Sunday, December 27, 2009
ტრაგედიის გამომწვევი მიზეზების დეტალები
Thursday, December 24, 2009
ვინ გასცა მემორიალის აფეთქების ბრძანება?
ვინ გასცა "გამარჯვების მემორიალის" დემონტაჟისა და აფეთქების ბრძანება? ამ კითხვაზე ოფიციალური პირებისგან პასუხის მიღება ჯერ-ჯერობით შეუძლებელია. ქუთაისის მერიიდან "ახალმა გაზეთმა" გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია ამის თაობაზე, რაზეც ასეთი პასუხი მივიღეთ: "ქ. ქუთაისის მერიაში არსებული დემონტაჟთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტაცია /ბრძანება, ხელშეკრულება/ კანონით დადგენილი წესით ამოღებულია საქართველოს პროკურატურის მიერ. აქედან გამომდინარე, თქვენს მიერ მოთხოვნილი დოკუმენტების ასლებს ამ ეტაპზე ვერ გაწვდით".
"ახალმა გაზეთმა" ამ ეტაპზე იმის გარკვევა მაინც მოახერხა, რომ ბრძანებასა და შესაბამის ხელშეკრულებებს ძეგლის დემონტაჟის თაობაზე ქუთაისის მერის პირველმა მოადგილემ ზაზა ნუცუბიძემ მოაწერა ხელი, რომელიც იმ პერიოდში ქუთაისის მერის მოვალეობას ასრულებდა. დღეს "ახალი გაზეთის", სტუდია "GNS"-ისა და ჟურნალ "ლიბერალის" ჟურნალისტები შეეცადნენ საქმის დეტალების გარკვევას პირადად ზაზა ნუცუბიძისგან, რომელიც ყველანაირად ცდილობდა ჟურნალისტებთან შეხვედრისგან თავის არიდებას, თუმცა საბოლოოდ აღნიშნული მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მაინც მოახერხეს მასთან შეხვედრა. თუ რა პასუხი აქვს ნუცუბიძეს ქუთაისში 19 დეკემბერს მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, ნახეთ ეს ვიდეო:
Tuesday, December 22, 2009
ვეტერანების პროტესტი
21 დეკემბერს, დანგრეული მემორიალის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე თავდაპირველად II მსოფლიო ომის ვეტერანები შეიკრიბნენ
Saturday, December 19, 2009
მემორიალის აფეთქების შედეგად დედა-შვილი დაიღუპა
აფეთქების შედეგად შემთხვევის ადგილზე დაიღუპა 11 წლის ნინო ჯინჭარაძე, მოგვიანებით კი გარდაიცვალა დედამისიც - 42 წლის ეკა ცუცხვაშვილი-ჯინჭარაძისა. იგი ჯერ ავტოქარხნის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მოგვიანებით კი - როდესაც ის რეანიმობილით დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნულ ცენტრში გადაჰყავთ, ტრანსპორტირებისას გარდაიცვალა. მას თავის ტვინის მძიმე დაზიანებები ჰქონდა მიყენებული.
ძეგლის აფეთქებას ბავშვი ემსხვერპლა
Monday, December 14, 2009
Sunday, December 13, 2009
77 შეკითხვა პატრიარქს
საზოგადოებას წარმოდგენა რომ შეექმნას კითხვების შინაარსსა და პათოსზე, გაგაცნობთ რამოდენიმე მათგანს:
- რა ურთიერთკავშირი არსებობდა საქართველოს საპატრიარქოსა და საბჭოთა სახელმწიფო უშიშროებას შორის?
- პირადად თქვენ (ანუ საქართველოს პატრიარქი ილია მეორე - რედ.) თანამშრომლობდით თუ არა საბჭოთა სუკ-თან?
- მართლაც ითამაშა თუ არა გადამწყვეტი როლი საბჭოთა ხელისუფლებამ თქვენს პატრიარქად არჩევაში, როგორც ეს განაცხადა ედუარდ შევარდნაძემ?
- რატომ არ დაიცავით 1983 წელს ე.წ. "თვითმფრინავის საქმეზე" დახვრეტილი უდანაშაულო მღვდელი თეოდორე ჩიხლაძე?
- რატომ მოუწოდებდით დასჯისკენ საქართველოს საბჭოთა ტელევიზიის ეთერით?
- 1989 წლის გაზაფხულზე მაშინდელი მთავრობის სახლის წინ საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართულ მიტინგზე რატომ ერთხელაც კი არ მიხვედით თქვენი ნებით, არამედ მხოლოდ 9 აპრილს ცეკა-ს ბრძანებით და მისივე ავტომობილით?
რატომ არ დარჩით განსაცდელში მყოფ თქვენი სამწყსოს გვერდით? და ა.შ.
ტექსტს "კითხვები მართლმადიდებლური ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქს" საკმაოდ მძაფრი რეაგირება მოჰყვა ყველა მხრიდან. გავრცელებული ინფორმაციით, ამ კითხვებმა საპატრიარქოდან მხოლოდ ერთადერთი პასუხი მიიღო: "შეკითხვების ავტორებს ჩვენ საზოგადოების ნაწილად არ ვთვლით და არ ვაპირებთ მათზე პასუხის გაცემას". სამაგიეროდ, მრავალნაირი გამოხმაურება მოჰყვა ოპოზიციის და პოლიტიკოსების მხრიდან: "ესენი ერთი მუჭა მწვალებლები არიან", - აცხადებს გია ცაგარეიშვილი კითხვების ავტორებზე და ხელმომწერებზე. "ამ კითხვებით ისინი პატრიარქის მოკვლას ცდილობდნენ და ამიტომ ხალხმა უნდა იცოდეს ყოველი ხელმომწერის გვარი," - წყრება ნინო ბურჯანაძე. ნათელაშვილი ხელმომწერების სამართლებრივ დევნას მოითხოვს. "ქრისტიან-დემოკრატები" ეკლესიის მიმართ მორიგ ფართომასშტაბიან შეტევაზე საუბრობენ. კომენტარები გააკეთეს ხელისუფლების წარმომადგენლებმაც: "საპატრიარქო და პატრიარქი თავის საქმეს მიხედავს", - აცხადებს მიხეილ მაჭავარიანი, თუმცა მართლმადიდებელი ექსტრემისტების განწყობის გათვალისწინებით, ხელისუფლების წარმომადგენლის ამ განცხადებაში გარკვეულ მუქარას ხედავენ შეკითხვების ავტორები და ხელმომწერები.
კვლევების თანახმად, საზოგადოება ეკლესიას დიდ ნდობას უცხადებს. ხალხის რწმენით, ეკლესია არის ქართული სახელმწიფოებრიობის საფუძველი და ქვეყნის ეროვნული იდენტობის სახე, ხოლო პატრიარქი - სიწმინდის და ჭეშმარიტების სიმბოლო და ერის მორალური სახე, რომლის ყოველი ქმედება ეჭვშეუხრელად უნდა მიიღოს ქართულმა მრევლმა (რომლებიც თითქმის მთელ ქართულ მოსახლეობას შეადგენენ). საზოგადოების დიდი ნაწილის ამ განწყობას და აზრს ახმოვანებს ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის და ძეგლთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი გიზო თავაძეც: "მიმაჩნია, რომ ჩვენ გვყავს გამორჩეული პატრიარქი. ამას აღიარებენ მართლმადიდებლური სამყაროს დიდი მღვდელმთავრები, პატრიარქები, ეპისკოპოსები. ისინი თვლიან, რომ ჩვენი პატრიარქი მართლმადიდებელ წინამძღოლთაგან არის პირველი. ასე არ მოიხსენიებენ არც რუსული ეკლესიის მთავარს და არც ვინმე სხვას, არამედ - პატრიარქს. იმხელა ავტორიტეტის ადამიანია და ერის სულიერი მამა. ილია მეორე არის ჩვენი მწყემსი, ამიტომ მის მიმართ ასეთი კითხვების დასმა მკრეხელობად მიმაჩნია."
სამაგიეროდ, მკრეხელობას, უწმინდურებას და ბევრი პრობლემის სათავეს ამ აქციის ავტორები სხვა რამეში ხედავენ, კერძოდ, ჩაკეტილობაში, საეკლესიო იერარქთა სრულ ძალაუფლებაში და კრიტიკის არარსებობაში საპატრიარქოს მისამართით. "საქმე იმაში გახლავთ, რომ ამ წერილის და კითხვების შედგენა განაპირობა იმ არანორმალურმა მდგომარეობამ, რაც დღეს შეიქმნა საქართველოში. ეკლესიის და საეკლესიო პირთა ქმედებების ანალიზი და კრიტიკა აკძალულია, მხოლოდ ქება-დიდება იბეჭდება და ჟღერდება ქართულ მედიაში", - ამბობს ვასილ კობახიძე, რელიგიათმცოდნე და ამ აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი.
კითხვებში, მართლმადიდებლური ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქის მიმართ, ბევრი სხვა პრობლემაც ჟღერდება, კერძოდ, ღირებულებების სხვაგვარი ხედვა, ანუ ეკლესია, რომელიც ქართული სახელმწიფოებრიობის საფუძველია, იმ კურსს არ ირჩევს, რასაც - სახელმწიფო. დასავლეთი და დასავლური ღირებულებები ქართული სახელმწიფოს მიმართულებაა (ყოველ შემთხვევაში, ფორმალურად მაინც). ქართულ ეკლესიაში კი, კითხვების ავტორების აზრით, პრორუსული განწყობები შეინიშნება (მაგალითად, კითხვა პატრიარქისადმი: რატომ არ გაემიჯნეთ რუისისა და ურბნისის მიტროპოლიტ იობ აქიაშვილის ლოცვა-კურთხევით გამომავალ ჟურნალ "ქვაკუთხედში" გამოქვეყნებულ სარედაქციო განაცხადებას, რომ რუსეთის მიერ 2008 წლის აგვისტოში ნასროლი ბომბები ღვთის მიერ კურთხეული იყო და რომ რუსი სამხედროების ბლოკ-პოსტები საქართველოს ტერიტორიაზე ზეციდან გარდამოვლენილი მარწუხებია საქართველოს ევროპაში ინტეგრაციის შესაჩერებლად?)
"საქართველოს საპატრიარქო იყენებს მართლმადიდებლურ იდეოლოგიას პრორუსული განწყობების დასამკვიდრებლად, იგი წარმოადგენს "მეხუთე კოლონას" და აქტიურად ეწევა რუსულ პროპაგანდას", - ამბობს ვასილ კობახიძე.
"ფაქტი ისაა, რომ საპატრიარქომ ბოლო დროს მეტად მკაფიოდ გამოკვეთა თავისი, თუ ასე შეიძლება ითქვას, საგარეო პოლიტიკური კურსი - რაც გამოიხატება პატრიარქის შემდეგი ფრაზით: ,,მზის ამოსვლამდე გაიხედე მეზობლისკენ", - ამბობს თეოლოგი და ამ კითხვების ერთ-ერთი ავტორი ბექა მინდიაშვილი.
კითხვებით პატრიარქს მიმართავენ კორუფციის ფაქტებთან დაკავშირებითაც, რომელიც აქციის მონაწილეთა და ხელმომწერთა მტკიცებით, ეკლესიაში არის და რომელშიც შეინიშნებიან სასულიერო პირები. "შემოჰქონდათ სიგარეტი, ლუდი და სხვა პროდუქტები და ამით ვაჭრობდნენ მაღალიერარქი სასულიერო პირები", - ამბობს ვასილ კობახიძე.
კითხვებში გაცხადებული ბევრი პრობლემის მიზეზს "პროტესტანტი" ხელმომწერები ხედავენ მედიის უმოქმედობაში და კრიტიკის არარსებობაში. "ჭაობი, რაც გაჩნდა ქართულ ეკლესიაში, გამოიწვია იმანაც, რომ ჩვენი მედია არ გვაძლევს საშუალებას ვისაუბროთ ამ საკითხებზე, რომ გახდეს საზოგადოებსიათვის ცნობილი ბევრი დაფარული ფაქტი. ეს კითხვებიც და ეს აქციაც მიმართული იყო საზოგადოების ინფორმირებისთვის. საპატრიარქო რომ ყურადღებას არ მოგვაქცევდა, ვიცოდით, ეს მათი ფაშისტური პასუხითაც დამტკიცდა", - მიიჩნევს ვასილ კობახიძე.
"საპატრიარქოს მიმართ მხოლოდ პანგირიკული დამოკიდებულებაა "დაშვებული" და ნებისმიერი სახის, თუნდაც მეტისმეტად კონსტრუქციული კრიტიკაც კი აღიქმება მის შეურაცხყოფად. ეს მანკიერი დუმილის წრე უნდა გაირღვეს. ქვეყნის მოქალაქეები ღირსნი არიან, იცოდნენ რეალურად, რა წარსულისა და აწმყოს მქონე ძალასთან აქვთ საქმე, რათა უკეთესი მომავლისკენ შევძლოთ გადავდგათ ნაბიჯი. ვფიქრობ, შეკითხვების დასმა გვარიანად დავაგვიანეთ, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე - არასდროს,"- ამბობს ბექა მინდიაშვილი.
ასეთ ჩაძიებებს ეკლესიის საქმიანობაში და პატრიარქის მიმართ კრიტიკულ შენიშვნებს მკრეხელობად მიიჩნევს ქართული საზოგადოების ერთი ნაწილი. ეკლესიის კონკრეტული პირების კრიტიკა იგივდება სარწმუნოების და ეკლესიის კრიტიკასთან. "ასეთი ტიპის კითხვები ეს შეურაცხყოფაა არა მხოლოდ პატრიარქის, არამედ ქართველი ერის, ეკლესიის და რწმენის შეურაცხყოფა", - მიაჩნია გიზო თავძეს. ასევე მიჩნევს საპატრიარქო, ამიტომ პასუხს არ იძლევა დასმულ კითხვებზე იმ მოტივით, რომ კითხვების ავტორები საზოგადოების ნაწილი არაა.
"ვფიქრობ, ეს პასუხი აშიშვლებს პირადად ჩემთვის ყველაზე არსებით საკითხს, რომელიც დაკავშირებულია იმასთან, თუ დღეს რამდენადაა საპატრიარქო ქრისტიანული ორგანიზაცია. ჩვენთვის გაცემული ეს პასუხი, ფაქტობრივად, აცხადებს, რომ იგი არამარტო არაქრისტიანული, არამედ არაჰუმანური ორგანიზაციაც არის და ამ მხრივ საკმაოდ სახიფათოც ადამიანებისთვის," - მიაჩნია ბექა მინდიაშვილს.
"საზოგადოების დიდ ნაწილს სურს, რომ მოიტყუოს თავი. იგი რჩება მონად გაუნათლებელი სამღვდელოებისა, რომლებიც აგრესიულს ხდიან საზოგადოებას. პატრიარქის კრიტიკა არ არის ღმერთის და ეკლესიის კრიტიკა. ეს არის თანამდებობა და არა - კუთვნილება", - მიაჩნია ვასილ კობახიძეს.
თუმცა ცნებების გამიჯვნა ქართულ საზოგადოებაში ძნელად ხდება, ბარიერს ქმნის საბჭოთა წარსული, ნაკლები რელიგიური განათლება, ორმაგი მორალი და ორმაგი სტანდარტები, რითაც გაჟღენთილია ქართული სივრცე. ამ გარემოში თეოლოგიური განმარტება "არასაიმედოდ" მიიჩნევა. ის, რაც სტანდარტულ ჩარჩოში არ ჯდება, მტკივნეულად აღიქმება და გარკვეულ აგრესიას ბადებს საზოგადოებაში. აგრესიას, რამაც მათი სიწმინდეები უნდა დაიცვას. "ილია მეორედან დღეს ისევეა შექმნილი კერპი, როგორც თავის დროზე სტალინიდან", - ამბობს ვასილ კობახიძე. "ყველამ უნდა ამოიღოს ხმა, რომ არ შეიძლება დაკნინება ყველაფრის, რაც სულიერებას ეხება. პატრიარქის სუკ-თან თანამშრომლობა არის შეუძლებელი. პატრიარქი არაფრით შეიძლება ამას აკეთებდეს. პატრიარქი გვყავს სიბრძნით სავსე ადამიანი, რომელმაც გამოატარა საქართველოს უმძიმესი გზა, როცა "კგბ" ზეობდა. ილია მეორე მთელი ერის ცოდვას იღებს საკუთარ თავზე და თვალცრემლიანი ლოცულობს ერისთვის", - ამბობს გიზო თავაძე.
მაგრამ ცრემლების ნაკლებად ჯერათ და კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტულ პასუხებს ითხოვენ პატრიარქის მიმართ დასმული კითხვების ავტორები. თუმცა, კითხვები და პროტესტი უჩნდება საზოგადოების მეორე მხარეს. მხარეს, რომელიც მკრეხელობად მიიჩნევს კრიტიკას იმის მიმართ, რაც ქართული სახელმწიფოებრიობის და ზნეობის საფუძველს წარმოადგენს, მათი რწმენით. "ვფიქრობ, რომ ადამიანები, რომლებიც დღეს ჩვენგან და ამ შეკითხვებისგან იცავენ თითქოს საპატრიარქოს, იცავენ მას ერთადერთი რამისგან - სიმართლისგან," - ამბობს ბექა მინდიაშვილი.
და სად არის სიმართლე? ეს რომ გავიგოთ, კითხვები უნდა დავსვათ. კითხვის დასმას კი დღევანდელ საქართველოში სხვა სახელი ერქმევა და მკრეხელობად კვალიფიცირდება.
ეკა კუხალაშვილი
Saturday, December 12, 2009
პარლამენტის მშენებლობას ქუთაისში ბერძენიშვილის ძეგლი შეეწირა
ამ ტექსტის გავრცელების შემდეგ ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში ირწმუნებოდნენ, რომ ისინი ყველანაირად შეეცდებოდნენ ბერძენიშვილის ძეგლის აღდგენას, თუმცა ეს პირობა ეჭვქვეშ მას შემდეგ დადგა, რაც ქუთაისში პარლამენტის შენობის ადგილად სწორედ "გამარჯვების მემორიალის" ტერიტორია შეირჩა. ხელისუფლების წარმომადგენლები თავდაპირველად აცხადებდნენ, რომ პარლამენტის შენობა მემორიალის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდებოდა, თუმცა დღეს გაირკვა, რომ საკანონმდებლო ორგანოს ახალ საოფისე ფართს ბერძენიშვილის ძეგლი შეეწირა. ვინ მიიღო გადაწყვეტილება ძეგლის დემონტაჟის შესახებ, ამ ინფორმაციას არ ფლობენ ქუთაისის თვითმმართველობაში. უფრო მეტიც ქალაქის კულტურის სამსახურის უფროსმა გიზო თავაძემ ჩვენგან შეიტყო ეს ინფორმაცია, რომ ქალაქში ძეგლის ნგრევა მიმდინარეობს: "გაძარცვული რომ იყო, ალბათ, ამიტომ მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება," - განაცხადა მან ჩვენთან საუბარში. ჩვენ დავუკავშირდით ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს თამაზ მარგველაშვილს, რომელმაც, ასევე, ჩვენგან შეიტყო ძეგლის დემონტაჟის შესახებ ინფორმაცია: "ეს საკითხი ჩვენთან არ ყოფილა შეთანხმებული და მითუმეტეს, ჩვენ ამ საკითხზე არავითარი დადგენილება არ მიგვიღია, როგორც ჩანს, გადაწყვეტილება აღმასრულებელი ხელისუფლებიდან მოდის" - განაცხადა მან ჩვენთან საუბარში.
გასამდა
შამუგიას “კაპიტულაცია” 10 ხელით გაფორმდა
8 დეკემბერს, ქუთაისის 2006 წლის მოწვევის საკრებულო კიდევ ერთხელ შეიკრიბა ქალაქის პირველი პირის ხელის აწევით გასაცილებლად. საკრებულოს უმრავლესობას, რომელიც იმ სხდომაზე არასრული (10-კაციანი) შემადგენლობით გამოცხადდა (სხდომას არ ესწრებოდნენ ანდრო ლოსაბერიძე და კახა ნურალიძე), ეს ამბავი არ გაჭირვებია. შამუგიას “კაპიტულაცია” 10 ხელით უპრობლემოდ გაფორმდა, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ უხერხულობების გარეშე. თუმცა სანამ ამ უხერხულ მომენტებზე გადავიდოდეთ, რომელიც სხდომაზე საკრებულოს ორმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა შექმნა, იმ ამბავზე მოგითხრობთ, რაც საკრებულოს აღნიშნული რიგგარეშე შეკრების მიზეზი გახდა: ნუგზარ შამუგიას განცხადება თანამდებობიდან გადადგომის შესახებ.
“ქ. ქუთაისის საკრებულოს თავჯდომარეს ბ. ა. ხვადაგიანს. ქ. ქუთაისის მერის ნ. შამუგიას განცხადება: გთხოვთ, გამანთავისუფლოთ დაკავებული თანამდებობიდან” (სტილი დაცულია) - აი, ის ტექსტი, რაც შამუგიას ერთ გვერდზე დაწერილმა განცხადებამ დაიტია. აღნიშნული განცხადება ქუთაისის მერმა 7 დეკემბერს დაწერა, რის შემდეგაც მერიის სამსახურების უფროსებთან გამოსამშვიდობებელი თათბირი გამართა, ჩაალაგა “ჩემოდანი” და წავიდა. როგორც თათბირის დამსწრეებმა განმარტეს, შამუგიას წასვლის მიზეზებზე არ უსაუბრია, უბრალოდ, გამოემშვიდობა ყველას და წავიდა. თუმცა წასვლის მიზეზი ისედაც ცნობილი გახლდათ: ეს მიზეზი მთელმა საქართველომ იხილა ტელეკრანებიდან 1 კვირით ადრე, 30 ნოემბერს, როდესაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა ნუგზარ შამუგია საჯაროდ დატუქსა. როგორც ჩანს, თანამდებობასთან განშორება გაცილებით მძიმეა, ვიდრე - მისი მიღება, რადგან როცა შამუგია ქალაქის მერად დაინიშნა, მან ხმამაღლა განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილების მისაღებად 3 უძილო ღამე დასჭირდა, თანამდებობასთან გამომშვიდობებას კი მან 1 კვირა მოანდომა.
ნუგზარ შამუგია ქუთაისის საკრებულოს ბიურომ 2007 წლის 12 ოქტომბერს 3 კანდიდატს შორის გამოარჩია. მისი სამოქმედო პროგრამა ათი პუნქტისგან შედგებოდა, მათ შორისა გახლდათ ისეთი “დიადი მიზნები”, როგორიცაა “ქუთაისი - კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი”, “ქუთაისი - მძლავრი სამედიცინო ცენტრი”, “ქუთაისი - ტურიზმის ქალაქი”, “წერტილოვანი თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნა ქუთაისში” და სხვა. ამ ყველაფრის მიღწევას შამუგია ცენტრალურ ხელისუფლებასთან აქტიური თანამშრომლობის საშუალებით გეგმავდა.
“ერთ და ორ თვეში რაღაც სასწაულებს ვერ მოვახდენ, მე მამაზეციერი არ ვარ, მაგრამ ერთი-ორი წლის შემდეგ, ხალხი რომ შემეკითხება, რა გააკეთე ქუთაისშიო, ხომ უნდა გავცე კონკრეტული პასუხი, რომ ეს გავაკეთე?! მე აქ სანამდე მოვიდოდი, სამი დღე და ღამე არ მიძინია. ზოგი აქ შეიძლება მოვიდა სახელის და გვარის გულისთვის. მე ქუთაისში ჩემი სახელი და გვარი არ შემირცხვენია. რადგან გადავწყვიტე და ავიღე ამოდენა პასუხისმგებლობა, ეს უნდა გავაკეთო. თუ შევხედე, რომ ვერ ვაკეთებ. არავის კარნახი არ მჭირდება, მე თვითონ წავალ,” - ეს გახლდათ შამუგიას პირველი განცხადება ქალაქის მერის ამპლუაში. თუმცა, იგი “თვითონ წასვლას” მაინც ვერ მიხვდა, მიუხედავად იმისა, რომ მთელი მისი მერობის პერიოდში არა ერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას თანამდებობას გამოათხოვებდნენ და ამიტომაც, ბოლოს ისევ პრეზიდენტმა უკარნახა ისე, როგორც ეს აქამდეც არაერთგზის მომხდარა ქუთაისში. მაგალითად, ასე მოხდა 2007 წლის თებერვალში, როდესაც ორთვიანი მერობის შემდეგ თანამდებობიდან გადადგა ბიქტორ ბალანჩივაძე. ბალანჩივაძის შესაბამის განცხადებას რამდენიმე დღით დაასწრო პრეზიდენტის სატელევიზიო გამოსვლამ, სადაც მიხეილ სააკაშვილმა აღშფოთება გამოხატა იმის გამო, რომ ქუთაისის მერმა ბიუჯეტიდან 48000 ლარიანი სამსახურებრივი ავტომანქანა შეიძინა. შემდეგ, ასევე, სატელევიზიო სანახაობამ დაასწრო მერის მოვალეობის შემსრულებლის ნიკო კაჭკაჭიშვილის უფლებამოსილების შეწყვეტას: 2007 წლის 2 ივლისს 27 ხელბორკილიანი თანამშრომელი გაიყვანა კუდ-მა მერიის შენობიდან ტელეკამერების თანხლებით, რასაც მოჰყვა ქუთაისის მერის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადება და ამით კაჭკაშვილის შვიდთვიანი მმართველობის დასრულება ქალაქში. არადა, მაშინ, როცა კაჭკაჭიშვილი ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა, “ახალმა გაზეთმა” მას ასეთი შეკითხვა დაუსვა: “როგორ ფიქრობთ, რამდენ ხანს გასტანს თქვენი მერობა?” რაზეც კაჭკაჭიშვილმა ასეთი პასუხი გასცა: “ვფიქრობ, საკრებულოს უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე”. საკრებულოს ვადა 2010 წლის მაისში ეწურება, კაჭკაჭიშვილი კი მერობას 2 წლის და 2 თვის წინ გამოემშვიდობა, თუმცა წინამორბედებისგან განსხვავებით, ის სახლში ან ბიზნესში არ წასულა, მან იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში - გუბერნატორის მოადგილის პოსტზე გადაინაცვლა, რაც ცალსახად მისი უახლოესი მეგობრის - აკაკი ბობოხიძის დამსახურებაა.
როგორც ვნახეთ, ქუთაისის 2006 წლის მოწვევის საკრებულომ მთელი ამ ხნის მანძილზე 2 მერის და 1 მერის მოვალეობის შემსრულებელი გაისტუმრა, თუმცა რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, საკრებულოს (მხედველობაში გვაქვს გადაწყვეტილების მიმღები უმრავლესობა) არც ერთი მათგანის მიმართ არ ჰქონია პრეტენზია. შენიშვნებს ყოველთვის ქვეყნის პირველი პირი იძლეოდა, მერე ქალაქის პირველები განცხადებებს წერდნენ. საკრებულო კი, როგორც წესი, მხოლოდ ხელის აწევით და გადაწყვეტილების რატიფიცირებით შემოიფარგლება.
ასე მოხდა 8 დეკემბერსაც. საკრებულოს სხდომა თავმჯდომარემ - ამირან ხვადაგიანმა გახსნა და ადგილობრივი თვითმმართველობის სახელით, ნუგზარ შამუგიასადმი სამადლობელი სიტყვა წარმოთქვა: “ამ 2 წლის განმავლობაში, როდესაც ბატონი ნუგზარი იყო ქალაქის აღმასრულებელი ხელისუფლების პირველი პირი, ქალაქში ბევრი რამ გააკეთა ხელისუფლებამ ყველა მიმართულებით - ინფრასტრუქტურა, ქალაქის აღმშენებლობა. ბატონი ნუგზარი იყო ის ადამიანი, რომელიც დღე და ღამე შრომობდა, რომ ქალაქში პრობლემები მოგვარებულიყო. პრობლემები ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანასა და ქალაქშია, მაგრამ მე არ შემიძლია, თქვენთან ერთად, იმ გაწეული შრომისათვის, რაც ბატონმა ნუგზარმა გასწია, მადლობა არ ვუთხრა მას, არ ვუსურვო ჯანმრთელობა, წინსვლა და გამარჯვება. ბატონი ნუგზარი შემთხვევითი კაცი არასდროს ყოფილა, ბატონ ნუგზარს ძალიან კარგად იცნობდა ქალაქის საზოგადოება და ბატონი ნუგზარი საქმის მკეთებელი კაცი იყო. მე კიდევ ერთხელ, ქალაქის თვითმმართველობის სახელით, მადლობას ვეუბნები ბატონ ნუგზარს გაწეული საქმიანობისათვის.” ამ სიტყვას, ალბათ, მქუხარე ტაში დაამშვენებდა, რომ არა საკრებულოში სუსტად, მაგრამ მაინც წარმოდგენილი 2 ოპოზიციური ხმა.
უმრავლესობას მორალი და ღირსება ჯერ “რესპუბლიკური პარტიის” წარმომადგენელმა ვიკა ნაკაშიძემ დაუწუნა: “იმ ძალისთვის, რომელსაც წარმოადგენთ თქვენ, ძალიან უცხოა ადამიანური ღირსება იმიტომ, რომ ნებისმიერი დანაშაულისთვის, ნებისმიერი გადაცდომისთვის ადამიანი შეიძლება გაათავისუფლო ღირსეულად, პირადი შეურაცხყოფის გარეშე, იმიტომ რომ ნორმალურ სახელმწიფოში აცნობიერებენ, რომ ამ ადამიანის უკან არის ღირსება, თავმოყვარეობა და ამ ადამიანის ოჯახი. ამ აქციით ადგილობრივი თვითმმართველობის წინ ხელისუფლება გვთავაზობს ახალ ფორმულას - “მეფე კეთილია”, რათა დააჯეროს მოსახლეობა, რომ ის უმსგავსოებები, რაც ხდება ადგილებზე, თითქოს არ იცის პირველმა პირმა და რომ ეს პრობლემები თითქოს მხოლოდ ადგილობრივი ჩინოვნიკების დონეზე წყდება,” - განაცხადა ნაკაშიძემ საკრებულოს სხდომაზე და იქვე დასძინა: “თუკი გადასაყენებელი იყო, მე ვიქნებოდი ბედნიერი, ადგილობრივ თვითმმართველობას ჩავარდნილი “კორპუსის პროგრამის” გამო დაეყენებინა მერის პასუხისმგებლობის საკითხი და არა - მამა და მარჩენალის განწყობისა და პიარისთვის.”
ამის შემდეგ სიტყვა “ლეიბორისტმა” სამსონ გუგავამ გადაიბარა: “ქალაქის საკრებულო დღეს მესამე მერს ემშვიდობება, გამომდინარე იქიდან, რომ მათი საქმიანობა ვერ იყო ეფექტური. მინდა შეგახსენოთ, რომ თვითმმართველობის შესახებ კანონი თავმჯდომარეს ავალდებულებს არა მარტო საკრებულოს თავში ჯდომას და ბიუჯეტის დამტკიცებას, არამედ მის განხორციელებაზე კონტროლს. თუ ეს სამივე მერი ვერ ასრულებდა უფლება-მოვალეობას, სად იყო ამ დროს საკრებულოს თავმჯდომარე? მე მისგან არც ერთხელ არ გამიგონია კრიტიკა - არც პირველი, არც მეორე, არც მესამე მერის მიმართ. დღესაც, ჩვენ ვამბობთ, რომ მერი მიდის საკუთარი განცხადების საფუძველზე მაშინ, როცა ის პრეზიდენტის კრიტიკის შედეგად მიდის. ბატონო თავმჯდომარევ, ამდენად, პასუხისმგებლობა უნდა გაიზიაროთ და უნდა გადადგეთ თქვენც!” - სამსონ გუგავას ამ განცხადებას დარბაზისადმი უხერხულად თვალის გადავლებით უპასუხა ამირან ხვადაგიანმა. ხვადაგიანსა და უმრავლესობას უხერხულობა დაეტყოთ მაშინაც, როცა ვიკა ნაკაშიძემ მათ რიტორიკული კითხვით მიმართა: “ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის შეფასებას, რომ “ვარდების რევოლუციის” შემდეგ გამოყვანილი იქნა ხელისუფლების კასტა, რომელიც არ ზრუნავს მოქალაქეებზე?” უმრავლესობას ამაზე პასუხი არ აღმოაჩნდა და თავის დაძვრენის მიზნით, უბრალოდ, განაცხადეს, რომ შეკითხვა ვერ გაიგეს (?!)
უხერხულობების მიუხედავად, საკრებულოს უმრავლესობამ შამუგიას განცხადება დააკმაყოფილა. ოპოზიციას კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია. იმავე დღეს, საკრებულოს ბიურომ კონკურსი გამოაცხადა მერის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად. კონკურსანტებს განცხადებების შესატანად ორკვირიანი ვადა აქვთ, რის შემდეგაც საკრებულოს ბიურომ მერობის ერთი კანდიდატი უნდა შეარჩიოს, რომელიც საკრებულოს სხდომაზე აირჩევა კენჭისყრის შედეგად. ქუთაისში გავრცელდა ინფორმაცია მერობის მსურველი რამდენიმე კანდიდატის შესახებ. მათ შორის დასახელდა მერიის აპარატის უფროსი თენგიზ თოფურიძე, რომელმაც აღნიშნული ინფორმაცია უარყო. ასევე, ითქვა, რომ მერის პოსტზე გადაინაცვლებდა იმერეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე ლაშა კილაძე, რომელმაც, ასევე, არ დაადასტურა აღნიშნული ინფორმაცია. საბოლოოდ, გაირკვა, რომ ხელისუფლების კანდიდატი გია თევდორაძე იქნება: “ჯერ საბოლოოდ არაფერი გადამიწყვეტია, კონსულტაციები მაქვს ჩემს მეგობრებთან და ვნახოთ,” - განაცხადა მან “ახალ გაზეთთან” საუბარში. გია თევდორაძე 2005-07 წლებში იმერეთის გუბერნატორის მოადგილედ მუშაობდა. მანამდე კი - ქუთაისის მერიაში. პოლიტიკური კარიერა მან გაცილებით ადრე - “მოქალაქეთა კავშირის” ახალგაზრდული ორგანიზაციიდან დაიწყო, შემდეგ `გაერთიანებულ დემოკრატებში~, მოგვიანებით კი “ნაციონალებში” გადაინაცვლა. ამჟამად თევდორაძე ოჯახური ბიზნესითაა დაკავებული.
ქუთაისის მერი საკრებულომ უახლოესი 1 თვის ვადაში უნდა აირჩიოს კონკურსის წესით. 2006 წლის მოწვევის საკრებულო მერის თანამდებობაზე კონკურსს უკვე მესამედ ატარებს. პირველად - 2006 წელს კონკურსში 6 კანდიდატი (ზურაბ მარუაშვილი, სევარიონ კინწურაშვილი, ედიშერ დეისაძე, ლაშა გაჩეჩილაძე, ლავრა ნიშნიანიძე, ბიქტორ ბალანჩივაძე) მონაწილეობდა, მეორედ კი - სამი (ლავრა ნიშნიანიძე, ჯიმშერ რუხაძე და ნუგზარ შამუგია). ხოლო მერობის რამდენი მსურველი გამოჩნდება ამჯერად, ეს 2 კვირაში გაირკვევა.
მაია მეცხვარიშვილი