Sunday, March 28, 2010

პატიმრების წამება გეგუთის ციხეში წესად იქცა

გეგუთის #8 საპყრობილეში პატიმართა მიმართ ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები გასულ კვირას პარლამენტარმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ გაახმაურა. მანამდე კი, ამავე დაწესებულებაში ანალოგიური ფაქტების თაობაზე ადვოკატებმა და ადამიანის უფლებების დამცველებმა გაავრცელეს ინფორმაცია. უფრო მეტიც, გეგუთის #8 საპყრობილეში ბოლო ორი თვის განმავლობაში სამი პატიმარი გარდაიცვალა. არაოფიციალური ვერსიით, სამივე ფაქტი ციხის ადმინისტრაციის მხრიდან პატიმრებზე განხორციელებულ ძალადობას უკავშირდება. ოფიციალური ვერსია კი საქართველოს მთავარმა პროკურატურამ უნდა წარმოადგინოს, რომელსაც შესაბამისი თხოვნით უკვე მიმართა საქართველოს სახალხო დამცველმა.
საქართველოს პარლამენტის წევრს დიმიტრი ლორთქიფანიძეს გეგუთის საპყრობილეში განთავსებული მსჯავრებულების - დავით კოტორიშვილისა და დავით ზარანდიას მშობლებმა გასულ კვირას მიმართეს დახმარებისთვის. მშობლების თქმით, მათი შვილები სასტიკად არიან ნაცემები. პარლამენტარი დარწმუნებულია, რომ მომხდარი ინციდენტი გეგუთის საპყრობილეში პირველი შემთხვევა არაა.
„დავით კოტორიშვილის ამბავი არის მხოლოდ მცირე ეპიზოდი იმ ინციდენტების სერიისა, რომელსაც ადგილი აქვს გეგუთის კოლონიაში,“ - აცხადებს ლორთქიფანიძე.
კოტორიშვილისა და ზარანდიას საქმეებს ამჟამად სახალხო დამცველის აპარატი იკვლევს. როგორც ომბუდსმენის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ნინო ერემაშვილმა გვითხრა, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სახალხო დამცველის ოფისის პრეს-რელიზი ამ კვირაში გამოქვეყნდება. სახალხო დამცველის აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტი იკვლევს, ასევე, პატიმრების გარდაცვალების ფაქტებს გეგუთის საპყრობილეში. საუბარია გიორგი კვანტრიშვილის, სერგო კეკელიშვილისა და ნადიმ ცეცხლაძის გარდაცვალების ფაქტებზე.
პატიმრები - სერგო კეკელიშვილი და ნადიმ ცეცხლაძე თანასოფლელები და ამავე დროს, თანასაკნელებიც იყვნენ. პირველი მათგანი 2010 წლის 21 თებერვალს გარდაიცვალა, მეორე კი - 18 მარტს. სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან გეგუთის მსჯავრდებულთა ზეპირი მონათხრობით ირკვევა, რომ ორივე მათგანი საპყრობილეში ერთად სცემეს. ამის შემდეგ პატიმარი კეკელიშვილი მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც პოსტოპერაციული გართულებების შედეგად გარდაიცვალა. სახალხო დამცველის აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი ნათია იმნაძე აღნიშნავს, რომ იმ პირობებში, როდესაც სასჯელაღსრულების სისტემის სამედიცინო სამსახური ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, კეკელიშვილისთვის რთული ოპერაციის გაკეთება ციხის სამკურნალო დაწესებულების პირობებში შეუძლებელი იქნებოდა. ამდენად, გაურკვეველია, საბოლოოდ, რა გახდა პატიმრის სიკვდილის მიზეზი.
მეორე გარდაცვლილი პატიმარი - ნადიმ ცეცხლაძე სასჯელს გეგუთის მე-8 საპყრობილეში 2009 წლის სექტემბერიდან იხდიდა. კეკელიშვილის მსგავსად, უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ცეცხლაძე პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში 2010 წლის 11 თებერვალს გადაიყვანეს. 12 მარტს კი, როდესაც მისი მდგომარეობა კრიტიკული გახდა, მსჯავრდებული ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში მოათავსეს, სადაც იგი 18 მარტს ოჯახის წევრების გარემოცვაში გარდაიცვალა.
„ასეთი რა გამიკეთეს, რომ მოწყვეტილი ვარ წელსქვევით?!“- ეს ერთადერთი ფრაზაა, რაც სიკვდილის პირას მყოფმა პატიმარმა ახლობლებთან თქვა.
2010 წლის 26 თებერვალს ამავე დაწესებულებაში კიდევ ერთი პატიმარი, გიორგი კვანტრიშვილი გარდაიცვალა. ოფიციალური ვერსიით, ციხის განაწესის დარღვევისთვის კვანტრიშვილი კარცერში მოათავსეს, სადაც მან თავი ჩამოიხრჩო. თუმცა, სახალხო დამცველის აპარატში, გეგუთის საპყრობილის დანარჩენი პატიმრების ინფორმაციებზე დაყრდნობით, გარდაცვალების სხვა მიზეზებზე საუბრობენ.
„მსჯავრდებულებს ჰქონდათ ეჭვი, რომ გიორგი კვანტრიშვილი გახდა ძალადობის მსხვერპლი არა იმ გაგებით, რომ მაინც და მაინც ძალადობისგან გარდაიცვალა, არამედ, თავი მოიკლა იმიტომ, რომ მასზე რაღაც ძალადობა განხორციელდა. სხვადასხვა ვერსიებია, ყოველ შემთხვევაში, თავის მოკვლის ვერსიისა პატიმრებს ნაკლებად სჯეროდათ, იმის გამო, რომ მორწმუნე ადამიანი იყოო,“ - აღნიშნავს ნათია იმნაძე. გეგუთის საპყრობილეში კვანტრიშვილის თავის ჩამოხრჩობის ვერსია დანარჩენმა პატიმრებმა გააპროტესტეს და სოლიდარობის მიზნით შიმშილობა გამოაცხადეს. ამასთან დაკავშირებით, დაწესებულების ადმინისტრაციამ საჭიროდ ჩათვალა დაწესებულების ტერიტორიაზე სპეცრაზმი შეეყვანა. მსჯავრდებულები აღნიშნავენ, რომ სპეცრაზმმა კორპუსებში ჩხრეკა ჩაატარა და იმ პატიმრებს, ვინც საკვების მიღებაზე უარი განაცხადეს, ფიზიკურად უსწორდებოდნენ. 200-მდე პატიმარი გეგუთის ციხიდან საასჯელაღსრულების სხვადასხვა დაწესებულებაში გადაიყვანეს. აღსანიშნავია, რომ გეგუთის საპყრობილეში სპეცრაზმი 28 თებერვალს, მას შემდეგ შევიდა, რაც პატიმრები ციხის ადმინისტრაციასთან ერთად სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მოინახულა.
„გასარკვევია, ვინ მიიჩნია აუცილებლად სპეცდანიშნულების რაზმის შეყვანა დაწესებულების ტერიტორიაზე სრულიად უწყინარ სიტუაციაში, როდესაც პატიმრები მიმართავდნენ საყოველთაოდ მიღებულ პროტესტის ფორმას - შიმშილობას? ბრძანების გაცემის უფლება აქვს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეს, თუმცა, რაც ახლავე შეიძლება ითქვას, ეს მოხდებოდა აუცილებლად დაწესებულების ადმინისტრაციის მიმართვის საფუძველზე,“ - აღნიშნავს ნათია იმნაძე.
გეგუთის საპყრობილეს ამჟამად მამუკა ჩეგიანი ხელმძღვანელობს, რომელსაც მანამდე ქუთაისის #2 საპყრობილეში ეკავა რეჟიმის უფროსის თანამდებობა. (სხვათაშორის, გეგუთის საპყრობილის უფროსის მოადგილის თანამდებობა ცოტა ხნის წინ გიგა არჩაიას ეკავა, რომელიც კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დასავლეთ საქართველოს რეგიონული სამმართველოს უფროსის კოტე არჩაიას ძმაა). ჩეგიანი გეგუთის საპყრობილეში პატიმართა წამებისა და არაადამიანური ფაქტების თაობაზე კომენტარს არ აკეთებს. მასთან ერთადერთი სატელეფონო კომენტარი სტუდია „GNS“-ის ჟურნალისტმა ჩაწერა, სადაც ჩეგიანმა განაცხადა: „თქვენ თუ მეტყვით და ერთი პატიმარიც კი თუ იტყვის, რომ მაგი (გიორგი კვანტრიშვილი) ჩამოახრჩვეს და ჩამოკიდეს, აგერა ვარ და მე ვაგებ მაგაზე პასუხს!“ რაც შეეხება პატიმრების შიმშილობისა და შემდეგ მათი სხვა საპყრობილეებში ეტაპირების ფაქტს, ამაზე ჩეგიანი ასეთ კომენტარს აკეთებს: „პატიმრებს გადაიყვანენ თუ გადმოიყვანენ, მაგას არც მე მეკითხება ვინმე და არც თქვენ. ბუნტი არ იყო მანდ, ჯერ ერთი: საჭმელი არ ჭამეს და მერე შეჭამეს და ეგ იყო!“
გეგუთის კოლონიაში ძალადობის ფაქტების თაობაზე პატიმართა მხრიდან საჩივრებმა რომ იმატა, ამას საქართველოს სახალხო დამცველიც ადასტურებს. ისინი, ძირითადად, ადმინისტრაციის მხრიდან უხეშად და გულგრილად მოპყრობას ეხება. ამის გამო, გეგუთში არსებული ვითარების შესწავლა სახალხო დამცველის აპარატის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.
„ვინაიდან პატიმრები მიუთითებენ, რომ გეგუთის #8 საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა წესად იქცა, სახალხო დამცველმა მის ხელთ არსებული მასალები შემდგომი რეაგირებისთვის საქართველოს მთავარ პროკურორს გადაუგზავნა,“ - აღნიშნულია სახალხო დამცველის მოხსენებაში.
ყოფილი პატიმარი ზურა ვეკუა, რომელიც საჯელს გეგუთის კოლონიაში 7 წლის წინ იხდიდა, ამბობს, რომ პატიმართა ცემის ფაქტები დაწესებულებაში იმ პერიოდშიც იყო, თუმცა ზონაში წესრიგს ე.წ. „კანონიერი ქურდები“ ამყარებდნენ. ციხეებში სისასტიკე და ძალადობა არც ამ ინსტიტუტის მოშლის შემდეგ შემცირებულა.
ციხეებში „ქურდული“ გარჩევების სპეცრაზმის ძალადობით ჩანაცვლებას კატეგორიულად არ ეთანხმება მანანა მანაგაძე, რომელიც ქუთაისში სასჯელაღსრულების დაწესებულების საზოგადოებრივი კონტროლის კომისიის თავმჯდომარე იყო.
„ეს მენტალილეტი ათწლეულების მანძილზე ყალიბდებოდა და არა მხოლოდ საქართველოში. ერთ და ორ წელიწადში ამას ვერავინ მოშლის, რადგან ციხეს თავისი კანონები აქვს. უცხო თვალიც ადვილად შეამჩნევს, რომ ციხეში პატიმრებს შორის იერარქიული სხვაობაა. ძალისმიერი მეთოდით წესრიგის დამყარება ყოველთვის უკუპროცესს მოიტანს,“ - ამბობს მანანა მანაგაძე.
საზოგადოებრივი კონტროლის კომისია მხოლოდ სამი წლის (2005-2007) მანძილზე არსებობდა და საერთაშორისო ორგანიზაციის „ციხის საერთაშორისო რეფორმის“ (PRI) მიერ მომზადებული კადრებით დაკომპლექტდა. თუმცა, შემდეგ, უცნობი მიზეზების გამო, გაუქმდა. მანანა მანაგაძე მიიჩნევს, რომ კომისიის მუშაობა იმ პერიოდში საპყრობილეებში არსებული სიტუაციის გაუმჯობესების მიზნით, ეფექტური იყო, რადგან კომისიის პრიორიტეტი ციხეებში სარეაბილიტაციო სამუშაოების და ჰუმანიზაციის პროცესის დაწყება იყო.
„რაც უფრო ძლიერდებოდა ეს კომისია, მით უფრო ნაკლები შანსი არსებობდა იმისა, რომ ადმინისტრაციას ციხეები ძველებური მეთოდებით ემართათ. ამიტომ ვიღაცის ინტერესებში არ შედიოდა, რომ ციხეში შესულიყო ადამიანთა ჯგუფი, რომელთაც იქ არსებული რეალური სიტუაცია ეცოდინებოდათ. ის, რაც ბაჩო ახალაიამაც კი დაუშვა, შაშკინმა გააუქმა,“ - აღნიშნავს მანანა მანაგაძე.
საზოგადოებრივი კონტროლის კომისიის აღდგენა არც მოქმედი მინისტრის გეგმებში შედის. ძალადობის და გაურკვეველ ვითარებაში პატიმართა გარდაცვალების ფაქტები კი მხოლოდ ერთი და ორი საპყრობილის პრობლემას არ წარმოადგენს. მაგალითად, გასული წლის 12 დეკემბერს პატიმრის გარდაცვალების ფაქტი ქუთაისის #2 საპყრობილეშიც დაფიქსირდა: ოფიციალური ინფორმაციით, მსჯავრდებულმა ალექსანდრე ქოქოშვილმა თავი ჩამოიხრჩო.
გეგუთისა და ქუთაისის საპყრობილეებში გაუმჯობესება ჯერ-ჯერობით მხოლოდ ექსტერიერის კეთილმოწყობით შემოიფარგლება: გეგუთის საპყრობილის გარემონტებული შენობა 2007 წელს გაიხსნა, ქუთაისის ციხის ახალი შენობა კი 2005 წელს აშენდა.
დეა მანაგაძე

No comments:

Post a Comment