ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან 2 პროფესორი გაათავისუფლეს. ლექტორებმა გია ქობალიანმა და ომარ ნიშნიანიძემ სასწავლებელი დაახლოებით 2 კვირის წინ დატოვეს. სასწავლო პროცესიდან მათი ჩამოშორების ოფიციალურ მიზეზად ნიშნიანიძისა და ქობალიანის აკადემიურ შვებულებაში გასვლა სახელდება. არაოფიციალური ინფორმაციით კი მათი სამსახურიდან გათავისუფლება პოლიტიკურ გაერთიანებას - „ქართულ ოცნებას“ უკავშირდება. გათავისუფლებული პროფესორები პოლიტიკური კოალიციის ქუთაისის ოფისთან თანამშრომლობენ.
„აკადემიური შვებულება გვეკუთვნის, თუმცა მე და გია ქობალიანი ისე გაგვიშვეს შვებულებაში, ჩვენთვის არაფერი უკითხავთ. „ქართულ ოცნებასთან“ საკმაოდ აქტიურად ვთანამშრომლობ, თუმცა, ეს რამდენად უკავშირდება ამ ფაქტს, ჩემთვის უცნობია,“ - ამბობს ომარ ნიშნიანიძე.
„შემოქმედებით შვებულებაში ვარ. ჟურნალისტიკის სახელმძღვანელო უნდა დავწერო,“ - ამბობს გია ქობალიანი.
აღსანიშნავია, რომ გია ქობალიანი გასული წლის ბოლომდე წერეთლის უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო. წლის ბოლოს უნივერსიტეტში განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად, ქობალიანი დეპარტამენტის უფროსის პოსტს ჩამოაშორეს და ჟურნალისტიკის კათედრაზე მხოლოდ საათობრივი დატვირთა მისცეს.
რაც შეეხება ომარ ნიშნიანიძეს, ის მთელი გასული წლის მანძილზე მკვეთრი და კრიტიკული განცხადებებით გამოირჩეოდა.
უნივერსიტეტიდან თანამშრომელთა დათხოვნის ფაქტს არ ადასტურებს სასწავლებლის რექტორი გიორგი ღავთაძე. „რა სისულელეა. ხვალ დილით დამიკავშირდით და გაგცემთ პასუხს,“ - აღნიშნა გიორგი ღავთაძე „ახალ გაზეთთან“ სატელეფონო საუბრისას.
ქრისტინა ქარჩხაძე
No comments:
Post a Comment