ეკა კუხალაშვილის სვეტი
„ქალური ლოგიკა", ამ სახელწოდების გადაცემის არსებობის შესახებ როდესაც შევიტყვე, ჩემი ქალური ლოგიკით მივხვდი, რომ იგი ტელეკომპანია „იმედზე" უნდა ყოფილიყო. ყველა ლოგიკით და კანონზომიერებით ამ გადაცემას ხსენებულ არხზე ექნებოდა ბინა. გადაცემა მართლაც „იმედის" არხზე აღმოვაჩინე. თუმცა, ეს არ ყოფილა კოლუმბის, იქამდე, არც ამერიგო ვესპუჩის მსგავსი აღმოჩენა. რადგან „ქალური ლოგიკა" აღმოჩენილიც იყო, სახელიც ერქვა, კრიტიკაც იყო აღძრული და მასზე შეხედულებებიც ჩამოყალიბებული. Gგადაცემას ბევრ ცოდვაში ადანაშაულებდნენ. მათ შორის სექსიზმსა და დისკრიმინაციაში. თუმცა, აქ ალბათ შესწორების შეტანა გახდება საჭირო. რადგან გადაცემა უნდა დაადანაშაულონ არა სექსიზმში ზოგადად, არამედ შეუნიღბავ, დაუფარავ, იქამდე უგემოვნო სექსიზმში. ანუ უნდა ვეკამათოთ იმაში, თუ რატომ არ შენიღბეს სექსიზმი (როგორც საერთოდ ხდება ხოლმე) და ასე ღიად რატომ აჩვენეს. („იმედის" პრობლემაც ესაა, გემოვნებით ვერ ფუთავს სექსიზმს, ფაშიზმს, უკანონობას, სხვებს ეს შედარებით უკეთ გამოსდით). სხვა მხრივ კი ახალი არაფერი მომხდარა. ქალი საქართველოში დისკრიმინებულია, დამცირებული და შეურაცხყოფილია მრავალი თვალსაზრისით, ყოველ ნაბიჯზე. თუმცა ხანდახან ამას შეიძლება თავადაც ვერ ხვდებოდეს და არ უძახდეს დისკრიმინაციას (მაგალითად, ამას ვერ ხვდება „ქალური ლოგიკის" წამყვანი ქალი).
სატელევიზიო ეთერს რაც შეეხება. სექსიზმი შეიძლება აღმოაჩინო ყოველ მეორე რეკლამასა და ყოველ მესამე გადაცემაში. თუმცა, აქ იგი ან თვალშისაცემი არაა, ან თვალი არის შეჩვეული. ქალური ლოგიკა აქაც ჭკუასუსტობასთან ასოცირდება, ქალი აქაც გასაყიდი ობიექტია, იგი კარგად იყიდება, მყიდველად მამაკაცი მოიაზრება, თანაც რა თქმა უნდა ჰეტერო, თან მაჩო. მათთვის და მხოლოდ მათთვის ქალის სხეულით მოვაჭრენი ფსონს გარეგნობაზე დებენ და აქცენტს ქალის სხეულის კრიტიკულ ნაწილებზე აკეთებენ. და ამ სიტუაციაში საქართველოს მასკულინურ ნაწილს უცებ ქალის ინტელექტი ახსენდება. ქალის სხეულიდან მის გონებრივ შესაძლებლობებზე გადააქვს თვალი. ეს სერიოზული პროგრესია! მასკულინური თვალსაწიერის გაფართოებისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯი. თუმცა ქალის სხეულებზე ვერც აქ ამბობენ უარს და „ქალურ ლოგიკაში" ლამაზმანებს იწვევენ. მაგრამ, რადგან ამ საქმეში (ქალის ინტელექტის კოეფიციენტის დადგენაში) გადაცემის ავტორები (რომლებიც ქართული საზოგადოების წევრები არიან, ამიტომ სტერეოტიპების შესამაბამისად აზროვნებენ) გამოუცდელები არიან, როდესაც ქალის სხეულს თვალს მოსწყვეტენ, ლოგიკა თავადაც ერევათ. რაც პირველად ახსენდებათ, ამ ტიპის კითხვებია: ვინ არის იპოლიტე ხვიჩია? რამდენია კვადრატული ფესვი 36-იდან? იყო თუ არა რომის პაპი სპორტის სასახლეში? პირველ ჯერზე მეტი შორს ვერ წავიდნენ.
სამაგიეროდ, სტერეოტიპებით მოაზროვნენი შორს მიდიან, როდესაც საქმე მორალს და ზნეობას ეხება. ისინი მკაცრად ითხოვენ მორალის მთელი სიღრმით აღქმას და შესრულებას ქალების მხრიდან. ქალური ლოგიკა, რომელიც („ქალური ლოგიკის" თანახმად) არაადეკვატურობასთან ასოცირდება, ფრიად ადეკვატური უნდა იყოს ზნეობის საკითხებში. ინტელექტში ჭკუასუსტი და მორალში მტკიცე და ბრძენი - ასეთია ქართველი ქალის ტიპი ქართული დახასიათებით. ინტელექტში ძლიერი და მორალში არაადეკვატური და ულოგიკო - ესაა ქართველი მამაკაცის ტიპი. ანუ ქართული საზოგადოებრივი აზრი ერთნაირ დისკრიმინირებულ სიტუაციაში აყენებს როგორც ქალს, ისე მამაკაცს. რის შემდეგაც არაადეკვატურები არაადეკვატურებს სჯიან და ასამართლებენ და იმის თავიც არა აქვთ, ეს არაადეკვატურობა როგორმე შენიღბონ. ანუ „გულწრფელად" ამბობენ და აჩვენებენ იმას, რასაც ფიქრობენ.
„ქალური ლოგიკა" „გულწრფელი" გადაცემაა. იგი ყველაზე დაუფარავად ამხელს თუ რა უნუგეშო სიბნელეში ვცხოვრობთ. სიტუაციაში, რომელიც ქალური ლოგიკითაც მარაზმია.
No comments:
Post a Comment