ქუთაისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თანამდებობიდან გაათავისუფლეს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დასავლეთ საქართველის რეგიონული სამმართველოს უფროსი კოტე არჩაია და მისი მოადგილე შალვა ბოლქვაძე, ასევე - "სოდ"-ის ადგილობრივი უფროსი ბაქარ ბაბუხადია. გავრცელებული ინფორმაციით, უშიშროებისა და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის დასავლეთ საქართველოს მაღალჩინოსნების თანამდებობიდან გათავისუფლება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2 ივნისს თბილისში, ქუთაისსა და წყალტუბოს რაიონის სოფელ ტყაჩირში ჩატარებულ გახმაურებულ სპეცოპერაციას უკავშირდება, რის შედეგადაც საერთაშორისო ნარკოკარტელის წევრები დააკავეს.
შსს-მ სპეცოპერაცია, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, განახორციელა. სამართალდამცავებმა წყალტუბოს რაიონის სოფელ ტყაჩირში ბოჭორიშვილების სახლის ჩხრეკის შედეგად 1 700 000 ევრო ამოიღეს. თანხა საცხოვრებელი სახლის ეზოში განთავსებულ სათბურში იყო ჩამარხული. შსს-ს ინფორმაციით, ნუგზარ ბოჭორიშვილი ფოთის პორტში სამხრეთ ამერიკის ქვეყნებიდან ნარკოტიკებს აგზავნიდა, რომელიც ჯართში ინახებოდა. არსებული ინფორმაციით, "კუდ"-ისა და "სოდ"-ის ადგილობრივი განყოფილების ხელმძღვანელ პირებს თანამდებობა რეგიონში ნარკოტიკების შემოდინებისა და რეალიზაციის თაობაზე ინფორმაციის გაუხმაურებლობის გამო დაატოვებინეს.
"ახალი გაზეთი" გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმებას შეეცადა, თუმცა კოტე არჩაიასთან, ისევე როგორც დანარჩენ ხელმძღვანელ პირებთან დაკავშირება შეუძლებელი აღმოჩნდა. როგორც გაირკვა, უშიშროების სამსახურის უფროსის ტელეფონის ნომრები მკაცრად გასაიდუმლოებულია. როგორც ცნობათა ბიუროში განგვიცხადეს, მათ აღარ აქვთ უშიშროების სამსახურის ტელეფონის ნომრები, რადგან ისინი ამოღებულია მათი მონაცემთა ბაზიდან. ბაქარ ბაბუხადიასთან დაკავშირება მისი პირადი ტელეფონის ნომრით ვცადეთ, თუმცა ნომერი გამორთული აღმოჩნდა ისევე, როგორც კოტე არჩაიასი. თანამდებობიდან გათავისუფლებასთან ერთად, მათ ტელეფონის ნომრებიც გამოცვალეს, თუმცა ახალი საკონტაქტო ინფორმაცია ჩვენთვის ხელმიუწვდომელი აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, ამავე უწყებაში (კუდ-ში) დასაქმებული ერთ-ერთი წყაროდან შევიტყვეთ, რომ არჩაია და შალვა ბოლქვაძე პირადად ვანო მერაბიშვილის დირექტივით იქნენ მოხსნილნი დაკავებული თანამდებობებიდან.
ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, ჩვენ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დავუკავშირდით. დეპარტამენტის ვებ-გვერდზე მითითებულ ტელეფონის ნომერზე რამდენიმე საათის მანძილზე არავინ პასუხობდა. მოგვიანებით ჩვენს ზარს მამაკაცმა უპასუხა, თუმცა მას შემდეგ, რაც ჩვენ მას ვუთხარით, რომ გაზეთის რედაქციიდან ვუკავშირდებოდით ინფორმაციის მისაღებად, გვითხრა, რომ არაფერი იცის, რადგან სამინისტროში სტუმრად იყო მისული. ამის შემდეგ, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დასავლეთ საქართველოს ოფისში მივედით და კოტე არჩაია ვიკითხეთ. შენობის შესასვლელთან მყოფმა პირებმა გვითხრეს, რომ "კუდ"-ის უფროსი სამსახურში არ იმყოფებოდა და ქალაქიდან იყო გასული.
"ჩვენ არ გვაქს არანაირი ინფორმაციის გაცემის უფლება" - ასეთი პასუხი მივიღეთ მათგან.
"როგორც ჩემთვის ცნობილია, არჩაია პრობლემებითაა წამოსული სამსახურიდან და ტელეფონის ნომერიც შეცვლილი აქვს," - გვითხრა ერთ-ერთმა წყარომ. გავრცელებული ინფორმაციით, უშიშროების რეგიონული განყოფილების პირველი პირები თბილისში შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა დაიბარა, რის შემდეგაც მათ ეცნობათ, რომ თანამდებობიდან გათავისუფლების გარდა, შსს-ს დაქვემდებარების ქვეშ მყოფ უწყებებში ვეღარასოდეს იმუშავებენ.
საკუთარი ინფორმაცია
No comments:
Post a Comment