საქართველოს მთავრობაში ირწუნებიან, რომ გასული წლის აგვისტოს ომის შედეგად ქვეყანაში შიდა მიგრაციის პრობლემა გამწვავდა. დამოუკიდებელი ექსპერტების მონაცემებით კი, ომისა და ეკონომიკური კრიზისის ფონზე, გაცილებით უფრო მწვავედ გარე მიგრაციის საკითხი დაისვა. როგორც "მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციაში" აცხადებენ, საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა საზღვარგარეთ სამუშაოს საძიებლად მიდის. ამასთან, თუკი ომამდე საქართველოდან, ძირითადად, რუსეთში მიემგზავრებოდნენ, ბოლო დროს ეს მარშრუტი ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებით შეიცვალა. საგრძნობლად გამკაცრებული საიმიგრაციო პოლიტიკის მიუხედავად, გერმანია იმ ქვეყნების ხუთეულშია, სადაც ქართველი შრომითი მიგრანტები ყველაზე დიდი რაოდენობით არიან თავმოყრილნი. ამ ჟურნალისტურ გამოძიებაში ჩვენ მოგიყვებით იმ გზების შესახებ, რომლის საშუალებითაც საქართველოს მოქალაქეები გერმანიაში არალეგალურად შეღწევასა და დასაქმებას ახერხებენ.
მაია მეცხვარიშვილი
გზა I - თავშესაფრის მთხოვნელები
"მიგრანტებს ჩვენ, ძირითადად, ორი სტატუსით ვიღებთ: 1. პოლიტიკური თავშესაფრების მოთხოვნით და 2. იმ ქვეყნებიდან დევნილებს, სადაც ომია, ან საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული," - ამბობს მიუნხენის ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოს წევრი და მმართველი პარტიის ("ქრისტიან-სოციალისტთა კავშირის") წარმომადგენელი მარიო შმიდბაუერი.
პოლიტიკური თავშესაფრების მთხოვნელთა პირველი არმია საქართველოდან გერმანიაში 1992 წელს დაიძრა. მაშინ ევროპის ქვეყნებში თავშესაფარი 350-მა ქართველმა ითხოვა, აქედან 295-მა გერმანიის მთავრობას მიმართა. ამის შემდეგ სულ უფრო იზრდებოდა თავშესაფრების მთხოვნელთა რიცხვი საქართველოდან გერმანიაში (მაგალითად, 1997 წელს მათმა რაოდენობამ 3000-ს გადააჭარბა). მძაფრდებოდა და თანდათან სცილდებოდა რეალობას პოლიტიკური დევნის ისტორიებიც.
"მე მინახავს ადამიანები აქ, რომლებიც თავშესაფრის მისაღებად პოლიტიკური დევნის შესახებ საოცარ ისტორიებს ყვებოდნენ, ლამის ფანტასტიკის ჟანრში. მინახავს, რომლებიც იგონებდნენ ავადმყოფობას და ა.შ. თუმცა, ამ ისტორიების განზოგადება, ცხადია, არ შეიძლება," - ამბობს გერმანიის ქართული სათვისტომოს თავმჯდომარე ლერი დათაშვილი.
თუმცა, როგორც ჩანს, ამ გამოგონილმა ისტორიებმა მათი მთხრობელების მიმართ გერმანიის მთავრობის პოზიცია განაზოგადა. 1990-2007 წლებში გერმანიის მთავრობას 2 მილიონ 86 ათასმა მიგრანტმა მიმართა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან თავშესაფრის მოთხოვნით და მხოლოდ 247 581-ის თხოვნა დაკმაყოფილდა. მათ შორის ვერ მოხვდა ქუთაისელი ჟურნალისტი გიორგი ხონელიძე, რომელმაც თავშესაფრის მოთხოვნით გერმანიის მთავრობას 2000 წელს მიმართა.
"მაშინ 1500 დოლარი თუ გქონდა, უპრობლემოდ წახვიდოდი საქართველოდან ნებისმიერ ქვეყანაში. ეს თანხა გადავიხადე და პასპორტი და ვიზა სახლში მომივიდა. საქართველოდან ჯერ ვენაში ჩავედი, იქ დავჯექი მატარებელში და აღმოვჩნდი მიუნხენში," - იხსენებს გიორგი.
ხონელიძემ ქუთაისში პირველი FM რადიო დააარსა, თავის მეგობრებთან ერთად. მოგვიანებით მას ურთიერთობა დაეძაბა ადგილობრივი ძალოვანი უწყების ხელმძღვანელობასთან, რაც საბოლოოდ გიორგისა და მისი მეგობრის ცემით დასრულდა.
"ამის გამო ჩვენ - მე და ჩემი მეგობარი წავედით გერმანიაში და მოვითხოვეთ თავშესაფარი. მე ხაზს ვუსვამ, რომ ჩვენ გვქონდა ყველანაირი დამადასტურებელი დოკუმენტი იმისა, რომ ვიდევნებოდით პოლიციის უფროსის მიერ," - ამბობს გიორგი ხონელიძე. მან გერმანიაში 8 თვე გაატარა: ჯერ მიუნხენში ცხოვრობდა, შემდეგ იქვე ახლოს განთავსებულ ბანაკ-გამანაწილებელში, მოგვიანებით კი ე.წ. "აზულიანტების" (თავშესაფრის მაძიებელთა) ბანაკში.
"არ მჯერა, რომ გერმანიაში ნამდვილად დემოკრატიაა, რომ ნამდვილად უნდათ იქ ხალხის დახმარება. მე მათ ვუამბე სრული სიმართლე ჩემს შესახებ, ისინი კი 8 თვის განმავლობაში ვითომ სწავლობდნენ ჩემს საქმეს და ბოლოს უკან გამომიშვეს," - ამბობს გიორგი ხონელიძე.
გიორგისგან განსხვავებით, გერმანული დემოკრატიისა და მთავრობისადმი სასაყვედურო არაფერი აქვს იმერეთის ერთ-ერთ რაიონში მცხოვრებ 30 წლის ვახოს. ის გერმანიაში 1999 წელს გაემგზავრა და ჩასვლისთანავე პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა. საკმაოდ ემოციურად და დამაჯერებლად მოყვა შევარდნაძის მთავრობისგან დევნილი "ზვიადისტის" შესახებ გამოგონილი ისტორია და ამით ქვეყანაში ყოფნა 2 წლის ვადით გაიხანგრძლივა. ამასობაში კი იმდენი ფული დააგროვა, რომ საქართველოში საკუთარი ბინის ყიდვაც მოახერხა და ბიზნესის წამოწყებაც.
"იქ ბანაკში ვცხოვრობდი. გვაძლევდნენ პირველადი მოხმარების ნივთებს, საკვებს, ტანსაცმელს. სამაგიეროდ, ჩვენ გვეკრძალებოდა მუშაობა, მაგრამ, ბუნებრივია, მაინც ვახერხებდი მუშაობასაც და ფულის დაგროვებასაც. მახსოვს, ახალ ფეხსაცმელს რომ ვიყიდდი, სპეციალურად ამოვსვრიდი ხოლმე ტალახში და ისე მიმქონდა ჩემს ოთახში, რადგან მოულოდნელად რომ მოსულიყვნენ შემოწმებაზე და ახალი ფეხსაცმელი აღმოეჩინათ ჩემთვის, ძალიან დიდი პრობლემები შემექმნებოდა," - იხსენებს ვახო.
"ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევად მივიჩნევ იმ ფაქტს, რომ თავშესაფრებში მცხოვრებ ადამიანებს გერმანიის მთავრობა ეხმარება არა მათი საჭიროებების მიხედვით, არამედ თვითონ აქვთ დადგენილი დახმარების კრიტერიუმები და აძლევენ ზუსტად იმ საკვებს და ტანსაცმელს, რაც გამოყოფილია. ამას გარდა, ამ ადამიანებს არ აქვთ გერმანიაში თავისუფლად გადაადგილების უფლება და ა.შ." - ამბობს გერმანიის ბუნდესტაგის წევრი ოპოზიციური პარტიიდან (Die LINKE) ულლა ჯელპკე.
"ჩვენ უკვე იმდენი გვაქვს გადახდილი ამ პოლიტიკური თავშესაფრების მომხმარებლებისთვის, რომ ახლა ჩვენი უმუშევრებისთვის აღარ გვაქვს ფული. ჩვენ ჩვენი პრობლემები გვაქვს და გვეყოფა," - ასეთია გერმანიის მმართველი პარტიის წარმომადგენლების პოზიცია.
უკანასკნელ წლებში გერმანიის მთავრობამ საგრძნობლად გაამკაცრა პოლიტიკური თავშესაფრის მიღების პროცედურა მიგრანტებისთვის. ეს პროცედურა დაახლოებით 5-6 წლის განმავლობაში გრძელდება და საბოლოოდ, თუკი დადებითი გადაწყვეტილება დადგება, ამ შემთხვევაში მიგრანტს არა მუდმივი, არამედ მხოლოდ დროებითი თავშესაფარი ეძლევა.
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მონაცემებით, 1990-2008 წლებში თავშესაფრის მოთხოვნით ევროპის წამყვან ქვეყნებსა და შეერთებულ შტატებს 79 122-მა ქართველმა მიმართა, მათ შორის 20 566 აპლიკაცია გერმანიის მთავრობის სახელზე შევიდა.
გზა II - "მინიმალურ ფასად"
სწორედ ასე ითარგმნება ფრანგულიდან ფრაზა – Au Pair. ამ სახელწოდების პროგრამით, რომელსაც საქართველოში "ოპერის პროგრამად" იცნობენ, გერმანიაში წელიწადში რამდენიმე ათეული ქართველი სტუდენტი მიემგზავრება. სტუდენტები პროგრამის ფარგლებში ცხოვრობენ მასპინძელ ოჯახებში, გერმანიაში, რის სანაცვლოდაც ისინი ვალდებულნი არიან ოჯახში დასაქმდნენ, როგორც ბავშვების ან მოხუცების მომვლელები და დამლაგებლები. ამისათვის მასპინძელი ოჯახები მათ სიმბოლურ გასამრჯელოს უხდიან - თვეში 260 ევროს და შიდა მგზავრობის თანხას. პარალელურად, სტუდენტები ვალდებულნი არიან გაიარონ ენის შემსწავლელი კურსები, რისთვისაც სემესტრში 600 ევროა გადასახდელი. მასპინძელი ოჯახები ვალდებულნი არიან აქედან მხოლოდ 100 ევროს დაფარვაზე, დანარჩენი თანხა თავად სტუდენტმა უნდა გადაიხადოს, თანაც ისე, რომ მას სხვაგან მუშაობის უფლება არ გააჩნია.
"თუკი ვინმე ჩამოდის აქ სასწავლებლად, დაე, ისწავლოს და არა - იმუშაოს. ის სამუშაოდ არ არის აქ მოწვეული. თუკი არალეგალურად დასაქმდებიან სტუდენტები, იმათაც დეპორტაციას გავუკეთებთ," - ამბობს მარიო შმიდბაუერი.
"ამ დროისთვის გერმანიაში 15 ათასი ქართველი ცხოვრობს," - ამბობს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე გიორგი ტაბატაძე.
"მაგრამ ყველაზე დიდი რაოდენობით არიან ოჯახებში მომუშავე გოგო-ბიჭები, რომლებიც ოპერებად ჩამოდიან. აქ მათი მიზანია თან სწავლა და თან მუშაობა, თუმცა ყველა, ცხადია, ვერ ახერხებს დღედაღამე სწავლას და მუშაობას. ძალიან ცოტას აქვს აქ დაფინანსება საქართველოდან - ოჯახიდან, ან მთავრობიდან," - ამბობს გერმანიაში ქართველთა სათვისტომოს თავმჯდომარე.
კანონების გამკაცრების მიუხედავად, ქართველ სტუდენტებს არ უჭირთ გერმანიაში შავი სამუშაოს მოძიება და იმდენი ფულის დაგროვება, რომ არა მხოლოდ თავიანთი სწავლის გადასახადის დაფარვა, არამედ საქართველოში დარჩენილი ოჯახის წევრებისთვისაც მოახერხონ თანხის გაგზავნა.
"დღეში რამდენიმე საათით ვახერხებ სხვაგან მუშაობასაც. ორ ოჯახში ვმუშაობ დამლაგებლად და მათთან კვირაში სამჯერ მიწევს მისვლა რამდენიმე საათით. იმდენს ვახერხებ, რომ აქაც მრჩება ფული და საქართველოშიც ყოველთვიურად 150-200 ევროს გაგზავნას ვახერხებ ჩემი ოჯახისთვის. იმ ოჯახში, სადაც ოპერად ვმუშაობ, ორი ბავშვი მყავს მოსავლელი, რომლებიც სკოლის მოსწავლეები არიან და ბევრი არაფერი მაქვს ხოლმე გასაკეთებელი," - ამბობს 25 წლის ნინო, რომელიც გერმანიაში ოპერად 7 თვის წინ ჩავიდა. მალე პროგრამით გათვალისწინებული ვადა ეწურება, თუმცა ამბობს, რომ ყველანაირად შეეცდება გერმანიაში ყოფნის გახანგრძლივებას. ამისთვის კი ქართველმა "ოპერმა" გოგონებმა ერთ საინტერესო გზას მიაგნეს, რომელიც გერმანელზე დაქორწინებაზე გადის.
გზა III - ქორწინება "Немецкий счет"-ით
"მე შემეძლო 10 ათას მარკად მომეწერა ხელი ფიქტიურად გერმანელთან და მიმეღო იქაური მოქალაქეობა," - ამბობს გიორგი ხონელიძე. ამ მხრივ გაცილებით უკეთესი პოზიციები აქვთ გოგონებს. შესაბამისად, ქორწინებას გერმანიაში ყოფნის გახანგრძლივებისა და ლეგალიზაციისთვის, ძირითადად, ქართველი "ოპერი" გოგონები მიმართავენ. ჩვენ გერმანიაში რამდენიმე მათგანს შევხვდით და თითქმის იდენტური ისტორიები მოვისმინეთ.
26 წლის ნათია ქველიძე გერმანიაში 3 წლის წინ წავიდა.
"მომივიდა მოწვევა ერთი გერმანული ოჯახიდან და ჩამოვედი ოპერად. როცა აქ მოვდიოდი, სწავლასთან ერთად, ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება იყო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი," - იხსენებს ნათია. იქ, საქართველოში, უმუშევარი დედა და სტუდენტი ძმა დატოვა. ამბობს, რომ ეკონომიურად ძალიან უჭირდათ და რომ დღემდე მისი ოჯახი მასზეა ფინანსურად დამოკიდებული.
"დედაჩემი ავადაა, მე უმუშევარი ვარ და ჩემი და რომ არ გვიგზავნიდეს ფულს, შიმშილისგან დავიხოცებოდით," - ამბობს ნათიას ძმა რომეო ქველიძე.
"საქართველო ძალიან მენატრება, ჩემიანები მენატრებიან, მამაჩემის საფლავი, მაგრამ უკან დაბრუნებას მაინც არ ვაპირებ, რადგან იქ არანაირი პერსპექტივა არ მაქვს," - ამბობს ნათია. ამ მტკიცე გადაწყვეტილების სისრულეში მოსაყვანად უკვე პირველი მტკიცე ნაბიჯიც გადადგა: რამდენიმე თვის წინ გერმანიის მოქალაქეზე დაქორწინდა.
"როცა თხოვდები აქ, ფაქტობრივად, სამუდამოდ ცხოვრების უფლებას იძენ. თუკი შვილიც გეყოლება, სანამ 18 წელი არ შეუსრულდება, აქ ყოფნის უფლება გაქვს," - ამბობს ნათია.
ასეთი სახის ქორწინებები ძალიან პრაგმატულია და მთლიანად "Немецкий счет"-ზეა აგებული.
"ბინის ქირაში ვიხდით 600 ევროს თვეში, რომელსაც თანაბრად ვინაწილებთ მე და ჩემი მეუღლე, ასევე, ვინაწილებით კვების და კომუნალურ ხარჯებსაც. ორივენი ვმუშაობთ და კვირის დღეებში თითქმის ვერ ვნახულობთ ერთმანეთს. სამაგიეროდ, შაბათ-კვირას ვატარებთ ერთად," - ამბობს ნათია. ნათიას სამუშაო დღე 05:30 საათზე იწყება, როდესაც ის მეტროთი, ან ველოსიპედით საბავშვო ბაღში მიდის, სადაც პრაქტიკას გადის, როგორც აღმზრდელი, რათა მომავალში ბაღის მასწავლებელი გახდეს. ახლა 125 ევრო აქვს ხელფასი, თუმცა 3 წელიწადში, როცა მასწავლებელი გახდება, 2000 ევროზე მეტი ექნება.
"16:30 საათამდე ვარ ბაღში, შემდეგ ვიძინებ. საღამოს 11:30 საათზე უნდა ვიყო კაზინოში და ბაღში წასვლამდე ვარ იქ," - ამბობს ნათია.კაზინოში არალეგალურად მუშაობს და იქ დაახლოებით 700-800 ევროს გამოიმუშავებს. საერთო ჯამში კი, მისი ყოველთვიური შემოსავალი 1000 ევროს ფარგლებში მერყეობს.
"ჩემი მეუღლეც მუშაობს და ამიტომ ეს თანხა ასე თუ ისე მყოფნის. საქართველოშიც ვახერხებ ხოლმე თვეში 200 ევროს გაგზავნას, თუმცა ამის შესახებ არაფერი იცის ჩემმა მეუღლემ და რომ გაიგოს, ძალიან გაბრაზდება," - ამბობს ნათია.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, გერმანიიდან ფულადი გზავნილების მოცულობამ 4 739 900 აშშ დოლარი შეადგინა მიმდინარე წლის 6 თვეში, ხოლო გასულ წელს – 7 189 700 აშშ დოლარი.
გზა IV - ციხის გავლით
მიუნხენის ციხეში სადეპორტაციო განყოფილება 2003 წელს გაიხსნა და იგი 140 ადამიანზეა გათვლილი. აქ ახლა 34 არალეგალი ჰყავთ განთავსებული სხვადასხვა ქვეყნიდან. ამ დროისთვის მათ შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან, თუმცა როგორც განყოფილების უფროსმა ტობიას პრეჩმა გვითხრა, სხვადასხვა დროს მათთან ქართველი არალეგალებიც ხვდებიან ხოლმე.
"სადეპორტაციო ციხეში მოხვედრის პროცედურა ასეთია: როდესაც ხდება არალეგალის დაკავება, უნდა შედგეს სასამართლო და სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მიყავს პოლიციას ეს პირი ციხეში," - განმარტავს ციხის ადმინისტრაციის უფროსი ვერნერ ბაუმანი.
სადეპორტაციო ციხეში არალეგალები 2 კვირიდან 18 თვემდე ვადით რჩებიან.
"გააჩნია, როგორ თანამშრომლობს ესა თუ ის ქვეყანა ჩვენთან," - ამბობს ბაუმანი. როგორც მისგან შევიტყვეთ, დაკავებული ქართველები ხშირად აცხადებენ ხოლმე უარს საელჩოსთან და ნათესავებთან კონტაქტზე, არადა, პროცედურის თანახმად, დაკავებულის იდენტიფიცირებისთვის აუცილებელია საელჩოებთან თანამშრომლობა.
"პროცედურა ასეთია: თუკი გერმანიაში დააკავებენ საქართველოს მოქალაქეს, რომელიც არალეგალურად იმყოფება იქ, უკავშირდებიან ჩვენს საელჩოს. ჩვენი საელჩო ამზადებს ყველა საჭირო დოკუმანტაციას, მათი გამომგზავრებისთვის, ხოლო გამომგზავრებას უზრუნველყოფენ გერმანიის სახელისუფლებო ორგანოები," - განმარტავს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე გიორგი ტაბატაძე. მისივე ინფორმაციით, გასულ წელს გერმანიიდან 600-მდე საქართველოს მოქალაქე იქნა დეპორტირებული.
"დეპორტირებულს მომდევნო 5 წლის განმავლობაში აღარ შეუძლია გერმანიაში დაბრუნება, ხოლო თუ 5 წლის მერე დაბრუნდება, ის ვალდებულია ყველა ხარჯი დაფაროს, რაც გერმანიის მთავრობამ მისი დეპორტაციისთვის გაიღო," - ამბობს მიგრაციის საკითხებზე მომუშავე გერმანული არასამთავრობო ორგანიზაციის "Café 104"-ის დამფუძნებელი ბირგიტ პოპერტი.
გერმანული კანონმდებლობის თანახმად, თუკი 18 თვის ვადაში ვერ მოხერხდება დაკავებული არალეგალის იდენტიფიცირება, იგი ავტომატურად თავისუფლდება ციხიდან.
"ქართველები, როდესაც ხდება მათი დაკავება, ხშირად ამბობენ, რომ არიან აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან, რათა გაიხანგრძლივონ აქ ყოფნა. საქმე ის არის, რომ არაღიარებულ რესპუბლიკებში არ ხდება დეპორტაცია," - განმარტავს ტობიას პრეჩი.
ტრანზიტული გზები
"გერმანიაში გამგზავრების ყველა მსურველს შეუძლია მიმართოს ამათუიმ ქვეყანაში გერმანიის საელჩოს, თუმცა, ცხადია, ყველა ვერ მიიღებს ვიზას. ჩვენთან ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან მიგრაცია ძალიან რთულია," - ამბობს მარიო შმიდბაუერი.
თუმცა, ასეთი, ე.წ. მესამე რიგის ქვეყნების მოქალაქეები ევროკაშვირის ქვეყნებში შეღწევას მაინც ახერხებენ: ზოგჯერ ლეგალურად და ზოგჯერ არალეგალურადაც.
"საქართველოს მოქალაქეები რომ წავიდნენ დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, ჭირდებათ შენგენის ვიზა და ეს ძალიან რთულად მისაღებია მათთვის," - ამბობს "მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის" საქართველოს ოფისის პროგრამების ოფიცერი მარკ ჰულსტი.
ამის გამო საქართველოს მოქალაქეები ხშირად სატრანზიტო მარშრუტებს იყენებენ.
"ძირითადი გზები, თუ როგორ ხვდებიან საქართველოს მოქალაქეები დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, ასეთია: 1. თურქეთის გავლით - საბერძნეთში და შემდეგ იტალიაში; 2. უკრაინის გავლით - სლოვაკეთში, უნგრეთში, ან ავსტრიაში და 3. ჩეხეთის გავლით გერმანიაში, ან ავსტრიაში," - ამბობს მარკ ჰულსტი.
ამ დროისთვის საქართველოში ყველაზე პოპულარული თურქეთ-საბრძნეთის მარშრუტია, თუმცა 1990-ანი წლების ბოლოს და 2000-02 წლებში ყველაზე გავრცელებული სატრანზიტო მარშრუტი ჩეხეთსა და პოლონეთზე გადიოდა, საიდანაც ძალიან ადვილი იყო გერმანიასა და ავსტრიაში არალეგალურად შეღწევა, ანუ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა.
"2001-05 წლებში ბევრი ქართველი იყო ჩეხეთში. ისინი ჩეხეთს გამოიყენებდნენ გერმანიაში ტრანზიტისთვის. შენგენის შემოღების შემდეგ, 2007 წლის დეკემბრიდან, ჩეხეთი სატრანზიტოს ნაცვლად მიმღები ქვეყანა გახდა მიგრანტებისთვის," - ამბობს "მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის" ჩეხეთის ოფისის ხელმძღვანელი ლუსი სლადკოვა.
ამჯერად დასავლეთ ევროპაში მოსახვედრად საქართველოს მოქალაქეები ყველაზე მეტად დსთ-ს ქვეყნებს გამოიყენებენ, მათ შორის უკრაინის სატრანზიტო მარშრუტს, თუმცა ბოლო დროს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიმართულებით უკრაინიდანაც საგრძნობლად გართულდა გადაადგილება.
"ადრე გერმანიაში ძალიან ბევრი ადამიანი, ძირითადად კი, ქალები, მუშაობდნენ პოლონეთიდან და ჩეხეთიდან მიზერულ ხელფასებზე, რაც ხელს აძლევდა გერმანიის ეკონომიკის განვითარებას. თუმცა, როგორც კი გაიხსნა პოლონეთი-გერმანიის საზღვარი, მაშინვე დაიხურა პოლონეთი-უკრაინის საზღვარი. ეს უსამართლობა და შეუსაბამობაა," - ამბობს გერმანიის ბუნდესტაგის ოპოზიციონერი წარმომადგენელი ულლა ჯელპკე.
პირობების გამკაცრების მიუხედავად, 33 წლის ვალერიმ უკრაინიდან გერმანიაში მანქანით ჩასვლა უპრობლემოდ მოახერხა. ჩვენ მას მიუნხენის სადეპორტაციო ციხეში შევხვდით.
"როგორც კი აქედან გამიშვებენ და ჩავალ უკრაინაში, იმავე წუთიდან დავიწყებ იმაზე ფიქრს, თუ როგორ დავბრუნდე უკან - გერმანიაში. მე ერთჯერ უკვე ვარ დეპორტირებული და მაინც მოვახერხე აქ ჩამოსვლა. ამდენად, დარწმუნებული ვარ, კიდევ ჩამოვალ," - ამბობს ვალერი.
როგორც მისგან გავარკვიეთ, უკრაინიდან გერმანიაში ჩასვლა 2500 ევრო დაუჯდა მაშინ, როცა საქართველოდან გერმანიაში მოხვედრა 6000-დან 8000 ევრომდე მერყეობს სხვადასხვა ფირმების შუამავლობით. ამის გამო, საქართველოს მოქალაქეებმა უკრაინის სატრანზიტო მარშრუტის ათვისება წარმატებით მოახერხეს. უვიზო რეჟიმის წყალობით ისინი უპრობლემოდ მიემგზვრებიან უკრაინაში და იქიდან დასავლეთ ევროპის ქვეყნებში.
გზები, რომელსაც გერმანიის მთავრობა მიმართავს მიგრაციის შესამცირებლად
"გერმანიაში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები არალეგალურის ნაცვლად, შეგნებულად ვიყენებთ ტერმინს – არალეგალებად ქცეული მიგრანტები, ქვეყანაში არსებული უმკაცრესი კანონებიდან გამომდინარე," - ამბობს ბირგიტ პოპერტი, მიგრაციის საკითხებზე მომუშავე გერმანული არასამთავრობო ორგანიზაციის "Café 104"-ის დამფუძნებელი.
"4 მილიონი უმუშევარი გვყავს ჩვენ თვითონ და რაში გვჭირდება სხვა ქვეყნიდან მუშახელი? 100 მილიარდი ევროს ზარალი მოაქვს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის შავ მუშა-ხელს. ხშირად ამბობენ, რომ გერმანიაში შემწვარი მტრედებიც კი ყვავიან ხეებზეო, მაგრამ ეს ასე არ არის. გერმანიას არ შეუძლია ყველას პრობლემა გადაწყვიტოს მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც. ჩვენთან ფინანსური კრიზისია და კიდევ უფრო გამწვავდება სიტუაცია. ჩვენ მთელი აღმოსავლეთ ევროპის ხალხს ვერ გადავარჩენთ," - გვითხრა მმართველი პარტიის სახელით მიუნხენის ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელმა მარიო შმიდბაუერმა.
"ბუნებრივია, პოლიტიკოსებმა გაცილებით ადრე იცოდნენ ეკონომიკური კრიზისის თაობაზე და შესაბამისად, ძალიან გაამკაცრეს პოლიტიკა მიგრანტებთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, ბევრი პოლიტიკოსი ამბობს გერმანიაში: აქ ისეთი პირობები უნდა შეიქმნას დევნილებისთვის, რომ არ გაეჩერებოდეთო," - ამბობს ბუნდესტაგის წევრი ოპოზიციური პარტიიდან ულლა ჯელპკე.
არალეგალური მიგრანტების დევნაში, გერმანული კანონმდებლობის თანახმად, არა მხოლოდ საიმიგრაციო პოლიცია და სხვა ძალოვანი უწყებები, არამედ თითქმის მთელი საზოგადოებაა ჩართული.
"გერმანიაში ოფიციალური პირები ვალდებულნი არიან გაამჟღავნონ არალეგალების შესახებ ინფორმაცია. იგივე ვალდებულება ეკისრებათ პედაგოგებსა და მედიკოსებსაც. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი კანონის შესაბამისად დაისჯებიან," - ამბობს არასამთავრობო ორგანიზაციის "Café 104"-ის დამფუძნებელი ბირგიტ პოპერტი. სწორედ ამ და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების ძალისხმევით მოხერხდა ამ კანონის შეცვლა ქალაქ მიუნხენში, სადაც არალეგალების "დასმენის" პასუხიმგებლობისგან ოფიციალურად იქნენ გათავისუფლებულები პედაგოგები და მედიკოსები.
"საქმე ის არის, რომ თუკი იქნება ბაზარი არალეგალური მიგრანტებისთვის, ამას კანონის გამკაცრება ვერაფერს მოუხერხებს. მიგრანტები მაინც ჩამოვლენ," - ამბობს ფილიპ ანდერსონი, გერმანელი ექსპერტი მიგრაციის საკითხებში.
კანონის თანახმად, გერმანიაში მკაცრად ისჯება არალეგალის დამსაქმებელიც.
"თუკი რომელიმე ფირმა, ან პირი დაასაქმებს არალეგალს, მათ წინააღმდეგაც იღძვრება სისხლის სამართლის საქმე, ეკისრებათ ჯარიმების გადახდა და შეიძლება ბიზნესიც ჩამოერთვათ," - ამბობს შმიდბაუერი, თუმცა მკაცრი კანონების მიუხედავად, გერმანიაში ამ დროისთვის მილიონი არალეგალური მიგრანტი იმყოფება. საქართველოს მოქალაქეების წილი ამ ციფრში მიზერულია. მიგრანტების რაოდენობით გერმანიაში თურქები ლიდერობენ და მათ ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნების მოქალაქეები მოსდევენ.
"გერმანელებს აქვთ მენტალური პრობლემებიც. მაგალითად, აშშ მიგრანტების ქვეყანაა, გერმანიაში კი ამას ძალიან ნეგატიურად და ვიწროდ უყურებენ. "სტუმარი მუშები" - ასე ხედავენ აქ მიგრანტებს," - ამბობს ანდერსონი.
"სტუმარი მუშების" შესახებ სტერეოტიპის ჩამოყალიბებამ გერმანიაში 1950-ანი წლებიდან აიღო სათავე. 1955-1973 წლებში დაახლოებით 14 მილიონი მოწვეული მუშახელი მიიღო გერმანიამ ხმელთაშუაზღვისპირა ქვეყნებიდან, შესაბამისი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე. დროებით დასაქმებულ მუშათა მოწვევა გერმანიის მთავრობამ 1973 წელს შეწყვიტა, როდესაც იქ 2.7 მილიონი ასეთი მუშა იმყოფებოდა.
"მაშინ არავინ ფიქრობდა, არც გერმანიაში და არც ეს მიგრანტები, რომ ისინი სამუდამოდ დარჩებოდნენ გერმანიაში, მაგრამ ეს ასე მოხდა - ისინი შეერივნენ ადგილობრივებს. არადა, როდესაც მათი შემოსვლა დაუშვეს, ასეთი ილუზია იყო, რომ ეს იქნებოდა დროებითი, მოკლევადიანი მიგრაცია," - ამბობს ანდერსონი.
"ჩვენ დღეს 10 მილიონი მაცხოვრებელი გვყავს, რომლებიც ოდესღაც მიგრანტები იყვნენ. მთავარი შეცდომა ევროკავშირის დღევანდელი საიმიგრაციო პოლიტიკისა არის ის, რომ არ იხილება მიზეზები, თუ რის გამო ხდებიან ამათუიმ ქვეყნებიდან ადამიანები მიგრანტები. მე მიმაჩნია, რომ არავინ ტოვებს სამშობლოს თავისი ნებით და რომ ყოველთვის არსებობს ამისთვის რაიმე მიზეზი და ამ მიზეზის გარკვევაა მთავარი," - ამბობს ულლა ჯელპკე.
გზა, რომელსაც საქართველოს მთავრობა ადგას
"საქართველოსთვის არალეგალური მიგრაცია არ წარმოადგენს პრობლემას, ეს ევროკავშირის პრობლემაა," - ამბობს გიორგი ტაბატაძე. შესაბამისად, სწორედ ევროკავშირის მოთხოვნით ხორციელდება საქართველოში რეფორმები მიგრაციის დონის შესამცირებლად. პირველ რიგში, ეს ეხება რეადმისიის შეთანხმების გაფორმებას ევროკავშირთან, რაც გულისხმობს ევროკავშირის ქვეყნებიდან არალეგალი ქართველების ნებაყოფლობით და ლეგალურ დაბრუნებას სამშობლოში და მათთვის ფინანსური დახმარების უზრუნველყოფას.
"საქართველო ისედაც იბრუნებს თავის მოქალაქეებს უკან, უბრალოდ ამ შეთანხმებაზე ხელის მოწერის შემდეგ, ვალდებული იქნება სხვა ქვეყნის მოქალაქეებიც მიიღოს, თუკი ისინი საქართველოს გავლით შეაღწევენ ევროკავშირის ქვეყნებში. მაგალითად, თუკი ნიგერიის მოქალაქე თბილისის აეროპორტის გავლით ჩავა მიუნხენში და იქ მას დაიჭერს საიმიგრაციო პოლიცია, როცა დამთავრდება გამოძიება და ნიგერიის მთავრობა უარს იტყვის ამ მოქალაქის დაბრუნებაზე, გერმანიის მთავრობა მას გამოაძევებს საქართველოში," - ამბობს მარკ ჰულსტი.
რეადმისიის შეთანხმებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობასა და ევროკავშირის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკება მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო და უახლოეს პერიოდში უნდა დასრულდეს. ხოლო წლის ბოლოსთვის კი, კიდევ ერთი შეთანხმების გაფორმება იგეგმება, რომელიც ვიზების გამარტივებას ეხება, რის შემდეგაც საქართველოს მოქალაქეების გარკვეული კატეგორიებისთვის ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებით გაცილებით გაადვილდება გადაადგილება. საქართველოს მთავრობაში იმედოვნებენ, რომ ვიზების გამარტივება ხელს შეუწყობს ქართველების არალეგალური მიგრაციის შემცირებას ევროკავშირის ქვეყნებში.
გამარჯობა ჩემი სახელია აგნესა დემეტრე მე ვარ სავანე, მაგრამ მე გადავდივარ ბელგიასთან ერთად ჩემი ქმარი მე საინტერესო ისტორიები წაიკითხე იმაზე, თუ როგორ გატეხილი ურთიერთობები დამონტაჟებულია ძლიერი ჯადოსნური სპლოლისტების მიერ. მე ვფიქრობდი, რომ ეს იყო ყველა სიცრუე, სანამ მე მქონდა მსგავს პრობლემებზე ჩემი მეუღლეთან ურთიერთობა, რომელთანაც მე დაქორწინებული ვარ დიდი ხნის განმავლობაში და ორ შვილთან ერთად კურთხეული ვიყავი, გაოცებული ვიყავი, როცა სახლში მოვიდა სხვა ქალთან და ინფორმირება. ის დაღლილი ჩემთვის არ არის მიზეზი, ვცდილობ მას ვკითხე, რა არის პრობლემა ჩემი სიტყვები დაეცა ყრუ ყურები, უნდა გადავიდეს, რადგან მე არ შემიძლია ტკივილი კიდევ ერთი ქალი დაინახა იმავე სახურავზე ჩემთან ერთად მე გაანადგურა და გულუბრყვილოდ ამ პერიოდში, მე უნდა ინფორმირებული მეგობარი ჩემი გამოცდილება, მან მითხრა, რომ არ ინერვიულოთ, რომ ჩემი კაცი იქნებოდა დავბრუნდებით ჩემთვის მე გაოცებული როგორ აპირებს შესაძლებელი, მან მითხრა, რომ იგი აპირებს დანერგვა ჩემთვის სპიკერის სახელწოდებაა დიგბინოვია, რომელიც ძალიან ძლიერი სპიკერია. თავდაპირველად, ეჭვი მქონდა, რადგან მე არ მჯერა რამეები, როგორიც მე არ მქონია კასტერი და მან მითხრა, რა უნდა გააკეთოს და მე იძულებული და გავაკეთე ის, რაც მან მთხოვა, რომ მითხრა, რომ ეს რომ ჩემი მეუღლე მოვუწოდებ და მივმართავ ჩემს გზას, რომ ჩემი მეუღლე მოვიდა და პატიება მივმართე მხოლოდ ორი დღის განმავლობაში, ჩემი ყველაზე მოულოდნელი, ჩემი ქმარი მომდევნო დღეს დამიძახა და ტირილი დაიწყო ჩემთვის აპატიე მას, რომ ის არ დარჩებოდა საღი აზრიდან ამ მომენტამდე. მე ყოველთვის უკვირს ამ დიდ სასწაულს, რომელიც ჩემს ცხოვრებაში მოხდა, ჩემი მეუღლე და ორი შვილი ერთმანეთთან ერთად ვართ და ჩვენ უფრო ბედნიერნი ვართ, თუ ვინმეს განიცდის ასეთი ურთიერთობის პრობლემა თქვენს ურთიერთობაზე, doctorigbinovia93@gmail.com ასევე შეგიძლიათ Whatsapp მას +2348144480786 ნუ ნება ვინმეს despise თქვენი ურთიერთობისათვის?
ReplyDelete