გამოძიება და მართლმსაჯულება დამკვეთების ბრალეულობით არ დაინტერესებულა
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ განაჩენი გამოუტანა "დიდების მემორიალის" აფეთქებისას დედა-შვილის დაღუპვის გამო დაკავებულებს. გამოძიების შედეგად მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებლობა მხოლოდ სს "საქფეთქმრეწვის" თანამშრომლებს დაეკისრათ, მიუხედავად იმისა, რომ საქმეში ქუთაისის პოლიციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ფიგურირებენ.
სს "საქფეთქმრეწვის" ტექნიკური დირექტორის ავთანდილ დარსაველიძის, ამავე კომპანიის ქუთაისის მობილური უბნის უფროსის ელგუჯა გაბადაძისა და მობილური უბნის უფროსის თენგიზ დარახველიძის მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის საქმე არსებითად განსახილველად 26 იანვარს შევიდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში. საბრალდებო დასკვნის თანახმად, მათ ბრალი დაედო მასზედ, რომ ჩაიდინეს უსაფრთხოების წესის დარღვევა სამუშაოების წარმოებისას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. კერძოდ, გამოძიება მიუთითებს შემდეგ ბრალეულობაზე: "2009 წლის 19 დეკემბერს წინასწარ მომზადებულ შპურებში განთავსებული ასაფეთქებელი საშუალება "პოვერჯერი-მაგნუმი", "შპურის მუხტის" მეთოდით - დეტონატორის გამოყენებით აფეთქებულ იქნა 16:00 საათზე ისე, რომ განსასჯელების მიერ არ იქნა განხორციელებული სათანადო გათვლები, არ იქნა შედგენილი საპროექტო პასპორტები და უხეშად იქნა დარღვეული 300 მეტრიან რადიუსზე ხალხის აუცილებელი ევაკუირების პირობა. ამავდროულად, ტექნიკური დოკუმენტაციის გარეშე აფეთქებითი სამუშაოების წარმოების პარალელურად, განსასჯელების მიერ უხეშად იქნა დარღვეული ღია ადგილზე საამფეთქებლო სამუშაოების შესრულებისას ხალხის უსაფრთხოების ნორმები, არ იქნა დაცული საშიში ზონის რადიუსები და გამიჯნული შესაბამისი მესერხლართით აფეთქების შედეგად გატყორცნილი ნარჩენების შესაკავებლად, ხოლო დაცვისათვის სავალდებულო მიწაყრილები აუცილებელ მინიმალურ სიმაღლეზე 2-ჯერ ნაკლები იყო, რასაც შედეგად მოჰყვა საშიში ზონის რადიუსში მყოფი ეკა ცუცხვაშვილისა და მისი მცირეწლოვანი შვილის ნინო ჯინჭარაძის სიცოცხლის მოსპობა, ასევე, ირაკლი ჯინჭარაძის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება."
წარდგენილ ბრალდებაში დაკავებულებმა თავი დამნაშავედ არ ცნეს და თავიანთ ჩვენებებში მიუთითეს, რომ უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე პასუხიმგებლობა პოლიციას ჰქონდა აღებული. ტექნიკური ნორმების დარღვევა კი, მათივე განმარტებით, აფეთქების ბრძანების დაჩქარებამ გამოიწვია. ეს ბრძანება კი მათ იმერეთის მაშინდელი გუბერნატორისგან მიხეილ ჩოგოვაძისგან მიიღეს.
სასამართლო განხილვამ 22 დღის განმავლობაში გასტანა, თუმცა საქმის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მონაწილე მიხეილ ჩოგოვაძე არც ერთ პროცესზე არ დაკითხულა მოწმის სახითაც კი. ჩოგოვაძის პასუხისმგებლობა მხოლოდ თანამდებობიდან გათავისუფლებით შემოიფარგლა. პოლიციის თანამშრომლები კი სასამართლოზე მხოლოდ მოწმეების სახით იქნენ დაკითხულები.
"დიდების მემორიალის" დემონტაჟი ქუთაისში საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის #915 განკარგულების საფუძველზე დაიწყო. ნიკა გილაურის მიერ ხელმოწერილ განკარგულებაში ნათქვამია, რომ ძეგლის დემონტაჟი ქუთაისში პარლამენტის ახალი შენობის მშენებლობისათვის უნდა განხორციელებულიყო. ამ მიზნით ცენტრალური ბიუჯეტიდან ქუთაისის თვითმმართველობის ანგარიშზე 5 მილიონი ლარი გასული წლის 11 დეკემბერს ჩაირიცხა. 12 დეკემბერს დაიწყო ძეგლის დემონტაჟი ქუთაისში, რომელსაც აწარმოებდა თბილისური ფირმა „საქფეთქმრეწვი“ და ქუთაისური „ლიტოკონსტრუქცია“. თუმცა, როგორც ირკვევა, სამუშაოების შესრულება ამ ფირმებმა ისე დაიწყეს, რომ შესაბამისი ხელშეკრულებები იმ დროისთვის არ იყო გაფორმებული. ხელშეკრულებები ქუთაისის მერიის სახელით ზაზა ნუცუბიძემ (ქუთაისის მაშინდელი მერის მოვალეობის შემსრულებელი) 16 დეკემბერს გააფორმა, თუმცა არა „საქფეთქმრეწვთან“ (ეს ფირმა რეგისტრირებული ქ. თბილისში 1996 წლის 4 მარტიდან და მისი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საქართველოს რესპუბლიკაში და მის საზღვარგარეთ ნებისმიერი ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოები) და „ლიტოკონსტრუქციასთან“, არამედ შპს „საქმილსადენმშენთან“ (ეს ფირმა რეგისტრირებულია ქ. წყალტუბოში). ხელშეკრულების საგნად განისაზღვრა შემდეგი: „ქ. ქუთაისში საქართველოს პარლამენტის ახალი შენობის მშენებლობისთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე, დიდების მემორიალის დემონტაჟის, შესაბამისი სამუშაოებისა და მიღებული ნარჩენების გატანის უზრუნველყოფის (50კმ-ის ფარგლებში) განხორციელება“. ამ სამუშაოსთვის შპს „საქმილსადენმშენს“ 600 ათასი ლარი უნდა მიეღო ბიუჯეტიდან. ხელშეკრულების თანახმად, „საქმილსადენმშენი“ იძლევა გარანტიას, რომ შეასრულებს სამუშაოს მაღალ ეფექტურად და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად დადგენილი ნორმების დაცვით. თუმცა, აღნიშნული ხელშეკრულების ეს პუნქტი გამოძიებისთვის და სასამართლოსთვის მნიშვნელოვანი არ აღმოჩნდა: სრული პასუხისმგებლობა სს "საქფეთქმრეწვს" დაეკისრა, რომელსაც ხელშეკრულება, თავის მხრივ, სს "საქმილსადენმშენმა" გაუფორმა 2009 წლის 17 დეკემბერს. ამ ხელშეკრულების თანახმად, „საქფეთქმრეწვს“ 91 708 ლარად უნდა განეხორციელებინა ძეგლის აფეთქება. `საქმილსადენმშენი~ კისრულობდა ვალდებულებას, რომ აფეთქების წარმოების დაწყებამდე უზრუნველყო ელექტროხაზის გამორთვა და საჭიროების შემთხვევაში მისი გადატანა; ხალხისა და მექანიზმების საფრთხის ზონის ფარგლებიდან გამოყვანა. მიუხედავად ამისა, გამოძიებამ და სასამართლომ სს "საქმილსადენმშენის" ბრალეულობა მთლიანად გამორიცხა და ერთ-ერთ არგუმენტად „საქმილსადენმშენის“ დირექტორის ავთანდილ ლომთაძის ჩვენება გამოიყენა, რომ სს "საქფეთქმრეწვის" თანამშრომლები წარმოადგენდნენ "პროფესიონალებს და ამიტომ რაიმე უსაფრთხოების წესების განსაზღვრა არ შეუკადრებიათ."
რატომ დაიქირავა მერიამ "არაპროფესიონალები" "საქმილსადენმშენის" სახით, გამოძიება არც ამ საკითხით დაინტერესებულა.
„ჩვენ ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოების წარმოების არანაირი გამოცდილება არ გაგვაჩნია, მაგრამ მერიამ გვთხოვა, რომ ჩვენთან გაფორმებულიყო ხელშეკრულება, რადგან ეს „საქფეთქმრეწვი“ თბილისური ფირმა იყო და ჩვენ - ადგილობრივი, ამიტომ გადაწყვიტეს ჩვენთან ხელშეკრულების გაფორმება. მე რომ მივედი მერიაში ხელშეკრულების გასაფორმებლად, მათ უკვე შერჩეული ჰყავდათ ფირმები, რომლებსაც ჩვენ გავუფორმეთ კონტრაქტები,“- ამბობს "ახალ გაზეთთან" საუბარში ავთანდილ ლომთაძე. მისგანვე გავარკვიეთ, რომ ფირმების შერჩევისა და ძეგლის დემონტაჟის პროცესს პირადად იმერეთის გუბერნატორი მიხეილ ჩოგოვაძე ხელმძღვანელობდა.
ჩოგოვაძე ფიგურირებს "საქფეთქმრეწვის" დაკავებული თანამშრომლების ჩვენებებშიც, რომლებიც, ასევე, გაუზიარებელი დარჩა გამოძიებისა და სასამართლოს მხრიდან. მაგალითად, ავთანდილ დარსაველიძემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2009 წლის 8 დეკემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით ის ხვდებოდა იმერეთის გუბერნატორს და სხვა პასუხისმგებელ პირებს, რომლებმაც სთხოვეს "დიდების მემორიალის" დემონტაჟი განსაზღვრულ ვადაში, კერძოდ - 2009 წლის 21 დეკემბერს. 17 დეკემბერს დაიდო ხელშეკრულება და მათთვის მაშინვე გახდა ცნობილი, რომ აფეთქება უნდა ჩატარებულიყო არა 21 დეკემბერს, არამედ 19 დეკემბერს, რაზეც ავთანდილ დარსაველიძემ თავიდან სიტყვიერად უარი განაცხადა, მაგრამ "წინააღმდეგობა აღარ გაუწია დამკვეთის დაჟინებულ თხოვნას და ადამიანური ფაქტორებიდან გამომდინარე დაეთანხმა". ელგუჯა გაბადაძის ჩვენებით, უსაფრთხოების წესების დაცვა, ხელშეკრულებით ევალებოდა დამკვეთს, მაგრამ მისი დავალებით აღნიშნულს ახორციელებდა პოლიცია. თენგიზ დარახველიძის თქმით კი, უსაფრთხოების წესების დაცვა მთლიანად პოლიციის ვალდებულებას წარმოადგენდა. აღნიშნულ საქმეში იმერეთის გუბერნატორისა და პოლიციის მონაწილეობაზე მიუთითებს ქუთაისის მაშინდელი მერის მოვალეობის შემსრულებელი ზაზა ნუცუბიძეც საკუთარ ჩვენებაში, საიდანაც ირკვევა, რომ 2009 წლის 19 დეკემბერს, დაახლოებით 12-13 საათზე "შეიკრიბნენ სახელმწიფო რწმუნებულთან, სადაც იმყოფებოდნენ საპატრულო სამსახურის უფროსი გიორგი ბოდაველი და მისი მოადგილე მერაბ წურწუმია, სამხარეო პოლიციის უფროსი მამუკა დათიაშვილი და ქუთაისის პოლიციის უფროსის მოადგილე გივი გიგიაძე, სადაც სურდათ მიეღოთ ინსტრუქციები უსაფრთხოების წესებზე აფეთქებითი სამუშაოების მწარმოებელ ავთანდილ დარსაველიძისაგან. საბოლოოდ მათ გადაწყვიტეს, რომ გასულიყვნენ ადგილზე და იქ მიეღოთ დაზუსტებული ინფორმაცია უსაფრთხო ზონებთან დაკავშირებით. ისინი მივიდნენ მემორიალის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც დარსაველიძემ განუცხადა, რომ მოსახლეობა არ უნდა მდგარიყო მონუმენტის პირდაპირ არსებული ბინების წინ და უშუალოდ ფანჯრები უნდა ყოფილიყო ღია, რადგან შესაძლოა წნევას გამოეწვია მათი ჩამტვრევა, ხოლო რამდენიმე კორპუსის მცირეოდენი რყევა, რის გამოც საჭირო იყო სახლებიდან ხალხის გამოყვანა და კორპუსების უკან გაჩერება ისე, რომ ზემოდან ჩამოვარდნილი შუშის ნატეხებს მოსახლეობის დაზიანება არ გამოეწვია. ასევე საჭირო იყო ირაკლი აბაშაძის, კინოთეატრ "სულიკოდან" ავტოქარხნის ხიდის მეორე ბოლომდე და 9 აპრილის ქუჩების გადაკეტვა, რისი შესრულებაც თავის თავზე აიღეს შს სამინისტროს თანამშრომლებმა, ხოლო მოქალაქეების გაფრთხილება - მუნიციპალიტეტისა და მერიის თანამშრომლებმა."
ბრალდებულების ერთ-ერთი ადვოკატის თემურ გვიშიანის თქმით, „საქფეთქმრეწვის“ თანამშრომლებმა შემოსაზღვრეს უსაფრთხოების რადიუსი 300 მეტრის ფარგლებში, რის შემდეგაც ამ რადიუსის გაკონტროლებაზე პასუხისმგებლობას იღებდა პოლიცია: „დარსაველიძე და პოლიციის უფროსი აფეთქებამდე მიდიან და აკონტროლებენ რადიუსს, არის თუ არა სადმე ხალხი. რომ ნახეს, პერიმეტრი დაცული იყო, ბრუნდებიან უკან და მოდიან მეორე მხარეს. 250 მეტრით დაშორებულ ადგილზე მემორიალიდან, იმის იქით კიდევ 100 მეტრის მანძილზე იყო პერიმეტრი დაცული. ამის შემდეგ დარსაველიძე უშვებს პირველ გამაფრთხილებელ მაშხალას და 15 წუთი ელოდება შეტყობინებას პოლიციის უფროსისგან, თუკი სადმე რამე პრობლემაა უსაფრთხოების კუთხით. 15 წუთის შემდეგ გაუშვეს გამაფრთხილებელი მაშხალა და ელგუჯა გაბადაძემ დააჭირა ხელი ღილაკს, რის შემდეგაც მონუმენტი აფეთქდა,“ - ამბობს თემურ გვიშიანი.
უსაფრთხოების ნორმების დარღვევის კუთხით პოლიციის ბრალეულობაზე საუბრობს განსასჯელების კიდევ ერთი ადვოკატი მარიამ სვანიძე: „არსებობს ვიდეოკადრები, რომლებიდანაც ჩანს, რომ იმ ადგილას, სადაც ბავშვი გარდაიცვალა, დაზარალებულს დახმარებას მხოლოდ მოსახლეობა უწევს. იქ რომელიმე პოლიციის თანამშრომელი დაინახეთ? საქმე, რასაც აფეთქება ჰქვია, სპეციალისტებმა ბრწყინვალედ შეასრულეს,“ - ამბობს სვანიძე.
სასამართლომ მიიჩნია, რომ "განსასჯელების მიერ ზემოაღწერილი გარემოებები არ შეესაბამება სიმართლეს, არ დასტურდება საქმის ფაქტობრივი მასალებით და მოგონილია პასუხისგებლობიდან თავის დაღწევის მიზნით". სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ის ფაქტი, რომ სს "საქფეთქმრეწვის" თანამშრომლებმა არ განსაზღვრეს სწორად საფრთხის ზონა, რამაც გამოიწვია მსხვერპლი. სასამართლომ გაიზიარა მოწმის სახით დაკითხული პოლიციელების ჩვენებები, რომლებმაც მიუთითეს, რომ ირაკლი აბაშიძის გამზირის #17ა და #19 კორპუსებს შორის არსებული სივრცის გაყოლებაზე, ამავე კორპუსების უკან მდებარე რკინის ავტოფარეხის მიმდებარე ტერიტორიის დაცვაზე, სადაც დაიღუპა დედა-შვილი, საუბარი არ ყოფილა, არც რაიმე კონკრეტული მანძილი დაუსახელებია ვინმეს, ანუ თუ რა მანძილი უნდა ჩათვლილიყო უსაფრთხოების ზონად.
საქმეში წარმოდგენილი პიროტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ #17ა და #19 კორპუსებს შორის არის 13,2 მ სიგანის შესასვლელი, რომლის ორივე მხარეს განლაგებულია გარაჟები, სხვადასხვა სათავსოები და ნაგებობები, კორპუსებსა და სათავსოებზე აღინიშნება დაზიანებების კვალი, კერძოდ ჩალეწილია მინები, აღინიშნება ნაკაწრები და ბზარები, მიმდებარე ტერიტორიაზე მიმოფანტულია სხვადასხვა ზომის ბეტონის ნამსხვრევევბი. ინციდენტის ადგილი დიდების მემორიალიდან დაშორებულია 273,50 მ. ინციდენტის ადგილიდან 34,50 მეტრში მოთავსებული ორსართულიანი შენობა, რომელზეც ასევე აღინიშნება დაზიანებები და იქვე მიმოფანტულია სხვადასხვა ზომის ბეტონის ნამსხვრევები. ბეტონის ნატეხის გატყორცნის უშორესი მანძილი ექსპერტების მიერ დაფიქსირდა მემორიალიდან 357 მეტრზე. ამავე პიროტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით, დგინდება, რომ "დიდების მემორიალის" აფეთქების მეთოდით დემონტაჟისას გამოიკვეთა შემდეგი სახის უსაფრთხოების ზომების დარღვევის ფაქტები: არ იყო შემოსაზღვრული უსაფრთხოების (საშიში) ზონა, რაც ნორმებით არა ნაკლები 300 მეტრი უნდა ყოფილიყო; აღნიშნული კონსტრუქციის აფეთქებისთვის საკმარისი იყო 168,00 კგ ასაფეთქებელი ნივთიერება, როცა მასალების მიხედვით გაირკვა, რომ გამოყენებული იქნა 289,700 კგ ასაფეთქებელი ნივთიერება, ანუ საჭირო რაოდენობაზე 121,700 კგ-ით მეტი. ბრალდებულების განმარტებით კი, მემორიალის დემონტაჟისათვის წინასწარი ოთხი საცდელი აფეთქების (14, 15, 16 და 17 დეკემბერს) დროს გამოყენებული იქნა 240 კგ ფეთქებადი მასალა, ხოლო ძირითადი აფეთქებისას (19 დეკემბერს) - მხოლოდ 131 კგ ფეთქებადი მასალა, რაც სასამართლომ არ გაიზიარა.
საბოლოოდ, ავთანდილ დარსაველიძეს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ელგუჯა გაბადაძეს - 3 წლის და 6 თვის ვადით, თენგიზ დარახველიძეს კი - 2 წლის ვადით. ამას გარდა, თითოეულ მათგანს 5000-5000 ლარის გადახდა დაეკისრათ ჯარიმის სახით და 3 წლის განმავლობაში აეკრძალათ აფეთქებითი საქმიანობის წარმოება.
„ყველა ჯოხი ამათზე გადატეხეს,“ - ამბობს ადვოკატი თემურ გვიშიანი, რომელიც ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განაჩენს სააპელაციოში გაასაჩივრებს.
იმავე საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოსგან გარდაცვლილი დედა-შვილის ოჯახმა მორალური ზიანის ანაზღაურებაც მოითხოვა 100 ათასი ლარის სანაცვლოდ, რაც არ დაკმაყოფილდა, "ვინაიდან როგორც სოლომონ ჯინჭარაძემ აჩვენა, მისი მეუღლისა და შვილის გარადაცვალებასთან დაკავშირებით ყველა ხარჯი გაიღო ქუთაისის მერიამ, ხოლო რაც შეეხება დაზარალებულის უფლებამონაცვლისათვის მორალური ზიანის ფულადი კომპენსაციით ანაზღაურებას საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს," - განმარტავს მოსამართლე ლევან თევზაძე.
ჯინჭარაძეების ოჯახს მერიამ 25 ათასი ლარი გადაუხადა და კიდევ დაჰპირდა დამატებით თანხის გამოყოფას, თუმცა დაკრძალვის შემდეგ დაზარალებული ოჯახისთვის მთავრობიდან არავის მიუკითხია. რაც შეეხება პარლამენტის მშენებლობას, რომლის სახელითაც იქნა ძეგლი აფეთქებული, როგორც არაოფიციალური წყაროებისგან შევიტყვეთ, პარლამენტის მშენებლობა არასდროს იგეგმებოდა მემორიალის ადგილზე, ახალი შენობისთვის ადგილი თავიდანვე მემორიალიდან 150-200 მეტრის მოშორებით იყო შერჩეული. ამასთანავე, პიროტექნიკურმა ექსპერტიზამ მიუთითა, რომ ძეგლის დემონტაჟი აფეთქების გარდა, სხვა მეთოდითაც შეიძლებლოდა, თუკი შესწავლილი იქნებოდა ძეგლის ტექნიკური დოკუმენტაცია, რაც არ განხორციელებულა. აღნიშნული დოკუმენტაციის მოძიება კი უპრობლემოდ იქნებოდა შესაძლებელი თავად ძეგლის ავტორისგან - მერაბ ბერძენიშვილისგან, რომელმაც ძეგლის აფეთქების თაობაზე მხოლოდ პოსტ-ფაქტუმ შეიტყო. "დიდების მემორიალის" მოსკოვში "რეანიმაციის" თაობაზე შეთავაზება ბერძენიშვილმა თავად რუსეთის პრემიერ-მინისტრ პუტინისგან მიიღო, თუმცა, როგორც მოქანდაკემ გვითხრა, იგი ამ შეთავაზებაზე დათანხმებას არ აპირებს.
მაია მეცხვარიშვილი
No comments:
Post a Comment