Sunday, February 7, 2010

გუბერნიის შენახვა ნახევარი მილიონით გაძვირდა


მიმდინარე წელი იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ახალი გუბერნატორით, ასევე, ახალი გუბერნატორის პირველი მოადგილით და თითქმის გაორმაგებული საკადრო რესურსით დაიწყო. შტატების ზრდასთან ერთად იმატა ადმინისტრაციის ხარჯებმაც. მაგალითად, გასულ წელთან შედარებით წელს იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის ბიუჯეტი 581 700 ლარით გაიზარდა (შარშან 715 ათასი ლარი იყო იყო გამოყოფილი, წელს კი იმერეთის რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაციის ხარჯი 1 296 700 ლარს შეადგენს).

ოფიციალურად, სამხარეო ადმინისტრაციაში ხუთი სამსახური (საზოგადოებასთან ურთიერთობის, საფინანსო-სამეურნეო, სახელმწიფო ზედამხედველობის, რეგიონული განვითარების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სხვა ორგანოებთან ურთიერთობის სამსახური) ფუნქციონირებს. ამ სამსახურებში ჯამში 27 საჯარო მოხელეა დასაქმებული. ხოლო კიდევ შვიდი თანამშრომელი ხელშეკრულებითაა აყვანილი.

ამას გარდა, მიმდინარე წელს სამხარეო ადმინისტრაციაში მომუშავეთა რაოდენობა 22 თანამშრომლით გაიზარდა. საშტატო ერთეულები საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 20 იანვრის #44 ბრძანებულებით "საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის საშტატო განრიგისა და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ" განისაზღვრა. სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციას დაემატა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. აღნიშნული სამსახური დღემდე არ არსებობდა და ის მხოლოდ ახლახანს შეიქმნა.

კითხვაზე რა მიზნითა და საჭიროებით შეიქმნა არნიშნული სამსახური, სამხარეო ადმინისტრაციაში პასუხი არა აქვთ. პრეზიდენტის მიერ გამოცემულ ბრძანებაში მხოლოდ სამსახურის მოვალეობებზეა აქცენტი გაკეთებული. ამ სამსახურის უმთავრესი ფუნქცია იქნება საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების შემუშავება და განხორციელება. საავარიო-სამაშველო და სხვა სახის გადაუდებელი სამუშაოების შესრულების კოორდინაცია საძიებო-სამაშველო ოპერაციების ჩატარება მთაში და წყალზე. ასევე, დაზარალებული და უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირებისათვის ჰუმანიტარული დახმარებების განაწილების კოორდინაცია და ზედამხედველობა. ახლადშექმნილი სამსახურის უფროსად იმერეთში ირაკლი ჯიქია დაინიშნა. რეალურად რა არის ამ სამსახურის შექმნის მიზეზი, ვერავინ ამბობს - ვერც სამხარეო ადმინისტრაციაში და ვერც არასამთავრობო სექტორში. ოპონენტების მტკიცებით კი, ადმინისტრაციის გაზრდილი ხარჯები მომავალ არჩევნებს უკავშირდება და ხელისუფლება ამ რესურსს საარჩევნოდ გამოიყენებს.

საინტერესოდ გამოიყურება ხარჯები, რისთვისაც 581 700 დაემატა წელს სამხარეო ადმინისტრაციას. გამოყოფილი 1 296 700 ლარიდან სამხარეო ადმინისტრაციაში მომუშავეთა შრომის ანაზღაურებისათვის 575 200 ლარია განსაზღვრული (გასულ წელს 314 604 ლარი იყო), საქონლის შესაძენად და მომსახურეობისათვის - 381 500 ლარი (გასულ წელს 228 100 ლარი), ხოლო არაფინანსური აქტივების მუხლში 340 000 ლარია მითითებული. არაფინანსურ აქტივებში პრივატიზაციიდან შემოსული თანხები იგულისხმება. გასულ წელს ამ მხრივ მხოლოდ 30 ათასი ლარი იყო გათვალისწინებული იმერეთში.

მიმდინარე წელს თანხის ასეთი მკვეთრი ზრდის მიზეზი სამხარეო ადმინისტრაციაში ვერ განგვიმარტეს. "ჯერ არ არის დაზუსტებული ყველაფერი. ცალკეულ რაიონებს ბიუჯეტში ცვლილებები შეაქვთ. ჯერჯერობით ყველაფერი განხილვის სტადიაშია," - ამბობს სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ზეინაბ ხაჩიძე.

კიდევ ერთი საინტერესო დეტალი პრემიებთან დაკავშირებით იკვეთება. გასულ წელს სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე ხელფასის გარდა პრემიების სახით 138 320 ლარი გაიცა. "სამ თვეში ერთხელ ვიღებდით პრემიებს, რომელიც ხელფასის ოდენობის იყო. რაც შეეხება გუბერნატორს, ის ყოველ თვეში იღებდა პრემიებს," - ამბობს ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ზეინაბ ხაჩიძე. ცნობისათვის, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ყოველთვიური სახელფასო სარგო 2 950 ლარია.

როგორც ირკვევა, იმერეთის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ ჩოგოვაძე ყოველთვიურად ხელფასთან ერთად პრემიასაც იღებდა, ანუ თვეში ბიუჯეტიდან მისი შემოსავალი 5900 ლარს შეადგენდა. 2009 წელს პრემიების სახით გაცემულ 138 320 ლარში გუბერნატორის ხვედრითი წილი 35 400 ლარია. არანაკლებ სარგებლობდნენ პრემიებით გუბერნატორის მოადგილეები: პირველი მოადგილის ხელფასი 2360 ლარს შეადგენდა, ხოლო დანარჩენი ორი მოადგილის - 2 250 ლარს. მოადგილეებს ოთხჯერ აქვთ პრემია აღებული, შესაბამისად, პირველ მოადგილეს - 9940 ლარი, ხოლო დანარჩენ მოადგილეებს - 9000 ლარი.

"კანონში საჯარო სამსახურის შესახებ მეცხრე მუხლში წერია, რომ ანაზღაურება შედგება ხელფასის, პრემიის და დანამატისაგან. ამ დანამატების გაწერა უნდა მოხდეს იმ ბიუჯეტის ფარგლებში, რაც დაწესებულებას აქვს. კანონში რაიმე შეზღუდვა, რამდენჯერ უნდა იქნას პრემია გაცემული და ვისზე, არაა. პრემია, როგორც წესი, გაიცემა, როდესაც სამსახურის უფროსი, ვთქვათ, ჩათვლის, რომ განსაზღვრული სამუშაო ზეგანაკვეთურად შეასრულა. თუ ამის მტკიცებულება არსებობს, რომ იმერეთის გუბერნატორი ხელფასის ზეგანაკვეთურად მუშაობდა და განსაკუთრებით სამუშაოს ასრულებდა იმ სამუშაოს გარდა, რომელიც მას ევალება კანონით, მაშინ, ალბათ, მიიღებდა პრემიას. სამწუხაროდ, ამ კუთხით საკანონმდებლო შეზღუდვა არ არსებობს," - ამბობს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარე ნინო თვალთვაძე.

ყოველთვიურად "პრემირებული" გუბერნატორის საქმიანობა გასული წლის ბოლოს თვით პრეზიდენტმა შეაფასა უარყოფითად და დაითხოვა კიდეც თანამდებობიდან, თუმცა მიხეილ ჩოგოვაძის საქმიანობა გასული წლის მანძილზე სახელმწიფო ბიუჯეტს 70 800 ლარი დაუჯდა, ხელფასებისა და პრემიების სახით.

მიხეილ ჩოგოვაძე გასული წლის მიწურულს იმერეთში ლაშა მაქაცარიამ შეცვალა, რომელიც ამ დრომდე რეგიონის გაცნობითაა დაკავებული და ჯერ მედიისა და საზოგადოების წინაშე არ წარმდგარა თავისი სამოქმედო პროგრამით. 29 წლის მაქაცარია პროფესიით იურისტია. მისი თანამდებობრივი კარიერა 2004 წლიდან იწყება. მუშაობდა ჯერ უშიშროების საბჭოში, შემდეგ კი - უშიშროების სამინისტროში. 2005 წლიდან დასაქმდა თბილისის მერიაში, სადაც მერიის ზედამხედველობის სამსახურს ხელმძღვანელობდა 2008 წლამდე. სწორედ ამ პერიოდში უკავშირდება მისი საქმიანობა დედაქალაქში აშენებული და მშენებარე სახლების ხმაურიან ნგრევებს. ამის შემდეგ ის თბილისის საქალაქო სამსახურის კანონიერების დაცვის გენერალური ინსპექციის უფროსად გადაიყვანეს. 2009 წლის 29 დეკემბრიდან კი იმერეთის გუბერნატორად დაინიშნა. იმერეთში მისი მოსვლისთანავე თანამდებობა დატოვა გუბერნატორის პირველმა მოადგილემ: ლაშა კილაძემ ზურაბ ცხაკაიას სახელობის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში დაიწყო მუშაობა, პროგრამული უზრუნველყოფის განყოფილებაში.

"ეს იყო ჩემი პირადი გადაწყვეტილება, დავწერე განცხადება და წამოვედი," - ამბობს კილაძე. მისი ადგილი დასავლეთ საქართველოს კუდ-ის (კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის) უფროსის მოადგილემ გიგა შუშანიამ დაიკავა. შუშანია იმერეთის ვიცე-გუბერნატორად 2005-08 წლებშიც მუშაობდა, თუმცა ამჯერად ის პირველი მოადგილის თანამდებობაზე დაწინაურდა. თანამდებობებს ამ დრომე ინარჩუნებს გუბერნატორის კიდევ ორი მოადგილე - ნიკო კაჭკაჭიშვილი და გია მატარაძე.

იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ გაზრდილი დაფინანსების მიუხედავად, ჯერჯერობით ამ წელიწადში თანამშრომლებისათვის პრემიები არ დარიგებულა. გაჰყვება თუ არა წინამორბედის გზას ახალი გუბერნატორი, ამას კვარტლის ბოლოს სახელფასო უწყისი გვიჩვენებს.

მანანა ქველიაშვილი

1 comment: