
ამ წუთებში ქუთაისში "გამარჯვების მემორიალის" ნგრევა და დემონტაჟი მიმდინარეობს. ავტოქარხნის დასახლებაში, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე, სადაც ეს მემორიალი იყო განთავსებული, მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა. ძეგლის დემონტაჟს კომპანია "ლიტოკონსტრუქცია" ახორციელებს. ამ დროისთვის უკვე აღებულია მემორიალის წინ მდებარე ცხენოსანი "მზეჭაბუკი", რომელსაც "ახალი გაზეთის" ინფორმაციით, ახალგაზრდობის გამზირზე, სპორტის სასახლის შენობასთან უპირებენ გადატანას. ხოლო უშუალოდ მემორიალი, ადგილზე დასაქმებული მუშების თქმით, დღის ბოლომდე დაინგრევა. გამარჯვების მემორიალი ქუთაისში 1980-ანი წლების დასაწყისში დაიდგა და იგი ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლის დიდებას მიეძღვნა. ძეგლის ავტორი ცნობილი ქართველი მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილია. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ძეგლის დემონტაჟს წინ უძღოდა მერაბ ბერძენიშვილის სატელევიზიო ინტერვიუ (რომელიც ერთი თვის წინ გადაიცა ტელეკომპანია "კავკასიის" ეთერით) და საგაზეთო მიმართვა (რომელიც გაზეთ "ახალ გაზეთში" გამოქვეყნდა და რომლის სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ ამ მისამართზე:http://akhali-gazeti.blogspot.com/2009/11/blog-post_4518.html). ბერძენიშვილის ძეგლი ბოლო ხუთი წლის მანძილზე ინტენსიურა
დ იძარცვებოდა ქუთაისში, სწორედ ამას მოჰყვა ავტორის ასეთი მიმართვა საზოგადოებისადმი: "მემორიალის რელიეფის ერთი ნაწილი გამოგლეჯილია! ის ჩემი გულის ნაწილია. ამიტომ ჩემი გულისტკივილი თუ მძაფრად გამოვხატე, მომიტევეთ. ბატონებო! მემორიალი მიეძღვნა იმ ღიმილის ბიჭების არდავიწყებას, რომლებმაც მკერდით დაგვიცვეს ჩვენ მეოცე საუკუნის ყველაზე დიდი ბოროტებისაგან და სიცოცხლე გაწირეს, დღეს ზნედაცემული ადამიანი, რომელსაც არ აქვს უნარი, აღიქვას მემორიალის მნიშვნელობა, ანადგურებს, ძარცვავს, ანგრევს ძეგლს, რომელიც მომავალ თაობებს ეკუთვნის. ეს უბრალოდ ავაზაკობაა, ხოლო ასეთი ქმედებისადმი გულგრილი დამოკიდებულება დანაშაულია, დიდი უპატივცემულობა იმ მამაცი ვაჟკაცების მიმართ, რომლებიც ბრძოლის ველზე დაეცნენ, უპატივცემულობაა იმ დედებისადმი, რომლებმაც სამშობლოს ჭეშმარიტი ვაჟკაცები აღუზარდეს. ქუთაისის მემორიალის კომპოზიციის ცენტრალურ ნაწილში სწორედ დედის სიმბოლოა გამოსახული, რომელსაც მძარცველებმა მკერდი გამოფატრეს, გამარჯვებულ მზეჭაბუკს კი ხმალი მოახერხეს, ვაი, სირცხვილო!"


ძეგლის დემონტაჟისთვის დაქირავებულმა მუშებმა ჩვენთან საუბარში აღნიშნეს, რომ ისინი პრეზიდენტის დავალების შესაბამისად მოქმედებენ. საქმე ის არის, რომ პრეზიდანტი 30 ნოემბერს იმყოფებოდა ქუთაისში, როდესაც ის ერთ-ერთ ოჯახში, სწორედ ავტოქარხნის დასახლებაში მივიდა. აღნიშნულ უბანში მდებარეობს ეს ძეგლიც.

ძეგლის დემონტაჟის თაობაზე ავტორმა - მერაბ ბერძენიშვილმა პირველად "ახალი გაზეთის" საშუალებით შეიტყო: "რას მეუბნებით? კი, მაგრამ მე არაფერს მეკითხებიან? ქუთაისში, მე მეგონა, იყო ხალხი, რომლებიც მე მიყვარდა და რომლებსაც მე ეს ძეგლი მივუძღვენი, მაგრამ, თურმე, მათთვის მთავარი კუჭი ყოფილა. არამი იყოს, ალბათ, ჩემი შრომა მაგ ქალაქისთვის, აი, ეს მათქმევინეს ბოლოს და ბოლოს," - განაცხადა მერაბ ბერძენიშვილმა ჩვენთან საუბარში.
მაია მეცხვარიშვილი
No comments:
Post a Comment