Saturday, September 18, 2010

ქუთაისში ველოგზა შენდება

მომავალ წელს ქუთაისში ველოგზა უნდა აშენდეს. გზის პროექტი უკვე მზადაა და "საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში" დასამტკიცებლადაა წარგზავნილი.
ქუთაისში ველოგზის მშენებლობის იდეა საქართველოს პრეზიდენტს ეკუთვნის. ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ ველოგზა ქალაქში ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.
"მთელ მსოფლიოში და ძირითადად ევროპაში, არსებობს ველობილიკები, რადგან ეს ძალიან მოთხოვნადი ტრანსპორტის სახეობაა ტურისტების მხრიდან. როდესაც ქალაქში ჩამოდის ტურისტი, ველოგზა იძლევა იმის საშუალებას, რომ ტურისტმა ველოსიპედით დაათვალიეროს მთელი ქალაქი. სხვათაშორის, წელს ქუთაისში მოიმატა ტურისტების რაოდენობამ და ამანაც ცხადჰყო, რომ აუცილებელია ველობილიკების მოწყობა," - ამბობს ქუთაისის მერის პირველი მოადგილე დავით ანდღულაძე.


ქუთაისში ველოგზის მშენებლობისთვის საჭირო თანხა "აზიის განვითარების ბანკის" (ADB) მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი კრედიტიდან დაიხარჯება. 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის საკრედიტო ხაზი აღნიშნულმა ბანკმა საქართველოს მთავრობას 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაუხსნა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ დონორთა მხარდაჭერის მატრიცაში მითითებულია, რომ ADB-ის საკრედიტო ლიმიტის ნახევარი - 150 მილიონი აშშ დოლარი პირდაპირი საბიუჯეტო დახმარებისთვისაა განსაზღვრული; 70 მილიონი დოლარი - აჭარის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის; 40 მილიონი - თბილისში ურბანული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, 40 მილიონი კი - საქართველოში მუნიციპალური მომსახურების და ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. განსხვავებული მონაცემები გვხვდება უშუალოდ "აზიის განვითარების ბანკის" ოფიციალურ ვებ-გვერდზე. ერთ-ერთ ბოლო სასესხო ხელშეკრულება, რაც "აზიის განვითარების ბანკმა" ქართულ მხარესთან გააფორმა, 2010 წლის 20 აგვისტოსაა დათარიღებული. აღნიშნული ხელშეკრულებით 30 მილიონიანი კრედიტის ფარგლებში საქართველოში "მუნიციპალური მომსახურების განვითარების პროგრამის მეორე ფაზა" უნდა განხორციელდეს. პროექტს "საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი" ახორციელებს და მიზნად ისახავს საქართველოს ორ უმსხვილეს ქალაქში - თბილისსა და ქუთაისში ურბანული ტრასნპორტის განვითარების ხელშეწყობას. სწორედ ამ პროექტის ფარგლებშია გათვალისწინებული ქუთაისში ველოგზის მოწყობა.


"თავდაპირველად ქალაქის ხელმძღვანელობამ მიიღო შეტყობინება, რომ ველოგზის მშენებლობისთვის გამოყოფილი იყო 5 200 000 ლარი, მოგვიანებით კი გაირკვა, რომ შეცდომით იყო მითითებული ვალუტის დასახელება და სინამდვილეში გამოყოფილი იყო 5 200 000 დოლარი. შესაბამისად, პროექტის ხარჯთაღრიცხვა მოვამზადე 9 650 000 ლარზე," - განმარტავს საპროექტო კომპანია "კომუნმშენპროექტი 2006"-ის ხელმძღვანელი გია გვანცელაძე. რამ გამოწვია მსგავსი ცდომილება ციფრებში, ამაზე პასუხი "საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში" არ გააჩნიათ, სამაგიეროდ, ადასტურებენ, რომ ქუთაისში ველოგზის მშენებლობისთვის ნამდვილად 5 200 000 აშშ დოლარია გამოყოფილი, თუმცა იქვე განმარტავენ, რომ აღნიშნულმა თანხამ შესაძლოა, გარკვეული კორექტირებაც განიცადოს.


"პროექტის მომზადების პროცესში ჩვენ რამდენიმე საპროექტო ორგანიზაცია გვყავდა ჩართული, ასევე, მონაწილეობდა ქუთაისის მერიის არქტიტექტურისა და საგარეო ურთიერთობების სამსახურები. უნდა გითხრათ, რომ ძალიან შრომატევადი საქმიანობა გავწიეთ," - ამბობს ქუთაისის მერის პირველი მოადგილე.


ველოგზის პროექტირებისთვის საჭირო თანხა - 10 000 ლარი ქუთაისის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო. პროექტიც, საბოლოოდ, ადგილობრივმა ი/მ "გია ხუჯაძემ" მოამზადა, მერიის არქიტექტურის სამსახურის ზედამხედველობით. პროექტით გათვალისწინებულია 30 კილომეტრიანი ველოგზის მშენებლობა. გზა საფეხმავლო და ველობილიკებისგან შედგება. ველობილიკის სიგანე 2.5 მეტრი იქნება: "ველობილიკისთვის გათვალისწინებულია ბეტონის გზის მშენებლობა, რომელიც დეკორატიული მოზაიკით იქნება მოპირკეთებული," - განმარტავენ არქიტექტურის სამსახურში. ველობილიკის გასწვრივ სკამები, ველოსადგომები და ბილიკის აღმნიშვნელი ნიშნები მოეწყობა, ასევე, დამონტაჟდება მზის ენერგიაზე მომუშავე გარე განათება. ველობილიკი საავტომობილო გზისგან ფილებით მოწყობილი საფეხმავლო ბილიკით გაიმიჯნება, რომლის სიგანე 1.5 მეტრი იქნება.


ველოგზა ქუთაისის რამდენიმე უბანს მოიცავს: პროექტის მიხედვით, ცალკე გზა აშენდება ახალგაზრდობის გამზირზე და ავტოქარხნის დასახლებაში, ასევე, დაგეგმილია ნიკეა-თაბუკაშვილის, ბუხაიძე-გამსახურდია-ჯავახიშვილისა და სულხან-საბა-გუგუნავას ქუჩების დამაკავშირებელი ზოლების მშენებლობა.


"შევეცადეთ, ყველანაირად სრულყოფილი პროექტი შეგვექმნა," - ამბობს დავით ანდღულაძე. პროექტი ამჟამად "საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდშია" გადაგზავნილი. იმ შემთხვევაში, თუ პროექტი აღნიშნული ფონდისგან დადებით შეფასებას მიიღებს, იგი დასამტკიცებლად "აზიის განვითარების ბანკს" გადაეცემა და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი, რომ ჩატარდეს საერთაშორისო ტენდერი ქუთაისში ველოგზის მშენებლობასთან დაკავშირებით. სწორედ საერთაშორისო ტენდერის შედეგად გამოვლენილი კომპანია მიიღებს 9 650 000 ლარს ქუთაისში 30 კმ-ანი ველოგზის მშენებლობისთვის.


"ჩვენი სურვილია, რომ ეს ყველაფერი წლის ბოლომდე მოვასწროთ," - ამბობს ქუთაისის მერის პირველი მოადგილე.


"საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან" მიღებული ინფორმაციის თანახმად, ქუთაისში ველოგზის მშენებლობა 2011 წლის გაზაფხულზე დაიწყება.


ველოგზის გარდა, კიდევ რა პროექტები განხორციელდება ქუთაისში "აზიის განვითარების ბანკის" მიერ "მუნიციპალური მომსახურების განვითარების პროექტის მეორე ფაზისთვის" გამოყოფილი კრედიტით, ჯერ-ჯერობით უცნობია. პროექტის აღწერაში, "აზიის განვითარების ბანკს" მითითებული აქვს, რომ 30 მილიონი აშშ დოლარი გამოყო საქართველოს მთავრობის თხოვნით, რაც გულისხმობს თბილისისა და ქუთაისის მუნიციპალური ტრანსპორტის სისტემაში საინვესტიციო პროგრამების განხორციელებას, კერძოდ, საავტომობილო გზების, სატრანსპორტო სქემის ორგანიზებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგების კუთხით.
მაია მეცხვარიშვილი

Sunday, September 5, 2010

სამსახური სამსხვერპლოზე

ტყიბულში, მინდელის სახელობის მაღაროში უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე კონტროლი იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციას დაევალა. მხარის ხელმძღვანელობამ აღნიშნული დავალება პრეზიდენტისგან მას შემდეგ მიიღო, რაც 27 აგვისტოს მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. ტყიბულის მაღაროში მომხდარი აფეთქება წელს უკვე მეორეა და ამ აფეთქებებს 8 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. 2010 წლის 2 მარტის აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა.
27 აგვისტოს, ტყიბულის მინდელის მაღაროში აფეთქება დაახლოებით 21:00 საათზე მოხდა. მაღაროში შემთხვევის მომენტში თერთმეტი მუშა იმყოფებოდა, სამი მათგანი ადგილზე გარაიცვალა, 7 დაზარალებული კი თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს, რომელთაგან კიდევ ერთი დაშავებული - 43 წლის მალხაზ ჭანტურიძე 2 დღის შემდეგ დაიღუპა. მას კანის 60%-ის, ასევე, სასუნთქი გზების დამწვრობა და სერიოზული დაზიანებები აღენიშნებოდა. იგი მართვითი სუნთქვის აპარატზე იყო მიერთებული.
მინდელის მაღაროში მომხდარი აფეთქების თაობაზე გამოძიება კვლავაც მიმდინარეობს. ჯერჯერობით, უცნობია აფეთქების გამომწვევი მიზეზები. წინასწარი ინფორმაციით, მაღაროში მეთანის გაზის დაგროვება და აალება მოხდა. შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის განცხადებით, აფეთქებებთან დაკავშირებულ დეტალებს მისი უწყება დაწვრილებით გამოიძიებს. დაღუპულებისა და დაზარალებულების ოჯახები კი სახელმწიფოსგან დახმარებას მიიღებენ.
"წელს 2 მარტს, როდესაც ამავე მაღაროში ოთხი მუშა დაიღუპა, ჩვენ ჩავატარეთ დამოუკიდებელი გამოძიება და გავაფრთხილეთ ხელისუფლება, რომ საწარმოში შექმნილი იყო კატასტროფული პირობები, რაც ტრაგედიის გამეორებას არ გამორიცხავდა" - განაცხადა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა, რომელმაც პროფკავშირების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, მომხდარი ფაქტის შემდეგ პარლამენტთან მდუმარე აქცია გამართა. აქციით პროფკავშირებმა პატივი მიაგეს ტყიბულის მინდელის მაღაროში დაღუპულ მუშებს და ამავე დროს, გააპროტესტა მოქმედი კანონმდებლობა, რომელიც არ იცავს დასაქმებულთა შრომით უფლებებსა და მათ უსაფრთხოებას: "მაშინ მომხდარი დაბრალდა მუშებს, ადამიანებს, რომლებსაც მაღაროში ჩასვლა სპეცტანსაცმლის, შესაბამისი ხელსაწყოებისა და განათების გარეშე უწევთ. სახელმწიფომ აღარ უნდა დაუშვას ასე გაგრძელება. კანონი ქვეყნის მოქალაქეების უსაფრთხოებას მაქსიმალურად უნდა იცავდეს".
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ტყიბულის მაღაროში არ არსებობს დისციპლინა, რომელიც უსაფრთხოების დაცვას ხელს უშლის. "ეს საკითხი აუცილებლად უნდა მოგვარდეს. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება," - ამის შესახებ სააკაშვილმა 28 აგვისტოს, ტყიბულში მაღაროელებთან შეხვედრაზე განაცხადა. "მე დავავალებ მთავრობას, აქ მუდმივად იმუშაონ უსაფრთხოების ინსპექტორებმა, რომ მდგომარეობა მუდმივად გააკონტროლონ," - განაცხადა პრეზიდენტმა.
აღნიშნული დავალების შესრულებაზე პასუხისმგებლობა იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციას დაეკისრა. მიხეილ სააკაშვილის დავალებით ტყიბულის გამგეობას და იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციას დაევალა მონიტორინგი - რამდენად სწორად და ყოველდღიურად ხდება უსაფრთხოების წესების დაცვა მაღაროში. ამიერიდან, ცვლის უფროსები, ყოველდღიურად, მაღაროში ჩასვლამდე მუშებს სპეციალურ ინსტრუქტაჟს ჩაუტარებენ. ასევე, შემოწმდება ენერგოკომუნიკაციის გამართულობა და მეთანის გაზის მოცულობა.
მაღაროელთა გადამზადებისა და ქვეყანაში მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით უზრუნველყოფის მიზნით კი მალე პროფესიული სასწავლებელი გაიხსნება. საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, იმერეთის რეგიონში სამთო-საინჟინრო მიმართულების სასწავლებელი ამოქმედდება. აღიშნული მიზნით, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, იმერეთის რეგიონის გუბერნატორი ლაშა მაქაცარია და ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი ტყიბულში, მომხდარი ტრაგედიიდან მესამე დღეს ჩავიდნენ და მეშახტეებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს. როგორც შეხვედრაზე გადაწყდა - განათლების სამინისტროსა და იმერეთის მხარის გუბერნიის მხარდაჭერით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამთო ფაკულტეტის ბაზაზე, რგიონულ ცენტრს გახსნის.
"შეიქმნება სასწავლებელი, რომელიც დაეხმარება კვალიფიკაციის ამაღლებაში იმ მაღაროელებს, რომლებიც ახლა მუშაობენ და განსაკუთრებული ყურადღება იქნება მიმართული იმ ხალხზე, რომლებიც აქ მომავალში დაიწყებენ მუშაობას," - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.
ახალი სასწავლებლისთვის შენობის მოძიება იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციას დაევალა. ამ დროსითვის განიხილება რამდენიმე ვარიანტი.
"რეგიონისთვის, სადაც არის "ჭიათურმანგანუმი", ზესტაფონის "ფერო" და ტყიბულის შახტა, ძალიან მნიშვნელოვანია ამ ინიციატივის განხორციელება. ჩვენ ყველა რესურსით მზად ვართ პრეზიდენტის გადაწყვეტილების პრაქტიკულად აღსრულებისთვის," - აღნიშნა გუბერნატორმა ლაშა მაქაცარიამ.
სასწავლებელში ადგილობრივი მოსახლეობიდან მეშახტეები, მაღაროელები და ზოგადი სამთო-საინჟინრო მიმართულების კადრები მომზადდება. როგორც დიმიტრი შაშკინმა განმარტა, პროგრამის შედგენისას აუცილებელად იქნება გათვალისწინებული მეშახტეების, მაღაროელებისა და სამთო მიმართულების სპეციალისტთა პრაქტიკული გამოცდილებები და მოსაზრებები. ტყიბულში სულ ოთხი მაღაროა, რომლებიც "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის" შვილობილი კომპანია "საქნახშირის" საკუთრებაშია 2006 წლიდან. მისი ძირითადი საქმიანობის სფეროა ნახშირის მოპოვება, რიგითი ნახშირების გამდიდრება და რეალიზაცია. "საქნახშირის" კუთვნილ მაღაროში 1000-მდე ადამიანი მუშაობს. "საქნახშირი" ტყიბულ-შაორის ქვანახშირისა და ახალციხის მურა ნახშირების საბადოებზე ნახშირის მოპოვების ლიცენზიის ერთპიროვნული მფლობელია.
2007 წელს ინვესტორის დაპირების თანახმად, 2 წელიწადში მას 10 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა და ოთხივე მაღარო აემოქმედებინა. თუმცა, ამ დრომდე ტყიბულში სრული დატვირთვით მხოლოდ ერთი - მინდელის სახელობის მაღარო მუშაობდა, სადაც აფეთქება მოხდა.
ტყიბულის მაღაროში პირველი აფეთქება 1961 წელს მოხდა, როდესაც აფეთქების შედეგად ორი მაღაროელი გარდაიცვალა. მათ გამოსაყვანად 30 კაციანი სამთო-სამაშველო ჯგუფი შევიდა, თუმცა ისინიც დაიღუპნენ. მინდელის სახელობის მაღაროს ტექნიკური დირექტორის ბადრი არაბიძის განცხადებით, მსგავსი უბედური შემთხვევა ტყიბულში 1984 წელსაც მოხდა. მაშინ მეთანის აალებას ძიძიგურის სახელობის მაღაროში სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ასევე, მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა 1987 წელსაც, როდესაც მაღაროს გარკვეულ უბნებში მეთანმა გაჟონა. 2010 წლის 2 მარტს კი, ასევე, მეთანი აალების მიზეზით მაღაროში 4 ადამიანი დაიღუპა.
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველწლიურად სამუშაო ადგილზე უბედური შემთხვევის შედეგად და პროფესიული დაავადებით ორი მილიონი ადამიანი, ანუ ყოველდღიურად
6000-მდე ადამიანი იღუპება. "ამასთან დაღუპულთა რაოდენობა წელიწადში 10%-ით მატულობს" - აცხადებენ პროფკავშირების გაერთიანებაში. მათივე ცნობით, შრომის საერთაშორისო ორგანიაცია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ წარმოებული მთლიანი შიდა პროდუქტის 4% სამუშაო ადგილზე არსებული ცუდი პიროებებისა და უბედური შემთხვევების გამო იკარგება. საქართველოში კი, დასაქმებულთა 1/3-ს არადამაკმაყოფილებელ პირობებში უწევთ მუშაობა.
თეა ზიბზიბაძე

"გადარჩეულები" ქუთაისის თვითმმართველობაში

საზაფხულო არდადეგები ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში დიდი რეორგანიზაციით დასრულდა. მერიასა და სამხარეო ადმინისტრაციაში განხორციელებული საკადრო ცვლილებების შემდეგ სამსახურიდან 100-ზე მეტი ადამიანია გათავისუფლებული. ქუთაისის მერი გია თევდორაძე განმარტავს, რომ "საკადრო ცვლილებები აბსოლუტურად ნორმალური და თანმდევი პროცესია, როდესაც სათავეში ახალი ხელმძღვანელი მოდის".
ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში საკადრო ცვლილებები 15 ივლისიდან, 30 მაისის არჩვენების შემდეგ ხელისუფლებაში სწორედ ახალი ხელმძღვანელობის მოსვლის შემდეგ განხორციელა. რეორგანიზაციისთვის საჭირო პროცედურა წინამორბედი ხელმძღვანელების მიერ კარგად აპრობირებული მეთოდით შემოიფარგლა: ადგილობრივ თვითმმართველობაში დასაქმებულ ყველა პირს (მერიაში 500-მდე ადამიანს, სამხარეო ადმინისტრაციაში - 30-მდე) სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე განცხადება დააწერინეს, რომელთაგან "გადარჩეულებს" მოითხოვნა არ დაუკმაყოფილეს, 100-ზე მეტი ადამიანი კი საკუთარი განცხადების საფუძველზე გაათავისუფლეს, უმეტესობა მათგანი ქვედა რგოლის წარმომადგენელია. თუმცა ქუთაისის მერიაში რეორგანიზაცია ხელმძღვანელ პირებსაც შეეხო. ახალი კადრით შეიცვალა არჩევნების შემდეგ ვაკანტურად დარჩენილი ვიცე-მერის პოსტი. საკრებულოში გადანაცვლებული მერაბ მეშველიანი თბილისიდან მოვლინებულმა დავით ანდღულაძემ შეცვალა. მერიის 15 საქალაქო სამსახურიდან კი ყველა ხელმძღვანელი პირი შეიცვალა ოთხის გარდა. საკადრო ცვლილების ფონზე თანამდებობა შეინარჩუნა ქუთაისის მერიის არქიტექტურის საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა მშვენიერაძემ. ასევე, უცვლელი დარჩა ქუთაისის მერიის ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა და ლტოლვილთა საქალაქო სამსახურის უფროსი არჩილ მუკბანიანი, მერიის კულტურის, განათლებისა და ძეგლთა დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიზო თავაძე და მერიის სამხედრო საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა ზაუტაშვილი.
გავრცელებული ინფორმაციით, ადგილობრივ თვითმმართველობაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს წინ უძღვოდა "დიდი შეკრება" "ნაციონალური მოძრაობის" შტაბში, სადაც ხელისუფლებაში დასაქმებული თითოეული პირის მიერ საარჩევნოდ გაწეული მუშაობის შედეგები კარგად იციან. სავარაუდოდ, სამსახურს მიღმა სწორედ ის პირები აღმოჩნდნენ, რომელთა "საარჩევნო მიღწევები" "ნაცმოძრაობის" ხელმძღვანელი პირებისთვის არადამაკმაყოფილებელი აღმოჩნდა.
ადგილობრივ თვითმმართველობაში კი განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს სტრუქტურული რეორგანიზაციის თანმდევ პროცესად მიიჩნევენ და პიროვნული და პარტიული ნიშნით თანამშრომელთა სამსახურიდან გათავისუფლბას უარყოფენ.
"ეს არ ყოფილა გათავისუფლება, არც მასშტაბურად შტატების შემცირება. მოხდა ისე, რომ კონკრეტულმა ადამიანებმა დატოვეს სამსახური იმიტომ, რომ მათთვის მიუღებელი იყო რაღაც ცვლილებები," - ამბობს ქუთაისის მერიის აპარატის მთავარი სპეციალისტი პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში ქეთი დეისაძე. მისი განმარტებით, ახალი ხელმძღვანელობის დანიშვნის შემდეგ მოხდა სტრუქტურული რეორგანიზაცია, რომლის შედეგადაც საქალაქო სამსახურებში არსებული ზოგიერთი განყოფილება ცალკე სამსახურებად ჩამოყალიბდა და პირიქით, ზოგიერთი სამსახური გაერთიანდა, რამაც გამოიწვია საკადრო ცვლილებები: "მაგრამ არავინ ახალი არ მოსულა. ყველა ადგილობრივი კადრია. უბრალოდ მოხდა ისე, რომ ვიღაც რანგით ამაღლდა და ან პირიქით, დადაბლდა", - ამბობს ქეთი დეისაძე.
ერთ-ერთი ასეთი რანგით ამაღლებული ქუთაისის მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსად დანიშნული ნარგიზ ჩოგოვაძეა, რომელსაც მანამდე ქალაქ-მუზეუმის ტერიტორიული ორგანის თავმჯდომარის პოსტი ეკავა. ნარგიზ ჩოგოვაძემ კახა ქორიძე შეცვალა, რომელიც ყოფილი მერის ნუგზარ შამუგიას დროს (პროგრამა "კორპუსის" ჩავარდნის გამო) თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მერიის საქალაქო სამასახურში მისი კვლავ დაბრუნება ქუთაისის მერად გია თვედორაძის დანიშვნისას მოხდა. ბოლოდროინდელი რეორგანიზაციის შემდეგ კი კახა ქორიძე ქუთაისის კონტროლის საქალაქო სამსახურის უფროსად დაინიშნა. აღნიშნული სამსახური ერთ-ერთია იმ ახლადჩამოყალიბებულ სამსახურებს შორის, რომლებიც მანამდე განყოფილების სახით არსებობდა მერიის აპარატში. მერიის აპარატს კიდევ ერთი - საგარეო ურთიერთობათა განყოფილება გამოეყო, რომელიც ახლადშექმნილ პროტოკოლისა და საკრებულოსთან ურთიერთობის საქალაქო სამსახურს შეუერთდა. რეორგანიზაციის შედეგად, კულტურის, განათლებისა და ძეგლთა დაცვის საქალაქო სამსახურს გამოეყო სპორტის განყოფილება, რომელიც ახალგაზრდობის საქალაქო სამსახურს შეურთდა. აღნიშნული სამსახურის უფროსის პოსტზე, საკრებულოში გადანაცვლებული ნოე კუხიანიძე თემურ ცამციშვილმა შეცვალა, რომელიც მანამდე აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი იყო და მმართველი პარტიის მიერ განხორციელებულ ყველა აქტივობაში, მათ შორის საარჩევნო კამპანიაში აქტიურად იყო ჩართული.ქუთასის მერიის ტრასპორტის საქალაქო სამსახურში რიგითი თანამშრომლიდან უფროსის თანამდებობაზე გადაინაცვლა ვალერი კლდიაშვილმა. ცვლილება მოხდა მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურშიც, სადაც უფროსი გია შარაბიძე თემურ ცაგარეიშვილმა შეცვალა. ახალი ხელმძღვანელი ჰყავს, ასევე, მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამახურს, რომლის უფროსად ანდრო მაღლაკელიძე დაინიშნა. მერიის სახელმწიფო შესყიდვების საქალაქო სასამხურის ხელმძღვანელის თანამდებობა კონსტანტინე რატიანმა დაიკავა. ადმინისტრაციული ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის პოსტი კი ნიკოლოზ მაჩიტიძეს ერგო. მერიის დასუფთავების სამსახურის უფროსად ბესიკ გიორგბელიძე დაინიშნა, ხოლო მერიის საგანგებო სიტუაციების მართვის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობა კახაბერ მაჩიტაძემ დაიკავა, რომელმაც აღნიშნულ პოსტზე ჭაბუკი გრძელიშვილი შეცვალა. ამ უკანასკნელმა კი საფიჩხიის ტერიტორიული ორგანოს უფროსად გადაინაცვლა. ქუთაისის მერიაში სრულიად ახალი სახეა მალხაზ ჭრელაშვილი, რომელიც მერიის ეკონომიკური პოლიტიკისა და სტრატეგიული განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსად დაინიშნა.
"ახალ ადამიანებს უნდა მივცეთ თვითრეალიზების საშუალება. მე ვფიქრობ და მიმაჩნია, რომ ამ პირობებში და ამ შემადგენლობით ხელმძღვანელი გუნდი არის გაცილებით მობილური და შესაბამისი იმ გამოწვევებთან და მოთხოვნებთან მიმართებაში, რომლებიც დგას ქალაქის წინაშე," - ამბობს ქუთაისის მერი გია თევდროაძე.
ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ საკადრო ცვლილებების შემდეგ გამოთავისუფლებული ადგილები კვლავ შეივსება. გია თევდორაძის თქმით, თვითმმართველობის ახალი კადრებით დაკომპლექტება სექტემბრისთვის მოხდება. თუმცა, რა ფორმით და მეთოდებით განხორციელდება ადგილობრივ ხელისუფებაში ახალი კადრების მიღება, არ აკონკრეტებენ. ამ დორისთვის ცნობილია ის, რომ ახალი თანამშრომლების შერჩევა კონკურსის გზით არ მოხდება
"ბუნებრივია, ამ გადაწყვეტილების დროს არსებობს რაღაც სუბიექტივიზმი. ეს არის ჩემს პირად ინსტინქტებზე და პირად შეხედულებებზე დამოკიდებული, მაგრამ ჩვენ მაქსიმალურად გავითვალისწინებთ საერთო გუნდურ პრინციპებს და ინტერესებს," - ამბობს ქუთაისის მერი.
აღსანიშნავია, რომ საერთო გუნდის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოჩა თევროდაძე უკვე საკმაოდ ხშირად ჩდება ქუთაისის მერიაში, ისევე როგორც ყველა როგორგანიზაციისა და საკადრო ცვლილებების დროს. შესაბამისად, საერთო გუნდის წარმომადგნელთა რა პროცენტული მაჩვენებელი მოიყრის თავს ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში რამდენიმე კვირაში, ახალი კადრებით დაკომპლექტებისას გამოჩნდება.
თეა ზიბზიბაძე

ახალი სასწავლო წელი და სიახლეები სკოლებში

ამიერიდან სასწავლო წელი საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში 15 სექტემბერს დაიწყება. აღნიშნული გადაწყვეტილება განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა პირადად გაახმიანა გასულ კვირას გამართულ ბრიფინგზე. წლევანდელი სასწავლო წლიდან სკოლებში სამინისტროს მიერ ინიცირიბული ბევრი ახალი პროექტის განხორციელება უნდა დაიწყოს, თუმცა ზოგიერთ მათგანში ქუთაისის საჯარო სკოლების ჩართვა მოგვიანებით იგეგმება. ამასთანავე, წელს პირველად სახელმწიფო ყველა სოციალურად დაუცველ მოსწავლეს უფასოდ გადასცემს სახელმძღვანელოების მთელ კომპლექტს.

პირველკლასელები და კომპიუტერები

საქართველოს საჯარო სკოლებში კომპიუტერული და ლინგვისტური რევოლუციის დაწყების თაობაზე მოსახლეობას ქვეყნის პრეზიდენტმა რამდენიმე თვის წინ სწორედ ქუთაისიდან აცნობა, თუმცა, როგორც ახლა ირკვევა, ამ "რევოლუციურ" სახელმწიფო პროგრამებს ქუთაისი სრულფასოვნად თბილისისა და ბათუმის შემდეგ მიუერთდება. საქმე ის არის, რომ მიხეილ სააკაშვილის უშუალო ინიციატივით, საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში უნდა გადაეცათ პირველკლასელებისთვის სპეციალური კომპიუტერები, რომლებშიც ჩატვირთული იქნებოდა სახელმძღვანელოები, თუმცა მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ "კომპიუტერული რევოლუცია" პირველ ეტაპზე მხოლოდ თბილისისა და ბათუმის საჯარო სკოლების პირველკლასელებს შეეხებოდა. მიიღებენ თუ არა ქუთაისელი პირველკლასელები პრეზიდენტისგან საჩუქრად კომპიუტერებს, ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი ქუთაისის განათლების რესურს-ცენტრში არ გააჩნიათ. ქუთაისში წელს დაახლოებით 2300-მდე პირველსკლასელი შეაბიჯებს საჯარო სკოლებში, თუმცა, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, კომპიუტერებს მხოლოდ მათი მცირე ნაწილი მიიღებს: "მალე გადაწყდება, ქუთაისის რომელი სკოლა მიიღებს პილოტირებაში მონაწილეობას და შესაბამისად, რომელი სკოლის პირველკლასელი მოსწავლეები მიიღებენ კომპიუტერებს," - ამბობს ქუთაისის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ხელმძღვანელი ლადო პატარიძე.

"ისწავლე და ასწავლე"

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საქართველოს პრეზიდენტმა სწორედ ქუთაისიდან აუხსნა მოსახლეობას, თუ რა სიკეთეს მოუტანს ქვეყანას სკოლებში ლინგვისტური რევოლუცია: მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ინგლისური ენის სწავლების მასშტაბებისა და ხარისხის ამაღლების მიზნით, უცხოეთიდან მოიწვევდა სპეციალისტებს, რომლებიც საქართველოს ყველა საჯარო სკოლას მოიცავდნენ. საბოლოოდ გადაწყდა, რომ სახელმწიფო პროგრამის - "ისწავლე და ასწავლე საქართველოსთვის" ფარგლებში, წელს ჩვენს ქვეყანაში 1000 უცხოელი პედაგოგი დაეხმარება საჯარო სკოლების მოსწავლეებს ინგლისური ენის შესწავლაში. ქუთაისში უცხოელი პედაგოგები წელს მხოლოდ 14 საჯარო სკოლაში იმუშავებენ. ამ დროისთვის უკვე შერჩეულია ოჯახები, რომლებიც ერთი წლის განმავლობაში უმასპინძლებენ პედაგოგებს, თუმცა თავად უცხოელ სპეციალისტებს, რომლებიც ქუთაისში უნდა დასაქმდნენ, საქართველოში დღეს ჩამოვლენ. ისინი ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში გაივლიან ერთკვირიან გადამზადების კურსს.

"ამ დრომდე ორმა ჯგუფმა უკვე გაიარა ტრენინგი. პირველი ჯგუფი 50 კაცისაგან შედგებოდა, მეორე - 57 კაცისგან. 30 აგვისტოსთვის კი უცხოელების 100 კაციან ჯგუფს ველოდებით," - ამბობს ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორი გიორგი ქლივიძე.

ქუთაისის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, უცხოელი პედაგოგები უფასოდ იმუშავებენ სკოლებში. "მათ არანაირი ხელფასი არ აქვთ, ისინი სკოლებში რაიმე შტატით არ იქნებიან, ისინი მოხალისე ადამიანები არიან, რომლებიც ეხმარებიან მოსწავლეებს უცხო ენის შესწავლაში," - აცხადებს ლადო პატარიძე. ქუთაისის მე-17 საჯარო სკოლა, ერთ-ერთი იმათგანია, რომელიც წელს უცხოელ პედაგოგს უმასპინძლებს. "სექტემბრიდან ველოდებით უცხოელ სტუმარს. მგონია, რომ პარტნიორობა ჩვენსა და მას შორის უნდა შედგეს. ჩვენ უკვე გვაქვს უცხოელთან ურთიერთობის გამოცდილება: რამდენიმე წლის წინ "მშვიდობის კორპუსის" პროგრამის ფარგლებში გვყავდა უცხოელი სპეციალისტი - ამერიკელი მასწავლებელი, რომელიც ობიექტური მიზეზების გამო გაწვეულ იქნა სკოლიდან - იმ პერიოდში საქართველოში ომი დაიწყო. კარგია რომ უცხოელი სპეციალისტი გვეყოლება სკოლაში. მასთან ურთიერთობისას ბავშვებს და პედაგოგებს ექნებათ საშუალება ინგლისური ენის საკომუნიკაციო, მეტყველებითი უნარ-ჩვევა აიმაღლონ," - ამბობს მე-17 საჯარო სკოლის დირექტორი ირინე ჯგერენაია.

უსაფრთხო სკოლა

საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული უსაფრთხო სკოლის პროგრამის ფარგლებში, თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის საჯარო სკოლებში ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემების მონტაჟის პროცესი სექტემბრის ბოლომდე უნდა დასრულდეს. ამავე პროექტით, სკოლებში ფუნქციონირებას იწყებს მანდატურის სამსახური, რაც უზრუნველყოფს სკოლაში მოსწავლეთა დაცვასა და უსაფრთხოებას. თითოეულ სკოლას სამი მანდატური ეყოლება - ორი მამაკაცი და ერთი ქალი. 26 აგვისტოს, ქუთაისის #1 საჯარო სკოლაში მანდატურების შესარჩევი ტესტირება ჩატარდა, რის შედეგადაც 314 კონკურსანტიდან 126 მანდატური შეირჩევა, რომლებიც სპეციალურ გადამზადებას გაივლიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში და შემდეგ გადანაწილდებიან ქუთაისის ყველა საჯარო სკოლაში.

"შემიძლია ვთქვა, რომ ტესტი დიდი სირთულით არ გამოირჩეოდა, მაგრამ იმდენად დიდი იყო დაძაბულობა, რომ ტესტი რთული მომეჩვენა. 5 ტიპის ტესტი გვქონდა შესავსები თავისი 20-20 კითხვით, სირთულე ლოგიკაში იყო, სხვა სავარჯიშოები კი მარტივი გახლდათ," - ამბობს კონკურსანტი ლაშა კუხიანიძე. ტესტირების პროცესს ქუთაისში თვალყურს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე აკაკი სეფერთელაძე ადევნებდა. მან ქუთაისის #1 საჯარო სკოლაში დამონტაჟებული ვიდეოსამეთვალყურეო სისტემაც დაათვალიერა.

"ჩვენი პრიორიტეტი უსაფრთხო სკოლაა და ვფიქრობთ, ღირსეული კანდიდატურების შერჩევის შემდეგ, ყველა მშობელი იქნება დაცული და დარწმუნებული, რომ მისი შვილი სკოლის პერიოდში უსაფრთხო გარემოშია," - განაცხადა აკაკი სეფერთელაძემ. მისივე თქმით, პირველ ეტაპზე მანდატურების ინსტიტუტი თბილისის, ბათუმის, ქუთაისისა და ზუგდიდის საჯარო სკოლებში ამოქმედდება.

სერთიფიცირებული პედაგოგები

ლევანდელი სასწავლო წლიდან საქართველოს საჯარო სკოლებში პირველად შეუდგებიან საქმიანობას სერტიფიცირებული პედაგოგები. ამ დროისთვის ქვეყანაში მხოლოდ 1147 სერტიფიცირებული პედაგოგია, რომლებიც ასწავლიან უცხო ენას, მათემატიკას და ქართულ ენასა და ლიტერატურას. მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები საქართველოში ივლისში ჩატარდა. სპეციალობასა და პროფესიულ უნარებში გამოცდას 6075 პედაგოგი აბარებდა. ორივე გამოცდაში კომპეტენციის მინიმალური ზღვარი გადალახა და სერთიფიცირებული მასწავლებლის სტატუსი მიენიჭება 1147 პედაგოგს, ანუ საერთო რაოდენობის 11%-ს. ქართულ ენაში ბარიერი გადალახა 702-მა, მათემატიკაში - 480-მა, უცხო ენებში - 1253-მა, პროფესიულ უნარებში - 1253-მა მასწავლებელმა. სერთიფიცირებულ მასწავლებლებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ხელფასების მომატებას, აგრეთვე, მენტორმასწავლებლად მუშაობის შესაძლებლობას ჰპირდება, რაც 160 ლარიან დანამატს გულისხმობს. ისინი ჩაერთვებიან სამინისტროს პროგრამაში `ასწავლე საქართველოსთვის~, რომელიც ითვალისწინებს მასწავლებელთა მივლინებას რეგიონებში, ისინი სტიპენდიის სახით 500 და 1000 ლარიან დანამატს მიიღებენ. იმ პედაგოგებმა, რომლებმაც ვერ ჩააბარეს გამოცდები, 2014 წლამდე აქვთ შესაძლებლობა განმეორებით გავიდნენ გამოცდაზე.

ახალი სასკოლო კალენდარი

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამიერიდან სასწავლო წელი საქართველოში 15 სექტემბერს დაიწყება და 15 ივნისს დასრულდება, მხოლოდ პირველი და მე-12 კლასის მოსწავლეები დაასრულებენ სასწავლო წელს 20 მაისს. სასწავლო წელი ორ სემესტრად გაიყოფა. პირველი სემესტრი - 24 დეკემბერს დასრულდება, საშობაო არდადეგების შემდეგ, 20 იანვრიდან მეორე სემესტრი განახლდება. სააღდგომო მცოცავი არდადეგები კი დიდი ხუთშაბათიდან მომდევნო კვირის ოთხშაბათამდე გასტანს.

მარი მუშკუდიანი

ახალი სეზონი ხარაჩოებში

ქუთაისის მესხიშვილის და ოპერის თეატრები ახალ სეზონებს დიდი მოლოდინებით ხვდებიან. მესხიშვილის თეატრი თავის 149-ე თეატრალურ სეზონს 27 სექტემბერს გახსნის სპექტაკლით "ბამბაზიის სამოთხე". უკვე მეოთხე სეზონია მესხიშვილის თეატრი ამ სპექტაკლით და ამ რიცხვში (სოხუმის დაცემის და ჯვართამაღლების დღეს) ხსნის სეზონს და ამით თავის გარკვეულ პოლიტიკურ და მოქალაქეობრივ განაცხადს აკეთებს. ხსენებული განაცხადის ადეკვატური იქნება რამოდენიმე სპექტაკლიც, რასაც თეატრი ამ სეზონზე შესთავაზებს პუბლიკას. პირველი პრემიერა ლიტერატურულ კონკურსში "საბა" გამარჯვებული თამარ ბართაიას პიესის - "მთავარი როლი" - მიხედვით დადგმული სპექტაკლი იქნება, რომელსაც თბილისელი რეჟისორი გეგა ქურციკიძე განახორციელებს მესხიშვილის სცენაზე. ქართულ კლასიკას მიუბრუნდებიან გიორგი სიხარულიძე და ავთანდილ სახამბერიძე და დავით კლდიაშვილის "დარისპანის გასაჭირის" მათეულ ვერსიას შესთავაზებენ ქუთაისელებს. "გასაჭირის" თემა, თუმცა სხვადასხვა ასპექტით, სხვა სპექტაკლებშიც გაიჟღერებენ.
გიორგი სიხარულიძე და თორნიკე მარჯანიშვილი მოთხრობის - "როცა ფესვები ლაპარაკობენ" - ინსცენირებას წარმოადგენენ (გიზო თავაძის ამავე სახელწოდების ნაწარმოების მიხედვით). ამ სეზონზე მსოფლიო და ქართული ლიტერატურის კლასიკოსების თეატრალურ ვერსიებს იხილავენ სცენაზე ქუთაისელი თეატრალები - თორნიკე მარჯანიშვილი "ვატერ(პო)ლოოს" აღდგენას გეგმავს (გურამ დოჩანაშვილის ნაწარმოების "ვატერ(პო)ლოო ანუ აღდგენითი სამუშაოების" მიხედვით), პაატა მილორავა კი სემუელ ბეკეტის "გოდოს მოლოდინში" წარმოადგენს, სადაც მთავარ როლზე თუმანიშვილის თეატრის მსახიობი რუსუდან ბოლქვაძე იქნება მოწვეული. კლასიკოსის, თუმცა უკვე კინოს კლასიკოსის ბილი უაილდერის და მისი ყველა დროისა და ხალხის საუკეთესო კომედიის - "ჯაზში მხოლოდ ქალიშვილებია" - ინსცენირება, ისევ არ მოხსნილა დღის წესრიგიდან. წინა სეზონზე შეპირებული სპექტაკლი ამ სეზონზე გამოვა საახალწლოდ, დეკემბრის ბოლოს. გაჭირვების, გოდოს მოლოდინის და სხვა მარადიული პრობლემებით გამოწვეული სიმძიმე ამ სპექტაკლმა უნდა გაანეიტრალოს. თუმცა მანამდე მესხიშვილის თეატრს სხვაგან მოუწევს განტვირთვის გაკეთება - "თბილისის მეორე საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე", რომელიც 30 სექტემბერს გაიხსნება. მესხიშვილის თეატრი იქ გიორგი სიხარულიძის და კახა შარტავას "რომეო და ჯულიეტათი" წარსდგება. შარშანდელმა ფესტივალმა მესხიშვილის თეატრს ახალი პერსპექტივები გაუსხნა. თეატრთან თანამშრომლობის და გაცვლითი პროგრამების ამუშავების სურვილი გამოთქვა ინგლისის "Moving Theatre"-ის რეჟისორმა და პროდიუსერმა ჯონათან ბანათვალამ. ასევე ინგოლშტატის ერთ-ერთმა თეატრმა "ანა კარენინა" მიიწვია გასტროლზე. მესხიშვილის თეატრში იმედოვნებენ ამ შესაძლებლობების დროულად და კარგად გამოყენებას და ახალი შესაძლებლობების მოძიებას.
ახალი შესაძლებლობები კარგა ხანია გაეხსნა ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრს. თეატრი 41-ე სეზონს მუშა პროცესში ხვდება. თეატრის ხელმძღვანელობის თქმით, შენობის რესტავრაციის მეორე ეტაპი სრულდება. პირველმა ეტაპმა გარე ფასადი და ფოიე მოცვა, მეორემ - თეატრის ეზოში ოთხსართულიანი შენობის აგება, რაც უკვე დასასრულს უახლოვდება. სახელმწიფოს მიერ გამოხცხადებულია ტენდერი მესამე ეტაპის სამუშაოების განხორციელების მსურველთა და შესაძლებლობის მქონეთა მოძიების კუთხით. მესამე ეტაპი დარბაზის და სცენის რესტავრაციას გულისხმობს, ანუ 2010 წლის 23 ნოემბრისთვის ქუთაისის ოპერის თეატრი სრულად აღდგენილი უნდა შეხვდეს რევოლუციის მეშვიდე წლისთავს. რევოლუციის, რომელიც ქუთაისის ოპერის თეატრისთვის საკმაოდ ცუდად დაიწყო - ოპერის ლიკვიდაციის სურვილით, თუმცა მალე რევოლუციურ ხელისუფლებას მემარცხენე რევოლუციური განწყობა და მუსიკალური გემოვნება მემარჯვენე გაუხდა. გემოვნების ეტაპობრივი ცვლა ეტაპობრივადვე აისახა ოპერის თეატრზე - ლიკვიდაციის მოთხოვნიდან თეატრის სრულ განახლებამდე. ოპერისადმი დამოკიდებულებამ მეტამორფოზა 4 წელიწადში განიცადა (შეიძლება ხსენებული მეტამორფოზის მიზეზი, სწორედ ვენის საოპერო თეატრი გახდა, რასაც ასე სურთ დაამგვანონ (ფასადურად) ქუთაისის ოპერის თეატრი). მეტამორფოზის შედეგი აისახა შენობაზე, მის მშენებლობაზე დახარჯულ თანხებზე, განახლებულ რეპერტუარზე, გაზრდილი ორკესრანტების რაოდენობაზე და ბიუჯეტზე.
"ჩვენ რომ კარგი და ხარისხიანი სპექტაკლები გავაკეთოთ და ნორმალურად ვიარსებოთ, მილიონ ნახევარი მაინც გვინდა. ალბათ, სწორი არ იქნება 4 მილიონ 200 ათასი დაახარჯო შენობას და მილიონიც არ ჰქონდეს თეატრს დაფინანსება", - ამბობს ოპერის თეატრის მმართველი როზა დვალიშვილი. თეატრს ამჟამად 350 ათასი აქვს ქალაქიდან დაფინანსება, თუმცა მომავალი წლიდან მილიონ 200 ათასის მოთხოვნას აპირებენ. ქუთაისის ოპერის თეატრი ახალ შენობას შენობის შესაბამისი სპექტაკლით ხვდება. მუშაობენ რუჯერო ლეონკავალოს "ჯამბაზებზე". თეატრი კასტინგის გამოცხადებას და დასის განახლებას, ასევე, ორკესტრის გაზრდას გეგმავს. ოპერის დასს ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი ეყოლება. ბაადურ სამადაშვილი რეზო ჯავახიშვილმა შეცვალა, რომელიც სპექტაკლების პარალელურად მონოსპექტაკლების დადგმას და ერთგვარი ლაბორატორია-სახელოსნოს დაარსებას აპირებს, სადაც ახალბედა შემსრულებლები გარკვეულ სკოლას გაივლიან დიდ სცენაზე შესვლამდე. თუმცა მანამდე ოპერის შენობა ისევ ხარაჩოებშია. მიუხედავად პირველი ეტაპის დასრულებისა, გარეფასადი, ისევ დაუსრულებლის შთაბეჭდილებას ტოვებს და ვენის ოპერის თეატრთან მსგავსების საპოვნელად მნახველს ფანტაზიის მოხმობაც ჭირდება. მიუხედავად ამისა, როგორც "ნაცმოძრაობის" ყოფილი და მოქმედი ლიდერები იტყვიან, "შედეგია უზარმაზააარი", თუმცა "გასაკეთებელი კიდევ ბევრია".
ეკა კუხალაშვილი

ჭანჭალეიშვილი - ქუთაისის ახალი ცისკარა

შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" ქუთაისის სერვის ცენტრს ახალი მენეჯერი ჰყავს. აღნიშნულ თანამდებობაზე ქუთაისის საკრებულოს წევრი, "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტი ლევან ჭანჭალეიშვილი დაინიშნა, რომელიც მანამდე ამავე კომპანიაში მუშაობდა. ბოლო პერიოდში მას შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში" კომერციული უსაფრთხოების დეპარტამენტში ქუთაისის რეგიონული ჯგუფის უფროსის თანამდებობა ეკავა.
"ჩემი ამ თანამდებობაზე დანიშვნა, ეს იყო დავალება. გპირდებით, რომ 3-4 წელიწადში ქუთაისში იქნება გამართული წყალმომარაგების სისტემა," - ამბობს ლევან ჭანჭალეიშვილი.
ჭანჭალეიშვილი "ვარდების რევოლუციის" შემდეგ პარტიულ საქმიანობაში აქტიურადაა ჩართული. 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს კი მმართველი პარტიის სიის მე-11 ნომერი იყო. ჭანჭალეიშვილი იმერეთის გუბერნატორის პირველი მოადგილის გიგა შუშანიას პროტეჟეა. პარტიულ საქმიანობასთან ერთად ის (ასევე პარტიისთვის) NGO სექტორშიც თანამშრომლობს, კერძოდ, "დემოკრატიისა და თავისუფლების ცენტრში". აღნიშნული ორგანიზაცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიას ახორციელებდა მმართველი პარტიის სახელით, რადგანაც ცნობილია, რომ ეს ორგანიზაცია ვიცე-გუბერნატორის შუშანიას საცხოვრებელი სახლის მისამართზეა რეგისტრირებული.
ლევან ჭანჭალეიშვილმა იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული ფილიალის ქუთაისის სერვის ცენტრის მენეჯერის თანამდებობაზე საკრებულოს ყოფილი წევრი ანდრო ლოსაბერიძე შეცვალა. ამ უკანასკნელმა კი კომპანიის რეგიონული ფილიალის ხელმძღვანელის პოზიციაზე გადაინაცვლა.
თეა ზიბზიბაძე