შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" ქუთაისის სერვის ცენტრს ახალი მენეჯერი ჰყავს. აღნიშნულ თანამდებობაზე ქუთაისის საკრებულოს წევრი, "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტი ლევან ჭანჭალეიშვილი დაინიშნა, რომელიც მანამდე ამავე კომპანიაში მუშაობდა. ბოლო პერიოდში მას შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში" კომერციული უსაფრთხოების დეპარტამენტში ქუთაისის რეგიონული ჯგუფის უფროსის თანამდებობა ეკავა.
"ჩემი ამ თანამდებობაზე დანიშვნა, ეს იყო დავალება. გპირდებით, რომ 3-4 წელიწადში ქუთაისში იქნება გამართული წყალმომარაგების სისტემა," - ამბობს ლევან ჭანჭალეიშვილი.
ჭანჭალეიშვილი "ვარდების რევოლუციის" შემდეგ პარტიულ საქმიანობაში აქტიურადაა ჩართული. 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს კი მმართველი პარტიის სიის მე-11 ნომერი იყო. ჭანჭალეიშვილი იმერეთის გუბერნატორის პირველი მოადგილის გიგა შუშანიას პროტეჟეა. პარტიულ საქმიანობასთან ერთად ის (ასევე პარტიისთვის) NGO სექტორშიც თანამშრომლობს, კერძოდ, "დემოკრატიისა და თავისუფლების ცენტრში". აღნიშნული ორგანიზაცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიას ახორციელებდა მმართველი პარტიის სახელით, რადგანაც ცნობილია, რომ ეს ორგანიზაცია ვიცე-გუბერნატორის შუშანიას საცხოვრებელი სახლის მისამართზეა რეგისტრირებული.
ლევან ჭანჭალეიშვილმა იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული ფილიალის ქუთაისის სერვის ცენტრის მენეჯერის თანამდებობაზე საკრებულოს ყოფილი წევრი ანდრო ლოსაბერიძე შეცვალა. ამ უკანასკნელმა კი კომპანიის რეგიონული ფილიალის ხელმძღვანელის პოზიციაზე გადაინაცვლა.თეა ზიბზიბაძე
No comments:
Post a Comment