Sunday, September 5, 2010

სამსახური სამსხვერპლოზე

ტყიბულში, მინდელის სახელობის მაღაროში უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე კონტროლი იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციას დაევალა. მხარის ხელმძღვანელობამ აღნიშნული დავალება პრეზიდენტისგან მას შემდეგ მიიღო, რაც 27 აგვისტოს მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. ტყიბულის მაღაროში მომხდარი აფეთქება წელს უკვე მეორეა და ამ აფეთქებებს 8 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. 2010 წლის 2 მარტის აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა.
27 აგვისტოს, ტყიბულის მინდელის მაღაროში აფეთქება დაახლოებით 21:00 საათზე მოხდა. მაღაროში შემთხვევის მომენტში თერთმეტი მუშა იმყოფებოდა, სამი მათგანი ადგილზე გარაიცვალა, 7 დაზარალებული კი თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს, რომელთაგან კიდევ ერთი დაშავებული - 43 წლის მალხაზ ჭანტურიძე 2 დღის შემდეგ დაიღუპა. მას კანის 60%-ის, ასევე, სასუნთქი გზების დამწვრობა და სერიოზული დაზიანებები აღენიშნებოდა. იგი მართვითი სუნთქვის აპარატზე იყო მიერთებული.
მინდელის მაღაროში მომხდარი აფეთქების თაობაზე გამოძიება კვლავაც მიმდინარეობს. ჯერჯერობით, უცნობია აფეთქების გამომწვევი მიზეზები. წინასწარი ინფორმაციით, მაღაროში მეთანის გაზის დაგროვება და აალება მოხდა. შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის განცხადებით, აფეთქებებთან დაკავშირებულ დეტალებს მისი უწყება დაწვრილებით გამოიძიებს. დაღუპულებისა და დაზარალებულების ოჯახები კი სახელმწიფოსგან დახმარებას მიიღებენ.
"წელს 2 მარტს, როდესაც ამავე მაღაროში ოთხი მუშა დაიღუპა, ჩვენ ჩავატარეთ დამოუკიდებელი გამოძიება და გავაფრთხილეთ ხელისუფლება, რომ საწარმოში შექმნილი იყო კატასტროფული პირობები, რაც ტრაგედიის გამეორებას არ გამორიცხავდა" - განაცხადა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა, რომელმაც პროფკავშირების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, მომხდარი ფაქტის შემდეგ პარლამენტთან მდუმარე აქცია გამართა. აქციით პროფკავშირებმა პატივი მიაგეს ტყიბულის მინდელის მაღაროში დაღუპულ მუშებს და ამავე დროს, გააპროტესტა მოქმედი კანონმდებლობა, რომელიც არ იცავს დასაქმებულთა შრომით უფლებებსა და მათ უსაფრთხოებას: "მაშინ მომხდარი დაბრალდა მუშებს, ადამიანებს, რომლებსაც მაღაროში ჩასვლა სპეცტანსაცმლის, შესაბამისი ხელსაწყოებისა და განათების გარეშე უწევთ. სახელმწიფომ აღარ უნდა დაუშვას ასე გაგრძელება. კანონი ქვეყნის მოქალაქეების უსაფრთხოებას მაქსიმალურად უნდა იცავდეს".
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ტყიბულის მაღაროში არ არსებობს დისციპლინა, რომელიც უსაფრთხოების დაცვას ხელს უშლის. "ეს საკითხი აუცილებლად უნდა მოგვარდეს. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება," - ამის შესახებ სააკაშვილმა 28 აგვისტოს, ტყიბულში მაღაროელებთან შეხვედრაზე განაცხადა. "მე დავავალებ მთავრობას, აქ მუდმივად იმუშაონ უსაფრთხოების ინსპექტორებმა, რომ მდგომარეობა მუდმივად გააკონტროლონ," - განაცხადა პრეზიდენტმა.
აღნიშნული დავალების შესრულებაზე პასუხისმგებლობა იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციას დაეკისრა. მიხეილ სააკაშვილის დავალებით ტყიბულის გამგეობას და იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციას დაევალა მონიტორინგი - რამდენად სწორად და ყოველდღიურად ხდება უსაფრთხოების წესების დაცვა მაღაროში. ამიერიდან, ცვლის უფროსები, ყოველდღიურად, მაღაროში ჩასვლამდე მუშებს სპეციალურ ინსტრუქტაჟს ჩაუტარებენ. ასევე, შემოწმდება ენერგოკომუნიკაციის გამართულობა და მეთანის გაზის მოცულობა.
მაღაროელთა გადამზადებისა და ქვეყანაში მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით უზრუნველყოფის მიზნით კი მალე პროფესიული სასწავლებელი გაიხსნება. საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, იმერეთის რეგიონში სამთო-საინჟინრო მიმართულების სასწავლებელი ამოქმედდება. აღიშნული მიზნით, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, იმერეთის რეგიონის გუბერნატორი ლაშა მაქაცარია და ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი ტყიბულში, მომხდარი ტრაგედიიდან მესამე დღეს ჩავიდნენ და მეშახტეებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს. როგორც შეხვედრაზე გადაწყდა - განათლების სამინისტროსა და იმერეთის მხარის გუბერნიის მხარდაჭერით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამთო ფაკულტეტის ბაზაზე, რგიონულ ცენტრს გახსნის.
"შეიქმნება სასწავლებელი, რომელიც დაეხმარება კვალიფიკაციის ამაღლებაში იმ მაღაროელებს, რომლებიც ახლა მუშაობენ და განსაკუთრებული ყურადღება იქნება მიმართული იმ ხალხზე, რომლებიც აქ მომავალში დაიწყებენ მუშაობას," - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.
ახალი სასწავლებლისთვის შენობის მოძიება იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციას დაევალა. ამ დროსითვის განიხილება რამდენიმე ვარიანტი.
"რეგიონისთვის, სადაც არის "ჭიათურმანგანუმი", ზესტაფონის "ფერო" და ტყიბულის შახტა, ძალიან მნიშვნელოვანია ამ ინიციატივის განხორციელება. ჩვენ ყველა რესურსით მზად ვართ პრეზიდენტის გადაწყვეტილების პრაქტიკულად აღსრულებისთვის," - აღნიშნა გუბერნატორმა ლაშა მაქაცარიამ.
სასწავლებელში ადგილობრივი მოსახლეობიდან მეშახტეები, მაღაროელები და ზოგადი სამთო-საინჟინრო მიმართულების კადრები მომზადდება. როგორც დიმიტრი შაშკინმა განმარტა, პროგრამის შედგენისას აუცილებელად იქნება გათვალისწინებული მეშახტეების, მაღაროელებისა და სამთო მიმართულების სპეციალისტთა პრაქტიკული გამოცდილებები და მოსაზრებები. ტყიბულში სულ ოთხი მაღაროა, რომლებიც "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის" შვილობილი კომპანია "საქნახშირის" საკუთრებაშია 2006 წლიდან. მისი ძირითადი საქმიანობის სფეროა ნახშირის მოპოვება, რიგითი ნახშირების გამდიდრება და რეალიზაცია. "საქნახშირის" კუთვნილ მაღაროში 1000-მდე ადამიანი მუშაობს. "საქნახშირი" ტყიბულ-შაორის ქვანახშირისა და ახალციხის მურა ნახშირების საბადოებზე ნახშირის მოპოვების ლიცენზიის ერთპიროვნული მფლობელია.
2007 წელს ინვესტორის დაპირების თანახმად, 2 წელიწადში მას 10 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა და ოთხივე მაღარო აემოქმედებინა. თუმცა, ამ დრომდე ტყიბულში სრული დატვირთვით მხოლოდ ერთი - მინდელის სახელობის მაღარო მუშაობდა, სადაც აფეთქება მოხდა.
ტყიბულის მაღაროში პირველი აფეთქება 1961 წელს მოხდა, როდესაც აფეთქების შედეგად ორი მაღაროელი გარდაიცვალა. მათ გამოსაყვანად 30 კაციანი სამთო-სამაშველო ჯგუფი შევიდა, თუმცა ისინიც დაიღუპნენ. მინდელის სახელობის მაღაროს ტექნიკური დირექტორის ბადრი არაბიძის განცხადებით, მსგავსი უბედური შემთხვევა ტყიბულში 1984 წელსაც მოხდა. მაშინ მეთანის აალებას ძიძიგურის სახელობის მაღაროში სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ასევე, მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა 1987 წელსაც, როდესაც მაღაროს გარკვეულ უბნებში მეთანმა გაჟონა. 2010 წლის 2 მარტს კი, ასევე, მეთანი აალების მიზეზით მაღაროში 4 ადამიანი დაიღუპა.
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველწლიურად სამუშაო ადგილზე უბედური შემთხვევის შედეგად და პროფესიული დაავადებით ორი მილიონი ადამიანი, ანუ ყოველდღიურად
6000-მდე ადამიანი იღუპება. "ამასთან დაღუპულთა რაოდენობა წელიწადში 10%-ით მატულობს" - აცხადებენ პროფკავშირების გაერთიანებაში. მათივე ცნობით, შრომის საერთაშორისო ორგანიაცია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ წარმოებული მთლიანი შიდა პროდუქტის 4% სამუშაო ადგილზე არსებული ცუდი პიროებებისა და უბედური შემთხვევების გამო იკარგება. საქართველოში კი, დასაქმებულთა 1/3-ს არადამაკმაყოფილებელ პირობებში უწევთ მუშაობა.
თეა ზიბზიბაძე

No comments:

Post a Comment