Wednesday, July 14, 2010

"ახალი გაზეთი" - ახალი გამოწვევებით

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები - ეს იყო მთავარი, რაც 2010 წელს მოხდა. ბუნებრივია, ყველა მედია საშუალებისთვის, განსაკუთრებით კი რეგიონული გაზეთისთვის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არის ძალზედ მნიშვნელოვანი, რადგანაც მხოლოდ რეალური თვითმმართველობის პირობებში შეუძლია ხალხს მართოს თავისი ქალაქი და ჩაერთოს ხელისუფლების მხრიდან გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მაგრამ ვიდრე საზოგადოება არჩევანს გააკეთებს, მან უნდა იცოდეს, რაც შეიძლება მეტი თავად წინასაარჩევნო პროცესისა და საარჩევნო სუბიექტების შესახებ. "ახალი გაზეთი" იმერეთის მასშტაბით ერთადერთი გაზეთი იყო, რომელმაც USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა პროექტი "ინფორმირებული არჩევანი". პროექტის ფარგლებში, "ახალი გაზეთი" 2 თვის მანძილზე აქტიურად აშუქებდა წინასაარჩევნო პროცესსა და თანაბარ ადგილს სთავაზობდა ყველა საარჩევნო სუბიექტს საკუთარი პროგრამებისა და პოზიციების გამოსახატავად. გარდა ამისა, თავად არჩევნების დღეს, "ახალი გაზეთის" ჟურნალისტები მონიტორინგს ახორციელებდნენ მთელი ოლქის მასშტაბით. ხოლო ფოტო და აუდიო მასალა დაუყოვნებლივ იტვირთებოდა სპეციალურ ბლოგზე: www.archevani2010.blogspot.com.
ბლოგი ვახსენე და ორი სიტყვა, ახალი მედიის განვითარების ტენდენციებზეც უნდა ვთქვა. სოციალური მედია და ახალი მედია, სწორედ 2010 წელს გახდა პოპულარული. იგი თანდათან პოპულარული ხდება საქართველოშიც. "ახალი გაზეთი" სწორედ ერთ-ერთი პირველი ბეჭდვური გამოცემა გახლდათ, რომელმაც ფეხი აუწყო თანამედროვე მსოფლიო ტენდენციებს და საკუთარი მკითხველი უკვე ვირტუალურ სამყაროში (ონლაინ სივრცეშიც) გაიჩინა. დღეს უკვე "ახალი გაზეთის" ჟურნალისტების მიერ მომზადებული პუბლიკაციები მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მყოფ ადამიანს შეუძლია წაიკითხოს. თანაც, არა მხოლოდ ბეჭდვური ვერსია, არამედ ფოტო და ვიდეო მასალაც იხილოს ამ ბლოგზე. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, რომელიც გაზეთებს ელექტრონული მედიის კონკურენციის შესაძლებლობას აძლევს.
ამ მიმართულებით, საქართველოში ევროკავშირის მხარდაჭერით, მსოფლიო პრესის ასოციაცია (WAN-IFRA) და აირექს-ევროპა "საქართველოს მედიის ხელშემწყობ პროგრამას" (MSPG) ახორციელებენ, რომლის ერთ-ერთი კომპონენტი სწორედ "ახალი მედია პლატფორმების შექმნა და განვითარებაა". ამ კომპონენტში, კონკურსის საფუძველზე, საქართველოს მასშტაბით 12 მედია საშუალება შეირჩა, რომელთაგან ერთ-ერთი სწორედ "ახალი გაზეთი" გახლავთ. ამავე პროგრამის ფარგლებში, შეირჩა კიდევ 8 მედია-საშუალება მთელი საქართველოს მასშტაბით (მათ შორის, "ახალი გაზეთი"), რომელთათვის მსოფლიო პრესის ასოციაციის ექსპერტთა ჯგუფი სპეციალურ პროგრამას "გაუმჯობესებული მენეჯმენტი და ბიზნესის განვითარების ინიციატივა" განახორციელებს.
ცხადია, მედია ბიზნესის განვითარება და მისი მდგრადობა კვლავ რჩება საქართველოში მთავარ გამოწვევად, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი პრობლემაა საკადრო რესურსის დეფიციტი. უახლოეს პერიოდში, "ახალი გაზეთი" გეგმავს სტუდენტების სტაჟირების კურსის დანერგვას. ისინი მოამზადებენ ნიუსებს, სტატიებს, ფოტო და აუდიო-ვიდეო რეპორტაჟებს, რომლებსაც ატვირთავენ გაზეთის ვებ-გვერდზე www.akhali-gazeti.ge. ვებ-გვერდზე ამუშავდება ბლოგების განყოფილება, რაც ხელს შეუწყობს ახალი კადრების ხედვების პოპულარიზაციას და გაზრდის ინტერაქტივს მკითხველებთან და ონლაინ მომხმარებლებთან. სწორედ სტუდენტების გააქტიურებისა და მათი ინიციატივების მხარდასაჭერად, "ახალი გაზეთი" უკვე წლებია, სპეციალურ კონკურსს "სტუდენტური ინიციატივა" ახორციელებს.
მიუხედავად ამ ყველაფრისა, მედია ვერ განვითარდება, თუ მან დაკარგა თავისი მთავარი ფუნქცია - იყოს მედიატორი ხალხსა და ხელისუფლებას შორის, მიაწოდოს მკითხველს ობიექტური და ამომწურავი ინფორმაცია. საქართველოში, ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით შეიზღუდა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა მედიისთვის. თუ ადრე ამ მიმართულებით ძალოვანი უწყებები გამოირჩეოდნენ, ბოლო პერიოდში, უკვე ადგილობრივი თვითმმართველობები და განათლების დაწესებულებებიც დაიხურა. ამ პრობლემის გამო, 3 მაისს, მსოფლიო პრესის თავისუფლების დღეს, საქართველოში მოქმედმა 16 რეგიონულმა გაზეთმა ერთობლივი აქცია მოაწყო სლოგანით "მოგვეცით საჯარო ინფორმაცია". აქციის ფარგლებში, მონაწილე ყველა გამოცემამ პირველი გვერდი ცარიელი ფურცლებით გამოუშვა. თუმცა, მიუხედავად მცდელობისა, ხელისუფლების მხრიდან, ამ აქციას ადეკვატური რეაგირება არ მოჰყოლია. საჯარო ინფორმაცია კვლავაც მიუწვდომელი რჩება.
და ბოლოს, "ახალი გაზეთი" კვლავაც საკუთარი პროფესიული ღირსების ერთგული რჩება და ამიტომაც, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ერთ-ერთი ხელმომწერია. ხოლო გაზეთის რედაქტორი, მაია მეცხვარიშვილი ამავე ქარტიის საბჭოს წევრად იქნა არჩეული.
ასე რომ, მომავალი სეზონიდან, ანუ სექტემბრიდან "ახალი გაზეთი" განახლებულ ფორმატს, ბევრ საინტერესო რუბრიკასა და ობიექტურობისა და სიმართლის სადარაჯოზე დგომას გპირდებათ.
ია ბობოხიძე

ჭიდილი, რომელიც 9 წლის მანძილზე ჯერ მარცხით არ დასრულებულა


დღეს საქართველოში ადვილი არ არის რაიმე ღირებულის პოვნა, მათ შორის - მედიაშიც. მიუხედავად ამისა, ცნება - "ეძიებდე და პოვებდე", კვლავაც ძალაშია. თანაც ისე, რომ ადამიანს არ დაჭირდება 9 მთისა და 9 ზღვის გადავლა, 9 ფუთი მარილის შეჭმა და 9 გზის კითხვა, 9 გზის ოფლის მოწმენდა და 9 ტყავის გადაძრობა. ქუთაისში ის სულ ადვილად იპოვის გამოცემას, რომელიც 9 წლის წინ დაიბადა და ისე მოახერხა, რომ ეს 9 წელი ღირსეულად გაევლო. გამოცემას "ახალი გაზეთი" ჰქვია და იგი 16 ივლისს 9 წლის ხდება. ღირსეული არსებობისთვის ამ 9 წლის მანძილზე, მართალია, ზოგჯერ ჭირდებოდა 9 ძმა ხერხეულიძის სიმამაცის გამოჩენა, 9 მერისა და 9 მთავრობის გამოცვლით გამოწვეულ არეულობაში გარკვევა, საჯარო დაწესებულებებში 9-ჯერ მიკითხვა სხვადახვა ინფორმაციის მისაღებად, ფაქტის 9 გზის გადამოწმება, რაღაცეების და ვიღაცეების მხელა, მათ შორის მათიც, რომლებიც 9 სახარებაზე იფიცებდნენ, რომ მართლები იყვნენ, ვიღაცის კრიტიკა, ვიღაცის აღიარება და გამართლება, არაპოპულარული ღირებულებების დაცვა, რაღაც ცდუნების გაძლებაც და ასევე, არაპოპულარული პრინციპულობის გამოჩენაც, თუმცა მისი 9-ვე თანამშრომელი ამ სირთულეს გააზრებულად იღებდა და ცდილობდა ტრიადის - თავისუფლება, პასუხისმგებლობა და სამართლიანობა - საკუთარ ქმედებაში ასახვას და გაზეთის აღნიშნული ტრიადის შესატყვისი ფორმის და შინაარსის სტატიებიდან აგებას.

დაბადების დღე შეჯამების პერიოდია. ამ დღეს აწმყო ჩერდება და მხოლოდ ორი დრო - წარსული და მომავალი რჩება, განვლილის და გასავლელის დათვლა, დაანგარიშება მიმდინარეობს. ამ ანგარიშში ციფრი 9 იკვეთება. 9 წლის წინ, სხვა რეალობაში, სხვა მთავრობასა და სისტემაში შეიქმნა გაზეთი. 9 მძიმე წელი გაიარა - ცვლილებების, კატაკლიზმების, ღირებულებათა გადაფასებების გარემოცვაში და ყველაფერი ეს ასახა, მნიშვნელოვან მოვლენათა ეპიცენტრში შეაღწია, პირველი შეფასებები გააკეთა, სცადა სიტუაციაში გარკვევა და მოვლენებისთვის თავისი სახელის დარქმევა. ეს ქმედებები კი ყოველთვის ძვირად ფასობს; ცილისწამების, შევიწროების, მუქარის პირობებში დიდი შრომის ფასად მიიღწევა.

9 საკრალური ციფრიც არის, პოეტურიც... ასევე, ციფრი, რომელიც გარკვეულ კონცეფციასაც გამოხატავს და ეს კონცეფცია შესაბამისობაში მოდის "ახალ გაზეთთანაც" - 9 არის ციფრი, რომელიც ორი მხრიდან იკითხება. ის თავისი ფორმით თითქოს იმას მიუთითებს, რომ ადამიანმა არ შეხედოს სამყაროს ერთი კუთხიდან, არ აღიქვას ბრტყლად და მხოლოდ ორ განზომილებაში, არამედ ყველა მხრიდან შეაფასოს, რადგან 9 შეიძლება 6 გახდეს და ამან ყველაფერი შეცვალოს.

"ახალი გაზეთიც" ხედვის რაკურსების ძიებაშია, რომ იპოვოს ის წერტილი, რაც საკითხის სრულ სახეს გახსნის და ყველაზე საინტერესოდ წარმოაჩენს; რაც ცალსახად არ ასახავს სინამდვილეს და მის მრავალ კუთხეს მოიძიებს.

9 ეჭვსაც ბადებს, კითხვებსაც აჩენს (რადგან მისი წარმომავლობა, ერთ-ერთი ვერსიით "3"-ისა და "?" ნიშნის კომბინაციაა), ამიტომ გიზიდავს შემეცნებისკენ, ძიებისკენ. "ახალი გაზეთიც" უერთდება და იზიარებს 9-ანის ამ "ლტოლვას" და თავადაც ცდილობს ძიების პროცესი არ შეანელოს. ის, რაც ჩვენს ქალაქში, ქვეყანაში, თუ, ზოგადად, სამყაროში ხდება მისი დაკვირვებული მზერის ქვეშ მოაქციოს.

"ახალი გაზეთის" ცხოვრება და მუშაობა 9 წლის ბეწვის ხიდზე სიარულია - სწავლის და სწავლების, ძიების და პოვნის, იდეალების ერთგულების, გარემოსთან და ზოგჯერ საკუთარ თავთან ჭიდილის. ჭიდილი, რომელიც 9 წლის მანძილზე ჯერ მარცხით არ დასრულებულა.

ეკა კუხალაშვილი

Monday, July 12, 2010

უპასუხისმგებლო ექიმები

პირველ რიგში, ბოდიშს ვუხდი "ახალი გაზეთის" მკითხველს, რომ ამბავი, რაზეც თქვენი ყურადღება უნდა მივიპყრო, პირადად მეხება, თუმცა პრობლემა, თავისი მასშტაბით, აშკარად სცდება ჩემს პირად სატკივარს და ამიტომაც გადავწყვიტე, რომ სააშკარაოზე გამომეტანა. პრობლემის არსი კი, რომელიც თითოეულ ჩვენგანს ეხება (რადგან ექიმის დახმარება ყველას ჭირდება მეტ-ნაკლებად), ქუთაისის სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებული პირების დაბალ კვალიფიკაციასა და უპასუხიმგებლობას ეხება, რასაც არცთუ ისე იშვიათად მოაქვს ლეტალური შედეგები. მსგავსი შედეგის სიმძიმე ცოტა ხნის წინ პირადად გამოვცადე და მივხვდი, რას განიცდიან ადამიანები, რომლებმაც ექიმთა უპასუხისმგებლობით უსაყვარლესი ადამიანები დაკარგეს და რომლებიც სრულიად უმწეონი და დაუცველნი რჩებიან ამ უპასუხისმგებლობის პირისპირ, რადგან ასეთ შემთხვევებში უპასუხისმგებლო ექიმებს ყოველთვის აქვთ ერთადერთი და ძალიან ცინიკური "ალიბი" - ორგანიზმმა ვერ გაუძლო. მსგავს "ალიბს" თითქმის ყველა შემთხვევაში იზიარებენ შესაბამისი ორგანიზაციები (სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო, პროკურატურა, სასამართლო), რომლებსაც შეიძლება მიმართოს ასეთ შემთხვევებში პაციენტმა ან მისი ოჯახის წევრებმა, ამიტომაც მე ამ ორგანიზაციებისთვის არ მიმიმართავს და არც ვაპირებ. უბრალოდ, ამ წერილის გამოქვეყნება იმის იმედად გადავწყვიტე, რომ შესაძლოა ამით იმ ექიმების პოტენციური მსხვერპლების გადარჩენა მოხერხდეს, რომელთა უვიცობასა და უპასუხისმგებლობას შეეწირა დედაჩემი. კიდევ ერთ ბოდიშს სწორედ დედაჩემის - თამარ კვაჭაძის ხსოვნის წინაშე ვიხდი...
უკანასკნელი რვა თვის მანძილზე ქუთაისში რამდენიმე კლინიკასთან და ამ კლინიკებში დასაქმებულ ე.წ. საუკეთესო ექიმებთან მომიხდა შეხება. მათ შორის არიან ქუთაისის სამხარეო კლინიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმი, ანგიოლოგი კოტე ხელაძე, აკადემიკოს ზურაბ ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრის დიაგნოსტიკური დეპარტამენტის ექიმი, მედიცინის დოქტორი რეზო შენგელია, ქუთაისის საეკლესიო (#1) საავადმყოფოს თერაპიული განყოფილების გამგე, პულმონოლოგი ნანა ძიძიგური და სხვები. სხვებზე ცოტა ქვემოთ მოგახსენებთ, რადგან მათ ამ "საუკეთესოების" სიბრტყეში არ განვიხილავ. ყველაფერი კი გასული წლის ნოემბერში დაიწყო, ამიტომაც ამბავს ქრონოლოგიურად გიამბობთ.
პაციენტი შაქრიანი დიაბეტით იყო დაავადებული, რაზეც შესაბამის მკურნალობას გადიოდა. გასული წლის ნოემბერში ის გულის უკმარისობამ შეაწუხა და ბინაზე ქუთაისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახა. ბრიგადის ექიმმა პაციენტს ურჩია გულის ექოსკოპიური გამოკვლევის ჩატარება, რის გამოც, მეორე დღესვე, 17 ნოემბერს, ქუთაისში საუკეთესო კლინიკად ცნობილ - დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნულ ცენტრს მივაშურეთ. პაციენტს შესაბამისი ულტრაბგერითი გამოკვლევა - ტრანსთორაკალური ექოკარდიოგრაფია აღნიშნული ცენტრის ექიმმა რეზო შენგელიამ ჩაუტარა. შენგელიამ დაასკვნა, რომ პაციენტს გულთან დაკავშირებული პათოლოგიები არ აღენიშნებოდა (განდევნის ფრაქცია, ანუ EF=55%, რაც ითვლება ნორმად). მისივე დასკვნის საფუძველზე (პაციენტს პლევრის ღრუებში, ორივე მხარეს აღმოაჩნდა სითხე: მარჯვნივ - 400მლ, მარცხნივ - 300მლ), დავიწყეთ ქალაქის საუკეთესო თერაპევტის ძებნა. დიდი ძებნა არ დაგვჭირვებია, რადგან ამ კუთხით სახელგანთქმულად ქუთაისში ნანა ძიძიგური ითვლება, რომელიც ქუთაისის საეკლესიო (#1) საავადმყოფოში მუშაობს თერაპიული განყოფილების გამგედ. ჩვენი პირველი ვიზიტი ძიძიგურთან გასული წლის 26 ნოემბერს შედგა. მისვლისთანავე დავასკვენით, რომ მართლაც საუკეთესო ექიმთან აღმოვჩნდით. ეს დასკვნა კი პაციენტების იმ რიგის ნახვის შემდეგ გავაკეთეთ, რაც ძიძიგურის კაბინეტის წინ დაგვხვდა. დაახლოებით სამსაათიანი ლოდინის შემდეგ მასთან შევაღწიეთ კაბინეტში. პაციენტის გასინჯვის შემდეგ ძიძიგურმა დაადგინა, რომ სითხე აღინიშნებოდა ორივე პლევრის ღრუში. ჩვენს შეკითხვაზე, თუ რამ გამოიწვია სითხის დაგროვება პლევრის ღრუებში, ექიმმა მოკლედ გვიპასუხა - დიაბეტმა. ეს რომ ძალიან უპასუხისმგებლო პასუხი იყო 2.5 თვის შემდეგ შევიტყვე, როდესაც პაციენტის სასწრაფოდ თბილისში გადაყვანა მოგვიხდა, თუმცა ამაზე მოგვიანებით... ერთი სიტყვით, ძიძიგურმა დიაგნოზი დასვა (შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1, დეკომპენსირებული, დიაბეტური ნეფროპათია, ანგიოპათია, მიოკარდიოდისტროფია, გულის უკმარისობა მესამე ხარისხის+შეგუბება დიდ წრეში, ჰიპერტონული დაავადება) და მკურნალობის კურსიც დანიშნა ("ნონბლონი", "ლერკამენი", "ფუროსემიდი", "კალინორმინი", "კარდიოფორსი", "ენფოქსიმი", "კოენზიმ Q"). ათი დღის შემდეგ, 7 დეკემბერს, ექიმის მითითების შესაბამისად, განმეორებით მივაკითხეთ ნანა ძიძიგურის კაბინეტს. რიგში მდგომი პაციენტების მრავალრიცხოვანი არმიის გავლის შემდეგ შევაღწიეთ მასთან, სადაც მან პაციენტს ულტრაბგერითი გამოკვლევა ჩაუტარა. გამოკვლევის შედეგად ექიმმა დაასკვნა, რომ პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა (მარჯვენა პლევრის ღრუში სითხემ 400-დან 100მლ-მდე მოიკლო, მარცხენაში კი - 300-დან 250-მდე). იგივე დასკვნის თანახმად, პაციენტს კარდიოლოგიური გართულებები არ აღენიშნებოდა. ძიძიგურმა ძველი დანიშნულება კიდევ 10 დღით გაგვიხანგრძლივა (მხოლოდ ამოიღო პრეპარატი "ენფოქსიმი" და დამატებით "დიუტაქსი" დანიშნა). 10 დღის შემდეგ, ანუ 18 დეკემბერს კვლავაც ძიძიგურის კაბინეტს მივაშურეთ. მორიგი ულტრაბგერითი გამოკვლევის შედეგად მან დასკვნაში ჩაწერა: მკვეთრად დადებითი დინამიკა, რაც გამოიხატა იმაში, რომ მარჯვენა პლევრის ღრუში თავისუფალი სითხის რაოდენობა იგივე დარჩა (80-100მლ), მარცხენაში კი 250-დან 150მლ-მდე შემცირდა. ძიძიგურმა ამჯერად იგივე დანიშნულება 20 დღით გაახანგრძლივა. ჩვენი მორიგი ვიზიტი მასთან 21 იანვარს შედგა. იგივე ულტრაბგერითი გამოკვლევის შედეგად ძიძიგურმა ასეთი დასკვნა დაწერა: "მკვეთრად დადებითი დინამიკა, ორივე პლევრის ღრუ თავისუფალია". არადა, ამ დროს პაციენტი მდგომარეობის გაუარესებაზე ჩიოდა. საქმე ის არის, რომ აღნიშნული მკურნალობის პროცესში, მას ქვედა კიდურების ცერები შეუწითლდა, რის გამოც დაუყოვნებლივ საუკეთესო ანგიოლოგი მოვიკითხეთ და ასეთად აღიარებულ კოტე ხელაძეს მივაკითხეთ 19 იანვარს, სამხარეო კლინიკურ საავადმყოფოში. ხელაძისგან შევეცადეთ დიაგნოზის გაგებას, მაგრამ ჩემს შეკითხვაზე, თუ რას შეიძლებოდა გამოეწვია თითებზე სიწითლე, მოკლე პასუხი მივიღე - დიაბეტს. ამ უპასუხისმგებლო პასუხზე კომპეტენტური ახსნა, ასევე, თბილისში მივიღე, მაგრამ სამწუხაროდ გვიან... ქუთაისის "საუკეთესო ანგიოლოგმა" ხელაძემ, საკუთარი ხელით და თვალით დანახულის შემდეგ, 10-დღიანი დანიშნულება მოგვცა ("როქსიტასი 150მგ", "დომინალი", "ვესელ დუე F", "მილდროქსინი", "კამელინი" და შესახვევად "ბეტადინის" მალამო). მკურნალობამ შედეგი არ გამოიღო და სიწითლე ფეხის თითებზე გაიზარდა, საფრჩხილე ფალანგები კი დაჩირქდა. ზუსტად 10 დღის შემდეგ, 29 იანვარს ისევ მივაკითხეთ კოტე ხელაძის კაბინეტს. ხელაძემ, პაციენტთან და ჩვენთან შეუთანხმებლად, პაციენტს ააჭრა ორივე ცერზე ფრჩხილები, დანიშნულება შეცვალა (გამოწერა შემდეგი პრეპარატები: "ლინკომიცინისა" და "ვესელ დუე F"-ის ამპულები) და ხუთი დღის შემდეგ დაგვიბარა კონტროლზე. პაციენტის მდგომარეობა თანდათან მძიმდებოდა (ავადმყოფს უმატა გულის უკმარისობამ და მშრალმა ხველამ, სისუსტის გამო ვეღარ ახერხებდა ფეხზე წამოდგომას), რის გამოც 30 იანვარს ისევ ნანა ძიძიგურს მივაკითხეთ. ძიძიგურმა ახალი 10-დღიანი დანიშნულება მოგვცა (სამდღიანი გადასხმა რინგერში გახსნილი ვიტამინებით - ორგანიზმის მოსაძლიერებლად, ლიბექსინი - ხველებისთვის და ფილტვებისა და ინფექციისთვის - ანტიბიოტიკები "დარდუმი" და "ლიკაცინი"). მხოლოდ 10 დღის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ აღნიშნულმა დანიშნულებამ პაციენტის მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა. კი არ აღმოვაჩინე, ასე მითხრეს თავად ექიმებმა, ძიძიგურისა და ხელაძის კოლეგებმა, მხოლოდ - პირად საუბრებში.
9 თებერვალს ტელეფონით დავუკავშირდი პროფესორ ალექსანდრე ქისტაურს თბილისში, რომელიც, როგორც აღმოვაჩინე, უშუალოდ დიაბეტური ტერფის ერთადერთი მკურნალი ყოფილა საქართველოში. როდესაც მას ტელეფონით პაციენტის ისტორია გავაცანი, მითხრა, რომ მის ქუთაისელ კოლეგას - გიორგი დევიძეს ენახა პაციენტი და მისგან მიეღო შესაბამისი ინფორმაცია. ასეც მოვიქეცით. გიორგი დევიძის მითითებით, განმეორებით ჩავატარეთ პაციენტის ანალიზები, გულის ექოსკოპიური გამოკვლევა, ფილტვების რენტგენოგრაფია, ასევე, პაციენტს ჩაუტარდა ქვედა კიდურების სისხლძარღვების ტრიპლექს-სკანირება და მარჯვენა კიდურის ტერფის რენტგენოგრაფია. გამოკვლევების შედეგად აღმოჩნდა, რომ პაციენტის მდგომარეობა ყველა მიმართულებით უკიდურესად გართულებული და დამძიმებული იყო (პლევრის ღრუებში ლოცირდებოდა სითხე ორმხრივი 1000 მლ-მდე, განდევნის ფრაქცია, იგივე გულის კუმშვადობა შემცირებული იყო 55-დან 42%-მდე, შესაბამისად, დაფიქსირდა მარცხენა პარკუჭისა და ორივე წინაგულის დილატაცია). გიორგი დევიძემ გვითხრა, რომ "ეს ქუთაისის დონის პაციენტი" არ იყო და მისი დაუყოვნებლივ თბილისში გადაყვანა გვირჩია, რისთვისაც აქვე უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო მას.
ასეც მოვიქეცით - იმავე დღეს გადავიყვანეთ პაციენტი თბილისში და მოვათავსეთ შპს "რკინიგზის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს" ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, პროფესორ ალექსანდრე ქისტაურის უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ. სწორედ ამ ადამიანთან ურთიერთობის შედეგად აღმოვაჩინე, თუ რამხელა ბედნიერებაა, როდესაც საქმე გაქვს პროფესიონალთან, ნამდვილ ექიმთან, რომლის მთავარი საზრუნავი პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესებაა და არა - გამორჩენა და გამოძალვა. როდესაც პროფესორ ქისტაურს ვაჩვენე ყველა ის გამოკვლევა და დანიშნულება, რაც ქუთაისში მიიღო პაციენტმა, რამდენიმე შეკითხვა დასვა, სხვათაშორის ის შეკითხვები, რაც მე თავის დროზე დავუსვი ნანა ძიძიგურსაც და კოტე ხელაძესაც: თუ რამ გამოიწვია პლევრის ღრუში სითხის ჩადგომა და ფეხის თითებზე სიწითლე და შემდეგ დაჩირქება. ამ შეკითხვებზე მე ქუთაისში მარტივად მიპასუხეს ზემოთ აღნიშნულმა ექიმებმა - დიაბეტმა. სინამდვილეში კი, როგორც პროფესორმა ქისტაურმა მითხრა, პლევრის ღრუში სითხის ჩადგომა განპირობებული იყო კარდიალური პრობლემებით (რაც თითქმის წარმოუდგენელი იყო, რომ სამი თვის შუალედში ასე მკვეთრად გაუარესებულიყო მკურნალობის ფონზე: კომპეტენტური ექიმების ვარაუდით, ან შენგელიას მიერ 2009 წლის 17 ნოემბერს დაწერილი დასკვნა იქნებოდა მცდარი, ან მდგომარეობა სამ თვეში რადიკალურად არასწორი მკურნალობის გამო დამძიმდა) და სწორედ ამ კუთხით უნდა წარმართულიყო მკურნალობა და არა ისე, როგორც ეს ნანა ძიძიგურმა გააკეთა. ძიძიგურის დანიშნულებით პაციენტი მთელი ორი თვის მანძილზე იღებდა პრეპარატს - "კალინორმინი" ისე, რომ ექიმს არასდროს მოუთხოვია შესაბამისი ანალიზი ელექტროლიტებზე. როდესაც პაციენტი თბილისში, ზემოთ აღნიშნულ სტაციონარში მოთავსდა, ცხადია, ეს ანალიზი ჩაუტარდა და აღმოჩნდა, რომ კალიუმის რაოდენობა ნორმას ბევრად აჭარბებდა (ნორმის ზედა ზღვარი არის 5.5მმოლ/ლ, მას კი აღმოაჩნდა 6.2მმოლ/ლ). კალიუმის ჭარბი რაოდენობა კი, როგორც ექიმებმა განმიმარტეს თბილისში, გულის გაჩერებას იწვევს. ამას გარდა, ძიძიგურის დანიშნულებით, პაციენტი მთელი ორი თვის მანძილზე იკეთებდა ისეთ ანტიბიოტიკებს, რომლებიც უკუჩვენების სახით იწვევენ თირკმლის უკმარისობას, რაც დიაბეტით დაავადებული პაციენტებისთვის უკიდურესად საშიშია. ძიძიგურს რომ ამ უკუჩვენებებზე არ უფიქრია, ის ფაქტიც მიუთითებს, რომ მას არასდროს მოუთხოვია პაციენტის ანალიზი კრეატინინზე, რომლითაც დგინდება თირკმლის უკმარისობის გამოხატულება. რაც შეეხება ხელაძის დანიშნულებას, ამასთან დაკავშირებით პროფესორმა ქისტაურმა პირდაპირ მითხრა, რომ "სულ ტყუილად ვუკეთე პაციენტს "ვესელ დუე F" და ვასვი "კამელინი", რადგან, მისი თქმით, ეს პრეპარატები დიაბეტური ტერფის გამოხატულ პათოლოგიებზე არაეფექტურია.
ერთი სიტყვით, თებერვალში სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე მყოფი პაციენტი პროფესორმა ქისტაურმა გადაარჩინა, თუმცა დაგვიანების გამო (დაგვიანებად კი ჩაითვალა ზემოთ აღნიშნული ქუთაისელი ექიმების მიერ ჩატარებული არასწორი მკურნალობა) მან ვეღარ მოახერხა მარცხენა ქვედა კიდურის ცერის შენარჩუნება. ასევე, საკმაოდ დაგვიანებული აღმოჩნდა კარდიოთერაპია, თუმცა პაციენტის მდგომარეობა ამ მხრივაც გაუმჯობესდა, რადგან ამ კუთხით მკურნალობის პროცესში თბილისის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტის ალ. ალადაშვილის სახ. კლინიკის კარდიოლოგიური განყოფილების გამგე შალვა პეტრიაშვილი ჩაერთო.
სტაციონარული მკურნალობა პაციენტმა თბილისში 22 თებერვალს დაასრულა, რის შემდეგაც ქუთაისში დავბრუნდით. მკურნალობის კურსი ბინაზე გაგრძელდა, თუმცა პერიოდულად ისევ გვიწევდა თბილისში ჩასვლა კონტროლზე. ქუთაისში მხოლოდ რამდენიმე ექიმთან დავამყარეთ კონტაქტი, რომლებიც, მადლობა ღმერთს, რომ არსებობენ ქალაქში. მათ შორის არიან კლინიკა "ლ&ჯ"-ის ენდოკრინოლოგი ნინო დოლიძე და ქუთაისის საეკლესიო (#1) საავადმყოფოს ჩირქოვანი ქირურგიის განყოფილების გამგე გიორგი დევიძე, მაგრამ ცალკეული ექიმები რომ ამინდს ვერ ქმნიან, ეს მიმდინარე წლის 24 ივნისსაც დადასტურდა...
24 ივნისს, ქუთაისის საეკლესიო (#1) საავადმყოფოში პაციენტს ოპერაცია ჩაუტარდა: მას მარცხენა კიდურის ამპუტაცია ესაჭიროებოდა. ოპერაციას გიორგი დევიძე ატარებდა, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ პაციენტის საერთო მდგომარეობა მძიმე იყო (ორმხრივი პნევმონია, მარცხენა გულის დილატაცია), მას წინა დღით ყველა შესაბამისი გამოკვლევა და ანალიზი ჩაუტარდა. გიორგი დევიძემ წინასწარ მაცნობა, რომ პაციენტის რთული მდგომარეობის გამო, არსებობდა მაღალი რისკი, გადაიტანდა თუ არა ის ოპერაციას, თუმცა იქვე მითხრა, რომ ოპერაციას არ გააკეთებდა, თუკი გამოკვლევების შედეგებს არ შეათანხმებდა დავით ჯანაშიასთან (რომელიც ოპერაციაზე უნდა შესულიყო, როგორც ანესთეზიოლოგი) და ერთობლივად არ შეჯერდებოდნენ იმაზე, რომ 50%-ანი შანსი მაინც ექნებოდათ პაციენტის გადარჩენის... ოპერაცია დღის 12 საათზე დაიწყო. სპინალური ანესთეზიის გაკეთებიდან 15 წუთის შემდეგ, როდესაც ქირურგმა ოპერაციის გაკეთება დაიწყო, პაციენტმა სუნთქვა გააჩერა, დაუვარდა წნევა და დადგა კლინიკური სიკვდილი. მე არ ვიცი, რა ხდებოდა მთელი 2 საათის განმავლობაში საოპერაციო ბლოკში, ვიცი მხოლოდ თვითმხილველთა მონათხრობი, რომ ჯანაშიას ძალისხმევით, პაციენტისთვის წნევის დარეგულირება მოხერხდა, იგი გადაყვანილი იქნა მექანიკური მართვის სუნთქვის რეჟიმზე და ოპერაცია გაგრძელდა. დაახლოებით 14:00 საათზე ოპერაცია დასრულდა. როგორც ქირურგმა მითხრა, ოპერაციის შემდეგ პაციენტს გადაიყვანდნენ რეანიმაციულ ბლოკში და დაუდგამდნენ მართვითი სუნთქვის აპარატს. ამასობაში პაციენტი საოპერაციო ბლოკიდან გამოიყვანეს და რეანიმაციის მიმართულებით წაიყვანეს... რამდენიმე წუთში მეც რეანიმაციისკენ წავედი და როდესაც განყოფილების კარი შევაღე აპარატის გაბმული ხმა და დავით ჯანაშიას ყვირილი გავიგონე: "სადა ხარ, გოგო, აქამდე!" იმავდროულად ექიმებმა რეანიმაციული განყოფილებიდან გასვლა მთხოვეს. რამდენიმე წუთში შევიტყვე, რომ პაციენტი გარდაიცვალა, ოფიციალური ინფორმაციით, ფილტვისა და გულის უკმარისობით... არაოფიციალურად კი არაერთი ვარაუდი მოვისმინე (რომ რეანიმატოლოგებმა დააგვიანეს, რომ ოპერაცია გარდაცვლილს გაუკეთეს და ა.შ.), მათ შორის ისიც, ყველაზე მყარ ალიბად რომ იყენებენ ექიმები - "ორგანიზმმა ვერ გაუძლო"... ჰო, ალბათ, ვეღარ გაუძლო იმ ექსპერიმენტებს, რასაც მასზე ატარებდნენ ძიძიგური, ხელაძე და მათი მსგავსნი...
ბოლოთქმა: ცხადია, იმ პრობლემასთან, რაც უკავშირდება ექიმთა დაბალი კვალიფიკაციითა და უპასუხისმგებლობით გამოწვეულ შედეგებს, ვერ მივა ის საკითხი, რასაც აქვე მოკლედ მინდა შევეხო, რადგან ამ საკითხებზე "ახალი გაზეთი" გეგმავს ვრცელ ჟურნალისტურ მოკვლევას. საქმე სამედიცნო დაწესებულებების ე.წ. შავ ბუღალტერიას ეხება. მაგალითად, ქუთაისის საეკლესიო (#1) საავადმყოფოში, რომელსაც სხვათაშორის ქუთაისის ახლადარჩეული საკრებულოს წევრი დავით ჯანაშია ხელმძღვანელობს, პირდაპირ მითხრა ლაბორატორიის ერთ-ერთმა თანამშრომელმა, რომ "შავ ბუღალტერიაში" უნდა შემეტანა ფული. საქმე ის არის, რომ ზემოთ აღნიშნული ოპერაცია ფინანსდებოდა ჯანდაცვის სამინისტროს ურგენტული პროგრამით. თუმცა, როდესაც პაციენტს საოპერაციოდ ამზადებდნენ და წინასწარი ანალიზები ჩაუტარეს, რაც შედის აღნიშნული პროგრამის დაფინანსების არეალში, ლაბორატორიის წარმომადგენელმა მითხრა, რომ 25 ლარი უნდა გადამეხადა. "ეს არის ლაბორატორიისთვის საჭირო პრეპარატების ფული," - მითხრა მან. ჩემს შეკითხვაზე, შედიოდა თუ არა პრეპარატების ფული ანალიზებზე დაწესებულ ტარიფებში, რასაც სახელმწიფო პროგრამა ანაზღაურებდა, ლაბორატორიის თანამშრომელმა ვეღარ დამიმალა და პირდაპირ მითხრა: "ასე ვთქვათ, შავი ბუღალტერიაა რა და თუ გადაიხდით, მადლობელი ვიქნებით"-ო. ამავე საავადმყოფოში, ისე როგორც ქუთაისში მოქმედ ყველა სხვა კლინიკაში, პირველსავე სართულზე დგანან დაცვის თანამშრომლები, რომლებსაც მთავარი ექიმებისგან დავალებული აქვთ, რომ რეგისტრატურიდან გაცემული შესაბამისი ქვითრის გარეშე, არ გაატარონ პაციენტები, თუმცა ეს წესები ყველა ექიმთან დაკავშირებით არ მოქმედებს: მაგალითად, ნანა ძიძიგურის კაბინეტში ცალკე ზის ე.წ. "რეგისტრატორი" და იქვე ხდება თანხის გადახდა, მიმღებ განყოფილებაში კი ისტორიის გახსნის ღირებულებას - 10 ლარს ისე ახდევინებენ პაციენტებს, რომ შესაბამის ქვითარს არავინ იძლევა... რაც შეეხება სამხარეო კლინიკურ საავადმყოფოს, იქ დაცვის და რეგისტრატურის თანამშრომლები შესაბამისი ქვითრის გარეშე ყველა იმ პაციენტს ატარებენ, რომლებიც საავადმყოფოს მთავარ ექიმთან - კოტე ხელაძესთან ახორციელებენ ვიზიტს. ხელაძე, რომელიც, წესით, სხვა თანამშრომლებს უნდა მოუწოდებდეს ხელზე ფულის აღების აკრძალვისაკენ, თავად ეწევა იგივე საქმიანობას. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ექიმებს ცალკე, დამატებით ბიზნესად აქვთ ქცეული ფარმაცევტულ კომპანიებთან გარიგებები. მსგავსი გარიგებების თანახმად, ექიმები პაციენტებს აძლევენ სპეციალურ ე.წ. ფასდაკლების ბარათებს კონკრეტულ მედიკამენტებზე (რომელთა ხარისხი ხშირ შემთხვევაში საეჭვოა), რომლებიც მოქმედებს კონკრეტულ აფთიაქებში. როდესაც პაციენტი ამ ბარათით მიდის აფთიაქში, აფთიაქის თანამშრომელი ინიშნავს ექიმის სახელსა და გვარს, რის შემდეგაც ეს უკანასკნელი გარკვეულ პროცენტულ სარგებელს იღებს აღნიშნული აფთიაქიდან...
და ბოლოს, წერილში მოყვანილ ყველა ფაქტთან დაკავშირებით შესაბამისი დოკუმენტური მტკიცებულება გამაჩნია. ასე, რომ თუ ვინმეს რაიმე პრეტენზია გაუჩნდება, შეუძლია მიმართოს შესაბამის ორგანოებს.
მაია მეცხვარიშვილი

Wednesday, July 7, 2010

"ავერსის" ფასდაკლების აქციის რევერსი

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე ორი ახალი ქსელი - "ფარმადეპო" და "ნარინჯისფერი აფთიაქები" გამოჩნდა, რომლებმაც მედიკამენტების გაყიდვა მანამდე არსებულ მონოპოლისტ კომპანიებთან - "ავერსთან" და "პსპ"-სთან შედარებით, 20-22%-ანი ფასდაკლებით დაიწყეს. გამომდინარე იქიდან, რომ ახალი კომპანიების სააფთიაქო მაღაზიები თავდაპირველად მხოლოდ თბილისში ამოქმედდა, ძველ მონოპოლისტებს წამლების გაიაფება არ უჩქარიათ. არჩევნების შემდეგ კი, დოლართან მიმართებაში ლარის კურსის მკვეთრი ვარდნის შედეგად, მედიკამენტების ღირებულება მთელი საქართველოს მასშტაბით გაიზარდა, თუმცა თბილისში წამლების ფასი "ფარმადეპოსა" და "ნარინჯისფერი აფთიაქების" ქსელში კვლავაც ჩამორჩებოდა "ავერსისა" და "პსპ"-ს ფასებს, რასაც მოჰყვა ამ უკანასკნელთა მხრიდანაც ფასდაკლების გამოცხადება ჯერ თბილისში, შემდეგ კი - რეგიონებშიც.
კომპანია "ავერსმა" მედიკამენტებზე 22%-ანი ფასდაკლება გამოაცხადა. თავდაპირველად აღნიშნული აქცია "ავერსმა" თბილისის მასშტაბით დაიწყო, 14 ივნისიდან კი აქციაში ქუთაისის ქსელიც ჩაერთო, თუმცა - მხოლოდ სარეკლამო განცხადების დონეზე.
15 ივნისს, როდესაც "ავერსის" სარეკლამო განცხადებების შესაბამისად, მედიკამენტებზე 22%-ანი ფასდაკლება მთელი საქართველოს მასშტაბით მოქმედებდა, "ახალი გაზეთის" წარმომადგენელმა თბილისში, შპს "ავერსი-გეოფარმის" #85 აფთიაქში (მეტრო სარაჯიშვილის მიმდებარე ტერიტორია) რამდენიმე მედიკამენტი შეიძინა, კერძოდ, ანტიბიოტიკები - "როცეფინი" და "კლაფორანი": 1 ფლაკონ "კლაფორანში" (1გ+4მლ გამხსნელი) ჩვენმა წარმომადგენელმა 4 ლარი გადაიხადა (ფასდაკლების აქციამდე აღნიშნული მედიკამენტის ღირებულება 7 ლარამდე აღწევდა), 1 ფლაკონ "როცეფინში" (1გ) კი - 11 ლარი (ფასდაკლებამდე აღნიშნული მედიკამენტის ღირებულება დაახლოებით 15 ლარის ფარგლებში მერყეობდა). იგივე მედიკამენტები მეორე დღეს, ანუ 16 ივნისს "ახალი გაზეთის" წარმომადგენელმა ქუთაისში შეიძინა, კერძოდ, შპს "ავერსი-გეოფარმის" #7 აფთიაქში (რომელიც ი. აბაშიძის გამზ. #2/2-ში მდებარეობს). მედიკამენტების შეძენამდე ჩვენმა წარმომადგენელმა შეკითხვით მიმართა აღნიშნული აფთიაქის მომსახურე პერსონალს - მოქმედებდა თუ არა 22%-ანი ფასდაკლება მათ სააფთიაქო მაღაზიაშიც, რაზეც დადებითი პასუხი მიიღო. თუმცა ამოწერილ ქვითარში თბილისთან შედარებით მკვეთრად გაზრდილი ფასები დაფიქსირდა: "კლაფორანში" 6.36 ლარი გადაახდევინეს, "როცეფინში" კი - 12.80 ლარი. აღნიშნულ მომენტში აფთიაქში მენეჯერი არ იმყოფებოდა ადგილზე, სხვა თანამშრომლებმა კი მყიდველს განუმარტეს, რომ ფასების სხვაობა, სავარაუდოდ, უკავშირდებოდა მედიკამენტების თბილისიდან ქუთაისამდე ტრანსპორტირების ხარჯს (?!)
"ახალი გაზეთის" წარმომადგენელი იმავე აფთიაქს კიდევ 18 ივნისს ეწვია, რა დროსაც მას იგივე მედიკამენტები უკვე იმ ფასში მიყიდეს, რაც თბილისში ღირდა ჯერ კიდევ 14 ივნისს ("კლაფორანი" - 4 ლარად, "როცეფინი" კი - 11 ლარად). იქვე მას განუმარტეს, რომ ფასდაკლება სახვევებსა და შპრიცებზე არ ვრცელდებოდა, არადა, თბილისში, აღნიშნული აქცია ამ ტიპის სამედიცინო საგნებსაც შეეხო: მაგალითად, 1 ცალ სტერილურ ბინტში (7მX14სმ) ჩვენმა წარმომადგენელმა თბილისში 65 თეთრი გადაიხადა, ქუთაისში კი - 70 თეთრი (ქუთაისის აღნიშნულ აფთიაქში 18 ივნისს სტერილური ბინტის ღირებულება 68 თეთრს შეადგენდა, თუმცა, როგორც წესი, "ავერსის" აფთიაქებს არასდროს გააჩნიათ ხურდისთვის 2 და 1 თეთრიანები, რომ დაუბრუნონ უკან მომხმარებელს, ასე მოხდა 18 ივნისსაც ჩვენს წარმომადგენელთან მიმართებაში). სიტუაციაში გარკვევის მიზნით "ახალი გაზეთის" წარმომადგენელი "ავერსი-ქუთაისის" #7 აფთიაქის მენეჯერს მაგდა დარახველიძეს ესაუბრა. დარახველიძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ 22%-ანი ფასდაკლების აქციას ქუთაისის ქსელი 14 ივნისიდან შეუერთდა. მანვე განმარტა, რომ ამის შემდეგ ყოველდღიურად თავად ახდენდა მედიკამენტების გადაფასებას სათაო ოფისიდან მიღებული შესაბამისი ფრაიზ-ლისტის მიხედვით. ჩვენს შეკითხვაზე, თუ რატომ დაფიქსირდა სხვადასხვა ფასი "ავერსის" თბილისისა და ქუთაისის ქსელებს შორის ერთსა და იმავე პერიოდში, დარახველიძემ თხოვნით მოგვმართა, რომ თავად დავხმარებოდით ამის გარკვევაში, თუმცა რამდენიმე დეტალის გარკვევა ჩვენ მისგან მაინც შევძელით. კერძოდ, როგორც მისგან შევიტყვეთ, მედიკამენტებზე ფასი მათ აფთიაქში სამი ფაქტორის გათვალისწინებით იცვლება: სათაო ოფისიდან მიღებული ფრაიზების, დოლარის კურსის ცვალებადობის და ერთიანი ცენტრალიზებული კომპიუტერული პროგრამის მიხედვით. სათაო ოფისიდან მიღებული ფრაიზებისა და ერთიანი ცენტრალიზებული კომპიუტერული პროგრამის მიხედვით, მედიკამენტების ფასები, წესით, ერთი და იგივე უნდა იყოს "ავერსის" ქსელში მთელი საქართველოს მასშტაბით. შესაბამისად, ჩნდება ვარაუდი, რომ ფასთა სხვაობას ვალუტის კურსის ცვალებადობა განაპირობებს: როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, თბილისის ქსელში "ავერსის" ადმინისტრაცია ხელმძღვანელობს კურსით - 1 აშშ დოლარი=1.59 ლარი, ქუთაისში კი - 1 აშშ დოლარი=1.89 ლარი.
ზემოთ აღნიშნული ინფორმაციის გადასამოწმებლად ჩვენ "ავერსის" იმერეთის რეგიონულ მენეჯერს ირინა დოღონაძეს დავუკავშირდით, თუმცა მან განგვიცხადა, რომ ფასების სხვაობის საკითხი მის კომპეტენციაში არ შედიოდა და პასუხის მისაღებად თბილისში, ცენტრალურ ოფისში გადაგვამისამართა. ჩვენს შეკითხვებზე ადეკვატური პასუხი არც "ავერსის" საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს აღმოაჩნდა. დეპარტამენტის უფროსი ლალი ბრეგვაძე ზოგადი განმარტებით შემოიფარგლა: "თბილისის რამდენიმე აფთიაქში მიმდინარეობს მედიკამენტებზე 22% და მეტი ფასდაკლება. ფასდაკლება იცვლება რეგულარულად რეგიონების მიხედვით. მსგავსი აქცია ქუთაისშიც მიმდინარეობს. ფასთა შორის სხვაობა მოგვცა იმან, რომ ქუთაისში ამ მედიკამენტების შესყიდვის მომენტში არ იყო დაწყებული ფასდაკლების აქცია". სინამდვილეში, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ქუთაისში ფასდაკლების აქცია 14 ივნისს დაიწყო, ჩვენმა წარმომადგენელმა კი მედიკამენტები 16 ივნისს შეიძინა (როდესაც აქცია 2 დღის დაწყებული იყო) თბილისთან შედარებით გაცილებით ძვირად.
მსგავსი ფასთასხვაობის გამო ქუთაისელი მოხმარებლები უკმაყოფილებას არ მალავენ: "ყოველდღე იზრდება ფასები წამლებზე. ფული თუ არ გაქვს, უნდა მოკვდე? არანაირი შეღავათი ჩვენთვის არ არსებობს. ფასდაკლებით ისარგებლებთო და პირიქით, გაზრდილია ფასები წამლებზე," - ამბობს ქუთაისში მცხოვრები მარინა რევიშვილი.
ექსპერტთა შეფასებით, ფარმაცევტული კომპანიები წამლების ფასებს ხელოვნურად ზრდიან, შემდეგ კი ფასდაკლებას აცხადებენ, თითქოს, პირიქით, მედიკამენტების ღირებულებას აიაფებენ. ექსპერტების თქმით, ფარმაცევტული კომპანიები საქართველოში ზემოგებაზე მუშაობენ, რასაც კომპანიის წარმომადგენლები კატეგორიულად უარყოფენ. "ავერსის" გენერალური დირექტორის პაატა კურტანიძის განცხადებით, არანაირი ზემოგება ფარმაცევტულ ბიზნესში არ არსებობს. "ჩვენი მოგება არის მინიმალური და ეს პროცენტული მაჩვენებელი ყოველწლიურად მცირდება, ვინაიდან კონკურენცია არის ძალიან დიდი," - ამბობს კურტანიძე.
აღნიშნული განცხადებების შედეგებს ვერ ხედავენ მომხმარებლები. მათი თქმით, ფარმაცევტული კომპანიები მედიკამენტების გაიაფების ნაცვლად, მათ ყოველდღიურად ატყუებენ და წამლებზე ფასებს ზრდიან.
თეა ზიბზიბაძე