Sunday, February 28, 2010

ადვოკატმა შესაძლოა, პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვოს

ქუთაისელი ადვოკატის ლედი ტუკვაძის კუთვნილი ავტომანქანის აფეთქების თაობაზე მოკვლევას შსს ქუთაისის სამმართველოს პირველი რაიონული განყოფილება აწარმოებს, თუმცა გამოძიებას ეჭვმიტანილი ამ დრომდე არ გამოუვლენია. ტუკვაძის კუთვნილი "BMW"-ს მარკის ავტომანქანა ქუთაისში, 18 თებერვალს, ღამის 4 საათზე, მისივე საცხოვრებელი სახლის ეზოში - აღმაშენებლის გამზირზე ააფეთქეს. აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია, რადგან შემთხვევის მომენტში ადვოკატი თბილისში იმყოფებოდა. "18-ში დილით, ჩემმა დამ დამირეკა და მითხრა, რომ ღამით საშინელი აფეთქების ხმა გაიგონეს. როდესაც გარეთ გაიხედეს, თეთრი კვამლი იყო და ავტომანქანა - განადგურებული. მაშინვე მოვიდნენ სამართალდამცავები. გამოიძახეს თბილისის საექსპერტო ჯგუფები და დაიწყო გამოძიება. ვიცი, რომ შს მინისტრს ჰყავს პირად კონტროლზე აყვანილი ეს საქმე. ძალიან ცუდი ფაქტია, რაც მოხდა," - ამბობს ადვოკატი ლედი ტუკვაძე. მისი თქმით, ასეთი პირდაპირი თავდასხმის პრეცენდენტი საქართველოში 1990-ანი წლების შემდეგ არ ყოფილა.რა გახდა ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი აფეთქების მიზეზი - ადვოკატის დაშინება თუ მისი ლიკვიდაციის მცდელობა? - ამ დრომდე მხოლოდ ვერსიები არსებობს. გამოძიებას ეჭვმიტანილი ჯერ არ ჰყავს. თავად ადვოკატი უკვე დაკითხულია და დაზარალებულადაა ცნობილი, თუმცა სავარაუდო ეჭვმიტანილს ვერც ის ასახელებს. სამაგიეროდ, მომხდარ ფაქტს პროფესიულ საქმიანობას უკავშირებს, რომელიც მისი საადვოკატო მოღვაწეობის მანძილზე საკმაოდ მჭიდროდაა დაკავშირებული როგორც ქურდულ სამყაროსთან, ასევე - ძალოვან სტრუქტურებთან. ამის მიუხედავად, დაზარალებული მომხდარ ფაქტში მათ მონაწილეობას გამორიცხავს.
"ქურდულ სამყაროს როგორ დავუკავშირებ ამ საქმეს? ამ სამყაროს წარმომადგენლების თითქმის 70%-ის დამცავი მე ვარ. ახლო, ნათესაური ურთიერთობა მაქვს ბევრი მათგანის ოჯახთანაც. არ ვმალავ, რომ ნათლიმირონობა მაკავშირებს. თუმცა, ასევე, ვარ ძალოვნების შვილების ნათლიაც. ამიტომ, გამოვრიცხავ ამ საქმეში მათ მონაწილეობას," - ამბობს ლედი ტუკვაძე.
ადვოკატი ამბობს, რომ მისი საქმიანობის მანძილზე ძალიან ბევრ სკანდალურ საქმეშია ჩართული, რაც შეიძლებოდა აფეთქების მიზეზი გამხადრიყო. დაზარალებულის თქმით, მის მიმართ გარკვეული სახის ბრძოლები ბოლო ერთი წელია განსაკუთრებული ინტენსივობით ხორციელდება. ლელი ტუკვაძე აღნიშნავს, რომ მომხდარი ფაქტი მის წინააღმდეგ განხორციელებული ქმედების პირველი მცდელობა არ ყოფილა.
"გასული წლის 10 აპრილს საშინელ ავტოავარიაში მოვყევი. გაურკვეველ ვითარებაში მოხდა ეს ავარია. სახლიდან გამოსვლის შემდეგ მომენტალურად აკრიფა სიჩქარე ავტომაქანამ და მუხრუჭებმაც არ დაიჭირა. ძალიან ბევრი კითხვა გაჩნდა ამ ავარიის ირგვლივ, მაგრამ მაშინ განცხადებების გაკეთებისგან შევიკავე თავი. მე ძალიან ბევრ მაღალჩინოსანს შევხვდი, რომ გამერკვია, საიდან მოდიოდა ჩემს მიმართ ასეთი დაპირისპირებები. ჭორები ვრცელდებოდა, რომ მე წავედი საადვოკატო სფეროდან," - ამბობს ტუკვაძე და იქვე განმარტავს, რომ ადვოკატობაზე თავის დანებებას მართლაც აპირებდა.
"ვფიქრობდი, რომ საჯარო სფეროში გადავსულიყავი. იქიდან გამომდინარე, რომ ჩემს ირგვლივ ძალიან ბევრი ბუნდოვანი შიდა ბრძოლები ხდებოდა და ეს ბოლოს აფეთქებით დასრულდა. როგორც ჩანს, რა დოზითაც მე ვარ ამ სფეროში და რა დოზითაც ჩემი სახელი დ გვარია, არ უნდათ, რომ ამ დოზით იყოს," - ამბობს ადვოკატი. ლედი ტუკვაძე ფიქრობს, რომ აფეთქება შესაძლოა, კერძო პირს და რომელიმე კონკრეტულ საქმეს უკავშირდებოდეს.
"არის ასეთი რამდენიმე საქმე. ერთ-ერთი მილიონიან ქონებას შეეხება. შეიძლება სხვის საქმეში ჩავყავი ცხვირი, მაგრამ მინდა ვუთხრა იმ პიროვნებას, რომ აღარაფერი აღარ მახსოვს. მყავს მცირეწლოვანი შვილი და თავი დაანებონ ჩემს ოჯახს. მე ბევრ საქმეს ვიცნობ და ბევრ ინფორმაციას ვფლობ, მაგრამ თამაშის წესებს ყოველთვის ვიცავ. ინფორმაციას კომპრომატებად არ ვიყენებ. ახლაც მაქვს 4-5 საქმე, ვიცავ რამდენიმე კანონიერ ქურდსაც," - ამბობს ადვოკატი.
შესაძლოა, ეს საქმეები მისთვის, როგორც ადვოკატისთვის ბოლო აღმოჩნდეს. ლედი ტუკვაძე ამბობს, რომ მალე საადვოკატო სფეროდან წასვლის თაობაზე განცხადებას გააკეთებს. არ არის გამორიცხული, რომ მან პოლიტიკური თავშესაფარიც მოითხოვოს, რაშიც დახმარებას, როგორც თავად ამბობს, ადვოკატთა ასოციაცია პირდება.
თეა ზიბზიბაძე

ნებაყოფლობითი "ხარკი"

ქუთაისის ადგილობრივმა თვითმმართველობამ უფასო მგზავრობის პროგრამის ხარჯზე 101 000 ლარი დაზოგა. ადგილობრივი ბიჯეტიდან დაფინანსებულ ზემოხსენებულ პროგრამას ურთიერთშეთანხმების საფუძველზე "თეგეტა მოტორსი" განახორციელებს სრულიად უსასყიდლოდ. ქუთაისში შიდა საქალაქო საავტობუსო ხაზებზე მონოპოლისტად ქცეულმა "თეგეტა მოტორსმა" წლის ბოლომდე 12 000 ბენეფიციარის უფასო სატრანსპორტო მომსახურბა უნდა უზრუნველყოს.
ქუთაისის მერმა და "თეგეტა მოტორისის" გენერალურმა დირექტორმა გიორგი მშვილდაძემ უფასო მგზავრობის პროგრამის განსახორციელებლად ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ორი კვირის წინ მოაწერეს ხელი. ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ კომპანიის მხრიდან ეს იყო კეთილი ნების გამოხატვა.
"უფასო მგზავრობის პროგრამა ყოველწლიურად ფინანსდება ბიუჯეტიდან და წელსაც ჩაიდო ბიუჯეტში აღნიშნული მუხლი. პროგრამის განსახორციელებლად "თეგეტა მოტორსი" მერიას არ შეურჩევია. დაახლოებით იანვრის თვეში ის თავად შემოვიდა ინიციატივით, რომ საკუთარ თავზე აიღებს ბენეფიციართა უფასო გადაზიდვას. "თეგეტა მოტორსი" არის ის ძირითადი გადამზიდი, რომელიც ემსახურება ქალაქის საავტობუსო ხაზებს. ამიტომ, გამოხატა კეთილი ნება და პროგრამის უფასოდ განხორციელების ვალდებულება აიღო," - ამბობს ქუთაისის ვიცე-მერი მერაბ მეშველიანი.
თუმცა, ეს ამ ურთიერთშეთანხმების მხოლოდ ოფიციალური ვერსიაა. მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თაობაზე არსებობს სხვა, არაოფიციალური ვერსიებიც. კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ "თეგეტა მოტორსს" ამ ვალდებულების აღება ხელისუფლებიდან მოსთხოვეს და ეს ნაბიჯი საავტობუსო ხაზებზე მისი მონოპოლიისთვის გადახდილი ხარკია მთავრობისათვის. როგორც ცნობილია, საავტობუსო ხაზებზე გასულ წელს ჩატარებული ტენდერის შედეგებით ხუთწლიანი მფლობელობა "თეგეტა მოტორსის" საკუთრებაში მყოფმა გადამზიდავებმა მოიპოვეს. ამ შედეგებს კი მთავრობასთან შემდგარ გარიგებებს უკავშირებენ. უცნობია, იყო თუ გარიგების ერთ-ერთი თემა უფასო მგზავრობის პროგრამის უსასყიდლოდ განხორიცლების ვალდებულება. თუმცა დღესდღეობით ამბობენ, რომ ამ ხარკით ადგილობრივი მთავრობა საარჩევნოდ თანხებს ზოგავს. ასევე, საუბარია იმაზეც, რომ მთავრობასა და "თეგეტას" შორის გაფორმებული მემორანდუმით ყელაზე მეტად მძღოლები დაზარალდებიან, რადგან ბიუჯეტიდან გამოყოფილ თანხებზე უარის თქმა სწორედ მძღოლთა ანაღაურებაზე აისახება. საზოგადოებში არსებულ ამ ვერსიებს კატეგოროულად უარყოფენ შეთანხმებული მხარეები. "თეგეტა მოტორსის" საკუთრებაში არსებული შპს "სამგზავროს" დირექტორი ზაალ სახელაშვილი აცხადებს, რომ ქვეყანაში ბევრი გაჭირვებული ადამიანია და ამიტომ ადგილობრივ ხელისუფლებას ეხმარებიან, რომ თანხები დაზოგონ და ის სხვა სოციალური პროგრამების განსახორციელებად გამოიყენონ.
"ვერ დავეთანხმები გავრცელებულ მოსაზრებას მთავრობისთვის ხარკის გადახდის შესახებ. სახელმწიფო გამომძალველი არ არის. ჩვენ ერთი წლის მანძილზე გავწევთ იმ საფასურის მომსახურეობას, რაც გათვალისწინებული იყო ბიუჯეტში აღნიშნული პროგრამის განსახორციელებად. შესაბამისად, მძღოლებიც მიიღებენ კუთვნილ ანაზღაურებას," - ამბობს ზაალ სახელაშვილი.
"თეგეტა მოტორსი" თავად გაუწევს კოორდინაციას, რომ ბენეფიციარები უფასოდ გადაიყვანონ და გაურკვევლობები არ იყოს სხვა კუთხითაც. ის დაარეგულირებს მძღოლთა ფინანსურ უზრუნველყოფას მთელი წლის მანძილზე," - ამბობს მერაბ მეშველიანი.
მერიაში აცხადებენ, რომ უფასო მგზავრობის პროგრამა განხორციელდება შემდეგ ბენეფიციარებზე: უფასო კვების პროგრამის ბენეფიციარებზე, მე-2 მსოფლიო ომის ვეტერანებზე, ომის ინვალიდებსა და მარჩენალდაკარგულებზე, წითელი ჯვრის კლუბების მარტოხელა ხანდაზმულებსა და პენსიონერებზე, მრავალშვილიან დედებზე და მხედეველობით მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე.
ვიცე-მერის თქმით, უფასო მგზავრობის პროგრამისთვის სპეციალური საშვების დმზადება მოხდა, რომლებიც ყველა ბენეფიციარს უკვე გადაეცა. საშვების დასამზადებლად თანხა ადგილობრივმა თვითმმართველობამ გაიღო პროგრამის მთლიანი ბიუჯეტიდან და აღნიშნულმა ხარჯმა 1000 ლარამდე შეადგინა. მერაბ მეშველიანის თქმით, პროგრამისთვის განსაზღვრული დანარჩენი თნხა დანაზოგის სახით კვლავ რჩება ადგილობრივ ბიუჯეტში და ხელისუფლება უახლოეს პერიოდში მიიღებს გადაწყვეტილებას, რა მიმართულებით მოხდება მისი დახარჯვა.
თეა ზიბზიბაძე

ჯოხი დამკვეთებზე გადატყდა

გამოძიება და მართლმსაჯულება დამკვეთების ბრალეულობით არ დაინტერესებულა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ განაჩენი გამოუტანა "დიდების მემორიალის" აფეთქებისას დედა-შვილის დაღუპვის გამო დაკავებულებს. გამოძიების შედეგად მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებლობა მხოლოდ სს "საქფეთქმრეწვის" თანამშრომლებს დაეკისრათ, მიუხედავად იმისა, რომ საქმეში ქუთაისის პოლიციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ფიგურირებენ.
სს "საქფეთქმრეწვის" ტექნიკური დირექტორის ავთანდილ დარსაველიძის, ამავე კომპანიის ქუთაისის მობილური უბნის უფროსის ელგუჯა გაბადაძისა და მობილური უბნის უფროსის თენგიზ დარახველიძის მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის საქმე არსებითად განსახილველად 26 იანვარს შევიდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში. საბრალდებო დასკვნის თანახმად, მათ ბრალი დაედო მასზედ, რომ ჩაიდინეს უსაფრთხოების წესის დარღვევა სამუშაოების წარმოებისას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. კერძოდ, გამოძიება მიუთითებს შემდეგ ბრალეულობაზე: "2009 წლის 19 დეკემბერს წინასწარ მომზადებულ შპურებში განთავსებული ასაფეთქებელი საშუალება "პოვერჯერი-მაგნუმი", "შპურის მუხტის" მეთოდით - დეტონატორის გამოყენებით აფეთქებულ იქნა 16:00 საათზე ისე, რომ განსასჯელების მიერ არ იქნა განხორციელებული სათანადო გათვლები, არ იქნა შედგენილი საპროექტო პასპორტები და უხეშად იქნა დარღვეული 300 მეტრიან რადიუსზე ხალხის აუცილებელი ევაკუირების პირობა. ამავდროულად, ტექნიკური დოკუმენტაციის გარეშე აფეთქებითი სამუშაოების წარმოების პარალელურად, განსასჯელების მიერ უხეშად იქნა დარღვეული ღია ადგილზე საამფეთქებლო სამუშაოების შესრულებისას ხალხის უსაფრთხოების ნორმები, არ იქნა დაცული საშიში ზონის რადიუსები და გამიჯნული შესაბამისი მესერხლართით აფეთქების შედეგად გატყორცნილი ნარჩენების შესაკავებლად, ხოლო დაცვისათვის სავალდებულო მიწაყრილები აუცილებელ მინიმალურ სიმაღლეზე 2-ჯერ ნაკლები იყო, რასაც შედეგად მოჰყვა საშიში ზონის რადიუსში მყოფი ეკა ცუცხვაშვილისა და მისი მცირეწლოვანი შვილის ნინო ჯინჭარაძის სიცოცხლის მოსპობა, ასევე, ირაკლი ჯინჭარაძის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება."
წარდგენილ ბრალდებაში დაკავებულებმა თავი დამნაშავედ არ ცნეს და თავიანთ ჩვენებებში მიუთითეს, რომ უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე პასუხიმგებლობა პოლიციას ჰქონდა აღებული. ტექნიკური ნორმების დარღვევა კი, მათივე განმარტებით, აფეთქების ბრძანების დაჩქარებამ გამოიწვია. ეს ბრძანება კი მათ იმერეთის მაშინდელი გუბერნატორისგან მიხეილ ჩოგოვაძისგან მიიღეს.
სასამართლო განხილვამ 22 დღის განმავლობაში გასტანა, თუმცა საქმის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მონაწილე მიხეილ ჩოგოვაძე არც ერთ პროცესზე არ დაკითხულა მოწმის სახითაც კი. ჩოგოვაძის პასუხისმგებლობა მხოლოდ თანამდებობიდან გათავისუფლებით შემოიფარგლა. პოლიციის თანამშრომლები კი სასამართლოზე მხოლოდ მოწმეების სახით იქნენ დაკითხულები.
"დიდების მემორიალის" დემონტაჟი ქუთაისში საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის #915 განკარგულების საფუძველზე დაიწყო. ნიკა გილაურის მიერ ხელმოწერილ განკარგულებაში ნათქვამია, რომ ძეგლის დემონტაჟი ქუთაისში პარლამენტის ახალი შენობის მშენებლობისათვის უნდა განხორციელებულიყო. ამ მიზნით ცენტრალური ბიუჯეტიდან ქუთაისის თვითმმართველობის ანგარიშზე 5 მილიონი ლარი გასული წლის 11 დეკემბერს ჩაირიცხა. 12 დეკემბერს დაიწყო ძეგლის დემონტაჟი ქუთაისში, რომელსაც აწარმოებდა თბილისური ფირმა „საქფეთქმრეწვი“ და ქუთაისური „ლიტოკონსტრუქცია“. თუმცა, როგორც ირკვევა, სამუშაოების შესრულება ამ ფირმებმა ისე დაიწყეს, რომ შესაბამისი ხელშეკრულებები იმ დროისთვის არ იყო გაფორმებული. ხელშეკრულებები ქუთაისის მერიის სახელით ზაზა ნუცუბიძემ (ქუთაისის მაშინდელი მერის მოვალეობის შემსრულებელი) 16 დეკემბერს გააფორმა, თუმცა არა „საქფეთქმრეწვთან“ (ეს ფირმა რეგისტრირებული ქ. თბილისში 1996 წლის 4 მარტიდან და მისი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საქართველოს რესპუბლიკაში და მის საზღვარგარეთ ნებისმიერი ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოები) და „ლიტოკონსტრუქციასთან“, არამედ შპს „საქმილსადენმშენთან“ (ეს ფირმა რეგისტრირებულია ქ. წყალტუბოში). ხელშეკრულების საგნად განისაზღვრა შემდეგი: „ქ. ქუთაისში საქართველოს პარლამენტის ახალი შენობის მშენებლობისთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე, დიდების მემორიალის დემონტაჟის, შესაბამისი სამუშაოებისა და მიღებული ნარჩენების გატანის უზრუნველყოფის (50კმ-ის ფარგლებში) განხორციელება“. ამ სამუშაოსთვის შპს „საქმილსადენმშენს“ 600 ათასი ლარი უნდა მიეღო ბიუჯეტიდან. ხელშეკრულების თანახმად, „საქმილსადენმშენი“ იძლევა გარანტიას, რომ შეასრულებს სამუშაოს მაღალ ეფექტურად და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად დადგენილი ნორმების დაცვით. თუმცა, აღნიშნული ხელშეკრულების ეს პუნქტი გამოძიებისთვის და სასამართლოსთვის მნიშვნელოვანი არ აღმოჩნდა: სრული პასუხისმგებლობა სს "საქფეთქმრეწვს" დაეკისრა, რომელსაც ხელშეკრულება, თავის მხრივ, სს "საქმილსადენმშენმა" გაუფორმა 2009 წლის 17 დეკემბერს. ამ ხელშეკრულების თანახმად, „საქფეთქმრეწვს“ 91 708 ლარად უნდა განეხორციელებინა ძეგლის აფეთქება. `საქმილსადენმშენი~ კისრულობდა ვალდებულებას, რომ აფეთქების წარმოების დაწყებამდე უზრუნველყო ელექტროხაზის გამორთვა და საჭიროების შემთხვევაში მისი გადატანა; ხალხისა და მექანიზმების საფრთხის ზონის ფარგლებიდან გამოყვანა. მიუხედავად ამისა, გამოძიებამ და სასამართლომ სს "საქმილსადენმშენის" ბრალეულობა მთლიანად გამორიცხა და ერთ-ერთ არგუმენტად „საქმილსადენმშენის“ დირექტორის ავთანდილ ლომთაძის ჩვენება გამოიყენა, რომ სს "საქფეთქმრეწვის" თანამშრომლები წარმოადგენდნენ "პროფესიონალებს და ამიტომ რაიმე უსაფრთხოების წესების განსაზღვრა არ შეუკადრებიათ."
რატომ დაიქირავა მერიამ "არაპროფესიონალები" "საქმილსადენმშენის" სახით, გამოძიება არც ამ საკითხით დაინტერესებულა.
„ჩვენ ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოების წარმოების არანაირი გამოცდილება არ გაგვაჩნია, მაგრამ მერიამ გვთხოვა, რომ ჩვენთან გაფორმებულიყო ხელშეკრულება, რადგან ეს „საქფეთქმრეწვი“ თბილისური ფირმა იყო და ჩვენ - ადგილობრივი, ამიტომ გადაწყვიტეს ჩვენთან ხელშეკრულების გაფორმება. მე რომ მივედი მერიაში ხელშეკრულების გასაფორმებლად, მათ უკვე შერჩეული ჰყავდათ ფირმები, რომლებსაც ჩვენ გავუფორმეთ კონტრაქტები,“- ამბობს "ახალ გაზეთთან" საუბარში ავთანდილ ლომთაძე. მისგანვე გავარკვიეთ, რომ ფირმების შერჩევისა და ძეგლის დემონტაჟის პროცესს პირადად იმერეთის გუბერნატორი მიხეილ ჩოგოვაძე ხელმძღვანელობდა.
ჩოგოვაძე ფიგურირებს "საქფეთქმრეწვის" დაკავებული თანამშრომლების ჩვენებებშიც, რომლებიც, ასევე, გაუზიარებელი დარჩა გამოძიებისა და სასამართლოს მხრიდან. მაგალითად, ავთანდილ დარსაველიძემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2009 წლის 8 დეკემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით ის ხვდებოდა იმერეთის გუბერნატორს და სხვა პასუხისმგებელ პირებს, რომლებმაც სთხოვეს "დიდების მემორიალის" დემონტაჟი განსაზღვრულ ვადაში, კერძოდ - 2009 წლის 21 დეკემბერს. 17 დეკემბერს დაიდო ხელშეკრულება და მათთვის მაშინვე გახდა ცნობილი, რომ აფეთქება უნდა ჩატარებულიყო არა 21 დეკემბერს, არამედ 19 დეკემბერს, რაზეც ავთანდილ დარსაველიძემ თავიდან სიტყვიერად უარი განაცხადა, მაგრამ "წინააღმდეგობა აღარ გაუწია დამკვეთის დაჟინებულ თხოვნას და ადამიანური ფაქტორებიდან გამომდინარე დაეთანხმა". ელგუჯა გაბადაძის ჩვენებით, უსაფრთხოების წესების დაცვა, ხელშეკრულებით ევალებოდა დამკვეთს, მაგრამ მისი დავალებით აღნიშნულს ახორციელებდა პოლიცია. თენგიზ დარახველიძის თქმით კი, უსაფრთხოების წესების დაცვა მთლიანად პოლიციის ვალდებულებას წარმოადგენდა. აღნიშნულ საქმეში იმერეთის გუბერნატორისა და პოლიციის მონაწილეობაზე მიუთითებს ქუთაისის მაშინდელი მერის მოვალეობის შემსრულებელი ზაზა ნუცუბიძეც საკუთარ ჩვენებაში, საიდანაც ირკვევა, რომ 2009 წლის 19 დეკემბერს, დაახლოებით 12-13 საათზე "შეიკრიბნენ სახელმწიფო რწმუნებულთან, სადაც იმყოფებოდნენ საპატრულო სამსახურის უფროსი გიორგი ბოდაველი და მისი მოადგილე მერაბ წურწუმია, სამხარეო პოლიციის უფროსი მამუკა დათიაშვილი და ქუთაისის პოლიციის უფროსის მოადგილე გივი გიგიაძე, სადაც სურდათ მიეღოთ ინსტრუქციები უსაფრთხოების წესებზე აფეთქებითი სამუშაოების მწარმოებელ ავთანდილ დარსაველიძისაგან. საბოლოოდ მათ გადაწყვიტეს, რომ გასულიყვნენ ადგილზე და იქ მიეღოთ დაზუსტებული ინფორმაცია უსაფრთხო ზონებთან დაკავშირებით. ისინი მივიდნენ მემორიალის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც დარსაველიძემ განუცხადა, რომ მოსახლეობა არ უნდა მდგარიყო მონუმენტის პირდაპირ არსებული ბინების წინ და უშუალოდ ფანჯრები უნდა ყოფილიყო ღია, რადგან შესაძლოა წნევას გამოეწვია მათი ჩამტვრევა, ხოლო რამდენიმე კორპუსის მცირეოდენი რყევა, რის გამოც საჭირო იყო სახლებიდან ხალხის გამოყვანა და კორპუსების უკან გაჩერება ისე, რომ ზემოდან ჩამოვარდნილი შუშის ნატეხებს მოსახლეობის დაზიანება არ გამოეწვია. ასევე საჭირო იყო ირაკლი აბაშაძის, კინოთეატრ "სულიკოდან" ავტოქარხნის ხიდის მეორე ბოლომდე და 9 აპრილის ქუჩების გადაკეტვა, რისი შესრულებაც თავის თავზე აიღეს შს სამინისტროს თანამშრომლებმა, ხოლო მოქალაქეების გაფრთხილება - მუნიციპალიტეტისა და მერიის თანამშრომლებმა."
ბრალდებულების ერთ-ერთი ადვოკატის თემურ გვიშიანის თქმით, „საქფეთქმრეწვის“ თანამშრომლებმა შემოსაზღვრეს უსაფრთხოების რადიუსი 300 მეტრის ფარგლებში, რის შემდეგაც ამ რადიუსის გაკონტროლებაზე პასუხისმგებლობას იღებდა პოლიცია: „დარსაველიძე და პოლიციის უფროსი აფეთქებამდე მიდიან და აკონტროლებენ რადიუსს, არის თუ არა სადმე ხალხი. რომ ნახეს, პერიმეტრი დაცული იყო, ბრუნდებიან უკან და მოდიან მეორე მხარეს. 250 მეტრით დაშორებულ ადგილზე მემორიალიდან, იმის იქით კიდევ 100 მეტრის მანძილზე იყო პერიმეტრი დაცული. ამის შემდეგ დარსაველიძე უშვებს პირველ გამაფრთხილებელ მაშხალას და 15 წუთი ელოდება შეტყობინებას პოლიციის უფროსისგან, თუკი სადმე რამე პრობლემაა უსაფრთხოების კუთხით. 15 წუთის შემდეგ გაუშვეს გამაფრთხილებელი მაშხალა და ელგუჯა გაბადაძემ დააჭირა ხელი ღილაკს, რის შემდეგაც მონუმენტი აფეთქდა,“ - ამბობს თემურ გვიშიანი.
უსაფრთხოების ნორმების დარღვევის კუთხით პოლიციის ბრალეულობაზე საუბრობს განსასჯელების კიდევ ერთი ადვოკატი მარიამ სვანიძე: „არსებობს ვიდეოკადრები, რომლებიდანაც ჩანს, რომ იმ ადგილას, სადაც ბავშვი გარდაიცვალა, დაზარალებულს დახმარებას მხოლოდ მოსახლეობა უწევს. იქ რომელიმე პოლიციის თანამშრომელი დაინახეთ? საქმე, რასაც აფეთქება ჰქვია, სპეციალისტებმა ბრწყინვალედ შეასრულეს,“ - ამბობს სვანიძე.
სასამართლომ მიიჩნია, რომ "განსასჯელების მიერ ზემოაღწერილი გარემოებები არ შეესაბამება სიმართლეს, არ დასტურდება საქმის ფაქტობრივი მასალებით და მოგონილია პასუხისგებლობიდან თავის დაღწევის მიზნით". სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ის ფაქტი, რომ სს "საქფეთქმრეწვის" თანამშრომლებმა არ განსაზღვრეს სწორად საფრთხის ზონა, რამაც გამოიწვია მსხვერპლი. სასამართლომ გაიზიარა მოწმის სახით დაკითხული პოლიციელების ჩვენებები, რომლებმაც მიუთითეს, რომ ირაკლი აბაშიძის გამზირის #17ა და #19 კორპუსებს შორის არსებული სივრცის გაყოლებაზე, ამავე კორპუსების უკან მდებარე რკინის ავტოფარეხის მიმდებარე ტერიტორიის დაცვაზე, სადაც დაიღუპა დედა-შვილი, საუბარი არ ყოფილა, არც რაიმე კონკრეტული მანძილი დაუსახელებია ვინმეს, ანუ თუ რა მანძილი უნდა ჩათვლილიყო უსაფრთხოების ზონად.
საქმეში წარმოდგენილი პიროტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ #17ა და #19 კორპუსებს შორის არის 13,2 მ სიგანის შესასვლელი, რომლის ორივე მხარეს განლაგებულია გარაჟები, სხვადასხვა სათავსოები და ნაგებობები, კორპუსებსა და სათავსოებზე აღინიშნება დაზიანებების კვალი, კერძოდ ჩალეწილია მინები, აღინიშნება ნაკაწრები და ბზარები, მიმდებარე ტერიტორიაზე მიმოფანტულია სხვადასხვა ზომის ბეტონის ნამსხვრევევბი. ინციდენტის ადგილი დიდების მემორიალიდან დაშორებულია 273,50 მ. ინციდენტის ადგილიდან 34,50 მეტრში მოთავსებული ორსართულიანი შენობა, რომელზეც ასევე აღინიშნება დაზიანებები და იქვე მიმოფანტულია სხვადასხვა ზომის ბეტონის ნამსხვრევები. ბეტონის ნატეხის გატყორცნის უშორესი მანძილი ექსპერტების მიერ დაფიქსირდა მემორიალიდან 357 მეტრზე. ამავე პიროტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით, დგინდება, რომ "დიდების მემორიალის" აფეთქების მეთოდით დემონტაჟისას გამოიკვეთა შემდეგი სახის უსაფრთხოების ზომების დარღვევის ფაქტები: არ იყო შემოსაზღვრული უსაფრთხოების (საშიში) ზონა, რაც ნორმებით არა ნაკლები 300 მეტრი უნდა ყოფილიყო; აღნიშნული კონსტრუქციის აფეთქებისთვის საკმარისი იყო 168,00 კგ ასაფეთქებელი ნივთიერება, როცა მასალების მიხედვით გაირკვა, რომ გამოყენებული იქნა 289,700 კგ ასაფეთქებელი ნივთიერება, ანუ საჭირო რაოდენობაზე 121,700 კგ-ით მეტი. ბრალდებულების განმარტებით კი, მემორიალის დემონტაჟისათვის წინასწარი ოთხი საცდელი აფეთქების (14, 15, 16 და 17 დეკემბერს) დროს გამოყენებული იქნა 240 კგ ფეთქებადი მასალა, ხოლო ძირითადი აფეთქებისას (19 დეკემბერს) - მხოლოდ 131 კგ ფეთქებადი მასალა, რაც სასამართლომ არ გაიზიარა.
საბოლოოდ, ავთანდილ დარსაველიძეს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ელგუჯა გაბადაძეს - 3 წლის და 6 თვის ვადით, თენგიზ დარახველიძეს კი - 2 წლის ვადით. ამას გარდა, თითოეულ მათგანს 5000-5000 ლარის გადახდა დაეკისრათ ჯარიმის სახით და 3 წლის განმავლობაში აეკრძალათ აფეთქებითი საქმიანობის წარმოება.
„ყველა ჯოხი ამათზე გადატეხეს,“ - ამბობს ადვოკატი თემურ გვიშიანი, რომელიც ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განაჩენს სააპელაციოში გაასაჩივრებს.
იმავე საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოსგან გარდაცვლილი დედა-შვილის ოჯახმა მორალური ზიანის ანაზღაურებაც მოითხოვა 100 ათასი ლარის სანაცვლოდ, რაც არ დაკმაყოფილდა, "ვინაიდან როგორც სოლომონ ჯინჭარაძემ აჩვენა, მისი მეუღლისა და შვილის გარადაცვალებასთან დაკავშირებით ყველა ხარჯი გაიღო ქუთაისის მერიამ, ხოლო რაც შეეხება დაზარალებულის უფლებამონაცვლისათვის მორალური ზიანის ფულადი კომპენსაციით ანაზღაურებას საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს," - განმარტავს მოსამართლე ლევან თევზაძე.
ჯინჭარაძეების ოჯახს მერიამ 25 ათასი ლარი გადაუხადა და კიდევ დაჰპირდა დამატებით თანხის გამოყოფას, თუმცა დაკრძალვის შემდეგ დაზარალებული ოჯახისთვის მთავრობიდან არავის მიუკითხია. რაც შეეხება პარლამენტის მშენებლობას, რომლის სახელითაც იქნა ძეგლი აფეთქებული, როგორც არაოფიციალური წყაროებისგან შევიტყვეთ, პარლამენტის მშენებლობა არასდროს იგეგმებოდა მემორიალის ადგილზე, ახალი შენობისთვის ადგილი თავიდანვე მემორიალიდან 150-200 მეტრის მოშორებით იყო შერჩეული. ამასთანავე, პიროტექნიკურმა ექსპერტიზამ მიუთითა, რომ ძეგლის დემონტაჟი აფეთქების გარდა, სხვა მეთოდითაც შეიძლებლოდა, თუკი შესწავლილი იქნებოდა ძეგლის ტექნიკური დოკუმენტაცია, რაც არ განხორციელებულა. აღნიშნული დოკუმენტაციის მოძიება კი უპრობლემოდ იქნებოდა შესაძლებელი თავად ძეგლის ავტორისგან - მერაბ ბერძენიშვილისგან, რომელმაც ძეგლის აფეთქების თაობაზე მხოლოდ პოსტ-ფაქტუმ შეიტყო. "დიდების მემორიალის" მოსკოვში "რეანიმაციის" თაობაზე შეთავაზება ბერძენიშვილმა თავად რუსეთის პრემიერ-მინისტრ პუტინისგან მიიღო, თუმცა, როგორც მოქანდაკემ გვითხრა, იგი ამ შეთავაზებაზე დათანხმებას არ აპირებს.
მაია მეცხვარიშვილი

კულუარული ბრალდებები და მეუფეს პასუხები

გელათის აკადემიას, გაბრიელ ეპისკოპოსის სასულიერო სემინარიას და საღვთისმეტყველო ინსტიტუტს ახალი რექტორი ჰყავს. ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე კალისტრატემ თანამდებობა დატოვა. ამ ცვლილების მიზეზად მეუფის დაკავებულობა და ასაკი დასახელდა. ყოველ შემთხვევაში, ასე ხსნის მეუფე კალისტრატეს რექტორობიდან წასვლას გელათის აკადემიის პრორექტორი ბეჟან ხურციძე. ხსენებულ ცვლილებაში "განსაკუთრებული არაფერია. პატრიარქის ლოცვა-კურთხევით შექმნილ უმაღლეს სასულიერო სასწავლებლებში დანიშნულები არიან სხვა პირები, რომლებიც ემორჩილებიან ადგილობრივ მმართველებს," - ამბობს ბეჟან ხურციძე.
ადგილობრივ მმართველად კი მეუფე კალისტრატე რჩება. თუმცა მისი მმართველობა ქუთაისის სასულიერო სასწავლებლებზე, რექტორის ამპლუით, აღარ გავრცელდება. მას ამ თანამდებობაზე დეკანოზი მიქაელ გალდავა შეცვლის. აკადემიაში ცვლილებებზე საუბრისას გამორიცხავენ სიტყვას "გათავისუფლებას" და "მოხსნას": "როგორც ასეთი, გათავისუფლება, ან მოხსნა, ასეთი რამ არ მომხდარა. მეუფე ძალიან გადაიღალა, უამრავი სხვა საქმე აქვს", - განმარტავს აკადემიის პრორექტორი.
დაღლილობაზე საუბრობს თავად მეუფე კალისტრატეც: "მე ახლა 72 წლის ვარ. უამრავი საქმე მაქვს, 90 მოქმედი ეკლესიაა ჩემს ეპარქიაში, ყველას ყურადღება ჭირდება.... ცას ხომ არ შევაბერდები?! 20 წელია ვაკეთებ ამ საქმეს, დროს თავისი მიაქვს. მე ჩემი სიტყვა ვთქვი, ახლა ახალმა თაობამ უნდა თქვას", - ამბობს ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი. ახალმა თაობამ, ყოველ შემთხვევაში, მისმა ერთმა წარმომადგენელმა, მართლაც თქვა გარკვეული "სიტყვა" და იგი გვარიანი სკანდალის თემად იქცა. გავრცელებული ინფორმაციით, ეს "სიტყვა", ანუ სტატია გახდა ერთ-ერთი მიზეზი მეუფის რექტორის თანამდებობიდან წასვლისაც. გელათის აკადემიის კურსდამთავრებულმა მალხაზ კაკუშაძემ, რომელიც თავის წერილებს გელათის აკადემიის ლექტორის სტატუსით აწერს ხელს, საინფორმაციო სააგენტო Русская Линия-ში გამოაქვეყნა წერილი - Грузинская история в свете Православия (http://www.rusk.ru/). მალხაზ კაკუშაძემ საქართველოს ისტორიის და მართლმადიდებლობის გაგების ახალი ხედვა შესთავაზე თავის, ძირითადად რუსულენოვან მკითხველს. კაკუშაძე ქართველ ერს ადანაშაულებს ნაციონალიზმის აღიარებაში და მართლმადიდებლობიდან გამიჯვნაში, "საქართველოს" - მართლმადიდებლობის და სარწმუნოების რანგში აყვანაში. მალხაზ კაკუშაძის განმარტებით, ეს გამიჯვნა გამოიხატებოდა მუდმივი განრიდებით ბიზანტიის იმპერიისგან, რომელიც კაკუშაძის რწმენით, წარმოადგენდა საყრდენს და მთავარ ბოძს მართლმადიდებლობისა. საქართველო და მისი მმართველები ტერიტორიების და სახელმწიფოს ინტერესების გამო, დრო და დრო ზურგს აქცევდნენ მართლმადიდებლობის მექას - ბიზანტიის იმპერიას და ამით ზურგს აქცევდნენ მართლმადიდებლობას. იქამდე, ბიზანტიის იმპერიის დაცემის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი საქართველოს მოღალატური ბუნება ყოფილა. საქართველო საუკუნეების განმავლობაში პერიოდულად ემიჯნებოდა ერთმორწმუნე ბერძნებს, იგი დღესაც ასე იქცევა. ბიზანტიის იმპერია დღეს ჩაანაცვლა რუსეთის იმპერიამ, რომელმაც, კაკუშაძის აზრით, მე-19 საუკუნის დასაწყისში იხსნა საქართველო და თავისი მფარველობის ქვეშ მიიღო. დღეს მართლმადიდებლობის ბოძი რუსეთია, საქართველო კი მას კვლავ ემიჯნება და ამით ღალატობს მართლმადიდებლობას, - ასე თვლის მალხაზ კაკუშაძე. საპატრიარქომ განცხადება გააკეთა და "ყოვლადმიუღებლად, ცილისმწამებლურ და ქართველი ერის წინააღმდეგ მიმართულ" სტატიად მიიჩნია მალხაზ კაკუშაძის ნააზრევი. კულუარული ინფორმაციის თანახმად, ამავე ნააზრევმა მიაღებინა საპატრიარქოს არსებული რექტორის სხვა რექტორით ჩანაცვლების გადაწყვეტილება. თუმცა მეუფე კალისტრატე კაკუშაძის გელათის აკადემიასთან კავშირს უარყოფს. ასევე, საუბარია სტატიის ავტორის ფსიქიკურ გაუწონასწორებლობაზეც. "ატყდა რაღაც ამბავი კაკუშაძის გარშემო, მაგრამ მე ფიზიკურად დაავადებული ადამიანის განსჯას არ ვაპირებ, თავისი კომპლექსები აქვს, სადიპლომოც ვერ დაწერა. ათი წლის წინ სწავლობდა ჩვენს აკადემიაში. უბრალოდ მეცოდება", - ამბობს მეუფე კალისტრატე. კაკუშაძის გელათის აკადემიასთან კავშირს უარყოფს ბეჟან ხურციძეც. "კაკუშაძე გახლდათ ჩვენი სტუდენტი, განსაკუთრებული მონაცემები არ ჰქონია. არ დაუმთავრებია აკადემია, წარმოადგინა სადიპლომო ნაშრომი, მაგრამ იგი არ ეთამხმებოდა იმ მოთხოვნებს, რაც გელათის სასულიერო აკადემიის კურსდამთავრებულს უნდა გააჩნდეს. წერილზე ბოლოს მიწერილი აქვს "აკადემიის ლექტორი". ოფიციალურად არ არსებობს ბრძანება, რომელიც მის ლექტორად დანიშვნას აჩვენებს. როცა კადრები ჭირდა, რამდენიმე საათს კითხულობდა აქ ლექციებს, მაგრამ ბრძანებით გაფორმებული არ ყოფილა. უკვე წლებია არა აქვს კავშირი აკადემიასთან," - ამბობს პრორექტორი.
მეუფე კალისტრატეს რექტორის თანამდებობის დატოვების მეორე მიზეზად, ასევე, კულუარული ინფორმაციით, თანხების არამიზნობრივი ხარჯვა გამოცხადდა. პრორექტორი ამ ხმასაც გაუგებრობად და არასწორ ინფორმაციად მიიჩნევს. "არ ვიცით, ამის შესახებ არაფერი გაგვიგია. ფაქტი ერთია, რომ თუ რაიმე გაკეთდა, ეს მეუფის ღვაწლით გაკეთდა. აქ არ შემოისვლებოდა, ისეთი ცუდი მდგომარეობა იყო. ვერც ერთი სასწავლებელი ვერ დაიკვეხნის ასეთი საუკეთესო ინვენტარით, გათბობით და კეთილმოწყობით, როგორც აქ არის. ეს ყველაფერი მეუფეს დამსახურებაა. ასეთ კეთილმოწყობას თუ ეძახიან არამიზნობრივ ხარჯვას, ეს ასე ნამდვილად არ არის," - ამბობს ბეჟან ხურციძე.
"ვიღაც ბოროტი ძალები ავრცელებენ ასეთ ხმებს. ერთ კაპიკში რომ იყოს შეცდომა, გამორიცხულია, ყველაფერი მოწესრიგებულია. ფინანსთა სამინისტრო, საპატრიარქო და ვინ იცის, კიდევ რამდენი მაკონტროლებელი ჰყავს. თუ მოიპარე, არავინ დაგინდობს," - მიიჩნევს ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი მეუფე კალისტრატე.
თუმცა რამდენად "ბოროტია" ეს ძალები, რომლებიც ხსენებულ ხმებს ავრცელებენ და რამდენად არის კავშირში კაკუშაძის სტატია გელათის აკადემიის რექტორის გათავისუფლებასთან, ამის მთავარ წყაროსთან, ანუ საპატრიარქოსთან გადამოწმება არ მოხერხდა. მრავალი მცდელობის მიუხედავად, საპატრიარქოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე მინიშნებული საკონტაქტო ნომრები, არც საპატრიარქოსთან და არც მის პრეს-ცენტრთან დაკავშირების საშუალებას არ იძლეოდნენ. ახალი კვირა ახალი რექტორით, გაურკვეველი და გადაუმოწმებელი ინფორმაციებით იწყება გელათის აკადემიაში.
ეკა კუხალაშვილი

Sunday, February 7, 2010

გუბერნიის შენახვა ნახევარი მილიონით გაძვირდა


მიმდინარე წელი იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ახალი გუბერნატორით, ასევე, ახალი გუბერნატორის პირველი მოადგილით და თითქმის გაორმაგებული საკადრო რესურსით დაიწყო. შტატების ზრდასთან ერთად იმატა ადმინისტრაციის ხარჯებმაც. მაგალითად, გასულ წელთან შედარებით წელს იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის ბიუჯეტი 581 700 ლარით გაიზარდა (შარშან 715 ათასი ლარი იყო იყო გამოყოფილი, წელს კი იმერეთის რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაციის ხარჯი 1 296 700 ლარს შეადგენს).

ოფიციალურად, სამხარეო ადმინისტრაციაში ხუთი სამსახური (საზოგადოებასთან ურთიერთობის, საფინანსო-სამეურნეო, სახელმწიფო ზედამხედველობის, რეგიონული განვითარების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სხვა ორგანოებთან ურთიერთობის სამსახური) ფუნქციონირებს. ამ სამსახურებში ჯამში 27 საჯარო მოხელეა დასაქმებული. ხოლო კიდევ შვიდი თანამშრომელი ხელშეკრულებითაა აყვანილი.

ამას გარდა, მიმდინარე წელს სამხარეო ადმინისტრაციაში მომუშავეთა რაოდენობა 22 თანამშრომლით გაიზარდა. საშტატო ერთეულები საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 20 იანვრის #44 ბრძანებულებით "საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის საშტატო განრიგისა და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ" განისაზღვრა. სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციას დაემატა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. აღნიშნული სამსახური დღემდე არ არსებობდა და ის მხოლოდ ახლახანს შეიქმნა.

კითხვაზე რა მიზნითა და საჭიროებით შეიქმნა არნიშნული სამსახური, სამხარეო ადმინისტრაციაში პასუხი არა აქვთ. პრეზიდენტის მიერ გამოცემულ ბრძანებაში მხოლოდ სამსახურის მოვალეობებზეა აქცენტი გაკეთებული. ამ სამსახურის უმთავრესი ფუნქცია იქნება საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების შემუშავება და განხორციელება. საავარიო-სამაშველო და სხვა სახის გადაუდებელი სამუშაოების შესრულების კოორდინაცია საძიებო-სამაშველო ოპერაციების ჩატარება მთაში და წყალზე. ასევე, დაზარალებული და უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირებისათვის ჰუმანიტარული დახმარებების განაწილების კოორდინაცია და ზედამხედველობა. ახლადშექმნილი სამსახურის უფროსად იმერეთში ირაკლი ჯიქია დაინიშნა. რეალურად რა არის ამ სამსახურის შექმნის მიზეზი, ვერავინ ამბობს - ვერც სამხარეო ადმინისტრაციაში და ვერც არასამთავრობო სექტორში. ოპონენტების მტკიცებით კი, ადმინისტრაციის გაზრდილი ხარჯები მომავალ არჩევნებს უკავშირდება და ხელისუფლება ამ რესურსს საარჩევნოდ გამოიყენებს.

საინტერესოდ გამოიყურება ხარჯები, რისთვისაც 581 700 დაემატა წელს სამხარეო ადმინისტრაციას. გამოყოფილი 1 296 700 ლარიდან სამხარეო ადმინისტრაციაში მომუშავეთა შრომის ანაზღაურებისათვის 575 200 ლარია განსაზღვრული (გასულ წელს 314 604 ლარი იყო), საქონლის შესაძენად და მომსახურეობისათვის - 381 500 ლარი (გასულ წელს 228 100 ლარი), ხოლო არაფინანსური აქტივების მუხლში 340 000 ლარია მითითებული. არაფინანსურ აქტივებში პრივატიზაციიდან შემოსული თანხები იგულისხმება. გასულ წელს ამ მხრივ მხოლოდ 30 ათასი ლარი იყო გათვალისწინებული იმერეთში.

მიმდინარე წელს თანხის ასეთი მკვეთრი ზრდის მიზეზი სამხარეო ადმინისტრაციაში ვერ განგვიმარტეს. "ჯერ არ არის დაზუსტებული ყველაფერი. ცალკეულ რაიონებს ბიუჯეტში ცვლილებები შეაქვთ. ჯერჯერობით ყველაფერი განხილვის სტადიაშია," - ამბობს სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ზეინაბ ხაჩიძე.

კიდევ ერთი საინტერესო დეტალი პრემიებთან დაკავშირებით იკვეთება. გასულ წელს სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე ხელფასის გარდა პრემიების სახით 138 320 ლარი გაიცა. "სამ თვეში ერთხელ ვიღებდით პრემიებს, რომელიც ხელფასის ოდენობის იყო. რაც შეეხება გუბერნატორს, ის ყოველ თვეში იღებდა პრემიებს," - ამბობს ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ზეინაბ ხაჩიძე. ცნობისათვის, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ყოველთვიური სახელფასო სარგო 2 950 ლარია.

როგორც ირკვევა, იმერეთის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ ჩოგოვაძე ყოველთვიურად ხელფასთან ერთად პრემიასაც იღებდა, ანუ თვეში ბიუჯეტიდან მისი შემოსავალი 5900 ლარს შეადგენდა. 2009 წელს პრემიების სახით გაცემულ 138 320 ლარში გუბერნატორის ხვედრითი წილი 35 400 ლარია. არანაკლებ სარგებლობდნენ პრემიებით გუბერნატორის მოადგილეები: პირველი მოადგილის ხელფასი 2360 ლარს შეადგენდა, ხოლო დანარჩენი ორი მოადგილის - 2 250 ლარს. მოადგილეებს ოთხჯერ აქვთ პრემია აღებული, შესაბამისად, პირველ მოადგილეს - 9940 ლარი, ხოლო დანარჩენ მოადგილეებს - 9000 ლარი.

"კანონში საჯარო სამსახურის შესახებ მეცხრე მუხლში წერია, რომ ანაზღაურება შედგება ხელფასის, პრემიის და დანამატისაგან. ამ დანამატების გაწერა უნდა მოხდეს იმ ბიუჯეტის ფარგლებში, რაც დაწესებულებას აქვს. კანონში რაიმე შეზღუდვა, რამდენჯერ უნდა იქნას პრემია გაცემული და ვისზე, არაა. პრემია, როგორც წესი, გაიცემა, როდესაც სამსახურის უფროსი, ვთქვათ, ჩათვლის, რომ განსაზღვრული სამუშაო ზეგანაკვეთურად შეასრულა. თუ ამის მტკიცებულება არსებობს, რომ იმერეთის გუბერნატორი ხელფასის ზეგანაკვეთურად მუშაობდა და განსაკუთრებით სამუშაოს ასრულებდა იმ სამუშაოს გარდა, რომელიც მას ევალება კანონით, მაშინ, ალბათ, მიიღებდა პრემიას. სამწუხაროდ, ამ კუთხით საკანონმდებლო შეზღუდვა არ არსებობს," - ამბობს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარე ნინო თვალთვაძე.

ყოველთვიურად "პრემირებული" გუბერნატორის საქმიანობა გასული წლის ბოლოს თვით პრეზიდენტმა შეაფასა უარყოფითად და დაითხოვა კიდეც თანამდებობიდან, თუმცა მიხეილ ჩოგოვაძის საქმიანობა გასული წლის მანძილზე სახელმწიფო ბიუჯეტს 70 800 ლარი დაუჯდა, ხელფასებისა და პრემიების სახით.

მიხეილ ჩოგოვაძე გასული წლის მიწურულს იმერეთში ლაშა მაქაცარიამ შეცვალა, რომელიც ამ დრომდე რეგიონის გაცნობითაა დაკავებული და ჯერ მედიისა და საზოგადოების წინაშე არ წარმდგარა თავისი სამოქმედო პროგრამით. 29 წლის მაქაცარია პროფესიით იურისტია. მისი თანამდებობრივი კარიერა 2004 წლიდან იწყება. მუშაობდა ჯერ უშიშროების საბჭოში, შემდეგ კი - უშიშროების სამინისტროში. 2005 წლიდან დასაქმდა თბილისის მერიაში, სადაც მერიის ზედამხედველობის სამსახურს ხელმძღვანელობდა 2008 წლამდე. სწორედ ამ პერიოდში უკავშირდება მისი საქმიანობა დედაქალაქში აშენებული და მშენებარე სახლების ხმაურიან ნგრევებს. ამის შემდეგ ის თბილისის საქალაქო სამსახურის კანონიერების დაცვის გენერალური ინსპექციის უფროსად გადაიყვანეს. 2009 წლის 29 დეკემბრიდან კი იმერეთის გუბერნატორად დაინიშნა. იმერეთში მისი მოსვლისთანავე თანამდებობა დატოვა გუბერნატორის პირველმა მოადგილემ: ლაშა კილაძემ ზურაბ ცხაკაიას სახელობის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში დაიწყო მუშაობა, პროგრამული უზრუნველყოფის განყოფილებაში.

"ეს იყო ჩემი პირადი გადაწყვეტილება, დავწერე განცხადება და წამოვედი," - ამბობს კილაძე. მისი ადგილი დასავლეთ საქართველოს კუდ-ის (კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის) უფროსის მოადგილემ გიგა შუშანიამ დაიკავა. შუშანია იმერეთის ვიცე-გუბერნატორად 2005-08 წლებშიც მუშაობდა, თუმცა ამჯერად ის პირველი მოადგილის თანამდებობაზე დაწინაურდა. თანამდებობებს ამ დრომე ინარჩუნებს გუბერნატორის კიდევ ორი მოადგილე - ნიკო კაჭკაჭიშვილი და გია მატარაძე.

იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ გაზრდილი დაფინანსების მიუხედავად, ჯერჯერობით ამ წელიწადში თანამშრომლებისათვის პრემიები არ დარიგებულა. გაჰყვება თუ არა წინამორბედის გზას ახალი გუბერნატორი, ამას კვარტლის ბოლოს სახელფასო უწყისი გვიჩვენებს.

მანანა ქველიაშვილი

Monday, February 1, 2010

"ფუფუნების" დარგის "ხელმომჭირნე" რესტავრაცია


უკვე ერთი თვეა, რაც ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის ფასადის რესტავრაცია მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო სამუშაოებს ფირმა "დაგი" აწარმოებს. ხსენებულმა კომპანიამ სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გაიმარჯვა. ამ ტენდერში მასთან ერთად ხუთი სხვა ფირმაც მონაწილეობდა. ამ ფირმებიდან ორი უცხოური იყო. თუმცა, ქუთაისში უცხოურ გამოცდილებას ქართულმა აჯობა. ყოველ შემთხვევაში, ასე მიიჩნია სატენდერო კომისიამ. "დაგმა" გამოცდილებით და ფასით, ანუ პროექტში წარმოდგენილი ნაკლები ხარჯით, გაუსწრო სხვა ფირმებს. განსაკუთრებით ამ უკანასკნელით. აღმოჩნდა, რომ ტენდერში გამოცხადებული 3 მილიონ ნახევრიდან "დაგი" მხოლოდ 1 მილიონ 700 ათასად ახერხებს ოპერის თეატრის რესტავრაციას. მიუხედავად იმისა, რომ ლაპარაკია გამოცდილებაზეც (მაგალითად, ამ ფირმის ანგარიშზეა "ქარვასლის" მშენებლობა. ამავე ფირმას მიენდო "ტორპედოს" სტადიონის რესტავრაცია ქუთაისში). კომპანიამ მისი ფასით და ეკონომიურობით მოხიბლა სატენდერო კომიასია.

"ის გამოცდილება, რომელიც ფირმა "დაგმა" მოიტანა ქვის სამუშაოების წარმოების კუთხით, შიდა ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მხრივ, მოიწონა კომისიამ, რომ არაფერი ვთქვათ ფასზე, რომელიც ფრიად მომხიბვლელი იყო, რადგან მან გარკვეული ეკონომია გაუკეთა ბიუჯეტს", - ამბობს ქალაქის მერის პირველი მოადგილე მერაბ მეშველიანი.

"ნაკლები ფასით ვაჯობეთ სხვებს", - თვლის კომპანია "დაგის" ხელმძღვანელი გოგი გულორდავა.

ფინანსები ყოველთვის მთავარ სალაპარაკო თემად ითვლებოდა, ბოლო წლებში ოპერასთან მიმართებაში. მაღალ გემოვნებას და ხელოვნებას მაღალი თანხებიც ემატებოდა, ოპერა ფუფუნებასთან და მხოლოდ გასავალთან იგივდებოდა. ფუფუნება, ყოველ შემთხვევაში, ხელოვნებაში, ფრიად აღიზიანებდა რამდენიმე წლის წინ იგივე ხელისუფლებას, რომელიც დღეს ოპერას არემონტებს. როგორც ჩანს, ოპერის (შესაბამისად, ფუფუნების) მიმართ ხელისუფლებას გემოვნება შეეცვალა. ექვსიოდე წლის წინ ქუთაისის ოპერის თეატრის ლიკვიდაციის საკითხი იდგა დღის წესრიგში. მაშინდელი არგუმენტებით ოპერა ქალაქს არ ჭირდებოდა, მაყურებელი არ ჰყავდა, ზედმეტ ხარჯებთან იყო დაკავშირებული, თან ეს დარგი არაა რენტაბელური. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის არსად არაა რენტაბელური და სპონსორების ხარჯზე არსებობს, ქუთაისის ოპერის თეატრს მოეთხოვა რენტაბელობა. შემდეგ ოპერას მხსნელად ბიძინა ივანიშვილი მოევლინა, მისი ხატება კარგა ხანს კვებავდა იმედით თეატრს. თუმცა მეცენატი ოპერის აჩრდილივით ისევე მოულოდნელად გაქრა, როგორც გამოჩნდა. სამაგიეროდ, მოულოდნელობებმა სხვა კუთხითაც იჩინა თავი, მაგალითად, იმით, რომ ოპერამ თავისი ხიბლი დაიბრუნა ხელისუფლების თვალში. წლევანდელმა ახალმა წელმაც დაადასტურა, რომ ოპერა, როგორც ხელოვნების დარგი, ისევ მოდაშია. უფრო მეტიც, - საოპერო განწყობით შეხვდა ახალ წელს საქართველო. ეს განწყობა აისახა და გაგრძელდა ქუთისის ოპერის თეატრთან მიმართებაში. სახელმწიფომ სამ მილიონ ნახევარი გაიმეტა ქუთაისის ოპერის თეატრისთვის. თუმცა მთლიანად მაინც ვერ გაიმეტა და 1 მილიონ 700 ათასი გასცა.

"რამდენი იყო ტენდერში თანხა გამოცხადებული, არ ვიცი, ჩემამდე ამ ინფორმაციას არ მოუღწევია, თორემ მეც სამ მილიონ ნახევარს დავწერდი - ამბობს გოგი გულორდავა - ხელშეკრულება გვაქვს 1 მილიონ 700 ათასზე, რა თანხაც ავიღეთ, იმით განხორციელდება სამუშოები".

როგორც ჩანს, ეკონომიურობა ამ ფირმაში ჯაბნის ფუფუნებას, სამაგიეროდ, ოპერის, ანუ ფუფუნების დარგის შესაბამისად იქცევა საპროექტო: იგი უფრო "ხელგაშლილია" და სამ მილიონ ნახევარს ითვლის ოპერის სარეაბილიტაციოდ.საპროექტომ რატომ დათვალა ამდენი, როცა "დაგი" ნახევარ ფასში აკეთებს, ამაზე "ვერაფერს ვიტყვი, ფაქტია, რომ "დაგი" 1 მილიონ 700 ათასში აკეთებს იგივე საქმეს", - აცხადებს მერაბ მეშველიანი. თუმცა, საქმე არც თუ მარტივად გამოვა, რადგან `დაგში~ მეტისმეტი `ხელმომჭირნეობა~ გამოუვიდათ და როგორც ჩანს, იმაზე ნაკლები დათვალეს, ვიდრე ამას ოპერის რეაბილიტაცია ითხოვდა.

მიუხედავად ამისა, "ვალდებულებას ვიღებთ, რომ ამ ფასშიც გავაკეთებთ საქმეს, განვსაზღვრავთ, რომ ზედმეტი ხარჯი არ იყოს, ზედმეტი ხელფასი არ გაიცეს, ზედმეტი ხალხი არ იყოს, განსაკუთრებულ სიზუსტეს დავიცავთ", - პირობას იძლევა "დაგის" წარმომადგენელი, სამშენებლო უბნის ხელმძღვანელი კობა ბასილაია. სიზუსტესთან და ხელმომჭირნეობასთან ერთად სისწრაფეც მოეთხოვებათ, რადგან ათ თვეში უნდა დასრულდეს მშენებლობა და 23 ნოემბერს ქუთაისი ოპერის ახალი ფასადით უნდა შეხვდეს.

ფასადთან ერთად, პროექტის მიხედვით, რომელიც ადგილობრივი ხელისუფლების დახმარებით მომზადდა (პროექტის ავტორები ნ. ჯანაშვილი და დ. გოგიჩაიშვილი), მშენებლობა მოიცავს ფოიეს ნაწილის რესტავრაციას მეორე სართულის ჩათვლით, ასევე, ახალი ოთხსართულიანი შენობის აგებას. ამით დასრულდება რეაბილიტაციის პირველი ეტაპი. ოპერის თეატრის მმართველის როზა დვალიშვილის თქმით, იგეგმება მეორე ეტაპი, რომელიც უკვე სცენას და დარბაზის განახლებას გულისხმობს. თუმცა ამ საქმისთვის ჯერჯერობით არ დაიხარჯება ტენდერში გამოყოფილი და მორჩენილი თანხა.

"მორჩენილი თანხა ბიუჯეტში რჩება და საკრებულო და ადგილობრივი ხელისუფლება გადაწყვეტს, რაში გამოიყენებს მას," - ამბობს მერაბ მეშველიანი. თუმცა როზა დვალიშვილი უფრო აკონკრეტებს: "სხვა მუხლში გადავა და მერე დაუბრუნდება თეატრს, სხვანაირად აბსურდის თეატრს დაემგვანება, გარედან გარემონტებული და მშვენიერი, შიგნიდან კი ამორტიზებული". იმედია ოპერის თეატრი არ დარჩება მეორე ეტაპის გარეშე და არ შეუერთდება იმ შენობათა რიგს, რომელიც გარედან მტერს უვსებს თვალს და შიგნით მოყვარეს და რომელიც ასე მრავლადაა დღევანდელ საქართველოში.

ეკა კუხალაშვილი