"ახალი გაზეთი" მთელი გასული კვირის მანძილზე იკვლევდა, თუ რა მოხდა 19 დეკემბერს ქუთაისში? რატომ დასრულდა მსხვერპლით ქუთაისში "დიდების მემორიალის" დემონტაჟი? ვინ იყო პასუხიმგებელი უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე? რატომ და ვისი ბრძანებით დაჩქარდა ძეგლის აფეთქება? რა რეაგირება მოჰყვა ხელისუფლებისა და გამოძიების მხრიდან მომხდარ ფაქტს? ამ საკითხებზე პასუხები ნახეთ ჩვენი ჟურნალისტური გამოძიების პირველ ნაწილში:
19 დეკემბერი თვითმხილველების მონათხრობში
სოსო ჯინჭარაძე ირაკლი აბაშიძის გამზირზე, "დიდების მემორიალის" მოპირდაპირე მხარეს მდებარე რვასართულიანი კორპუსის მე-6 სართულზე ცხოვრობს. იმ დღეს, 19 დეკემბერს, სოსო სამუშაოდ წავიდა. შინ მეუღლე - ეკა ცუცხვაშვილი და ორი მცირეწლოვანი (11 წლის და 8 წლის) შვილი დატოვა. ეკა სამზარეულოში სადილს ამზადებდა, როდესაც ქუჩაში საყვირებით დაიძახეს, რომ მოსალოდნელი აფეთქების გამო მოსახლეობას საცხოვრებელი სახლები დაეცალა. ეკამ სადილის მომზადება მიატოვა და შვილებთან ერთად კორპუსის ეზოში ჩავიდა და ერთ-ერთ ავტოფარეხთან დადგა, შვილებთან და მეზობლებთან ერთად. რამდენიმე წუთში (16:00 საათზე) აფეთქების ხმა გაისმა. აფეთქებისთანავე მემორიალის ბეტონის თაღის ნასხვრევები მოპირდაპირე მხარეს, კორპუსების მიმართულებით გადმოიყარა. იმავდროულად, იმ ავტოფარეხთან, სადაც ეკა და მისი 11 წლის შვილი - ნინო ჯინჭარაძე იმყოფებოდა, სისხლის გუბე დადგა. დედა-შვილს ბეტონის ნამსხვრევები თავის არეში მოხვდა. ნინო შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა, ეკა კი - საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ.
"ეს ჩემი რძალი და ძმის შვილი ხომ დაუტნიეს "სურამის ციხეს"?! ააშენოს ახლა და გაიხაროს! ვინც უნდათ, ის დასაჯონ, მე რაღა მეშველება?" - ამბობს ეკა ცუცხვაშვილის მული - ნინო ჯინჭარაძე. იგი იმავე კორპუსში, ოღონდ მე-8 სართულზე ცხოვრობს. 19-ში მომხდარ ტრაგედიას ნინო ასე იხსენებს: "აივანზე რომ გავიხედე, ჩამოდი, ქალბატონო, რას ელოდებიო? ეზოში არ გაგვაჩერეს, თორემ აგერ ხომ ვიქნებოდი, იქით რატომ წავიდოდი? წავედით იქით, ბაღისკენ და წამოვიდა ქვების წვიმა. სხვებსაც მოხვდა ეს ქვები, მაგრამ ჩემებს საფეთქლებში მოხვდა და ასეთი უბედურება დამემართა."
ძეგლის აფეთქების დღეს იხსენებს ჯინჭარაძეების მეზობელი მალვინა თედიაშვილიც: "ჩვენ მანამდე გაგვაფრთხილეს, რომ 21-ში უნდა მომხდარიყო აფეთქება, მაგრამ ასე უცებ, 19-ში რატომ გადაწყვიტეს აფეთქება, არ ვიცი: მოვიდა პოლიცია, დაცალეთ სახლებიო, აფეთქება იქნებაო, პრობლემა არ იქნებაო, ოღონდ, გარეთ გამოდით და ფანჯრები ღია დატოვეთო. მართლაც გამოვედით გარეთ და სულ ნახევარ საათში ატყდა წივილ-კივილი იქით, ეზოში. ვინ როგორ გარბოდა და რა პანიკა იყო, ენით ვერ აღვწერ."
19 დეკემბერს, მემორიალის აფეთქების თვითმხილველები ჩვენთან საუბარში აცხადებდნენ, რომ მოსახლეობის გაფრთხილება მუნიციპალიტეტის და პოლიციის თანამშრომლებმა აფეთქებამდე რამდენიმე საათით ადრე დაიწყეს. მოსახლეობას უთხრეს, რომ კორპუსები დაეცალათ და კურპუსის უკან, ეზოებისკენ შეეფარებინათ თავი. თუმცა, მეორე დღეს, როდესაც ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატმა აკაკი ბობოხიძემ სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, რომ მსხვერპლი მოსახლეობის ცნობისმოყვარეობამ გამოიწვია (რომლებიც, თურმე, არ დაემორჩილნენ გაფრთხილებას და კორპუსების სახურავებზეც კი აძვრნენ, რომ ძეგლის აფეთქება მობილური ტელეფონებით გადაეღოთ), ნაციონალურ სატელევიზიო არხებზე ორი ქალბატონი (ოპოზიციის ინფორმაციით, ისინი "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები არიან) გამოჩნდა, რომლებიც გულზე მუშტებს იბრახუნებდნენ და ირწმუნებოდნენ, რომ პოლიციამ და მუნიციპალიტეტის თანამშრომლებმა ისინი 10 დღით ადრე გააფრთხილეს მოსალოდნელი აფეთქების თაობაზე. მაგრამ არ გაითვალისწინეს ეს გაფრთხილება და ამან - მოსახლეობის მხრიდან გაუფრთხილებლობამ და ურჩობამ - გამოიწვია 2 უდანაშაულო ადამიანის დაღუპვა. იგივე ქალბატონები იხილა ტელეეკრანებიდან სრულიად საქართველომ 21 დეკემბერსაც, ოპოზიციის წარმომადგენლებთან "შერკინების" პროცესში. ისინი იგივეს გაჰკიოდნენ - რომ "პოლიციამ და მუნიციპალიტეტმა ხუთიანზე იმუშავა" და მოსახლეობა მოსალოდნელი აფეთქების თაობაზე 10 დღით ადრე გააფრთხილა. ანუ თუ ამ ადამიანების სიტყვებს დავუჯერებთ, გაფრთხილება მოსახლეობას 9 დეკემბერს უნდა მიეღო მაშინ, როცა ძეგლის დემონტაჟზე მუშაობა 12 დეკემბერს დაიწყო ქუთაისში და იმავე დღეს იქ დასაქმებულმა მუშებმა ჩვენთან საუბარში განაცხადეს, რომ ძეგლის აფეთქება 21 დეკემბერს, პრეზიდენტის დაბადების დღეს შედგებოდა. ასეთი დირექტივა ჰქონდათ მათ მიღებული დამქირავებლების მიერ.
19 დეკემბერი - გამოძიების ვერსიაში
მემორიალის აფეთქების შედეგად დედა-შვილის დაღუპვის გამომწვევ მიზეზებს საქართველოს მთავარი პროკურატურა იკვლევს. პირველი განცხადება 19 დეკემბერსვე მთავარმა პროკურორმა მურთაზ ზოდელავამ გააკეთა: "2009 წლის 19 დეკემბერს ქუთაისის მუნიციპალიტეტის დაკვეთით, კერძო კომპანია სს "საქფეთქმრეწვმა" ჩაატარა სადემონტაჟო სამუშაო, რასაც მოჰყვა მსხვერპლი, გარდაიცვალა 2 ადამიანი. წინასწარი მონაცემებით, ტრაგედიის მიზეზი გახდა უსაფრთხოების წესების დარღვევა. ამ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. გამოძიებას აწარმოებს მთავარი პროკურატურის სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი. ყველა პირი, რომელსაც ბრალი მიუძღვის აღნიშნულ ქმედებაში, მიეცემა პასუხისგებაში," - განაცხადა მან. მეორე დღეს პროკურატურამ პირველი ეჭვმიტანილის დაკავების თაობაზე გამოაცხადა. პროკურატურის ინფორმაციით, სს "საქფეთქმრეწვის" ტექნიკური დირექტორი ავთანდილ დარსაველიძე უშუალოდ იყო პასუხისმგებელი სადემონტაჟო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დაცვაზე, რაც მის მიერ არ იქნა შესრულებული. კერძოდ, უხეშად დაირღვა კანონით დადგენილი ნორმატივები, რომლითაც რეგულირდება ასეთი ტიპის სამუშაოებისას უსაფრთხოების წესები. იმავე დღეს დაინიშნა ტექნიკური ექსპერტიზა, რასაც 22 დეკემბერს პროკურატურის მორიგი განცხადება მოჰყვა: მთავარი პროკურატურის სპეციალურმა საგამოძიებო ჯგუფმა კიდევ ორი პიროვნება მისცა პასუხისგებაში - "საქფეთქმრეწვის" ქუთაისის უბნის უფროსი ელგუჯა გაბადაძე და "საქფეთქმრეწვის" თბილისის უბნის უფროსი თენგიზ დარახველიძე. სამივე დაკავებულს, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღკვეთის ღონიძიების სახით უკვე შეეფარდათ პატიმრობა. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის წაეყენათ.
"მათ არ განსაზღვრეს უსაფრთხოების ზონა, რის გამოც მოსახლეობის ევაკუირება განხორციელდა 211 მეტრიან რადიუსზე, ნორმატივებით განსაზღვრული მინიმუმ 300 მეტრიანი რადიუსის ნაცვლად. ტრაგიკული შემთხვევა კი სწორედ ასაფეთქებელი ობიექტიდან 273,5 მეტრში დაფიქსირდა. გარდა ამისა, სამუშაოთა მწარმოებლები ვალდებული იყვნენ ასაფეთქებელი მოედანი შემოეფარგლათ სპეციალურად მომზადებული საფარი ნაგებობებით, ე.წ. მიწაყრილებით. ეს მოთხოვნაც, მხოლოდ ნაწილობრივ იქნა დაცული. კერძოდ, 9-10 მეტრის სიმაღლის მიწაყრილის ნაცვლად, გაკეთდა მხოლოდ 4 მეტრის სიმაღლის საფარი, რაც არ იყო საკმარისი აფეთქების შედეგად გამოტყორცნილი ქანების შესაკავებლად. საგამოძიებო ჯგუფის წინასწარი დასკვნით, სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორები გახდა ტრაგედიის ძირითადი მიზეზი," - ასეთი გახლავთ მთავარი პროკურატურის აქამდე არსებული განმარტება ქუთაისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით.
19 დეკემბერი - პოლიტიკური პასუხისმგებლობის ჭრილში
19 დეკემბერს, ტრაგედიიდან 6 საათში, პოლიტიკური პასუხისმგებლობა ქუთაისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით იმერეთის გუბერნატორს მიხეილ ჩოგოვაძეს დაეკისრა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ პირდაპირ სატელევიზიო ეთერში აუწყა მოსახლეობას, რომ მიხეილ სააკაშვილმა თანამდებობიდან გაათავისუფლა მიხეილ ჩოგოვაძე. იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის კანცელარიაში ჯერ-ჯერობით არ გააჩნიათ ოფიციალური დოკუმენტი (ბრძანება) ჩოგოვაძის გათავისუფლების თაობაზე. გუბერნატორის ადმინისტრაციის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის ზეინაბ ხაჩიძის ინფორმაციით, მიხეილ ჩოგოვაძემ პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა თანამდებობა. თუმცა, რატომ დადგა მიხეილ ჩოგოვაძის პასუხისმგებლობის საკითხი მაშინ, როცა პროკურატურის ოფიციალური ინფორმაციით, შემსრულებელი ფირმა ქუთაისის მერიამ დაიქირავა, ამაზე პრეზიდენტმა განმარტება 25 დეკემბერს ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში გააკეთა: "რწმუნებული არის თვალი და ყური პრეზიდენტის, ყველა შემთხვევაში, ის არის პასუხიმგებელი, არის თუ არა პირადად მისი უშუალო მონაწილეობა. იმიტომ, რომ ის არის იქ, ადგილზე, ნეტავ, მე ვყოფილიყავი იქ, მე უფრო დავინახავდი რაღაცას," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ქუთაისის მერიის საქმიანობაზე კონტროლი საკრებულოს უშუალო პრეროგატივაა, თუმცა რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, საკრებულოს ამის თაობაზე არც სხდომა მოუწვევია და არც აღმასრულებელი ხელისუფლებისგან მოუთხოვია ოფიციალური განმარტება.
"ვერავითარ ანგარიშზე ვერავითარ პასუხს ვერ გაგცემთ, ეს არის ტკივილი ქალაქის, პირველ რიგში, ოჯახის. ასეთ შემთხვევაში, პასუხისმგებლობის საკითხს წყვეტს შესაბამისი ორგანოები," - განაცხადა ჩვენთან საუბარში ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან ხვადაგიანმა.
გასულ კვირას საკრებულო მხოლოდ ერთი მოტივით შეიკრიბა, რომ ქალაქის ახალი მერი დაემტკიცებინა. ჩვენ ახლადარჩეულ მერსაც მივმართეთ იგივე შეკითხვით, დაინტერესდებოდა თუ არა მერიის თანამშრომლების როლის გამორკვევით 19 დეკემბერს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, რაზეც გია თევდორაძისგან ასეთი პასუხი მივიღეთ: "ეს არ არის ჩემი პრეროგატივა, მე ვიცი, რომ კონკრეტული სტრუქტურები, უფრო კომპეტენტური ხალხი არის დაინტერესებული ამ საკითხით და ისინი გაარკვევენ, ვისი ბრალეულობაა, ვინ არის დამნაშავე და ვინ უნდა დაისაჯოს."
19 დეკემბერი - სამთავრობო დოკუმენტაციის ჭრილში
12 დეკემბერს, როდესაც ქუთაისში მემორიალის დემონტაჟი დაიწყო, ჩვენ, პირველ რიგში, ქუთაისის თვითმმართველობის წარმომადგენლებს დავუკავშირდით: მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა გიზო თავაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თამაზ მარგველაშვილმა, საკრებულოს უმრავლესობის ლიდერმა კახა ნემსიწვერიძემ ჩვენთან საუბარში არ დამალეს, რომ ამის თაობაზე არანაირ ინფორმაციას არ ფლობდნენ და აცხადებდნენ, რომ ძეგლის დემონტაჟის შესახებ გადაწყვეტილების მიმღების თაობაზე არაფერი იცოდნენ. ამის შემდეგ ჩვენ ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელს ზაზა ნუცუბიძეს მივაკითხეთ, რომელმაც 18 დეკემბერს, ჩვენთან საუბარში განაცხადა: "ძეგლის დემონტაჟს მოითხოვს პარლამენტის მშენებლობა. მთავრობის განკარგულებით, ქუთაისისთვის გამოყოფილია თანხა, რომელიც უშუალოდ ამ პარლამენტის შენობის აშენების, დაპროექტების, დემონტაჟის და სხვა მოსამზადებელი სამუშაოებისთვის საჭიროა. ეს მოსამზადებელი სამუშაოები დაწყებულია შესაბამისი აქტებით და შესაბამისი ხელშეკრულებებით. ყველაფერი კეთდება იმისათვის, რათა განხორციელდეს ის, რასაც ჰქვია ქუთაისში საპარლამენტო სხდომების ჩატარება." მეტი განმარტების მოცემა ზაზა ნუცუბიძე აღარ ისურვა და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გვირჩია, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად გვემოქმედა. 18 დეკემბერს ჩვენ ქუთაისის მერიას მივმართეთ ოფიციალური წერილით, თუ ვისი ბრძანებით ხორციელდებოდა ძეგლის დემონტაჟი და ვინ დაიქირავა აღნიშნული სამუშაოების შემსრულებელი ფირმები? საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელმა პირმა გვითხრა, რომ ამ ინფორმაციას, ორშაბათს, 21 დეკემბერს მივიღებდით, თუმცა 19-ში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა და ამ ინფორმაციის მიღება უკვე შეუძლებელი აღმოჩნდა. 22 დეკემბერს ქუთაისის მერიამ წერილობით განგვიმარტა, თუ რის გამო გახდა შეუძლებელი ჩვენთვის ინფორმაციის მოწოდება: "დემონტაჟის დროს მომხდარი უბედური შემთხვევის გამო, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და ქ. ქუთაისის მერიაში არსებული დემონტაჟთან დაკავშირებული, ყველა დოკუმენტაცია (ბრძანება, ხელშეკრულება) კანონით დადგენილი წესით ამოღებულია საქართველოს პროკურატურის მიერ," - ნათქვამია წერილში. ქუთაისის მერიის აპარატში გავარკვიეთ, რომ პროკურატურამ ყველა დოკუმენტი (რასაც ჩვენ ვითხოვდით) 19 დეკემბერს ამოიღო მერიიდან.ამის მიუხედავად, ჩვენ მაინც მოვახერხეთ აღნიშნული დოკუმენტაციის მოპოვება და აი, რა გავარკვიეთ:
ქუთაისში მემორიალის დემონტაჟი საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის #915 განკარგულების საფუძველზე დაიწყო, რომელსაც ხელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური აწერს.
"ქ. ქუთაისში პარლამენტის ახალი შენობის დაპროექტების, სამშენებლო მოედანზე არსებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟის, სეისმური და გეოლოგიური კვლევების ჩატარების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ "საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თვითმმართველი ქალაქი ქუთაისის მერიას გამოუყოს 5 მილიონი ლარი," - ნათქვამია აღნიშნულ განკარგულებაში. იმავე განკარგულებაში მითითებულია, რომ სამუშაოების მაქსიმალურად მოკლე დროში შესრულების უზრუნველსაყოფად, სახელმწიფო შესყიდვები განხორციელდეს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით, ხოლო განკარგულების შესრულებაზე კონტროლი დაევალათ სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორ მიხეილ ჩოგოვაძეს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს.
5 მილიონი ლარი ქუთაისის ბიუჯეტის ანგარიშზე 11 დეკემბერს ჩაირიცხა. 12 დეკემბერს დაიწყო ძეგლის დემონტაჟი ქუთაისში, რომელსაც აწარმოებდა თბილისური ფირმა "საქფეთქმრეწვი" და ქუთაისური "ლიტოკონსტრუქცია". თუმცა, როგორც ირკვევა, სამუშაოების შესრულება ისე დაიწყო, რომ შესაბამისი ხელშეკრულებები იმ დროისთვის არ იყო გაფორმებული. ხელშეკრულებები ქუთაისის მერიის სახელით ზაზა ნუცუბიძემ 16 დეკემბერს გააფორმა, თუმცა არა "საქფეთქმრეწვთან" (ეს ფირმა რეგისტრირებული ქ. თბილისში 1996 წლის 4 მარტიდან და მისი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საქართველოს რესპუბლიკაში და მის საზღვარგარეთ ნებისმიერი ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოები) და "ლიტოკონსტრუქციასთან", არამედ - შპს "საქმილსადენმშენთან" (ეს ფირმა რეგისტრირებულია ქ. წყალტუბოში). ხელშეკრულების საგნად განისაზღვრა შემდეგი: "ქ. ქუთაისში საქართველოს პარლამენტის ახალი შენობის მშენებლობისთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე დიდების მემორიალის დემონტაჟის, შესაბამისი სამუშოებისა და მიღებული ნარჩენების გატანის უზრუნველყოფის (50კმ-ს ფარგლებში) განხორციელება". ამ სამუშაოსთვის შპს "საქმილსადენმშენს" 600 ათასი ლარი უნდა მიეღო ბიუჯეტიდან. ხელშეკრულების თანახმად, "საქმილსადენმშენი" იძლევა გარანტიას, რომ შეასრულებს სამუშაოს მაღალ ეფექტურად და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად დადგენილი ნორმების დაცვით. ხოლო ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლი ევალება ქ. ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურს.
რა კავშირი აქვს "საქმილსადენმშენს" "საქფეთქმრეწვთან"?
ამ საკითხის გასარკვევად ჩვენ "საქმილსადენმშენის" დირექტორს ავთანდილ ლომთაძეს დავუკავშირდით და მისგან ეს ინტერვიუ ჩავწერეთ ტელეფონით:
- ჩვენ ხელშეკრულება გავუფორმეთ, როგორც ქვეკონტრაქტორ ფირმებს, "საფეთქმრეწვს" და "ლიტოკონსტრუქციას". ხელშეკრულება "საქფეთქმრეწვთან" გაფორმდა 91 700 ლარზე - ძეგლის აფეთქებისთვის, ხოლო "ლიტოკონსტრუქციასთან" - 2000 ლარზე, რადგან მათ უბრალოდ მუშები გამოყვეს, რომ ჩამოეხსნათ ლითონის კონსტრუქცია ძეგლიდან.
- რა ურთიერთობა გქონდათ ამ ფირმებთან მანამდე, როგორ შეარჩიეთ ისინი?
- ჩვენ არ შეგვირჩევია არავინ. მე რომ მივედი მერიაში ხელშეკრულების გასაფორმებლად, ეს ფირმები უკვე შერჩეული იყო.
- აბა, რატომ გაფორმდა თქვენთან ხელშეკრულება?
- გვთხოვა მერიამ, რომ ჩვენთან გაფორმებულიყო ხელშეკრულება, რადგან ეს "საქფეთქმრეწვი" თბილისური ფირმა იყო და ჩვენ - ადგილობრივი, ამიტომ გადაწყვიტეს ჩვენთან ხელშეკრულების გაფორმება.
- ვინ გთხოვათ კონკრეტულად, მერიის რომელმა თანამშრომელმა?
- გუბერნატორი ხელმძღვანელობდა ყველაფერს.
- მიხეილ ჩოგოვაძე?
- დიახ, ჩოგოვაძე.
- თქვენ რა ინფორმაცია გქონდათ, როდის უნდა აეფეთქებინა თქვენს ქვეკონტრაქტორ ფირმას ძეგლი?
- 21 დეკემბერს.
- და მაშინ რატომ მოხდა ძეგლის აფეთქება 19-ში? ვინ გასცა ეს ბრძანება?
- არ ვიცი, ეს ძალიან მოულოდნელად მოხდა, მე თბილისში ვიყავი და რომ ჩამოვედი, უკვე აფეთქებული იყო ძეგლი.
- თქვენთან ხელშეკრულება გაფორმდა 600 ათას ლარზე, მაგრამ როგორც თქვით, "საქფეთქმრეწვს" თქვენ ხელშეკრულება გაუფორმეთ 91 700 ლარზე, "ლიტოკონსტრუქციას" კი - 2000 ლარზე, დანარჩენი თანხა რას უნდა მოხმარებოდა?
- ბილბორდი იყო კიდევ გასაკეთებელი, რისთვისაც დაიხარჯა 19 ათას ლარზე მეტი, 8500 ლარი დაიხარჯა სეისმოლოგიურ სამუშაოებზე და ა.შ.
- თქვენს ფირმას რაიმე თანხა რჩებოდა ამ ფულიდან? რაიმე სამუშაო უნდა განგეხორციელებინათ თქვენ?
- ჩვენი სამუშაო იყო მიწის ბალიშის მოწყობა და გატანა.
- თქვენ ფირმას აქვს რაიმე გამოცდილება აფეთქებითი სამუშაობის წარმოების კუთხით?
- არა, არანაირი.
- თქვენ დაგკითხათ პროკურატურამ?
- დიახ.
- რა შეკითხვები ჰქონდათ თქვენთან პროკურატურის თანამშრომლებს?
- აინტერესებდათ, თუ ვინ იყო ტერიტორიიდან ხალხის გაყვანაზე პასუხისმგებელი.
- და ვინ იყო ამაზე პასუხისმგებელი? შემსრულებელი ფირმა?
- არა, მუნიციპალიტეტს უნდა გაეფრთხილებინა ხალხი.
19 დეკემბრის შემდეგ
ქუთაისის ბიუჯეტში მთავრობის განკარგულებით ჩარიცხული 5 მილიონი ლარიდან ჯერ მხოლოდ 200 ათასი ლარია დახარჯული. ეს თანხა "საქმილსადენმშენს" ავანსის სახით გადაერიცხა, საბანკო გარანტიის თანახმად. ქუთაისის მერიას კიდევ ერთი ხელშეკრულება აქვს გაფორმებული აღნიშნული 5 მილიონი ლარის გასახარჯად. მერიამ ერთ პირთან მოლაპარაკების გზით ბათუმური ფირმა შპს "ტუოვი" შეარჩია ქ. ქუთაისში საქართველოს პარლამენტის შენობის მშენებლობისთვის გამოყოფილი ტერიტორიის (ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე დიდების მემორიალის მიმდებარე ტერიტორია) საინჟინრო გეოლოგიური კვლევების განსახორციელებლად. აღნიშნულ ფირმას ხელშეკრულება 171 907.12 ლარზე აქვს გაფორმებული, თუმცა თანხა ფირმის ანგარიშზე გადარიცხული არ არის, ისე როგორც არ მიუღია ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა "საქმილსადენმშენს" (600 ათასიდან ამ ფირმას მხოლოდ 200 ათასი გადაერიცხა).
როგორც უკვე აღვნიშნეთ, შემსრულებელ ფირმებთან ხელშეკრულებებს მერიის სახელით ხელს აწერს მერის პირველი მოადგილე ზაზა ნუცუბიძე (იმ დროისთვის მერის მოვალეობის შემსრულებელი), რომელიც 24 დეკემბერს თანამდებობას გამოეთხოვა - ოფიციალური ინფორმაციით, საკუთარი განცხადების საფუძველზე.
მემორიალის აფეთქების შედეგად დაღუპული დედა-შვილი 24 დეკემბერს დაკრძალეს. "რატომ გაგვიყვანეს სახლიდან გარეთ? როცა მიწისძვრა იყო, მაშინ არ შემშინებია და არ გავსულვარ გარეთ, ამ მემორიალს თუ არ დაანგრევდნენ, კი იქნებოდნენ ისე. მეხი მაგენს! რისთვის? მიღირდა ეს ყველაფერი მაგის ფასად?" - ამბობს ნინო ჯინჭარაძე. გარდაცვლილთა ოჯახს ქუთაისის მერიის სარეზერვო ფონდიდან 12 500 ლარი გამოეყო დახმარების სახით.
საქართველოს პრეზიდენტი გარდაცვლილთა ოჯახში არც პანაშვიდების და არც დაკრძალვის დღეს გამოჩენილა. ის, რომ მიხეილ სააკშვილი "შეძრწუნებულია" ქუთაისში მომხდარი ტრაგედიით, მოსახლეობამ მისი ადმინისტრაციის პრეს-სპიკერის გადმოცემით შეიტყო, თუმცა "შეძრწუნებული" პრეზიდენტი ტრაგედიიდან მეორე დღეს ბათუმში გაემგზავრა, სადაც ის საღამოს 7 საათზე "გაზეთ ბათუმელების" ჟურნალისტებმა აღბეჭდეს ფოტოზე, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ერას მოედანზე ერთ-ერთი მომღერლის გამოსვლას ადევნებდა თვალს. თუმცა, როგორც "ბათუმელები" იუწყება, პრეზიდენტის დაცვის წევრებმა მათ ეს კადრი წააშლევინეს ფოტოაპარატიდან. პრეზიდენტი პირადად ქუთაისში მომხდარ ფაქტს 25 დეკემბერს გამოეხმაურა: "ქუთაისში რომ ვიყავი, ძალიან ბევრი რაღაც არ მომეწონა და მერი გამოიცვალა, მაგრამ, როგორც ჩანს, სხვა ზომებიც უნდა მიმეღო, მაგრამ ეს არის ბევრი რაღაცის შედეგი. ეს არის იმის შედეგი, რომ ვიღაცა ამფეთქებელი, გპი-ში რომ სწავლობდა, 50 მანეთს რომ დებდა ჩათვლის წიგნაკში, აი, ეს არის შედეგი კორუფციის, განუკითხაობის, მამიკოს შვილების, რომ ელემენტარული ცოდნა არა აქვთ და ბოდიში და, ფეხებზე ჰკიდიათ ყველაფერი! იმედია, გამოძიება დაადგენს ყველაფერს და სანამ პრეზიდენტი ვარ, მე მაგათ არ შევიწყალებ იმიტომ, რომ ყველაფერს აქვს საზღვარი," - განცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ამ განცხადებამდე კი, ტრაგედიის მეორე დღეს, 20 დეკემბერს ქუთაისელებმა "პრეზიდენტის საჩუქრის" ფოტოილუსტრაცია მიიღეს. ბანერზე გაკრული ფოტოილუსტრაცია იუწყება, რომ 2012 წელს ქუთაისში პარლამენტის შენობა გაიხსნება.
"ადამიანების სისხლზე და ძვლებზე პარლამენტის შენობების აგება არ შეიძლება და ქუთაისს პარლამენტის შენობა კი არა, სამუშაო ადგილები, ქარხანა და ფაბრიკა ჭირდება," - ამბობს ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი კობა დავითაშვილი. იგივე პათოსს იზიარებენ ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებიც. ზურაბ ნოღაიდელმა პირობა დადო, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მოგების შემთხვევაში, მემორიალსაც აღადგენს და იქვე, წმ. ნიკოლოზის სახელობის (ვინაიდან აფეთქება ნიკოლოზობა დღეს მოხდა) ტაძარსაც ააშენებს აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა საპატივსაცემოდ.
19 და 20 დეკემბერს ქუთაისელები ჩვენთან საუბარში ღიად აპროტესტებდნენ ხელისუფლების დაუდევრობას და მთელ პასუხისმგებლობას მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სწორედ ქვეყნის პრეზიდენტს აკისრებდნენ. თუმცა მთელი კვირის მანძილზე შემთხვევის ადგილსა და მიმდებარე ტერიტორიას გაძლიერებული ძალებით აკონტროლობდნენ კუდ-ის თანამშრომლები და მმართველი პარტიის წარმომადგენლები. უფრო მეტიც, აფეთქების შედეგად დაღუპულთა და დაზარალებულთა ოჯახის წევრების, თვითმხილველების კომენტარები არც ერთი ნაციონალური სატელევიზიო არხის ეთერში არ გადაცემულა. "პირველი არხის", "რუსთავი 2"-ისა და "იმედის" ოპერატორების მიერ 19 დეკემბერს გადაღებული ვიდეო მასალა სამართალდამცავებმა "ამოიღეს". ინფორმაციულმა ვაკუუმმა და გაძლიერებულმა კონტროლმა შედეგი გამოიღო და 24 დეკემბერს, გარდაცვლილი დედა-შვილის დაკრძალვის ცერემონიამ ყოველგვარი "ზედმეტი" ხმაურისა და პროტესტის გარეშე ჩაიარა.
მაია მეცხვარიშვილი
No comments:
Post a Comment