Friday, March 26, 2010

მოქალაქეები VS ნათია კობერიძე

25 მარტს, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ პირველი გადაწყვეტილება გამოიტანა, რომლითაც დაადგინა, რომ ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "სპეციალური რეპორტაჟის" წამყვანმა და თანაავტორმა ნათია კობერიძემ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი მუხლი დაარღვია. აღნიშნული მუხლი შემდეგნაირად ფორმულირდება: "ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას - მიიღოს ზუსტი ინფორმაცია".
"წესდების თანახმად, საბჭომ მხოლოდ იმ მუხლთან დაკავშირებით იმსჯელა და გამოიტანა გადაწყვეტილება, რომელზეც მითითებული იყო იმ მოქალაქეების საჩივრებში, რომლებიც შემოვიდა საბჭოში განსახილველად," - ამბობს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე ეთერ თურაძე.
საბჭოს ქარტიის დამფუძნებლისა და ხელმომწერის - ნათია კობერიძის წინააღმდეგ საჩივრით საქართველოს სამმა მოქალაქემ მიმართა: ასლან ჭანიძემ, პაატა ჯალაღონიამ და რუსუდან ფანჩულიძემ საჩივარში მიუთითეს, რომ 13 მარტს "იმედის" ეთერში გასული გადაცემა "სპეციალური რეპორტაჟით", რომლის შემადგენელი ნაწილიც გახლდათ ე.წ. "მოდელირებული ქრონიკა" რუსეთ-საქართველოს შორის მორიგი ომის დაწყების თაობაზე, დაირღვა საზოგადოების უფლება - მიეღოთ ზუსტი ინფორმაცია. სწორედ აღნიშნული საჩივრები გახდა საბჭოს განხილვის საგანი. პროცედურის მიხედვით, საბჭომ აღნიშნული საჩივრები ჟურნალისტ ნათია კობერიძეს მიაწოდა და მისგან შესაბამისი განმარტებების მოსმენა ითხოვა საბჭოს სხდომაზე, რომელიც, წესდების თანახმად, ღიაა. კობერიძემ აღნიშნულის თაობაზე საბჭოს თანხმობა განუცხადა, თუმცა საბჭოს წევრებმა სხდომის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე შეიტყვეს, რომ კობერიძემ პირობის შესრულება და სხდომაზე მისვლა გადაიფიქრა.
"ჩვენ ნათია კობერიძემ სატელეფონო საუბარში გვითხრა, რომ წერილობით უპასუხებდა ჩვენს შეკითხვებს, ამიტომაც საბჭომ მას ელექტრონულ ფოსტაზე გადაუგზავნა 16 შეკითხვა და თან მიიღო მისგან პირობა, რომ დამატებითი კითხვების გაჩენის შემთხვევაში, კვლავაც უპასუხებდა საბჭოს წევრების შეკითხვებს," - განმარტეს საბჭოს წევრებმა.
XXX
საბჭოს წევრებსა და კობერიძეს შორის ონლაინ რეჟიმში ასეთი შინაარსის კითხვა-პასუხი შედგა:
- ქალბატონო ნათია, თქვენ საშუალება გქონდათ, გაცნობოდით იმ საჩივრებს, რომლებიც შემოვიდა თქვენს წინააღმდეგ ქარტიის საბჭოში. აღიარებთ თუ არა, რომ თქვენი მხრიდან ადგილი ჰქონდა ქარტიის ნორმების დარღვევას, როგორც ეს იყო მითითებული საჩივრებში? თუ საჩივრების შინაარსს არ ეთანხმებით, გთხოვთ, გაგვაცნოთ თქვენი არგუმენტები ამის თაობაზე.
- ქარტიის ნორმების დარღევვას ჩემი მხრიდან ადგილი არ ჰქონია. მე, ანონსშიც და გადაცემის დაწყებამდეც განვაცხადე, რომ ეთერში გავიდოდა მოდელირებიული ქრონიკა, რომელიც ასახავდა შესაძლო მომავალს.
- თვლით თუ არა, რომ დაარღვიეთ ქარტიის პირველი მუხლი: "ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას - მიიღოს ზუსტი ინფორმაცია?"
- იხ. პირველი კითხვა.
- თუ კი, მაშინ ჰქონდა თუ არა ადგილი თქვენზე ზეწოლას ხელმძღვანელების მხრიდან, რამაც ეთიკის ნორმების დარღვევა გაიძულათ?
- რაკი არ დამირღვევია, არც ზეწოლა ჩემზე პირადად არ განხორციელებულა.
- რა გახდა თქვენი გადაწყვეტილების შეცვლის მიზეზი, რომ მოსულიყავით საბჭოს სხდომაზე და ღიად დაგეფიქსირებინათ თქვენი პოზიცია?
- გადაწყვეტილება არმოსვლაზე მივიღე იმის გათვალისწინებით, რომ სხდომა იქნებოდა ღია, რითაც არაკეთილსინდისიერი, რევანშისტულად განწობილი ადამიანები ბოროტად ისარგებლებდნენ და მოაწყობდნენ პროვოკაციას, რომელიც, პირველ რიგში, საბჭოს ჩააყენებდა უხერხულ მდგომარეობაში. ისე, ამაზე თქვენც უნდა გეფიქრათ, კოლეგებო, რადგან ვიმედოვნებ, რომ თქვენი მიზანი საქმის ვითარებაში გარკვევა და ხმაურის ატეხვა არ იყო.
- ხართ თუ არა გადაცემა "სპეციალური რეპორტაჟის" თანაავტორი?
- დიახ, მე გახლავართ "სპეციალური რეპორტაჟის" თანაავტორი.
- გადაცემის ეთერში გასვლამდე, მიგაჩნდათ თუ არა, რომ გამაფრთხილებელი ტიტრი უწყვეტად უნდა ყოფილიყო გადაცემის მსვლელობის დროს?
- გამაფრთხილებებლი ტიტრი აუცილებლად!!!! უნდა ყოფილიყო უწყვეტად!
- გადაცემის ეთერში გასვლამდე, იცოდით თუ არა, რომ გამაფრთხილებელი ტიტრი უწყვეტად არ დაედებოდა მას?
- არა, არ ვიცოდი, რომ ტიტრს არ დაადებდნენ.
- თუ თქვენ იცოდით, რომ გადაცემის მთელი მსვლელობისას გამაფრთხილებელი ტიტრი არ დაედებოდა, რა მოიმოქმედეთ ამის თავიდან ასაცილებლად?
- იხ. მეშვიდე კითხვა.
- თუ თქვენ გქონდათ წინასწარი ინფორმაცია, რომ გამაფრთხილებელი ტიტრი მთელი გადაცემის განმავლობაში უნდა დადებულიყო და პირდაპირ ეთერში აღმოჩნდა, რომ ეს ასე არ არის, რა მოიმოქმედეთ?
- იხ. მეშვიდე კითხვა.
- მიგაჩნიათ, თუ არა, რომ ეთერში გასულ საარქივო მასალებზე მკაფიოდ უნდა ყოფილიყო მინიშნება, რომ ეს მასალები საარქივოა?
- საარქივოს უნდა ეწეროს საარქივო. რატომ არ ეწერა, კითხეთ "ქრონიკის" ავტორებს.
- მიგაჩნიათ თუ არა, რომ სხვა ქვეყნების დიპლომატებისა და ოფიციალური პირების გამოსახულებაზე იმ ტექსტის დადება, რომელიც მათ არ უთქვამთ, იყო პროფესიული სტანდარტის დარღვევა?
- "ქრონიკის" ნაწილზე პასუხს არ ვაგებ. ზოგადად, აქაც ტიტრის პრობლემას ვხედავ. თუ საზოგადეობას ეცოდინებოდა, რომ ეს დიპლომატებმა კი არ თქვეს, არამედ ჟურნალისტებმა დაუშვეს, სადავოც არაფერი იქნებოდა, მათ შორის სტანდარტი.
- ფარულ სატელეფონო საუბრის ჩანაწერში ორი ადამიანი (გიორგი არველაძე და ვინმე ეკა) ერთმანეთს უთანხმებს ტექსტს, რომელიც ძალიან ჰგავს თქვენს მიერ პირდაპირ ეთერში გადაცემულ ტექსტს. რითი ხსნით ამას? თანახმა ხართ თუ არა ამ ჩანაწერის ნამდვილობის ექსპერტიზაზე?
- სატელეფონო საუბრის შესახებ არაფერი ვიცი!
- ვინ მიიღო გადაწყვეტილება გამაფრთხილებელი ტიტრის არდადების შესახებ?
- ეს...
- ვისი ინიციატივით და რატომ გადაიწია გადაცემის ეთერში გასვლის დრომ 20:30-დან 19:58-ზე?
- ეს კითხვები ამოწურა არხის ხელმძღვანელმა ქართულ მედიაში. იხ. ჟურნალი "ლიბერალი".
- ვინ იყო 2010 წლის 13 მარტს "იმედის" ეთერში გასული გადაცემა "სპეციალური რეპორტაჟის" იდეის ავტორი?
- საფრთხეებზე გადაცემის მომზადება ჩემი გუნდის იდეაც იყო.
- რის საფუძველზე აცხადებთ მედია-საშუალებებში ("ნეტგაზეთი"), რომ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სტანდარტები არ დაგირღვევიათ?
- იხ. წინა კითხვები
XXX
ამის შემდეგ საბჭოს წევრებმა ნათია კობერიძეს დამატებით კიდევ სამი შეკითხვა გაუგზავნეს, თუმცა სხდომა ისე დასრულდა, რომ კობერიძის პასუხები დამატებით შეკითხვებზე საბჭოს აღარ მიუღია. აღნიშნული პასუხები მან სხდომის დასრულების შემდეგ მიაწოდა საბჭოს. დამატებით კითხვებზე კობერიძის პასუხები ასე გამოიყურება:
- როცა პირდაპირი ეთერი დაიწყო და მოწვეულ სტუმრებთან ერთად "ქრონიკას" უყურებდით, რომელსაც არ ედო გამაფრთხილებელი ტიტრი, თქვენ კი მიგაჩნდათ, რომ ტიტრი აუცილებლად უნდა ყოფილიყო, რა მოიმოქმედეთ, რომ გადაცემის მსვლელობის დროს ტიტრი დადებულიყო? (ტიტრის ასაკრეფად რამდენიმე წუთია საჭირო).
- სტუდიაში ტიტრის შესახებ არაფერი ვიცოდი. არ გამიმახვილებია ყურადღება ამ საკითხზე, რადგან არ დავუშვი ამის შესაძლებლობა.
- წარმოადგინეთ არგუმენტები, რატომ არ მიგაჩნიათ "მოდელირებული ქრონიკა" თქვენი საავტორო გადაცემის - "სპეციალური რეპორტაჟის" ნაწილად?
- არ იყო ნაწილი, მოხდა 2 პროექტის შერწყმა და ყველა თავის ნაწილზე აგებდა პასუხს, მე - თოქ-შოუზე.
- გქონდათ თუ არა გაცნობიერებული, რომ გადაცემის უტიტროდ გასვლა მაყურებელს ზიანს მიაყენებდა?
- უტიტრობა ზიანის მომტანი იქნებოდა, ეს ვიცოდი, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ ტიტრი იქნებოდა! მე ის მაწუხებდა, რომ ასეთი "ქრონიკა" იქნებოდა სასაცილო, უგემოვნო პროდუქტი, რადგან ვერ წარმოვიდგინე, რომ მაყურებელი შეცდომაში იქნებოდა შეყვანილი.
ქრონიკა ვნახე 18.30ზე, ანუ გადაცემამდე 1,5 საათით ადრე. სტუმრები სტუდიაში მოსვლას იწყებდნენ. აქვე ვაზუსტებ, თქვენი შეკითხვები გასცდა ქარტიის კომპეტენციას და დაკითხვის ფორმა მიიღო.
XXX
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ მიიჩნია, რომ ჟურნალისტმა ნათია კობერიძემ დაარღვია ქარტიის პირველი მუხლი. საბჭომ გასულ კვირას მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი კი საზოგადოებისთვის ცნობილი ამ კვირაში გახდება.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გასული წლის 4 დეკემბერს დაფუძნდა და სწორედ მაშინ გახდა ნათია კობერიძე აღნიშნული ქარტიის დამფუძნებელი და ხელმომწერი. იმავე დღეს ქარტიის დამფუძნებლებმა აირჩიეს გადაწყვეტილებების მიმღები ორგანო - საბჭო, რომელშიც 6 რეგიონული მედიის, 3 კი თბილისში მომუშავე ჟურნალისტია.
წესდების თანახმად, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ნორმების დარღვევის ფაქტებს საბჭო მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს, თუკი საბჭოს რომელიმე მოქალაქე, იურიდიული პირი ან ადმინისტრაციული ორგანო მიმართავს შესაბამისი საჩივრით.
"საბჭოს არ შეუძლია ვინმეს დასჯა და გარიცხვა. ჩვენს უფლებამოსილებაში მხოლოდ ის შედის, რომ განვიხილოთ საჩივარი და საჯაროდ გამოვაცხადოთ ჩვენი გადაწყვეტილება - დაარღვია თუ არა ქარტიის ხელმომწერმა ჟურნალისტმა, რომლის წინააღმდეგაც შემოვიდა საჩივარი, ეთიკის ქარტიის მითითებული მუხლი," - განმარტავს ეთერ თურაძე.
საბჭოს წევრების თქმით, მათ უკვე მიმართა კიდევ ერთმა მოქალაქემ საჩივრით, რომელიც მომავალ სხდომაზე განიხილება, თუკი საბჭოს სამი წევრი აღნიშნულ საჩივარს დასაშვებად მიიჩნევს.

No comments:

Post a Comment