Wednesday, November 25, 2009

საკრებულოს ყოფილ წევრს თაღლითობაში დებენ ბრალს


გასულ კვირას, ქუთაისის რაიონულმა პროკურატურამ ქუთაისის საკრებულოს ყოფილი წევრისა და ამჟამად "დასავლეთის წყლის" ქუთაისის სერვის ცენტრის შემოსავლების სამსახურის უფროსის ალექსანდრე ბაძგარაძის მიმართ თაღლითობის მუხლით საქმის გამოძიება დაიწყო.
"ახალი გაზეთის" #31-ში გამოქვეყნდა სტატია ალეკო ბაძგარაძის კორუფციულ გარიგებებში თანამონაწილეობის თაობაზე. სტატიაში სათაურით: "კორუფციული გარიგებები სატრანსპორტო მონოპოლიის მოსაპოვებლად", ქუთაისის საქალაქო ტრანსპორტის სფეროში ბაძგარაძის არაოფიციალურ წილებზეა საუბარი. კერძოდ, როგორც გაირკვა, 2004 წელს შპს "ბარეულმა" ჰოლანდიიდან ჩამოყვანილი ავტობუსების დასაქმების გარანტია სწორედ ალეკო ბაძგარაძისგან მიიღო. საქალაქო ტრანსპორტში ხაზის მიღების სანაცვლოდ კი ბაძგარაძე, რომელიც იმ პერიოდში საკრებულოს წევრი, საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე (სწორედ ეს კომისია კურირებდა საქალაქო ტრანსპორტის სფეროს) იყო, შპს "ბარეულის" არაოფიციალური მეწილე გახდა. "ბარეულში" წილის ქონას არ ადასტურებს ალეკო ბაძგარაძე, თუმცა "საქართველოს ბანკში" შპს "ბარეულმა" ავტობუსების შესაძენად სესხის აღება სწორედ იმით მოახერხა, რომ სხვა ქონებასთან ერთად ბანკში ბაძგარაძის საცხოვრებელი სახლი ჩაიდო გარანტად. თანხის გადაუხდელობის გამო მის ქონებას ბანკი აუქციონზე გასაყიდად ამზადებს.
გასულ კვირას კი "ახალი გაზეთისთვის" ცნობილი გახდა, რომ ბაძგარაძის საცხოვრებელი სახლი არ არის ერთადერთი, რომელიც მას ბანკში აქვს ჩადებული. ზემოხსენებული სტატიის გამოქვეყენების შემდეგ "ახალ გაზეთს" ქუთაისში მცხოვრებმა ფერაძეების ოჯახმა მომართა ალეკო ბაძგარაძის "დანაშაულებრივი ქმედებების თაობაზე". ბაძგარაძეს მოქალაქე ელვარდი ფერაძე და მათი დამაკაშირებელი, ე.წ შუამავალი (რომელიც ამავე დროს ბაძგარაძის მეგობარია) მაისე ბალუაშვილი მოტყუების გზით 20 000 დოლარის გადაცემას და შედეგად შეძენილი ქონების თაღლითურად მისაკუთრებას ედავებიან.
აღსანიშნავია ისიც, რომ ქონება რომელიც სამი წელია მხარეებს შორის დავის საგანია, ბაძგარაძის მიერ ბანკში იპოთეკითაა დატვირთული და მასზე 150 000 ლარიანი საკრედიტო ხაზია გახსნილი. ქუთაისში, 9 აპრილის ქუჩა #8-ში მდებარე ფართი (ყოფილი "მოსკვიჩების საგარანტიო"-ს ტერიტორია, საერთო ფართით 5514 კვ.მ და მასში მდებარე შენობა-ნაგებობა ფართით 1059,75 კვ.მ) ალეკო ბაძგარაძემ 2007 წლის დასაწყისში შეიძინა. აღნიშნული ფართი მანამდე მას სახელმწიფოსგან იჯარით ჰქონდა აღებული. ბაძგარაძემ ქონების ყიდვა მას შემდეგ გადაწყვიტა, როდესაც ის საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში შეიტანეს. სასურველი ქონების შესაძენად კი მან თანხა მეგობრის - მაისე ბალუაშვილის საშუალებით მოიძია.
"2007 წელს ალეკო ბაძგარაძე მოვიდა ჩემთან და მითხრა, თუ გყავს ისეთი კაცი, ვინმე - ამ ტერიტორიის შესაძენად ფული რომ მომცესო. 20 000 დოლარი მომიტანე და ამ ქონების ნახევარი თქვენი იქნებაო. მივიყვანე ჩემს ძმასთან, მაგრამ ურთიერთობა ვერ აეწყო. შემდეგ წავიყვანე ჩემი ახლობლის ელვარდ ფერაძის ოჯახში," - იხსენებს მაისე ბალუაშვილი.
"2007 წლის იანვარში, ჩემი ოჯახის ახლობელი მაისე ბალუაშვილი ჩემს საცხოვრებელ მისამართზე მოვიდა მეგობარ - ალექსანდრე ბაძგარაძესთან ერთად, სადაც ამ უკანასკნელმა შემოგვთავაზა, რომ ქუთაისში, 9 აპრილის ქუჩა #8-ში მდებარე ფართის შესაძენად ესაჭიროებოდა 20 000 დოლარი," - იხსნებს ელვარდ ფერაძე.
"თანხის გადაცემის შემთხვევაში, იგი თანახმა იყო მთლიანი ობიექტის 50% გადაეცა მაისე ბალუაშვილისა და ჩემთვის 25-25%-ანი წილობრივი სარგებლით. ვინაიდან წინადადება მისაღები იყო, "საქართველოს ბანკიდან" მე და ჩემმა მეუღლემ გამოვიტანეთ კრედიტი, საიდანაც 10 000 დოლარი გადავეცით ალექსანდრე ბაძგარაძეს," - ამბობს ელვარდი ფერაძე. იგივე ოდენობის თანხა ბაძგარაძეს მაისე ბალუაშვილმაც გადასცა, რის შემდეგადაც შეძენილი ქონების სამივე მათგანის სახელზე, როგორც თანამესაკუთრეებზე, დარეგისტირება უნდა მომხდარიყო საჯარო რეესტრში. მხარეებს შორის დავა სწორედ აღებული ვალდებულებისა და დაპირების შეუსრულებლობის შემდეგ დაიწყო.
"თანხის გადაცემისას რაიმე სახის წერილობითი შეთანხმება ჩვენს შორის არ გაფორმებულა, ვინაიდან მაისე ბალუაშვილმა დაგვარწმუნა, რომ ალექსანდრე ბაძრაგაძე იყო მისი უახლოესი მეგობარი და საშიში არაფერი იყო. თუმცა როგორც აღმოჩნდა, ისიც მოტყუებული დარჩა," - ამბობს რუსუდან ფერაძე. საქმე ის არის, რომ სამ თანამესაკუთრეზე დასარეგისტრირებელი ქონება ბაძგარაძემ მხოლოდ მის სახელზე დაარეგისტრირა 2008 წლის 22 ოქტომბერს. უფრო მეტიც, მეწილეებიდან მიღებული 20 000 დოლარიდან ქონების შესაძენად მხოლოდ 8500 დოლარი აქვს დახარჯული. დანარჩენი 11 500 დოლარის ხარჯვის მიმართულება კი გაურკვეველია.
როგორც ბრალდების მხარე ამბობს, ბაძგარაძემ მათ ისიც კი უთხრა, რომ ეს თანხა მას ქონების დასარეგისტრირებლად ჭირდებოდა და ამისთვის 3500 დოლარი "ვიღაცას" "ზემოთ" გადაუხადა. "მე წავყევი ბანკში ფულის გადასახდელად. რომლის შემდეგაც მივედით რეესტრში და დავარეგისტრირეთ ქონება. ქონება დარეგისტრირდა ალეკო ბაძრაგაძის სახელზე, რადგან ის იყო მყიდველი," - ამბობს მაისე ბალუაშვილი.
"როდესაც დაბრუნდნენ უკან, ვუთხარი, წამოდით ახლა, გავაფორმოთ ჩემს სახელზე-თქო. ბაძგარაძემ მიპასუხა: ახლა შენს სახელზე რომ გავაფორმო, ბევრი ფულია გადასახდელი. გავა დრო, 6 თვე მაინც და ამის შემდეგ გადმოგიფორმებთო," - ამბობს ელვარდ ფერაძე, რომელიც მას შემდეგ მისი წილის დარეგისტირებას ამაოდ ითხოვს და ელოდება.
ფერაძეების ოჯახის იურიდიული კონსულტანტი, ადვოკატი ლედი ტუკვაძე ამბობს, რომ ბაძგარაძის მიერ ჩადენილი ქმედება არის კლასიკური თაღლითობა. "შევიდა ნდობაში ამ ადამიანებთან, გამოიყენა ძველი ურთიერთობები, გამოსძალა 20 000 დოლარი, რომელიც გაურკვეველია, რა დანიშნულებით წავიდა და როგორ. რადგან ფართის შესაძენად გადახდილი აქვს მხოლოდ 8500 დოლარი," - ამბობს ლედი ტუკვაძე.
"გვითხრა, ფული დამჭირდა და გამოვიყენეო. რემონტი გააკეთა სახლში, რომელსაც ახლა ბანკი ართმევს. ამის გარდა, ჩვენს დაუკითხავად იპოთეკით დატვირთა შეძენილი ქონება და რა დანიშნულებით იყენებს 150 000 ლარიან კრედიტს, ჩვენთვის უცნობია," - ამბობს რუსუდან ფერაძე.
ადვოკატი თვლის, რომ ყველაზე მეტი კითხვები და ეჭვი ქონების შეძენას უკავშირდება. მისი თქმით, არსებობენ მოწმეები, რომლებიც არაოფიციალურ საუბრებში აფიქსირებენ, რომ ბაძგარაძეს ვიღაც კონკრეტული თანამდებობის პირისთვის აქვს გადახდილი გარკვეული თანხა ქონების შეძენის გამო. "დაცვისთვის არის ყველა ის გარემოება საინტერესო, რომელიც ხსენებული ობიექტის შეძენასთან არის დაკავშირებული. ჩვენ გვაქვს ინფორმაციები და მოწმეების დაკითხვის დროს გაირკვევა, რომ პრივატიზაციის პროცესში გარკვეული თანხა იქნა გადახდილი "ზემოთ". საინტერესოა, რატომ გაკეთდა იმ პერიოდში ამხელა შენობის პრივატიზაცია და რა გარიგებებში იყო ალეკო ბაძგარაძე და ვისთან?" - ამბობს ლედი ტუკვაძე.
ფერაძეების ოჯახმა აღნიშნულ ფაქტზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით ქუთაისის რაიონულ პროკურატურას მიმართა, თუმცა პროკურორ გ. მორჩაძის მიერ საჩივარში მოყვანილი ფაქტები განხილული იქნა სამოქალაქო დავის საგნად და საქმე წარმოებაში არ მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ ბრალდების მხარე ბაძგარაძის მიმართ წინასწარი გამოძიების დაწყებას თაღლითობის კვალიფიკაციით მოითხოვდა.
"სანამ განცხადებას შევიტანდით პროკურატურაში, ორი წლის მანძილზე ვაფრთხილებდით, მოეგვარებინა ეს საქმე. შევხვდით რამდენჯერმე მის ქალიშვილს და ვთხოვეთ, რომ დაებრუნებინათ თანხა, თუკი ქონების გადაფორმებას ვერ ახერხებდნენ. "შეიტანეთ საჩივარი ჩვენ არაფრის არ გვეშინიაო" - ასეთი იყო მისი ქალიშვილის პასუხის," - ამბობს რუსუდან ფერაძე. მისი თქმით, მთელი ამ პერიოდის მანძილზე ალეკო ბაძგარაძე მათ მისი სიძის სახელით აშინებდა, რომელიც ფინანსურ პოლიციაში მუშაობს. აღსანიშნავია, რომ ბაძგარაძე მის სახელზე დარეგისტრირებული ქონებით დღემდე გარკვეულ შემოსავალს იღებს. ობიექტზე არსებული ფართები გაიჯარებული აქვს. ფართები დაკავებული აქვთ: ავეჯის საწარმოს, ლიმონათის საამქროს და ტუალეტის ქაღალდის საამქროს, რომლებიც საიჯარო თანხას უხდიან ალეკო ბაძგარაძეს - თვეში 400 ლარიდან 600 ლარამდე.
"ორი წელია აქ იჯარით ვართ. კიდევ ორი ორგანიზაციაა. თანხას ალეკო ბაგარაძეს ვუხდით. გვსმენია, რომ ამ ფართზე რაღაც დავა არის, მაგრამ მეტი არაფერი ვიცით, ბაძგარაძეს მხოლოდ ფულის გადახდის დროს ვხვდებით," - ამბობენ ავეჯის საწარმოში.
"ჩვენ ვთვლით, რომ ეს კაცი სარგებლობდა თავისი სამსახურებრივი მდგომარეობით, მთელი მისი სამსახურებრივი მოღვაწეობის პერიოდში. ჩვენ გენერალური პროკურატურის წინაშე დავსვამთ საკითხს, რომ მთლიანად დაიწყოს ამ ადამიანის მიმართ გამოძიება. ის დღესაც მოხელეა და კომერციული საქმიანობა აქვს გაჩაღებული," - ამბობს ლედი ტუკვაძე.
აღნიშნული ფაქტის თაობაზე "ახალი გაზეთი" ალეკო ბაძგარაძეს დაუკავშირდა. სატელეფონო საუბარში, ნაცვლად ფაქტებთან დაკავშირებული კომენტარისა, მან ასეთი განცხდება გააკეთა: "ახალი გაზეთი" ჩემს გარეშე აღარ გამოდის?, ჩემი მოთხრა გაქვთ გადაწყვეტილი?. ტელეფონით არ ვაპირებ ამ საკითხზე საუბარს, პირადად შეგხვდებით და ვისაუბროთ," - განგვიცხადა ბაძგარაძემ და გვითხრა, რომ შეხვედრის დროს თავად გვეტყოდა სამუშაო დღის ბოლომდე. თუმცა როგორც გაირკვა, ჩვენთან დაკავშირების ნაცვლად, ის "საქმის მოგვარებას" ბრალმდებელ მხარესთან შეეცადა და მათი სახელით გვითხრა, რომ სტატია არ გამოგვექვეყნებინა. მიზეზად ის დაასახელა, რომ ოჯახში პრობლემები აქვს, შვილი ოპერაციას იკეთებს და სტატიის გამოქვეყნება ადამიანურად გამანადგურებელი იქნებოდა მისთვის. მიუხედავად ასეთი თხოვნისა, "ახალმა გაზეთმა" კიდევ ერთხელ სცადა მასთან დაკავშირება კომენტარის მისაღებად, რომლის შემდეგაც ბაძგარაძემ მკაცრი ტონით განგვიცხადა: "მე ეს საკითხი ხომ მოვაგვარე მეორე მხარესთან, რატომ მირეკავთ? თქვენს დამკვეთთან შევათანხმე, რომ სტატია არ გამოქვეყნებულიყო," - განაცხადა სატელეფონო საუბარში ალეკო ბაძგარაძემ.
"ახალი გაზეთი" აღნიშნულ საქმეში "მხარეს" და "დაკვეთის შემსრულებელს" რომ არ წარმოადგენს, სწორედ ამიტომ ვცადეთ ჩვენ ალეკო ბაძგარაძესთან არაერთგზის დაკავშირება და მისგან თავისი ახსნა-განმარტებების მოსმენა, რაც მან ამ ეტაპზე არ ისურვა, თუმცა მისი სურვილის შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ, მას ამის შესაძლებლობა კიდევ მივცეთ. ფერაძე-ბალუაშვილის საქმეში ალეკო ბაძგარაძის მონაწილეობა მის მიერ დაწერილ ხელწერილშიც დასტურდება, რომელიც 2009 წლის 1 მაისითაა დათარიღებული.
აღნიშნულ ხელწერილში ვკითხულობთ: "ჩვენი სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე, ღებულობდით ვალდებულებას, რომ ფართი დატვირთული იქნებოდა თქვენს მიერ და გამოყენებული იქნებოდა კომერციული საქმიანობისათვის. ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მოგება გაიყოფოდა ორ ნაწილად. 50% ელვარდის და მაისეს, ხოლო 50% - მეორე მხრეს. არცერთ თქვენს მხარეს პირობა არ შეუსრულებია და მე იძულებული გავხდი ქონება დამეტვირთა იპოთეკით. დღეის მდგომარეობით, 150 000 ლარიანი საკრედიტო ხაზი არის გახსნილი ამ შენობაზე და შეიძლება ამ თანხის გამოტანა, თუ წარმოადგენთ ნორმალურ ბიზნეს გეგმას და თუ არა, მაშინ თქვენ მოიყვანეთ თქვენი კომისია, შეაფასეთ, რა ღირს ეს ფართი კომერციულ ფასებში და ამის მიხედვით მოითხოვეთ თქვენი წილი პროცენტი იმ შემთხვევაში, თუ იქ მე დავიწყებ კომერციულ საქმიანობას, ან გაიყიდება ეს ფართი".
ფერაძეების ოჯახში თვლიან, რომ ეს ხელწერილი აბსურდულია, რადგან ამით ბაძგარაძე ცდილობს შესაბამისი ორგანოები შეცდომაში შეიყვანოს. მათი თქმით, ბაძგარაძე წინააღმდეგობაში მოდის მის ხელწერილთან, რადგან წერილის ბოლოს ვალს აღიარებს. "ამ ხელწერილის დაწერით მისი ძირითადი მიზანი იყო რომ საქმე სამოქალაქო წარმოებაში გადაეტანათ," - ამბობს ადვოკატი.
"არც ეს ქონება მიდის არსად და არც მე ვაპირებ სიკვდილს და თუ მოვკვდები, ამ წერილის ერთი პირი რჩებათ ჩემი ოჯახის წევრებს და თუ თქვენ გააგრძელებთ დავას, ჩემი ოჯახის წევრებთან გექნებათ იურიდიული უფლება, რადგან მე კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, რომ 9 აპრილის #8-ში შემოტანილი გაქვთ 20 000 დოლარი და როგორც აუქციონერები, ითვლებით ამ ფართის მეწილეებად შესაბამისი პროცენტით," - ნათქვამია წერილის ბოლოს.

ჩვენს მიერ სტატიის მომზადების პროცესში გაირკვა, რომ პროკურატურამ საქმის გამოძიება დაიწყო. ჩვენ დავუკავშირდით ქუთაისის რაიონულ პროკურორს კახა კოჩივარს, რომელმაც სატელეფონო საუბარში განგვიცხადა, რომ თაღლითობის მუხლით საქმის გამოძიება უკვე დაიწყო და ის შესაბამის ორგანოს გადაეცემა. კოჩივარის თქმით, დაიკითხება ყველა მხარე და გადაწყევტილება გამოძიების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.
თეა ზიბზიბაძე

No comments:

Post a Comment