Sunday, May 16, 2010

"ნაციონალური" აქტივი სადამკვირვებლო მისიებში

იმერეთის ოლქებში დამკვირვებლები შუშანიას სახლის მისამართზე რეგისტრირებული NGO-დან გაიგზავნებიან

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ცესკოში ამ დროისთვის 21 ადგილობრივი და 7 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციაა რეგისტრირებული. მათ შორის ქუთაისური მხოლოდ ერთი ორგანიზაციაა - "დემოკრატიისა და თავისუფლების ცენტრი".
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ორგანიზაციის საკონტაქტო პირად მითითებულია დირექტორის მოადგილე ლაშა მურუსიძე. მურუსიძემ ჩვენთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ აღნიშნული ორგანიზაცია არჩევნების დღეს ქუთაისის 126-ვე საარჩევნო უბანში აპირებს საკუთარი დამკვირვებლების მივლინებას. მისგანვე გავარკვიეთ, რომ ორგანიზაციის თავმჯდომარე ლევან ჭანჭალეიშვილია. ჭანჭალეიშვილი, რომელიც შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში" მუშაობს კომერციული უსაფრთხოების დეპარტამენტის ქუთაისის რეგიონალური ჯგუფის უფროსის თანამდებობაზე, ამჟამად "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატია ქუთაისში.
"მიუხედავად იმისა, რომ კანონი არ კრძალავს იმ არასამთავრობო ორგანიზაციის დამკვირვებლის სტატუსით რეგისტრაციას ცესკოში, რომელსაც ხელმძღვანელობს საარჩევნო კანდიდატი, აღნიშნული ორგანიზაციის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობა ვერანაირად ვერ შეფასდება, როგორც ობიექტური, რადგან ძალიან დიდი რისკია, ეს ორგანიზაცია იმოქმედებს ხელმძღვანელის ინტერესებიდან გამომდინარე," - აცხადებს "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარე ნინო თვალთვაძე.
ლევან ჭანჭალეიშვილი მმართველი პარტიის სიის მე-11 ნომერია. აღნიშნულ სიაში ის იმერეთის გუბერნატორის პირველი მოადგილის - გიგა შუშანიას პროტეჟეა. მათ ახლო მეგობრულ ურთოერთობებზე ის ფაქტიც მიუთითებს, რომ ზემოთ აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციის - "დემოკრატიისა და თავისუფლების ცენტრის" იურიდიულ მისამართად ცესკოს ვებ-გვერდზე სწორედ გიგა შუშანიას საცხოვრებელი სახლის მისამართია მითითებული: ქუთაისი, თბილისის მე-2 შესახვევი, #17. "დემოკრატიისა და თავისუფლების ცენტრს" დამკვირვებლის სტატუსი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის #226 განკარგულებით მიენიჭა. აღნიშნულ განკარგულებაში ნათქვამია, რომ ამ ორგანიზაციას დამკვირვებლის სტატუსით შეუძლია ისარგებლოს არა მხოლოდ ქუთაისის, არამედ იმერეთისა და გურიის სამხარეო ადმინისტრაციებში შემავალ 15-სავე საარჩევნო ოლქში.
საქართველოს საარჩევნო კოდექსის შესაბამისად, საარჩევნო სუბიექტს ისედაც აქვს უფლება მიავლინოს საკუთარი წარმომადგენელი თითოეულ საარჩევნო უბანზე. აღნიშნული წარმომადგენელი დამკვირვებლისთვის მინიჭებული ყველა უფლებით სარგებლობს, თუმცა მმართველ პარტიას იმერეთსა და გურიაში მხოლოდ წარმომადგენლების მონაწილეობა არ აკმაყოფილებს საარჩევნო უბნებზე, ამიტომაც მათ აქ "ნაციონალური" ინტერესების დაცვაში "დემოკრატიისა და თავისუფლების ცენტრის" დამკვირვებლებიც წაეხმარებიან.
აღსანიშნავია, რომ ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები "დემოკრატიისა და თავისუფლების ცენტრის" აქტივობებს ნაკლებად, უფრო სწორად კი საერთოდ არ იცნობენ. ქუთაისში, "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა" და "სამართლიანი არჩევნების" ოფისებში ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები ყოველთვიურად იკრიბებიან და აღნიშნულ შეხვედრებზე საკუთარი საქმიანობების შესახებ ცვლიან ერთმანეთში ინფორმაციას. "დემოკრატიისა და თავისუფლების ცენტრს" მსგავს შეხვედრებში მონაწილეობა არასდროს მიუღია და უფრო მეტიც, ამ შეხვედრების მონაწილე ორგანიზაციებმა ასეთი არასამთავრობო ორგანიზაციის არსებობის შესახებაც კი არაფერი იციან.
ძნელი წარმოსადგენია, თუ როგორ უნდა მოახერხოს "დემოკრატიისა და თავისუფლების ცენტრის" ხელმძღვანელობამ ნეიტრალური დამკვირვებელების ისეთი მრავალრიცხოვანი არმიის შეკრება (რომელმაც საქართველოს 15 საარჩევნო ოლქი უნდა მოიცვას და მათ შორის ქუთაისის 126-ვე უბანი) მაშინ, როცა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე უხუცესი და გამოცდილი არასამთავრობო ორგანიზაცია - "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" ქუთაისში მხოლოდ 50 უბანზე შეძლებს საკუთარი დამკვირვებლების წარგზავნას.
"126 უბნიდან 50-ზე გვეყოლება დამკვირვებელი. ასევე, გვეყოლება 5 მობილური ჯგუფი, რომელიც მოიცავს დანარჩენ უბნებსაც დღის განმავლობაში. ოლქშიც გვეყოლება ჩვენი წარმომადგენელი, დააკვირდებიან მიმდინარე პროცესებს. ანუ ესაა ძირითადი რესურსი, რომელიც ქუთაისში იქნება გამოყენებული ჩვენს მიერ," - ამბობს ნინო თვალთვაძე.
ყველა უბნის დაფარვას ქუთაისში ვერც "სამართლიანი არჩევნები" ახერხებს: "კონკრეტული უბნების დაყოფა ჯერ ორგანიზაციას არ უწარმოებია. სრულ დაფარვას არ ვაკეთებთ. ასე მოხდა წინა არჩევნებზეც, შევცვალეთ სტარატეგია და ამ ეტაპზეც ასეა. მთელი საქართველოს მასშტაბით დაიფარება 1100 უბანი და ეს რაოდენობა პროპორციულად განაწილდება ოლქების მიხედვით," - ამბობს "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" რეგიონული კოორდინატორი თეონა გოგიშვილი.
სამაგიეროდ იმოძრავებენ მობილური ჯგუფები, რომლებიც დაფარავენ ყველა უბანს. NGO სექტორს ერთმანეთის მხრიდან სოლიდარობის იმედიც აქვთ. "ერთმანეთის ძალიან დიდი იმედი აქვთ თვით არჩევნების დღესაც დამკვირვებლებს ინფორმაციის გაცვლის თვალსაზრისით. ან საჩივარს წერ და გჭირდება იქ დამოწმება, ძალიან უდგანან მხარში ერთმანეთს. ვიღაცამ შეიძლება თავი აგარიდოს, მაგრამ "სამართლიანი არჩევნები" და "საია" გვერდში უდგანან და არასდროს აერიდებიან ერთმანეთს," - მიაჩნია თეონა გოგიშვილს.
რადგან ყველა უბანს ვერ მოიცავენ, შესაძლებელია კონკრეტულ უბანში დარჩეს დამკვირვებელი "გვერდში მდგომის" გარეშე. თუმცა აქცენტი გაკეთდება ე.წ. რთულ უბნებზე, ანუ უბნებზე, რომელთაც წინა არჩევნებში გაყალბებით და დარღვევით "გამოიჩინეს თავი". ამ კუთხით - "თავის გამოჩენის" 26 მეთოდზე საუბრობენ NGO-ების წარმომადგენლებიც. თუმცა ამ მეთოდების ცოდნა გარანტად მაინც არ იქცევა, რადგან ყოველი წელი ახალი სიურპრიზით "აოცებს" დამკვირვებლებს. მაგალითად, 2008 წლის არჩევნებზე საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში დამკვირვებელთა და NGO სექტორის წარმომადგენელთა რიგებში "ნაციონალები" გამოჩნდნენ.
"დიდი მნიშვნელობა აქვს დამკვირვებლის სწორად შერჩევას. არ უნდა მოხვდეს დამკვირვებელთა შორის რომელიმე პოლიტიკური სუბიექტის მიმართ განწყობილი ადამიანი", - ამობს ნინო თვალთვაძე.
წელს "ახალი თაობა - ახალი ინიციატივიდან", რომელიც არჩევნებს თბილისში აკვირდება, პოლიტიკაში გადავიდა და "ნაც. მოძრაობის" სიის მეორე ნომრად მოგვევლინა კოკი იონათამიშვილი - ამ ორგანიზაციის ყოფილი ხელმძღვანელი. ეს გადანაცვლება იმის ალბათობას ქმნის, რომ ეს ორგანიზაცია "გარკვეული პოლიტიკური სუბიექტის მიმართ განწყობას" გამოხატავს. თავად ხსენებული ორგანიზაციის წარმომადგენლები საშიშროებას არ იზიარებენ და ობიექტურობის გამოჩენას პირდებიან ამომრჩევლებს.
გაყალბების ნაირფერ მეთოდოლოგიაზე საუბრობს თეონა გოგიშვილიც: "ყოველი არჩევნები "სიახლით" გამოირჩევა. წინა არჩევნებზე ძალიან აქტუალური იყო სხვის ნაცვლად ხმის მიცემა. იყო შემთხვევები, როცა პიროვნება არ იყო საქართველოში და აღმოჩნდა, რომ ხმა ჰქონდა მიცემული. ძალიან პოპულარული იყო სიის დანართით გაყალბება. ანუ გადასატანი ყუთისათვის გამზადებული სიის დანართში როდესაც გადაყავთ კონკრეტული მოქალაქე, ერთიან სიაში ხდება მინაწერის გაკეთება, რომ ეს პიროვნება გადაყვანილია სიის დანართში. იყო შემთხევევბი, როდესაც ერთიან სიაში ეს მინაწერი არ იყო გაკეთებული. თუკი ამომრჩეველი თავს უფლებას მისცემს, ორჯერ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, თან არ იქნება სრულყოფილად მარკირების პროცედურა ჩატარებული, ამ შემთხვევაში ძალიან დიდი ალბათობაა, რომ ის პიროვნება, რომელიც სიის დანართში იყო, ანალოგიურად მობრძანდეს უბანზე და მისცეს ხმა. ასევე, ყველასათვის ცნობილი "კარუსელი". მაგრამ რაღაც დონეზე ფორმები იცვლება. შემდგომისთვის უფრო `იხვეწება~. მთავარია, გაყალბების სურვილი არ იყოს. სხვებთან ერთად, განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას მოქალაქეებს ვანიჭებ. უბრალოდ არ უნდა მოიძებნებოდეს ისეთი პიროვნება, რომელიც ამას გააკეთებს".
არადა, ჯერ კიდევ მოიძებნება ის, ვინც ამას გააკეთებს, თანაც არც თუ ცოტა, ყოველ შემთხვევაში, წინა არჩევნების გამოცდილებიდან გამომდინარე, ჯერ კიდევ დიდი გზაა სამოქალაქო საზოგადოებად ჩამოყალიბებამდე. შეიძლება ამის მიზეზი ისიც არის, რომ საზოგადოებას ნაკლები ინფორმაცია აქვს. თუნდაც იმაზე - თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათი სწორი დამოკიდებულება არჩევნებისადმი, რომ არჩევანი მათზეა და ზოგადად იმაზეც - რისი არჩევნები უნდა გაიმართოს 30 მაისს.
"მცირე ინფორმაცია აქვთ. იყო შემთხვევები, რომ რეგიონის ხალხს ეგონა გიგი უგულავას არჩევა უწევდათ", - ამბობს ნინო თვალთვაძე.
"ძალიან ნაკლებად არიან ინფორმირებულნი. შემიძლია დავასახელო კონკრეტულად სამტრედია, ბაღდათი, სადაც წამოვიდა მოქალაქეებიდან ამ ტიპის კითხვები: რა, ჩვენთანაც არის არჩევნები? ანუ ცენტრალური ტელევიზიებიდან გამომდინარე, ეგონათ, რომ მხოლოდ თბილისში ტარდებოდა არჩევნები. ჩვენი ორგანიზაციის წარმომადგენლებს დასჭირდათ განმარტება, თუ რა არჩევნებია, რა ტიპისაა, რას ეხება და ა.შ." - ამბობს თეონა გოგიშვილი.
იგივე ტელევიზიიდან წამოსული რეკლამა გახდა მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მიზეზი. არჩევნებზე მოქალაქეთა თავისუფალი დასწრების შესახებ მოქალაქეებმა სატელევიზიო რეკლამიდან მცდარი ინფორმაცია მიიღეს. ცესკოს სატელევიზიო, თუ რადიო რეკლამის თანახმად, ყველა მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა დაესწროს არჩევნებს. თუმცა, კანონი ასეთ შეპირებას არ იძლევა: "ცოტა გაურკვევლობა გამოიწვია მოქალაქეებში საარჩევნო კომისიის მიერ გავრცელებულმა სარეკლამო რგოლებმა. "საჯაროში" და "ღიაში" ისინი გულისხმობდნენ საჯაროობას სხდომებისას. მაგრამ არჩევნებზე ნებისმიერი ადამიანის დამკვირვებლად ყოფნა წარმოუდგენელია, მსგავსი ცვლილება კანონში არ არსებობს. რაც შეეხება სხდომის საჯაროობას. სხდომის საჯაროობაშიც არ იგულისხმება ნებისმიერის დასწრების შესაძლებლობა. ისიც უნდა იყოს რეგისტრაციაგავლილი პიროვნება - პარტიის მხრიდან იქნება ეს თუ სადამკვირებლო ორგანიზაციიდან", - განმარტავს "სამართლიანი არჩევნების" რეგიონალური კოორდინატორი.
მოკლედ, მოქალაქეებს ბევრი "ხაფანგის", გაურკვევლობის და ნაკლები ინფორმაციის გადალახვა უწევთ, რომ საარჩევნო ყუთებთან ინფორმირებულნი და მომზადებულნი მივიდნენ. თანაც, ბოლომდე ვერც იმის გარანტია ეძლევათ, თუ რამდენად ობიექტური და მახვილი იქნება დამკვირვებლის მზერა.
ეკა კუხალაშვილი
მაია მეცხვარიშვილი

Wednesday, May 5, 2010

პრეზიდენტთან შესახვედრად მისული ქალბატონი ტყეში გაიტაცეს

4 მაისს, პრეზიდენტ სააკაშვილის ქუთაისში ვიზიტისას, მასთან შესახვედრად მისული ადგილობრივი მკვიდრი - იზო მახათაძე ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებმა გაიტაცეს. ძალოვანებთან შეხლა-შემოხლის შედეგად გონებადაკარგული ქალბატონი, საბოლოოდ, საღორიის ტყის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოჩნდა, საიდანაც ის იმერეთის სამხარეო კლინიკურ საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი. მომხდარ ფაქტს ქუთაისის პოლიციის მე-2 რაიონული განყოფილება იძიებს. საკითხის შესწავლა სახალხო დამცველის აპარატმაც დაიწყო.
ქუთაისში მცხოვრები იზო მახათაძე, როგორც თავად ამბობს, ძალოვანი სტრუქტურის ორმა წარმომადგენელმა ქუთაისის რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიიდან მას შემდეგ გაიტაცა, რაც აღნიშნულ ტერიტორიაზე პრეზიდენტი სააკაშვილი მივიდა ახალგარემონტებული შენობის გასახსნელად. იზო მახათაძე აღნიშნულ ტერიტორიაზე იმისთვის მივიდა, რომ პრეზიდენტისთვის წერილი გადაეცა.
"რომ გავიგე პრეზიდენტი მოდიოდა, მინდოდა მისთვის წერილი გადამეცა: სამსახურში დაფინანსებასთან დაკაშირებით პრობლემები გვაქვს, ასევე, ჩემი შვილი, რომელიც ადვოკატია, უკანონოდაა დაკავებული, თაღლითობის ბრალდებით 6 წელი აქვს მისჯილი," - ამბობს დაზარალებული ქალბატონი, რომელიც ინვალიდთა საწარმოს ხელმძღვანელია ქუთაისში. დაზარალებული იხსენებს, რომ პრეზიდენტის დაცვის წევრებისთვის წერილის გადაცემა მოახერხა, თუმცა ამის შემდეგ, რამდენიმე წუთში ის ორმა ადამიანმა გაიტაცა.
"ვერ გავიგე, რა მოხდა. უცებ უკნიდან ორმა ძალოვანმა წამაფორთხიალა, ერთი დაყვირება მოვასწარი - მიშველეთ-მეთქი. შემდეგ პირზე ხელი მომაჭირეს, მანქანაზე თავი მიმარტყმევინეს მთელი ძალით და შიგნით შემტენეს. მეტი არაფერი მასხოვს. გონზე რომ მოვედი, უკვე საღორიის ტყეში ვიყავი. თურმე, თითონაც შეეშინდათ, რომ არ მოვმკვდარიყავი: წყალს მასხამდნენ, რომ გონზე მოვსულიყავი," - იხსნებე იზო მახათაძე. მისი თქმით, გონზე მოსვლის შემდეგ, ქალაქში სხვადასხვა მიმართულებით ატარებდნენ მანქანით, რადგან ვიდრე პრეზიდენტი ქალაქს არ დატოვებდა, დროის გაყვანა სურდათ.
"სადგურ "რიონის" ტერიტორიაზეც ჩამიყვანეს. იქიდან მობრუნდენ და წამომიყვანეს თბილისის გზაზე და ასე, გზაში მატარებდნენ. ვყვიროდი - გამიშვით-მეთქი. რომ გაჩუმდები, მაშინ გაგიშვებთო. ცემით არ ვუცემივარ. სხვა უნდა წამოგვეყვანა და შეცდომა მოგვივიდა, ქალბატონოო, - მეუბნებოდნენ" - ამბობს დაზარალებული ქალბატონი.
იზო მახათაძის თქმით, გამტაცებლებმა მანქანა ჯერ საღორიის ტყესთან გააჩერეს და კვალის დაფარვის მიზნით, ავტომობილს წინა მხრიდან ნომრები მოაძვრეს, შემდეგ კი ის მანქანიდან ჩამოაგდეს და იქვე მიატოვეს.
"საღორიის ტყეში გააჩერეს მანქანა, მძღოლი გადმოვიდა და წინ მანქანას ნომერი მოაძრო, რომ არ დამეფიქსირებინა და უკან - საბარგულში შეინახა. ტელეფონიც წამართვეს და იქვე, ტყეში, თბილისის გზაზე ჩამომაგდეს. ცოტა ხანში მოაბრუნეს მანქანა და ტელეფონიც მომიგდეს. ერთი გავიგონე, რომ ერთ-ერთმა ტელეფონით ვიღაცას უთხრა, ზესტაფონის გადასახვევში დამიცადეთო," - ამბობს იზო მახარაზე.
ტყეში მიტოვებულ ქალბატონს საპატრულო პოლიციამ მას შემდეგ მიაკითხა, რაც მის მოსაძებნად პატრულში მრავალშვილიანმა დედამ მარინა დახუნდარიძემ დარეკა, რომელიც, ასევე, მასთან ერთად იყო პრეზიდენტთან შესახვედრად მისული. ახლობლის გაუჩინარებაში დახუნდარიძემ "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის საქალაქო ორგანიზაცია დაადანაშაულა. მომხდარი ფაქტის გამო ის პარტიის საქალაქო ორგანიზაციის ოფისში მივიდა და გატაცებულის ოფისში მოყვანა მოითხოვა, თუმცა დახმარების ნაცვლად პარტიის წარმომადგენლებისგან მხოლოდ ცინიკური პასუხები და შეურაცხმყოფელი სიტყვები მოისმინა.
პარტიაში განუცხადეს, რომ ის პროვოკატორი იყო და ქალბატონის გატაცების ფაქტს იგონებდა. პარტიაში მყოფმა "ნაც. მოძრაობის" საარჩევნო კანდიდატებმა და აქტივისტებმა დახუნდარიძეს განუცხდეს, რომ მათ არაფერი შეუძლიათ და რომ ასეთი ფაქტის არსებობის შემთხვევაში, კომპეტენტური პირები მერიაში უნდა ეძებოს.
"ვიდრე იზო მახათაძეს არ იპოვნიან, აქედან ფეხს არ მოვიცვლი. თურმე, ამათ არაფერი შეუძლიათ. ამათ მხოლოდ ფულის ჩადება იციან ჯიბეში. დაკერილი შარვლებით მოვიდნენ ხელისუფლებაში და ახლა ჯიპებზე სხედან," - ამბობს მარინა დახუნდარიძე.
"მე აქ უსაფრთხოება მევალება, მეტი არაფერი ვიცი," - ასეთი იყო პარტიის ოფისში მყოფი ჭაბუკი გრძელიშვილის პასუხი.
იზო მახათაძე, გატაცებიდან ორი საათის შემდეგ, სასწრაფო დახმარების მანქანით კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმებმა მას ტვინის მსუბუქი შერყევა დაუდგინეს.
"შემოიყვანეს პაციენტი, რომელსაც აღენიშნებოდა წნევის მატება და თავზე ჰქონდა კოპი. ჩვენ მეტიკამენტოზური დახმარება არ გაგვიწევია, სასწრაფოს უკვე ჰქონდა გაწეული პირველადი დახმარება, რის ფონზეც წნევამ დაიწყო ჩამოწევა. პაციენტს მსუბუქი ტვინის შერყევა აქვს," - განმარტა კლინიკური საავადმყოფოს მისაღების მორიგე ექიმმა მანანა კახაძემ.
საავადმყოფოში ჩვენი მისვლისას იქ პოლიციის მე-2 რაიონული განყოფილების გამომძიებელი დაგვხვდა, რომელმაც მომხდარ ფაქტზე ოქმი შეადგინა.
"ჩვენთან შეტყობინება შემოვიდა საპატრულო ეკიპაჟისგან, გამოვცხადდით ადგილზე, დაიკითხება ყველა პირი და დაიწყება გამოძიება," - განაცხადა საავადმყოფოში მყოფმა გამომძიებელმა.ექიმების განცხადებით, პაციენტს ერთკვირიანი წოლითი რეჟიმი ესაჭიროება, თუმცა, უსახსრობის გამო, მან საავადმყოფოში დარჩენაზე უარი განაცხადა და ამჟამად ის მკურნალობას სახლში აგრძელებს.
თეა ზიბზიბაძე

ბაქრაძის ქუთაისში ვიზიტისას ახალაია მერიაში გამოკეტეს

28 აპრილს ქუთაისის მკვიდრი სვეტლანა ახალაია ზუსტად იმდენი ხნით იმყოფებოდა ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის კაბინეტში "დაპატიმრებული", რამდენი ხანიც მოანდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ - დავით ბაქრაძემ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო კანდიდატების წარდგენას ქალაქის ცენტრალურ მოედანზე.
ახალაიას ჩვენ ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის - დავით გორდელაძის კაბინეტის მისაღებში შევხვდით და მისგანვე გავარკვიეთ, თუ როგორ აღმოჩნდა იგი უკანონო "პატიმრობაში":
"გავიგე, რომ დღეს ბატონი ბაქრაძე ჩამოდიოდა და გადავწყვიტე გავსაუბრებოდი, თან განცხადებებიც მოვამზადე. გასაუბრება ჩემი ქონების უკანონო ჩამორთმევისა და შესყიდვის თაობაზე მინდოდა, მაინტერესებდა ვინ შეისყიდა და რატომ ჩამომართვეს ქონება," - აღნიშნა სვეტლანა ახალაიამ ჩვენთან საუბარში. ახალაია შპს "განთიადის" დირექტორი გახლავთ, რომელსაც რამდენიმე თვის წინ ქალაქის ცენტრში, ფალიაშვილის ქუჩაზე, კუთვნილი ფართი ჩამოართვეს. აღნიშნული ფართის დაბრუნების მოთხოვნით ახალაიამ რამდენჯერმე პროტესტის უკიდურეს ფორმებს მიმართა, თუმცა - უშედეგოდ.
"ბაქრაძის ჩამოსვლამდე მოედანზე ვიღაც ახალგაზრდა ბიჭმა მერიაში შესვლა შემომთავაზა იმ მიზნით, რომ მერთან შემახვედრებდა. ახლა ვხვდები, რომ აქ შემომიტყუეს. შემოვედი თუ არა ამ ოთახში, ის ახალგაზრდა ბიჭი გაუჩინარდა და ჩემთვის უცნობმა სამმა პირმა ტელეფონი წამართვა, ჩანთიდან საბუთებიც ამომაცალეს და ამ ოთახში ჩამკეტეს. მინდა აღვნიშნო, რომ აქ, მისაღებში მყოფ მდივან გოგონას უბრძანეს ოთახი სასწრაფოდ დაეტოვებინა. შველას ვითხოვდი, მაგრამ, აბა, ვინ დამეხმარებოდა, როცა ბრძანება იყო გაცემული?! გამათავისუფლეს მას შემდეგ, რაც ბაქრაძემ ცენტრალური მოედნის ტერიტორია დატოვა. მერე საბუთები და ტელეფონიც მომიგდეს. აი, ახლაც მანდ ყრია ჩემი ნივთები. ეს ყველაფერი, ალბათ, იმიტომ მოხდა, რომ შეეშინდათ, ყვირილი არ ამეტეხა. ბაქრაძეს ადრეც შევხვედრივარ, ახლაც მშვიდად ვაპირებდი გასაუბრებას, მაგრამ არ დამცალდა," - გვიამბო სვეტლანა ახალაიამ.
ვიდრე ახალაია მერის მოვალეობის შემსრულებლის მისაღებში გორდელაძესთან შეხვედრას ელოდა, პოლიციის მეორე განყოფილებაში დარეკა და აცნობა მათ, რომ მერიაში იყო დაკავებული და მისულიყვნენ შემთხვევის ადგილზე. პოლიციიდან კი, როგორც ახალაიამ გვითხრა, ასეთი პასუხი მიიღო: "ჩვენ დაკავებულები ვართ და თქვენ თვითონ მობრძანდითო". მოგვიანებით ახალაიას განყოფილებიდან მაინც მოაკითხეს და სთხოვეს, რომ მომხდართან დაკავშირებით ჩვენება მიეცა მათთვის.
ინციდენტი, საბოლოოდ, იმით დასრულდა, რომ დაკავებული ქალბატონი მერის მოვალეობის შემსრულებელს დავით გორდელაძეს შეხვდა.
"ამ საქმეს ასე არ დავტოვებ!.. ყველა კანონი და მუხლი ზეპირად ვიცი, ისიც ვიცი, რომ თუნდაც ოჯახის წევრის ორი საათით ჩაკეტვაც კი დანაშაულია," - გვითხრა გორდელაძის კაბინეტიდან გამოსულმა ახალაიამ.
საბოლოოდ, ჩვენ შევძელით იმის გარკვევა, რომ ის "ახალგაზრდა ბიჭი", რომელმაც სვეტლანა ახალაია მერის მოვალეობის შემსრულებლის მისაღებში "შეიტყუა", მერიის აპარატის მთავარი სპეციალისტი შოთა კოჩაძე გახლდათ, თუმცა მან ჩვენთან არაოფიციალურ კომენტარში განაცხადა, რომ ქალბატონი მას შემდეგ ნახა, რაც ის უკვე მერიაში იმყოფებოდა.
თეკლა მორგოშია

Saturday, May 1, 2010

მთავრობა საარჩევნო რეჟიმში

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 36 დღით ადრე ქუთაისი მერისა და მერის პირველი მოადგილის გარეშე დარჩა: გიორგი თევდორაძემ და მერაბ მეშველიანმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო შტაბში გადაინაცვლეს. მათ კვალს გაჰყვნენ საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ხვადაგიანიცა და მისი მოადგილე თამაზ მარგველაშვილიც, რომლებმაც 26 აპრილს 2006 წლის მოწვევის საკრებულოს უკანასკნელ სხდომას უხელმძღვანელეს. მათვე, ამავე სხდომაზე, ამ მოწვევის საკრებულოს მანდატით, უკანასკნელად აუწიეს ხელი ქუთაისის მერის გადაყენებას (რომ შეეძლოთ, ამას, ალბათ, კიდევ სიამოვნებით გააკეთებდნენ, თუ "პარტია მოითხოვდა მათგან ამას", ოთხი წლის მანძილზე კი მათ ეს ოთხჯერ უპრობლემოდ გააკეთეს).
27 აპრილს, მას შემდეგ, რაც ქალაქი მთავრობის გარეშე დარჩა (ქუთაისს ამჟამად ისევ მმშ მართავს ვიცე-მერ დავით გორდელაძის სახით), ქუთაისს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ეწვია. ბაქრაძის ვიზიტისთვის, ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე სამი საათის მანძილზე გადაიკეტა საავტომობილო მოძრაობა და "ქუდზე კაცი" (იმდენი, რამდენიც აღმაშენებლის მოედნის ნახევარმა ტერიტორიამ დაიტია) შეიკრიბა სრულიად ქუთაისური "ნაციონალური" აქტივიდან. ამ სამი საათის მანძილზე (სხვათაშორის სამუშაო საათებში) ამ აქტივს შორის აღმაშენებლის მოედანზე შეხვდებოდით ყველა რანგის ქუთაისელ ჩინოსანს ყველა ტიპის საჯარო დაწესებულებიდან, ნახავდით ტრანსფარანტებს 2010 წლის მთავარი "ნაციონალური" მესიჯით - "გასაკეთებელი კიდევ ბევრია", სპეციალურ იარუსსა და ამწეს ნაციონალური (შეგიძლიათ ეს სიტყვა ბრჭყალებშიც იგულისხმოთ) არხების ტელე-კამერებისთვის, შეგეძლოთ ცოცხლად გეხილათ იმერეთის გუბერნატორი ლაშა მაქაცარია და სრულიად იმერეთის "ნაციონალური" ლიდერშიპი.ერთსაათიანი მოლოდინის შემდეგ "თიბისი ბანკის" მშენებარე ოფისისა და საგულდაგულოდ "აგუგუნებული" მუშების ფონზე მოწყობილ სცენაზე დავით ბაქრაძემაც შეაბიჯა. პარლამენტის თავმჯდომარემ აღმაშენებლის მოედანზე შეკრებილ თანამოაზრეებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიის პირველები წარუდგინა იმერეთიდან, ძირითადად, ნაცნობი სახეები - რაიონების ყოფილი გამგებლები, ან საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარეები.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პარტიული და მაჟორიტარული სია ქუთაისის #59 საოლქო საარჩევნო კომისიამ რეგისტრაციაში 30 აპრილს გაატარა. სიის პირველი ნომერი ქუთაისის აწ უკვე ყოფილი მერი გია თევდორაძეა. საკრებულოს ამჟამინდელი შემადგენლობიდან მმართველი პარტიის სიის პირველ ათეულში სამი წევრი ფიგურირებს: მეოთხე ნომრად - თამაზ მარგველაშვილი, მეხუთე ნომრად - კახა ნურალიძე და მეათე ნომრად - რაულ ქორჩილავა. ყოფილ პარლამენტარს - გია უკლებას სიაში მე-7 ადგილი უჭირავს. უკლება პარლამენტის შემდეგ "საქართველოს რკინიგზაშია" დასაქმებული სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის პოზიციაზე. საქართველოს პარლამენტში ქუთაისის ამჟამინდელი მაჟორიტარი დეპუტატის აკაკი ბობოხიძის ბიუროს უფროსს ლევან კირკიტაძეს კი სიაში მესამე ადგილი უკავია. როგორც ჩანს, არც ქუთაისის 2010 წლის მოწვევის საკრებულო დარჩება რეჟისორის გარეშე - ქუთაისის მესხიშვილის თეატრის მმართველსა და რეჟისორს, გიორგი სიახრულიძეს მმართველი პარტიის საარჩევნო სიაში მეორე ადგილი უჭირავს. ხელოვნების კიდევ ერთი დარგის - სამუსიკო სასწავლებლის საფორტეპიანო განყოფილების გამგე მანანა კიკაბიძე კი სიაში მე-6 ადგილის მფლობელია. სიაში მერვე ადგილი ქუთაისის მერიის დასუფთავების საქალაქო სამსახურის მთავარ სპეციალისტ გია გოქაძეს უკავია, მე-9 კი - მერიის ახალგაზრდობის საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსს ნოე კუხიანიძეს.ქუთაისის 2010 წლის საკრებულოში პარტიული სიით გასული კანდიდატებისთვის 15 ადგილია განკუთვნილი, ამიტომაც მმართველი პარტიის მეორე ათეულის პირველ ხუთეულსაც წარმოგიდგენთ: მე-11 ადგილი ამ სიაში შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" კომერციული უსაფრთხოების დეპარტამენტის ქუთაისის რეგიონალური ჯგუფის უფროსს ლევან ჭანჭალეიშვილს უკავია; მე-12 ადგილი - საკრებულოს ამჟამინდელ წევრს ვიტალი ბოჭორიშვილს; მე-13, მე-14 და მე-15 ადგილებს მერიის სამსახურების უფროსები - ნიკოლოზ მაჩიტიძე, ბესიკ გიორგბელიძე და კახა ქორიძე ინაწილებენ.
ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიაში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ წარდგენილ სიას ხელს პარტიის გენერალური მდივანი ზურაბ მელიქიშვილი აწერს, თუმცა, აშკარაა, რომ აღნიშნული სიის ფორმირებაში ქუთაისში პარტიული აქტივის გარდა, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი მონაწილეობდა. საერთოდაც, ქუთაისში მმართველი პარტიის ცენტრალურ საარჩევნო შტაბს ერთ-ერთ კურატორად კუდ-ის ყოფილი თანამშრომელი და ამჟამინდელი ვიცე-გუბერნატორი გიგა შუშანია ჰყავს დანიშნული (სხვათაშორის, იმერეთის ამჟამინდელი გუბერნატორი ლაშა მაქაცარიაც უშიშროების ყოფილი თანამშრომელია). სიის პირველი ნომრის გარდა, მისი მეგობარი და თანაგუნდელია მე-11 ნომრად განთესილი ლევან ჭანჭალეიშვილი. კუდ-ის დასავლეთის სამმართველოს უფროსის კოტე არჩაიას მეუღლის ნათესავია სიის მე-6 ნომერი მანანა კიკაბიძე. სიაში რამდენიმე კანდიდატი ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის აკაკი ბობოხიძისა და კიდევ ერთი ქუთაისელი პარლამენტარის გოჩა თევდორაძის პროტეჟეა.მმართველი პარტია ქუთაისელებს ახალ სამუშაო ადგილებს პირდება. ანალოგიური დაპირებით "ნაციონალურმა მოძრაობამ" ქუთაისში გამარჯვება მოიპოვა 2008 წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების დროს. მაშინ ქუთაისელებმა ქვეყნის პირველი პირისგან მიიღეს 12 ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნის შესახებ დაპირებას, თუმცა ეს პირობა ამ დრომდე მხოლოდ პირობად რჩება.
მაია მეცხვარიშვილი