Saturday, December 19, 2009

ძეგლის აფეთქებას ბავშვი ემსხვერპლა


19 დეკემბერს, 16:00 საათზე, ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში საშინელი აფეთქების ხმა გაისმა. იმავდროულად გავრცელდა ინფორმაცია, რომ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა: თავის ქალის მრავლობითი დაზიანებების შედეგად ადგილზე დაიღუპა 11 წლის ნინო ჯინჭარაძე. ამას გარდა, მრავლობითი ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს დედამისი - ეკა ცუცხვაშვილი-ჯინჭარაძისა და მათ მეზობლად მცხოვრები ირაკლი ჯინჭარაძე. სხეულის დაზიანებები მიიღო კიდევ რამდენიმე ადამიანმა, რომლებსაც სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა ადგილზე აღმოუჩინეს დახმარება. 

ქუთაისში, ირაკლი აბაშიძის გამზირზე მდებარე "გამარჯვების მემორიალის" დემონტაჟი მოულოდნელად 12 დეკემბერს დაიწყო. მაშინვე დემონტაჟზე დასაქმებულმა მუშებმა ჩვენთან საუბარში განაცხადეს, რომ საბოლოოდ მემორიალი 21 დეკემბერს, პრეზიდენტის დაბადების დღეზე აფეთქდებოდა. ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ქუთაისში 21 დეკემბრისთვის ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია დაიგეგმა, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიეღოთ როგორც პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებს, შემოქმედებით კავშირებს და საზოგადოების სხვა ფენებს. ამის თაობაზე ოპოზიციის წარმომადგენლებმა 18 დეკემბერს გამოაცხადეს მერიის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე. როგორც ჩანს, საპროტესტო აქციის თავიდან აცილების მცდელობას უნდა მიეწეროს ის ფაქტი, რომ ხელისუფლებამ ძეგლის აფეთქების პროცედურა დააჩქარა და განზრახვის სისრულეში მოსაყვანად ნიკოლოზობის დღესასწაული აარჩია (სხვათაშორის ამ დღეს პრეზიდენტის უმცროსი ვაჟის დაბადების დღეა).

ავტოქარხნის დასახლებაში სამართალდამცავები 19 დეკემბერს, დაახლოებით 14:00 საათზე გამოჩნდნენ. ისინი აფრთხილებდნენ მემორიალის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას, რომ მათ სასწრაფოდ დაეცალათ საცხოვრებელი სახლები. 16:00 საათზე შპს "საქფეთქმრეწვმა" 27 მეტრიანი ბეტონის კონსტრუქცია (რაც "გამარჯვების მემორიალის" ერთკვირიანი დემონტაჟის შედეგად დარჩა) ააფეთქა. აფეთქებისას ბეტონის ნამსხვრევები რამდენიმე ასეული მეტრის მოშორებით, საცხოვრებელი სახლების მიმართულებით გადაცვივდა. სწორედ ამან გამოიწვია იქ მცხოვრები მოსახლეობის დაშავება და მსხვერპლი.

"ევაკუაცია რომ დაიწყეს, გამოგვიყვანეს ბინიდან, აფეთქება მოხდებაო და გამოვედით გარეთ - ქუჩაში, მოგვაშორეს ბინას და გავრბოდით "ბარაკებისკენ". ამ დროს მოხდა აფეთქება. ეს საწყლები, ეზოში ყოფილან, სახლთან და ბავშვს ქვა მოხვედრია თავში და დაიღუპა. კმაყოფილია ახლა ჩვენი მთავრობა? რა ენაღვლებათ მაგათ? მაგათი შვილები არ მომკვდარან და! ეს არის მავნებლობა, რას აშავებდა ის ძეგლი იქ?" - აცხადებენ თვითმხილველები.

"მე ქალაქიდან მოვედი იმ წუთში და პოლიცია არ მიშვებდა სახლში, ვიფიქრე რაღაც ნივთებს მაინც გამოვიტან-მეთქი სახლიდან. ამ დროს მოხდა აფეთქება და რომ მივედი ადგილზე, დასისხლიანებული ხალხი ეყარა ძირს, თურმე ჩემი მეუღლეც იქ ყოფილა," - ამბობს დაშავებული ირაკლი ჯინჭარაძის მეუღლე.

"შვილი მომიკლეს, ხალხო, ვაიმე, რა მეშველება?" - შველას ითხოვდა გარდაცვლილის მამა სოსო ჯინჭარაძე, რომელიც შემთხვევის ადგილზე მოგვიანებით მივიდა.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა თავდაპირველად ავტოქარხნის საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო მოგვიანებით - დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნულ ცენტრში. ნინო ჯინჭარაძე კი ბავშვთა საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

ვინ გასცა 19 დეკემბერს ძეგლის აფეთქების ბრძანება? - ამ კითხვაზე პასუხი ამ დრომდე არ არსებობს. ქუთაისის თვითმმართველობის წარმომადგენლებმა (საკრებულოს წევრებმა და მერიის თანამშრომლებმა) ჩვენთან საუბარში განაცხადეს, რომ მათ ამის თაობაზე არაფერი იცოდნენ და ინფორმაციის მისაღებად სამხარეო ადმინისტრაციისკენ გადაგვამისამართეს. ჩვენ რამდენჯერმე ვცადეთ ტელეფონით დაკავშირება იმერეთის გუბერნატორთან მიხეილ ჩოგოვაძესთან, თუმცა მან სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. ამის შემდეგ დავუკავშირდით გუბერნატორის ადმინისტრაციის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსს ზეინაბ ხაჩიძეს, რომელმაც განგვიცხადა, რომ დედაქალაქში იმყოფებოდა და მომხდარის თაობაზე ინფორმაციას არ ფლობდა. დედაქალაქში იმყოფებოდა გუბერნატორის პირველი მოადგილე ლაშა კილაძეც. შესაბამისად, უცნობია, თუ ვინ დაიქირავა ძეგლის ასაფეთქებლად თბილისური კომპანია "საქფეთქმრეწვი". საქართველოს მთავარმა პროკურორმა მურთაზ ზოდელავამ იმავე დღეს საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აღნიშნული ფირმა ქუთაისის მუნიციპალიტეტის დაკვეთით ასრულებდა აფეთქებით სამუშაოს. მისივე განმარტებით, მომხდართან დაკავშირებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. წინასწარი ინფორმაციით, ასაფეთქებელი სამუშაოებისას დაშვებული იქნა შეცდომა, რამაც გამოიწვია მსხვერპლი.

მაია მეცხვარიშვილი

10 comments:

  1. ძალიან სამწუხარო და საშინელი რაიმე მოხდა. ეს არის ელემენტალური უყურადღებობა და დაუდევრობა და საკმაოდ მკაცრად უნდა დაისაჯონ ვინც დააშავა.

    ამ სტატიას რაც შეეხება ამ გაზეთს უნდა ახსოვდეს რო არ არის ოპოზიციური პარტია ან მისი ბეჭდვითი ორგანო. არის მედია საშუალება, რომელმაც ყველა მხარის აზრი უნდა გადმოსცეს.

    ძალიან არაპროფესიონალურად და ცუდადაა განხილული ეს საშინელი ფაქტი ამ ობიექტის ნგრევის კონტექსტში. მემორიალის დანგრევა-არდანგრევის ფაქტი სულ სხვა თემაა, რომელზეც აზრები იყოფა. ამ სტატიაში ისე ჩანს, რომ ავტორი ეწინააღმდეგებოდა მემორიალის დანგრევას და ამ ფაქტის სიცუდეს სხვა საშინელი ფაქტით ადასტურებს.

    იმედია აწი გაითვალისწინებთ. მე არც ჟურნალისტი ვარ, არც მთავრობა და არც ოპოზიცია უბრალოდ მკითხველი ვარ და ამ გაზეთის არსებობის შესახებ უბრალოდ მსმენოდა. ეს სტატია ფეისბუქიდან ვიპოვე შემთხვევით.

    ReplyDelete
  2. ძვიფასო გივი,

    ჟურნალისტი მაია მეცხვარიშვილი საქართველოს ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიის ხელმომწერია. თუ თვლით, რომ ავტორმა ქარტიის პრინციპებიდან (http://www.media.ge/ka/node/26922) რომელიმე დაარღვია, მიწერეთ საჩივარი ქარტიის მედია საბჭოს.

    ReplyDelete
  3. zvirfaso Givi, ufro naTlad da konkretulad Tu gamoxatavT Tqvens shenishvnebs, did daxmarebas gauwevT zvirfas Irakli chemze sachivris SedganaSi. Tan, mec zalian mainteresebs ramdenad obieqturad ganixilavs qartiis sabWo moqalaqeTa sachivrebs:))

    ReplyDelete
  4. ვეთანხმები გივის. როგორც ამბავი, ეს მართლაც შემზარავია. სხვისი არ ვიცი, მაგრამ ბერძენიშვილის ეგ მემორიალი მე ძალიან მომწონდა.

    ახლა კი სტატიას დავუბრუნდები: "(სხვათაშორის ამ დღეს პრეზიდენტის უმცროსი ვაჟის დაბადების დღეა)" _ როცა ამ ფაქტს ახსენებთ, ახსენით, რა მოტივით ახსენებთ? თქვენი აზრით, პრეზიენტის უმცროსი ვაჟის დაბადების დღეს აქვს რაიმე კავშირი ამ დემონტაჟთან? თუ ჰო – მაშინ დაასაბუთეთ. თუ არა და მაშინ ის მაინც ახსენით, რატომ ახსენეთ.

    "შვილი მომიკლეს, ხალხო, ვაიმე, რა მეშველება?" _ ეს კომენტარი ზედმეტად მიმაჩნია. არა იმიტომ, რომ უადგილოა, არამედ არაფერი განსაკუთრებული აქ არ არის ნათქვამი. ამასთან ერთად ფრაზა "შველას ითხოვდა გარდაცვლილის მამა სოსო ჯინჭარაძე, რომელიც შემთხვევის ადგილზე მოგვიანებით მივიდა" უკვე თავისთავად გამოხატავს უფრო მეტს. ჯერ ერთი იმას, რომ ადამიანი შველას ითხოვდა და მეორეც იმას, რომ შემთხვევის ადგილზე მოგვიანებით მივიდა.

    პატარა დეტალიც: "როგორც ჩანს, საპროტესტო აქციის თავიდან აცილების მცდელობას..." ტერმინი "როგორც ჩანს" ნიუსის ტიპის სტატიებში არ გამოიყენება, ვინაიდან ეს ჟურნალისტის ვარაუდია.
    და კიდევ, მხოლოდ ერთი მსხვერპლი გაქვთ ნახსენები. ალბათ ეს მექანიკური შეცდომაა, ვინაიდან, საუბედუროდ, დაიღუპა როგორც ნინო ჯინჭარაძე, ასევე დედამისიც.
    სხვა მხრივ ინფორმაცია ძალზე სასარგებლოდ მიმაჩნია. რაღაც დეტალები არ ვიცოდი, რისთვისაც მადლობას გიხდით :)

    ReplyDelete
  5. ძვირფასო თეონა, თუკი თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართს მომაწვდით, აუცილებლად გამოგიგზავნით ჩვენი გაზეთის ელექტრონულ ვერსიას, სადაც დეტალურადაა აღწერილი ძეგლის დემონტაჟის ერთკვირიანი პროცესი და იქვეა ახსნილი, თუ რატომ არის ნახსენები როგორც მიხეილ სააკაშვილის, ისე მიხეილ ჩოგოვაძის იუბილეები. ხოლო ამავე ბლოგზე განთავსებულია ვიდეო-ფაილი, ერთ-ერთი მუშის ინტერვიუ იმის თაობაზე, რომ სწორედ პრეზიდენტის საიუბილეოდ მიეცათ ძეგლის აფეთქების დავალება მათ.
    რაც შეეხება შვილის დაბადების დღის ხსენებას, ზოგადად, იუბილეებისა და ნიკოლოზობის დღესასწაულის აღნიშვნას სტატიაში, ეს ემსახურება ამავე ხელისუფლების მხრიდან თარიღებსა და სიმბოლიზმზე მუდმივ აპელირებაზე გამოხმაურებას: გიორგობიდან გიორგობამდე რევოლუციებსა და ა.შ. აღარ ჩამოვთვლი დეტალურად.
    აქვე მინდა გამოვეხმაურო journalistuss-ის შენიშვნას "ზედმეტ კომენტართან" დაკავშირებით: თქვენ შეგიძლიათ კომენტარების გარეშე "ოფიციალურ" ნიუსებს გაეცნოთ ნაციონალურ არხებზე და ეს ბლოგი და ჩვენი გაზეთი შეუძლიათ ადამიანებმა გამოიყენონ ამომწურავი ინფორმაციის მისაღებად, სადაც შესაძლებელია ყველანაირი კომენტარის წაკითხვა. ამასთან, ვინ გითხრათ, რომ ჟურნალისტს ვინმე ან რაიმე უკრძალავს საკუთარი კომენტარის გაკეთებას სტატიაში? "როგორც ჩანს" - ამ ფრაზით მე არ დამიმალავს, რომ ეს ჩემი ვარაუდია - რაც ამ ფრაზას მოსდევს და ეს ფაქტად არ გამისაღებია...
    დასასრულ, ყველას ძალიან დიდი მადლობა საინტერესო კომენტარებისთვის და კიდევ უფრო მადლობელი ვიქნები, თუკი უფრო მეტად საფუძვლიანად და არგუმენტირებულად კრიტიკულები იქნებით ჩემი სტატიების მიმართ. სულმოუთქმელად ველი მორიგ კომენტარებს:)

    ReplyDelete
  6. მაია,

    ბოდიში რო ნახევრად მეძინა ისე დავწერე ჩემი პირველი კომენტარი. თუმცა მე მკითხველი ვარ და წერის ისეთი მაღალი ხარისხი არ მომეთხოვება როგორც ჟურნალისტს. თუმცა, როგორც ვნახე თქვენ თუ ვერა სხვა მომხმარებლებმა გაიგეს.

    რა თქმა უნდა ჟურნალისტს აქვს ფაქტებზე დამყარებული შეფასების და ანალიზის უფლება (კი არადა ეგაა ნორმალური ჟურნალისტის ფუნქცია). თუმცა "როგორც ჩანს" ძალიან სუბიექტური ფრაზაა და ფაქტებს არ ემყარება.

    ბევრი რამე რაც თქვენ კომენტარებში დაწერეთ სტატიაში არ ჩანს და მკითხველს სულ არ ევალდებულება გამოიცნოს აქა იქ რას გულისხმობთ.

    ნაციონალურ მედია საშუალებებს შეგიძლიათ არ შეადაროთ თავი. ისენი ხო საერთოდ "პროფესიონალები არიან" :)))))

    პროფესიონალიზმი ძალიან დიდი პრობლემაა საქართველოში. უნივერსიტეტში არავის არ გვისწავლია წერის უნარები, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია სოციალური მეცნიერების პროფესიებისთვის. ამიტომ, არაა უცხო თუ რაიმე შეცომას დავუშვებთ. მთავარია მონდომება გვქონდეს რო განვვითარდეთ.

    ისე ბოდიში, რაღაცაზე გაბრაზებული ვიყავი და ძაან უხეშად დავწერე :).

    კაია რო ასეთი ღია ხართ კომენტარებისთვის.

    საუკეთესო მოკითხვებით,

    გივი:)

    ReplyDelete
  7. ჟურნალისტუს,

    თუ მემორიალის დანგრევასთან დაკავშირებით მეთანხმებით სამწუხარო ფაქტიაო, ბოდიში ბუნდოვნად დავწერე და ალბათ ვერ გამოიცანით.

    მე ბავშვის გარდაცვალების ფაქტი აღვიქვი ძალიან მძიმედ. თორე თავად ''მემორიალს", რაც შეეხება სულაც არ მივიჩნევ ამ გაზეთისგან განსხვავებით ტრაგიკულად მის დანგრევას. რაღაცა ამ ობიექტს ხელოვნების ნიმუშად საერთოდ ვერ აღვიქვამდი (ერთი მახინჯი შენობა იყო). მის დანგრევასთან დაკავშირებით ნეიტრალური აზრი მაქვს.

    ReplyDelete
  8. რაც შეეხება საკუთარი აზრის გამოთქმას, მინდა შეგახსენოთ, რომ ნიუსის ტიპის სტატიაში (რასაც აღნიშნული პოსტი წარმოადგენს) ჟურნალისტის მიერ მისი აზრის ან შეხედულების გამოხატვა დაუშვებელია, ვინაიდან იგი შეიძლება ამახინჯებდეს ამბის სინამდვილეს გარკვეული დოზით მაინც. რაც შეეხება სხვა ტიპის, მაგალითად ანალიტიკური, სტატიებს, იქ ჟურნალისტის ხედვის გამოხატვა მიზანშეწონილია.
    სააკაშვილის უმცროსი ვაჟის დაბადების დღის ხსენების გამამართლებელი არგუმენტი, სამწუხაროდ, ვერც სტატიაში მოიძებნა და ვერც კომენტარში.
    დაბოლოს, გთხოვთ, განმარტოთ, რას ეძახით "ოფიციალურ" ნიუსებს, სად არის ისინი განთავსებული და რატომ მოიხსენიებთ მათ ასე.
    დიდი მადლობა :)

    ReplyDelete
  9. ძვირფასო ჯურნალისტუს,

    ეს სტატია არაა სუფთად ნიუსის ტიპის. მხოლოდ ნიუსი არის ის, რასაც თქვენ საინფორმაციო სააგენტოების ლენტებზე კითხულობთ ავტორის მითითების გარეშე. ჟურნალისტს აქვს უფლება გამოხატოს საკუთარი აზრი და შეხედულება, ოღონდ კარგად უნდა ჩანდეს, რომ ეს საკუთარი აზრია (როგორც ამ სტატიაში).

    მამის ფრაზის გამოყენებაშიც ვერ ვხედავ სტანდარტის დარღვევას - მსგავსი ხერხი ძალიან ხშირად გამოიყენება ბეჭდვით ჟურნალისტიკაში და მკითხველისათვის მოვლენის ირგვლივ არსებული განწყობის გადმოსაცემად გამოიყენება.

    ერთხელაც გავიმეორებ, მე რომ ამ სტატიასთან რაიმე პრეტენზია მქონდეს, აუცილებლად მივმართავდი ქარტიის მედია-საბჭოს.

    ReplyDelete
  10. მომიტევეთ ჩემი არაპროფესიონალური კომენტარისათვის, მაგრამ დისკუსიის წაკთხვის შემდეგ, გადავწყვიტე მეც გამოვხმაურებოდი.

    ორივე პოზიციას ვეთანხმები ცალცალკე, ნიუსის ტიპის ინფოში არაა საჭირო საკუთარი პოზიციის გამოხატვა, ხოლო შეფასებითი ფორმატის სტატიაში, პირიქით, ჟურნალისტმა სწორედ თავისი, ფაქტებზე დაფუძნებული მსჯელობა უნდა განავითაროს და საკუთარი (რასაკვირველია) სუბიექტური პოზიცია დააფიქსიროს.

    ჩემი აზრით, ამ სტატიას მხოლოდ სათაური აქვს ნიუსის ტიპის, მშრალი. სხვა მხრივ, ჩეულებრივი ბლოგ-სტატიაა. შესაბამისად, ავტორს უბრალოდ სათაური უნდა მოერგო შინაარსისთვის, და ეს შენიშვნებიც აღარ გაგიჩნდებოდათ .

    რაც შეხება ერთი შეხედვით არაფრის მომცემი ინფორმაციების ჩართვას სტატიაში, სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია რომ ასეთი არაფრისმომცემი სიმბოლოებით იმართება ქვეყანა, მე რაც მახსოვს, ჯერ კიდევ რეფერენდუმის გამსახურდიას დაბადების დღეზე გამართვით დაწყებული.

    ReplyDelete