Monday, December 6, 2010

ფეთქებადსაშიში ზონა და „ბრალდებული გარდაცვლილები“


ტყიბულის მინდელის სახელობის შახტაში წელს ორი აფეთქება მოხდა, რასაც 8 ადამიანი შეეწირა. ორივე ფაქტზე გამოძიებას შსს–ს იმერეთის, რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს დეტექტივების სამმართველო აწარმოებს, თუმცა გამოძიებას საბოლოო დასკვნა ამ დრომდე არ გამოუქვეყნებია, თუმცა, წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება გარდაცვლილ მეშახტეების „დაუდევრობას“ მიეწერება.


2 მარტი, 22:20 საათი, მე–11 უბანი...


2010 წლის 2 მარტს ტყიბულის მინდელის სახელობის შახტის მოსამზადებელი უბნის უფროსმა დავალება გასცა და მე–11 უბანზე სამუშაოდ მესამე ცვლა ჩავიდა. ცვლა შემდეგი შემადგენლობით იყო დაკომპლექტებული: მინდელის სახელობის შახტის მოსამზადებელი უბნის სამთო ოსტატი – 66 წლის მიზდონ ონიანი, ამავე შახტის ელ. ზეინკლები – 53 წლის გიორგი ბრეგაძე და 71 წლის ჯემალ ჯიშიაშვილი, მოსამზადებელი უბნის გამყვანები – 29 წლის მურმან კუბლაშვილი და 38 წლის ბესო ზოსიაშვილი.
უბნის უფროსს ამ დროისთვის უკვე ჰქონდა ინფორმაცია, რომ უბანზე, სადაც მესამე ცვლას უნდა ეწარმოებინა სამუშაოები, მაგნიტური გამშვები დაზიანებული იყო, რომელიც ქსელში იყო ჩართული და ელექტროენერგიის გათიშვას იწვევდა. ამის მიუხედავად, ცვლის თანამშრომლებს შახტაში მაინც უშევებენ.
ზუსტად 22:20 საათზე ძიძიგურის სახელობის შახტის #15 უბნის მუშებს #11 უბნიდან აფეთქების ხმა მოესმათ. აფეთქების ხმა გაიგეს მინდელის სახელობის შახტის #5 და #7 უბნებშიც, საიდანაც მუშები შემთხვევის ადგილისკენ გაემართნენ. შემთხვევის ადგილზე მისულებს მესამე ცვლის ოთხი თანამშრომელი გარდაცვლილი დაუხვდა, სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა მხოლოდ ბესო ზოსიაშვილი.


„თუ არსებობს დანაშაულის ელემენტი, გამოიკვეთება ყველა პირი“


ამ სიტყვებით გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ–მინისტრი ნიკა გილაური 2 მარტის აფეთებას, რომელიც მაშინვე ჩავიდა შემთხვევის ადგილზე და განაცხადა, რომ აფეთქების გამომწვევ მიზეზებს სამთავრობო კომისია დაადგენდა.
„ახალი გაზეთი“ დაინტერესდა, თუ შეიქმნა თუ არა სინამდვილეში სამთავრობო კომისია, როგორც ეს ნიკა გილაურმა განაცხადა 2 მარტს ტყიბულში ვიზიტისას და რა საქმიანობა გასწია ამ კომისიამ აფეთქების გამომწვევი მიზეზების დასადგენად. შესამისი ინფორმაცია ჩვენ საქართველოს მთავრობის კანცელარიიდან გამოვითხოვეთ, საიდანაც ასეთი პასუხი მივიღეთ: „თქვენ მიერ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია საქართველოს მთავრობის კანცელარიაში დაცული არ არის“.
2 მარტის აფეთქებას ტყიბულში მაშინ პრეზიდენტის ადმინისტრაციაც გამოეხმაურა: „სამომავლოდ ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, რომ მსგავსი ინციდენტი თავიდან ავიცილოთ,“ - განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ.
დაახლოებით 5 თვეში ტყიბულის მაღაროში აფეთქება ისევ განმეორდა.


27 აგვისტო, ისევ აფეთქება და ისევ მინდელის შახტა


მინდელის სახელობის შახტაში მესამე ცვლის 10 თანამშრომელი შევიდა. სამუშაოს დაწყებიდან დაახლოებით ნახევარ საათში აფეთქების ხმა გაისმა. სამი თანამშრომელი – ლაშა ბოჭორიშვილი, იოსებ (სოსო) ობოლაძე და პაატა მოდებაძე ადგილზევე დაიღუპა. მალხაზ ჭანტურიძე – საავდმყოფოში ორდღიანი მკურნალობის შემდეგ. მძიმედ დაშავდა 6 თანამშრომელი, მათი მკურნალობა დამწვრობის ცენტრში თითქმის ორი თვის განმავლობაში გრძელდებოდა. დაშავებულები ამბობენ, რომ აფეთქების შედეგად შერყეული ჯანმრთელობის გამო, მუშაობას ვეღარასდროს შეძლებენ.


„ასე გაგრძელება აღარ შეიძლება!"


ასე უკვე პრეზიდენტი სააკაშვილი გამოეხმაურა 27 აგვისტოს აფეთქებას. მიხეილ სააკაშვილი ტყიბულში 28 აგვისტოს ჩავიდა და განაცხადა: "მე დავავალებ მთავრობას, აქ მუდმივად იმუშაონ უსაფრთხოების ინსპექტორებმა, რომ მდგომარეობა მუდმივად გააკონტროლონ“. აფეთქების გამომწვევი მიზეზების დადგენა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა.


რა გამოიძია შსს–მ?


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე არ დაუსრულებია არც 2 მარტის და 27 აგვისტოს აფეთქების მიზეზების გამოძიება.
„ახალი გაზეთის“ შეკითხვაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ზვიად თავართქილაძემ წერილობით გვიპასუხა: „გაცნობებთ, რომ გამოძიებას ატარებს იმერეთის, რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს დეტექტივების სამმართველო.სისხლის სამართლის საქმეებზე საბოლოოდ საპროცესო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ამ ეტაპზე ტარდება ინტენსიური საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ავარიის გამომწვევი მიზეზებისა და დამნაშავე პირების დადგენის მიზნით“.
იმის გამო, რომ შსს–ს ამ დრომდე დაუსრულებია გამოძიება და შესაბამისი დასკვნა არ გამოუქვეყნებია, აფეთქების შედეგად დაზარალებულები ფულად კომპენაციებსაც ვერ იღებენ, რაც მათ კონტრაქტის შესაბამისად სადაზღვევო კომპანიამ უნდა აუნაზღაუროს.
„სადაზღვევო კომპანიაში მითხრეს, რომ ელოდებიან გამოძიების საბოლოო დასკვნას, რომ გასცენ კომპენსაცია“ – ამბობს „ახალ გაზეთთან“ საუბარში ერთ–ერთი დაზარალებული გია ობოლაძე.


დასკვნა, რომელიც გარდაცვლილებს ადანაშაულებს


მინდელის სახელობის შახტაში 2 მარტს მომხდარი აფეთქების მიზეზების დადგენის მიზნით, სპეციალური კომისია თავად „საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა“ შექმნა, რომლის შვილობილი კომპანია „საქნახშირი“ არის ტყიბულის შახტების ოფციალური მესაკუთრე 2006 წლიდან. კომისია შემდეგი შემადგენლობით დაკომპლექტდა: სსიპ გ. წულუკიძის სამთო ინსტიტუტის ღია სამთო სამუშაოებისა და აფეთქებების ტექნოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი სერგო ხომერიკი, ამავე ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი ნუგზარ კუკულაძე, შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მშენებარე ობიექტების დისტანციის უფროსი გოდერძი ჭოლიკიძე, საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის ინსპექციის სამთო საწარმოთა და ბურღვა–აფეთქებითი სამუშაოთა ზედამხედველობის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი მერაბ მეგრელიძე, ტყიბულის რაიონის გამგებლის თანაშემწე იურიდიულ საკითხებში თემურ ძაგნიძე, შპს „საქნახშირი (ჯი–აი–ჯი ჯგუფი)“–ს კორპორაციული მართვის დირექტორი ავთანდილ ბოჭორიშვილი და ამავე კომპანიის შრომის დაცვისა და უსაფრთხოების ტექნიკის სამსახურის უფროსი გულჯერი გვენეტაძე. კომისიას სს „მადნეულის“ სამცნიერო–საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე ზაზა გორდეზიანი ხელმძღვანელობდა.
კომისიამ სპეციალური გამოკვლევის აქტზე მუშაობა 2010 წლის 15 მარტს დაასრულა და დაადგინა 2 მარტს მომხდარი აფეთქების შემდეგი მიზეზი: „მზადებითი უბნის ცვლის პერსონალის მიერ დაირღვა ელ. მოწყობილობების უსაფრთხო ექსპლუატაციის წესები.“
კომისია დასკვნაში ასე აღწერს უბედური შემთხვევის გარემოებებს:
„მომხდარი ავარიის შემდეგ ადგილზე მისული ცვლის პერსონალისა და სამთო მაშველთან ერთად მისული ტექნიკური ხელმძღვანელობის მიერ დაფიქსირებული იქნა კვერშლაგის თავში შუროსთან დადგმული ელ. მოწყობილობების, მაგნიტური გამშვების სახურავების გახსნილი მდგომარეობა...აირის (მეთანის) აფეთქების მიზეზები არის ის, რომ დაგაზიანებული გვირაბის განიავება დაიწყო გაუმართავი, თავსახურახდილი ელექტრომოწყობილობის პირობებში, რაც გახდა ნაპერწკლის წარმოქმნის მიზეზი, რამაც თავის მხრივ, გამოიწვია მეთანის აალება ელექტრომოწყობილობის ზონაში. აალების შედეგად მოხდა მეთანის აფეთქება.“
კომისიის წევრი ავთანდილ ბოჭორრიშვილი, რომელიც იმავდროულად კომპანია „საქნახშირის“ თანამშრომელია, „ახალ გაზეთთან“ საუბარში განმარტავს, რომ „ელექტრომოწყობილობები, რომელიც შახტაშია დამონტაჟებული, არის უსაფრთხო შესრულების. უსაფრთხო შესრულების ელექტრომოწყობილობებს სახურავები ჰქონდა მოხსნილი, კერძოდ ორ მაგნიტურ გამშვებს და მუშები ღია მდგომარეობაში აწარმოებდნენ მის შემოწმებას.“ მისივე თქმით, ცვლის უფროსი იყო პასუხისმგებელი შესაბამისი ნორმატივების დაცვაზე.
ცვლის უფროსი – მიზდონ ონიანი, რომელსაც კომისიამ დააკისრა მთლიანი პასუხისმგებლობა მომხდარზე, აფეთქების დროს დაიღუპა. დაიღუპნენ ელ. ზეინკლებიც – ბრეგაძე და ჯიშიაშვილი, რომლებმაც კომიისის მტკიცებით, „ისე ჩართეს ვენტილატორი, რომ ელ. მაგნიტურ გამშვებებს არ დაახურეს სახურავი, დაგროვილი გაზი მოირეცხა სანგრევიდან, მიიღო ნაპერწკალი ხუფ–ახდილ ელ.გამშვებებიდან, რამაც გამოიწვია მეთანის აალება და შემდგომში აფეთქება, რასაც მოჰყვა უბედური შემთხვევა“.
ერთადერთი, ვინც 2 მარტის აფეთქების უშუალო თვითმხილველია, ბესო ზოსიაშვილია, თუმცა ზოსიაშვილი ამბობს, რომ საერთოდ ვერაფერს იხსენებს იმასთან დაკაშვირებით, თუ რა მოხდა სინამდვილეში 2 მარტს მინდელის სახელობის შახტის მე–11 უბანში და შესაბამისად, რამ გამოწვია აფეთქება?
„საერთოდ არაფერი მახსოვს, რა და როგორ მოხდა, ძალიან მძიმედ ვიყავი დაშავებული,“ – ამბობს ბესო ზოსიაშვილი „ახალ გაზეთთან“ საუბარში.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ ელ.ზეინკლებს – ბრეგაძესა და ჯიშიაშვილს, რომლებმაც, კომისიის დასკვნის მიხედვით, ვერ უზრუნველყვეს ელ. მოწყობილობების უსაფრთხო ექსპლუატაციის წესების დაცვა, გარდა იმისა, რომ შახტაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება ჰქონდათ, ასევე, 2009 წელს აქვთ გავლილი მიწისქვეშა ელ.ზეინკალთა საკვალიფიკაციო და შრომის დაცვის უსაფრთხოების წესების სწავლება. რაც შეეხება კიდევ ერთ „ბრალდებულ“ გარდაცვლილს – მიზდონ ონიანს, მას შახტაში მუშაობის 35–წლიანი სტაჟი ჰქონდა.
როგორ დადგინა კომისიამ, რომ გარდაცვლილებმა მაგნიტურ გამშვებებს სახურავი არ დაახურეს და ისე ჩართეს ვენტილატორი? – „ახალი გაზეთის“ ამ შეკითხვას ავთანდილ ბოჭორიშვილმა ასე უპასუხა: „როდესაც ჩავიდა მიცვალებულების ამოსაყვანად კომისიის შემადგენლობა, ნახა, რომ მოხსნილი ჰქონდა თავები“. კომისიის შემადგენლობიდან, მხოლოდ ორ წევრს – ავთანდილ ბოჭორიშვილსა და გულჯერი გვენეტაძეს შეეძლოთ 2 მარტს შემთხვევის ადგილზე ჩასვლა და „უთავსახურო მაგნიტური გამშვებების აღმოჩენა“, რომლებიც „საქნახშირის“ ხელმძღვანელი პირები არიან და შესაბამისად, ადვილად სავარაუდოა, რომ ამ ვერსიის განვითრებისას კომპანიის ინტერესებიდან ხელმძღვანელობდნენ.
„ახლა ამბობენ, თითქოს სახუფი არ მუშაობდა ვენტილაციისო. ეს არის სისულელე, გადმოაბრალეს ამათ! საიდან იციან – დახურული იყო, თუ არა? ხალხი იწვოდა, ღამის 10 საათზე რომ მოხდა აფეთქება და 5–6 საათის მერე ამოიყვანეს შახტიდან“ – ამბობს ზაირა ბუხაიძე, მიზდონ ონიანის მეუღლე და იქვე აგრძელებს – „ჩვენამდე არც გამომძიებელი მოსულა და არც რომელიმე კომისიის წევრი. სრულ გაურკვევლობაში ვართ და დამნაშავედ ვგრძნობ თავს, რომ ამდენი ხანი გავიდა და ვერაფერი გავარკვიე, როგორ დაიღუპა ჩემი მეუღლე“.


„ახლაც ასე არ დაწერენ და ჩვენ არ დაგვაბრალებენ ყველაფერს?!“


ამბობენ მეშახტეები, რომლებიც 27 აგვისტოს აფეთქებას ცოცხლები გადაურჩნენ, კომისიის მოსალოდნელი დასკვნის თაობაზე. თუმცა „საქნახშირის“ კომისიის დასკვნა 27 აგვისტოს აფეთქებასთან დაკავშირებით ჯერ–ჯერობით არ არსებობს. შესაძლოა, იმიტომაც, რომ მეორე აფეთქებას გაცილებით ბევრი თვითმხილველი გადაურჩა ცოცხალი და აქ „ელექტროხუფების“ მოტივი, ალბათ, ვეღარ იმუშავებს.
ლევან ქურციკიძე 27 წლისაა, სხეულის მოცულობის 45% დამწვარი აქვს. ექიმების გადაწყვეტილებით, მზის სინათლეს კიდევ ერთი წელი ვერ იხილავს, ახალ სამსახურზე კი საუბარიც ზედმეტია, ყოველ შემთხვევაში, უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში. ასეთია მისი ცხოვრებისთვის 27 აგვისტოს აფეთქების გამოძახილი. იმ დღის გახსენება ძალიან უჭირს: “წამებში მოხდა ყველაფერი, გავითიშე, თუმცა აზრზე მალე მოვედი. გვერდზე დავინახე თემურ დალაქიშვილი ეგდო და გამაგონა იმან ცოცხალი ვარო, დანარჩენები უკვე მკვდრები იყვნენ. მერე ნელა–ნელა ჩემი ფეხით გამოვედი შახტიდან“.
მუშაობა შახტაში სამი წლის წინ დაიწყო. ამბობს, რომ თანამშრომლებს ძალიან მძიმე პირობებში უხდებათ მუშაობა: „ვენტილაციის სისტემაა გაუმართავი. წესით, შახტაში 400 კუბი ჰაერი უნდა იყოს და არის 150 კუბი. რომც არაფერი გაგვეკეთებინა, მაინც ვიოფლებოდით, ისეთი უჰაერობაა.“ არც იმას მალავს, რომ კომპანიის ხელმძღვანელობა ამის თაობაზე ინფორმირებული იყო, „მაგრამ მაგაზე არ იკლავდნენ თავს“ – ამბობს ლევან ქურციკიძე. მისივე თქმით, მეშახტეებს ხშირად არც სპეცტანსაცმელი ჰქონდათ და არც სათანადო პირობები სამუშაოდ. „ახალი გაზეთის“ შეკითხვაზე– ოდესმე მოგითხოვიათ, რომ ეს პირობები შეექმნათ თქვენთვის? – ქურციკიძემ გვიპასუხა: „ვინ დაგალაპარაკებს მაგას თუ არა კი?! ერთი სიტყვა და გამოგიშვებენ სამსახურიდან.“
სამსახურის დაკარგვა კი ძალიან ძნელია, მითუმეტეს – ტყიბულში და მითუმეტეს მაშინ, როცა 650 ლარს შეადგენს ხელფასი.
გია ობოლაძე 49 წლისაა. 27 აგვისტოს მომხდარი აფეთქების შედეგად სხეულის საერთო მოცულობის 40%–ის დამწვრობა მიიღო, ცალი ფეხის ამპუტაციაც დაჭირდა. საავადმყოფოდან ცოტა ხნის წინ გამოწერეს და ახლა მკურნალობას შინ აგრძელებს.
„სინამდვილეში რა მოხდა, ვერ გეტყვი, ეს მოხდა წამებში... რამ გამოიწვია, როგორ მოხდა, ვერაფერს გეტყვით. უნდა ვივარაუდოთ ყველანაირად, რომ ვენტილაციის სისტემა იყო გაუმართავი“ – ამბობს გია ობოლაძე.
აფეთქების გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით მისი ვერსია ასეთია: „შახტაში ყველა უბანს თავისი ავტონომიური ვენტილაციის სისტემა აქვს: დგას ძალიან დიდი ვენტილატორი და ის წნევით სუფთა ჰაერს უბერავს იმ სანგრევში, სადაც არის ნახშირის მოპოვება. შესაძლოა, თვითონ ვენტილატორი გამართულად მუშაობდა, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ ოთახი, სადაც არის გაზი, ამ ოთახში უბერავს სუფთა ჰაერი დიდი რაოდენობით, მაგრამ იმ გაზს გასასვლელი არა აქვს, რომ გავიდეს, ე.ი. რა გამოდის? – იმ ოთახში ტრიალებს ის გაზი. როგორც წესი გასასვლელი ადგილი გათხრილია ნახშირში და ჩემი აზრით, ის იყო ჩამონგრეული და ამის გამო ვერ გადიოდა გაზი“.
ობოლაძეცა და ქურციკიძეც ამბობენ, რომ თანამშრომლების შესვლის წინ, შახტაში უბანი წინასწარ უნდა შემოწმდეს, რაც მათი თქმით, არ ხორციელდებოდა.
„პრობლემა იმაშია, რომ გადასული იყო კომპანია „ურა–ურაზე“ – ნახშირი, ნახშირი, ნახშირი, ნახშირი და მეტი არაფერი“ – ამბობს გია ობოლაძე.


მხოლოდ ნახშირის მოპოვება... სად არის ინვესტიცია?


ტყიბულში სულ ოთხი შახტაა, რომლებიც „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ შვილობილი კომპანია „საქნახშირის“ საკუთრებაშია 2006 წლიდან. ინვესტორმა ჯერ კიდევ 2007 წელს მისცა პრეზიდენტ სააკაშვილს პირობა, რომ 10 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებდა და 2 წელიწადში, ანუ 2009 წლისთვის, ოთხივე შახტის ამოქმედებას მოახერხებდა. თუმცა, ამ დრომდე ტყიბულში მხოლოდ ორი შახტა მუშაობს – ძიძიგურის სახელობის შახტა ნაწილობრივ და სრული დატვირთვით – მინდელის სახელობის შახტა, სადაც მოხდა წელს ორი აფეთქება.
მინდელის სახელობის შახტა ექსპლუატაციაში 1973 წელს შევიდა, საპროექტო სიმძლავრით 600 ათასი ტონა ქვანახშირი – წელიწადში.
„საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ ვებ–გვერდზე მითითებულია, რომ ინვესტიციის განხორციელების შემდეგ ექსპლუატაციაშია გაშვებული მინდელის სახელობის შახტის სამი უბანი და ძიძიგურის სახელობის მაღაროს ერთი ნახშირმომპოვებელი უბანი.
„ახალმა გაზეთმა“ ჯერ კიდევ სექტემბრის თვეში მიმართა „საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფს“ წერილობით რამდენიმე შეკითხვით, მათ შორის, გამოვითხოვეთ ინფორმაცია, თუ რა მოცულობის ინვესტიცია განახორციელა კომპანიამ ტყიბულის შახტების გადაიარაღების, გვირაბების აღდგენისა და მომზადების მიზნით 2006 წლიდან დღემდე? წერილზე პასუხი ვერ მივიღეთ, რის შემდეგაც „საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფს“ ტელეფონით დავუკავშირდით. მათ დაგვიდასტურეს, რომ ჩვენი წერილი კანცელარიაში გატარებულია, თუმცა იმის გამო, რომ ამ პერიოდში „საქნახშირის“ ხელმძღვანელობა შეიცვალა, ჩვენი წერილი ამჯერად კომპანიის ახალ ხელმძღვანელს გადაეგზავნება. შეკითხვაზე, თუ როდის იქნება შესაძლებელი, რომ მივიღოთ პასუხი ჩვენს მიერ გაგზავნილ შეკითხვებზე, „ჯი–აი–ჯი ჯგუფში“ გვიპასუხეს, რომ ზუსტ დროს ვერ დაგვისახელებენ.
ტყიბულის გამგებელი ლევან დოხნაძე ამბობს, რომ ტყიბულის შახტებში ამ დროისთვის 1020 ადამიანია დასაქმებული. მისივე თქმით, შახტებში ამ დროისთვის უსაფრთხოების ზომები განკაცრებულია და შესაბამისად, უბედურ შემთხვევებს აღარ უნდა ველოდოთ.
რაში გამოიხატება უსაფრთხოების ზომების გამკაცრება? – როგორც მეშახტეები ამბობენ, შახტაში შესვლის წინ მათ დაცვის თანამშრომლები ამოწმებენ, რომ ვინმეს არ აღმოაჩნდეს თან სიგარეტი, ან ალკოჰოლი.
„ამას ისედაც არავინ აკეთებდა? რომელი ჭკუათმყოფელი მოუკიდებს სიგარეტს იქ, სადაც გაზია?!“ – ამბობენ მეშახტეები.
რაც შეეხება სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, ამ კუთხით ტყიბულის შახტებში ჯერ–ჯერობითი არსებითი ცვლილებები არ განხორციელებულა. ერთადერთი ხარჯი, რაც კომპანია „საქნახშირმა“ გაწია აფეთქებების სერიის შედეგად, ეს გარდაცვლილი მეშახტეების დაკრძალვის ხარჯები იყო. დაზარალებულთა მკურნალობა კი მთლიანად სადაზღვევო კომპანიებმა აანაზღაურეს.
სტატია მომზადებულია "ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის" მიერ დაფინანსებული საგრანტო პროექტის (გრანტის ნომერი G10-3001) ფარგლებში. სტატიაში მოყვანილ ფაქტებზე პასუხისმგებელია გაზეთი "ახალი გაზეთი" და იგი არ გამოხატავს "ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის" ოფიციალურ პოზიციას.

No comments:

Post a Comment