ტყიბულის მინდელის სახელობის მაღაროში გასულ კვირას მომხდარი აფეთქებისას დაშავებული 38 წლის ბესო ზოსიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. მას მრავლობითი მოტეხილობები აქვს მიყენებული და ამ დროისთვის ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ეროვნულ ცენტრში, ხელოვნური სუ ნთქვის აპარატზეა მიერთებული. ექიმები აცხადებენ, რომ შემოყვანის მომენტიდან ამ დრომდე დაზარალებულის მდგომარეობა დასტაბილურდა, თუმცა ვითარება ჯერჯერობით მძიმეა.
ტყიბულის მინდელის სახელობის მაღაროში აფეთქება 2 მარტს, ღამის 11 საათზე მოხდა, რამაც 4 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. დაღუპულია მაღაროში მომუშავე 67 წლის მიზდონ ონიანი, 54 წლის გიორგი ბრეგაძე, 29 წლის მურმან კუბლაშვილი და 72 წლის ჯუმბერ ჯიშიაშვილი. შემთხვევის ადგილიდან ცხედრების ამოყვანა მაშველებმა მხოლოდ დილის 5 საათზე მოახერხეს. აფეთქებისას მძიმედ დაშავებული ბესო ზოსიაშვილი კი მაღაროდან მამამ გამოიყვანა.
"ისეთი ძლიერი ხმა იყო, მივხვდი, რომ აფეთქება მაღაროს მე-11 უბანში იყო მომხდარი, გავიქეცი და დავინახე, ჩემი შვილი სისხლში იყო ამოსვრილი," - ამბობს ბესო ზოსიაშვილის მამა ნოდარ ზოსიაშვილი.
მაღაროში აფეთქება, წინასწარი ინფორმაციით, მეთანის დაგროვებამ გამოიწვია. საუბარია იმაზე, რომ უბანს, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, რამენიმე დღე სარემონტო სამუშაოების გამო ელქტროენერგია არ მიეწოდებოდა. შესაბამისად, არც სავენტილაციო სისტემა მუშაობდა. სწორედ ამას მოჰყვა მეთანის დაგროვება. მეშახტეები იმ დროს 850 მეტრის სიღრმეში იმყოფებოდნენ.მომხდარ ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, გამოძიებას პროკურატურა აწარმოებს. ასევე, შექმნილია სამთარობო კომისია, რომელმაც მაღაროში მოხდარი აფეთქების მიზეზები უნდა დაადგინოს. თუმცა, მე-11 უბანი ამ დრომდე დალუქულია და ექსპერტთა ჯგუფის ჩასვლა მაღაროში ვერ ხერხდება, რადგან გვირაბში მეთანის კონცენტრაცია ჯერ ისევ მაღალია.მომხარი ფაქტის გამო, დაღუპული 4 ადამინის პატივსაცემად პრეზიდენტმა 4 მარტი გლოვის დღედ გამოაცხადა. პრეზიდენტის პრეს-სპიკერის მანანა მანჯგალაძის განცხადებით, გარდაცვლილთა ოჯახებს სახელმწიფო დაეხმარება და დაშავებულის მკურნალობის ხარჯებსაც დაფარვას.
"ტყიბულის მაღარო ბოლო რამდენიმე წელია ამუშავდა იმაზე მეტი დატვირთვით, ვიდრე ეს ხდებოდა საბჭოთა კავშირის დროს. ყველაფერი კეთდებოდა ახალი ტექნოლოგიების დასანერგად, მუდმივად მიმდინარეობდა გადაიარაღების პროცესი. სამომავლოდ კი, ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, რომ მსგავსი ინციდენტი თავიდან ავიცილოთ," - აღნიშნა მანანა მანჯგალაძემ.
ტყიბულში შემთხვევის ადგილზე რეგიონის პირველ პირებთან ერთად პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაურიც ჩავიდა, რომელიც იქ მომუშავე მაღაროლებს და ხელმძღვანელებს შეხვდა.
"თუ არსებობს დანაშაულის ელემენტი, გამოიკვეთება ყველა პირი და გაირკვევა, ზუსტად რა მოხდა მინდელის სახელობის მაღაროში. პირველ რიგში, იმ ადამიანების უსაფრთხოება უნდა იყოს დაცული, რომლებიც დოვლათს ქმნიან ქვეყანაში," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. გილაურის განცხადებით, სამთავრობო კომისია ყველაფერს დეტალურად შეისწავლის და მიიღებს პრევენციულ ზომებს, რომ მსგავსი უბედური შემთხვევა აღარ განმეორდეს.
ტყიბულის მაღაროში მომხდარი აფეთქება პირველი შემთხვევა არ არის. მაღაროში პირველი აფეთქება 1961 წელს მოხდა, როდესაც აფეთქების შედეგად ორი მაღაროელი გარდაიცვალა. მათ გამოსაყვანად 30-კაციანი სამთო-სამაშველო ჯგუფი შევიდა, თუმცა ისინიც დაიღუყნენ. მინდელის სახელობის მაღაროს ტექნიკური დირექტორის ბადრი არაბიძის განცხადებით, მსგავსი უბედური შემთხვევა ტყიბულში 1984 წელსაც მოხდა. მაშინ მეთანის აალებას ძიძიგურის სახელობის მაღაროში სამი ადამინის სიცოცხლე ემსხვერპლა. ასევე, მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა 1987 წელს, როდესაც მაღაროს გარკვეულ უბნებში მეთანმა გაჟონა.ამჯერად რამ დააგროვა ბუნებრივი აირი მაღაროში, ამას გამოძიება დაადგენს. ექსპერტების დასკვნა რამდენიმე კვირაში გახდება ცნობილი. შესაბამისად, დადგინდება, აფეთქება დაუდევრობამ გამოიწვია, თუ უბედურმა შემთხვევამ. ტყიბულის მაღარო კომპანია "საქნახშირს" ეკუთვნის, რომელიც "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის" შვილობილი კომპანიაა. "საქნახშირი" ტყიბულის მაღაროებში 2006 წლიდან საქმიანობს. მისი ძირითადი საქმიანობის სფეროა ნახშირის მოპოვება, რიგითი ნახშირების გამდიდრება და რეალიზაცია. "საქნახშირის" კუთვნილ მაღაროში 930 ადამიანი მუშაობს. "საქნახშირი" ტყიბულ-შაორის ქვანახშირისა და ახალციხის მურა ნახშირების საბადოებზე ნახშირის მოპოვების ლიცენზიის ერთპიროვნული მფლობელია.
თეა ზიბზიბაძე
No comments:
Post a Comment