უკვე ერთი თვეა, რაც ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის ფასადის რესტავრაცია მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო სამუშაოებს ფირმა "დაგი" აწარმოებს. ხსენებულმა კომპანიამ სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გაიმარჯვა. ამ ტენდერში მასთან ერთად ხუთი სხვა ფირმაც მონაწილეობდა. ამ ფირმებიდან ორი უცხოური იყო. თუმცა, ქუთაისში უცხოურ გამოცდილებას ქართულმა აჯობა. ყოველ შემთხვევაში, ასე მიიჩნია სატენდერო კომისიამ. "დაგმა" გამოცდილებით და ფასით, ანუ პროექტში წარმოდგენილი ნაკლები ხარჯით, გაუსწრო სხვა ფირმებს. განსაკუთრებით ამ უკანასკნელით. აღმოჩნდა, რომ ტენდერში გამოცხადებული 3 მილიონ ნახევრიდან "დაგი" მხოლოდ 1 მილიონ 700 ათასად ახერხებს ოპერის თეატრის რესტავრაციას. მიუხედავად იმისა, რომ ლაპარაკია გამოცდილებაზეც (მაგალითად, ამ ფირმის ანგარიშზეა "ქარვასლის" მშენებლობა. ამავე ფირმას მიენდო "ტორპედოს" სტადიონის რესტავრაცია ქუთაისში). კომპანიამ მისი ფასით და ეკონომიურობით მოხიბლა სატენდერო კომიასია.
"ის გამოცდილება, რომელიც ფირმა "დაგმა" მოიტანა ქვის სამუშაოების წარმოების კუთხით, შიდა ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მხრივ, მოიწონა კომისიამ, რომ არაფერი ვთქვათ ფასზე, რომელიც ფრიად მომხიბვლელი იყო, რადგან მან გარკვეული ეკონომია გაუკეთა ბიუჯეტს", - ამბობს ქალაქის მერის პირველი მოადგილე მერაბ მეშველიანი.
"ნაკლები ფასით ვაჯობეთ სხვებს", - თვლის კომპანია "დაგის" ხელმძღვანელი გოგი გულორდავა.
ფინანსები ყოველთვის მთავარ სალაპარაკო თემად ითვლებოდა, ბოლო წლებში ოპერასთან მიმართებაში. მაღალ გემოვნებას და ხელოვნებას მაღალი თანხებიც ემატებოდა, ოპერა ფუფუნებასთან და მხოლოდ გასავალთან იგივდებოდა. ფუფუნება, ყოველ შემთხვევაში, ხელოვნებაში, ფრიად აღიზიანებდა რამდენიმე წლის წინ იგივე ხელისუფლებას, რომელიც დღეს ოპერას არემონტებს. როგორც ჩანს, ოპერის (შესაბამისად, ფუფუნების) მიმართ ხელისუფლებას გემოვნება შეეცვალა. ექვსიოდე წლის წინ ქუთაისის ოპერის თეატრის ლიკვიდაციის საკითხი იდგა დღის წესრიგში. მაშინდელი არგუმენტებით ოპერა ქალაქს არ ჭირდებოდა, მაყურებელი არ ჰყავდა, ზედმეტ ხარჯებთან იყო დაკავშირებული, თან ეს დარგი არაა რენტაბელური. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის არსად არაა რენტაბელური და სპონსორების ხარჯზე არსებობს, ქუთაისის ოპერის თეატრს მოეთხოვა რენტაბელობა. შემდეგ ოპერას მხსნელად ბიძინა ივანიშვილი მოევლინა, მისი ხატება კარგა ხანს კვებავდა იმედით თეატრს. თუმცა მეცენატი ოპერის აჩრდილივით ისევე მოულოდნელად გაქრა, როგორც გამოჩნდა. სამაგიეროდ, მოულოდნელობებმა სხვა კუთხითაც იჩინა თავი, მაგალითად, იმით, რომ ოპერამ თავისი ხიბლი დაიბრუნა ხელისუფლების თვალში. წლევანდელმა ახალმა წელმაც დაადასტურა, რომ ოპერა, როგორც ხელოვნების დარგი, ისევ მოდაშია. უფრო მეტიც, - საოპერო განწყობით შეხვდა ახალ წელს საქართველო. ეს განწყობა აისახა და გაგრძელდა ქუთისის ოპერის თეატრთან მიმართებაში. სახელმწიფომ სამ მილიონ ნახევარი გაიმეტა ქუთაისის ოპერის თეატრისთვის. თუმცა მთლიანად მაინც ვერ გაიმეტა და 1 მილიონ 700 ათასი გასცა.
"რამდენი იყო ტენდერში თანხა გამოცხადებული, არ ვიცი, ჩემამდე ამ ინფორმაციას არ მოუღწევია, თორემ მეც სამ მილიონ ნახევარს დავწერდი - ამბობს გოგი გულორდავა - ხელშეკრულება გვაქვს 1 მილიონ 700 ათასზე, რა თანხაც ავიღეთ, იმით განხორციელდება სამუშოები".
როგორც ჩანს, ეკონომიურობა ამ ფირმაში ჯაბნის ფუფუნებას, სამაგიეროდ, ოპერის, ანუ ფუფუნების დარგის შესაბამისად იქცევა საპროექტო: იგი უფრო "ხელგაშლილია" და სამ მილიონ ნახევარს ითვლის ოპერის სარეაბილიტაციოდ.საპროექტომ რატომ დათვალა ამდენი, როცა "დაგი" ნახევარ ფასში აკეთებს, ამაზე "ვერაფერს ვიტყვი, ფაქტია, რომ "დაგი" 1 მილიონ 700 ათასში აკეთებს იგივე საქმეს", - აცხადებს მერაბ მეშველიანი. თუმცა, საქმე არც თუ მარტივად გამოვა, რადგან `დაგში~ მეტისმეტი `ხელმომჭირნეობა~ გამოუვიდათ და როგორც ჩანს, იმაზე ნაკლები დათვალეს, ვიდრე ამას ოპერის რეაბილიტაცია ითხოვდა.
მიუხედავად ამისა, "ვალდებულებას ვიღებთ, რომ ამ ფასშიც გავაკეთებთ საქმეს, განვსაზღვრავთ, რომ ზედმეტი ხარჯი არ იყოს, ზედმეტი ხელფასი არ გაიცეს, ზედმეტი ხალხი არ იყოს, განსაკუთრებულ სიზუსტეს დავიცავთ", - პირობას იძლევა "დაგის" წარმომადგენელი, სამშენებლო უბნის ხელმძღვანელი კობა ბასილაია. სიზუსტესთან და ხელმომჭირნეობასთან ერთად სისწრაფეც მოეთხოვებათ, რადგან ათ თვეში უნდა დასრულდეს მშენებლობა და 23 ნოემბერს ქუთაისი ოპერის ახალი ფასადით უნდა შეხვდეს.
ფასადთან ერთად, პროექტის მიხედვით, რომელიც ადგილობრივი ხელისუფლების დახმარებით მომზადდა (პროექტის ავტორები ნ. ჯანაშვილი და დ. გოგიჩაიშვილი), მშენებლობა მოიცავს ფოიეს ნაწილის რესტავრაციას მეორე სართულის ჩათვლით, ასევე, ახალი ოთხსართულიანი შენობის აგებას. ამით დასრულდება რეაბილიტაციის პირველი ეტაპი. ოპერის თეატრის მმართველის როზა დვალიშვილის თქმით, იგეგმება მეორე ეტაპი, რომელიც უკვე სცენას და დარბაზის განახლებას გულისხმობს. თუმცა ამ საქმისთვის ჯერჯერობით არ დაიხარჯება ტენდერში გამოყოფილი და მორჩენილი თანხა.
"მორჩენილი თანხა ბიუჯეტში რჩება და საკრებულო და ადგილობრივი ხელისუფლება გადაწყვეტს, რაში გამოიყენებს მას," - ამბობს მერაბ მეშველიანი. თუმცა როზა დვალიშვილი უფრო აკონკრეტებს: "სხვა მუხლში გადავა და მერე დაუბრუნდება თეატრს, სხვანაირად აბსურდის თეატრს დაემგვანება, გარედან გარემონტებული და მშვენიერი, შიგნიდან კი ამორტიზებული". იმედია ოპერის თეატრი არ დარჩება მეორე ეტაპის გარეშე და არ შეუერთდება იმ შენობათა რიგს, რომელიც გარედან მტერს უვსებს თვალს და შიგნით მოყვარეს და რომელიც ასე მრავლადაა დღევანდელ საქართველოში.
ეკა კუხალაშვილი
No comments:
Post a Comment