Wednesday, November 25, 2009

მერაბ ბერძენიშვილის მიმართვა ქუთაისელებისადმი



ცოტა ხნის წინ "ახალმა გაზეთმა" ქუთაისში ძეგლების განთავსების პოლიტიკისა და მათი მოვლა-პატრონობის საკითხების შესახებ დაიწყო საინფორმაციო კამპანია, რომელსაც ჩვენ კვლავაც ვაგრძელებთ და ამ კუთხით ჩვენს ტრიბუნას ვთავაზობთ ყველას საკუთარი აზრის გამოსახატავად. ჩვენ საზოგადოებასა და ქალაქის ხელისუფლებას უკვე მივმართეთ, გაემართათ ფართო დისკუსია და დიალოგი ამ საკითხებზე. ჩვენ საკითხი ასე დავსვით: უნდა იდგას თუ არა ქალაქის ცენტრში კომუნისტური იდეალებისადმი მიძღვნილი ძეგლები, მაგალითად, როგორიც არის წითელი არმიის სარდლის ვასილ კიკვიძის ძეგლი, ან შრომის დიდების მემორიალი?!

იქვე ჩვენ განვაცხადეთ, რომ სრული რესტავრაცია ჩაუტარდა სოციალისტური შრომის დიდების მემორიალს მაშინ, როცა სრულიად ნადგურდება საბრძოლო დიდების - გამარჯვების მემორიალი, რომელიც ავტორმა მერაბ ბერძენიშვილმა ფაშიზმის წინააღმდეგ და არა კომუნისტური იდეალებისთვის ბრძოლას მიუძღვნა.რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ჩვენი საგაზეთო პუბლიკაციების შემდეგ ხელისუფლებამ, საზოგადოებრივი დისკუსიის ნაცვლად, კიკვიძის ძეგლის გამაგრებითი და სარესტავრაციო სამუშაოები გააჩაღა, მერაბ ბერძენიშვილის გამარჯვების მემორიალი კი არავის გახსენებია და კვლავაც ნადგურდება. სულ ცოტა ხნის წინ ქუთაისში (და არა მხოლოდ აქ, არამედ მთელ საქართველოში) ბერძენიშვილის მონუმენტების მდგომარეობით სტუდია "GNS"ის გადაცემა "კვირის რეპორტაჟი" დაინტერესდა, რომლის სიუჟეტიც ტელეკომპანია "კავკასიის" ეთერში გადაიცა (სიუჟეტი შეგიძლიათ იხილოთ ამ მისამართზე: www.studiogns.blogspot.com

საკმაოდ ხანგრძლივი დუმილის შემდეგ 80 წლის მოქანდაკემ ტელეეთერში საკუთარი ძეგლების მიზანმიმართულად განადგურების თაობაზე ისაუბრა. იმავე სიუჟეტში ვრცლად შეეხო საუბარი გამარჯვების მემორიალს, რომელიც ქუთაისში დგას და თითქმის მთლიანადაა გაძარცვული. სიუჟეტში ამ საკითხთან დაკავშირებით გადაიცა "ახალი გაზეთის" რედაქტორის ინტერვიუ. ასევე, ითქვა, რომ ამ საკითხებზე ქუთაისის მერმა სიუჟეტის ავტორებთან შეხვედრა არ ისურვა. მათ ქალაქის კულტურის სამსახურის უფროსი გიზო თავაძე ესაუბრა, თუმცა მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ძეგლების დაცვის საკითხი ქალაქის არქიტექტურის სამსახურის პრეროგატივა ყოფილა მაშინ, როცა ძეგლთა დაცვის განყოფილება სწორედ კულტურის სამსახურის დაქვემდებარებაში იმყოფება?!

სიუჟეტის ეთერში გასვლის შემდეგ მერაბ ბერძენიშვილმა "ახალი გაზეთის" რედაქციაში წერილი და კომპაქტ-დისკი გამოაგზავნა. მისივე თხოვნით, ჩვენ ამ წერილს აქვე ვაქვეყნებთ, ხოლო რაც შეეხება კომპაქტ-დისკს, "რომელსაც ვგზავნი, თუ საშუალება გაქვთ, თქვენთან ოფისში ან საზოგადოება "ქუთაისელში" აჩვენოთ და მოასმენინოთ იმ ადამიანებს, რომლებსაც მე ვთხოვ დახმარებას მემორიალისადმი ბარბაროსული მოპყრობის გამო, რასაც ადგილი ჰქონდა სანაქებო კულტურის მქონე ქალაქ ქუთაისში," - გვწერს მერაბ ბერძენიშვილი. ამდენად, ყველა დაინტერესებულ მსურველს, ვისაც სურს ბერძენიშვილის ვიდეომიმართვის ნახვა ვთავაზობთ, მობრძანდეს ჩვენთან, რედაქციაში, ხოლო დაინტერესების შემთხვევაში, მზად ვართ, ეს დისკი საზოგადოება "ქუთაისელს" გადავცეთ, რომელსაც, ასევე, მიმართავს მერაბ ბერძენიშვილი დახმარებისთვის.


"ბატონებო! ქუთაისი ჩემთვის იყო ჭეშმარიტი ქართული ქალაქი, თავისი მნიშვნელოვანი ისტორიითა და თავისი საკუთარი ცხოვრების წესით, სადაც სიყვარული ზეიმობდა. სამწუხაროა, რომ თქვენს ქალაქშიც შემოიჭრა ის სიავე, რომლითაც მოცულია დღეს მთელი საქართველო, მაგრამ პირდაპირ უნდა გითხრათ, მშვიდობიან დროშიც ქუთათურებმა ვერ შეაფასეთ თქვენთან აღმართული მემორიალის ღირსება და სწორედ მემორიალის თაღის მოპირდაპირედ მშენებლობა გააჩაღეთ. რატომ? რისთვის? ვის მოუვიდა აზრად საგანგებოდ შერჩეული ადგილი (სადაც პროექტის მიხედვით პარკია გამიზნული) დაემახინჯებინა? ეს სამარცხვინო ფაქტია, ამავე დროს ყურადსაღები. უნდა მოგახსენოთ, რომ როდესაც ღმერთზე სიტყვის თქმა დანაშაულად ითვლებოდა, როდესაც წმინდანებს გმობდნენ, მე ზემოთ ხსენებული მემორიალის კომპოზიციის ყველაზე მნიშვნელოვან ადგილას შუბოსანი გამოვხატე. სხვადასხვა დროში ბოროტება სხვადასხვა სახით ვლინდება, ჩვენს დროს უბოროტესი ურჩხული მოევლინა - ფაშიზმი. სწორედ არსებული სიმბოლიკით ურჩხულის ადგილას გამოვკვეთე ფაშისტი, რომელსაც შუბით გმირავს წმინდა გიორგი. კაცობრიობის ისტორიაში იგი გვევლინება ბოროტების დამმარცხებლად, ამიტომაც მოვაქციე კომპოზიციის გვირგვინად.

დღეს, როდესაც ღმერთი კვლავ ვიწამეთ, როდესაც წმიდა გიორგი ხატია ჩვენი და სულიერებისაკენ ვისწრაფით, შუაგულ ქალაქში მემორიალი ავაზაკებმა დაარბიეს, ალბათ, გაძარცვის მიზნით, რელიეფი გამოანგრიეს! ხვალ ცხენოსან "მზეჭაბუკს" შეეხებიან გასანადგურებლად, რომელიც იმერთა მშვენიერების, მათი ცხოვრების არსის სიმბოლოდ გამიკეთებია, მაგრამ, ვაგლახ, რომ სტომაქის ღირსება უფრო ფასობს. ფუი, იმ ქუთათურს, რომელიც საკუთარ ღირსებას და მშვენიერებას პატივს აყრის და მიენდობა საწუთროს სიმახინჯეს.

საკვირველია, პეტერბურგელმა ქალბატონმა ლიდია ლებედინსკაიამ თქვენი მემორიალის ნახვით აღფრთოვანებულმა ჟურნალ "ნევის" მეშვეობით მთელ მსოფლიოს ამცნო ამ ძეგლის მაღალმხატვრულობა და ღირსება, მნიშვნელობა, ქუთათური კი არბევს მას! თქვენ, მშვენიერნო, ამაღლებული სულის მატარებელნო, ქართველნო! სად გაქრა თქვენი ხედვის ესთეტიკური კრედო, ასე გამორჩევით და ჭარბად რომ იყო თქვენს ჯიშში. განა, დღევანდელ დღეზე ნაკლები მძიმე დღეები გადაუტანია თქვენს წინაპარს, ციხე-კოშკები, ტაძრები რომ აღაშენა და დაგიტოვათ. ავაზაკი იმიტომაა ავაზაკი, სიბილწე უნდა ჩაიდინოს, დაანგრიოს, დააქციოს, ხოლო სიკეთემ უნდა აღაშენოს. ერთი ლიტერატურული გმირის არ იყოს "ასეა ეს".

უნდა შეაკეთოთ! ეს უბრალო, რიგითი შინმოუსვლელთა ძეგლი არ არის. აქ სიღრმეა მომავლის ჭვრეტისა. უნდა მოუაროთ, აღადგინოთ. მემორიალი ჩვენს საუკუნეშია შექმნილი და თუ მომავლის გწამთ, დაუტოვეთ ჩვენი ფიქრი და განძი მომავალ თაობებს. როცა ზარი რეკს, ადამიანის სულში ემოციური ძვრები ხდება. თქვენთან მემოარიალზე კი სდუმან, ბუტაფორიად ქცეულან. რატომ? ზარი ჭეშმარიტების მსახურია, ბატონებო, და არა სიყალბის. მემორიალის რელიეფის ერთი ნაწილი გამოგლეჯილია! ის ჩემი გულის ნაწილია. ამიტომ ჩემი გულისტკივილი თუ მძაფრად გამოვხატე, მომიტევეთ. ბატონებო! მიუხედავად არსებული მძიმე მდგომარეობისა, ყველასათვის ნათელია და ცნობილი, თუ რამდენი სიკეთე გაკეთდა თქვენს ქალაქში; რამდენი მისაბაძი სიახლეა წამოწყებული და როგორი სიყვარულით ეკიდებით საქმეს, რასაც ეროვნული ჰქვია! ამიტომ ვიტოვებ იმედს, რომ თქვენ ამ საქმეს უყურადღებოდ არ დატოვებთ.

მე მიყვარს ქუთაისი და მინდა, რომ მარად მიყვარდეს! ადამიანებო, ჩემო ქუთაისელო მოქალაქენო, ცხოვრების არსი ღირსებაშია, საქართველო დიდი კულტურის ქვეყანაა, მაღალზნეობის ქვეყანაა, ეს მუდამ უნდა გვახსოვდეს, ვითარცა ღმერთი. ასე ფიქრობდნენ ჩვენი წინაპრები, ასე ფიქრობდნენ ის ვაჟკაცები, ფაშიზმს რომ აღუდგნენ წინ და გმირულად დაეცნენ ბრძოლაში. ქუთაისის მემორიალი მიეძღვნა იმ ღიმილის ბიჭების არდავიწყებას, რომლებმაც მკერდით დაგვიცვეს ჩვენ მეოცე საუკუნის ყველაზე დიდი ბოროტებისაგან და სიცოცხლე გაწირეს, დღეს ზნედაცემული ადამიანი, რომელსაც არ აქვს უნარი, აღიქვას მემორიალის მნიშვნელობა, ანადგურებს, ძარცვავს, ანგრევს ძეგლს, რომელიც მომავალ თაობებს ეკუთვნის. ეს უბრალოდ ავაზაკობაა, ხოლო ასეთი ქმედებისადმი გულგრილი დამოკიდებულება დანაშაულია, დიდი უპატივცემულობა იმ მამაცი ვაჟკაცების მიმართ, რომლებიც ბრძოლის ველზე დაეცნენ, უპატივცემულობაა იმ დედებისადმი, რომლებმაც სამშობლოს ჭეშმარიტი ვაჟკაცები აღუზარდეს. ქუთაისის მემორიალის კომპოზიციის ცენტრალურ ნაწილში სწორედ დედის სიმბოლოა გამოსახული, რომელსაც მძარცველებმა მკერდი გამოფატრეს, გამარჯვებულ მზეჭაბუკს კი ხმალი მოახერხეს, ვაი, სირცხვილო! იმის მაგივრად, რომ მემორიალზე არსებული ზარები რეკდნენ, მათ იპარავენ და თურქეთისკენ მიაქანებენ გასაყიდად. ვაი, სირცხვილო! და ბოლოს, ხელოვნება არაფრად გვიღირს! იქნებ ვინმე ზოგიერთებივით მონუმენტურ ხელოვნებას საბჭოთა გადმონაშთად თვლის? მაშინ მათ გასაგონად ვიტყვი, ასეთი პრიმიტული ახსნა ხელოვნების არსისა მხოლოდ უმეცრებაზე, გაუცნობიერებაზე მეტყველებს. რა ვუყოთ მაშინ მსოფლიოში არსებულ შედევრებს, მაშინ რომ იქმნებოდა, როცა დემოკრატია არ იყო; რა ვუყოთ რომის იმპერიის დიდებულ დანატოვარს - მონუმენტურ არქიტექტურას და ქანდაკებას, რომელსაც კაციობრიობის მონაპოვრად თვლიან.

მსოფლიოში აღიარებულ დემოკრატიულ სახელმწიფოს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, ქვეყნის მასპინძლად "თავისუფლების" მონუმენტი აქვს აღმართული და ამაყობს ამით. რიოდეჟანეიროს მშვენიერების აღქმა იესო ქრისტეს მონუმენტით იწყება, თავზე რომ ადგას ქალაქს და საოცარი ბედნიერების განცდას ანიჭებს მოქალაქეებს. არასოდეს უფიქრით, რომ იგი გადმონაშთია! მე მწამს საღი აზრისა, რომელიც წინ აღუდგება ამ ვანდალიზმს. მემორიალს ყოველდღე რაღაცას გლეჯენ. მერე, როცა რკინა-ბეტონის არქიტექტურული ნაგებობა მთლიანად გაშიშვლდება, ყვირილი და ვიშვიში გვიანი იქნება! ნუ დავივიწყებთ, რომ თაობები, ჩვენ წინაპართა გმირულ ისტორიაზე, მათ გმირულ მაგალითზე იზრდებოდნენ, ამიტომ ნუ დავამცირებთ ვაჟკაცთა სულს. ჩვენი ქვეყანა ხომ მომავალმა თაობებმა უნდა დაიცვან. იფიქრეთ, ჯერ კიდევ ნორჩებს სულიერება არ შევულახოთ!

როცა ვიხსენებ ქუთაისელ მშენებლებს, მათ თავდადებულ შრომას, რა სიყვარულით აგებდნენ მემორიალს, როცა ვიხსენებ ქალაქის ხელმძღვანელობას, თუ რა დიდ პასუხისმგებლობას იჩენდნენ ეროვნული საქმის მიმართ, როცა ვიხსენებ მშენებელ-ინჟინერს, კონსტრუქტორს, არქიტექტორს და მათ დიდ შრომას, მახსენდება ის მძიმე დღეები და ჯაფა, რომელიც თავად გამიწევია და როცა ნაკუწ-ნაკუწ გლეჯენ ჩემს ხელოვნებას, ჩემი სხეულიც განიცდის ტკივილს, რადგან შემოქმედება ჩემი სულიერების პირმშოა. ქუთათურები ბაღის კიდეზე დგომისას, გარდა საოცრად გონივრული იუმორისა და ლაღობისა, ქუთაისის ავ-კარგზე მსჯელობდნენ, პოეზიაზე, ცხოვრების წესზე საუბრობდნენ. ასე ვიხსენებ მე მათ. ვაგლახ, რომ ბაღის კიდესთან თქმული იუმორი დიდი ხანია არ მსმენია და მე კი თანადგომის ხმა მინდა მესმოდეს. ტელევიზორის ეკრანიდან ვიხილე, თუ როგორ მშვენიერდება ქუთაისი, იგი იბრუნებს საკუთარ სახეს, რაც ფრიად სასიამოვნოა, მაგრამ გაუგებარია, ქალაქში გაძარცვული მემორიალი იდგეს და მის აღდგენაზე მოფიქრალი არავინ იყოს. მე თხოვნით მივმართავ ყოველ ქუთაისელ მოქალაქეს, გამონახოს დრო, მივიდეს მემორიალთან და კარგად დააკვირდეს პირმცინარ ამხედრებულ ჭაბუკს, ცხენზე ლაღად მჯდომს, რომლის სულიერი მხნეობა და სისპეტაკე გამოძახილია თქვენი უკვდავი ჯიშისა. აქ შეიცნობთ რუსთველის გმირთა ნაშიერს, ვის სიკვდილი მოყვრისათვის თამაშად და უჩანს მღერად.

მე ვიტოვებ იმედს, რომ მოქალაქეთა უმრავლესობა ჩემს გულისწყრომას გაიზიარებს. მე ვიცი საზოგადოება "ქუთაისელი" ამ ამბავს გულწრფელად მოეკიდება და თავის სიტყვას იტყვის. ვიცი, ქვეყნის ჭირისუფალი ბატონი ოტია იოსელიანი ჩემს გულისტკივილს გაიზიარებს. მწამს, ქუთაისის ინტელიგენციის წარმომადგენელნი, ექიმები, ინჟინრები, პედაგოგები, სტუდენტები, ომის ვეტერანები, სპორტული საზოგადოება და განსაკუთრებით დედები ამ საკითხს გულგრილად არ შეხვდებიან. მწამს, ქუთაისელი შემოქმედნი: მწერლები, პოეტები, მსახიობები, მუსიკოსები, მხატვრები, სათანადოდ შეაფასებენ ხელოვნებისადმი ასეთ ვანდალურ მოპყრობას და სათქმელს იტყვიან. ვიტოვებ იმედს, ქალაქის ახალი ხელმძღვანელობა, რომელიც ქუთაისს უბრუნებს იერ-სახეს, ჩაერთვება ამ საქმეში და ამ სამარცხვინო ფაქტის გამო განსაკუთრებულ ზომებს მიიღებს."
მერაბ ბერძენიშვილი

საკრებულოს ყოფილ წევრს თაღლითობაში დებენ ბრალს


გასულ კვირას, ქუთაისის რაიონულმა პროკურატურამ ქუთაისის საკრებულოს ყოფილი წევრისა და ამჟამად "დასავლეთის წყლის" ქუთაისის სერვის ცენტრის შემოსავლების სამსახურის უფროსის ალექსანდრე ბაძგარაძის მიმართ თაღლითობის მუხლით საქმის გამოძიება დაიწყო.
"ახალი გაზეთის" #31-ში გამოქვეყნდა სტატია ალეკო ბაძგარაძის კორუფციულ გარიგებებში თანამონაწილეობის თაობაზე. სტატიაში სათაურით: "კორუფციული გარიგებები სატრანსპორტო მონოპოლიის მოსაპოვებლად", ქუთაისის საქალაქო ტრანსპორტის სფეროში ბაძგარაძის არაოფიციალურ წილებზეა საუბარი. კერძოდ, როგორც გაირკვა, 2004 წელს შპს "ბარეულმა" ჰოლანდიიდან ჩამოყვანილი ავტობუსების დასაქმების გარანტია სწორედ ალეკო ბაძგარაძისგან მიიღო. საქალაქო ტრანსპორტში ხაზის მიღების სანაცვლოდ კი ბაძგარაძე, რომელიც იმ პერიოდში საკრებულოს წევრი, საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე (სწორედ ეს კომისია კურირებდა საქალაქო ტრანსპორტის სფეროს) იყო, შპს "ბარეულის" არაოფიციალური მეწილე გახდა. "ბარეულში" წილის ქონას არ ადასტურებს ალეკო ბაძგარაძე, თუმცა "საქართველოს ბანკში" შპს "ბარეულმა" ავტობუსების შესაძენად სესხის აღება სწორედ იმით მოახერხა, რომ სხვა ქონებასთან ერთად ბანკში ბაძგარაძის საცხოვრებელი სახლი ჩაიდო გარანტად. თანხის გადაუხდელობის გამო მის ქონებას ბანკი აუქციონზე გასაყიდად ამზადებს.
გასულ კვირას კი "ახალი გაზეთისთვის" ცნობილი გახდა, რომ ბაძგარაძის საცხოვრებელი სახლი არ არის ერთადერთი, რომელიც მას ბანკში აქვს ჩადებული. ზემოხსენებული სტატიის გამოქვეყენების შემდეგ "ახალ გაზეთს" ქუთაისში მცხოვრებმა ფერაძეების ოჯახმა მომართა ალეკო ბაძგარაძის "დანაშაულებრივი ქმედებების თაობაზე". ბაძგარაძეს მოქალაქე ელვარდი ფერაძე და მათი დამაკაშირებელი, ე.წ შუამავალი (რომელიც ამავე დროს ბაძგარაძის მეგობარია) მაისე ბალუაშვილი მოტყუების გზით 20 000 დოლარის გადაცემას და შედეგად შეძენილი ქონების თაღლითურად მისაკუთრებას ედავებიან.
აღსანიშნავია ისიც, რომ ქონება რომელიც სამი წელია მხარეებს შორის დავის საგანია, ბაძგარაძის მიერ ბანკში იპოთეკითაა დატვირთული და მასზე 150 000 ლარიანი საკრედიტო ხაზია გახსნილი. ქუთაისში, 9 აპრილის ქუჩა #8-ში მდებარე ფართი (ყოფილი "მოსკვიჩების საგარანტიო"-ს ტერიტორია, საერთო ფართით 5514 კვ.მ და მასში მდებარე შენობა-ნაგებობა ფართით 1059,75 კვ.მ) ალეკო ბაძგარაძემ 2007 წლის დასაწყისში შეიძინა. აღნიშნული ფართი მანამდე მას სახელმწიფოსგან იჯარით ჰქონდა აღებული. ბაძგარაძემ ქონების ყიდვა მას შემდეგ გადაწყვიტა, როდესაც ის საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში შეიტანეს. სასურველი ქონების შესაძენად კი მან თანხა მეგობრის - მაისე ბალუაშვილის საშუალებით მოიძია.
"2007 წელს ალეკო ბაძგარაძე მოვიდა ჩემთან და მითხრა, თუ გყავს ისეთი კაცი, ვინმე - ამ ტერიტორიის შესაძენად ფული რომ მომცესო. 20 000 დოლარი მომიტანე და ამ ქონების ნახევარი თქვენი იქნებაო. მივიყვანე ჩემს ძმასთან, მაგრამ ურთიერთობა ვერ აეწყო. შემდეგ წავიყვანე ჩემი ახლობლის ელვარდ ფერაძის ოჯახში," - იხსენებს მაისე ბალუაშვილი.
"2007 წლის იანვარში, ჩემი ოჯახის ახლობელი მაისე ბალუაშვილი ჩემს საცხოვრებელ მისამართზე მოვიდა მეგობარ - ალექსანდრე ბაძგარაძესთან ერთად, სადაც ამ უკანასკნელმა შემოგვთავაზა, რომ ქუთაისში, 9 აპრილის ქუჩა #8-ში მდებარე ფართის შესაძენად ესაჭიროებოდა 20 000 დოლარი," - იხსნებს ელვარდ ფერაძე.
"თანხის გადაცემის შემთხვევაში, იგი თანახმა იყო მთლიანი ობიექტის 50% გადაეცა მაისე ბალუაშვილისა და ჩემთვის 25-25%-ანი წილობრივი სარგებლით. ვინაიდან წინადადება მისაღები იყო, "საქართველოს ბანკიდან" მე და ჩემმა მეუღლემ გამოვიტანეთ კრედიტი, საიდანაც 10 000 დოლარი გადავეცით ალექსანდრე ბაძგარაძეს," - ამბობს ელვარდი ფერაძე. იგივე ოდენობის თანხა ბაძგარაძეს მაისე ბალუაშვილმაც გადასცა, რის შემდეგადაც შეძენილი ქონების სამივე მათგანის სახელზე, როგორც თანამესაკუთრეებზე, დარეგისტირება უნდა მომხდარიყო საჯარო რეესტრში. მხარეებს შორის დავა სწორედ აღებული ვალდებულებისა და დაპირების შეუსრულებლობის შემდეგ დაიწყო.
"თანხის გადაცემისას რაიმე სახის წერილობითი შეთანხმება ჩვენს შორის არ გაფორმებულა, ვინაიდან მაისე ბალუაშვილმა დაგვარწმუნა, რომ ალექსანდრე ბაძრაგაძე იყო მისი უახლოესი მეგობარი და საშიში არაფერი იყო. თუმცა როგორც აღმოჩნდა, ისიც მოტყუებული დარჩა," - ამბობს რუსუდან ფერაძე. საქმე ის არის, რომ სამ თანამესაკუთრეზე დასარეგისტრირებელი ქონება ბაძგარაძემ მხოლოდ მის სახელზე დაარეგისტრირა 2008 წლის 22 ოქტომბერს. უფრო მეტიც, მეწილეებიდან მიღებული 20 000 დოლარიდან ქონების შესაძენად მხოლოდ 8500 დოლარი აქვს დახარჯული. დანარჩენი 11 500 დოლარის ხარჯვის მიმართულება კი გაურკვეველია.
როგორც ბრალდების მხარე ამბობს, ბაძგარაძემ მათ ისიც კი უთხრა, რომ ეს თანხა მას ქონების დასარეგისტრირებლად ჭირდებოდა და ამისთვის 3500 დოლარი "ვიღაცას" "ზემოთ" გადაუხადა. "მე წავყევი ბანკში ფულის გადასახდელად. რომლის შემდეგაც მივედით რეესტრში და დავარეგისტრირეთ ქონება. ქონება დარეგისტრირდა ალეკო ბაძრაგაძის სახელზე, რადგან ის იყო მყიდველი," - ამბობს მაისე ბალუაშვილი.
"როდესაც დაბრუნდნენ უკან, ვუთხარი, წამოდით ახლა, გავაფორმოთ ჩემს სახელზე-თქო. ბაძგარაძემ მიპასუხა: ახლა შენს სახელზე რომ გავაფორმო, ბევრი ფულია გადასახდელი. გავა დრო, 6 თვე მაინც და ამის შემდეგ გადმოგიფორმებთო," - ამბობს ელვარდ ფერაძე, რომელიც მას შემდეგ მისი წილის დარეგისტირებას ამაოდ ითხოვს და ელოდება.
ფერაძეების ოჯახის იურიდიული კონსულტანტი, ადვოკატი ლედი ტუკვაძე ამბობს, რომ ბაძგარაძის მიერ ჩადენილი ქმედება არის კლასიკური თაღლითობა. "შევიდა ნდობაში ამ ადამიანებთან, გამოიყენა ძველი ურთიერთობები, გამოსძალა 20 000 დოლარი, რომელიც გაურკვეველია, რა დანიშნულებით წავიდა და როგორ. რადგან ფართის შესაძენად გადახდილი აქვს მხოლოდ 8500 დოლარი," - ამბობს ლედი ტუკვაძე.
"გვითხრა, ფული დამჭირდა და გამოვიყენეო. რემონტი გააკეთა სახლში, რომელსაც ახლა ბანკი ართმევს. ამის გარდა, ჩვენს დაუკითხავად იპოთეკით დატვირთა შეძენილი ქონება და რა დანიშნულებით იყენებს 150 000 ლარიან კრედიტს, ჩვენთვის უცნობია," - ამბობს რუსუდან ფერაძე.
ადვოკატი თვლის, რომ ყველაზე მეტი კითხვები და ეჭვი ქონების შეძენას უკავშირდება. მისი თქმით, არსებობენ მოწმეები, რომლებიც არაოფიციალურ საუბრებში აფიქსირებენ, რომ ბაძგარაძეს ვიღაც კონკრეტული თანამდებობის პირისთვის აქვს გადახდილი გარკვეული თანხა ქონების შეძენის გამო. "დაცვისთვის არის ყველა ის გარემოება საინტერესო, რომელიც ხსენებული ობიექტის შეძენასთან არის დაკავშირებული. ჩვენ გვაქვს ინფორმაციები და მოწმეების დაკითხვის დროს გაირკვევა, რომ პრივატიზაციის პროცესში გარკვეული თანხა იქნა გადახდილი "ზემოთ". საინტერესოა, რატომ გაკეთდა იმ პერიოდში ამხელა შენობის პრივატიზაცია და რა გარიგებებში იყო ალეკო ბაძგარაძე და ვისთან?" - ამბობს ლედი ტუკვაძე.
ფერაძეების ოჯახმა აღნიშნულ ფაქტზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით ქუთაისის რაიონულ პროკურატურას მიმართა, თუმცა პროკურორ გ. მორჩაძის მიერ საჩივარში მოყვანილი ფაქტები განხილული იქნა სამოქალაქო დავის საგნად და საქმე წარმოებაში არ მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ ბრალდების მხარე ბაძგარაძის მიმართ წინასწარი გამოძიების დაწყებას თაღლითობის კვალიფიკაციით მოითხოვდა.
"სანამ განცხადებას შევიტანდით პროკურატურაში, ორი წლის მანძილზე ვაფრთხილებდით, მოეგვარებინა ეს საქმე. შევხვდით რამდენჯერმე მის ქალიშვილს და ვთხოვეთ, რომ დაებრუნებინათ თანხა, თუკი ქონების გადაფორმებას ვერ ახერხებდნენ. "შეიტანეთ საჩივარი ჩვენ არაფრის არ გვეშინიაო" - ასეთი იყო მისი ქალიშვილის პასუხის," - ამბობს რუსუდან ფერაძე. მისი თქმით, მთელი ამ პერიოდის მანძილზე ალეკო ბაძგარაძე მათ მისი სიძის სახელით აშინებდა, რომელიც ფინანსურ პოლიციაში მუშაობს. აღსანიშნავია, რომ ბაძგარაძე მის სახელზე დარეგისტრირებული ქონებით დღემდე გარკვეულ შემოსავალს იღებს. ობიექტზე არსებული ფართები გაიჯარებული აქვს. ფართები დაკავებული აქვთ: ავეჯის საწარმოს, ლიმონათის საამქროს და ტუალეტის ქაღალდის საამქროს, რომლებიც საიჯარო თანხას უხდიან ალეკო ბაძგარაძეს - თვეში 400 ლარიდან 600 ლარამდე.
"ორი წელია აქ იჯარით ვართ. კიდევ ორი ორგანიზაციაა. თანხას ალეკო ბაგარაძეს ვუხდით. გვსმენია, რომ ამ ფართზე რაღაც დავა არის, მაგრამ მეტი არაფერი ვიცით, ბაძგარაძეს მხოლოდ ფულის გადახდის დროს ვხვდებით," - ამბობენ ავეჯის საწარმოში.
"ჩვენ ვთვლით, რომ ეს კაცი სარგებლობდა თავისი სამსახურებრივი მდგომარეობით, მთელი მისი სამსახურებრივი მოღვაწეობის პერიოდში. ჩვენ გენერალური პროკურატურის წინაშე დავსვამთ საკითხს, რომ მთლიანად დაიწყოს ამ ადამიანის მიმართ გამოძიება. ის დღესაც მოხელეა და კომერციული საქმიანობა აქვს გაჩაღებული," - ამბობს ლედი ტუკვაძე.
აღნიშნული ფაქტის თაობაზე "ახალი გაზეთი" ალეკო ბაძგარაძეს დაუკავშირდა. სატელეფონო საუბარში, ნაცვლად ფაქტებთან დაკავშირებული კომენტარისა, მან ასეთი განცხდება გააკეთა: "ახალი გაზეთი" ჩემს გარეშე აღარ გამოდის?, ჩემი მოთხრა გაქვთ გადაწყვეტილი?. ტელეფონით არ ვაპირებ ამ საკითხზე საუბარს, პირადად შეგხვდებით და ვისაუბროთ," - განგვიცხადა ბაძგარაძემ და გვითხრა, რომ შეხვედრის დროს თავად გვეტყოდა სამუშაო დღის ბოლომდე. თუმცა როგორც გაირკვა, ჩვენთან დაკავშირების ნაცვლად, ის "საქმის მოგვარებას" ბრალმდებელ მხარესთან შეეცადა და მათი სახელით გვითხრა, რომ სტატია არ გამოგვექვეყნებინა. მიზეზად ის დაასახელა, რომ ოჯახში პრობლემები აქვს, შვილი ოპერაციას იკეთებს და სტატიის გამოქვეყნება ადამიანურად გამანადგურებელი იქნებოდა მისთვის. მიუხედავად ასეთი თხოვნისა, "ახალმა გაზეთმა" კიდევ ერთხელ სცადა მასთან დაკავშირება კომენტარის მისაღებად, რომლის შემდეგაც ბაძგარაძემ მკაცრი ტონით განგვიცხადა: "მე ეს საკითხი ხომ მოვაგვარე მეორე მხარესთან, რატომ მირეკავთ? თქვენს დამკვეთთან შევათანხმე, რომ სტატია არ გამოქვეყნებულიყო," - განაცხადა სატელეფონო საუბარში ალეკო ბაძგარაძემ.
"ახალი გაზეთი" აღნიშნულ საქმეში "მხარეს" და "დაკვეთის შემსრულებელს" რომ არ წარმოადგენს, სწორედ ამიტომ ვცადეთ ჩვენ ალეკო ბაძგარაძესთან არაერთგზის დაკავშირება და მისგან თავისი ახსნა-განმარტებების მოსმენა, რაც მან ამ ეტაპზე არ ისურვა, თუმცა მისი სურვილის შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ, მას ამის შესაძლებლობა კიდევ მივცეთ. ფერაძე-ბალუაშვილის საქმეში ალეკო ბაძგარაძის მონაწილეობა მის მიერ დაწერილ ხელწერილშიც დასტურდება, რომელიც 2009 წლის 1 მაისითაა დათარიღებული.
აღნიშნულ ხელწერილში ვკითხულობთ: "ჩვენი სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე, ღებულობდით ვალდებულებას, რომ ფართი დატვირთული იქნებოდა თქვენს მიერ და გამოყენებული იქნებოდა კომერციული საქმიანობისათვის. ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მოგება გაიყოფოდა ორ ნაწილად. 50% ელვარდის და მაისეს, ხოლო 50% - მეორე მხრეს. არცერთ თქვენს მხარეს პირობა არ შეუსრულებია და მე იძულებული გავხდი ქონება დამეტვირთა იპოთეკით. დღეის მდგომარეობით, 150 000 ლარიანი საკრედიტო ხაზი არის გახსნილი ამ შენობაზე და შეიძლება ამ თანხის გამოტანა, თუ წარმოადგენთ ნორმალურ ბიზნეს გეგმას და თუ არა, მაშინ თქვენ მოიყვანეთ თქვენი კომისია, შეაფასეთ, რა ღირს ეს ფართი კომერციულ ფასებში და ამის მიხედვით მოითხოვეთ თქვენი წილი პროცენტი იმ შემთხვევაში, თუ იქ მე დავიწყებ კომერციულ საქმიანობას, ან გაიყიდება ეს ფართი".
ფერაძეების ოჯახში თვლიან, რომ ეს ხელწერილი აბსურდულია, რადგან ამით ბაძგარაძე ცდილობს შესაბამისი ორგანოები შეცდომაში შეიყვანოს. მათი თქმით, ბაძგარაძე წინააღმდეგობაში მოდის მის ხელწერილთან, რადგან წერილის ბოლოს ვალს აღიარებს. "ამ ხელწერილის დაწერით მისი ძირითადი მიზანი იყო რომ საქმე სამოქალაქო წარმოებაში გადაეტანათ," - ამბობს ადვოკატი.
"არც ეს ქონება მიდის არსად და არც მე ვაპირებ სიკვდილს და თუ მოვკვდები, ამ წერილის ერთი პირი რჩებათ ჩემი ოჯახის წევრებს და თუ თქვენ გააგრძელებთ დავას, ჩემი ოჯახის წევრებთან გექნებათ იურიდიული უფლება, რადგან მე კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, რომ 9 აპრილის #8-ში შემოტანილი გაქვთ 20 000 დოლარი და როგორც აუქციონერები, ითვლებით ამ ფართის მეწილეებად შესაბამისი პროცენტით," - ნათქვამია წერილის ბოლოს.

ჩვენს მიერ სტატიის მომზადების პროცესში გაირკვა, რომ პროკურატურამ საქმის გამოძიება დაიწყო. ჩვენ დავუკავშირდით ქუთაისის რაიონულ პროკურორს კახა კოჩივარს, რომელმაც სატელეფონო საუბარში განგვიცხადა, რომ თაღლითობის მუხლით საქმის გამოძიება უკვე დაიწყო და ის შესაბამის ორგანოს გადაეცემა. კოჩივარის თქმით, დაიკითხება ყველა მხარე და გადაწყევტილება გამოძიების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.
თეა ზიბზიბაძე

Sunday, November 8, 2009

კორუფციული გარიგებები სატრანსპორტო მონოპოლიის მოსაპოვებლად


ქუთაისის საქალაქო ტრანსპორტში არსებული კორუფციული სქემებისა და გარიგებების თაობაზე უკვე უშუალოდ ტრანსპორტელები ალაპარაკდნენ.
"ქუთაისში ტრანსპორტის სფეროში კორუფციაა, რომელშიც მონაწილეობს ქალაქის ტრანსპორტის სამსახური, ქალაქის მერი ნუგზარ შამუგია და ზაალ სახელაშვილი," - ამბობს ს/ს "ავტოტრანსდიზელის" დირექტორი დანვერ ლომინაძე.
რა ხდებოდა ბოლო 5 წლის განმავლობაში და რა ხდება დღეს ქუთაისის საქალაქო ტრანსპორტში? - "ახალი გაზეთი" ამ კითხვებზე პასუხების მოძიებას შეეცადა. ამჯერად ჩვენ მხოლოდ ერთი კონკრეტული გადამზიდავის მაგალითზე შევეცდებით პრობლების წარმოჩენას. ეს გახლავთ ს/ს "ავტოტრანსდიზელი", რომელიც ათეული წლების განმავლობაში ეწეოდა ტრანსპორტის სფეროში საქმიანობას, თუმცა ამჯერად საწარმო გაჩერებულია და მთელ მის ქონებას, ბანკის მიმართ წარმოშობილი დავალიანების გამო, აუქციონზე გაყიდვა ემუქრება. საწარმოს ხელმძღვანელობის თქმით, პრობლემები მათ იმის გამო შეექმნათ, რომ მაშინაც და ახლაც ტრანსპორტის სისტემაში ადგილობრივი ხელისუფლება ერეოდა უხეშად. როგორც გაირკვა, 5 წლის წინ, როცა ქუთაისში პირველი ტენდერი ჩატარდა გადამზიდავების შესარჩევად, ამ სფეროში იმერეთის მაშინდელი გუბერნატორი - დავით მუმლაძე, მერია და საკრებულოს წევრები იყვნენ აქტიურად ჩართულნი. ამჯერად კი (ქუთაისში მეორე ტენდერი ამ სფეროში სწორედ ამ დროისთვის მიმდინარეობს) აღნიშნულ პროცესებს, "ავტოტრანსდიზელის" წარმომადგენლების თქმით, ქალაქის მერი - ნუგზარ შამუგია, ტრანსპორტის სამსახურის თანამშრომლები და ამავე სამსახურის ყოფილი თანამშრომელი და ამჟამად შპს "სამგზავროს" დირექტორი ზაალ სახელაშვილი აკონტროლებენ.

პირველი მოჯადოებული წრე

ქუთაისის საქალაქო ტრანსპორტში გადამზიდავების შესარჩევად ტენდერი პირველად 2004 წელს ჩატარდა. მაშინვე ქუთაისში პირველად გამოჩნდა რამდენიმე ჰოლანდიური ავტობუსი, რომელიც ქალაქში შპს "ბარეულმა" ჩამოიყვანა. ავტობუსების საქალაქო სამარშრუტო ხაზზე დასაქმების პირობა "ბარეულის" მფლობელმა ლევან გაბადაძემ ადგილობრივი ხელისუფლებისგან მიიღო, ხოლო ბაზის გამოყენების შესახებ ხელშეკრულება ამ ფირმამ სს `ავტოტრანსდიზელთან~ გააფორმა, როგორც პარტნიორთან, რისთვისაც ამ უკანასკნელისთვის "ბარეულს" თვეში 300 ლარი უნდა გადაეხადა საიჯარო თანხის სახით.
"მე კავშირები მქონდა ჰოლანდიის მხარესთან, ჩემი შვილი საქმიანობს იქ. მაშინ თბილისზე დადგა საკითხი, ჰოლანდიის მხარეს აინტერესებდა დიდი მოცულობის ავტობუსების გასხვისება. 500 ავტობუსი წამოვიდა თბილისში. აქედან, მე, როგორც შუამავალს ამ კომპანიასთან, ჰოლანდიის მხარისგან მერგებოდა თანხის 0,2%. მაშინდელ ქალაქის ხელმძღვანელობას - გუბერნატორ დავით მუმლაძეს და მერს გია გიორგაძეს ვუთხარი, რომ მე ჩემს შემოსავალზე ვიტყვი უარს და მისაღები თანხით ქალაქისთვის ავტობუსებს შემოვიყვანდი. გვქონდა მუმლაძის დაპირება, მას მიწერილი ქონდა ჰოლანდიის მხარისთვის, რომ ამ ავტობუსებს დაასაქმებდა," - ამბობს ლევან გაბადაძე.
როგორც გაირკვა, ხაზის მიღების სანაცვლოდ გაბადაძეს გარკვეული "ხარკი" უნდა გადაეხადა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის, რაც შემდეგში გამოიხატა: შპს "ბარეულის" არაოფიციალური მეწილეები დავით მუმლაძის უახლოესი მეგობარი - ბიზნესმენი დავით ქარქაშაძე და ქუთაისის საკრებულოს მაშინდელი წევრი, საქალაქო მეურნეობის კომისიის (სწორედ ეს კომისია კურირებდა საქალაქო ტრანსპორტის სფეროს) თავმჯდომარე ალეკო ბაძგარაძე გახდნენ. შპს "ბარეულში" წილების ქონას არ ადასტურებენ არც ქარქაშაძე და არც ბაძგარაძე, თუმცა "საქართველოს ბანკში" შპს "ბარეულმა" ავტობუსების შესაძენად სესხის აღება სწორედ იმით მოახერხა, რომ სხვა ქონებასთან ერთად, ბანკში ბაძგარაძისა და ქარქაშაძის საცხოვრებელი სახლები ჩაიდო გარანტად.
"წილი არ მაქვს, მე მეგობარს დავეხმარე, საკრებულოს წევრი ვიყავი და ხაზიც მიიღეს. ავტობუსების შესაძენად არ ეყოთ ქონება და ჩავდევი ჩემი სახლი," - ამბობს ალეკო ბაძგარაძე.
"ახლობელმა მთხოვა და დავუდექი გარანტად. წილი რომ მქონდეს, არ შემრცხვება ამის თქვა. ამ საკითხებზე ლაპარაკი არასწორად მიმაჩნია," - ამბობს დავით ქარქაშაძე.
"საქართველოს ბანკიდან" 115 ათასი ლარის ოდენობის სესხი შპს "ბარეულმა" 2004 წელს გამოიტანა ჰოლანდიური, "დაფის" მარკის ავტობუსების ჩამოსაყვანად. სესხის სანაცვლოდ ბანკში ქარქაშაძისა და ბაძგარაძის სახლების გარდა, გარანტად სხვა ქონებაც ჩაიდო. კერძოდ, თავად ლევან გაბადაძის საცხოვრებელი სახლი, მისი ძმის - ზაზა გაბადაძის სახლი და სს "ავტოტრანსდიზელის" მთელი ქონება, რომელიც 200 ათას დოლარადაა შეფასებული.

"გაბადაძემ გვითხრა, რომ როგორც კი ჩამოიყვანდა ავტობუსებს ჩვენს ქონებას ბანკიდან ამოიღებდა და ავტობუსებს ჩადებდა გარანტად, ჩვენც ვენდეთ სიტყვაზე და ამაში შევცდით, რადგან ეს სიტყვა აღარ შესრულდა და ახლა ჩვენს ქონებას ემუქრება გაყიდვა," - ამბობს "ავტოტრანსდიზელის" დირექტორი დანვერ ლომინაძე.

როგორ წარმოიშვა საბანკო დავალიანება?

#1 წრიულის ხაზზე ჰოლანდიური ავტობუსები 2004 წლის სექტემბრიდან დასაქმდა.
"თუკი ვიმუშავებდი ორი წლის მანძილზე და ვალს გავისტუმრებდი, დარჩენილი ორი წლის განმავლობაში შესაძლებელია პატივი მეცა ვიღაც-ვიღაცეებისთვის," - ამბობს ლევან გაბადაძე, მაგრამ ერთი წლის შემდეგ ავტობუსების დასაქმება უკვე შეუძლებელი აღმოჩნდა, რადგან ზუსტად ამ პერიოდში ადგილობრივი ხელისუფლება შეიცვალა. თანამდებობა ჯერ დავით მუმლაძემ დატოვა, შემდეგ მისმა მეგობარმა - გია გიორგაძემ. გიორგაძის ადგილი ბესიკ გულორდავამ დაიკავა.
"გულორდავამ გამომაგდო ხაზიდან. 2005 წლის 15 სექმებრიდან ეს ავტობუსები უმუშევარია," - ამბობს ლევან გაბადაძე. ამავე პერიოდიდან შეუძლებელი აღმოჩნდა საბანკო დავალიანების დაფარვა, რომელიც ამ დროისთვის 370 ათას ლარს აღწევს.
"დადგა ეს ავტობუსები უმოქმედოდ. მძღოლები გაიქცნენ და საკუთარი ავტობუსები იყიდეს. შემდეგ ხაზიც დაკარგა შპს "ბარეულმა" და ახლა ამ ხაზს შპს "სამგზავრო" ამუშავებს," - ამბობს დანვერ ლომინაძე. მისივე თქმით, გაბადაძემ 5 ავტობუსი მათთან და პარტნიორებთან შეუთახმებლად გაასხვისა, თუმცა სანაცვლოდ საბანკო დავალიანება არ გადაუხდია.
"400 000 ლარზე მეტია ჩემს მიერ შეტანილი ბანკში, რასაც ვიღებდი შემოსავალს, ყველა ბანკში მიდიოდა," - ამბობს ლევან გაბადაძე.

გადაუხდელი დავალიანების გამო საქმემ სასამართლოში გადაინაცვლა, რის შემდეგაც "საქართველოს ბანკს" გარანტიაში ჩადებული ქონების აუქციონზე გაყიდვის უფლება მიეცა.

რა გაკეთდა საბანკო დავალიანების დასაფარად?

შპს "ბარეულმა" 15 ავტობუსის ჩამოყვანა მოახერხა ჰოლანდიიდან, თუმცა 4 მათგანი დღემდე განუბაჟებელია და სს "ავტოტრანსდიზელის" ბაზაზეა დაყენებული.
2008 წელს ბანკის დავალიანების გადახდის ვალდებულება ს/ს "ავტოტრანსდიზელმა" აიღო. მან ხელშეკრულება გააფორმა "ბარეულთან" ავტობუსების იჯარით გადმოცემის თაობაზე. მათი ხაზებზე დასაქმების გზით "ავტოტრანსდიზელს" ბანკში ყოველთვიურად უნდა გადაეხადა თანხა.
ხაზის მისაღებად კვლავ ქალაქის პირველი პირების თანხმობა გახდა საჭირო, ამჯერად ნუგზარ შამუგიასი და ამჟამინდელი საკრებულოს შემადგენლობის. ქალაქის მერის შამუგიას სახელზე "ავტოტრანსდიზელმა" არაერთი წერილი გააგზავნა. 2008 წლის 15 თებერვალს მათ #27 საავტობუსო ხაზზე სამთვიანი ექსპერიმენტალური ვადა მიეცათ, თუმცა, საბოლოოდ ხაზი აღარ დაუმტკიცეს.
"საექპერიმენტო ვადა დასრულდა 2009 წლის 12 მარტს. მაისში გამოცხადდა ტენდერი. 4 ივნისს მოხდა სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერება. აღსანიშნავია, რომ იმავე დღე მოხდა #100 ჩქაროსნულ სვლა-გეზზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალების დათვალიერებაც, რომლებმაც მიიღეს ნებართვა მუშაობის გასაგრძელებლად, #27-ს კი უარი ეთქვა," - ამბობს "ავტოტრანსდიზელის" დირექტორი.
აღსანიშნავია, რომ გავრცელებული ინფორმაციით, #100 სამარშრუტო ხაზი არაოფიციალურად სწორედ ქალაქის მერის - ნუგზარ შამუგიას საკუთრებაა. "ავტოტრანსდიზელში" აცხადებენ, რომ ოფიციალუარდ მათ უარი შპს "ტრანსპორტი 2009"-ის დირექტორის ზაალ სახელაშვილის საჩივრის გამო ეთქვათ.
"ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის ვიტალი ბოჭორიშვილის განმარტებით, ს/ს "ავტოტრანსდიზელზე" ნებართვის გაცემა შეფერხდა "ტრანსპროტი 2009"-ის დირექტორის ზაალ სახელაშვილის საჩივროს გამო, თითქოს ჩვენს მიერ ტენდერში წარმოდგენილი ავტობუსები ყოფილა მისი საკუთრება. მერიის იურიდიულმა სამსახურმა გამოავლინა, რომ ეს არის სიცრუე," - ამბობს დანვერ ლომინაძე.
ბოჭორიშვილი კი განმარტავს, რომ უარის თქმის მიზეზი, ბანკიდან მიღებული ცნობა იყო, რომ "ავტოტრანსდიზელის" ქონებას ყადაღა ადევს.
როგორც ირკვევა "ბარეულის" დირექტორმა ლევან გაბადაძემ "ავტოტრანსდიზელთან" გაფორმებული ხელშეკრულების პარალელურად ანალოგიური ხლეშეკრულება, ავტობუსების იჯრით გადაცემის თაობაზე, ზაალ სახელაშვილთანაც გააფორმა, როგორც შპს "ტრანსპორტი 2009"-ის დირექტორთან. თუმცა შემდგომში შექმნილი პრობლემების გამო ხელშეკრულება შპს "სამგზავროსთან" გაფორმდა, რომლის დირექტორიც, ასევე, ზაალ სახელაშვილია. "ავტოტრანსდიზელს" კი "ბარეულმა" წერილი გაუგზავნა, სადაც ხელშეკრულების შეწყვეტაზეა საუბრია: "გაცნობებთ, რომ ხლეშეკრულების მიხედვით არ სრულდება თქვენი პირობა. არცერთი სატრანსპორტრო საშუალება არ არის დასაქმებული და არც ერთი გადარიცხვა არ გაკეთებულა ბანკში კრედიტის დასაფარავად. ამ გარემოებიდან გამომდინარე, ვწყვეტ თქვენთან დადებულ ხელშეკრულებას. ხელშეკრულების შეუსრულებლობით შპს "ბარეულს" დაუგროვდა დავალიანება 2009 წლის თებერვლიდან "საქართველოს ბანკის" მიმართ. წინა პერიოდში დავალიანების დაფარვა ხდებოდა ჩემს მიერ. თუკი ამა წლის 20 ივნისს დავალიანება არ იქნება დაფარული, მისი დაფარვა მოხდება იძულების წესით ქონების აუქციონზე რეალიზაციის გზით".
ახლა "საქართველოს ბანკი" სწორედ აუქციონის გასამართად ემზადება, რომ ქონება გაყიდოს.
2008 წლის 3 აპრილის მორიგების აქტში წერია, რომ: "საქართველოს ბანკმა" მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით საკრედიტო და საგარანტიო ვალდებულებებიდან წარმოშობილი დავალიანებისა და იპოთეკით დატვირთული და დაგირავებული ქონების იძულებითი რეალიზაციის მოთხოვნით. დავალიანების დაფარვა მოხდება ქონების აუქციონზე რეალიზაციის გზით."
უქციონზე სარეალიზაციო ქონება განისაზღვრა შედეგი თანმიმდევრობით: 1. ლევან გაბადაძის საკუთრებაში არსებული სატრასპორტო საშუალებები (5 ერთეული). 2. "ბარეულის" საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებები (3 ერთეული). 3. ლევან გაბადაძის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინა. 4. ალეკო ბაძგარაძის მეუღლის, ნათელა ბაძგარაძის საკუთრებაში არსებული 444 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განლაგებული საცხოვრებელი სახლის ნაწილი. 5. დავით ქარქაშაძის საკუთრებაში არსებული 538 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განლაგებული საცხოვრებელი სახლი, სამეურნეო და სასარგებლო ფართები. 6. ზაზა გაბადაძის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინა. 7. ს/ს "ავტოტრანსდიზელის" საკუთრებაში არსებული ქონება - ამტომობილები (18 ერთეული) და სხვა ქონება, 16 130 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობები.
"გაიყიდება და დავრჩები ქუჩაში, სხვა რა უნდა ვქნა?" - ამბობს ალეკო ბაძგარაძე, რომელიც ამჟამად შპს "დასავლეთის წყლის" შემოსავლების განყოფილების უფროსია.
სწორედ არსებული მდგომარეობიდან გამოსავლის პოვნის მოტივით ახსნა გაბადაძემ სახელაშვილთან ხელშეკრულების გაფორმება, რადგან მისგან ავტობუსების დასაქმებისა და დავალიანების დაფარვის გარანტია მიიღო.
"თეგეტა მოტორსს" ხაზები აქვს და შეუძლია დაასაქმოს ეს ავტობუსები. თუკი "ავტოტრანსდიზელი" მომცემს იმის გარანტიას, რომ ის ამუშავებს ამ ავტობუსებს მან წაიყვანოს," - ამბობს ლევან გაბადაძე.

"გავატანე ავტობუსები, სხვა გზა აღარ დამიტოვეს, ხაზს არ მაძლევენ, რომ ვუმუშავო," - ამბობს დანვერ ლომინაძე.

ვისი მონოპოლიაა ქუთაისის საქალაქო ტრანსპორტში?

"ავტოტრანსდიზელში" აცახდებენ, რომ სახელაშვილი მერიას წილების სანაცვლოდ საქალაქო ტრანსპორტის სფეროში მონოპოლისტად ჰყავს ქცეული, რომელიც ხაზების მიღებას მის მიერვე დაფუძნებული შპს-ებით ახერხებს.
"სახელაშვილს აქვს ფურცლებზე შექმნილი შპს-ები, რომელთაც სინამდვილეში არანაირი ქონება არ გააჩნია. 11 ახალი ავტობუსი რაც შემოიყვანეს, ეს გააკეთა "სამგზავრომ", რომელიც არის "თეგეტა მოტორსის" საკუთრება. სხვა ავტობუსები, რაც სახელაშვილს ჩამოყავს, ამას აკეთებს მის მიერ დაფუძნებული შპს-ეებით. მიდის თურქეთში, სადაც არის კანონი, რომ 10 წელი როდესაც იმუშავებს ავტობუსი, მას აღარ გამოიყენებენ. ყიდულობს ასეთ ავტობუსებს, ჩამოყავს და აქ ამუშავებს. დღეს, ასეთი ქონების მიუხედავად, სახელაშვილს ნებისმიერ ხაზს გაუხსნიან, რადგან წილს უხდის მთავრობას," - ამბობს დანვერ ლომინაძე. კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობის ბრალდებას აბსურდულს უწოდებს ქუთაისის მერი ნუგზარ შამუგია.
იმ ფაქტს, რომ მეტი ხაზების მისაღებად შპს-ებს აფუძნებს, არც სახელაშვილი უარყოფს. ამბობს, რომ ათეულობით ფირმის დამფუძნებელი და დირექტორია, თუმცა ქონება ყველას არ გააჩნია.
"მინდა, რაც შეიძლება მეტი ხაზი მქონდეს. აქედან გამომდინარე, შეიძლება ახალი ფირმის დაფუძნება იყოს საჭირო. ამაში უკანონო არაფერია. ფირმის დასაფუძნებლად ქონება არ მჭირდება. ამისთვის ხელშეკრულებას ვაფორმებ ბაზებთან," - ამბობს ზაალ სახელაშვილი.
სახელაშვილის თქმით, ძირითადად, მისი ფირმები ხელშეკრულებას "სამგზავროსთან" აფორმებენ, რომლის დირექტორიც თავადვეა.
"თუ ვინმე უკანონოს შეხედავს ამაში, შეუძლია გამომიძახოს და დამკითხოს," - ამბობს სახელაშვილი.
"სამგზავროს" დირექტორი იმ ინფორმაციასაც ადასტურებს, რომ ძველი ავტობუსები ჩამოყავს.
"თუ ჩვენ გვინდა კარგი ავტობუსები გვყავდეს, მოსახლეობა უნდა იყოს იმასთან შეგუებული, რომ მგზავრობის ღირებულება 30 თეთრი ვერ იქნება. ეს ფასი რომ შევინარჩუნოთ, უნდა მოხდეს სულ მცირე, მიკროავტობუსების რიცხვის ორჯერ შემცირება. ჩვენ 10 ახალი "ბოგდანო" გვყავს. ერთი ავტობუსის ღირებულება რომ დაიფაროს, მან 7 წელიწადი უნდა იმუშაოს. ქალაქის ხელმძღვანელობამ და მოსახლეობამ უნდა დაანებოს ოცნებას თავი და შეეგუოს იმას, რომ თუ არ იქნა რენტაბელური, არავინ არ არის არაფრის ჩამნაცვლებელი," - ამბობს ზაალ სახელაშვილი.
არაერთი ფირმის დამფუძნებელი და დირექტორი აცხადებს, რომ დღეს ქალაქში უკონკურენტოა და ამისთვის მას "ჩინოვნიკების" მოსყიდვა არც ჭირდება: "რაში მჭირდება ვინმეს მოსყიდვა, როდესაც მაქვს სრული შესაძლებლობა, ისედაც მივიღო ის, რაც მე მჭირდება," - ამბობს სახელაშვილი და ამ განცხადებას შემდეგნაირად განმარტავს: "ამ ქალაქში დღეს არ მყავს კონკურენტი. განცხადებას მე რომ შევიტან სატენდერო კომისიაში, ან ავტობუსმა არ უნდა იაროს ამ ქალაქში, ანდა მოწონს თუ არ მოწონს ვინმეს, უნდა მომცეს ნებართვა, სხვანაირად არ გამოვა, რადგან სხვას პრაქტიკულად არ ჰყავს ავტობუსები".
შპს "სამგზავრო" ამ დროისთვის არსებული 17 საავტობუსო ხაზიდან 10-ის მფლობელია. თუმცა, 15 ნოემბრის შემდეგ ზაალ სახელაშვილი, სავარაუდოდ, ყველა ხაზს დაეპატრონება. საქმე ის არის, რომ გასულ კვირას დასრულდა საავტობუსო ხაზებზე გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია. უკვე ცნობილია, რომ სახელაშვილს კონკურენტი არ ჰყავს: ყველა საავტობუსო ხაზზე განაცხადი მხოლოდ მას აქვს შეტანილი, თუმცა სხვადასხვა ფირმის სახელით.
"ხაზების უმრავლესობა მისია, მონოპოლია აქვს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მან შემოიყვანოს ძველი, უვარგისი ავტობუსი და ჩვენ ნებართვა მივცეთ. ვინ რა წილს იღებს, ჩვენს სამსახურს ეს არ შეეხება, ჩვენი ვალია სანებართვო მოწმობების გაცემის პირობებით შევაფასოთ სატრანსპორტო საშუალებები," - ამბობს ტრანსპორტის სამსახურის უფროსი ვიტალი ბოჭორიშვილი. მისი თქმით, თავადაც ფლობს მძღოლებისგან მიღებულ ინფორმაციას, რომ სახელაშვილი ძველ ავტობუსებს ყიდულობს იაფად - 2000 დოლარად და შემდეგ მას თავის ხაზებიანად - 12-13 000 დოლარად ყიდის.
"უკვე ვიწყებთ ავტობუსების დათვალიერებას, თუკი არ იქნება პირობებთან შესაბამისი, მე პირადად ხელს არ მოვაწერ ნებართვის გაცემას," - ამბობს ბოჭორიშვილი.
რამდენად კატეგორიული იქნება სამსახურის უფროსი გადაწყვეტილების მიღების პორცესში, ეს სულ მალე გამოჩნდება. საავტომობილო ხაზებზე ტენდერი 15 ნოემბერს უნდა ჩატარდეს. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ ბოჭორიშვილის ზემოაღნიშნული განცხადება ნაკლებად სავარაუდოა მის პრინციპულობას უკავშირდებოდეს. საქმე ის არის, რომ ბოჭორიშვილს ნებართვის გაცემაზე ხელის მოწერა შესაძლოა ისედაც აღარ მოუწიოს, რადგან ის საკრებულოში შესასასვლელად ემზადება. შესაბამისი წერილი საოლქო საარცევნო კომისიისგან მან უკვე მიიღო.
სახელაშვილი კი საკმაოდ თვითდაჯერებულია და იმასაც აცხადებს, რომ საავტომობილო ხაზებზე მონოპოლიის გასამყარებლად მიკროსაავტობუსო ხაზების წინააღმდეგ ბრძოლისთვის ემზადება.
მანამდე კი "სამგზავრო" იმ 6 ავტობუსის ამუშავებას შეეცდება, რომელიც მას "ბარეულისაგან" იჯარით გადაეცა და დღემდე უფუნქციოდ დგას, რადგან მათი პასპორტები კვლავ "ავტოტრანსდიზელის" დირექტორის ხელშია. ამ პრობლემის მოსაგვარებლად, "ბარეულის" დირექტორი საპატრულო პოლიციაში დუბლიკატების დამზადებას მოითხოვს.
აღსანიშნავია, რომ საავტობუსო ხაზებზე ჩასატარებელ ტენდერზე "სამგზავროს" განაცხადი არ აქვს შეტანილი. სახელაშვილი ქალაქში არსებულ ყველა საავტობუსო ხაზზე პრეტენზიას სხვა ფირმების სახელით გამოთქვამს. შპს "თეგეტა სითი ლაინი" და შპს "იმერტრანსი" ის ორადორი ფირმაა, რომელმაც საავტობუსო ხაზებზე გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა და ორივე მათგანის დირექტორი ზაალ სახელაშვილია.
თეა ზიბზიბაძე

Monday, November 2, 2009

კორუფცია სკოლებში შემოწირულობების ეგიდით


გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ საქართველო კორუფციასთან ბრძოლის კუთხით ლიდერ ქვეყანათა შორისაა. ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობის" კვლევის თანახმად, ბოლო 5 წლის მაჩვენებლებით საქართველოს წინსვლა რეიტინგში 57 საფეხურით მოხდა და 67-ე ადგილზე გადაინაცვლა. ბიუროკრატიის დონე, ბიზნესის კეთების სიმარტივე და სახელმწიფო სტრუქტურებში კორუფციასთან ბრძოლა - ამ კრიტერიუმებით იხელმძღვანელა "საერთაშორისო გამჭვირვალობამ" რეიტინგის დადგენისას.
ჯერ კიდევ ამ შედეგების გამოქვეყნებამდე რამდენიმე კვირით ადრე "ახალ გაზეთს" ქუთაისში მცხოვრებმა მშობლებმა მომართეს საჯარო სკოლებში არსებული კორუფციის თაობაზე. როგორც მათი ნაამბობიდან გაირკვა, ქუთაისელ მოსწავლეებს სკოლებში გამუდმებით თხოვენ 5-დან 20 ლარამდე თანხის მიტანას.
"ახალი გაზეთი" მშობლების მიერ დასახელებული ფაქტებით დაინტერესდა. როგორც გაირკვა, "კორუფციის მძლეველ" ქვეყნად მონათლული საქართველოს მეორე დედაქალაქში "აღებ-მიცემობა" ძველებურად მძვინვარებს, ყოველ შემთხვევაში, ეს პრობლემა აშკარად დგას საგანმანათლებლო დაწესებულებებში. ამ სფეროში გატარებული რეფორმა კი საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ რეფორმადაა შეფასებული. ამ სტატიაში ჩვენ საჯარო სკოლებში არსებული კორუფციის ფაქტების შესახებ გიამბობთ, მომდევნო ნომრებში კი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ამ კუთხით არსებული პრობლემების თაობაზე ვისაუბრებთ.
როგორც გავარკვიეთ, კორუფციის დონე ქუთაისის საჯარო სკოლებში იმის მიხედვით იზრდება, თუ რამდენად ე.წ. ელიტარულია ესათუის სკოლა.
ჩვენ ამ სტატიაში რამდენიმე ფაქტს გაგაცნობთ და შეგნებულად არ ვასახელებთ იმ მშობლების ვინაობას, რომლებმაც ამ ფაქტების შესახებ მოგვაწოდეს ინფორმაცია. როგორც მათ გვითხრეს, ვინაობის გამჟღვანების შემთხვევაში, მათ შვილებს სკოლებში "რეპრესიები" არ აცდებათ. იდენტიფიკაცია, რომ ნაკლებად იყოს შესაძლებელი არც კონკრეტულ ჯგუფებსა და მასწავლებელებს დავასახელებთ, რადგან არ გვინდა, რომ ძირეული პრობლემის დაძლევად მოინთლოს 1-2 მასწავლებლის "ზვარაკად შეწირვა" და მათი სკოლიდან დათხოვა. ფაქტია, რომ პედაგოგები თანხების აკრებას ისე ვერ მოახერხებენ, თუკი ეს მათი ხელმძღვანელების მიერ არ არის წახალისებული. თანაც ნაკლებად სარწმუნოა, რომ ამას პედაგოგები დირექტორებისგან მალულად შეიძლება ჩადიოდნენ მასობრივად, ერთდროულად ყველა კლასში. ამიტომაც ამ სტატიაში მხოლოდ რამდენიმე ფაქტის თაობაზე გიამბობთ და ცხადია, მომდევნო ნომრებში ჩვენ ამ საკითხების გარშემო ძირეულ ჟურნალისტურ მოკვლევასაც შემოგთავაზებთ.
ფაქტი #1
ახალი 2009 სასწავლო წლის დაწყების შემდეგ #1 საჯარო სკოლის ყველა პირველკლასელს ფარდებისა და დაფების შესაძენად 20-20 ლარი მოსთხოვეს. აღნიშნულ სკოლაში 145 პირველკლასელი 5 ჯგუფშია გადანაწილებული. მარტივი კალკულაციით, 5 საკლასო ოთახის ფარდებისა და დაფებისთვის სკოლაში 2900 ლარია აკრებილი.
ფაქტი #2
#1 საჯარო სკოლის მოსწავლეებში, პირველკლასელების გარდა, 10-10 ლარი აიკრიბა, ე.წ. "ფარდის ფული". ამ მოსწავლეების რაოდენობა აღნიშნულ სკოლაში 1440-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ წელს სკოლამ 14 400 ლარის ფარდები შეიძინა.
ფაქტი #3
#3 საჯარო სკოლაში პირველკლასელებისგან აიკრიბა 10-10 ლარი სახატავი დაფის შესაძენად. აღნიშნულ სკოლაში 150-მდე პირველკლასელი ირიცხება, რაც იმას ნიშნავს, რომ მათთვის სკოლამ 1500 ლარის ღირებულების სახატავი დაფები შეიძინა.
ფაქტი #4
#3 საჯარო სკოლაში მე-7 კლასის მოსწავლეებისგან 5-5 ლარი აიკრიბა, ე.წ. "ცოცხის ფული". აღნიშნულ სკოლაში 1073 მოსწავლე ირიცხება, პირველკლასელების გარდა. თითოეულ ჯგუფში დაახლოებით 30-35 მოსწავლეა. შესაბამისად, ასევე, მარტივი კალკულაციით, მე-7 კლასის ერთი ჯგუფის ერთი ცოცხის შეძენა ამ სკოლას 150-175 ლარი დაუჯდა.
ფაქტი #5
#19 საჯარო სკოლაში ყველა მოსწავლეს მოსთხოვეს 8-8 ლარის მიტანა, ე.წ. "რემონტის ფულის" სახით.
ფაქტი #6
#1 სკოლაში მე-10 კლასის მოსწავლეებისგან ჩამოკრიბეს 50-50 თეთრი, ტესტების ღირებულების სახით.
გვაქვს ფაქტები სხვა სკოლების შესახებაც, სადაც ყოველთვიურად ლარ-ლარი და 2-2 ლარი იკრიბება მოსწავლეებისგან ე.წ. საკიდების მოსაწყობად, ნათურების შესაძენად, გათბობის მილების შესაკეთებლად და ა.შ.
"ყვავილების ფული", "ცოცხის ფული", "დაფის ფული", "მერხის ფული" და ასე უსასრულოდ "რაღაცის" ფული სკოლებში, მშობლების თქმით, მათ ყოველდღე აქვთ მისატანი. მათივე ინფორმაციით, საშუალოდ კვირაში 10 ლარი იკრიბება თითოეული მოსწავლისაგან.
"კერძო სკოლაში სწავლობდა ჩემი შვილი. გადმოვიყვანე სახელმწიფო სკოლაში და ახლა უფრო მეტი მეხარჯება. ყოველღდე ბავშვს ფულს აბარებენ", - ამბობს ერთ-ერთი მშობელი.
"დღე არ გავა ფული არ მოსთხოვონ, ვეღარ გავიგეთ, სახელმწიფო რას აფინანსებს სკოლაში?" - ამბობენ მშობლები.
"ახალი გაზეთი" ამ ფაქტების მოსაძიებლად ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მუშაობდა, რასაც ზოგიერთი სკოლის დირექტორისგან რეაქცია ჯერ კიდევ სტატიის გამოქვეყნებამდე მოჰყვა. მაგალითად, #3 საჯარო სკოლის დირექტორმა თამაზ ჭაბუკიანმა სკოლაში ყველა პირველკლასელის მშობელი დაიბარა და მათ გაზეთის ყურამდე მისული ზემოთ აღნიშნული ფაქტების გამო უსაყვედურა. აღნიშნული შეკრების გამართვის ფაქტს თავად ჭაბუკიანიც ადასტურებს, თუმცა შეკრების მიზეზი მან ასე განგვიმარტა: "სკოლაში ხდება ხოლმე პატარა რეციდივები ფულის აკრების თაობაზე, მაგრამ ეს კეთდება თვითონ მშობლების მხრიდან, შემდეგ კი ისევ ის მშობელი ლაპარაკობს ამაზე. ჩვენს სკოლაშიც არიან ასეთი მშობლები. მე ყველაზე დიდი, რაც ამისთვის გავაკეთე, იყო ის, რომ შევკრიბე 150-მდე პირველკლასელის მშობელი და ვუთხარი, რომ თუკი ასეთი ფაქტები არსებობს, პირველ რიგში, მე უნდა მითხრან".
"მე არც უარვყოფ ასეთ ფაქტებს და არც გიდასტურებთ. ჩემამდე მსგავსი ფაქტი არ მოსულა. შარშან იყო მცდელობა და ასეთი რაღაცეები ავკრძალე,"
- ამბობს #1 საჯარო სკოლის დირექტორი თამაზ ცხადაძე.
"რამდენი ვინმე რამეს იტყვის, სად ვსდიო? თუ ვინმეს პრეტენზია აქვს, შეუძლია დააფიქსიროს თავისი აზრი. ჩვენს სკოლაში ფარდები გამოიცვალა, მაგრამ ეს გააკეთა სამეურვეო საბჭომ. რატომ გადის ვიღაც ქუჩაში და ლაპარაკობს?" - ამბობს #19 საჯარო სკოლის დირექტორი მაკა ნაცვლიშვილი.
ცნობილია, რომ განათლების შესახებ კანონის თანახმად, სკოლას უფლება აქვს მოიზიდოს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული ფინანსური სახსრები, მათ შორის, მიიღოს შემოსავალი ეკონომიკური საქმიანობით, თუ ეს საქმიანობა არ არის სახიფათო ჯანმრთელობისათვის და არ ახდენს მავნე ზეგავლენას მოსწავლეთა ფიზიკურ და ზნეობრივ განვითარებაზე. მიღებული სახსრები, კანონმდებლობის შესაბამისად, ხმარდება მხოლოდ სკოლის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. კანონის თანახმად, სკოლას უფლება აქვს მიიღოს შემოწირულობებიც. შემოწირულობის გაღება კი ნებაყოფლობითია.
"ეს მშობლების სურვილზეა დამოკიდებული. შეიძლება მოვიდეს ვიღაც და რაღაც მაჩუქოს. მე, მაგალითად, სპონსორი გამომიჩნდა და 5000 ლარი მომცა. სპონსორებს ვერავინ ამიკრძალავს", - ამბობს #19 საჯარო სკოლის დირექტორი.
"არის შემთხვევები, როდესაც ზოგიერთ მშობელს აქვს საამქრო და რაღაცას შემოსწირავს სკოლას. რატომ უნდა ვუთხრა უარი?" - ამბობს #1 საჯარო სკოლის დირექტორი.
#3 საჯარო სკოლის დირექტორი კი პროცედურას აღწერს, თუ რა გზით იღებენ მშობლები შემოწირულობას: "როდესაც გვაქვს რაიმე პრობლემა სკოლებში, ვხვდებით მშობლებს და ვეუბნებით, რომ ამ პრობლემის გადასაჭრელად გვჭირდება მათი დახმარება. ვაძლევთ ჩვენს საბანკო რეკვიზიტებს. ეს ნებაყოფლობითია. შეუძლია შეიტანოს 10 ლარი, ან მილიონი", - ამბობს თამაზ ჭაბუკიანი.
თუმცა სულ სხვა სქემა მოვისმინეთ მშობლებისაგან: #3 საჯარო სკოლის მოსწავლეთა მშობლების თქმით, დირექტორი ე.წ. "შემომწირველებს" თავად ირჩევს. გამორჩევის პრინციპი კი მარტივია: ის შეძლებული ოჯახიდან უნდა იყოს. მშობლები საუბრობენ იმაზე, რომ ასეთი შემომწირველი მშობლების რიცხვი თითოეულ ჯგუფში 2-დან 5-მდეა, რომელთაც ყოველწლიურად სკოლის ანგარიშზე თანხების შეტანა მოეთხოვებათ.
ჩვენს მიერ გამოკითხული სკოლის დირექტორები აცხადებენ, რომ მიმდინარე სასწავლო წელს შემოწირულობა არ ჰქონიათ. გასულ წლებში მიღებული თანხა კი სასკოლო ინვენტარის შეძენას მოახმარეს. "შევიძინეთ ფარდები და კომპიუტერის მაგიდები, ჩვენ წელს შემოწირულობა არ გვჭირდება, ვფიქრობთ, რომ ამ სასწავლო წელს მშობლებს არაფერზე შევაწუხებთ, მაგრამ თუ ვინმე თავისი ინიციატივით თანხას გადმორიცახვს, მისი გადასწყვეტია," - ამბობს თამაზ ჭაბუკიანი.
სამაგიეროდ, ყველა ზემოთ აღნიშნული სკოლა დამატებით შემოსავალს ეკონომიკური საქმიანობიდან იღებს. საუბარია სკოლაში არსებული ფართების იჯარით გაცემაზე. მაგალითად, #3 სკოლას იჯარით გაცემული აქვს კვების პუნქტი, საიდანაც ყოველთვიურად 167 ლარს იღებს. #2 საჯარო სკოლა კი გაიჯარებული კვების პუნქტიდან თვეში 300 ლარს იღებს, რაც წელიწადში 3600 ლარია. ამ სკოლას, ასევე, გაიჯარებული აქვს საკანცელარიო მაღაზია, საიდანაც თვეში 50 ლარს, წელიწადში კი 600 ლარს იღებს. ჯამში, იჯარებიდან სკოლა ყოველწლიურად 4200 ლარს იღებს.
სკოლებში აცხადებენ, რომ მიღებული შემოსავლები ისევ სკოლის საჭიროებებს ხმარდება. ასე მაგალითად, მასწავლებელთა ტრენინგებს, მოსწავლეთა კონფერენციებს და საკანცელარიო ნივთებს მაშინ, როდესაც ამ უკანასკნელისთვის თანხები ბიუჯეტით არის გათვალისწინებული.
"ვამზადებთ ტესტებს ყველა მოსწავლისათვის უფასოდ. თითოეულ მოსწავლეს 5-10 ტესტი უნდა სემესტრში, ეს კეთდება შემაჯამებელი მეცადინეობისათვის. ადრე იყო, რომ მოსწავლეებს აბარებდნენ თანხას. რად მინდა ახლა მოსწავლეების 10-10 თეთრი? რად მინდა 10 თეთრის გამო შეიქმნას ქაოსი?" - ამბობს თამაზ ცხადაძე. თუმცა, აღსანიშნავია, რომ სკოლებში თანხების აკრების ერთ-ერთი ფაქტი სწორედ პირველ სკოლაში მე-10 კლასის მოსწავლეებში ტესტების ფულის აკრებას შეეხება, რომელიც ერთ მოსწავლეზე 50 თეთრს შეადგენს.
ამ ფაქტებს დირექტორები გაუგებრობით და მასწავლებელთა თვითნებობით ხსნიან.
ვინ არის დამნაშვე? - მშობლები, რომელიც ამ ფაქტებზე ღიად არ საუბრობენ შვილების ინტერესებიდან გამომდინარე? მასწავლებელი? - რომელიც სამსახურის დაკარგვის შიშით მხოლოდ იმას ამბობს, რომ ასეთი ფაქტები არ არსებობს? თუ დირექტორი? - რომელიც მეტი დამაჯერებლობისთვის ასეთ განცხადებას აკეთებს: "თქვენი გაზეთის მიერ ამ ფაქტებზე ყურადღების გამახვილებას მივესალმები, რადგან ჯობია ამ ყველაფერზე ღიად საუბარი. ეს მშობლებსა და სკოლას შორის ურთიერთობას ხელს შეუწყობს. მე ვიქნები გარანტი, რომ მის ბავშვს არავინ დაჩაგრავს. მზად ვარ დავით აღმაშენებლის ძეგლთან მოვაწყო საჯარო განხილვა ამ საკითხებზე და ჩემი სკოლის ირგვლივ არსებული საკითხები იყოს საჯარო და გამჭვირვალე", - ამბობს მე-3 სკოლის დირექტორი.
ვიდრე საკითხის განხილვა მოედანზე გადაინაცვლებს, დაინტერესებულ მხარეებს ტრიბუნას "ახალი გაზეთი" თავაზობს, რომ აღნიშნული თემა ვაქციოთ საჯარო განხილვის საგნად.
თეა ზიბზიბაძე