Monday, December 6, 2010

ფეთქებადსაშიში ზონა და „ბრალდებული გარდაცვლილები“


ტყიბულის მინდელის სახელობის შახტაში წელს ორი აფეთქება მოხდა, რასაც 8 ადამიანი შეეწირა. ორივე ფაქტზე გამოძიებას შსს–ს იმერეთის, რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს დეტექტივების სამმართველო აწარმოებს, თუმცა გამოძიებას საბოლოო დასკვნა ამ დრომდე არ გამოუქვეყნებია, თუმცა, წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება გარდაცვლილ მეშახტეების „დაუდევრობას“ მიეწერება.


2 მარტი, 22:20 საათი, მე–11 უბანი...


2010 წლის 2 მარტს ტყიბულის მინდელის სახელობის შახტის მოსამზადებელი უბნის უფროსმა დავალება გასცა და მე–11 უბანზე სამუშაოდ მესამე ცვლა ჩავიდა. ცვლა შემდეგი შემადგენლობით იყო დაკომპლექტებული: მინდელის სახელობის შახტის მოსამზადებელი უბნის სამთო ოსტატი – 66 წლის მიზდონ ონიანი, ამავე შახტის ელ. ზეინკლები – 53 წლის გიორგი ბრეგაძე და 71 წლის ჯემალ ჯიშიაშვილი, მოსამზადებელი უბნის გამყვანები – 29 წლის მურმან კუბლაშვილი და 38 წლის ბესო ზოსიაშვილი.
უბნის უფროსს ამ დროისთვის უკვე ჰქონდა ინფორმაცია, რომ უბანზე, სადაც მესამე ცვლას უნდა ეწარმოებინა სამუშაოები, მაგნიტური გამშვები დაზიანებული იყო, რომელიც ქსელში იყო ჩართული და ელექტროენერგიის გათიშვას იწვევდა. ამის მიუხედავად, ცვლის თანამშრომლებს შახტაში მაინც უშევებენ.
ზუსტად 22:20 საათზე ძიძიგურის სახელობის შახტის #15 უბნის მუშებს #11 უბნიდან აფეთქების ხმა მოესმათ. აფეთქების ხმა გაიგეს მინდელის სახელობის შახტის #5 და #7 უბნებშიც, საიდანაც მუშები შემთხვევის ადგილისკენ გაემართნენ. შემთხვევის ადგილზე მისულებს მესამე ცვლის ოთხი თანამშრომელი გარდაცვლილი დაუხვდა, სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა მხოლოდ ბესო ზოსიაშვილი.


„თუ არსებობს დანაშაულის ელემენტი, გამოიკვეთება ყველა პირი“


ამ სიტყვებით გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ–მინისტრი ნიკა გილაური 2 მარტის აფეთებას, რომელიც მაშინვე ჩავიდა შემთხვევის ადგილზე და განაცხადა, რომ აფეთქების გამომწვევ მიზეზებს სამთავრობო კომისია დაადგენდა.
„ახალი გაზეთი“ დაინტერესდა, თუ შეიქმნა თუ არა სინამდვილეში სამთავრობო კომისია, როგორც ეს ნიკა გილაურმა განაცხადა 2 მარტს ტყიბულში ვიზიტისას და რა საქმიანობა გასწია ამ კომისიამ აფეთქების გამომწვევი მიზეზების დასადგენად. შესამისი ინფორმაცია ჩვენ საქართველოს მთავრობის კანცელარიიდან გამოვითხოვეთ, საიდანაც ასეთი პასუხი მივიღეთ: „თქვენ მიერ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია საქართველოს მთავრობის კანცელარიაში დაცული არ არის“.
2 მარტის აფეთქებას ტყიბულში მაშინ პრეზიდენტის ადმინისტრაციაც გამოეხმაურა: „სამომავლოდ ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, რომ მსგავსი ინციდენტი თავიდან ავიცილოთ,“ - განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ.
დაახლოებით 5 თვეში ტყიბულის მაღაროში აფეთქება ისევ განმეორდა.


27 აგვისტო, ისევ აფეთქება და ისევ მინდელის შახტა


მინდელის სახელობის შახტაში მესამე ცვლის 10 თანამშრომელი შევიდა. სამუშაოს დაწყებიდან დაახლოებით ნახევარ საათში აფეთქების ხმა გაისმა. სამი თანამშრომელი – ლაშა ბოჭორიშვილი, იოსებ (სოსო) ობოლაძე და პაატა მოდებაძე ადგილზევე დაიღუპა. მალხაზ ჭანტურიძე – საავდმყოფოში ორდღიანი მკურნალობის შემდეგ. მძიმედ დაშავდა 6 თანამშრომელი, მათი მკურნალობა დამწვრობის ცენტრში თითქმის ორი თვის განმავლობაში გრძელდებოდა. დაშავებულები ამბობენ, რომ აფეთქების შედეგად შერყეული ჯანმრთელობის გამო, მუშაობას ვეღარასდროს შეძლებენ.


„ასე გაგრძელება აღარ შეიძლება!"


ასე უკვე პრეზიდენტი სააკაშვილი გამოეხმაურა 27 აგვისტოს აფეთქებას. მიხეილ სააკაშვილი ტყიბულში 28 აგვისტოს ჩავიდა და განაცხადა: "მე დავავალებ მთავრობას, აქ მუდმივად იმუშაონ უსაფრთხოების ინსპექტორებმა, რომ მდგომარეობა მუდმივად გააკონტროლონ“. აფეთქების გამომწვევი მიზეზების დადგენა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა.


რა გამოიძია შსს–მ?


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე არ დაუსრულებია არც 2 მარტის და 27 აგვისტოს აფეთქების მიზეზების გამოძიება.
„ახალი გაზეთის“ შეკითხვაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ზვიად თავართქილაძემ წერილობით გვიპასუხა: „გაცნობებთ, რომ გამოძიებას ატარებს იმერეთის, რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს დეტექტივების სამმართველო.სისხლის სამართლის საქმეებზე საბოლოოდ საპროცესო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ამ ეტაპზე ტარდება ინტენსიური საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ავარიის გამომწვევი მიზეზებისა და დამნაშავე პირების დადგენის მიზნით“.
იმის გამო, რომ შსს–ს ამ დრომდე დაუსრულებია გამოძიება და შესაბამისი დასკვნა არ გამოუქვეყნებია, აფეთქების შედეგად დაზარალებულები ფულად კომპენაციებსაც ვერ იღებენ, რაც მათ კონტრაქტის შესაბამისად სადაზღვევო კომპანიამ უნდა აუნაზღაუროს.
„სადაზღვევო კომპანიაში მითხრეს, რომ ელოდებიან გამოძიების საბოლოო დასკვნას, რომ გასცენ კომპენსაცია“ – ამბობს „ახალ გაზეთთან“ საუბარში ერთ–ერთი დაზარალებული გია ობოლაძე.


დასკვნა, რომელიც გარდაცვლილებს ადანაშაულებს


მინდელის სახელობის შახტაში 2 მარტს მომხდარი აფეთქების მიზეზების დადგენის მიზნით, სპეციალური კომისია თავად „საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა“ შექმნა, რომლის შვილობილი კომპანია „საქნახშირი“ არის ტყიბულის შახტების ოფციალური მესაკუთრე 2006 წლიდან. კომისია შემდეგი შემადგენლობით დაკომპლექტდა: სსიპ გ. წულუკიძის სამთო ინსტიტუტის ღია სამთო სამუშაოებისა და აფეთქებების ტექნოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი სერგო ხომერიკი, ამავე ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი ნუგზარ კუკულაძე, შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მშენებარე ობიექტების დისტანციის უფროსი გოდერძი ჭოლიკიძე, საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის ინსპექციის სამთო საწარმოთა და ბურღვა–აფეთქებითი სამუშაოთა ზედამხედველობის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი მერაბ მეგრელიძე, ტყიბულის რაიონის გამგებლის თანაშემწე იურიდიულ საკითხებში თემურ ძაგნიძე, შპს „საქნახშირი (ჯი–აი–ჯი ჯგუფი)“–ს კორპორაციული მართვის დირექტორი ავთანდილ ბოჭორიშვილი და ამავე კომპანიის შრომის დაცვისა და უსაფრთხოების ტექნიკის სამსახურის უფროსი გულჯერი გვენეტაძე. კომისიას სს „მადნეულის“ სამცნიერო–საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე ზაზა გორდეზიანი ხელმძღვანელობდა.
კომისიამ სპეციალური გამოკვლევის აქტზე მუშაობა 2010 წლის 15 მარტს დაასრულა და დაადგინა 2 მარტს მომხდარი აფეთქების შემდეგი მიზეზი: „მზადებითი უბნის ცვლის პერსონალის მიერ დაირღვა ელ. მოწყობილობების უსაფრთხო ექსპლუატაციის წესები.“
კომისია დასკვნაში ასე აღწერს უბედური შემთხვევის გარემოებებს:
„მომხდარი ავარიის შემდეგ ადგილზე მისული ცვლის პერსონალისა და სამთო მაშველთან ერთად მისული ტექნიკური ხელმძღვანელობის მიერ დაფიქსირებული იქნა კვერშლაგის თავში შუროსთან დადგმული ელ. მოწყობილობების, მაგნიტური გამშვების სახურავების გახსნილი მდგომარეობა...აირის (მეთანის) აფეთქების მიზეზები არის ის, რომ დაგაზიანებული გვირაბის განიავება დაიწყო გაუმართავი, თავსახურახდილი ელექტრომოწყობილობის პირობებში, რაც გახდა ნაპერწკლის წარმოქმნის მიზეზი, რამაც თავის მხრივ, გამოიწვია მეთანის აალება ელექტრომოწყობილობის ზონაში. აალების შედეგად მოხდა მეთანის აფეთქება.“
კომისიის წევრი ავთანდილ ბოჭორრიშვილი, რომელიც იმავდროულად კომპანია „საქნახშირის“ თანამშრომელია, „ახალ გაზეთთან“ საუბარში განმარტავს, რომ „ელექტრომოწყობილობები, რომელიც შახტაშია დამონტაჟებული, არის უსაფრთხო შესრულების. უსაფრთხო შესრულების ელექტრომოწყობილობებს სახურავები ჰქონდა მოხსნილი, კერძოდ ორ მაგნიტურ გამშვებს და მუშები ღია მდგომარეობაში აწარმოებდნენ მის შემოწმებას.“ მისივე თქმით, ცვლის უფროსი იყო პასუხისმგებელი შესაბამისი ნორმატივების დაცვაზე.
ცვლის უფროსი – მიზდონ ონიანი, რომელსაც კომისიამ დააკისრა მთლიანი პასუხისმგებლობა მომხდარზე, აფეთქების დროს დაიღუპა. დაიღუპნენ ელ. ზეინკლებიც – ბრეგაძე და ჯიშიაშვილი, რომლებმაც კომიისის მტკიცებით, „ისე ჩართეს ვენტილატორი, რომ ელ. მაგნიტურ გამშვებებს არ დაახურეს სახურავი, დაგროვილი გაზი მოირეცხა სანგრევიდან, მიიღო ნაპერწკალი ხუფ–ახდილ ელ.გამშვებებიდან, რამაც გამოიწვია მეთანის აალება და შემდგომში აფეთქება, რასაც მოჰყვა უბედური შემთხვევა“.
ერთადერთი, ვინც 2 მარტის აფეთქების უშუალო თვითმხილველია, ბესო ზოსიაშვილია, თუმცა ზოსიაშვილი ამბობს, რომ საერთოდ ვერაფერს იხსენებს იმასთან დაკაშვირებით, თუ რა მოხდა სინამდვილეში 2 მარტს მინდელის სახელობის შახტის მე–11 უბანში და შესაბამისად, რამ გამოწვია აფეთქება?
„საერთოდ არაფერი მახსოვს, რა და როგორ მოხდა, ძალიან მძიმედ ვიყავი დაშავებული,“ – ამბობს ბესო ზოსიაშვილი „ახალ გაზეთთან“ საუბარში.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ ელ.ზეინკლებს – ბრეგაძესა და ჯიშიაშვილს, რომლებმაც, კომისიის დასკვნის მიხედვით, ვერ უზრუნველყვეს ელ. მოწყობილობების უსაფრთხო ექსპლუატაციის წესების დაცვა, გარდა იმისა, რომ შახტაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება ჰქონდათ, ასევე, 2009 წელს აქვთ გავლილი მიწისქვეშა ელ.ზეინკალთა საკვალიფიკაციო და შრომის დაცვის უსაფრთხოების წესების სწავლება. რაც შეეხება კიდევ ერთ „ბრალდებულ“ გარდაცვლილს – მიზდონ ონიანს, მას შახტაში მუშაობის 35–წლიანი სტაჟი ჰქონდა.
როგორ დადგინა კომისიამ, რომ გარდაცვლილებმა მაგნიტურ გამშვებებს სახურავი არ დაახურეს და ისე ჩართეს ვენტილატორი? – „ახალი გაზეთის“ ამ შეკითხვას ავთანდილ ბოჭორიშვილმა ასე უპასუხა: „როდესაც ჩავიდა მიცვალებულების ამოსაყვანად კომისიის შემადგენლობა, ნახა, რომ მოხსნილი ჰქონდა თავები“. კომისიის შემადგენლობიდან, მხოლოდ ორ წევრს – ავთანდილ ბოჭორიშვილსა და გულჯერი გვენეტაძეს შეეძლოთ 2 მარტს შემთხვევის ადგილზე ჩასვლა და „უთავსახურო მაგნიტური გამშვებების აღმოჩენა“, რომლებიც „საქნახშირის“ ხელმძღვანელი პირები არიან და შესაბამისად, ადვილად სავარაუდოა, რომ ამ ვერსიის განვითრებისას კომპანიის ინტერესებიდან ხელმძღვანელობდნენ.
„ახლა ამბობენ, თითქოს სახუფი არ მუშაობდა ვენტილაციისო. ეს არის სისულელე, გადმოაბრალეს ამათ! საიდან იციან – დახურული იყო, თუ არა? ხალხი იწვოდა, ღამის 10 საათზე რომ მოხდა აფეთქება და 5–6 საათის მერე ამოიყვანეს შახტიდან“ – ამბობს ზაირა ბუხაიძე, მიზდონ ონიანის მეუღლე და იქვე აგრძელებს – „ჩვენამდე არც გამომძიებელი მოსულა და არც რომელიმე კომისიის წევრი. სრულ გაურკვევლობაში ვართ და დამნაშავედ ვგრძნობ თავს, რომ ამდენი ხანი გავიდა და ვერაფერი გავარკვიე, როგორ დაიღუპა ჩემი მეუღლე“.


„ახლაც ასე არ დაწერენ და ჩვენ არ დაგვაბრალებენ ყველაფერს?!“


ამბობენ მეშახტეები, რომლებიც 27 აგვისტოს აფეთქებას ცოცხლები გადაურჩნენ, კომისიის მოსალოდნელი დასკვნის თაობაზე. თუმცა „საქნახშირის“ კომისიის დასკვნა 27 აგვისტოს აფეთქებასთან დაკავშირებით ჯერ–ჯერობით არ არსებობს. შესაძლოა, იმიტომაც, რომ მეორე აფეთქებას გაცილებით ბევრი თვითმხილველი გადაურჩა ცოცხალი და აქ „ელექტროხუფების“ მოტივი, ალბათ, ვეღარ იმუშავებს.
ლევან ქურციკიძე 27 წლისაა, სხეულის მოცულობის 45% დამწვარი აქვს. ექიმების გადაწყვეტილებით, მზის სინათლეს კიდევ ერთი წელი ვერ იხილავს, ახალ სამსახურზე კი საუბარიც ზედმეტია, ყოველ შემთხვევაში, უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში. ასეთია მისი ცხოვრებისთვის 27 აგვისტოს აფეთქების გამოძახილი. იმ დღის გახსენება ძალიან უჭირს: “წამებში მოხდა ყველაფერი, გავითიშე, თუმცა აზრზე მალე მოვედი. გვერდზე დავინახე თემურ დალაქიშვილი ეგდო და გამაგონა იმან ცოცხალი ვარო, დანარჩენები უკვე მკვდრები იყვნენ. მერე ნელა–ნელა ჩემი ფეხით გამოვედი შახტიდან“.
მუშაობა შახტაში სამი წლის წინ დაიწყო. ამბობს, რომ თანამშრომლებს ძალიან მძიმე პირობებში უხდებათ მუშაობა: „ვენტილაციის სისტემაა გაუმართავი. წესით, შახტაში 400 კუბი ჰაერი უნდა იყოს და არის 150 კუბი. რომც არაფერი გაგვეკეთებინა, მაინც ვიოფლებოდით, ისეთი უჰაერობაა.“ არც იმას მალავს, რომ კომპანიის ხელმძღვანელობა ამის თაობაზე ინფორმირებული იყო, „მაგრამ მაგაზე არ იკლავდნენ თავს“ – ამბობს ლევან ქურციკიძე. მისივე თქმით, მეშახტეებს ხშირად არც სპეცტანსაცმელი ჰქონდათ და არც სათანადო პირობები სამუშაოდ. „ახალი გაზეთის“ შეკითხვაზე– ოდესმე მოგითხოვიათ, რომ ეს პირობები შეექმნათ თქვენთვის? – ქურციკიძემ გვიპასუხა: „ვინ დაგალაპარაკებს მაგას თუ არა კი?! ერთი სიტყვა და გამოგიშვებენ სამსახურიდან.“
სამსახურის დაკარგვა კი ძალიან ძნელია, მითუმეტეს – ტყიბულში და მითუმეტეს მაშინ, როცა 650 ლარს შეადგენს ხელფასი.
გია ობოლაძე 49 წლისაა. 27 აგვისტოს მომხდარი აფეთქების შედეგად სხეულის საერთო მოცულობის 40%–ის დამწვრობა მიიღო, ცალი ფეხის ამპუტაციაც დაჭირდა. საავადმყოფოდან ცოტა ხნის წინ გამოწერეს და ახლა მკურნალობას შინ აგრძელებს.
„სინამდვილეში რა მოხდა, ვერ გეტყვი, ეს მოხდა წამებში... რამ გამოიწვია, როგორ მოხდა, ვერაფერს გეტყვით. უნდა ვივარაუდოთ ყველანაირად, რომ ვენტილაციის სისტემა იყო გაუმართავი“ – ამბობს გია ობოლაძე.
აფეთქების გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით მისი ვერსია ასეთია: „შახტაში ყველა უბანს თავისი ავტონომიური ვენტილაციის სისტემა აქვს: დგას ძალიან დიდი ვენტილატორი და ის წნევით სუფთა ჰაერს უბერავს იმ სანგრევში, სადაც არის ნახშირის მოპოვება. შესაძლოა, თვითონ ვენტილატორი გამართულად მუშაობდა, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ ოთახი, სადაც არის გაზი, ამ ოთახში უბერავს სუფთა ჰაერი დიდი რაოდენობით, მაგრამ იმ გაზს გასასვლელი არა აქვს, რომ გავიდეს, ე.ი. რა გამოდის? – იმ ოთახში ტრიალებს ის გაზი. როგორც წესი გასასვლელი ადგილი გათხრილია ნახშირში და ჩემი აზრით, ის იყო ჩამონგრეული და ამის გამო ვერ გადიოდა გაზი“.
ობოლაძეცა და ქურციკიძეც ამბობენ, რომ თანამშრომლების შესვლის წინ, შახტაში უბანი წინასწარ უნდა შემოწმდეს, რაც მათი თქმით, არ ხორციელდებოდა.
„პრობლემა იმაშია, რომ გადასული იყო კომპანია „ურა–ურაზე“ – ნახშირი, ნახშირი, ნახშირი, ნახშირი და მეტი არაფერი“ – ამბობს გია ობოლაძე.


მხოლოდ ნახშირის მოპოვება... სად არის ინვესტიცია?


ტყიბულში სულ ოთხი შახტაა, რომლებიც „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ შვილობილი კომპანია „საქნახშირის“ საკუთრებაშია 2006 წლიდან. ინვესტორმა ჯერ კიდევ 2007 წელს მისცა პრეზიდენტ სააკაშვილს პირობა, რომ 10 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებდა და 2 წელიწადში, ანუ 2009 წლისთვის, ოთხივე შახტის ამოქმედებას მოახერხებდა. თუმცა, ამ დრომდე ტყიბულში მხოლოდ ორი შახტა მუშაობს – ძიძიგურის სახელობის შახტა ნაწილობრივ და სრული დატვირთვით – მინდელის სახელობის შახტა, სადაც მოხდა წელს ორი აფეთქება.
მინდელის სახელობის შახტა ექსპლუატაციაში 1973 წელს შევიდა, საპროექტო სიმძლავრით 600 ათასი ტონა ქვანახშირი – წელიწადში.
„საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ ვებ–გვერდზე მითითებულია, რომ ინვესტიციის განხორციელების შემდეგ ექსპლუატაციაშია გაშვებული მინდელის სახელობის შახტის სამი უბანი და ძიძიგურის სახელობის მაღაროს ერთი ნახშირმომპოვებელი უბანი.
„ახალმა გაზეთმა“ ჯერ კიდევ სექტემბრის თვეში მიმართა „საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფს“ წერილობით რამდენიმე შეკითხვით, მათ შორის, გამოვითხოვეთ ინფორმაცია, თუ რა მოცულობის ინვესტიცია განახორციელა კომპანიამ ტყიბულის შახტების გადაიარაღების, გვირაბების აღდგენისა და მომზადების მიზნით 2006 წლიდან დღემდე? წერილზე პასუხი ვერ მივიღეთ, რის შემდეგაც „საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფს“ ტელეფონით დავუკავშირდით. მათ დაგვიდასტურეს, რომ ჩვენი წერილი კანცელარიაში გატარებულია, თუმცა იმის გამო, რომ ამ პერიოდში „საქნახშირის“ ხელმძღვანელობა შეიცვალა, ჩვენი წერილი ამჯერად კომპანიის ახალ ხელმძღვანელს გადაეგზავნება. შეკითხვაზე, თუ როდის იქნება შესაძლებელი, რომ მივიღოთ პასუხი ჩვენს მიერ გაგზავნილ შეკითხვებზე, „ჯი–აი–ჯი ჯგუფში“ გვიპასუხეს, რომ ზუსტ დროს ვერ დაგვისახელებენ.
ტყიბულის გამგებელი ლევან დოხნაძე ამბობს, რომ ტყიბულის შახტებში ამ დროისთვის 1020 ადამიანია დასაქმებული. მისივე თქმით, შახტებში ამ დროისთვის უსაფრთხოების ზომები განკაცრებულია და შესაბამისად, უბედურ შემთხვევებს აღარ უნდა ველოდოთ.
რაში გამოიხატება უსაფრთხოების ზომების გამკაცრება? – როგორც მეშახტეები ამბობენ, შახტაში შესვლის წინ მათ დაცვის თანამშრომლები ამოწმებენ, რომ ვინმეს არ აღმოაჩნდეს თან სიგარეტი, ან ალკოჰოლი.
„ამას ისედაც არავინ აკეთებდა? რომელი ჭკუათმყოფელი მოუკიდებს სიგარეტს იქ, სადაც გაზია?!“ – ამბობენ მეშახტეები.
რაც შეეხება სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, ამ კუთხით ტყიბულის შახტებში ჯერ–ჯერობითი არსებითი ცვლილებები არ განხორციელებულა. ერთადერთი ხარჯი, რაც კომპანია „საქნახშირმა“ გაწია აფეთქებების სერიის შედეგად, ეს გარდაცვლილი მეშახტეების დაკრძალვის ხარჯები იყო. დაზარალებულთა მკურნალობა კი მთლიანად სადაზღვევო კომპანიებმა აანაზღაურეს.
სტატია მომზადებულია "ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის" მიერ დაფინანსებული საგრანტო პროექტის (გრანტის ნომერი G10-3001) ფარგლებში. სტატიაში მოყვანილ ფაქტებზე პასუხისმგებელია გაზეთი "ახალი გაზეთი" და იგი არ გამოხატავს "ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის" ოფიციალურ პოზიციას.

Wednesday, November 10, 2010

რესტავრაცია ორიგინალის გაყალბების გზით

X-XI საუკუნის ქმნილება ბაგრატის ტაძარი საქართველოს ერთიანობის სიმბოლოს წარმოადგენს. ამასთან ერთად იგი ქართული ხუროთმოძღვრების შედევრადაც არის აღიარებული (თანაც არა მხოლოდ საქართველოს მიერ). მან, როგორც ნანგრევებმა 4 საუკუნე იარსება. 21- საუკუნეში საქართველოს ხელისუფლებამ და ქართულმა  მამრთლმადიდებლურმა ეკლესიამ ჩათვალეს, რომ არ შეიძლება ერთიანობის სიმბოლო ნანგრევი იყოს და ასევე, არ შეიძლება ტაძარი ღვთისმსახურების გარეშე არსებობდეს. ერი და ბერი გაერთიანდა და ტაძრის რესტავრაცია დაიწყო. თუმცა ამ, ერთი შეხედვით კეთილშობილურმა აქტმა ბევრი პრობლემა, მოწინაღმდეგე მხარე და კითხვა გააჩინა. ტაძრის რეკონსტრუქციის მეთოდს და რეკონსტრუქციის პროექტს გამოუჩნდა ბევრი მოწინააღმდეგე, მათ შორის გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია (UNESCO) და ტაძრის აღდგენის ფორმა და მეთოდი გაყალბებად და ორიგინალის დაზიანებად შერაცხა. რამდენად სწორად მიმდინარეობს ტაძრის აღდგენა? რას ითხოვს UNESCO  საქართველოდან? ემუქრება თუ არა ბაგრატის ტაძარს UN UNESCO- კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიიდან ამოღება? ამ და ბევრ სხვა კითხვაზე პასუხების საპოვნელად "ახალმა გაზეთმა ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა.  

მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 34- სესიაზე (მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტი განსაზღვრავს, თუ რომელი ძეგლი შეიტანონ UNESCO- მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში), რომელიც ბრაზილიის ქალაქ ბრაზილიაში გაიმართა, მსოფლიო  მემკვიდრეობის კომიტეტმა ბაგრატის ტაძრის და გელათის მონასტრის საკითხები განიხილა. წარმოდგენილი მასალების, მისიების დასკვნების და შეფასებების საფუძველზე კომიტეტმა გამოიტანა გადაწყვეტილება - ბაგრატის ტაძარი და  გელათის მონასტერი (ორივე ერთი ნომინაციით შევიდა UNESCO- მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში, ამიტომ ორივე ერთად განიხილება და ერთის ბედს გაიზიარებს მეორეც) შეიყვანეს "საფრთხის ქვეშ მყოფ" ძეგლთა სიაში. ეს სტატუსი მხოლოდ ერთი ნაბიჯით აცილებს ბაგრატის ტაძარს (და გელათის მონასტერს) UNESCO- მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიიდან ამოღებიდან. რის შემდეგაც ბაგრატი აღარ ჩაითვლება შედევრად და ხუროთმოძღვრების უნიკალურ ნიმუშად, მის მიმართ განხორციელებული, არც მეტი არც ნაკლები, ძალადობის გამო.

პრეისტორია

კულტურულ და ისტორიულ მემკვიდრეობაზე  სახელმწიფო ზრუნავს. მათ შორის ბაგრატის ტაძარზეც. თუმცა სხვა ბევრი ძეგლიდან განსხვავებით, ბაგრატის ტაძრის აღდგენის ცდუნება სხვადასხვა პოლიტიკური ორიენტაციის ბევრ ხელმძღვანელს განსაკუთრებული სიმძაფრით უფორიაქებდა გონებას. თუმცა, რეკონსტრუქციის თვალსაზრისით სერიოზული ძვრები მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდში მოხდა. მაგრამ მანამდე, უფრო ზუსტად  2002 წელს, ბაგრატის ტაძარს მეორე მზრუნველი და აღდგენის სერიოზული მსურველი გამოუჩნდა. სახელმწიფოს მიერ ეკლესიასთან გაფორმებული კონკორდატის (მე-7 და მე-9 მუხლების) საფუძველზე, ბაგრატის ტაძარი საპატრიარქოს და ეკლესიის საკუთრება გახდა. ეკლესიამაც მოისურვა მისი საკუთრების ქვეშ მყოფი ტაძარი აღდგენილი ეხილა. რამოდენიმე წლით ადრე კი, ანუ 1994 წელს, ბაგრატის ტაძარზე პასუხისმგებლობა UNESCO -მაც აიღო (საქართველო UNESCO- წევრი ქვეყანა 1992 წელს გახდა, 1995 წელს თანამშრომლობის მემორანდუმსაც მოეწერა ხელი). 1994 წელს ბაგრატის ტაძარი გელათის მონასტერთან ერთად U UNESCO-s მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შევიდა და იმ დროისთვის UNESCO-s მიერ აღიარებულ 400 ( დღეს 878-ზე მეტია) შედევრს შორის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კულტურულ მონაპოვრად ჩაითვალა. ტაძარს კიდევ ერთი პატრონი გაუჩნდა, რომელმაც ტაძარი ქართულ სივრცეს გააშორა, ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობა მიანიჭა და მსოფლიო საკუთრებად აღიარა. სახელმწიფოს და ეკლესიას ვალდებულება გაუჩნდა არა მხოლოდ საკუთარი ხალხის, ისტორიის და მემკვიდრეობის წინაშე, არამედ მსოფლიოს წინაშეც. თუმცა სხვა პატრონებიდან განსხვავებით UNESCO- ბაგრატის  ტაძრის აღდგენის იდეა-ფიქსი არ გააჩნდა.

UNESCO- წევრი ქვეყანა საქართველო ბევრ სხვა ვალდებულებასთან ერთად პასუხისმგებელი იყო, მისი მხრიდან წამოწყებული ყველა აქტივობა, რაც UNESCO- დაცვის ქვეშ მყოფი ძეგლების მისამართით იქნებოდა წარმოებული, UNESCO-სთან შეეთანხმებინა.  UNESCO- პროფესიული მრჩეველი ორგანიზაცია ICOMOS-ის (ძეგლებისა და ღირშესანიშნავი ადგილების დაცვის საერთაშორისო საბჭო) მისიები პერიოდულად სტუმრობდნენ საქართველოს და მათ პასუხისმგებლობაში მყოფი სამი ქართული შედევრის მონიტორინგს აწარმოებდნენ. მიუხედავად ამ ვალდებულებისა, ბაგრატის ტაძრის აღდგენის განზრახვა ისე გადაწყდა, რეკონსტრუქციის პროექტის შემუშავება და ტაძრის შემსწავლელი და გამაგრებითი სამუშაოები ისე დაიწყო,  UNESCO- ამის შესახებ არაფერი იცოდა. 2005 წეsლს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ ტაძრის კვლევა-პროექტირებაზე გამოაცხადა ტენდერი, სადაც რეკონსტრუქციის პროექტის ამჟამინდელმა ავტორმა არქიტექტორ-რესტავრატორმა ივანე გრემელაშვილმა და მისმა ფირმამ "რესტავრატორები და კომპანია" გაიმარჯვა. კვლევები 2007 წლამდე გაგრძელდა. უშუალოდ რესტავრაციის პროექტზე მუშაობა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ და ივანე გრემელაშვილმა  2008 წელს დაიწყეს და 2009 წელს დაასრულეს. პროექტი ამავე წლის აგვისტოში დამტკიცდა კულტურის სამინისტროს მიერ, იგი მოიწონა პარლამენტმაც 2009 წლის 17 სექტემბრის მოსმენაზე. UNESCO ხნის განმავლობაში "თამაშგარე" მდგომარეობაში რჩებოდა. თუმცა ინფორმაციები გარკვეული საფრთხეების შესახებ მას სხვა წყაროებიდან ეწოდებოდა. მაგალითად, ICOMOS-ის მისიის მიერ 2004 წელს წარმოებული მონიტორინგის დასკვნაში, რომელიც მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის კომიტეტს წარედგინა, წერია: "...ჩვენ შეგვექმნა შთაბეჭდილება, რომ ხელახლა აშენების მოწადინება იმდენად ძლიერია, რომ ეს შეიძლება მაინც განხორციელდეს, მიუხედავად რისკისა, რომ შედეგად ძეგლი შეიძლება ამოღებულ იქნას მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან" და იქვე აღნიშნულია, რომ "ჩვენი აზრით, ICOMOS-მა და მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა დარწმუნების ყველა ხერხი უნდა გამოიყენოს, რათა თავიდან აიცილოს ძეგლის ხელახლა აშენება".

თუმცა მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტს არ მიეცა "ყველა ხერხის" გამოყენების საშუალება წევრი ქვეყნის გადასარწმუნებლად, რადგან ტაძრის რეკონსტრუქციის შესახებ მას პოსტ-ფაქტუმ შეატყობინეს და პროექტიც დიდი ხნის დაგვიანებით მიაწოდეს. ჩვენ ამ "დაგვიანების" მიზეზის დადგენას შევეცადეთ და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორს ნიკა ვაჩეიშვილს მივმართეთ კითხვით, თუ რატომ არ მიეწოდა დროულად პროექტი UNESCO- და რატომ დაიწყეს მისი თანხმობის გარეშე ტაძრის შემსწავლელი და გამაგრებითი სამუშაოები, მაგრამ ამ კითხვაზე პასუხი დღემდე არ მიგვიღია.

 სახელმწიფო VS არქიტექტორები და UNESCO O

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ შემუშავებული ბაგრატის ტაძრის რეკონსტრუქციის პროექტი სამინისტრომ და პარლამენტმა მოიწონა. მაგრამ მას არ იწონებდა და არ იწონებს ბევრი ქართველი არქიტექტორი. უფრო სწორად არა პროექტს, არამედ ბაგრატის ტაძარზე უკვე ჩატარებულ სამუშაოებს, რადგან პროექტი მათ არავინ გააცნო (პროექტი "ახალი გაზეთისთვისაც" ხელმიუწვდომელი აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ კულტურის სამინისტროს ორი თვის წინ მივმართეთ იფიციალური წერილით და თხოვნით პროექტის ასლის მოწოდების თაობაზე).

2009 წელს არქიტექორების და რესტავრატორების მხრიდან მოეწყო რამოდენიმე საპროტესტო აქცია, დაიწერა წერილი ("ბაგრატის ტაძარი შველას ითხოვს"), რომელსაც ბევრმა რესტავრატორმა და ხელოვნებათმცოდნემ მოაწერა ხელი, ჩამოვიდა  ჯგუფი ქუთაისში და ადგილზე გაეცნო სიტუაციას, მათ გააჟღერეს საპროტესტო განცხადებები ადგილობრივ მედიაში.

თუმცა ამას შედეგი არ მოყოლია. შეიძლება იმიტომ, რომ პროფესიონალთა მხრიდან რეაქციები დაგვიანებით მოხდა. ამ დაგვიანების მიზეზს არქიტექტორ-რესტავრატორი ნესტან თათარაშვილი ასე ხსნის: "ჩემი აზრით, ამის მთავარი მიზეზი დარგის უკიდურესი პოლიტიზებით არის განპირობებული: მნიშვნელოვანი, ფართომასშტაბიანი სამშენებლო-სარესტავრაციო სამუშაოების შეკვეთა ძირითადად პოლიტიკური ეშელონებიდან მოდის, ვადებსაც ისინი განსაზღვრავენ და ბიუჯეტსაც. თავიანთი იდეების განსახორციელებლად  მათ უმეტესად კონფორმისტი სპეციალისტებით დაკომპლექტებული როგორც სამთავრობო, ასევე "საკუთარი" არასამთავრობო ორგანიზაციები გააჩნიათ, სადაც პროფესიული დავა, დისკუსია და კამათი დაუშვებელია. ამიტომ საზოგადოებას, კეთილსინდისიერ პროფესიონალებსა თუ დამოუკიდებელ ექსპერტებს საშიშროების პრევენციის არანაირი საშუალება არ გააჩნიათ, მათ მხოლოდ მომხდარი ფაქტების შეფასება და განხილვა უწევთ".

შეფასებებისა და განხილვების შემდეგ კი ბაგრატის ტაძრის მისამართით ბევრმა უარყოფითმა ფაქტმა მოიყარა თავი. რიგი არქიტექტორების რწმენით, აღდგენის მეთოდი "აგრესიულია", "დიდია ინტერიერში ჩარევა", "ხელყოფილია ფიზიკური ქსოვილი", "რკინის არმატურა მძიმეა საძირკვლისთვის", "საძირკველი ბეტონის სარტყელშია" და .. გარდა მეთოდის ხსენებული აგრესიულობისა, არქიტექტორთა თქმით, სისწრაფეც აფუჭებს საქმეს. "სამუშაოების ასეთი სისწრაფით განხორციელება ყოვლად დაუშვებელი და მიუღებელია. ის, რაც ახლა ბაგრატზე ხდება, დიდი ხანია მთელ მსოფლიოში მცდარ გამოცდილებად და ძეგლის აუთენტურობის შემლახველ ქმედებად არის მიჩნეული. ბაგრატის ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობა მისი  UNESCO- ნუსხაში ყოფნით არის აღიარებული, ჩვენ კი მას უბრალოდ ვანადგურებთ და  სამების ტაძრის მაგვარ ახალ უსახურობად გადაქცევას ვუქადით,"- ამბობს ნესტან თათარაშვილი.

საქმეს ისიც ართულებს, რომ პროექტი დაფუძნებულია ვარაუდზე. "ვინაიდან საკმარისი მონაცემები არ არსებობს, ძეგლის ისტორიული სახით რეკონსტრუქცია შეუძლებელია და ამიტომ მისაღები იქნებოდა მხოლოდ ტაძრის დასრულების თანამედროვე ხუროთმოძღვრული გადაწყვეტა. სხვა შემთხვევაში ეს იქნება ძეგლის გაყალბება და შესაბამისად, განადგურება", - ამბობს ICOMOS-ის საქართველოს წარმომადგენლობის გენერალური მდივანი, არქიტექტორ-რესტავრატორი ნატო ცინცაბაძე.

ქართველ არქიტექტორთა ავტორიტეტი საკმარისი არ აღმოჩნდა კრიტიკის მისაღებად და პროექტში ცვლილებების შესატანად. მაგრამ აქ საქმეში ჩაერთო სხვა ავტორიტეტი, რომელმაც თითქმის ანალოგიური შენიშვნები გააჟღერა და პროექტი "უარყოფითის" და ჩატარებული სამუშაოები "სავალალოს" სტატუსით შეაფასა. მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა 34- სესიაზე წარუდგინა საქართველოს 2010 წლის თებერვალში ICOMOS-ის მიერ დამუშავებული დოკუმენტი, რომელშიც გაანალიზებული იყო ბაგრატის ტაძრის რეკონსტრუქციის პროექტი. (აქვე აღვნიშნავ, რომ მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 33- და 34- სესიების მასალები მოგვაწოდა ICOMOS-ის ქართულმა წარმომადგენლობამ და ასევე, ICOMOS- მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ცენტრის გამომცემლობა და განათლების პრომოუშენის წარმომადგენელმა ჯინა დაბლდეიმ). "შემოთავაზებული რეკონსტრუქციის პროექტი მიზნად ისახავს ბაგრატის ტაძრის ნანგრევებს დაუბრუნოს ავთენტური ფუნქცია და შექმნას ახალი ეროვნული სიმბოლო ძეგლის რეკონსტრუქციის გზით. თუმცა ეს დიდწილად გაანადგურებს არსებულ ავთენტურ ქსოვილს და ნანგრევებში შემონახულ ავთენტური მშენებლობის ოსტატობას. ეს პროცესი ასევე გაანადგურებს ძეგლის ავთენტურ სულს და "ისტორიის სუნთქვას", რასაც ძეგლის მომავალი მნახველი ვეღარ შეიგრძნობს. ამდენად, პროექტი უნდა უარყოფილ იქნას, როგორც მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის გამორჩეული უნივერსალური ღირებულებისა და ავთენტურობისთვის უცილობელი საფრთხის შემცველი".

უნდა აღინიშნოს, რომ UNESCO- შესაძლებლად მიაჩნია პროექტის გაუმჯობესება, იმ სახით და იმ დონეზე, რომ "შენარჩუნებულ იქნას ძეგლის ავთენტურობა და ამავე დროს, მოხერხდეს მისი ეკლესიად გამოყენება", - აღნიშნულია ერთ-ერთ დოკუმენტში. მაგრამ ის კვლავაც აკრიტიკებს იმ ფორმას და ჩატარებულ სამუშაოებს, რა მეთოდითაც ქართული მხარე ტაძრის რესტავრაციას  და მის ეკლესიად გადაქცევას ცდილობს.

2010 წელს საქართველოში მყოფმა ICOMOS-ის მისიამ არცთუ უწყინარი შეფასებები მისცა უკვე შესრულებულ სამუშაოებს. მისიამ აღნიშნა რიგი სერიოზული უარყოფითი ჩარევებისა: "მთელ პერიმეტრზე მიწის ქვეშ ბეტონის სარტყელით საძირკვლის გაძლიერება, რკინა-ბეტონის სვეტების მოწყობა, თავდაპირველი კედლის ნაწილობრივ დაფარვა ქვის კვადრებითა და ლითონის არმირებით. ... დაგეგმილი ძეგლზე მომავალში ჩასატარებელი სამუშაოები კიდევ უფრო სავალალოა. განზრახულია ძეგლის ინტერიერისა და ექსტერიერის ყველა დაკარგული ნაწილის რეკონსტრუქცია, რათა ხელახლა შეიქმნას ნაგებობა თავდაპირველი სახით და აღდგეს მისი ფუნქცია, როგორც ეკლესიისა. ეს მიღწეულ უნდა იქნას ძეგლის მთელ პერიმეტრზე კედლების ზემოთ რკინა-ბეტონის სარტყლის მოწყობით, ასევე ნამდვილი ქვის სვეტების ადგილზე ახალი რკინა-ბეტონის სვეტების აღმართვით, რკინა-ბეტონის გამოყენებით გიგანტური კამაროვანი მოცულობებისა და გუმბათის რეკონსტრუქციით, რომელნიც თავდაპირველი ქვის ნაგებობის იმიტაციის მიზნით, შემდგომ ქვის ფენით შეიმოსება". მისიამ აღნიშნა, რომ დაგეგმილი რეკონსტრუქცია მხოლოდ ნაწილობრივ ეყრდნობა მისაღებ დოკუმენტაციას და ბევრი სეგმენტი დაფუძნებულია მხოლოდ ვარაუდზე.

პასუხები ვერ მივიღეთ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან იმის თაობაზე, UNESCO- მიერ პროექტის უარყოფის და შესრულებული სამუშაოების, რბილად რომ ვთქვათ, არმოწონების გასაბათილებლად გააჩნია თუ არა ქართულ მხარეს რაიმე დასაბუთებები, ან აპირებენ თუ არა პროექტის შეცვლას და შესწორებას.

პასუხი ვერ მივიღეთ ვერც ბაგრატის ტაძრის რესტავრაციის პროექტის ავტორის, არქიტექტორ-რესტავრატორ ივანე გრემელაშვილისგანაც. მან UUNESCO- გადაწყვეტილებების მოპასუხედ სააგენტო მიიჩნია და მასთან გადაგვამისამართა. მისი ინფორმაციით, ამ საკითხებთან დაკავშირებით სააგენტო მოლაპარაკებებს აწარმოებს UNESCO-თან, თუმცა კონკრეტულად რა საკითხებზე, ჩვენთვის უცნობი, პასუხგაუცემელი და ხელმიუწვდომი დარჩა ისევე, როგორც ის 11  კითხვა, რომელიც სააგენტოს გადავუგზავნეთ ბაგრატის ტაძრის გარშემო შექმნილ პრობლემატიკაში გარკვევის მიზნით.

გაგრძელება, თუ შეჩერება?

კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტო და კულტურის სამინისტრო არა მარტო ჩვენთან არის "უბრად" -  აღმოჩნდა, რომ UNESCO-სთანაც. გარდა UNESCO-თვის მიუღებელი პროექტის შექმნისა  და ტაძრისთვის უკვე შესრულებული სამუშაოებით მიყენებული დაზიანებებისა, ქართულმა მხარემ სხვა ვალდებულებების შესრულებაშიც არ გამოიჩინა თავი. მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტს 33- სესიაზე კიდევ ერთხელ დასჭირდა რიგი მოთხოვნების გამეორება, რომ წევრ ქვეყანას (საქართველოს) სასწრაფოდ დაემუშავებინა, დაემტკიცებინა და მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრისა და მრჩეველი ორგანიზაციებისთვის გაეგზავნა ბაგრატის კათედრალისა და გელათის მონასტრის მენეჯმენტის გეგმა, ძეგლთა საზღვრებისა და ბუფერული ზონების მკაფიოდ მაჩვენებელი დოკუმენტის ჩათვლით. ამას გარდა, მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრმა მოსთხოვა წევრ ქვეყანას, მიეწოდებინა დეტალური და სრული ინფორმაცია ძეგლთა კონსერვაციის მდგომარეობის მონიტორინგზე,

მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა ამ მოთხოვნიდან ბევრი რამ ვერ მიიღო. ქართულმა მხარემ კვლავაც ურჩობა გამოიჩინა და არ განახორციელა ვალდებულებები. რის შემდეგაც მსოფლიო კომიტეტმა ევროპელებისთვის ნიშნეული ემოცია - დიდი შეშფოთება გამოხატა და 34- სესიაზე მიიღო გადაწყვეტილება: "ითვალისწინებს რა, რომ წევრმა ქვეყანამ არ შეასრულა კომიტეტის 33COM. 7B. 103 გადაწყვეტილების ყველა მოთხოვნა, რის გამოც ძეგლი საფრთხეშია (მსოფლიო მემკვიდრეობის კონვენციის) სახელმძღვანელო პრინციპების თავი IV.B- ის შესაბამისად, იღებს გადაწყვეტილებას, ბაგრატის კათედრალი და გელათის მონასტერი შეტანილ იქნას "საფრთხის ქვეშ მყოფი" მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში."

მსოფლიო კომიტეტმა კიდევ ერთხელ უსაყვედურა საქართველოს და დამამძიმებელ გარემოებად შერაცხა ტაძრის რეკონსტრუქციის სამუშაოების დაწყება UNESCO- სთან შეუთანხმებლობის გამო.  ქართულ მხარეს მოუწოდა მთელი რიგი სამუშაოების ჩატარებისკენ, მოთხოვა მას კონსულტაციები საერთაშორისო დონის ექსპერტებთან, პროექტის გადაკეთება, ჩარევების აღმოფხვრა შეძლებიდაგვარად, წაუყენა ხუთი პირობა და დაუწესა ოთხპუნქტიანი განრიგი. ძალიან მკაფიოდ განუმარტა, რომ მხოლოდ ყველა ამ მოთხოვნის შესრულების შემდეგ განიხილება "საფრთხეში მყოფი ძეგლთა" ნუსხიდან ბაგრატის ტაძრის და გელათის მონასტრის ამოღების საკითხი.

მაგრამ კომიტეტმა  პირველ რიგში რეკონსტრუქციის შეჩერება მოითხოვა. ამ მოთხოვნიდან სამი თვე გავიდა, მაგრამ ბაგრატზე სამუშაოები არ შეჩერებულა. ივანე გრემელაშვილი ჩვენთან საუბრისას ადასტურებს, რომ გამაგრებითი სამუშაოები არ შეჩერება და 2010 წლის პროექტის დაგეგმილი სამუშაოები ბოლომდე მივა. იგივეს ადასტურებს ბაგრატის ტაძარზე მიმდინარე  სამუშაოების ხელმძღვანელი რესტავრატორი ზურაბ გედენიძე. "მუშაობა მთელი ამ ხნის განმავლობაში არ შეჩერებულა და მეორე ეტაპის სამუშაოები წარმატებით მიმდინარეობს", - განაცხადა მან ჩვენთან საუბარში. არც პროექტში იგეგმება ცვლილებები. ორი თვის წინ ეროვნული სააგენტოდან გამოვითხოვეთ შეცვლილი (თუკი ცვლილებები განხორციელდებოდა) პროექტის ასლი, რაც ამ დრომდე არ მიგვიღია. არც ივანე გრემელაშვილი ადასტურებს ცვლილების განხორციელების შესაძლებლობას. "პროექტი მოწონებულია და იგი რატომ უნდა შეიცვალოს?! - სვამს რიტორიკულ კითხვას.

UNESCO- კატეგორიული მოთხოვნა არ სრულდება. არადა, "იმის გათვალისწინებით, რომ თუ ბაგრატის კათედრალზე სარეკონსტრუქციო სამუშაოები გაგრძელდა, ძეგლი (კონვენციის) სახელმძღვანელო პრინციპების თავი IV.C-ის შესაბამისად, შესაძლოა საბოლოოდ ამოღებულ იქნას მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან", - აღნიშნულია მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 34- სესიაზე მიღებულ გადაწყვეტილების პროექტში: 34 COM 7B.88

სააგენტოს მივმართეთ კითხვით, თუ რატომ არ ჩერდება სამუშაოები ბაგრატის ტაძარზე, მაგრამ ტრადიციული დუმილი მივიღეთ პასუხად. დუმილი კი ყოველთვის არ არის ოქრო.

რას ვკარგავთ?

რაც ბრწყინავს, არც ის არის ყოველთვის ოქრო. თუკი ბაგრატის ტაძრის რეკონსტრუქცია ამ პროექტის მიხედვით და ამ მეთოდით გაგრძელდა, ბაგრატის ტაძარი (უფრო სწორად, რაც მისგან დარჩება) 2013 წელს "გაიბრწყინებს" სრულად რესტავრირებული. სამაგიეროდ, მან შეიძლება აღარ იბრწყინოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის 787 შედევრს შორის, რადგან ის ფორმა და სული გამოეცლება რაც მას შედევრად ხდის.

"ბაგრატს თუ სიიდან საბოლოოდ გარიცხავენ, ეს ნიშნავს, რომ ის მთლიანად დაკარგავს, მის "გამორჩეულ უნივერსალურ ღირებულებას". შესაბამისად, ჩვენ დავკარგავთ საუკეთესოს, რაც გაგვაჩნია. მისი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანა, თავის დროზე ნიშნავდა, რომ მას ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობა აქვს და შესაბამისად მთელი კაცობრიობის ფასეულობაა და საქართველოს კაცობრიობის განვითარებაში წვლილის სიმბოლოა. ამასთან ერთად, სამწუხაროდ გელათიც მის ბედს გაიზიარებს და მისი ცალკე, ხელახლა სიაში შეტანა უკიდურესად გართულდება ამ სიტუაციაში", - ამბობს ნატო ცინცაბაძე.  

 ეკა კუხალაშვილი

 სტატია მომზადებულია "ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის" მიერ დაფინანსებული საგრანტო პროექტის (გრანტის ნომერი G10 - 3001) ფარგლებში. სტატიაში მოყვანილ ფაქტებზე პასუხისმგებელია გაზეთი "ახალი გაზეთი" და იგი არ გამოხატავს "ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის" ოფიციალურ პოზიციას.