დღეს საქართველოში ადვილი არ არის რაიმე ღირებულის პოვნა, მათ შორის - მედიაშიც. მიუხედავად ამისა, ცნება - "ეძიებდე და პოვებდე", კვლავაც ძალაშია. თანაც ისე, რომ ადამიანს არ დაჭირდება 9 მთისა და 9 ზღვის გადავლა, 9 ფუთი მარილის შეჭმა და 9 გზის კითხვა, 9 გზის ოფლის მოწმენდა და 9 ტყავის გადაძრობა. ქუთაისში ის სულ ადვილად იპოვის გამოცემას, რომელიც 9 წლის წინ დაიბადა და ისე მოახერხა, რომ ეს 9 წელი ღირსეულად გაევლო. გამოცემას "ახალი გაზეთი" ჰქვია და იგი 16 ივლისს 9 წლის ხდება. ღირსეული არსებობისთვის ამ 9 წლის მანძილზე, მართალია, ზოგჯერ ჭირდებოდა 9 ძმა ხერხეულიძის სიმამაცის გამოჩენა, 9 მერისა და 9 მთავრობის გამოცვლით გამოწვეულ არეულობაში გარკვევა, საჯარო დაწესებულებებში 9-ჯერ მიკითხვა სხვადახვა ინფორმაციის მისაღებად, ფაქტის 9 გზის გადამოწმება, რაღაცეების და ვიღაცეების მხელა, მათ შორის მათიც, რომლებიც 9 სახარებაზე იფიცებდნენ, რომ მართლები იყვნენ, ვიღაცის კრიტიკა, ვიღაცის აღიარება და გამართლება, არაპოპულარული ღირებულებების დაცვა, რაღაც ცდუნების გაძლებაც და ასევე, არაპოპულარული პრინციპულობის გამოჩენაც, თუმცა მისი 9-ვე თანამშრომელი ამ სირთულეს გააზრებულად იღებდა და ცდილობდა ტრიადის - თავისუფლება, პასუხისმგებლობა და სამართლიანობა - საკუთარ ქმედებაში ასახვას და გაზეთის აღნიშნული ტრიადის შესატყვისი ფორმის და შინაარსის სტატიებიდან აგებას.
დაბადების დღე შეჯამების პერიოდია. ამ დღეს აწმყო ჩერდება და მხოლოდ ორი დრო - წარსული და მომავალი რჩება, განვლილის და გასავლელის დათვლა, დაანგარიშება მიმდინარეობს. ამ ანგარიშში ციფრი 9 იკვეთება. 9 წლის წინ, სხვა რეალობაში, სხვა მთავრობასა და სისტემაში შეიქმნა გაზეთი. 9 მძიმე წელი გაიარა - ცვლილებების, კატაკლიზმების, ღირებულებათა გადაფასებების გარემოცვაში და ყველაფერი ეს ასახა, მნიშვნელოვან მოვლენათა ეპიცენტრში შეაღწია, პირველი შეფასებები გააკეთა, სცადა სიტუაციაში გარკვევა და მოვლენებისთვის თავისი სახელის დარქმევა. ეს ქმედებები კი ყოველთვის ძვირად ფასობს; ცილისწამების, შევიწროების, მუქარის პირობებში დიდი შრომის ფასად მიიღწევა.
9 საკრალური ციფრიც არის, პოეტურიც... ასევე, ციფრი, რომელიც გარკვეულ კონცეფციასაც გამოხატავს და ეს კონცეფცია შესაბამისობაში მოდის "ახალ გაზეთთანაც" - 9 არის ციფრი, რომელიც ორი მხრიდან იკითხება. ის თავისი ფორმით თითქოს იმას მიუთითებს, რომ ადამიანმა არ შეხედოს სამყაროს ერთი კუთხიდან, არ აღიქვას ბრტყლად და მხოლოდ ორ განზომილებაში, არამედ ყველა მხრიდან შეაფასოს, რადგან 9 შეიძლება 6 გახდეს და ამან ყველაფერი შეცვალოს.
"ახალი გაზეთიც" ხედვის რაკურსების ძიებაშია, რომ იპოვოს ის წერტილი, რაც საკითხის სრულ სახეს გახსნის და ყველაზე საინტერესოდ წარმოაჩენს; რაც ცალსახად არ ასახავს სინამდვილეს და მის მრავალ კუთხეს მოიძიებს.
9 ეჭვსაც ბადებს, კითხვებსაც აჩენს (რადგან მისი წარმომავლობა, ერთ-ერთი ვერსიით "3"-ისა და "?" ნიშნის კომბინაციაა), ამიტომ გიზიდავს შემეცნებისკენ, ძიებისკენ. "ახალი გაზეთიც" უერთდება და იზიარებს 9-ანის ამ "ლტოლვას" და თავადაც ცდილობს ძიების პროცესი არ შეანელოს. ის, რაც ჩვენს ქალაქში, ქვეყანაში, თუ, ზოგადად, სამყაროში ხდება მისი დაკვირვებული მზერის ქვეშ მოაქციოს.
"ახალი გაზეთის" ცხოვრება და მუშაობა 9 წლის ბეწვის ხიდზე სიარულია - სწავლის და სწავლების, ძიების და პოვნის, იდეალების ერთგულების, გარემოსთან და ზოგჯერ საკუთარ თავთან ჭიდილის. ჭიდილი, რომელიც 9 წლის მანძილზე ჯერ მარცხით არ დასრულებულა.
ეკა კუხალაშვილი
No comments:
Post a Comment