Friday, April 27, 2012

„ჯეოსტარის“ გამარჯვებული კარდაკარის პროგრამაში ჩაერთო


საარჩევნო სიების დაზუსტების მიზნით, კარდაკარის პროგრამა გრძელდება. ქუთაისში დღეს, რეგისტრატორები ფხაკაძეების ოჯახს სტუმრობდნენ. გაირკვა, რომ ექვსსულიანი ოჯახის ერთი წევრი, სიაში არ იმყოფებოდა. ,,დღეს შემიყვანეს სიაში. მიხარია, რომ მივიღებ მონაწილეობას არჩევნებში და პრობლემა არ შემექმნება“-ამბობს დარეჯან ფხაკაძე.
კარდაკარის პროგრამაში ჩაერთო, „ჯეოსტარი 2012“-ის გამარჯვებული მარიტა როხვაძე, რომელიც, ასევე, იმყოფებოდა ფხაკაძეების ოჯახში. ,,მივესალმები ამ ინიციატივას და მზად ვარ, ჩავერთო გადამოწმების პროცესში, რადგან ვფიქრობ, რომ ნებისმიერი მსგავსი წამოწყების  წარმატების გარანტი, საზოგადოების ჩართულობაა. მე, ჩემი მშობლიური ქალაქიდან ვუერთდები იმ ხალხს, რომლებიც კარდაკარ დადიან და ამოწმებენ სიებს,“ - აღნიშნა მომღერალმა მარიტა როხვაძემ.
კარდაკარის პროგრამა ორი დღეა დაიწყო. ქუთაისის მასშტაბით, 462 რეგისტრატორი გადაამოწმებს საარჩევნო სიებს. ,,ახალი ეტაპი ორი დღის დაწყებულია და მიმდინარეობს ყველა ოჯახში წყვილების შესვლა. ინციდენტები, ძირითადად, არ არის, თუმცა არის ოჯახები, რომლებიც არ უშვებენ ჩვენს წარმომადგენლებს,“ -განაცხადა სიების გადამოწმების კომისიის იმერეთის ბიუროს ხელმძღვანელმა ივანე კაპანაძემ.
იმერეთის მასშტაბით, 1772 რეგისტრატორი გადამზადდა, რომლებიც ივნისის ბოლომდე, ყველა ოჯახში შევლენ. ივლისში, შეგროვებული მონაცემები გადამოწმდება. პირველი აგვისტოსთვის კი, მზა სიები უნდა გამოქვეყნდეს.
ხათუნა მაისურაძე

თეატრი თეატრში


„პანტომიმის თეატრი იმით არის გამორჩეული, რომ უნივერსალური ენა გააჩნია, მიმიკის და პლასტიკის ენა, რომელიც ყველა ერის ადამიანისთვის გასაგებია“, - ამბობს ქუთაისის „პანტომიმის თეატრის“ ხელმძღვანელი და რეჟისორი  ბაქარ ბაქრაძე.
ამ „უნივერსალური ენის“ მქონე „პანტომიმის თეატრი“ უკვე 4 წელია, რაც ქუთაისში ფუნქციონირებს. ოთხი წლის მანძილზე 3 სპექტაკლის („ოიდიპოსი“, „მოცარტი და სალიერი“ და „9 აპრილი“) დადგმა და 3 მიწვევის მიღება მოახერხა. მიწვევის, რომელიც თეატრმა ედინბურგისა და მონრეალის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალებიდან მიიღო. ქალაქის ხელმძღვანელობამ ასევე მიიღო წერილი ფესტივალის მესვეურებიდან, სადაც ისინი ქალაქის ხელისუფლებას თხოვდნენ დახმარებოდნენ თეატრს.  „მხოლოდ გზის ხარჯების ანაზღაურება იყო საჭირო. ყველა დანარჩენ ხარჯს ფესტივალი იღებდა. მხოლოდ იქამდე უნდა ჩაგვეღწია“, - ამბობს ბაქარ ბაქრაძე. თუმცა ედინბურგულმა მიწვევამ გული დიდად არ აუჩუყა ჩვენი ქალაქის მესვეურთ. ამის გამო, თეატრს სამივე ფესტივალის გამოტოვება  და სამი დიდი შანსის ხელიდან გაშვება მოუხდა.
სამაგიეროდ გული აუჩუყდათ ქუთაისის ოპერის თეატრში. „პანტომიმის თეატრი“ ოპერის თეატრმა შეიფარა და დაუთმო ოთახი რეპეტიციებისთვის. „ძალიან დაგვეხმარნენ, საკუთარი დარბაზი არ გვქონდა, სამი წლის განმავლობაში ქირას ვიხდიდით. შეიძლებოდა ქუჩაში ვყოფილიყავით და ვერ გვეკეთებინა ჩვენი საქმე“,- ამბობს „პანტომიმის თეატრის“ ხელმძღვანელი.  
თეატრი დღეს საქმის კეთებას ახერხებს. უფრო მეტიც, ოპერის თეატრის სივრცეში ორი თეატრი ფუნქციონირებს, ანუ თეატრი თეატრში ამოქმედდა.
ორი თეატრი ერთდროულად წარდგა მაყურებლის წინაშე ორ საოპერო სპექტაკლშიც. „პანტომიმის თეატრმა“ სანახაობრივად გაამდიდრა „ჯამბაზების“ ქუთაისური პრემიერა და მრავალფეროვნება შესძინა ახალი რედაქციით დადგმულ „მინდიას“.
თეატრი ახალ სპექტაკლზე მუშაობს, თუმცა ფინანსური შეფერხებები აქაც იჩენს თავს. „როცა საკუთარი შენობა არა გაქვს ცოტა უხერხულია რაღაც გრანდიოზული სპექტაკლის დადგმის წამოწყება. კულტურის სამსახურს მგონი არა აქვს იმდენი თანხა, რაც სპეტაკლის დადგმას ჭირდება, სრულყოფილად ვერ დაგიფინანსებს. ამიტომ გვიჭირს ახალი სპექტაკლის დაწყება, იქ მხატვარი გჭირდება, დეკორაცია, ხარჯი უნდა გაითვალისწინო. ბიზნესმენს კი ძალიან უნდა უყვარდეს თეატრი, რომ დაგიფინანსოს. ხელოვნების ასეთი მოყვარული კი ვერავინ ვნახეთ, ყველა თავის ნაჭუჭშია ჩაკეტილი“, - ამბობს ბაქარ ბაქრაძე.
 სამაგიეროდ ხელოვნების მოყვარულნი ყავს თავად „პანტომიმის თეატრს“, რაც შესაძლებლობას აძლევს ფინანსური კრიზისების პირობებში არ გაჩერდეს და ფორმა შეინარუნოს. „პანტომიმის თეატრის მსახიობობა დიდ ფიზიკურ დატვირთვასთან არის კავშირში. ყოველ დღე სამსაათიანი ფიზიკური ვარჯიში გვინდა, რომ სულ ფორმაში ვიყოთ. მსახიობები ძალიან ბევრს შრომობენ, მაგრამ, ელემენტარულსაც ვერ იღებენ. ჩვენ საქმის მიმართ სიყვარული გვაძლებინებს, ფარ-ხმალს არ ვყრით და ვახერხებთ, რომ გვქონდეს ქალაქში პანტომიმის თეატრი, რომელიც ფასეულის შექმნას ცდილობს“, - ამბობს ბაქარ ბაქრაძე.
ეკა კუხალაშვილი

ქუთაისში ოპოზიციური პარტიის ლიდერი დააკავეს

,,გუშინ, საკუთარი მანქანით მოვდიოდი აღმაშენებლის გამზირზე და ჩემი უყურადღებობით, ოდნავი შეხება მომივიდა წინა მანქანასთან. გაჩნდა იქვე პატრული, ამომიწერეს 250 ლარიანი ჯარიმა და მითხრეს, რომ პრობლემა არაფერი იყო. თუმცა, როგორც კი ჩემი სახელი და გვარი გაიგეს, გადაწყვიტეს, რომ ორივე მანქანა საჯარიმოზე გადაეყვანათ. მე კი მითხრეს, რომ დაპატიმრებული ვიყავი ადმინისტრაციული წესით და ხელბორკილებით განყოფილებაში წამიყვანეს“ -  აცხადებს პარტია ,,თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის რეგიონალური ორგანიზაციის ლიდერი გოგი წულაია.
პარტიის ლიდერი, მომხდარს პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უკავშირებს და აღნიშნულ ფაქტს, მისი დაშინებისა და დაშანტაჟების მცდელობად აფასებს. ,,ეს იყო პოლიტიკური ზეწოლა, რადგან არავითარ აუცილებლობას არ წარმოადგენდა, არც მანქანის წართმევა, არც ხელბორკილების დადება და მითუმეტეს, განყოფილებაში წაყვანა, სადაც 45 წუთი მალოდინეს. ამ ხელისუფლების ხელში, პატრული გადაიქცა პოლიტიკური ანგარიშსწორების და დაშინების იარაღად, - აღნიშნა გოგი წულაიამ.

ხათუნა მაისურაძე

,,დევნილებისათვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება არ მომხდარა“


დევნილთა განსახლების დადებითი და უარყოფითი მხარეები განიხილეს დღეს ქუთაისში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ქუთაისის ფილიალის ორგანიზებით ანიშნულ თემაზე საჯარო დებატები გაიმართა. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელების შესახებ საზოგადოების ინფორმირება, ასევე, მისი დადებითი თუ უარყოფითი მხარეების განხილვა.
„ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად გამოიკვეთა ის, რომ დევნილთა განსახლების პროცესში, რეგისტრაციის ადგილზე არ ხდება მათი საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილება. იმერეთის რეგიონიდან დევნილების განსახლება და სახლების რეაბილიტაცია მოხდა ფოთსა და ბათუმში. სასურველი იყო, მათი ინტეგრირება იმავე რეგიონებში მომხდარიყო, სადაც მანამდე ცხოვროვდნენ. რეალურად, მათთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება არ მომხდარა,“ - აღნიშნა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ქუთაისის ფილიალის პროგრამების დირექტორმა ნოდარ ჯიქიამ.
დებატებში არასამთავრობო ორგანიზაციები, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები და თავად იძულებით გადაადგილებული პირები მონაწილებდნენ.  შეხვედრაზე განსახლების პროცესში გამოვლენილ პრობლემებსა და  დარღვევებზე ისაუბრეს.
,,სტრატეგიის დოკუმენტი ნორმალურადაა შედგენილი, მაგრამ სხვა საქმეა, რამდენად განხორციელდა სტრატეგიის მიხედვით განსახლების პროცესი. მიმაჩნია, რომ იმერეთის რეგიონში ძალიან ბევრ ფაქტს ჰქონდა ადგილი, როცა დაირღვა დევნილთა უფლებები და უშუალოდ არ განხორციელდა სტრატეგიის მიხედვით განსახლების პროცესი,“ - ამბობს დევნილი ლალი გრიგოლავა.
შეხვედრა საია-ს პროექტის – ,,საქართველოში მაცხოვრებელი დევნილების პრობლემების გრძელვადიანი გადაწყვეტა“ ფარგლებში გაიმართა.
ხათუნა მაისურაძე

Thursday, April 26, 2012

ქუთაისის 2013 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები უცვლელია


ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია, სოციალური ღონისძიებები, განათლება, კულტურულ-სპორტული პროგრამები და ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობა - ასე გამოიყურება ქუთაისის 2013 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები, რომელზეც მუშაობა ადგილობრივმა თვითმმართველობამ მიმდინარე წლის პირველი მარტიდან დაიწყო.
ქუთაისის მერიაში დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთა, არასამთავრობო და მედია-სექტორის მონაწილეობით ბიუჯეტის პრიორიტეტების განხილვა გაიმართა. აღნიშნული შეხვედრა ქუთაისის თვითმმართველობისა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს  პროგრამის („დემოკრატიული მმართველობა საქართველოში“) ორგანიზებით გაიმართა.
შეხვედრის დაწყებისას ვიცე-მერმა ნიკო კაჭკაჭიშვილმა განაცხადა, რომ 5 წლის წინ ქალაქის ბიუჯეტი 19 მილიონი ლარი იყო, ხოლო დღეს ის 52 მილიონ ლარამდეა ასული. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთა თქმით, 2013 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები მიმდინარე წლის ბიუჯეტის პრიორიტეტების ანალოგიურია. მომავალ წელსაც ყურადღება დაეთმობა: საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობას, ბინათამხანაგობების ინსტიტუტის განვითარებას, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის საკითხებს, სკოლამდელი განათლების ხელშეწყობას. ასევე, ხელოვნების დარგებისა და სპორტის სხვადასხვა სახეობის პოპულარიზაციას.
„არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ზოგადად საზოგადოების ჩართულობა ბიუჯეტის დაგეგმარების პროცესში იზრდება. ჩვენ გვაქვს ჩვენი მოსაზრებები აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში და ვფიქრობთ ჩვენს აზრს გაითვალისწინებენ. თუმცა არის რიგი საკითხები, რომელზეც ვერასდროს შევთანხმდებით, მაგალითად პროგრამული ბიუჯეტის ფორმატის გაფართოება,“ - ამბობს ადგილობრივი დემოკრატიისა და ეკონომიკის ინსტიტუტის წარმომადგენელი კახა გვანცელაძე. 
 აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 15 ნოემბერს, ბიუჯეტის პროექტი ადგილობრივ თვითმმართველობასა და ფინანსთა სამინისტროს გადაეგზავნება განსახილველად. ქალაქის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს კი წლის ბოლოს საკრებულო ამტკიცებს.
ქრისტინა ქარჩხაძე   

26 წელი ჩერნობილის ტრაგედიიდან


ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მე-4 ბლოკი

ჩერნობილელთა დღე აღნიშნეს დღეს ქუთაისში. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა,  ჩერნობილელთა კავშირის წევრებთან   ერთად, ჩერნობილელთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე კალისტრატემ კი მიცვალებულთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.
ჩერნობილის ავარიიდან 26 წელი გავიდა.  ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ბლოკზე აფეთქება  1986 წლის 26 აპრილს მოხდა. ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოებში იმერეთის რეგიონიდან 467 ადამიანი მონაწილეობდა. 9 მათგანი უკრაინაში გარდაიცვალა. 1986 წლიდან დღემდე ჩერნობილში მიღებული რადიაციული დასხივების გამო  იმერეთის მასშტაბით კიდევ 77 ადამიანი დაიღუპა.
ჩერნობილის ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე ყველა ადმიანი პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდია.
ჩერნობილელთა დღე ქუთაისში ტრადიციულად აღინიშნება. ადგილობრივი ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ქუთაისში და იმერეთის ყველა რაიონში მცხოვრებ ჩერნობილელთა ოჯახებს მორალურ მხარდაჭერას უცხადებენ და სიმბოლურ საჩუქრებს ტრადიციულად,  ყოველ წელს გადასცემენ.

"ახალი გაზეთი"

,,მემარჯვენეები“ ქუთაისის სატრაქტორო ქარხნის აღდგენის ინიციატივით გამოდიან

,,ახალი მემარჯვენეები“ ქუთაისის სატრაქტორო ქარხნის, რომლის აქციათა 62% სახელმწიფო ფლობს, ამოქმედების ინიციატივით გამოდიან. ამის შესახებ, დღეს, პარტიის ლიდერმა დავით გამყრელიძემ, ქუთაისში ყოფილი სატრაქტორო ქარხნის ტერიტორიასთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მემარჯვენეებს მიაჩნიათ, რომ სათანადო პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, ქვეყანაში არსებობს ინტელექტუალური რესურსი და ტექნიკური ბაზა, რომ უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობით მოხდეს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ტრაქტორების გამოშვება.
თუ საქართველოს აქვს შესაძლებლობა, რომ უახლესი ტიპის ჯავშა-მანქანისა და უპილოტო თვითმფრინავის გამოშვებას წარმატებით გაართვას თავი, ჩვენ მიგვაჩნია, რომ სათანადო პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, ქვეყანაში საიმისო ინტელექტუალური რესურსი და ტექნიკური ბაზა არსებობს, რომ უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობით თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ტრაქტორების გამოშვება დავიწყოთ. ქუთაისის სატრაქტორო ქარხნის აღდგენით საქართველო სერიოზულად ქვეყანაში აგრარული სფეროს მნიშვნელოვან განვითარებას შეუწყობს ხელს და წარმოებულ ტექნიკას სერიოზულ საექსპორტო დატვირთვასაც მისცემს, - განცხადა გამყრელიძემ.
,,ახალმა მემარჯვენეებმა“ ქართული სოფლისთვის ფართომასშტაბიანი კამპანიის ფარგლებში, საქართველოს სოფლებში ერთ–ერთ უმწვავეს პრობლემად, სწორედ, სასოფლო–სამეურნეო ტექნიკის არარსებობა ან ხელმიუწვდომლობა დაასახელა.
,,ჩვენ, უკვე, რამდენიმე ასეული სოფელი შემოვიარეთ საქართველოში და სოფლების უმეტესობას ტრაქტორი ან საერთოდ არ აქვს, ან მოსახლეობას საგაზაფხულო სამუშაოებისთვის საშურ დროს, ტრაქტორის მომლოდინეთა გრძელ რიგში უწევს დგომა. ამასთან, სხვადასხვა სოფლის ტერიტორიაზე არსებული სავარგულის დამუშავების გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, სხვადასხვა, ტიპის ტრაქტორი ესაჭიროება, “ – განაცხადა დავით გამყრელიძემ.
ხათუნა მაისურაძე