X-XI საუკუნის ქმნილება ბაგრატის ტაძარი საქართველოს ერთიანობის სიმბოლოს წარმოადგენს. ამასთან ერთად იგი ქართული ხუროთმოძღვრების შედევრადაც არის აღიარებული (თანაც არა მხოლოდ საქართველოს მიერ). მან, როგორც ნანგრევებმა 4 საუკუნე იარსება. 21-ე საუკუნეში საქართველოს ხელისუფლებამ და ქართულმა მამრთლმადიდებლურმა ეკლესიამ ჩათვალეს, რომ არ შეიძლება ერთიანობის სიმბოლო ნანგრევი იყოს და ასევე, არ შეიძლება ტაძარი ღვთისმსახურების გარეშე არსებობდეს. ერი და ბერი გაერთიანდა და ტაძრის რესტავრაცია დაიწყო. თუმცა ამ, ერთი შეხედვით კეთილშობილურმა აქტმა ბევრი პრობლემა, მოწინაღმდეგე მხარე და კითხვა გააჩინა. ტაძრის რეკონსტრუქციის მეთოდს და რეკონსტრუქციის პროექტს გამოუჩნდა ბევრი მოწინააღმდეგე, მათ შორის გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია (UNESCO) და ტაძრის აღდგენის ფორმა და მეთოდი გაყალბებად და ორიგინალის დაზიანებად შერაცხა. რამდენად სწორად მიმდინარეობს ტაძრის აღდგენა? რას ითხოვს UNESCO საქართველოდან? ემუქრება თუ არა ბაგრატის ტაძარს UN UNESCO-ს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიიდან ამოღება? ამ და ბევრ სხვა კითხვაზე პასუხების საპოვნელად "ახალმა გაზეთმა” ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა.
მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 34-ე სესიაზე (მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტი განსაზღვრავს, თუ რომელი ძეგლი შეიტანონ UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში), რომელიც ბრაზილიის ქალაქ ბრაზილიაში გაიმართა, მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა ბაგრატის ტაძრის და გელათის მონასტრის საკითხები განიხილა. წარმოდგენილი მასალების, მისიების დასკვნების და შეფასებების საფუძველზე კომიტეტმა გამოიტანა გადაწყვეტილება - ბაგრატის ტაძარი და გელათის მონასტერი (ორივე ერთი ნომინაციით შევიდა UNESCO-ს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში, ამიტომ ორივე ერთად განიხილება და ერთის ბედს გაიზიარებს მეორეც) შეიყვანეს "საფრთხის ქვეშ მყოფ" ძეგლთა სიაში. ეს სტატუსი მხოლოდ ერთი ნაბიჯით აცილებს ბაგრატის ტაძარს (და გელათის მონასტერს) UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიიდან ამოღებიდან. რის შემდეგაც ბაგრატი აღარ ჩაითვლება შედევრად და ხუროთმოძღვრების უნიკალურ ნიმუშად, მის მიმართ განხორციელებული, არც მეტი არც ნაკლები, ძალადობის გამო.
პრეისტორია
კულტურულ და ისტორიულ მემკვიდრეობაზე სახელმწიფო ზრუნავს. მათ შორის ბაგრატის ტაძარზეც. თუმცა სხვა ბევრი ძეგლიდან განსხვავებით, ბაგრატის ტაძრის აღდგენის ცდუნება სხვადასხვა პოლიტიკური ორიენტაციის ბევრ ხელმძღვანელს განსაკუთრებული სიმძაფრით უფორიაქებდა გონებას. თუმცა, რეკონსტრუქციის თვალსაზრისით სერიოზული ძვრები მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდში მოხდა. მაგრამ მანამდე, უფრო ზუსტად 2002 წელს, ბაგრატის ტაძარს მეორე მზრუნველი და აღდგენის სერიოზული მსურველი გამოუჩნდა. სახელმწიფოს მიერ ეკლესიასთან გაფორმებული კონკორდატის (მე-7 და მე-9 მუხლების) საფუძველზე, ბაგრატის ტაძარი საპატრიარქოს და ეკლესიის საკუთრება გახდა. ეკლესიამაც მოისურვა მისი საკუთრების ქვეშ მყოფი ტაძარი აღდგენილი ეხილა. რამოდენიმე წლით ადრე კი, ანუ 1994 წელს, ბაგრატის ტაძარზე პასუხისმგებლობა UNESCO -მაც აიღო (საქართველო UNESCO-ს წევრი ქვეყანა 1992 წელს გახდა, 1995 წელს თანამშრომლობის მემორანდუმსაც მოეწერა ხელი). 1994 წელს ბაგრატის ტაძარი გელათის მონასტერთან ერთად U UNESCO-s მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შევიდა და იმ დროისთვის UNESCO-s მიერ აღიარებულ 400 ( დღეს 878-ზე მეტია) შედევრს შორის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კულტურულ მონაპოვრად ჩაითვალა. ტაძარს კიდევ ერთი პატრონი გაუჩნდა, რომელმაც ტაძარი ქართულ სივრცეს გააშორა, ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობა მიანიჭა და მსოფლიო საკუთრებად აღიარა. სახელმწიფოს და ეკლესიას ვალდებულება გაუჩნდა არა მხოლოდ საკუთარი ხალხის, ისტორიის და მემკვიდრეობის წინაშე, არამედ მსოფლიოს წინაშეც. თუმცა სხვა პატრონებიდან განსხვავებით UNESCO-ს ბაგრატის ტაძრის აღდგენის იდეა-ფიქსი არ გააჩნდა.
UNESCO-ს წევრი ქვეყანა საქართველო ბევრ სხვა ვალდებულებასთან ერთად პასუხისმგებელი იყო, მისი მხრიდან წამოწყებული ყველა აქტივობა, რაც UNESCO-ს დაცვის ქვეშ მყოფი ძეგლების მისამართით იქნებოდა წარმოებული, UNESCO-სთან შეეთანხმებინა. UNESCO-ს პროფესიული მრჩეველი ორგანიზაცია ICOMOS-ის (ძეგლებისა და ღირშესანიშნავი ადგილების დაცვის საერთაშორისო საბჭო) მისიები პერიოდულად სტუმრობდნენ საქართველოს და მათ პასუხისმგებლობაში მყოფი სამი ქართული შედევრის მონიტორინგს აწარმოებდნენ. მიუხედავად ამ ვალდებულებისა, ბაგრატის ტაძრის აღდგენის განზრახვა ისე გადაწყდა, რეკონსტრუქციის პროექტის შემუშავება და ტაძრის შემსწავლელი და გამაგრებითი სამუშაოები ისე დაიწყო, UNESCO-მ ამის შესახებ არაფერი იცოდა. 2005 წეsლს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ ტაძრის კვლევა-პროექტირებაზე გამოაცხადა ტენდერი, სადაც რეკონსტრუქციის პროექტის ამჟამინდელმა ავტორმა არქიტექტორ-რესტავრატორმა ივანე გრემელაშვილმა და მისმა ფირმამ "რესტავრატორები და კომპანია" გაიმარჯვა. კვლევები 2007 წლამდე გაგრძელდა. უშუალოდ რესტავრაციის პროექტზე მუშაობა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ და ივანე გრემელაშვილმა 2008 წელს დაიწყეს და 2009 წელს დაასრულეს. პროექტი ამავე წლის აგვისტოში დამტკიცდა კულტურის სამინისტროს მიერ, იგი მოიწონა პარლამენტმაც 2009 წლის 17 სექტემბრის მოსმენაზე. UNESCO მ ხნის განმავლობაში "თამაშგარე" მდგომარეობაში რჩებოდა. თუმცა ინფორმაციები გარკვეული საფრთხეების შესახებ მას სხვა წყაროებიდან ეწოდებოდა. მაგალითად, ICOMOS-ის მისიის მიერ 2004 წელს წარმოებული მონიტორინგის დასკვნაში, რომელიც მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის კომიტეტს წარედგინა, წერია: "...ჩვენ შეგვექმნა შთაბეჭდილება, რომ ხელახლა აშენების მოწადინება იმდენად ძლიერია, რომ ეს შეიძლება მაინც განხორციელდეს, მიუხედავად რისკისა, რომ შედეგად ძეგლი შეიძლება ამოღებულ იქნას მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან" და იქვე აღნიშნულია, რომ "ჩვენი აზრით, ICOMOS-მა და მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა დარწმუნების ყველა ხერხი უნდა გამოიყენოს, რათა თავიდან აიცილოს ძეგლის ხელახლა აშენება".
თუმცა მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტს არ მიეცა "ყველა ხერხის" გამოყენების საშუალება წევრი ქვეყნის გადასარწმუნებლად, რადგან ტაძრის რეკონსტრუქციის შესახებ მას პოსტ-ფაქტუმ შეატყობინეს და პროექტიც დიდი ხნის დაგვიანებით მიაწოდეს. ჩვენ ამ "დაგვიანების" მიზეზის დადგენას შევეცადეთ და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორს ნიკა ვაჩეიშვილს მივმართეთ კითხვით, თუ რატომ არ მიეწოდა დროულად პროექტი UNESCO-ს და რატომ დაიწყეს მისი თანხმობის გარეშე ტაძრის შემსწავლელი და გამაგრებითი სამუშაოები, მაგრამ ამ კითხვაზე პასუხი დღემდე არ მიგვიღია.
სახელმწიფო VS არქიტექტორები და UNESCO O
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ შემუშავებული ბაგრატის ტაძრის რეკონსტრუქციის პროექტი სამინისტრომ და პარლამენტმა მოიწონა. მაგრამ მას არ იწონებდა და არ იწონებს ბევრი ქართველი არქიტექტორი. უფრო სწორად არა პროექტს, არამედ ბაგრატის ტაძარზე უკვე ჩატარებულ სამუშაოებს, რადგან პროექტი მათ არავინ გააცნო (პროექტი "ახალი გაზეთისთვისაც" ხელმიუწვდომელი აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ კულტურის სამინისტროს ორი თვის წინ მივმართეთ იფიციალური წერილით და თხოვნით პროექტის ასლის მოწოდების თაობაზე).
2009 წელს არქიტექორების და რესტავრატორების მხრიდან მოეწყო რამოდენიმე საპროტესტო აქცია, დაიწერა წერილი ("ბაგრატის ტაძარი შველას ითხოვს"), რომელსაც ბევრმა რესტავრატორმა და ხელოვნებათმცოდნემ მოაწერა ხელი, ჩამოვიდა ჯგუფი ქუთაისში და ადგილზე გაეცნო სიტუაციას, მათ გააჟღერეს საპროტესტო განცხადებები ადგილობრივ მედიაში.
თუმცა ამას შედეგი არ მოყოლია. შეიძლება იმიტომ, რომ პროფესიონალთა მხრიდან რეაქციები დაგვიანებით მოხდა. ამ დაგვიანების მიზეზს არქიტექტორ-რესტავრატორი ნესტან თათარაშვილი ასე ხსნის: "ჩემი აზრით, ამის მთავარი მიზეზი დარგის უკიდურესი პოლიტიზებით არის განპირობებული: მნიშვნელოვანი, ფართომასშტაბიანი სამშენებლო-სარესტავრაციო სამუშაოების შეკვეთა ძირითადად პოლიტიკური ეშელონებიდან მოდის, ვადებსაც ისინი განსაზღვრავენ და ბიუჯეტსაც. თავიანთი იდეების განსახორციელებლად მათ უმეტესად კონფორმისტი სპეციალისტებით დაკომპლექტებული როგორც სამთავრობო, ასევე "საკუთარი" არასამთავრობო ორგანიზაციები გააჩნიათ, სადაც პროფესიული დავა, დისკუსია და კამათი დაუშვებელია. ამიტომ საზოგადოებას, კეთილსინდისიერ პროფესიონალებსა თუ დამოუკიდებელ ექსპერტებს საშიშროების პრევენციის არანაირი საშუალება არ გააჩნიათ, მათ მხოლოდ მომხდარი ფაქტების შეფასება და განხილვა უწევთ".
შეფასებებისა და განხილვების შემდეგ კი ბაგრატის ტაძრის მისამართით ბევრმა უარყოფითმა ფაქტმა მოიყარა თავი. რიგი არქიტექტორების რწმენით, აღდგენის მეთოდი "აგრესიულია", "დიდია ინტერიერში ჩარევა", "ხელყოფილია ფიზიკური ქსოვილი", "რკინის არმატურა მძიმეა საძირკვლისთვის", "საძირკველი ბეტონის სარტყელშია" და ა.შ. გარდა მეთოდის ხსენებული აგრესიულობისა, არქიტექტორთა თქმით, სისწრაფეც აფუჭებს საქმეს. "სამუშაოების ასეთი სისწრაფით განხორციელება ყოვლად დაუშვებელი და მიუღებელია. ის, რაც ახლა ბაგრატზე ხდება, დიდი ხანია მთელ მსოფლიოში მცდარ გამოცდილებად და ძეგლის აუთენტურობის შემლახველ ქმედებად არის მიჩნეული. ბაგრატის ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობა მისი UNESCO-ს ნუსხაში ყოფნით არის აღიარებული, ჩვენ კი მას უბრალოდ ვანადგურებთ და სამების ტაძრის მაგვარ ახალ უსახურობად გადაქცევას ვუქადით,"- ამბობს ნესტან თათარაშვილი.
საქმეს ისიც ართულებს, რომ პროექტი დაფუძნებულია ვარაუდზე. "ვინაიდან საკმარისი მონაცემები არ არსებობს, ძეგლის ისტორიული სახით რეკონსტრუქცია შეუძლებელია და ამიტომ მისაღები იქნებოდა მხოლოდ ტაძრის დასრულების თანამედროვე ხუროთმოძღვრული გადაწყვეტა. სხვა შემთხვევაში ეს იქნება ძეგლის გაყალბება და შესაბამისად, განადგურება", - ამბობს ICOMOS-ის საქართველოს წარმომადგენლობის გენერალური მდივანი, არქიტექტორ-რესტავრატორი ნატო ცინცაბაძე.
ქართველ არქიტექტორთა ავტორიტეტი საკმარისი არ აღმოჩნდა კრიტიკის მისაღებად და პროექტში ცვლილებების შესატანად. მაგრამ აქ საქმეში ჩაერთო სხვა ავტორიტეტი, რომელმაც თითქმის ანალოგიური შენიშვნები გააჟღერა და პროექტი "უარყოფითის" და ჩატარებული სამუშაოები "სავალალოს" სტატუსით შეაფასა. მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა 34-ე სესიაზე წარუდგინა საქართველოს 2010 წლის თებერვალში ICOMOS-ის მიერ დამუშავებული დოკუმენტი, რომელშიც გაანალიზებული იყო ბაგრატის ტაძრის რეკონსტრუქციის პროექტი. (აქვე აღვნიშნავ, რომ მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 33-ე და 34-ე სესიების მასალები მოგვაწოდა ICOMOS-ის ქართულმა წარმომადგენლობამ და ასევე, ICOMOS-ს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ცენტრის გამომცემლობა და განათლების პრომოუშენის წარმომადგენელმა ჯინა დაბლდეიმ). "შემოთავაზებული რეკონსტრუქციის პროექტი მიზნად ისახავს ბაგრატის ტაძრის ნანგრევებს დაუბრუნოს ავთენტური ფუნქცია და შექმნას ახალი ეროვნული სიმბოლო ძეგლის რეკონსტრუქციის გზით. თუმცა ეს დიდწილად გაანადგურებს არსებულ ავთენტურ ქსოვილს და ნანგრევებში შემონახულ ავთენტური მშენებლობის ოსტატობას. ეს პროცესი ასევე გაანადგურებს ძეგლის ავთენტურ სულს და "ისტორიის სუნთქვას", რასაც ძეგლის მომავალი მნახველი ვეღარ შეიგრძნობს. ამდენად, პროექტი უნდა უარყოფილ იქნას, როგორც მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის გამორჩეული უნივერსალური ღირებულებისა და ავთენტურობისთვის უცილობელი საფრთხის შემცველი".
უნდა აღინიშნოს, რომ UNESCO-ს შესაძლებლად მიაჩნია პროექტის გაუმჯობესება, იმ სახით და იმ დონეზე, რომ "შენარჩუნებულ იქნას ძეგლის ავთენტურობა და ამავე დროს, მოხერხდეს მისი ეკლესიად გამოყენება", - აღნიშნულია ერთ-ერთ დოკუმენტში. მაგრამ ის კვლავაც აკრიტიკებს იმ ფორმას და ჩატარებულ სამუშაოებს, რა მეთოდითაც ქართული მხარე ტაძრის რესტავრაციას და მის ეკლესიად გადაქცევას ცდილობს.
2010 წელს საქართველოში მყოფმა ICOMOS-ის მისიამ არცთუ უწყინარი შეფასებები მისცა უკვე შესრულებულ სამუშაოებს. მისიამ აღნიშნა რიგი სერიოზული უარყოფითი ჩარევებისა: "მთელ პერიმეტრზე მიწის ქვეშ ბეტონის სარტყელით საძირკვლის გაძლიერება, რკინა-ბეტონის სვეტების მოწყობა, თავდაპირველი კედლის ნაწილობრივ დაფარვა ქვის კვადრებითა და ლითონის არმირებით. ... დაგეგმილი ძეგლზე მომავალში ჩასატარებელი სამუშაოები კიდევ უფრო სავალალოა. განზრახულია ძეგლის ინტერიერისა და ექსტერიერის ყველა დაკარგული ნაწილის რეკონსტრუქცია, რათა ხელახლა შეიქმნას ნაგებობა თავდაპირველი სახით და აღდგეს მისი ფუნქცია, როგორც ეკლესიისა. ეს მიღწეულ უნდა იქნას ძეგლის მთელ პერიმეტრზე კედლების ზემოთ რკინა-ბეტონის სარტყლის მოწყობით, ასევე ნამდვილი ქვის სვეტების ადგილზე ახალი რკინა-ბეტონის სვეტების აღმართვით, რკინა-ბეტონის გამოყენებით გიგანტური კამაროვანი მოცულობებისა და გუმბათის რეკონსტრუქციით, რომელნიც თავდაპირველი ქვის ნაგებობის იმიტაციის მიზნით, შემდგომ ქვის ფენით შეიმოსება". მისიამ აღნიშნა, რომ დაგეგმილი რეკონსტრუქცია მხოლოდ ნაწილობრივ ეყრდნობა მისაღებ დოკუმენტაციას და ბევრი სეგმენტი დაფუძნებულია მხოლოდ ვარაუდზე.
პასუხები ვერ მივიღეთ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან იმის თაობაზე, UNESCO-ს მიერ პროექტის უარყოფის და შესრულებული სამუშაოების, რბილად რომ ვთქვათ, არმოწონების გასაბათილებლად გააჩნია თუ არა ქართულ მხარეს რაიმე დასაბუთებები, ან აპირებენ თუ არა პროექტის შეცვლას და შესწორებას.
პასუხი ვერ მივიღეთ ვერც ბაგრატის ტაძრის რესტავრაციის პროექტის ავტორის, არქიტექტორ-რესტავრატორ ივანე გრემელაშვილისგანაც. მან UUNESCO-ს გადაწყვეტილებების მოპასუხედ სააგენტო მიიჩნია და მასთან გადაგვამისამართა. მისი ინფორმაციით, ამ საკითხებთან დაკავშირებით სააგენტო მოლაპარაკებებს აწარმოებს UNESCO-თან, თუმცა კონკრეტულად რა საკითხებზე, ჩვენთვის უცნობი, პასუხგაუცემელი და ხელმიუწვდომი დარჩა ისევე, როგორც ის 11 კითხვა, რომელიც სააგენტოს გადავუგზავნეთ ბაგრატის ტაძრის გარშემო შექმნილ პრობლემატიკაში გარკვევის მიზნით.
გაგრძელება, თუ შეჩერება?
კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტო და კულტურის სამინისტრო არა მარტო ჩვენთან არის "უბრად" - აღმოჩნდა, რომ UNESCO-სთანაც. გარდა UNESCO-თვის მიუღებელი პროექტის შექმნისა და ტაძრისთვის უკვე შესრულებული სამუშაოებით მიყენებული დაზიანებებისა, ქართულმა მხარემ სხვა ვალდებულებების შესრულებაშიც არ გამოიჩინა თავი. მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტს 33-ე სესიაზე კიდევ ერთხელ დასჭირდა რიგი მოთხოვნების გამეორება, რომ წევრ ქვეყანას (საქართველოს) სასწრაფოდ დაემუშავებინა, დაემტკიცებინა და მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრისა და მრჩეველი ორგანიზაციებისთვის გაეგზავნა ბაგრატის კათედრალისა და გელათის მონასტრის მენეჯმენტის გეგმა, ძეგლთა საზღვრებისა და ბუფერული ზონების მკაფიოდ მაჩვენებელი დოკუმენტის ჩათვლით. ამას გარდა, მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრმა მოსთხოვა წევრ ქვეყანას, მიეწოდებინა დეტალური და სრული ინფორმაცია ძეგლთა კონსერვაციის მდგომარეობის მონიტორინგზე,
მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა ამ მოთხოვნიდან ბევრი რამ ვერ მიიღო. ქართულმა მხარემ კვლავაც ურჩობა გამოიჩინა და არ განახორციელა ვალდებულებები. რის შემდეგაც მსოფლიო კომიტეტმა ევროპელებისთვის ნიშნეული ემოცია - დიდი შეშფოთება გამოხატა და 34-ე სესიაზე მიიღო გადაწყვეტილება: "ითვალისწინებს რა, რომ წევრმა ქვეყანამ არ შეასრულა კომიტეტის 33COM. 7B. 103 გადაწყვეტილების ყველა მოთხოვნა, რის გამოც ძეგლი საფრთხეშია (მსოფლიო მემკვიდრეობის კონვენციის) სახელმძღვანელო პრინციპების თავი IV.B- ის შესაბამისად, იღებს გადაწყვეტილებას, ბაგრატის კათედრალი და გელათის მონასტერი შეტანილ იქნას "საფრთხის ქვეშ მყოფი" მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში."
მსოფლიო კომიტეტმა კიდევ ერთხელ უსაყვედურა საქართველოს და დამამძიმებელ გარემოებად შერაცხა ტაძრის რეკონსტრუქციის სამუშაოების დაწყება UNESCO- სთან შეუთანხმებლობის გამო. ქართულ მხარეს მოუწოდა მთელი რიგი სამუშაოების ჩატარებისკენ, მოთხოვა მას კონსულტაციები საერთაშორისო დონის ექსპერტებთან, პროექტის გადაკეთება, ჩარევების აღმოფხვრა შეძლებიდაგვარად, წაუყენა ხუთი პირობა და დაუწესა ოთხპუნქტიანი განრიგი. ძალიან მკაფიოდ განუმარტა, რომ მხოლოდ ყველა ამ მოთხოვნის შესრულების შემდეგ განიხილება "საფრთხეში მყოფი ძეგლთა" ნუსხიდან ბაგრატის ტაძრის და გელათის მონასტრის ამოღების საკითხი.
მაგრამ კომიტეტმა პირველ რიგში რეკონსტრუქციის შეჩერება მოითხოვა. ამ მოთხოვნიდან სამი თვე გავიდა, მაგრამ ბაგრატზე სამუშაოები არ შეჩერებულა. ივანე გრემელაშვილი ჩვენთან საუბრისას ადასტურებს, რომ გამაგრებითი სამუშაოები არ შეჩერება და 2010 წლის პროექტის დაგეგმილი სამუშაოები ბოლომდე მივა. იგივეს ადასტურებს ბაგრატის ტაძარზე მიმდინარე სამუშაოების ხელმძღვანელი რესტავრატორი ზურაბ გედენიძე. "მუშაობა მთელი ამ ხნის განმავლობაში არ შეჩერებულა და მეორე ეტაპის სამუშაოები წარმატებით მიმდინარეობს", - განაცხადა მან ჩვენთან საუბარში. არც პროექტში იგეგმება ცვლილებები. ორი თვის წინ ეროვნული სააგენტოდან გამოვითხოვეთ შეცვლილი (თუკი ცვლილებები განხორციელდებოდა) პროექტის ასლი, რაც ამ დრომდე არ მიგვიღია. არც ივანე გრემელაშვილი ადასტურებს ცვლილების განხორციელების შესაძლებლობას. "პროექტი მოწონებულია და იგი რატომ უნდა შეიცვალოს?! - სვამს რიტორიკულ კითხვას.
UNESCO-ს კატეგორიული მოთხოვნა არ სრულდება. არადა, "იმის გათვალისწინებით, რომ თუ ბაგრატის კათედრალზე სარეკონსტრუქციო სამუშაოები გაგრძელდა, ძეგლი (კონვენციის) სახელმძღვანელო პრინციპების თავი IV.C-ის შესაბამისად, შესაძლოა საბოლოოდ ამოღებულ იქნას მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან", - აღნიშნულია მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 34-ე სესიაზე მიღებულ გადაწყვეტილების პროექტში: 34 COM 7B.88
სააგენტოს მივმართეთ კითხვით, თუ რატომ არ ჩერდება სამუშაოები ბაგრატის ტაძარზე, მაგრამ ტრადიციული დუმილი მივიღეთ პასუხად. დუმილი კი ყოველთვის არ არის ოქრო.
რას ვკარგავთ?
რაც ბრწყინავს, არც ის არის ყოველთვის ოქრო. თუკი ბაგრატის ტაძრის რეკონსტრუქცია ამ პროექტის მიხედვით და ამ მეთოდით გაგრძელდა, ბაგრატის ტაძარი (უფრო სწორად, რაც მისგან დარჩება) 2013 წელს "გაიბრწყინებს" სრულად რესტავრირებული. სამაგიეროდ, მან შეიძლება აღარ იბრწყინოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის 787 შედევრს შორის, რადგან ის ფორმა და სული გამოეცლება რაც მას შედევრად ხდის.
"ბაგრატს თუ სიიდან საბოლოოდ გარიცხავენ, ეს ნიშნავს, რომ ის მთლიანად დაკარგავს, მის "გამორჩეულ უნივერსალურ ღირებულებას". შესაბამისად, ჩვენ დავკარგავთ საუკეთესოს, რაც გაგვაჩნია. მისი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანა, თავის დროზე ნიშნავდა, რომ მას ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობა აქვს და შესაბამისად მთელი კაცობრიობის ფასეულობაა და საქართველოს კაცობრიობის განვითარებაში წვლილის სიმბოლოა. ამასთან ერთად, სამწუხაროდ გელათიც მის ბედს გაიზიარებს და მისი ცალკე, ხელახლა სიაში შეტანა უკიდურესად გართულდება ამ სიტუაციაში", - ამბობს ნატო ცინცაბაძე.