ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე ორი ახალი ქსელი - "ფარმადეპო" და "ნარინჯისფერი აფთიაქები" გამოჩნდა, რომლებმაც მედიკამენტების გაყიდვა მანამდე არსებულ მონოპოლისტ კომპანიებთან - "ავერსთან" და "პსპ"-სთან შედარებით, 20-22%-ანი ფასდაკლებით დაიწყეს. გამომდინარე იქიდან, რომ ახალი კომპანიების სააფთიაქო მაღაზიები თავდაპირველად მხოლოდ თბილისში ამოქმედდა, ძველ მონოპოლისტებს წამლების გაიაფება არ უჩქარიათ. არჩევნების შემდეგ კი, დოლართან მიმართებაში ლარის კურსის მკვეთრი ვარდნის შედეგად, მედიკამენტების ღირებულება მთელი საქართველოს მასშტაბით გაიზარდა, თუმცა თბილისში წამლების ფასი "ფარმადეპოსა" და "ნარინჯისფერი აფთიაქების" ქსელში კვლავაც ჩამორჩებოდა "ავერსისა" და "პსპ"-ს ფასებს, რასაც მოჰყვა ამ უკანასკნელთა მხრიდანაც ფასდაკლების გამოცხადება ჯერ თბილისში, შემდეგ კი - რეგიონებშიც.
კომპანია "ავერსმა" მედიკამენტებზე 22%-ანი ფასდაკლება გამოაცხადა. თავდაპირველად აღნიშნული აქცია "ავერსმა" თბილისის მასშტაბით დაიწყო, 14 ივნისიდან კი აქციაში ქუთაისის ქსელიც ჩაერთო, თუმცა - მხოლოდ სარეკლამო განცხადების დონეზე.
15 ივნისს, როდესაც "ავერსის" სარეკლამო განცხადებების შესაბამისად, მედიკამენტებზე 22%-ანი ფასდაკლება მთელი საქართველოს მასშტაბით მოქმედებდა, "ახალი გაზეთის" წარმომადგენელმა თბილისში, შპს "ავერსი-გეოფარმის" #85 აფთიაქში (მეტრო სარაჯიშვილის მიმდებარე ტერიტორია) რამდენიმე მედიკამენტი შეიძინა, კერძოდ, ანტიბიოტიკები - "როცეფინი" და "კლაფორანი": 1 ფლაკონ "კლაფორანში" (1გ+4მლ გამხსნელი) ჩვენმა წარმომადგენელმა 4 ლარი გადაიხადა (ფასდაკლების აქციამდე აღნიშნული მედიკამენტის ღირებულება 7 ლარამდე აღწევდა), 1 ფლაკონ "როცეფინში" (1გ) კი - 11 ლარი (ფასდაკლებამდე აღნიშნული მედიკამენტის ღირებულება დაახლოებით 15 ლარის ფარგლებში მერყეობდა). იგივე მედიკამენტები მეორე დღეს, ანუ 16 ივნისს "ახალი გაზეთის" წარმომადგენელმა ქუთაისში შეიძინა, კერძოდ, შპს "ავერსი-გეოფარმის" #7 აფთიაქში (რომელიც ი. აბაშიძის გამზ. #2/2-ში მდებარეობს). მედიკამენტების შეძენამდე ჩვენმა წარმომადგენელმა შეკითხვით მიმართა აღნიშნული აფთიაქის მომსახურე პერსონალს - მოქმედებდა თუ არა 22%-ანი ფასდაკლება მათ სააფთიაქო მაღაზიაშიც, რაზეც დადებითი პასუხი მიიღო. თუმცა ამოწერილ ქვითარში თბილისთან შედარებით მკვეთრად გაზრდილი ფასები დაფიქსირდა: "კლაფორანში" 6.36 ლარი გადაახდევინეს, "როცეფინში" კი - 12.80 ლარი. აღნიშნულ მომენტში აფთიაქში მენეჯერი არ იმყოფებოდა ადგილზე, სხვა თანამშრომლებმა კი მყიდველს განუმარტეს, რომ ფასების სხვაობა, სავარაუდოდ, უკავშირდებოდა მედიკამენტების თბილისიდან ქუთაისამდე ტრანსპორტირების ხარჯს (?!)
"ახალი გაზეთის" წარმომადგენელი იმავე აფთიაქს კიდევ 18 ივნისს ეწვია, რა დროსაც მას იგივე მედიკამენტები უკვე იმ ფასში მიყიდეს, რაც თბილისში ღირდა ჯერ კიდევ 14 ივნისს ("კლაფორანი" - 4 ლარად, "როცეფინი" კი - 11 ლარად). იქვე მას განუმარტეს, რომ ფასდაკლება სახვევებსა და შპრიცებზე არ ვრცელდებოდა, არადა, თბილისში, აღნიშნული აქცია ამ ტიპის სამედიცინო საგნებსაც შეეხო: მაგალითად, 1 ცალ სტერილურ ბინტში (7მX14სმ) ჩვენმა წარმომადგენელმა თბილისში 65 თეთრი გადაიხადა, ქუთაისში კი - 70 თეთრი (ქუთაისის აღნიშნულ აფთიაქში 18 ივნისს სტერილური ბინტის ღირებულება 68 თეთრს შეადგენდა, თუმცა, როგორც წესი, "ავერსის" აფთიაქებს არასდროს გააჩნიათ ხურდისთვის 2 და 1 თეთრიანები, რომ დაუბრუნონ უკან მომხმარებელს, ასე მოხდა 18 ივნისსაც ჩვენს წარმომადგენელთან მიმართებაში). სიტუაციაში გარკვევის მიზნით "ახალი გაზეთის" წარმომადგენელი "ავერსი-ქუთაისის" #7 აფთიაქის მენეჯერს მაგდა დარახველიძეს ესაუბრა. დარახველიძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ 22%-ანი ფასდაკლების აქციას ქუთაისის ქსელი 14 ივნისიდან შეუერთდა. მანვე განმარტა, რომ ამის შემდეგ ყოველდღიურად თავად ახდენდა მედიკამენტების გადაფასებას სათაო ოფისიდან მიღებული შესაბამისი ფრაიზ-ლისტის მიხედვით. ჩვენს შეკითხვაზე, თუ რატომ დაფიქსირდა სხვადასხვა ფასი "ავერსის" თბილისისა და ქუთაისის ქსელებს შორის ერთსა და იმავე პერიოდში, დარახველიძემ თხოვნით მოგვმართა, რომ თავად დავხმარებოდით ამის გარკვევაში, თუმცა რამდენიმე დეტალის გარკვევა ჩვენ მისგან მაინც შევძელით. კერძოდ, როგორც მისგან შევიტყვეთ, მედიკამენტებზე ფასი მათ აფთიაქში სამი ფაქტორის გათვალისწინებით იცვლება: სათაო ოფისიდან მიღებული ფრაიზების, დოლარის კურსის ცვალებადობის და ერთიანი ცენტრალიზებული კომპიუტერული პროგრამის მიხედვით. სათაო ოფისიდან მიღებული ფრაიზებისა და ერთიანი ცენტრალიზებული კომპიუტერული პროგრამის მიხედვით, მედიკამენტების ფასები, წესით, ერთი და იგივე უნდა იყოს "ავერსის" ქსელში მთელი საქართველოს მასშტაბით. შესაბამისად, ჩნდება ვარაუდი, რომ ფასთა სხვაობას ვალუტის კურსის ცვალებადობა განაპირობებს: როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, თბილისის ქსელში "ავერსის" ადმინისტრაცია ხელმძღვანელობს კურსით - 1 აშშ დოლარი=1.59 ლარი, ქუთაისში კი - 1 აშშ დოლარი=1.89 ლარი.
ზემოთ აღნიშნული ინფორმაციის გადასამოწმებლად ჩვენ "ავერსის" იმერეთის რეგიონულ მენეჯერს ირინა დოღონაძეს დავუკავშირდით, თუმცა მან განგვიცხადა, რომ ფასების სხვაობის საკითხი მის კომპეტენციაში არ შედიოდა და პასუხის მისაღებად თბილისში, ცენტრალურ ოფისში გადაგვამისამართა. ჩვენს შეკითხვებზე ადეკვატური პასუხი არც "ავერსის" საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს აღმოაჩნდა. დეპარტამენტის უფროსი ლალი ბრეგვაძე ზოგადი განმარტებით შემოიფარგლა: "თბილისის რამდენიმე აფთიაქში მიმდინარეობს მედიკამენტებზე 22% და მეტი ფასდაკლება. ფასდაკლება იცვლება რეგულარულად რეგიონების მიხედვით. მსგავსი აქცია ქუთაისშიც მიმდინარეობს. ფასთა შორის სხვაობა მოგვცა იმან, რომ ქუთაისში ამ მედიკამენტების შესყიდვის მომენტში არ იყო დაწყებული ფასდაკლების აქცია". სინამდვილეში, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ქუთაისში ფასდაკლების აქცია 14 ივნისს დაიწყო, ჩვენმა წარმომადგენელმა კი მედიკამენტები 16 ივნისს შეიძინა (როდესაც აქცია 2 დღის დაწყებული იყო) თბილისთან შედარებით გაცილებით ძვირად.
მსგავსი ფასთასხვაობის გამო ქუთაისელი მოხმარებლები უკმაყოფილებას არ მალავენ: "ყოველდღე იზრდება ფასები წამლებზე. ფული თუ არ გაქვს, უნდა მოკვდე? არანაირი შეღავათი ჩვენთვის არ არსებობს. ფასდაკლებით ისარგებლებთო და პირიქით, გაზრდილია ფასები წამლებზე," - ამბობს ქუთაისში მცხოვრები მარინა რევიშვილი.
ექსპერტთა შეფასებით, ფარმაცევტული კომპანიები წამლების ფასებს ხელოვნურად ზრდიან, შემდეგ კი ფასდაკლებას აცხადებენ, თითქოს, პირიქით, მედიკამენტების ღირებულებას აიაფებენ. ექსპერტების თქმით, ფარმაცევტული კომპანიები საქართველოში ზემოგებაზე მუშაობენ, რასაც კომპანიის წარმომადგენლები კატეგორიულად უარყოფენ. "ავერსის" გენერალური დირექტორის პაატა კურტანიძის განცხადებით, არანაირი ზემოგება ფარმაცევტულ ბიზნესში არ არსებობს. "ჩვენი მოგება არის მინიმალური და ეს პროცენტული მაჩვენებელი ყოველწლიურად მცირდება, ვინაიდან კონკურენცია არის ძალიან დიდი," - ამბობს კურტანიძე.
აღნიშნული განცხადებების შედეგებს ვერ ხედავენ მომხმარებლები. მათი თქმით, ფარმაცევტული კომპანიები მედიკამენტების გაიაფების ნაცვლად, მათ ყოველდღიურად ატყუებენ და წამლებზე ფასებს ზრდიან.
თეა ზიბზიბაძე
No comments:
Post a Comment