებლობისათვის ინვესტორის მოძიების შანსები. არადა, სწორედ ეს უკანასკნელნი წარმოადგენენ მწვანე ენერგეტიკისა და მწვანე ეკონომიკის ნაწილს. გარდა ამისა, ევროპარლამენტმა, 2011 წლის დასაწყისში მკაცრად გააკრიტიკა მსოფლიო ბანკი დიდი კაშხლების მხარდაჭერისთვის და მოუწოდა, მხარი დაეჭირა ალტერნატიული, მცირე მასშტაბის ენერგოპროექტებისთვის.
„მწვანეთა მოძრაობაში" მიიჩნევენ, რომ: „ყველა ეს პროექტი, მათ შორის ხუდონიც და ნამოხვანიც საბჭოური პროექტია, რომლებიც გასული საუკუნის 30-იან წლებში შემუშავდა. მაშინ, როცა საბჭოთა კავშირი გიგანტურ მშენებლობებზე იყო გადასული. ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ჩვენი ენერგეტიკის სამინისტრო სოციალიზმს ხელახლა აშენებს და ამ მიზნის მისაღწევად ქართული სოფლების დატბორვა და მოსახლეობის გასახლება არაფრად მიაჩნია".
ასოციაცია „მწვანე ალტერნატივას" საქართველოს ენერგეტიკის სექტორის განვითარების მიზნით უკვე შემუშავებული აქვს რამდენიმე რეკომენდაცია: „აუცილებელია საქართველოს მთავრობამ: დაიწყოს მუშაობა ახალ ენერგო-პოლიტიკაზე, რომელიც შესაბამისობაში იქნება ევროკავშირის ენერგო-პოლიტიკასთან.
საზოგადოების აქტიური მონაწილეობით, შეიმუშაოს განახლებადი ენერგიისა და ენერგოეფექტიანობის შესახებ კანონი და დაგეგმოს ხელშემწყობი ღონისძიებები.
ხელი შეუწყოს ინვესტიციების მოზიდვას მცირე ჰესების რეაბილიტაციისა და დეცენტრალიზებული განახლებადი ენერგიის წყაროების ათვისებისთვის.
შეიმუშაოს საქართველოს ენერგო-სექტორის განვითარების სტატეგიული გეგმა, რომელიც დაეყრდნობა სექტორის გარემოზე ზეგავლენის შეფასებას, რათა მოიძებნოს სექტორის განვითარების ყველაზე ოპტიმალური და გარემოსდაცვითი თვალსაზრისით მისაღები მოდელები".
თეა ზიბზიბაძე
No comments:
Post a Comment