მასობრივი აქციები ელექტროენერგიის მიწოდების მოთხოვნით, ასობით დაზარალებული ადამიანი და უყურადღებოდ დარჩებილი პრობლემა ჴწლებია ქუთაისის მოსახლეობა ასეთ პირობებში ცხოვრობს. ენექტროენერგიის დეფიციტურ მიწოდებას "ენერგო-პორ ჯორჯიას" მიერ აბონენტებისთვის მოხმარებულ ენერგიაზე ზედმეტად დარიცხული თანხებიც ემატება, რომელსაც მათ კომპანია წინასწარ - ე.წ დეპოზიტზე ათავსებინებს, ისე რომ შესაბამისი შეთანხმება (დოკუმენტი) აბონენტსა და მიმწოდებელ კომპანიას შორის თვალითაც არავის უნახავს.
ვინ არეგულირებს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ელექტროენერგიის მიმწოდებელი ჩეხური კომპანიის "ენერგო-პრო ჯორჯიას" საქმიანობას საქართველოში და რამდენად იცავს სახელმწიფო მომხმარბელთა უფლებებს? "ახალმა გაზეთმა" აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა. ჩვენს მიერ განხორციელებული მოკვლევით დადგინდა, რომ კითხვებზე პასუხი არც ერთ სახელმწიფო უწყებას არ გააჩნია.
ვინ არეგულირებს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ელექტროენერგიის მიმწოდებელი ჩეხური კომპანიის "ენერგო-პრო ჯორჯიას" საქმიანობას საქართველოში და რამდენად იცავს სახელმწიფო მომხმარბელთა უფლებებს? "ახალმა გაზეთმა" აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა. ჩვენს მიერ განხორციელებული მოკვლევით დადგინდა, რომ კითხვებზე პასუხი არც ერთ სახელმწიფო უწყებას არ გააჩნია.
დაკანონებული უსამართლობა
"გარკვეული პერიოდის მანძილზე საქართველოში არ ვიყავი. სახლში მხოლოდ ბებია ცხოვრობდა, რომელიც ელექტროენერგიის გადასახადს ჩვეულებრივ იხდიდა. ერთი წლის წინ, როდესაც ჩამოვედი, აღმოჩნდა, რომ გადასახადი მხოლოდ 0,89 ლარი დაფიქსირდა, რომელიც გადავიხადეთ. თუმცა, მომდევნო თვეში "ენერგო-პრო ჯორჯიამ" 490 ლარი დაგვარიცხა ჯარიმის სახით, მიმდინარეს გარეშე, რომელიც დაახლოებით 32 ლარს შეადგენს თვეში. ინკასატორმა განგვიმარტა, რომ ჯარიმის დაკისრება მოხდა იმის გამო, რომ წინა თვეში ძალიან ცოტა გადასახადი მოგვივიდა, რაც მრიცხველის მწყობრიდან გამოსვლას დაბრალდა. ჯარიმა სამი თვის საშუალო კოეფიცინეტით გამოიყვანეს. იმის გამო, რომ დარიცხული დავალიანების გადახდა ყოველთვის დროულად ვერ მოვახერხე, ერთდღესაც, როდესაც თანხის გადასახდელად მივედი, აღმოჩნდა, რომ მიმდინარე გადასახადის გარდა, 131 ლარი უნდა გადამეხადა ზედმეტად, რომელიც როგორც მითხრეს, ჩემს დეპოზიტზე უნდა დადებულიყო. თუმცა, ამის შესახებ წინასწარ არავის გავუფრთხილებივარ. "ენერგო-პროს" მივაკითხეთ, რომ ეს თანხა გაეყოთ, რადგან მას ერთიანად ვერ გადავიხდიდი. თავდაპირველად პრობლმები შეგვექმნა, თუმცა, საბოლოოდ მივაღწიეთ იმას, რომ დეპოზიტის თანხა სამ ნაწილად გაგვიყვეს. მას შემდეგ, გადახდის ქვითარზე, რომელიც ყოველ თვეში მოგვდის სახლში, მიმდინარე გადასახადის ქვემოთ წერია, რომ დეპოზიტზე დარიცხული თანხა შეადგენს 131 ლარს," - ამბობს ქუთაისში, საფიჩხიაზე მცხოვრები ერთ-ერთი მოსახლე. ჩვენი რესპონდენტის ვინაობას, მისივე თხოვნით არ ვასახელებთ, შემდგომში პრობლემების თავიდიან აცილების გამო.
აღნიშნული გაურკვევლობა და მოულოდნელად თანხების წინასწარი გადახდის მოთხოვნა, მათი ე.წ დეპოზიტზე განთავსება "ენერგო-პრო ჯორჯიასთან" სხვა აბონენტებსაც შეექმნათ. თუმცა, თითოეულ მათგანს განუმარტეს, რომ თანხის დეპოზიტზე დადება გადასახადის დაგვიანებით გადახდას უკავშირდება, ხოლო წინასწარ გადახდილი თანხა მათ კვლავ უკან დაუბრუნდებათ. თუმცა, მსგავსი ფაქტი ამ დრომდე არ მომხდარა. ჩევნს მიერ მოკვლეული ინფორმაციის გადასამოწმებლად თავად "ენერგო-პრო ჯორჯიას" მივმართეთ. წერილობითი განცხადება კომპანიის საზოგადოებასთნ ურთიერთობის სამსახურს გავუგზავნეთ, სადაც პასუხებს შემდეგ კითხვებზე ვითხოვდით: 1. როდის იქნა შემოღებული "ენერგო-პრო ჯორჯიას" მიერ ე.წ დეპოზიტის გადასახადი აბონენტებთან მიმართებაში? 2. რა სამართლებრივი დოკუმენტით (ხელშეკრულებით) არის დარეგულირებული "ენერგო-პრო ჯორჯიას" მიერ აბონენტებთან დაკავშირებით შემოღებული დეპოზიტის გადასახადი? გთხოვთ, მოგვაწოდოთ შესაბამისი დოკუმენტი. 3. როგორ ანგარიშდება მომხმარებლის მიერ დეპოზიტზე შესატანი თანხის ოდენობა? 4. ამ დროის მონაცემებით, საქართველოში (მათ შორის ქუთაისში) რეგისტრირებულ რამდენ აბონენტს დაერიცხა თანხა დეპოზიტზე და მათგან, რამდენ აბონენტს დაუბრუნდა უკან დეპოზიტზე დადებული თანხა?
მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული შეკითხვები "ენერგო პრო ჯორჯიას" ჯერ კიდევ სექტემბრის დასაწყისში გავუგზავნეთ, მათგან პასუხები ამ დრომდე არ მიგვიღია.
საკითხის გამოკვლევის მიზნით, საქართევლოში მოქმედ შესაბამის უწყებასაც მივმართეთ. წერილობითი განცხადება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას გავუგზავნეთ, თუმცა, მათთგან პასუხი მხოლოდ ერთი თვის შემდეგ მივიღეთ და ისიც ნაწილობრივ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 2008 წლის 18 სექტემბერს დამტკიცებულ #20 დადგენილებაზე: "ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესები" მიგვითითა, რომლითაც მათი თქმით მოწესრიგებულია ყველა ურთიერთობა, რაც შესაძლოა წარმოიშვას ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიანტსა და მომხმარებლებს შორის.
"განაწილების ლიცენზიანტს აქვს უფლება (და არა ვალდებულება) მოსთხოვოს მომხმარებელს თანხის დეპოზიტზე შეტანა და დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში მოთხოვილი თანხის დეპოზიტზე შეტანა უზრუნველყოს წესებით განსაზღვრული, მომხმარებელზე დარიცხული დავალიანების ამოღების წესისა და პროცედურების გამოყენებით, მათ შორის, დეპოზიტზე შესატანი თანხა ასახოს ამ მომხმარებლის დავალიანებაში, თუ: პირი აბონენტად დარეგისტრირდა დროებით მის სარგებლობაში არსებული ქონების მისამართზე; მომხმარებელმა სამჯერ ან მეტჯერ ვადაგადაცილებით გადაიხადა მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური 12-თვიანი პერიოდის განმავლობაში; მომხმარებელს მომსახურება შეუწყდა ელექტროენერგიის უკანონოდ მოხმარებისთვის.
ამასთანავე, დეპოზიტის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების საშუალო თვიურ ოდენობას, ხოლო დეპოზიტზე შეტანილი თანხა უნდა დაუბრუნდეს მომხმარებელს, თუ მან ნებაყოფლობით უარი თქვა მომსახურებაზე და საბოლოო ანგარიშწორებისას დარცხული თანხა სრულიად დაფარა, ან 12 თვის განმავლობაში კეთილსინდისიერად ასრულებდა მის მეირ ნაკისრ ვალდებულებებს და დარიცხული თანხა სრულიად და დროულად აქვს გადახდილი," - განმარტებულია ზემოთაღნიშნული დადგენილების მე-10 მუხლში, რომელიც არეგულირებს თანხის დარიცხვისა და დარიცხული თანხის ამოღების უზრუნველყოფის მექანიზმებს.
"შესაბამისად, სს "ენერგო-პრო ჯორჯიას" მოთხოვნა დეპოზიტის გადახდაზე იმ პირების მიმართ, რომლებმაც 12 თვიან პერიოდში სამჯერ ან მეტჯერ დააგვიანეს მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდა, შეესაბამება კომისიის მიერ განსაზღვრულ წესს," - ნათქვამია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის აპარატის მიერ მომზადებულ პასუხში.
თუმცა, ამ და სხვა უფლებების შესახებ მომხმარებლებმა არაფერი იციან. კომპანიას აბონენტებთან ურთიერთობა მხოლოდ გადახდის ქვითრის დონეზე აქვს დარეგულირებული, სადაც მსგავსი პირობები არ არის აღნიშნული.
ქუთაისში მომუშავე არასამრთავრობო ორგანიზაცია "ასა" ელექტროენერგიის საკითხებზე 1999 წლიდან მუშაობს, ფიდრიხ ებერტის ფონდთან თანამშრომლობით. აღნიშნული ორგანიზაციის ხელმძღვნელი ზაზა ხელაძე იხსენებს, რომ ენერგოკომპანიების მხრიდან აბონენტებისთვის თანხების ზედმეტად დარიცხვის შემთხვევები ადრეც იყო და გრძელდება ახლაც.
"წლების წინ იყო გასაჩივრების შემთხვევები და ჩვენი დახმარებით მოსახლეობა იგებდა ამ პროცესებს და თანხა უკან უბრუნდებოდათ. დღესდღეობით კი მდგომარეობა უფრო გართულებულია, რადგან ისე აქვს კანონი მორგებული, რომ ძნელია შენი სიმართლე დაამტკიცო. მაშინ, როდესაც ხელშეკრულება საერთოდ არ არსებობს. ეს არის მხოლოდ სემეკის პირობა, რაც თავის მხრივ დამამტკიცებელია იმისა, რომ სემეკი არის ნოტარიუსი "ენერგო პრო-ჯორჯიასი". ხალხმა იცის, რომ კანონი სამართლებივად ისე აქვთ მორგებული, რომ "გაპრავებულია" უსამართლობა. საქართველოში "ენერგო პრო-ჯორჯიას" პრეტენზიები უფრო მაღლა დგას, ვიდრე პრეზიდენტისა და ნებისმიერი მაღალჩინოსნის," - ამბობს ზაზა ხელაძე.
ენერგო-პრო საქართველოში
სს " ენერგო-პრო" 1994 წელს დაარსდა ჩეხეთის რესპუბლიკის ქ. სვიტავში. იგი წარმოადგენს ჩეხეთის კერძო პირების მიერ დაფუძნებულ კომპანიას. თავდაპირველად "ენერგო-პრო" ჰიდრო ტურბინების წარმოებითა და ჰესების მშენებლობით იყო დაკავებული. ამჟამად ის ფლობს და ამუშავებს 11 ჰიდროელექტრო სადგურს ჩეხეთის რესპუბლიკაში. "ენერგო-პრომ" ქვეყნის გარეთ საქმიანობა 2000 წელს დაიწყო. პირველი საპრივატიზაციო ხელშეკრულება ბულგარეთთან გააფორმა 2002 წელს. "ენერგო-პროს" ჯგუფში აქტივების საბაზრო ღირებულება ამჟამად დაახლოებით 650 მილიონ ევროს შეადგენს.
კომპანიამ საქართველოს ენერგოსისტემაში საქმიანობა 2007 წლის 29 ივნისს დაიწყო. "ენერგო-პრო ჯორჯია" ჩეხეთის რესპუბლიკის კომპანიის "ენერგო-პრო ეი-ეს" სრულ მფლობელობაშია. "ენერგო პრო ჯორჯია" საქართველოში მოქმედი უმსხვილესი ენერგოკომპანიაა აბონენტების რაოდენობის, ელექტროენერგიის გაყიდვების და მომსახურების არეალის მოცულობის გათვალისწინებით, რომელიც ახორციელებს ელ. ენერგიის წარმოებას და განაწილებას საკუთარი მომსახურების ტერიტორიაზე.
"ენერგო-პრო ჯორჯია" ფლობს და ამუშავებს 10 საშუალო ზომის ჰიდროელექტროსადგურს, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე შეადგენს 414 მეგავატზე მეტს. 7 მათგანი დასავლეთ საქართველოში მდებარეობს. კომპანიის დისტრიბუციის არეალი საქართველოს ტერიტორიის 70%-ზე მეტს მოიცავს. ენერგო-პრო ჯორჯია ელ. ენერგიით ამარაგებს აჭარის, სამეგრელოს, ზემო სვანეთის, გურიის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის და ქვემო ქართლის დაახლოებით 860 000 აბონენტს. მათ შორის: დაახლოებით 820 ათას ოჯახს და 40 ათას საწარმოს და სახელმწიფო დაწესებულებას.
"ჩვენი მიზანია უზრუნვულვყოთ ეფექტური და სანდო ენერგიის წარმოება, რომელიც განაპირობებს ჩვენი აბონენტების უსაფრთხო, 24 საათიან უწყვეტ ენერგო მომარაგებას," - ასეა განსაზღვრული "ენერგო პრო-ჯორჯიას" მიზანი კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
თუმცა, კომპანიის მიერ გაწერილი მიზნის შედეგები ქუთაისში მცხოვრები მოსახლეობის დიდ ნაწილს არ უნახვათ. ამინდის ცვლილებებთან ერთად (ყოველი წვიმის, ქარის და აშ. დროს) ქალაქის მოსახლეობის უმეტეს ნაწილს ელექტროენერგია ეთიშება. ბოლო ორი თვის მანძილზე ჭომის დასახლებაში მცხოვრებლებმა საპროტესტო აქციები რამდენჯერმე გამართეს და ქუჩების გადაკვეთაც კი სცადეს.
"რაც თავი მახსოვს, აქ სულ ასეთი სიტუაციაა. წვიმის და ქარის გვეშინია, ვიცით, რომ დენი გაგვეთიშება. ათასჯერ დაგვპირდნენ, რომ გააკეთებდნენ, მაგრამ დღემდე ასეთი მდგომარეობაა. ელექტრო სადენები ძალიან ძველია, სულ ფუჭდება. ასე აღარ შეგვიძლია" - ამბობს ქუთაისში, ლესელისძის ქუჩაზე მცხოვრები ნინო ჯანაძე.
მწყობრიდან გამოსული ელექროგადამცემი ხაზები და ელექტროგამანაწილებელი ჯიხურები; ამორტიზებული ელექროგაყვანილობა - ის საკითხებია, რომელთა მოგვარებასაც მოსახლეობა ითხოვს.
"მართლაც მძიმე სიტუაციაა და ეს არავის უხარია. მთელი ქალაქის მასშტაბით მსგავსი მდგომარეობაა. ეს ყველაფერი გამოწვეულია იმისაგან, რომ მოძველებულია ელექტრო სისტემა. კაბელი სკდება იმიტომ, რომ წვიმის დროს სადენში შედის წყალი. აგრეთვე, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ბოძები და ხშირ შემთხვევაში იქცევა და მერე ხდება მისი აღდგენა. ასევე, გამაწილებელ ჯიხურებში ჩამოდის წყალი, რაც ასველებს ტრასფორმატორებს და ამის გამო ითიშება შუქი. როდესაც ხალხისგან 100%-იანი გადახდა არის, ბუნებრივი და სამართლიანია მათი მოთხოვნა ქონდეთ ელ. ენერგიის 100%-იანი მიწოდება," - ამბობს ქუთაისის საკრებულოს წევრი, ფრაქცია "ნაციონალების" თავმჯდომარე კახა ნემსიწვერიძე, რომლის მხრიდანაც, სხვა დეპუტატებთან ერთად საკრებულოს სხომაზე ელენერგის მიწოდების პრობლემების მოგვარება არაერთხელ იქნა დასმული.
ვინ არის პასუხისმგებელი?
საქართველოს მთავრობას, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს, სს "საქართველოს გაერთინებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიას", შპს "აჭარის ენერგოკომპანიას" და მეორეს მხრივ კომპანია "ენერგო-პრო ეი-ეს", სს "ენერგო-პრო ჯორჯიას" შორის ჰიდროელექტროდსადგურებისა და ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიების აქტივების ნასყიდობის ხელშეკრულება 2007 წლის 5 თებერვალს იქნა გაფორმებული.
აღნიშნული ხელშეკრულების, "სახელმწიფო ქონების შესახებ" კანონისა და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის #77 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების თანახმად სახელმწიფო აქტივების პრივატიზების ნაწილში, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე მონიტორინგს ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
გასაზღვრული ვალდებულებებით საქართველოს ენერგოსისტემაში შემოსული ჩეხური კომპანიის მიერ განხორიციელებული სამუშაოების მონიტორიგის თაობაზე ჩვენ სწორედ ზემოთაღნიშნულ სამინისტროს მივმართეთ. თავდაპირველად აღნიშნული სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსს თეა ბოლქვაძეს დავუკავშირდით, რომელმაც გვითხრა, რომ ჩვენს კითხვებზე პასუხების მისაღებად საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირისთვის უნდა მიგვემართა წერილობით. ჩვენს მიერ სამ პუქტად ჩამოყალიბებული შეკითხვები შემდეგში მდგომარეობდა: 1. რა ვალდებულებებით შემოვიდა საქართველოს ენერგო სისტემაში ჩეხური კომპანია "ენერგო-პრო ჯორჯია, რა რაოდენობის ინვესტიცია და სამუშაოები (ენერგო პროექტები) უნდა განახორციელოს საქართველოში ენერგოსისტემის რეაბილიტაციისათვის აღნიშნულმა კომპანიამ? 2. ამ დროისთვის კომპანიის მიერ აღებული ვალდებულებებიდან რა არის შესრულებული? 3. რა მექანიზები გააჩნია ენერგეტიკის სამინისტროს ენერგეტიკის სექტორში "ენერგო-პრო ჯორჯიას" მიერ აღებული ვალდებულებების შესასრულებად? როგორ ხორცილედება კონტროლი?
აღნიშნულ შეკითხვებზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პასუხები ამ დრომდე არ მოუწოდებია. ისევე როგორც ჩვენი განცხადება უპასუხოდ დატოვეს "ენერგო-პროს" ჩეხეთის ოფისში. ჩვენს მიერ სექტემბრის დასაწყისში მათთვის გაგზავნილ შეკითხვებზე პასუხები კვლავაც არ მიგვიღია.
სამაგიეროდ, საქართველოში განხროციელებული სამუშაოების თაობაზე ინფორმაცია თავად "ენერგო-პრო ჯორჯიას" ვებ-გვერდზე დევს. სადაც წერია, რომ "ენერგო-პრო ჯორჯიას" მიერ 2007 წლის 1 ივლისიდან დღემდე დისტრიბუციის კუთხით განხორციელდა 173095860 ლარის ინვესტიცია, ხოლო გენერაციაში 30^404778 ლარი. იქვე აღნიშნულია, რომ კომპანიამ განახორციელა ქსელის მასშტაბური რეაბილიტაცია, რომლის ფარგლებშიც ძველი კაბელები შეიცვალა ახალი იზოლირებული კაბელებით, ძველი ხის ბოძები შეიცვალა ახალი რკინა-ბეტონის საყრდენებით, გარემონტდა ქვესადგურები, შეიცვალა დაზიანებული ძალოვანი ტრანსფორნმატორები, აშენდა ახალი სატრანსფორმატორო ქვესადგურები და ლაბორატორიები.
"ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად მნიშვნელოვნად შემცირდა საავარიო შემთხვევების ალბათობა და გაიზარდა ქსელის საიმედოობა," - ვკითხულობთ კომპანიის ვებ-გვერდზე. თუმცა, იქვე მრავლად ნახავთ ინფორმაციას ელექტროენერგიის გათიშვისა და მწყობრიდან გამოსული ქსელის შესახებ. გთავაზობთ რამდენიმე ფაქტს:
- უამინდობისა და ძლიერი წვიმების გამო საქართველოს რეგიონებში ელექტროენერგიის მიწოდება ავარიულად შეუწყდა ენერგოჴპრო ჯორჯიას 128 000 აბონენტს.
- ძლიერი ქარისა და თოვლის შედეგად წაიქცა ელექტრო ბოძები, დაზიანდა ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები.
- ხვალ ენერგო-პრო ჯორჯიას 74 528 აბონენტის ენერგო მომარაგება შეიზღუდება.
- ძლიერი ქარის გამო საქართველოს რეგიონებს ელექტროენერგა შეზღუდვით ამ დროისთვის, საქართველოს მასშტაბით გათიშულია ენერგო-პრო ჯორჯიას 36288 აბონენტი (იმერეთი - 3 553 აბონენტი; სამცხე-ჯავახეთი - 5 ^49 აბონენტი; შიდა ქართლი - 8455 აბონენტი; მცხეთა-მთიანეთი - 10 382 აბონენტი; ქვემო ქართლი - 5 187 აბონენტი; აჭარა - 3082). ენერგო-პრო ჯორჯია ემსახურება 800 000 აბონენტზე მეტს.
ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ მსგავს ფაქტებს, ელექტროენერგიის გათიშვასთან დაკავშირებით მოსახლეობასთან გამართული შეხვედრების დროს თავადაც ისმენენ, თუმცა მათი როლი მხოლოდ რეკომენდაციების მიცემის დონეზე შემოიფარგლება. საკრებულოს წევრის კახა ნემსიწვერიძის თქმით, ქალაქში ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემების აღმოფხვრის მიზნით, მათ უკვე გამართეს სამუშაო შეხვედრა "ენერგო პრო-ჯორჯიას" წარმომადგენლებთან, რომელთა მხრიდან მიიღეს დაპირება, რომ უახლოეს ორ თვეში გარკვეული სახის სამუშაოები განხორციელებული ექნებათ.
"ენერგო პრო-ჯორჯიას" დასავლეთის ცენტრის ფილიალის ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი კახა ჩინჩალაძე აცხადებს, რომ ძირითად უბნებში ელეტრო კაბელების შეცვლა უკვე დაიწყო და წლის ბოლოსთვის არსებული პრობლემები მოგვარდება. თუმცა, საკრებულოს წევრი კახა ნემსიწვერიძე აღნიშნავს იმასაც, რომ პრობლემების სრულიად მოგვარება ახლო პერიოდში ილუზიაა და ამ შედეგების მიღწევას წლები დასჭირდება.
თეა ზიბზიბაძე
სტატია მომზადებულია "ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის" მიერ დაფინანსებული საგრანტო პროექტის (გრანტის ნომერი G10 - 3001) ფარგლებში. სტატიაში მოყვანილ ფაქტებზე პასუხისმგებელია გაზეთი "ახალი გაზეთი" და იგი არ გამოხატავს "ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის" ოფიციალურ პოზიციას.
No comments:
Post a Comment