საკრებულოს წევრებისა და მერიის პირველი პირების პრემიების ანაზღაურებაზე გასულ წელს ქუთაისის ადგილობრივი ბიუჯეტიდან თითქმის 1 მილიონი ლარი დაიხარჯა. ქუთაისის ყოფილმა მერმა ნუგზარ შამუგიამ გასულ წელს პრემიის სახით 6200 ლარი გამოიმუშავა, საკრებულოს მოქმედმა თავმჯდომარემ ამირან ხვადაგიანმა კი - 9920 ლარი.
ქუთაისის საკრებულო 15 წევრისგან შედგება, თუმცა პრემიებით მხოლოდ ის დეპუტატები სარგებლობენ, რომლებიც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები არიან.
"პრემიებზე და ხელფასებზე არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება. ადგილობრივი შემოსავლები 8 მილიონს შეადგენს და ეს თანხა მთლიანად ადგილობრივი ადმინისტრაციის შენახვას ხმარდება," - აცხადებს საკრებულოს წევრი "ლეიბორისტული პარტიიდან" სამსონ გუგავა.
საკრებულოს "რესპუბლიკელი" წევრის ვიკა ნაკაშიძის თქმით, პრემიის მიღებაზე მან შეგნებულად თქვა უარი: "საკრებულოში ყველა თანამდებობის პირი - თავმჯდომარე, მოადგილე და ფრაქციის ხელმძღვანელები პრემიის სახით იმდენს იღებენ, რამდენიც ხელფასი აქვთ, ხოლო რიგითი წევრები განცხადებას წერენ თხოვნით, რომ მიიღონ პრემია და ამის მიხედვით იღებენ კიდეც მას. მეც შემომთავაზეს, რომ დამეწერა ანალოგიური თხოვნის განცხადება, მაგრამ არ დამიწერია. ვთვლი, რომ საკრებულოს წევრი უნდა იყოს ანაზღაურებადი, თუმცა, მიუხედავად ამისა, როცა ქალაქში ამდენი პრობლემაა, მიუღებლად მიმაჩნია, ამდენი თანხა მხოლოდ პრემიებზე დახარჯოს. ნაწილობრივ, ამ მიზეზითაც შეგნებულად ვთქვი უარი," - აცხადებს ვიკა ნაკაშიძე.
"საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის მიხედვით, შრომითი ანაზღაურება შედგება ხელფასის, პრემიისა და დანამატისაგან. ამ უკანასკნელთა გაცემა უნდა მოხდეს იმ ბიუჯეტის ფარგლებში, რაც დაწესებულებას აქვს, ხოლო რაიმე სახის შეზღუდვა, თუ რამდენჯერ და ვისზე უნდა იქნას გაცემული პრემია, კანონში არაა გათვალისწინებული.
"პრემია, როგორც წესი, გაიცემა, როდესაც სამსახურის უფროსი, ვთქვათ, ჩათვლის, რომ განსაზღვრული სამუშაო ზეგანაკვეთურად შეასრულა. სამწუხაროდ, ამ კუთხით საკანონმდებლო შეზღუდვა არ არსებობს," - ამბობს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარე ნინო თვალთვაძე.
ზეგანაკვეთურად შესრულებული სამუშაოს მიხედვით, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, საკრებულოსა და მერიაში პრემიები, ძირითადად, ოთხჯერ დარიგდა. პრემიის გარეშე არ დარჩენილა ვიტალი ბოჭორიშვილიც, რომელმაც საკრებულოს წევრის მანდატი გასული წლის დეკემბერში მიიღო. წლის დასრულებამდე მას პრემიის მინიმალური რაოდენობა მხოლოდ ერთხელ ერგო. საპრემიო თანხის მიღების რეკორდი საკრებულოს თავმჯდომარესა და მის მოადგილეზე მოდის. ოფიციალური ინფორმაციით, გასულ წელს ამირან ხვადაგიანს პრემიის სახით 9920 ლარი გადაეცა, ხოლო თამაზ მარგველაშვილს - 7800 ლარი. ამ პრივილეგიის გარეშე არც ქუთაისის ყოფილი ხელმძღვანელები დარჩენილან. ქალაქის ყოფილმა მერმა ნუგზარ შამუგიამ ამ უფლებით 2009 წელს სამჯერ ისარგებლა და სულ 6200 ლარი მიიღო, ხოლო ყოფილ ვიცე-მერს ზაზა ნუცუბიძეს პრემია 4-ჯერ გადაეცა, რამაც 6230 ლარი შეადგინა. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თამაზ მარგველაშვილი "ახალ გაზეთთან" საუბრისას აღიარებს, რომ ანალოგიური უფლებით თავადაც სარგებლობს, თუმცა, ამ საკითხზე კომენტარის გაეთება მან არ ისურვა.
"თავმჯდომარე წერს ბრძანებას და ბიუროს გადაწყვეტილებით, პრემიები გაიცემა. არაფერ კომენტარს არ გავაკეთებდი, უაზრობაა და კომენტარს არ გავაკეთებ," - აცხადებს თამაზ მარგველაშვილი.
გაუგებარი რჩება, თუ რა მიაჩნია მარგველაშვილს უაზრობად: ის, რომ, ზოგადად, პრემიას იღებს, თუ ის, რომ ეს თანხა ხელფასის ტოლია?
რაც შეეხება ადგილობრივ თვითმმართველობაში დასაქმებულთა ხელფასებს, მათი რაოდენობა არც თუ ისე მწირად გამოიყურება. საკრებულოს თავმჯდომარის შრომის ანაზღაურება თვეში 2480 ლარს შეადგენს, მისი მოადგილის - 1950 ლარს, რიგითი თანამშრომლებისა კი - 480 ლარს. ქალაქის მერი, ისევე, როგორც საკრებულოს თავმჯდომარე, ხელფასის სახით თვეში 2480 ლარს იღებს, მერის პირველი მოადგილე - 1500 ლარს. მერიაში მინიმალური ხელფასი 350 ლარია.
სამი შვილის დედა დალი ალავიძე ქუთაისის ოპერის თეატრში მუშაობს. მისი ყოველთვიური ხელფასი 125 ლარს შეადგენს, წლიური შემოსავალი კი - 1500 ლარს. დალი ამბობს, რომ სამსახურში პრემია არასოდეს აუღია და არც რაიმე სახის სახელმწიფო დახმარებით სარგებლობს. უფრო მეტიც, სოციალურად შეჭირვებულმა ოჯახმა სულ ცოტა ხნის წინათ, უმწეოთა სტატუსის მიღებაზე უარი მიიღო. იმის გამო, რომ ოჯახის ძირითადი შემოსავალი დალისა და მისი მეუღლის მწირი ხელფასია, თვიდან თვემდე თავის გატანა უჭირთ. მეგობრებთან ერთად ხატვის წრეზე სიარული 8 წლის კესო და კატო ალავიძეებისთვის მხოლოდ ლამაზ ოცნებად რჩება. ცეკვის ანსამბლზე ოცნებობს 5 წლის ესმაც.
"მე უკვე იმედი დავკარგე, რომ ჩემი შესაძლებლობით ოდესმე შევძლებ ბავშვებს ელემენტარული სურვილები ავუსრულო. არ მინდა ჩემი პესიმიზმი მათ გადავდო, იმედი აქვთ და ელოდებიან, რომ დედას და მამას ბევრი ფული ექნებათ," - ამბობს დალი ალავიძე.
დალის თქმით, ბავშვები გრძნობენ და შინაგანად განიცდიან ოჯახში ასრებულ მძიმე სოციალურ ფონს, ამიტომაც ვერ ბედავენ და ჯერ არასოდეს უთქვამთ ყველა ბავშვისთვის საყვარელი სიტყვები - "დედა, მიყიდე რა..."
დეა მანაგაძე
No comments:
Post a Comment