ქუთაისის მესხიშვილის და ოპერის თეატრები ახალ სეზონებს დიდი მოლოდინებით ხვდებიან. მესხიშვილის თეატრი თავის 149-ე თეატრალურ სეზონს 27 სექტემბერს გახსნის სპექტაკლით "ბამბაზიის სამოთხე". უკვე მეოთხე სეზონია მესხიშვილის თეატრი ამ სპექტაკლით და ამ რიცხვში (სოხუმის დაცემის და ჯვართამაღლების დღეს) ხსნის სეზონს და ამით თავის გარკვეულ პოლიტიკურ და მოქალაქეობრივ განაცხადს აკეთებს. ხსენებული განაცხადის ადეკვატური იქნება რამოდენიმე სპექტაკლიც, რასაც თეატრი ამ სეზონზე შესთავაზებს პუბლიკას. პირველი პრემიერა ლიტერატურულ კონკურსში "საბა" გამარჯვებული თამარ ბართაიას პიესის - "მთავარი როლი" - მიხედვით დადგმული სპექტაკლი იქნება, რომელსაც თბილისელი რეჟისორი გეგა ქურციკიძე განახორციელებს მესხიშვილის სცენაზე. ქართულ კლასიკას მიუბრუნდებიან გიორგი სიხარულიძე და ავთანდილ სახამბერიძე და დავით კლდიაშვილის "დარისპანის გასაჭირის" მათეულ ვერსიას შესთავაზებენ ქუთაისელებს. "გასაჭირის" თემა, თუმცა სხვადასხვა ასპექტით, სხვა სპექტაკლებშიც გაიჟღერებენ.
გიორგი სიხარულიძე და თორნიკე მარჯანიშვილი მოთხრობის - "როცა ფესვები ლაპარაკობენ" - ინსცენირებას წარმოადგენენ (გიზო თავაძის ამავე სახელწოდების ნაწარმოების მიხედვით). ამ სეზონზე მსოფლიო და ქართული ლიტერატურის კლასიკოსების თეატრალურ ვერსიებს იხილავენ სცენაზე ქუთაისელი თეატრალები - თორნიკე მარჯანიშვილი "ვატერ(პო)ლოოს" აღდგენას გეგმავს (გურამ დოჩანაშვილის ნაწარმოების "ვატერ(პო)ლოო ანუ აღდგენითი სამუშაოების" მიხედვით), პაატა მილორავა კი სემუელ ბეკეტის "გოდოს მოლოდინში" წარმოადგენს, სადაც მთავარ როლზე თუმანიშვილის თეატრის მსახიობი რუსუდან ბოლქვაძე იქნება მოწვეული. კლასიკოსის, თუმცა უკვე კინოს კლასიკოსის ბილი უაილდერის და მისი ყველა დროისა და ხალხის საუკეთესო კომედიის - "ჯაზში მხოლოდ ქალიშვილებია" - ინსცენირება, ისევ არ მოხსნილა დღის წესრიგიდან. წინა სეზონზე შეპირებული სპექტაკლი ამ სეზონზე გამოვა საახალწლოდ, დეკემბრის ბოლოს. გაჭირვების, გოდოს მოლოდინის და სხვა მარადიული პრობლემებით გამოწვეული სიმძიმე ამ სპექტაკლმა უნდა გაანეიტრალოს. თუმცა მანამდე მესხიშვილის თეატრს სხვაგან მოუწევს განტვირთვის გაკეთება - "თბილისის მეორე საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე", რომელიც 30 სექტემბერს გაიხსნება. მესხიშვილის თეატრი იქ გიორგი სიხარულიძის და კახა შარტავას "რომეო და ჯულიეტათი" წარსდგება. შარშანდელმა ფესტივალმა მესხიშვილის თეატრს ახალი პერსპექტივები გაუსხნა. თეატრთან თანამშრომლობის და გაცვლითი პროგრამების ამუშავების სურვილი გამოთქვა ინგლისის "Moving Theatre"-ის რეჟისორმა და პროდიუსერმა ჯონათან ბანათვალამ. ასევე ინგოლშტატის ერთ-ერთმა თეატრმა "ანა კარენინა" მიიწვია გასტროლზე. მესხიშვილის თეატრში იმედოვნებენ ამ შესაძლებლობების დროულად და კარგად გამოყენებას და ახალი შესაძლებლობების მოძიებას.
ახალი შესაძლებლობები კარგა ხანია გაეხსნა ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრს. თეატრი 41-ე სეზონს მუშა პროცესში ხვდება. თეატრის ხელმძღვანელობის თქმით, შენობის რესტავრაციის მეორე ეტაპი სრულდება. პირველმა ეტაპმა გარე ფასადი და ფოიე მოცვა, მეორემ - თეატრის ეზოში ოთხსართულიანი შენობის აგება, რაც უკვე დასასრულს უახლოვდება. სახელმწიფოს მიერ გამოხცხადებულია ტენდერი მესამე ეტაპის სამუშაოების განხორციელების მსურველთა და შესაძლებლობის მქონეთა მოძიების კუთხით. მესამე ეტაპი დარბაზის და სცენის რესტავრაციას გულისხმობს, ანუ 2010 წლის 23 ნოემბრისთვის ქუთაისის ოპერის თეატრი სრულად აღდგენილი უნდა შეხვდეს რევოლუციის მეშვიდე წლისთავს. რევოლუციის, რომელიც ქუთაისის ოპერის თეატრისთვის საკმაოდ ცუდად დაიწყო - ოპერის ლიკვიდაციის სურვილით, თუმცა მალე რევოლუციურ ხელისუფლებას მემარცხენე რევოლუციური განწყობა და მუსიკალური გემოვნება მემარჯვენე გაუხდა. გემოვნების ეტაპობრივი ცვლა ეტაპობრივადვე აისახა ოპერის თეატრზე - ლიკვიდაციის მოთხოვნიდან თეატრის სრულ განახლებამდე. ოპერისადმი დამოკიდებულებამ მეტამორფოზა 4 წელიწადში განიცადა (შეიძლება ხსენებული მეტამორფოზის მიზეზი, სწორედ ვენის საოპერო თეატრი გახდა, რასაც ასე სურთ დაამგვანონ (ფასადურად) ქუთაისის ოპერის თეატრი). მეტამორფოზის შედეგი აისახა შენობაზე, მის მშენებლობაზე დახარჯულ თანხებზე, განახლებულ რეპერტუარზე, გაზრდილი ორკესრანტების რაოდენობაზე და ბიუჯეტზე.
"ჩვენ რომ კარგი და ხარისხიანი სპექტაკლები გავაკეთოთ და ნორმალურად ვიარსებოთ, მილიონ ნახევარი მაინც გვინდა. ალბათ, სწორი არ იქნება 4 მილიონ 200 ათასი დაახარჯო შენობას და მილიონიც არ ჰქონდეს თეატრს დაფინანსება", - ამბობს ოპერის თეატრის მმართველი როზა დვალიშვილი. თეატრს ამჟამად 350 ათასი აქვს ქალაქიდან დაფინანსება, თუმცა მომავალი წლიდან მილიონ 200 ათასის მოთხოვნას აპირებენ. ქუთაისის ოპერის თეატრი ახალ შენობას შენობის შესაბამისი სპექტაკლით ხვდება. მუშაობენ რუჯერო ლეონკავალოს "ჯამბაზებზე". თეატრი კასტინგის გამოცხადებას და დასის განახლებას, ასევე, ორკესტრის გაზრდას გეგმავს. ოპერის დასს ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი ეყოლება. ბაადურ სამადაშვილი რეზო ჯავახიშვილმა შეცვალა, რომელიც სპექტაკლების პარალელურად მონოსპექტაკლების დადგმას და ერთგვარი ლაბორატორია-სახელოსნოს დაარსებას აპირებს, სადაც ახალბედა შემსრულებლები გარკვეულ სკოლას გაივლიან დიდ სცენაზე შესვლამდე. თუმცა მანამდე ოპერის შენობა ისევ ხარაჩოებშია. მიუხედავად პირველი ეტაპის დასრულებისა, გარეფასადი, ისევ დაუსრულებლის შთაბეჭდილებას ტოვებს და ვენის ოპერის თეატრთან მსგავსების საპოვნელად მნახველს ფანტაზიის მოხმობაც ჭირდება. მიუხედავად ამისა, როგორც "ნაცმოძრაობის" ყოფილი და მოქმედი ლიდერები იტყვიან, "შედეგია უზარმაზააარი", თუმცა "გასაკეთებელი კიდევ ბევრია".
ეკა კუხალაშვილი
No comments:
Post a Comment