ამიერიდან სასწავლო წელი საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში 15 სექტემბერს დაიწყება. აღნიშნული გადაწყვეტილება განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა პირადად გაახმიანა გასულ კვირას გამართულ ბრიფინგზე. წლევანდელი სასწავლო წლიდან სკოლებში სამინისტროს მიერ ინიცირიბული ბევრი ახალი პროექტის განხორციელება უნდა დაიწყოს, თუმცა ზოგიერთ მათგანში ქუთაისის საჯარო სკოლების ჩართვა მოგვიანებით იგეგმება. ამასთანავე, წელს პირველად სახელმწიფო ყველა სოციალურად დაუცველ მოსწავლეს უფასოდ გადასცემს სახელმძღვანელოების მთელ კომპლექტს.
პირველკლასელები და კომპიუტერები
საქართველოს საჯარო სკოლებში კომპიუტერული და ლინგვისტური რევოლუციის დაწყების თაობაზე მოსახლეობას ქვეყნის პრეზიდენტმა რამდენიმე თვის წინ სწორედ ქუთაისიდან აცნობა, თუმცა, როგორც ახლა ირკვევა, ამ "რევოლუციურ" სახელმწიფო პროგრამებს ქუთაისი სრულფასოვნად თბილისისა და ბათუმის შემდეგ მიუერთდება. საქმე ის არის, რომ მიხეილ სააკაშვილის უშუალო ინიციატივით, საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში უნდა გადაეცათ პირველკლასელებისთვის სპეციალური კომპიუტერები, რომლებშიც ჩატვირთული იქნებოდა სახელმძღვანელოები, თუმცა მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ "კომპიუტერული რევოლუცია" პირველ ეტაპზე მხოლოდ თბილისისა და ბათუმის საჯარო სკოლების პირველკლასელებს შეეხებოდა. მიიღებენ თუ არა ქუთაისელი პირველკლასელები პრეზიდენტისგან საჩუქრად კომპიუტერებს, ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი ქუთაისის განათლების რესურს-ცენტრში არ გააჩნიათ. ქუთაისში წელს დაახლოებით 2300-მდე პირველსკლასელი შეაბიჯებს საჯარო სკოლებში, თუმცა, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, კომპიუტერებს მხოლოდ მათი მცირე ნაწილი მიიღებს: "მალე გადაწყდება, ქუთაისის რომელი სკოლა მიიღებს პილოტირებაში მონაწილეობას და შესაბამისად, რომელი სკოლის პირველკლასელი მოსწავლეები მიიღებენ კომპიუტერებს," - ამბობს ქუთაისის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ხელმძღვანელი ლადო პატარიძე.
"ისწავლე და ასწავლე"
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საქართველოს პრეზიდენტმა სწორედ ქუთაისიდან აუხსნა მოსახლეობას, თუ რა სიკეთეს მოუტანს ქვეყანას სკოლებში ლინგვისტური რევოლუცია: მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ინგლისური ენის სწავლების მასშტაბებისა და ხარისხის ამაღლების მიზნით, უცხოეთიდან მოიწვევდა სპეციალისტებს, რომლებიც საქართველოს ყველა საჯარო სკოლას მოიცავდნენ. საბოლოოდ გადაწყდა, რომ სახელმწიფო პროგრამის - "ისწავლე და ასწავლე საქართველოსთვის" ფარგლებში, წელს ჩვენს ქვეყანაში 1000 უცხოელი პედაგოგი დაეხმარება საჯარო სკოლების მოსწავლეებს ინგლისური ენის შესწავლაში. ქუთაისში უცხოელი პედაგოგები წელს მხოლოდ 14 საჯარო სკოლაში იმუშავებენ. ამ დროისთვის უკვე შერჩეულია ოჯახები, რომლებიც ერთი წლის განმავლობაში უმასპინძლებენ პედაგოგებს, თუმცა თავად უცხოელ სპეციალისტებს, რომლებიც ქუთაისში უნდა დასაქმდნენ, საქართველოში დღეს ჩამოვლენ. ისინი ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში გაივლიან ერთკვირიან გადამზადების კურსს.
"ამ დრომდე ორმა ჯგუფმა უკვე გაიარა ტრენინგი. პირველი ჯგუფი 50 კაცისაგან შედგებოდა, მეორე - 57 კაცისგან. 30 აგვისტოსთვის კი უცხოელების 100 კაციან ჯგუფს ველოდებით," - ამბობს ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორი გიორგი ქლივიძე.
ქუთაისის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, უცხოელი პედაგოგები უფასოდ იმუშავებენ სკოლებში. "მათ არანაირი ხელფასი არ აქვთ, ისინი სკოლებში რაიმე შტატით არ იქნებიან, ისინი მოხალისე ადამიანები არიან, რომლებიც ეხმარებიან მოსწავლეებს უცხო ენის შესწავლაში," - აცხადებს ლადო პატარიძე. ქუთაისის მე-17 საჯარო სკოლა, ერთ-ერთი იმათგანია, რომელიც წელს უცხოელ პედაგოგს უმასპინძლებს. "სექტემბრიდან ველოდებით უცხოელ სტუმარს. მგონია, რომ პარტნიორობა ჩვენსა და მას შორის უნდა შედგეს. ჩვენ უკვე გვაქვს უცხოელთან ურთიერთობის გამოცდილება: რამდენიმე წლის წინ "მშვიდობის კორპუსის" პროგრამის ფარგლებში გვყავდა უცხოელი სპეციალისტი - ამერიკელი მასწავლებელი, რომელიც ობიექტური მიზეზების გამო გაწვეულ იქნა სკოლიდან - იმ პერიოდში საქართველოში ომი დაიწყო. კარგია რომ უცხოელი სპეციალისტი გვეყოლება სკოლაში. მასთან ურთიერთობისას ბავშვებს და პედაგოგებს ექნებათ საშუალება ინგლისური ენის საკომუნიკაციო, მეტყველებითი უნარ-ჩვევა აიმაღლონ," - ამბობს მე-17 საჯარო სკოლის დირექტორი ირინე ჯგერენაია.
უსაფრთხო სკოლა
საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული უსაფრთხო სკოლის პროგრამის ფარგლებში, თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის საჯარო სკოლებში ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემების მონტაჟის პროცესი სექტემბრის ბოლომდე უნდა დასრულდეს. ამავე პროექტით, სკოლებში ფუნქციონირებას იწყებს მანდატურის სამსახური, რაც უზრუნველყოფს სკოლაში მოსწავლეთა დაცვასა და უსაფრთხოებას. თითოეულ სკოლას სამი მანდატური ეყოლება - ორი მამაკაცი და ერთი ქალი. 26 აგვისტოს, ქუთაისის #1 საჯარო სკოლაში მანდატურების შესარჩევი ტესტირება ჩატარდა, რის შედეგადაც 314 კონკურსანტიდან 126 მანდატური შეირჩევა, რომლებიც სპეციალურ გადამზადებას გაივლიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში და შემდეგ გადანაწილდებიან ქუთაისის ყველა საჯარო სკოლაში.
"შემიძლია ვთქვა, რომ ტესტი დიდი სირთულით არ გამოირჩეოდა, მაგრამ იმდენად დიდი იყო დაძაბულობა, რომ ტესტი რთული მომეჩვენა. 5 ტიპის ტესტი გვქონდა შესავსები თავისი 20-20 კითხვით, სირთულე ლოგიკაში იყო, სხვა სავარჯიშოები კი მარტივი გახლდათ," - ამბობს კონკურსანტი ლაშა კუხიანიძე. ტესტირების პროცესს ქუთაისში თვალყურს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე აკაკი სეფერთელაძე ადევნებდა. მან ქუთაისის #1 საჯარო სკოლაში დამონტაჟებული ვიდეოსამეთვალყურეო სისტემაც დაათვალიერა.
"ჩვენი პრიორიტეტი უსაფრთხო სკოლაა და ვფიქრობთ, ღირსეული კანდიდატურების შერჩევის შემდეგ, ყველა მშობელი იქნება დაცული და დარწმუნებული, რომ მისი შვილი სკოლის პერიოდში უსაფრთხო გარემოშია," - განაცხადა აკაკი სეფერთელაძემ. მისივე თქმით, პირველ ეტაპზე მანდატურების ინსტიტუტი თბილისის, ბათუმის, ქუთაისისა და ზუგდიდის საჯარო სკოლებში ამოქმედდება.
სერთიფიცირებული პედაგოგები
ლევანდელი სასწავლო წლიდან საქართველოს საჯარო სკოლებში პირველად შეუდგებიან საქმიანობას სერტიფიცირებული პედაგოგები. ამ დროისთვის ქვეყანაში მხოლოდ 1147 სერტიფიცირებული პედაგოგია, რომლებიც ასწავლიან უცხო ენას, მათემატიკას და ქართულ ენასა და ლიტერატურას. მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები საქართველოში ივლისში ჩატარდა. სპეციალობასა და პროფესიულ უნარებში გამოცდას 6075 პედაგოგი აბარებდა. ორივე გამოცდაში კომპეტენციის მინიმალური ზღვარი გადალახა და სერთიფიცირებული მასწავლებლის სტატუსი მიენიჭება 1147 პედაგოგს, ანუ საერთო რაოდენობის 11%-ს. ქართულ ენაში ბარიერი გადალახა 702-მა, მათემატიკაში - 480-მა, უცხო ენებში - 1253-მა, პროფესიულ უნარებში - 1253-მა მასწავლებელმა. სერთიფიცირებულ მასწავლებლებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ხელფასების მომატებას, აგრეთვე, მენტორმასწავლებლად მუშაობის შესაძლებლობას ჰპირდება, რაც 160 ლარიან დანამატს გულისხმობს. ისინი ჩაერთვებიან სამინისტროს პროგრამაში `ასწავლე საქართველოსთვის~, რომელიც ითვალისწინებს მასწავლებელთა მივლინებას რეგიონებში, ისინი სტიპენდიის სახით 500 და 1000 ლარიან დანამატს მიიღებენ. იმ პედაგოგებმა, რომლებმაც ვერ ჩააბარეს გამოცდები, 2014 წლამდე აქვთ შესაძლებლობა განმეორებით გავიდნენ გამოცდაზე.
ახალი სასკოლო კალენდარი
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამიერიდან სასწავლო წელი საქართველოში 15 სექტემბერს დაიწყება და 15 ივნისს დასრულდება, მხოლოდ პირველი და მე-12 კლასის მოსწავლეები დაასრულებენ სასწავლო წელს 20 მაისს. სასწავლო წელი ორ სემესტრად გაიყოფა. პირველი სემესტრი - 24 დეკემბერს დასრულდება, საშობაო არდადეგების შემდეგ, 20 იანვრიდან მეორე სემესტრი განახლდება. სააღდგომო მცოცავი არდადეგები კი დიდი ხუთშაბათიდან მომდევნო კვირის ოთხშაბათამდე გასტანს.
მარი მუშკუდიანი
No comments:
Post a Comment